მეტრეველი ლელა

 

მოგზაურობა ჩიტის მხარეში

 

 

 

იებით მოჩითულ მინდორზე დგახარ და გაზაფხულის სიო უბერავს – ასეთი შთაბეჭდილება დამრჩა ნოდარ ადეიშვილის ლექსების კრებულის პირველი წაკითხვისას. ია აქ ლექსიდან ლექსში გადადის და იმდენი ფუნქცია აკისრია, ყველას ვერც კი ჩამოთვლი. მხოლოდ რამდენიმე მაგალითს მოვიყვან: “ხედავ? იებმა გადაგირბინეს, // შეგაბეს ყელზე ლურჯი ეჟვნები...”ან კიდევ: “საცაა მოთოვს და მომიკვდება // ია და ტურფა იაზე ფიქრი”, ან: “და ღმერთმა ნუ ქნას, // სულ ასე იყოს, // არ იყოს სადმე მარტიც, // ჟამი, როდესაც // თოვლწაყრილ სტრიქონს // იის სურნელი ასდის”.

 ან შეიძლება, ეს ლექსები მოზაიკაა, ლურჯ-ცისფერ-იისფერ-იასამნისფერ ტონებში შესრულებული, რომელშიც დროდადრო წითელი ვარდი, მწიფე ალუბალი, ან სულაც პატარა ჭიამარია გამოერევა და, სწორედ იშვიათობის გამო, თითოეული მათგანი სამუდამოდ გამახსოვრდება.

 ნოდარ ადეიშვილის ლექსების ფერსა და სუნს მაინც ია განსაზღვრავს. ეს პირველი შთაბეჭდილება დღემდე უცვლელი დარჩა და მინდოდა, ამ წერილისათვის სწორედ “იებით მოჩითულ მინდორზე” მეწოდებინა, მაგრამ გავიგე, რომ დამასწრეს და პოეტის ერთ-ერთ კრებულს “იების წიგნი” უკვე დაარქვეს. მეც მეტი რა დამრჩენოდა და ნოდარ ადეიშვილის ლექსებში ასევე უხვად არსებული ჩიტები მოვიშველიე.

 მაშ ასე, ვიმოგზაუროთ ჩიტის მხარეში. ნოდარ ადეიშვილის ჩიტი უმეტეს შემთხვევაში, უბრალოდ, ჩიტია და არა მისი რომელიმე განსაკუთრებული, გამორჩეული ნაირსახეობა. სამაგიეროდ, გამორჩეული და მრავალფეროვანია ის გრძნობები, პოეტის ჩიტებით დახუნძლული სტრიქონები რომ აღძრავენ მკითხველში: “იგალობე, იგალობე ჩიტო, // ნეტავ უფრო ბევრი იყოთ ჩიტები”; “ღმერთმა ნუ ქნას, გახმობოდეთ ჩიტებს // ჩემი ეზოს ტირიფი და თხმელა”; “ფრთებს ახარბებენ ჩიტები ჩიტებს”; “...უფლის ყანას, უფლის ჩიტებს ვაპურებდი”; “ აი, მხარე – ერთი ჩიტით მეტი, // თუკი სადმე გულის ჩიტებს თვლიან”; როცა ჩავალ, // სამარეშიც // ა იმ ჩიტის გულით ჩავალ”

 ეს უკვე ხმას შეეეხება, ალბათ ხასიათსაც.

 ია და ჩიტი პოეტის შემოქმედებაში ისევე ბუნებრივად თანაარსებობენ, როგორც ჩვენებურ გაზაფხულზე: “ამოჰყავს ია სურვილს და ლოცვას, // ლოცვას და ლოდინს ამოჰყავს ფრთები”, ან კიდევ: “რა იქნებოდა, მეც მევლო // შენს გზებზე ია-ქნარით, // დღით – გულწითელა ჩიტებით, // ღამით – გულსავსე მთვარით”.

