მისტრალი გაბრიელა 

 

პოემები პროზად

 

 

 

მოთხრობები

 

ესპანურიდან თარგმნა მანანა გიგინეიშვილმა

 

გამომცემლობა “საქართველოს მაცნე”

თბილისი 2008

 

გაბრიელა მისტრალ

პოემას ენ პროსა

ჩუენტოს

თრადუციდო დელ ესპანოლ ალ გეორგიანო

პორ მანანა გიგიინეიშვილი

 

გამომცემლობა “საქართველოს მაცნე”

 

მანანა გიგინეიშვილი

გარეკანზე გამოყენებულია პიკასოს ნახატი

 

 

სარჩევი:

მთარგმნელისაგან

ვედრება

დედის პოემები

მაკოცა

ნეტა როგორი იქნება იგი?

სიბრძნე

სინაზე

და

ვედრება

უკარება

მარადიული ტკივილი

მისი გულისთვის

სიმშვიდე

მისი თეთრეული

დედამიწის ნამდვილი ხატი

ჩემს ქმარს

დედა

მითხარი, დედა!

გამთენიისას

წმიდათაწმიდა კანონი

ყველაზე სევდიანი დედის პოემები

გამოგდებული

რისთვის მოხვედი?

აკვნის სიმღერები

ჩემზე მონდობილი

აღარ ვარ მარტო

რწევა-რწევაში

ღამე

მე გყავარ

აღტაცება

სევდიანი დედა

სინაზე

ნაღვლიანი ნანინა

შიში

კრავი

ცვარ-ნამი

პოვნა

ჩემი სიმღერა

ბავშვის თმა

დედის გახსენება

ნეტარების პოემები

ავტირდი

უფალი ღმერთი

სამყარო

შენზე მეუბნებიან

შენს მოლოდინში

დამმალე

ოთხფურცელა ყვავილი

შებინდებისას

სიკვდილი თუ მოვა

ხელოვნება

მშვენიერება

სიმღერა

ოცნება

ხელოვანის ათი მცნება

სულისმარგებელი საკითხავები

სიუშნოვე

სალბუნ-სახვევი

მთესველს

ღვთაებრივი ქნარი

ილუზია

მასწავლებლის ლოცვა-ვედრება

მასწავლებლის ათი მცნება

სასკოლო მოთხრობები

რატომ აქვს ლერწამს ღრუ?

რატომაა ვარდი ეკლიანი?

ვარდის ფესვი

ნარშავა

კერიის პოემები

ლამპარი

ბუხარი

დოქი

ვნების მოტივები

ზეთისხილის ხეები

კოცნა

ცეცხლი

ფერფლი

ქება წყლისა

ქება ქვიშისა

ქება ქვისა

სამეფო პალმა

მაგუეი – ამერიკული აგავა

მექსიკური კაქტუსი ორგანო

ანანასი

ტირიფი

ხომალდები

კაკაუმპილპას მღვიმე

ცოტა რამ კეჩუას შესახებ

ლიტერატურაში ნობელის პრემიის

გადაცემის დროს საზეიმო ცერემონიაზე

წარმოთქმული სიტყვა

შენიშვნები

 

 

 

მთარგმნელისაგან

 

გაბრიელა მისტრალს (1889–1957), დიდ ჩილელ პოეტს, ლათინური ამერიკის მწერალთაგან პირველს მიენიჭა ნობელის პრემია (1945 წ.).

 იგი დაიბადა ჩილეში, მასწავლებლის ოჯახში. დედა ბასკური წარმომავლობისა იყო, მამა – ამერიკის ინდიელთა შთამომავალი. მისი ნამდვილი სახელი და გვარია ლუსილა გოდოი ალკაიაგა. 17 წლისა იყო, სოფლის მასწავლებლობა რომ დაიწყო. მას შემდეგ წლების განმავლობაში ასწავლიდა ჩილეს სხვადასხვა სოფლებისა და ქალაქების სკოლებში. მან დიდი კვალი დაამჩნია ჩილეს საგანმანათლებლო სისტემას, მონაწილეობდა მექსიკის განათლების სისტემის გარდაქმნაშიც; ესპანური ლიტერატურის კურსს კითხულობდა ამერიკის შეერთებული შტატებისა და პუერტო რიკოს უნივერსიტეტებში; საპატიო დოქტორი იყო ჩილეს, ამერიკის შეერთებული შტატების, ესპანეთის, იტალიის, კუბის მრავალი უნივერსიტეტისა; ეწეოდა დიპლომატიურ მოღვაწეობასაც: ჩილეს კონსული იყო ესპანეთსა და პორტუგალიაში.

