მიდლბრუკი დაიან ვუდ

ნაწყვეტი ენ სექსტონის ბიოგრაფიიდან

 

 

მთარგმნელი კოპალიანი ანი

 

 იმავე ზამთარს ბოსტონის უნივერსიტეტში გამართულ ლოუელის სამწერლო სემინარებს კიდევ ერთი მუდმივი მსმენელი შეემატა: სილვია პლათი. ოცდაექვსი წლის ასაკში იგი ბოსტონში გადმოსახლდა თავის ქმართან, ბრიტანელ პოეტ თედ ჰიუზთან ერთად, ბოსტონსა და კემბრიჯში მას იცნობდნენ, როგორც ჰიუზის ცოლს, რომელიც ,,ასევე წერდა”. ოცდაცხრა წლის ჰიუზმა ლიტერატურულ წრეებში თავი ჯილდოთი აღნიშნული წიგნით, ,,ქორი წვიმაში,” დაიმკვიდრა. პლათმა ის-ის იყო დაამთავრა ერთწლიანი სამასწავლებლო კურსი სმიტის კოლეჯში.

 

იმჯერად იგი აპირებდა მოთხრობა და ლექსების კრებული დაესრულებინა, ხოლო შემდეგ წელს კი ბავშვი გაეჩინა. პლათი თავისი მიზნების საწყაოდ ვირჯინია ვულფს მიღწევებს თვლიდა. ,,მე მას ვაჯობებ!  -  წერდა იგი თავის დღიურში  -  და არავითარი ბავშვები, სანამ ამას არ ვიზამ”. დანაქადნი რომ შეესრულებინა, მან საკუთარ თავს წერის, კითხვისა და გერმანულში მეცადინეობის მკაცრი ცხრილი შეუდგინა, მაგრამ ოთხი თვის შემდეგ ბოსტონში თავი უბედურ შინაყუდად იგრძნო. ოქტომბერში სილვიამ მასაჩუსეტის მთავარი საავადმყოფოს ფსიქიატრიულ განყოფილებაში იშოვა მდივნის ადგილი, ხოლო შუა დეკემბერში ფსიქოთერაპიას დაუბრუნდა. 1959 წლის თებერვალში მან ლოუელის პოეტურ სახელოსნოში დაიწყო სიარული.

პლათს იქამდე არაფრად ეპიტნავებოდა ლოუელის შემოქმედება  -  იგი არ შეესაბამებოდა მის მეტად ტრადიცულ, წმინდა ინგლისურ გემოვნებას, რომელიც ჯერ სმიტის კოლეჯში ჩამოუყალიბდა, ხოლო შემდეგ  -  კემბრიჯის უნივერსიტეტში, სადაც იგი ფულბრაიტის სტიპენდიით სწავლობდა. 1958 წლის 5 მარტს იგი თავის დღიურში აღნიშნავს, რომ ლოუელის ლექსებს თვალი გადაავლო, მხოლოდ და მხოლოდ იმ მიზეზით, რომ მეორე დღეს მათი ავტორი სმიტის კოლეჯში კითხულობდა ლექციას.

 

მისმა ,,მოქნილმა და დაკვანძულმა, ფერადოვანმა და ცეცხლოვანმა” ფრაზებმა სილვია ,,მღელვარება, სიხარული, აღფრთოვანება და მისი გაცნობისა და შექების სურვილი” აგრძნობინა. ცოტაოდენი გადაჭარბების მოყვარული პლათი ლოუელის ლექციაზე აბრეშუმის წითელი წინდებით გამოცხადდა. 1959 წელს პოეზიის კურსებზე სიარული, ისევე, როგორც ფსიქოთერაპიის სეანსები, მისთვის ,,ცხოვრების აწყობის” მცდელობა იყო, რითიც საკუთარი თავის სიძულვილს უმკლავდებოდა, დროდადრო რომ შემოუტევდა ხოლმე. პლათს ეზიზღებოდა საკუთარი ხასიათის ის თვისება, რასაც თავად ,,სიზარმაცეს” უწოდებდა ხოლმე და რაც ხელს უშლიდა: ,,ვიმუშავო სადოქტორო დისერტაციაზე, მესამე წიგნზე ედრიენ სესილ რიჩის (მისი თანამედროვე ახალგაზრდა ბოსტონელი პოეტი) მსგავსად ან მყავდეს ოთხი შვილი და მქონდეს კარიერა.”