 რაც შეეხება გრძნობებს, ნოდარ ადეიშვილის ლექსებში სიყვარული და მონატრება დომინირებს.

აქ სიყვარული კონკრეტულიცაა და განზოგადებულიც, მთელ სამყაროში განფენილიც. ქალის, სამშობლოს, ოჯახის, გაზაფხულის, მზის, წარსულის, აწმყოს, მომავლის სიყვარულიდან ამოზრდილია სიყვარული – როგორც უნივერსალური კატეგორია, სრულყოფისაკენ, ბედნიერებისაკენ მიმავალი გზა. დავიწყოთ მეორეთი. არა მგონია, თანამედროვე ქართულ პოეზიაში ვინმეს ასე გამოეხატოს სიყვარული – არა მღელვარე ზღვა და აქოჩრილი ტალღები, არა დამანგრევლად ადიდებული ჩქარი მდინარე, არამედ უსასრულოდ განფენილი კამკამა წყარო, რომელიც ხმაურით კი არ გვაოცებს, არამედ სიღრმითა და ყოვლისმომცველობით:

 “როგორ ერთგულად იწვის სანთელი

 ყოველთვის, როცა შენ გამო იწვის”.

 ან:

 “აქეთ წახვიდე, ვეღარ მობრუნდე, –

 მაფრთხილებს ყველა, ამ გზით წასული,

 მაგრამ შენ მაინც აქეთ მაქეზებ,

 გაუცინარი მეფის ასული”.

 და მიუყვება პოეტი მეცხრე ცამდე აზიდულ კიბეს, სიყვარულს ეძებს, პოულობს ან ვერ პოულობს, პოულობს და კარგავს, მაგრამ ძებნას არ წყვეტს:

 “ო, ნურასოდეს შეგვიცვლი ამინდს,

 სიყვარულისთვის გაჭრილებს ველად...

 

 მოვა თუ არა

 შენამდე, მაინც

 ბედნიერია ამ გზაზე ყველა”.

 ნოდარ ადეიშვილი, როგორც ჭეშმარიტი პოეტი, თითქმის არასოდეს იწყებს სათქმელს ჯიქურ, პირდაპირ. ეს განსაკუთრებით მკაფიოდ სიყვარულის თემაზე დაწერილ ლექსებში ჩანს. ლექსის დასაწყისი ჯერ რაღაც ძალიან ლამაზის შესახვედრად გვამზადებს და მხოლოდ ბოლო სტრიქონებში მჟღავნდება ზოგჯერ თითქოს მოულოდნელი, მაგრამ მართალი და უფაქიზესი გრძნობა. ვნახოთ, რაოდენ ფაქიზია პოეტის დამოკიდებულება კონკრეტიზირებული, მიწიერი სიყვარულის მიმართაც:

 “ეს მაშინ, როცა ჩვენს ბლებსაც ესხა,

 როცა არც უნდა მეცქირა შურით,

 თვალს ვერა ვწყვეტდი სიმწიფეს შენსას

 და გასკდომამდე მიცემდა გული,

 მაგრამ რა მექნა –

 სხვის ბაღში შესვლას

 კრძალავდა ჩემი ღმერთი და რჯული...”

 ან კიდევ:

 “როგორ გუშინდელ დღესავით მახსოვს

 პირველი ლხინი – ახალწლის ღამე...

 ვუცდიდით სწორებს

 და უფრო ახლოს

 ვიწევდით ჩვენკენ ცარიელ სკამებს”.

 პოეტის მიწიერი სიყვარული იზრდება, იცვლება, იწმინდება.

 

სიჭაბუკეში, როცა”მეზობლის გოგო წყევლას გიგზავნის, შენ ლოცვად გესმის და გიხარია”, შეიძლება ასეც თქვა:

 “წამომყვება და წავიყვან,

 არა და – როგორც ენებოს...