    ფსევდონიმად მან აირჩია თავისი საყვარელი პოეტების – გაბრიელე დ-ანუნციოს და ფრედერიკ მისტრალის – სახელი და გვარი და თავისი პირველი პოეტური კრებული გაბრიელა მისტრალის ფსევდონიმით გააცნო მკითხველს. ეს იყო 1914 წელს გამოქვეყნებული სიკვდილის სონეტები, რომელსაც მისი პირადი ტრაგედია დაედო საფუძვლად: ლუსილას უყვარდა ახალგაზრდა რკინიგზელი მუშა, მაგრამ ისინი დასცილდნენ ერთმანეთს. დაშორებიდან ორიოდე წლის შემდეგ მისმა ყოფილმა სატრფომ თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე. გარდაცვლილს უბის ჯიბეში ლუსილას წერილი ჰქონდა. ამ ამბავმა უმძიმესი დარტყმა მიაყენა მომავალ პოეტს და დაღი დაამჩნია მის ცხოვრებას. სწორედ ეს ტკივილი გადმოიღვარა მის პირველ პოეტურ კრებულში და მისი პიროვნული განცდები უმშვენიერეს პოეზიად გარდაისახა. იგი არ გათხოვილა, უშვილძიროდ გადაეგო და თავის არსებაში ჩაკლული დედობის საოცარი წყურვილი გამოხატა მხატვრულ სიტყვაში, შექმნა მსოფლიო მწერლობაში დედობის, დედაშვილობის თემისადმი მიძღვნილი უნიკალური ნაწარმოებები. გამაოგნებელი გულახდილობით გადმოგვიშალა ქალის სულიერი სამყარო, გაბედულად ისაუბრა უჩვეულო თემებზე, მსოფლიო ლიტერატურაში ნაკლებად დამუშავებულსა და საჩოთიროდ მიჩნეულზეც კი. დედაშვილობის თემას გაბრიელა მისტრალმა პროზაული პოემების რამდენიმე ციკლი უძღვნა. ამ პროზაულ პოემათა შესახებ თავად გაბრიელა მისტრალს ნათქვამი აქვს: “ეს პროზაული პოემები ესპანურ ენაზეა დაწერილი, მაგრამ ამასთანავე უნივერსალურ ქალურ ენაზეა აჟღერებული”. მარადქალურისა და მარადიული დედობის უღრმეს და უსათუთეს განცდას გვაზიარებს გაბრიელა მისტრალი. ამ პოემებით აღტაცებული პაბლო ნერუდა აღნიშნავდა: “მან დაწერა პოემები, დაწერა პროზით, – წმინდა, დახვეწილი, ცეცხლოვანი პროზით. გაბრიელა მისტრალის პროზა არის ყველაზე უფრო სულისშემძვრელი პოეზია. გაუთხოვარი ქალი თავის პოემებში საუბრობს ფეხმძიმობაზე, მშობიარობაზე, დედობრივ ზრუნვაზე”.

 თავად გაბრიელა მისტრალი ამბობდა, რომ დედობრივის განცდა ყოველი ადამიანის ამამაღლებელია, რომ “აკვნის სიმღერები” უფროსებსაც სჭირდებათ, რათა მათ სულში სიმშვიდემ დაისადგუროსო.

გაბრიელა მისტრალს პირველმავე პოეტურმა კრებულმა გაუთქვა სახელი. ამას მოჰყვა სხვა პოეტური კრებულები: მარტოობა (1922), სინაზე (1924), ტყის ჭრა (1938). პოეტი ბევრს მოგზაურობდა, მთელი ჩილე ფეხით ჰქონდა შემოვლილი, იმოგზაურა უამრავ ქვეყანაში, მოვლო კონტინენტები. დედამიწის სხვადასხვა კუთხის ბუნება, განსხვავებული გარემო

 და ადათ-წესები გაბრიელა მისტრალს უადვილებდა სხვადასხვა ერთა სულის წვდომას, ფართო ასპარეზს უქმნიდა მის განცდებსა და შემეცნებით ინტერესებს, დიდ გასაქანს აძლევდა მის პოეტურ მისწრაფებებს. გაბრიელა მისტრალის ნაწარმოებები ქვეყნდებოდა სხვადასხვა ქვეყნების ესპანურენოვან ჟურნალ-გაზეთებში. მის მხატვრულ თხზულებათა თავმოყრა და სრული კრებულის გამოცემა მოხერხდა მხოლოდ მისი გარდაცვალებიდან ერთი წლის თავზე, 1958 წელს.