პლათი ქილიკობდა საკუთარ ამბიციურობაზე, მაგრამ, მიუხედავად ამისა, მაინც ყურადღებით აკვირდებოდა აქაურ ,,მეტოქეებს” და საკუთარი წარმატების შანსებს ანგარიშობდა. იგი განსაკუთრებით მკაცრად განიკითხავდა ქალებს, მისივე სიტყვებით ,,ეს სრულიად სამართლიანი ღვარძლი იყო უფრო კარგი პოეტისა იმ ქალთა მიმართ, რომლებსაც კარგი პოეტის მხოლოდ სახელი ჰქონდათ.”

ლოუელის მსგავსად, პლათსაც ჰქონდა დიდი პოეტების საკუთარი ნუსხა და დროგამოშვებით, განსაკუთრებით შემოქმედებითი ნაყოფიერების ეტაპის დასასრულს, საკუთარ თავს იმით აჯილოდოვებდა, რომ ამ სიაში უფრო მაღალ ადგილს მიუჩენდა ხოლმე. ,,მე თავხედი ვფიქრობ, რომ ჩემი ლექსები უფლებას მაძლევს ამერიკელ პოეტად ვიწოდებოდე (ხოლო ტედი კი ინგლისისა და მისი დომინიონების პოეტი იქნება). და ვინ არიან ჩემი მეტოქეები? კარგი, წარსულიდან: საფო, ელისაბედ ბარეტ ბროუნინგი, ქრისტინა როსეტი, ემი ლოუელი, ემილი დიკინსონი, ედნა სენტ უინსეტ მილეი  -  ესენი ყველანი უკვე დაიხოცნენ.

 

თანამედროვეები: ედიტ სითუელი და მერიენ მური, ეს ბუმბერაზები უკვე ასაკოვანნი არიან და პოეზიის ქალღმერთი ფილის მაკგინლი არ ითვლება  -  იგი გაიყიდა. უფრო მეტად: მეი სვენსონი, იზაბელა გარდნერი და ყველაზე უფრო ედრიენ სესილ რიჩი  -  რომელსაც მალე გავახუნებ ამ რვა ახალი ლექსით.”

ეჭვი არაა, პლათი ლოუელის სემინარებში მონაწილეობისაგან კარიერულ წინსვლასაც ელოდა, რადგან კარგად იცოდა, რომ მასწავლებლის ,,კეთილი სიტყვა” ახალ პროფესიულ ასპარეზს გადაუშლიდა წინ. იმ ზამთარს და გაზაფხულზე პლათმა დუჟინი ლექსი დაწერა, რომლებიც საბოლოოდ 1960 წელს გამოცემულ მის პირველ წიგნ ,,კოლოსში” შევიდა. მხოლოდ რამდენიმე მათგანი (,,ნაცარი”, ,,პუნქტი შირლი”, ,,ელექტრა აზალიების ბილიკზე”) თუ შეედრება თავისი სიძლიერით იმ საქვეყნოდ ცნობილ შედევრებს, რომელთაც პლათი ინგლისში 1961 წლიდან 1963 წლამდე, თვითმკვლელობამდე წერდა. 1959 წელს კი მისი ჯგუფელები არა პლათის პოეზიამ, არამედ მისმა ლიტერატურულმა ყოვლისმცოდნეობამ მოხიბლა და ამას არც მალავდნენ: იმან, რომ მან ,,საყვარელ პოეტად” უოლეს სტივენსი დაასახელა, იმან, რომ იგი, გარდა ლოუელისა, ყველაზე უკეთ ერკვეოდა ამა თუ იმ პოეტის მანერიზმში (,,ემპსონს ჰგავს”  -  გამოსცრიდა იგი კბილებს შორის  -  ,,ეს ჰერბერტი უნდა იყოს. ეს ალბათ ადრეული მერიენ მურია?”).