 დაწუნებულიც კარგი ვარ,

 ჩემო მთებო და ველებო! “–

 და ეს სრულიად ბუნებრივად ჟღერს, მაგრამ სიმწიფეში შესული გრძნობა, როცა საოცრად გაფაქიზებულია მოგონებები, პოეტს ასე ალაპარაკებს: “მე განა ახლა ძილისთვის მძინავს? // – არამედ მისთვის, // რომ ... მესიზმრები!”, ან ასე: “ხანდახან მომენატრები, // გადავეხვევი ქარებს”.

 არ შეიძლება ნოდარ ადეიშვილის პოეზიაზე ლაპარაკი ისე, რომ არ ვახსენოთ ლელი, რომელსაც ეძღვნება პოეტის საუკეთესო ლექსები. მართლა არსებობდა ლელი თუ პოეტმა გამოიგონა? ვინ იცის. მკითხველისათვის მთავარი ისაა, რომ შეუძლია, წაიკითხოს ულამაზესი სტრიქონები:

 “რა პატარა გოგო იყავ, ლელი,

 რა ლამაზი ფრთები ჰქონდათ ჩიტებს”.

 და კიდევ:

 “სულს მოეწყინა თოვლი და თოვა,

 თვალს – თეთრი მთა და ველი,

 ხომ ვიცი, ამ დროს არავინ მოვა

 მე მაინც გიცდი, ლელი!”

 და კიდევ:

 “სოფლის თავს სამი წყაროა,

 სამი სარკეა, ლელი,

 ერთში შენ ჩანხარ,

 ერთში – მე,

 ერთშიც – პეპელა ჭრელი”.

 და ასე შემდეგ, უსასრულოდ...

 პოეტი დამატყვევებლად აღწერს სულის იმ მდგომარეობასაც, როცა სიყვარულის დაკარგვის გამო ტანჯვა უკიდურესობამდეა მისული, ადამიანს სიყვარულისა აღარ სჯერა, მაგრამ ისიც იცის, რომ უსიყვარულობა – ეს უსიხარულო, არაბუნებრივი არსებობაა:

 “თითქოს საკუთარ გულს დამაშორეს,

 სულ სხვა ტირილი ისმის გულიდან...

 

 ნეტავი ახლა

 სად თამაშობენ,

 სად ერთობიან სიყვარულითა?”

 პირადად მე ამ სტრიქონების წაკითხვისას ყოველთვის დიდი რუსი პოეტის – ანა ახმატოვას ცნობილი ლექსი მახსენდება, რომელიც ამავე განცდას გამოხატავს: “Сочинил же какой-то бездельник, что бывает любовь на земле...”. ადამიანებმა ეს დაიჯერეს, ელიან შეხვედრებს, ეშინიათ განშორების, თხზავენ სასიყვარულო სიმღერებს, მაგრამ ზოგიერთი მათგანი აღმოაჩენს, რომ ეს ყველაფერი გამონაგონია და სიცოცხლე ავადმყოფობას ემსგავსება:

“Но иным открывается тайна,

 И почиет на них тишина...

 Я на это наткнулась случайно

 И с тех пор все как будто больна”.

 ეს ორი მაგალითი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ჭეშმარიტ გრძნობას საზღვრები არა აქვს, მასზე აღმოცენებული პოეზია კი ზოგადსაკაცობრიო მნიშვნელობისაა.

თანაც, როგორც ვხედავთ, ქართველი პოეტი, თუ არ აღემატება, ტოლს არ უდებს სიყვარულის მეხოტბედ ცნობილ ანა ახმატოვას ადამიანის სულის სიღრმეებში წვდომის უნარითა და პოეტური ოსტატობით.

 ძნელია სიყვარულის ზიდვა, რადგან შეყვარებული გული სამყაროს სულ სხვა ათვლის სისტემიდან ჭვრეტს, უზარმაზარ პასუხისმგებლობას გრძნობს და სწორედ ეს ათქმევინებს პოეტს უმშვენიერეს და ფსიქოლოგიურად ზუსტ სტრიქონებს: “გიყვარვარ – რა უბრალოა, // მიყვარხარ – რარიგ ძნელი”.