გაბრიელა მისტრალს ნერუდასთან და უიდობროსთან ერთად მიიჩნევენ ჩილეს თანამედროვე პოეზიის ფუძემდებლად. “ჩემს მოკრძალებულ შემოქმედებაში ცოცხლობს ჩილეს სული – დამუხტული, შეკავებული და მკაცრი”, – ეს მისი შეფასებაა საკუთარი შემოქმედებისა.

 შვედეთის აკადემია განმარტავდა, რომ “გაბრიელა მისტრალს ნობელის პრემია ენიჭება ღრმა განცდებით შთაგონებული ლირიკული პოეზიისთვის, რომელმაც მისი სახელი აქცია მთელი ლათინური ამერიკის სულიერ მისწრაფებათა სიმბოლოდ”.

გაბრიელა მისტრალის ლექსებსა და პროზაულ პოემებში ადამიანის სულის უნაზესი მიმოხრა და უნატიფესი განცდებია გამოხატული. მას მიაჩნდა, რომ რაციონალიზმის ეპოქამ სასიკეთო ძვრებთან ერთად გამოიწვია სამყაროს უნივერსალური ჰარმონიისაგან ადამიანის გაუცხოება. ამ ჰარმონიის აღდგენას ემსახურებოდა გაბრიელა მისტრალი. მისი აზრით, სამყაროს რიტმს უნდა შეეწყოს ადამიანი. მის პოეტურ ქმნილებებში წრფელ ინტიმურ განცდებს საერთო-საკაცობრიო განზომილება ეძლევა.

გაბრიელა მისტრალი თავის ღრმა განცდებსა და ფიქრებს გვიზიარებს, მკითხველიც უნებურად ერთვება მის პოეტურ ხილვებში. მის შემოქმედებაში განცდათა სიღრმესა და სისათუთეს დიდი სევდაც ახლავს. “მომიტევონ იმ ადამიანებმა, რომელთათვის სიცოცხლე მხოლოდ სიამოვნებაა”, – ასე მიმართავს

 იგი მკითხველს და თავისი შემოქმედებით გვიჩვენებს, რომ სიცოცხლე ღვთით ბოძებული სასწაულია, რომ ცხოვრების გზა უმიზნოდ არ უნდა გაილიოს, რომ ყველაფერი მნიშვნელოვანია ამქვეყნად: მშობლიური ქვეყნის სანახები თუ სხვათა ქვეყნების ხედები, საუკუნეებში ჩამოყალიბებული ზნე-ჩვეულებები თუ მომავლის სიახლენი. გაბრიელა მისტრალის ყურადღებას იპყრობდა ერთი შეხედვით სრულიად უმნიშვნელო საგნებიც კი. ყველაფერი ფეთქავს, ცოცხლობს, არაფერია ამქვეყნად შემთხვევითი და ყველაფრის მიღმა სულიერ, ზოგადსაკაცობრიო ფასეულობებს ხედავს პოეტი; მატერიალური და კონკრეტული ფაქტებიდან იგი მიგვიძღვება სულიერი სიღრმეებისკენ, ამაღლებული იდეალებისკენ. იგი პოეტური სიტყვით ქმნის გრანდიოზულ ჩანახატებს, მშობლიური ქვეყნის პეიზაჟებს ენაცვლება დედამიწის ზურგზე პოეტის მოგზაურობის შთაბეჭდილებები. იგი წერს სიყვარულზე, განსაცდელზე, მშვენიერებაზე, სიხარულზე და სევდაზე.

 გაბრიელა მისტრალმა პროზაულ პოემათა ციკლი მიუძღვნა ხელოვნების დანიშნულებას. ხელოვანის ათი მცნება ერთგვარი კრედოა მშვენიერების ყველა მსახურისა. სულისმარგებელ საკითხავთა ციკლი ადამიანის უფაქიზეს მისწრაფებებს გადმოგვიშლის.