მაგრამ პლათისათვის ლოუელის სემინარები პირველ რიგში პოეტური შთაგონების წყარო იყო, ნაწილობრივ იმიტომ, რომ ,,ცხოვრების აწყობის” სტიმულს აძლევდა და ნაწილობრივ კი ენ სექსტონის მაგალითის გამო. ლოუელისა და სექსტონის ლექსების თემატიკამ  - ,,უაღრესად პირადულმა და ტაბუებით სავსემ”  -  განსაკუთრებით, ფსიქიკური აშლილობის თემამ  -  დიდი ზეგავლენა მოახდინა მასზე.

 

მოგვიანებით, იგი ინტერვიუში აღნიშნავდა: ,,განსაკუთრებით ბევრს ვფიქრობ პოეტ ენ სექსტონზე, რომელიც ასევე დედის პოზიციიდან წერს; იმ დედის პოზიციიდან, რომელიც ფსიქიკური დაავადება სჭირს და რომელიც უაღრესად ემოციური და მგრძნობიარე ახალგაზრდა ქალია. მისი ლექსები პოეტური ოსტატობის ნიმუშია და მიუხედავად ამისა, მათ აქვთ თავისებური ემოციური და ფსიქოლოგიური სიღრმე, რაც, ჩემი აზრით, სრულიად ახალი და ამაღელვებელი რამაა.”

პლათის სიმპათია სექსტონისადმი იმ ზამთარს ნელ-ნელა ძლიერდებოდა. სემინარის მონაწილეების ყურადღება იმდენად იყო ლოუელით შთანთქმული, რომ ერთმანეთს ვერც კი ამჩნევდნენ. როდესაც ერთ-ერთი მოწაფე, ქეთლინ სპივაკი მოგვიანებით როჯერ როზენბლანტს, ეროვნული დირექტორს შეხვდა, მათ გაიხსენეს, რომ მთელი წლის განმავლობაში ერთმანეთის პირისპირ ისე ისხდნენ, რომ გაცნობა აზრადაც არ მოსვლიათ, სამაგიეროდ ,,რვა წლის შემდეგაც გვახსოვდა ერთმანეთის ყველა ლექსი და კრიტიკული ფრაზები, რომლებმაც ეს ლექსები გაანადგურეს.” ,,ჩვენ ჩუმად ვმუშაობდით კლასში,  -  იხსენებს სექსტონი  -  ვცდილობდით, შეგვექმნა ლექსები, რომელიც ყასაბსაც მოეწონებოდა და მიჯნურსაც.

 

ორივეს გულზე მოხვდებოდა. რაც შეიძლება მეტად ვინაბებოდით მამას მზერის ქვეშ.” სავარაუდოდ, სექსტონმა და პლათმა მაშინღა შეამჩიეს ერთმანეთი, როდესაც ,,მამამ” მათი შედარება დაიწყო, ეს მოხდა მარტში, როდესაც სექსტონმა თავისი ,,ორმაგი სახე” წაიკითხა. ლოუელმა დაასკვნა, რომ ისინი ,,საპირისპირო პოლუსები არიან”, რადგან ,,ენი უფრო თვითმყოფადი იყო და ნაკლებად განათლებული”  -  იხსენებდა მოგვიანებით იგი  - ,,სილვია ენისაგან სწავლობდა”.

 

მაგალითად, სექსტონის ლექსისაგან ,,მეგობარო, მეგობარო”, რომელიც ერთხმად გააკრიტიკეს ლოუელის სტუდიაში, პლათმა რითმები და თემატიკა ისესხა თავისი ერთ-ერთი საუკეთესო ლექსისათვის ,,მამი”.