 ნოდარ ადეიშვილის, როგორც პოეტისა და ადამიანის უდიდეს ღირსებად მიმაჩნია ისიც, რომ მის ლექსებში თითქმის არსად ჩანს ტრფობის ობიექტის გარეგნული სახე – მას უყვარს ის, რაც სიყვარულის ღირსია – სული. ამის გამო თუ ხდება, რომ პოეტის სიყვარული ჩიტის ფრთებით დანავარდობს ცაში, თუმცა მისთვის არც მიწაა უცხო.

 ზემოთ უკვე ვთქვი, რა დიდი ადგილი უკავია პოეტის გრძნობებში მონატრებას. ნოდარ ადეიშვილის სიყვარული იგივე მონატრებაა, მონატრება კი – სიყვარული. შემთხვევითი არაა, რომ მისი ლექსების ერთ-ერთ კრებულს სახელად “თუ მოგენატრო” ჰქვია. “თუ მოგენატრო, ისევ აქა ვარ, // ისევ მარტო ვარ // და გელოდები” პოეტისათვის კრედოა, რომლის ერთგულადაც დარჩა მთელი შემოქმედების მანძილზე. ალბათ არ შევცდები, თუ ვიტყვი, რომ ყველას არ ძალუძს, ასე ლამაზად და თავგანწირულად ენატრებოდეს:

 

 “ვუცქერ ღამეებს და სანთლებს ვხატავ:

 ხომ შეიძლება, შენც მოგენათოს,

 ხომ შეიძლება, ამიხდეს ნატვრა,

 ხომ შეიძლება, შენც მოგენატრო”;

 

 ან ასე:

 

 “მღერის აპრილი და ძველ ადგილებს

 ისევ იმ ფერთა ასდის სურნელი...

 რა სითბო ახლავს ხსოვნის ყვავილებს,

 რა ლამაზად თოვს ხსოვნის ღრუბელი!”

 

კიდევ ერთი დიდი სიყვარული და მონატრება – სამშობლოს სიყვარული და “ნიკოფსით დარუბანდამდე” გაბრწყინებული საქართველოს მონატრება – ნოდარ ადეიშვილისათვის ტკბილ-მწარე ტვირთია, რომელსაც, ჩვეულებისამებრ, უხმაუროდ ატარებს.

 

 “სულ რომ სევდა ხარ და სინანული,

 ნეტავ როდის ხარ

 სამშობლო მხარე?”,

 “როდისღა გერქვა ნეტავ ედემი,

 როდისღა გვასხდა მხრებზე მტრედები...”, –

 

 ყველა ჩვენგანის ნაცვლად ეკითხება იგი ბედის უკუღმართობით გაწამებულ საქართველოს, ყველა ჩვენგანის გულისნადებს გადმოსცემს, როცა ლექსს ასე აგრძელებს:

 

“მიდის დავითი, ფეხის ხმა მესმის,

 მიდის თამარი, ფეხის ხმა მესმის,

 გურამიშვილის ჩამესმის ლექსი,

 ბარათაშვილის ჩამესმის ლექსი.

 

 ცრემლის ხმაზე ვცნობ

 ყველას, ვინც არი...

 თხელია

 ჩვენი ციხის კედელი,

 გულამდე ატანს ყველა ისარი”.

 

 სხვა ლექსში ნოდარ ადეიშვილი სულ ორ სტრიქონში ატევს საქართველოს ისტორიის მრავალ საუკუნეს: “საქრისტიანო თუ საალაჰო, // ჩემს მკერდზე ჰყოფდა ყველა გასაყოფს”.

 პოეტი სენტენციების კითხვის გარეშე გვახვედრებს, რომ საქართველოს მდგომარეობა – დასაბამიდან დღემდე – მარტო ბედისა და გარემოს ბრალი არ არის:

 “და ტირილ-ტირილ ვამბობდი,

 შემყურე ბერი მცხეთისა:

 – ზოგი რამ ჩემი ბრალია,

 ზოგი რამ –

 ჩემი ბედისა”.