ახალგაზრდობის აღზრდას, ღირსეულ პიროვნებებად მათ ჩამოყალიბებას გაბრიელა მისტრალმა დიდი ენერგია შეალია. ამ ღირსეულმა ღვაწლმა თავისი გამოხატულება ჰპოვა მის მხატვრულ შემოქმედებაშიც. მასწავლებლის ლოცვა-ვედრება მთელ მსოფლიოში გავრცელდა და ახლობელი გახდა მრავალი პედაგოგისთვის; მასწავლებლის ათმა მცნებამ აღმზრდელის მოვალეობაზე დააფიქრა უამრავი პედაგოგი.

გაბრიელა მისტრალის შესახებ ფრთიან ფრაზად იქცა: “აღსარებასავით გულწრფელი გაბრიელა”, “ცეცხლოვანი და ღვთისმოსავი გაბრიელა”, “ჩილეს მასწავლებელი გაბრიელა”.

  გაბრიელა მისტრალი მშობლიური ენის მადლს აზიარებდა ესპანურენოვან მკითხველს, ენის გრძნობას უღრმავებდა და უფაქიზებდა. მისი ენა გამოირჩევა მდიდარი ლექსიკით, სასაუბრო ინტონაციას ზოგჯერ ბუნებრივად ენაცვლება არქაული იერით შეფერილი ფრაზა. იგი სულის უსათუთეს განცდებს საოცარი გულწრფელობით გამოხატავს და ამის შესაბამისია ენობრივი ქსოვილიც. ზოგჯერ სიტყვათა შორისაა ბევრი რამ საგრძნობი, უნაზეს გრძნობათა გამოხატვას ხშირად იგი ნათქვამზე უფრო უთქმელით ახერხებს.

 გაბრიელა მისტრალის პროზაულ პოემებს ხშირად “ლოცვებს” და “ეპისტოლეებს” უწოდებენ.

    ამ პატარა კრებულში გაბრიელა მისტრალის პროზაულ პოემებთან ერთად წარმოდგენილია რამდენიმე სხვა პროზაული ნიმუშიც, რომელთა საშუალებით ქართველი მკითხველი ეზიარება მის პოეტურ ხილვებს, შეიტკბობს და შეიყვარებს მის მთრთოლარე პოეტურ სულს, წრფელსა და მართალს, გაითავისებს სამყაროს მისეულ ხედვას.

                                                                                                                მანანა გიგინეიშვილი

 

ვედრება

 

    უფალო, ნუ მიწყენ ამ ნაღვლიანი წიგნისთვის და მომიტევონ იმ ადამიანებმაც, ვისთვისაც სიცოცხლე მხოლოდ სიამოვნებაა.

    ამ პოემებში სისხლად იწრიტება ჩემი მწარე წარსული და სიმღერებად იღვრება წვეთ-წვეთად, რათა დარდიან გულს მოუფონოს. წარსული უკან ჩამოვიტოვე ღრმა ხეობასავით და ახლა მშვენიერ ფერდობს აღმა მივუყვები სულის სავანისაკენ, სადაც დიადი ნათელი მოეფინება ჩემი ცხოვრების დღეებს, და გულმხურვალედ ვიმღერებ ადამიანთა სანუგეშებლად. ოცდაათი წლისამ დავწერე “ხელოვანის ათი მცნება”. მაშინ დავდე ეს აღთქმაც.

    უფალმა ღმერთმა ინებოს და ცხოვრებამ მაცალოს მისი აღსრულება გზაზე სავალად დარჩენილ ჩემს დღეებში.

 

 

დედის პოემები

 

მაკოცა

 

მაკოცა, მომიალერსა... და ახლა მე სხვა ვარ. სხვა ვარ, რადგანაც ორჯერ უფრო ძლიერად ჩქეფს სისხლი ძარღვებში. სხვა ვარ, რადგანაც მისი სუნთქვა შეეზავა ჩემსას.

ჩემი წიაღი ისევე წმინდაა, როგორც ჩემი გული.

მას აქეთ ყვავილების სურნელივითაა ჩემი ამოსუნთქვა. მიზეზი იგია, ვინც ჩამისახლდა სხეულში და მომეთვისა, ვით ნამი – ბალახს.

ნეტა როგორი იქნება იგი?