ლოუელის წაქეზებით პლათმა დღიურების წერა გააქტიურა. ფსიქოთერაპიის კურსებზე იგი ცდილობდა მოეხსნა თავისი კომპლექსები, რომელსაც მამის მიმართ განიცდიდა, მამის საფლავი მან ცხრა მარტს ინახულა, სექსტონის დედის სიკვდილის წინადღეს და ერთი კვირის შემდეგ, რაც სექსტონმა ,,ორმაგი სახე” წაიკითხა. გარდა ამისა, იგი გულმოდგინედ ცდილობდა დაფეხმძიმებას. დღიურის პირველივე გვერდი იუწყება მენსტრუალური სისხლდენის შესახებ, რომელიც მისი მორიგი მარცხის ნიშანი იყო. შემდეგ ამას მოჰყვება სასოწარკვეთილი მონოლოგი თერაპიისა და პოეზიის ხილვებში გზაარეული ადამიანისა:

,,ყველაფერზე ვტირი. უბრალოდ, საკუთარი თავის ჯიბრზე და საკუთარი თავის დასამცირებლად. ორი ლექსი დავასრულე, ერთი გრძელი  -  ,,ელექტრა აზალიების ბილიკზე” და ,,მეტაფორები ორსულისათვის”, ირონიული, ცხრა ტაეპი, თითოში ცხრა მარცვალი.

 

სრულყოფილებამდე ბევრი უკლიათ, მაგრამ, მე მგონი, არა უშავთ. ლოუელის სტუდიაში ჩემი ოთხი ლექსი გააკრიტიკეს: რიტორიკული კრიტიკა. იგი ენ სექსტონს მადარებს, მე ამას პატივად ვთვლი. მასზე გამახსენდა. ძალიან კარგ რამეებს წერს, უფრო და უფრო უკეთესებს, თუმცა უვარგისიც ბევრი აქვს.

მინდა თმა უფრო მოხდენილად შევიჭრა. მომბეზრდა ეს თაგვისფერი ცხენის კუდი. თუ მოვახერხებ ნეტავ, რომ წავიდე და დავიმოკლო.

 

ნუთუ ფულის გამო ვიხევ უკან? ცოტა უნდა მოვკოხტავდე.”

  -  სულ უკან და უკან მივდივარ,  -  ამბობდა იგი  -  შინაგანად ყველა კითხვაზე ვიცი პასუხი, მაგრამ ვინმეს დახმარება მჭირდება, რომ ყველაფერი ეს გავაცნობიერო.

თუმცა რასაც ვერ აცნობიერებთ, მასზე შეგიძლიათ ბეჯითად იმუშავოთ ქვეცნობიერად: ლექსმა ,,ელექტრა აზალიების მინდორზე” კომპლექსად ქცეული მამის საკითხი მშვენიერ ნაწარმოებად გადააქცია, ხოლო ნაყოფიერების პირველყოფილი სასწაულისადმი სწრაფვამ წარმოშვა ლექსი-ქარაგმა: ,,მეტაფორები ორსულისათვის”. ასევე ქვეცნობიერი მიზეზებით იყო განპირობებული პლათის სიხარული და კმაყოფილება, რომელსაც იგი განიცდიდა, როდესაც სექსტონს ადარებდნენ. ცეცხლოვანი ღერძის გარშემო ასოციაციები დაფრინავდნენ, სექსტონთან იდენტიფიკაცია, როგორც პოეტთან, რომელიც დაუფარავად ებრძოდა სწორედ იმგვარ სირთულეებს, რაზედაც პლათი საკუთარ ფსიქოთერაპევტთანაც კი ვერ საუბრობდა: სექსტონი ელიტარული ოჯახის შვილი, სექსტონი  -  დედა, სექსტონი  -  ლოუელის საყვარელი მოწაფე, სექსტონი  -  ქალი, რომელიც ყოველთვის შესანიშნავად გამოიყურებოდა და ვარცხნილობაც მუდამ უნაკლო ჰქონდა.