 ამავდროულად, ნოდარ ადეიშვილს სჯერა, რომ “მცხეთაც არის და ღმერთიცა!” მის თითოეულ ლექსში იმედი ჩანს, ხშირად ტკივილის თესლზე აღმოცენებული, მაგრამ მაინც იმედი. ნათქვამის დასადასტურებლად თუნდაც ეს ულამაზესი სტრიქონები მოვიშველიოთ: “ერთხელაც ალბათ რამეს ვიშოვი, // ან პურს მოვიტან, ან სურნელს პურის...”

 ნოდარ ადეიშვილის ლექსებში წარმოდგენილი საქართველო და მისი ცალკეული კუთხეები თითქოს ფერწერული ტილოებია, ფერადი ხატებია. ლექსს არა მარტო უსმენ, არამედ ხედავ კიდეც – ხედავ ისეთს, როგორიც პოეტმა დაინახა – ქართლს:

 “ჩემს შემდგომაც ასე ელის,

 ყველას, ვისაც ეყვარება,

 ქართლი –

 თეთრი ირმის ყელი –

 სულ რომ მგელი ეპარება”;

 ხევსურეთს:

 “აი, ქვეყანა: თეთრი ფარების,

 თეთრი ნაბდების და სალამურის”;

 იმერეთს:

 “და მაინც, ჩემო ყუმურის წყალო,

 შენს ნაპირებთან წყურვილით ვკვდები...

 ხანდახან როგორ არაფრის გამო

 ჰყვავიან ხოლმე მამულის მთები”;

 აფხაზეთს:

 “კივის ჭოტი და გულის ძაფს აგნებს,

 გულის ზარს აგნებს მწუხარე ლანდი.

 შორს დარჩა სიყრმის ფრთები და გაგრა,

 ფერი და სუნი მეწამულ ვარდის...”

 კახეთს:

 “უფრო ლამაზ გზებს სად გამაკიდებთ,

 სად ვნახავ უფრო ლამაზ წინანდალს...”

 კახეთთან დაკავშირებით კიდევ ერთ საუკეთესო ნიმუშს მოვიშველიებ. ეს “ჩემი აღმოსავლეთია”. ამ ლექსში ორიოდე შტრიხითაა დახატული კახეთი, რომელიც არასოდეს დაგავიწყდება.

 აწმყო: “ეს გალავანი სიღნაღს ავლია, // ეს ალავერდის თაღმა ინათა, // ესეც იყალთოს დიდი ზარია...” და მოულოდნელი, ზუსტი გაგრძელება – წარსული: “ესეც მდინარე სისხლის წვიმათა”... უკვე აღარ გჭირდება ისტორიის სქელტანიანი სახელმძღვანელოების კითხვა, ყველაფერი ნათქვამია... ამას მოსდევს კიდევ უფრო მოულოდნელი დასასრული ლექსისა: “და ხელისგულზე ჭიამარიას ვეფერებოდი და მიფრინავდა”.

შემთხვევითია? არა მგონია. ასოციაციურად გახსენდება ბავშვობისდროინდელი ”ფრინდი, ფრინდი, მარია, წინ თუ კაი დარია” და გჯერა, რომ წინ კარგი დარია, ვინაიდან ნოდარ ადეიშვილის ჭიამარია მიფრინავს. ესეც მომავალი. და ეს ყველაფერი ერთ პაწაწინა ლექსშია ჩატეული.

 და მაინც, პოეტს აწუხებს სინანული, მთლიანად მის შემოქმედებას რომ გასდევს. “მე უფრო კარგი მინდოდი” – ასე ჰქვია ამ სინანულს და, ლადო ასათიანისაგან განსხვავებით, სამშობლოსადმი კი არ არის მიმართული, არამედ საკუთარი თავისადმი. ამავე სინანულის გამოხატულებაა საქართველოსადმი მიმართული შემდეგი სტრიქონები:

 “ისეც ვიწვი შენს კარებთან

 ვალითა და

 სირცხვილითა,

 რომ ამდენი მტერი გყავს და

 ვკვდები ჩემი სიკვდილითა”.