 ნეტა როგორი იქნება იგი? დიდხანს ვუმზერდი ვარდის კოკორს, თითებით მოვუსინჯე ფურცლები. ნეტა ასეთი ფაფუკი ლოყები ექნებოდეს! მაყვლის აბურდულ ბუჩქს მივესიყვარულე. ნეტა ასეთი მუქი და ხვეული თმა ექნებოდეს! შავტუხა თუ იქნება? მეთუნეებს რომ წითელი თიხა მოსწონთ, აი, იმფერი თმა თუ ექნება? ანდა სწორი, შოთი თმა, ჩემს ცხოვრებასავით სადა? იყოს, რა უშავს?!

 ნისლში ეხვევა მთის ორწოხები. ნისლის ფთილა პატარა გოგონას ჰგავს, საყვარელ ცუგრუმელას. იყოს გოგონა!

 უფრო კი მინდა, მამის სილბო ჰქონდეს მზერაში და, რომ დამელაპარაკება, მინდა, მასავით ოდნავი თრთოლა ერიოს ხმაში. ვისაც მოველი, მასში მინდა იგი მიყვარდეს, ვინც მაკოცა, მომიალერსა.

 

 

სიბრძნე

 

აგერ უკვე მეოცე ზაფხულის მზით ვივსები და ისევ მეძლევა ნება ვკრიფო მინდვრის ყვავილები. წელიწადის უმშვენიერეს დღეებში ნეტა რატომ იმეტებს ჩემთვის ამ საოცარ საჩუქარს ჩახჩახა მზე და ლორთქო ბალახი?!

კვამლისფერ მტევანს რომ მზის თვალი ჩაუდგება, მეც ასევე სინაზითა და ნეტარებით მავსებს ნათლის სხივი. ჩემი არსების სიღრმეში ჩემივე ძარღვებიდან წვეთ-წვეთად იქმნება იგი და ღვინდება ჩემში.

    და ასე ვივსები. ვინც ხორცს ისხამს ჩემს სხეულში, მისი წყალობით ჩემს მიწიერ ბუნებას ღვთაებრივი ნება მსჭვალავს. და როცა თრთოლით ამოვთქვამ ლექსს, ჩემი არსებიდან ჩაღდება გაუნელებელი ცეცხლი და გავარვარებული ნაკვერჩხალივით ვიღველფები.

 

 

სინაზე

 

ჩემს წიაღში რომ თვლემს, იმ ბიჭუნას გამო ნაბიჯი უფრო ფრთხილი და მოზომილი გამიხდა. მას აქეთ, რაც დიად საიდუმლოს დავატარებ, გულმა ღვთისკენ გამიწია.

 ჩემი პატარას სიყვარულმა ხმა დამიტკბო და გამინაზა. ჯერ უნდა თვლემდეს და მეშინია, არ გამოვაფხიზლო. თანაგრძნობას ვაწყდები ყველგან, ჩემი გაფითრებული სახის დანახვაზე ყველანი ხვდებიან მიზეზს.

 კრძალვით მოვსინჯავ ხოლმე შამბნარს, მწყრების საბუდარს. ფრთხილად, ფეხაკრეფით დავდივარ ნათესებში და ასე მგონია, ხეებსაც ჰყავთ თავ-თავიანთი ჩვილები, რომლებსაც თავს დაჰკანკალებენ, არწევენ და უნანავებენ.

და დღეს ერთი ქალი ვნახე. ხნავდა. სიყვარულს მისთვის თეძოები გაეგანიერებინა ჩემსავით და მიწაში მრუდედ ავლებდა ხნულს

 წელზე მოვხვიე ხელი. შინ წამოვიყვანე. მოუხდელი რძე ვასვი ჩემი ჭიქით და ჩემს ჭერქვეშ მოვასვენე. სიყვარულის ტვირთით იყო დამძიმებული. რძე ბლომად თუ არ ჩამიდგება, ჩემი ბიჭი მის ძუძუს მოჰკიდებს პირს.

 

 

ვედრება

 

არა, ღმერთი სიბერწეს როგორ არგუნებდა ჩემს წიაღს?! სწორედ უფალმა შემივსო წელი. ვგრძნობ, როგორ მეზრდება მკერდი, ზემოთ იწევს ნელა, როგორც წყალი პატარა ტბორში. ძუძუები მიფუვდება და ეს საიმედო დაპირებასავითაა ჩემი პატარასთვის.

 ვინ იქნებოდა ამქვეყნად ჩემზე საცოდავი, ჩემი წიაღი რომ არ განაყოფიერებულიყო?!