აპრილის დასაწყისში მათი მეგობრობაც გაიფურჩქნა. სექსტონი ლოუელის ლექციების შემდეგ ჩვეულებრივ რამდენიმე საათით რჩებოდა ბოსტონში, ვინაიდან 7 საათზე ფსიქიატრს ხვდებოდა ხოლმე. მან და პლათმა მეცადინეობის შემდეგ დასალევად სიარული დაიწყეს. ხანდახან მათ თანამეინახეობას უწევდა ჯორჯ სტარბრუკიც, რომელიც მაშინ ,,ჰოტონ მიფლინის” უმცროს რედაქტორად მუშაობდა და ამ სემინარებზე დასასწრებად სამსახურიდან სპეციალურად ეთხოვებოდა ხოლმე. სტარბრუკი გონებამახვილურ, მხიარულ და ჩახლართულ ლექსებს წერდა, ლოუელის ამპარტავან და კარიერისტ მოწაფეებს შორის მისი ბიჭური გულღიაობა ნამდვილი გამონათებასავით ჩანდა.

 

სექსტონსა და პლატს მოსწონდათ მისი ეშმაკური კეთილი იუმორი. ,,ჩემი ძველი ფორდის წინა სავარძელზე ავიხორხლებოდით ხოლმე  -  იხსენებდა სექსტონი  -  და მე გიჟივით მივაქროლებდი მანქანას ,,რიცამდე”. მანქანას უკანონოდ ვაჩერებდი ,,მხოლოდ ტვირთისათვის განკუთვნილ ზონაში” და მხიარულად ვეუბნებოდი მათ: ,,არა უშავს, როცა იქიდან გამოვალთ, ჩვენც ჩასატვირთები ვიქნებით!” შემდეგ ჯორჯის მკლავებზე დაყრდნობილები შევდიოდით ,,რიცში” და იქ სამ, ოთხ ან ორ ჭიქა მარტინის ვსვამდით. ჯორჯმა ლექსიც კი დაწერა ამაზე, რომელიც მის პირველ კრებულში, ,,ძვლის ფიქრებშია,” შეტანილი. იგი წერდა: ,,და მე ,,რიციდან” გამოვდიოდი, ორი ლამაზი ქალის თანხლებით. . .”

ხშირად, ძალიან ხშირად მე და სილვია დაუსრულებლად ვსაუბრობდით თვითმკვლელობის ჩვენი პირველი მცდელობების შესახებ.

 

დაწვრილებით, გამოწვლილვით, სიღრმისეულად განვიხილავდით და კარტოფილის უფასო ბურბუშელას ვაყოლებდით. სიკვდილის თემა ისე გვიზიდავდა, როგორც ორ ფარვანას  -  ელექტრონათურა! ჭირსაც წაუღია!

 

,,მე მგონი, არასოდეს ვყოფილვარ უფრო ახლოს ამგვარ მდგომარეობასთან, რასაც ცავალიერე სერვანტე-ს ეძახიან.  -  იხსენებდა მოგვიანებით სტარბრუკი  -  როდესაც მაშინ, როცა ამ ორ ყბედ ქალბატონს ,,რიცში” ვაცილებდი დასალევად. ოღონდ არა  -  მარტინის: ენი სოდიან ვისკის სვამდა  -  რაღაც საშინელებას  -  სილვია  -  არ მახსოვს. დიდი მხიარული საუბრები ჰქონდათ: თავიანთ თვითმკვლელობის მცდელობებსა და ფსიქიატრებს ერთმანეთს ადარებდნენ. მხოლოდ ერთი-ორჯერ მქონდა პატივი მათი საუბრისათვის ყური მომეკრა.” იგი სილვიას გულჩახვეულობასაც იგონებდა: ,,ისეთივე მანერული იყო, როგორც ,,შვიდი დის” (ცნობილი ინგლისური კოლეჯი  - მთარგმნელის შენიშვნა) ყველა კურსდამთავრებული.” ენი კი მისგან სრულიად განსხვავდებოდა: ,,დიდი ხალისით ყვებოდა ათასგვარ ამბავს ფსიქიატრიულ საავადმყოფოზე, თვითმკვლელობასა და ამგვარ რამეებზე. არ ვაჭარბებ  -  რაღაც ამერიკული იუმორის გრძნობა ჰქონდა: თვითირონია, საკუთარ თავზე სიცილი შეეძლო.