 როგორც ვხედავთ, პოეტი ახერხებს, ლოზუნგების გარეშე გველაპარაკოს სამშობლოზე, მოულოდნელი კუთხით დაგვანახოს წარსული და სამუდამოდ დაგვამახსოვროს “სიყვარულის ახსნის” მისეული ხერხი.

 საქართველოს ისტორიას პიროვნებები ქმნიდნენ, ამიტომ წარსული ნოდარ ადეიშვილისათვის, პირველ რიგში, დიდი პოეტები, დიდი მეფეები, სჯულისათვის წამებული წმინდანებია.

და პოეტი საქართველოს ახსენებს “წყევლა-კრულვიან საკითხავს”:

 “რუსთაველიც

 სხვის მიწაში გვიწევს,

 რანაირი მამული გვაქვს, ხალხო!”

 არანაკლები სიმძაფრით ჟღერს ეს საკითხავი თვით ზემოხსენებული გამოთქმის ავტორთან მიმართებაში: “შენ რომ ერმა ტყვია დაგკრა, // ვაი, ბრალი იმ ერისა”.

 ნოდარ ადეიშვილი კიდევ ბევრ ვინმეს მიაგებს მისაგებელს და ყოველთვის პოულობს საჭირო სიტყვებს, რომ ლექსში კონკრეტული პიროვნებისათვის მთავარი და არსებითი მახასიათებელი შემოიტანოს.

ისევ რამდენიმე მაგალითს დავჯერდეთ. აი, როგორ ეთხოვება ქეთევან წამებული სამშობლოს:

 “მშვიდობით, მნათო,

 მივალ, გახსოვდეს

 შემოწირული გული და ცრემლი”.

 რას ამბობს მსხვერპლად შეწირული პაატა:

 “ ჰე, მბრძანებელო,

 ხომ უყურებ, ვცოცხლობ ისევე, –

 გაგექცა კრავი,

 შეგატოვა ხელში ბაწარი”.

 რას გვიბარებს ნიკო ფიროსმანი:

 “აი, თოვს, მაგრამ

 ჩემსას რას ათოვს...

 ....................

 უკანასკნელი სანთლის პირისპირ

 დავხუჭავ თვალებს,

 თითქოს არასდროს

 არ დამენახოთ შენ და თბილისი”.

 ახლა ისიც ვნახოთ, როგორ მიმართავს პოეტი ანა დედოფალს:

 “ვიხსენებ იმ დროს, როცა არ ვიყავ

 და მაინც გიძღვენ გული და ვარდი”

 და მაიკო ორბელიანს:

 “ო, მშვენიერო,

 ნუთუ შენც წაგყვა,

 ნუთუ შენც წაგყვა ამ ქვეყნის ვალი?..”

 ალბათ სადავო არაა, რომ ყველა ზემოთ ჩამოთვლილი პიროვნების ფსიქოლოგიური პორტრეტი პოეტმა ისე ზუსტად დაგვიხატა, რომ ლექსის სტრიქონებს შუა მთელი რომანია ჩატეული.

 ერთიც უნდა აღინიშნოს: ნოდარ ადეიშვილი, პოეტი, რომლის ლექსებიც საოცრად მსუბუქად იკითხება, უზარმაზარ პასუხისმგებლობას გრძნობს მკითხველის მიმართ. სწორედ ამ პასუხისმგებლობის შედეგია არისტოკრატიული სისადავე მისი პოეზიისა, ის საოცარი ხიბლი მისი ლექსებისა, ნატიფი გემოვნების მქონე მკითხველი უმალვე რომ გრძნობს. ამავე დროს, პოეტი არავის აყვედრის თავს: არც მკითხველს, არც სამშობლოს და, იქნებ ამიტომაც, ხშირად ამბობენ, რომ ნოდარ ადეიშვილმა საკუთარი თავის ფასი არ იცის. მე ასე არ მგონია.