ქალები ღამღამობით ჭურჭელს რომ გარეთ ტოვებენ ციური ნამის მოსაგროვებლად, ასე მივანდობ მამაზეციერს ჩემს მკერდს. მე უფალს ახალ სახელს ვუწოდებ – სისავსის მომნიჭებელს, და ვევედრები, ჭარბად მიბოძოს მაცოცხლებელი სითხე. ჩემი ბიჭი მონახავს და ხარბად დაეწაფება ჩემს მკერდს.

 

 

უკარება

 

 უკვე აღარ მახარებს ტოლ-სწორებში მინდვრად ხეტიალი, ვშიშობ, არ წავიფორხილო, არ წავბორძიკდე. ნაყოფით ჩამომძიმებულ რტოს ვგავარ.

ისე ვარ გაფაქიზებული, ბაღჩაში რომ ჩავალ, ვარდის სურნელი თავბრუს მახვევს; რაღაც მარტივი ჰანგი მოჰყვება ნიავს და გულს მიჩუყებს. ჩამავალი მზე რომ სულს ღაფავს და მწუხრის ზეცას სისხლის წვეთებს შეაშხეფებს, გული მიღონდება სევდით.

ღამღამობით ჩემი თანამეცხედრის შემოხედვამაც კი ლამის გამათავოს.

 

 

 

მარადიული ტკივილი

 

როცა მას რაღაც აწუხებს, მე ვფითრდები. ვინც ჩემშია და ვისაც ვერ ვხედავ, მისი ბიძგები მაკრთობს. მის ერთ შეტოკებაზეც კი შეიძლება გული გამიჩერდეს.

ნუ იფიქრებთ, რომ ტკივილი გასტანს, ვიდრე ჩემი სხეულით ვიფარავ პატარას, ტკივილი გამყვება მერეც, ლაღად როცა გაუდგება ცხოვრების გზებს, ჩემგან შორს რომ იქნება, მაშინაც. მას რომ ქარი შეეხლება, ის ქარი მეც შემომეხეთქება, ძვალ-რბილში გაატანს და დამიფლეთს სხეულს. ჩემი შვილის ყვირილი ჩემი ხორხიდან ამოსკდება. ჩემი ცრემლიცა და ჩემი ღიმილიც შენი სახიდან დაიწყება, ჩემო ბიჭო!

 

 

მისი გულისთვის

 

 ნურაფერს მავნებთ მისი გულისთვის, ვინც ჩემში თვლემს ბალახებში მოწანწკარე ნაკადულივით. ჯაფით ნუ მომქანცავთ. მომიტევეთ, კერძს რომ ვიწუნებ, ხმაურს რომ ვერ ვიტან.

 ოჯახის გასაჭირზე, სიღარიბესა და მძიმე შრომაზე მელაპარაკეთ მერე, როცა უკვე ჩვრებში მეყოლება გამოკრული ჩემი პატარა.

თავში თუ ჩამარტყამენ ან მკერდში თუ ჩამცხებენ, ის დაიკვნესებს, მას ეტკინება.

 

 

სიმშვიდე

 

მიჭირს ხალხში გამოჩენა, გზაზე სიარული. მერიდება ამსისქე წელი და ამოღამებული თვალები რომ მაქვს. მომიტანეთ ქოთნებით ყვავილები, გვერდით დამიდგით! დაუკარით, დავტკბე მშვენიერებით!

 მუცელზე ვიხუტებ ვარდებს. მომიძღვენით ღვთაებრივი ლექსები! აივანზე საათობით ვეფიცხები მცხუნვარე მზეს.

მზის გულზე ნაყოფი რომ სიტკბოს ჩაიყენებს, მეც ასე უნდა მოვამწიფო ჩემს წიაღში ჩემი პაწია. ფიჭვნარიდან შემოქროლილ სიოს ვაგებებ სახეს. ნათლის სხივმა და ნიავმა სისხლი დამიწმინდა, გამიჯანსაღა. და მე აღარც სიძულვილი შემიძლია, აღარც ბუზღუნი, – მხოლოდ და მხოლოდ სიყვარული! ამ სიჩუმეში, ამ სიმშვიდეში ვქსოვ მის სხეულს, სასწაულებრივ სხეულს. ვქსოვ ჩემი ძარღვებით, ჩემი სახით, ჩემი მზერით და წმინდა გულით.

 

1 2 3 4 5 6 7
გვერდის მისამართი : ბიბლიოთეკა / პროზა / მისტრალი გაბრიელა / პოემები პროზად