 

სილვია უფრო მშრალი იყო. არასოდეს მჯეროდა, რომ მისი გრძნობები ისეთივე მძაფრი იყო, როგორც ეს მისი ლექსების მიხედვით შეიძლება ეგონოს ვინმეს. თამამი იყო, მაგრამ არა  -  ხალისიანი. მისი დღიურებიდან ჩანს, რომ მე მიფრთხოდა, რაც ძალიან მიკვირს. თუმცა იმ ასაკში ადამიანებს ჰგონიათ, რომ, მათ გარდა, ყველა ლომია.”

სტარბრუკი მართლაც ლომი იყო: გამომცემელი და ახალი პოეტების აღმომჩენი. პლატმა იცოდა, რომ იგი ,,ჰოტონ მიფლინში” სექსტონის წიგნის გამოცემას ლობირებდა. იგი ასევე განდობილთაგანი იყო, რომ სექსტონი და სტარბრუკი საყვარლები ხდებოდნენ.

 

 

ამ საიდუმლოს მიხვედრილი პლათი რამდენიმე კვირა ცხარე კომენტარებს აკეთებდა თავის დღიურში. შესაძლებელია, იგი თავადაც ეარშიყებოდა სტარბრუკს; ეს იმ ოპერიდანაა: ,,პოეტები მუდამ შეყვარებულნი არიან”.

სექსტონის სამშაბათები სასტიკად დამცინავ პლათს ქალთა ჟურნალების ისტორიების სიუჟეტებს აგონებდა: დილით  -  სემინარი ცნობილ პოეტთან, მერე  -  მარტინი ,,რიცში”, სექსი  -  შუადღისას და ფსიქიატრთან შეხვედრა  -  საღამოობით. პლათი თავისებურად ამძაფრებდა ამ სიტუაციას: ,,ამ კვირაში ,,ჰოტონ მიფლინში” კრებულში შესატანი ლექსების წაღებას ვაპირებდი, მაგრამ ე.ს. ჩემს წინაა, მისი საყვარელი ჯ.ს ,,ნიუ-იორკერში” ოდებს უძღვნის მას და საერთოდაც, ისინი ერთად არიან: ეს ჩვენი სამმაგი მარტინის შუადღეებისას ვიგრძენი ,,რიცში”. იმ ღირსსახსოვარ შუადღეს ჯ.-ს ასკეტურსა და უბადრუკ ოთახში პინკნის ქუჩაზე: ,,არ დაგვტოვო რა”: სად არის პასუხისმგებლობა ტყუილისათვის? მე ისინი დავტოვე, თუმცა თავს ისე ვგრძნობდი, როგორც მინავლებული სანთლის ალზე შეხრუკული ყავისფერფრთებიანი პეპელა. ყველაფერი მორჩა. როგორც სნოდგრასი იტყოდა.

 

,,იგი მხიარულად იზრახავდა ორმაგი მოთხრობა დაეწერა ავგუსტა ლაითჰილისა და სხვა ქალის შესახებ. . .” აი, ეს არის საშინელება. და მთელი ეს დეტალები. აქციე ცხოვრება ამგვარ ვნებიან ისტორიებად და რომანებისათვის მასალა არ გამოგელევა.” იგი ამ სიუჟეტს საკუთარ დღიურში დასცინოდა: ,,აუტანელი ქალი (რასაკვირველია, ეს მე ვარ) ვერაგულად უამბობს მამაკაცის ცოლს, რომ მის ქმარს ,,ენთან” აქვს რომანი, შემდეგ კი ხვდება, რომ მამაკაცს რომანი თავად მასთან აქვს. ,,რა ბინძური ავხორცობა გამოდის”. ოლიმპიელები.

 

საბრალო დაქორწინებული პოეტები ,,რიცის” ბარში”.

 

 

 

 

.

 

 

 

 

 

 

 

გვერდის მისამართი : ბიბლიოთეკა / ბიოგრაფიები / მიდლბრუკი დაიან ვუდ / ნაწყვეტი ენ სექსტონის ბიოგრაფიიდან