ბატონმა ნოდარმა საკუთარი თავის ფასიც იცის და სხვებისაც. სწორედ ამიტომ ვერ იქნება იგი დღეს ესოდენ მომრავლებული შოუ-სპექტაკლების მონაწილე, რომლებშიც ათობით “ილია”, “აკაკი” და “ვაჟა” (მაპატიონ მათმა სულებმა!) “მონაწილეობს”. ნოდარ ადეიშვილი არ არის ილია, აკაკი ან ვაჟა. ნოდარ ადეიშვილი ნოდარ ადეიშვილია. უფრო სწორი იქნება, თუ ვიტყვით, რომ საქართველომ (როგორც მას სჩვევია!) ჯერჯერობით არ იცის ნოდარ ადეიშვილის ფასი. ამ აზრით, შეიძლება პოეტის ბედს მისივე სტრიქონები მივუსადაგოთ:

 “და გული მტკივა,

 რომ არ მიცნობენ,

 და როგორ მიყვარს, რომ არ იციან”.

 მაგრამ ვინც ნოდარ ადეიშვილი იცის, იცნობს, მისი პოეზია იმ ძალით უყვარს, როგორც ამ პოეზიას ეკადრება. მეც ერთ-ერთი რიგითი მკითხველი ვარ, რომელსაც ამ მშვენიერ ლექსებთან ოცწლიანი სიყვარული აკავშირებს.

სიყვარული კი ასე დაიწყო: მოსკოში, ქართულ სიტყვას დანატრებულმა, ჩემთვის უცნობი ავტორის ლექსების პაწაწინა კრებული შევიძინე და იქვე დავიწყე კითხვა. მახსოვს, მარტი იყო: ცივი, რუსული. ლექსებს კი მართლაც იის სურნელი და, რაც მთავარია, საქართველოს სურნელი ჰქონდა. ეს ლექსები არ ჰგავდა არაფერ სხვას, რაც აქამდე წამეკითხა. გარდა ამისა, კრებულმა დააკმაყოფილა პოეტური ქმნილებების შეფასების ჩემეული კრიტერიუმი – ლექსები დამამახსოვრდა, თანაც ყველა. მას შემდეგ მე სიამოვნებით ვმოგზაურობ იისა და ჩიტის მხარეში და ზოგჯერ გულიც მწყდება, თუ ავტორი, ლექსის სრულყოფის მიზნით, სტრიქონებს აქეთ-იქით გადაადგილებს და ერთხელ სულს დაჩენილ “წესრიგს” დამირღვევს.

 ამ წერილის დაწერა ჩემთვის არავის დაუვალებია, მით უმეტეს, არავის დაუძალებია. უბრალოდ, ჩიტის მხარეში მოგზაურობისას ისე ტკბილი გალობა მესმოდა, ვერ მოვითმინე და ჩემი შთაბეჭდილება გაგიზიარეთ.

ჩემს წერილში პოეტის ბევრი ლექსია ციტირებული – ამასაც იმით ვამართლებ, რომ არ შეიძლება, გალობის მოსმენა მკითხველისათვის მოსაბეზრებელი იყოს.

 ნოდარ ადეიშვილის ლექსები, როგორც ჩიტის გალობა, როგორც ია გაზაფხულზე, სიხარულს გვანიჭებს და ჩვენგან სამაგიეროდ არაფერს ითხოვს.

 ჩვენ, მკითხველებს, ისღა დაგვრჩენია, ეს ლექსები ისევე გვიყვარდეს, როგორც ჩიტი, ია და გაზაფხული გვიყვარს.

 

გვერდის მისამართი : ბიბლიოთეკა / პროზა / მეტრეველი ლელა / მოგზაურობა ჩიტის მხარეში