მისი თეთრეული

 

პაწაწინა წინდებს ვქსოვ, ფაფუკ ჩვრებს ვკეცავ. ჩემი ხელით უნდა მოვუმზადო ყველაფერი.

 დატოვებს ჩემს წიაღს და ყნოსვით მიცნობს.

 ქუნქულა კრავო, ამ ზაფხულს გაგკრიჭეს ჩემი ბიჭისთვის! რვა თვეში მოგეზარდა ეგ მშვენიერი ბეწვი, თანაც იანვრის მთვარემ გამოგითეთრა. მერე ბირკის ძგვიტები და მაყვლის ეკლები გამოვარიდე. ახლა მატყლის ფარტენა ფაფუკია, ჩემი სხეულივითაა, რომელშიც ბიჭი თვლემს.

 ჩემი პაწიას ფითქინა თეთრეული... ჩვილი ჩემი თვალებით იხედება, უცქერს თეთრეულს და იღიმება, ბედნიერია, წინდაწინვე მოსწონს, ამ საოცარ სისათუთეში რომ ჩაღუღუნდება.

 

 

დედამიწის ნამდვილი ხატი

 

ადრე არასდროს მიხილავს დედამიწის ნამდვილი ხატი. არადა, დედამიწა ჰგვანებია ქალს ხელში ატატებული ჩვილით. მასაც თავის ვეება მკლავებში ჰყავს ჩახუტებული თავისი ქმნილებები.

 თანდათან ვიწყებ სამყაროს დედობრივი არსის შეცნობას. აგერ, მთა რომ გადმომყურებს, – დედაა. შეღამებისას ნისლი ბალღივით დასთამაშებს მის მხრებს და კალთებს.

ერთი პატარა ღელე მაგონდება, ჟღურტულით მიედინება ღრმა კალაპოტში. ღრანტეებიანი ნაპირები ჯაგებითაა დაფარული და წყალი არც კი ჩანს. მეც ასე ვარ. ვგრძნობ ჩემს სიღრმეში მორაკრაკე ნაკადულს და, ვიდრე სინათლეზე გამოაღწევდეს, იმ კლდოვანი ნაპირებივით ვიფარავ სხეულით.

 

 

ჩემს ქმარს

 

ნუ მომეხვევი, ჩემო. შენგან გაიფურჩქნა ის ჩემს სიღრმეში, როგორც შროშანი – წყალში. მაცალე, ვიყო მდორე წყალივით.

 მინდა გიყვარდე. მინდა გიყვარდე ახლა ცოტა უფრო მეტად. მე, ასე მფრთხალი, მეგზურს მოგივლენ ცხოვრების გზებზე; მე, ასე ღარიბი, გაჩუქებ სხვა თვალებს, სხვა ტუჩებს, სამყაროთი რომ უფრო გაიხარო; მე, ასე ნაზი და სათუთი, სიყვარულის ამფორასავით გავიბზარები, გადავიხსნები და მაცოცხლებელი ღვინო გადმოედინება ჩემგან.

 მომიტევე, ნაბიჯი რომ დამიმძიმდა, მაპატიე, უცებ რომ ვერ მოგაწოდე სასმისი. შენგან ვარ ასეთი მოუქნელი, შენ გამო ვარ ასე გაზანტებული.

 ადრინდელზე უფრო სათუთად მომეპყარი. სისხლს ნუ ამიფორიაქებ, სუნთქვას ნუ გამიხშირებ.

ახლა მე ერთი უნაზესი საბურველი ვარ. საბურველია მთელი ჩემი სხეული. მთვლემარე ჩვილია ამ საბურველში გახვეული.

 

 

დედა

 

 დედაჩემმა მომინახულა. გვერდით მომიჯდა. სიცოცხლეში პირველად ვიყავით დები და ვისაუბრეთ დიდ განსაცდელზე.

 მუცელზე მომითათუნა ათრთოლებული ხელი და ფრთხილად გამიღეღა მკერდი. მის შეხებაზე თითქოს

გაკვირტულ ხესავით გადავიფურჩქნე და ჩემი არსების სიღრმიდან დაიძრა მაცოცხლებელი სითხე.

 შეცბუნებულმა და სახეალეწილმა ვახსენე ტკივილი და შიში ჩემი სხეულისა. მკერდზე მივეხუტე დედას, პატარა გოგონად ვიქეცი და სიცოცხლით შეშინებული ავქვითინდი მის მკლავებში.

 

 

მითხარი, დედა!

 

დედა, მითხარი ყველაფერი მაშინდელ ტკივილზე. როგორ იბადება ბავშვი, დღის სინათლეზე როგორ გამოაღწევს ჩემთან ჭიპით მობმული მისი პატარა სხეული.

 მითხარი, თავისით მონახავს ძუძუს, თუ მე უნდა მივაწოდო და წავაქეზო.

 დედა, მომეცი შენი ნიჭი სიყვარულისა. მასწავლე სხვაგვარი მოფერება, ნაზი ალერსი, ქმრის ალერსზე უნაზესი.

 როგორ დავბანო პაწია თავი? ჩვრებში როგორ გავახვიო, რომ არაფერი დავუშავო?

 დედა, მასწავლე ის იავნანა, მე რომ მარწევდი და დამღიღინებდი. სხვა სიმღერებზე უფრო მშვიდად ის დააძინებს.

 

 

გამთენიისას

 

 მთელი ღამე წამებაში გავატარე, მთელ ღამეს ძაგძაგებდა და ბორგავდა ჩემი სხეული ჩემთვის საჩუქრის მოსართმევად. საფეთქლებზე ცივ ოფლს მასხამს, სიკვდილის პირას ვარ. მაგრამ სადაა სიკვდილი?! ეს სიცოცხლეა!

 შენ მოგიხმობ, უფალო, მარადიულო ლმობიერებავ, სათუთად მომწყვიტე იგი!

დაიბადე, ჩემო პაწიავ, რომ გამთენიისას გაისმას ჩემი შეკივლება და ჩიტების გალობას შეერიოს!

 

 

 

წმიდათაწმიდა კანონი

 

 მითხრეს, სიცოცხლის ნიშანწყალი აღარ გეტყობოდაო. თურმე ჩემი ძარღვებიდან, როგორც საწნახლიდან მოედინებოდა სისხლი. მე კი მკერდში მხოლოდ შვებას ვგრძნობ, თითქოს ამოვისუნთქე.

 – ვინა ვარ? – ჩემს თავს ვეკითხები, – მაინც ვინა ვარ, რომ მუხლებზე მყავს დაგორებული ჩემი ბიჭუნა?!

 პასუხიც თვითონვე ვიცი:

– ქალი ვარ, ქალი. მიყვარდა და სიყვარულმა ალერსთან ერთად მარადიულობას მაზიარა.

 შვილი მყავს. და შემომხედოს დედამიწამ, მაკურთხოს, რადგან წმინდა ვარ და ნაყოფიერი, როგორც ეს პალმები, როგორც ეს გადახნული მიწა.

 

 

 

ყველაზე სევდიანი დედის პოემები

 

გამოგდებული

 

 მამაჩემმა თქვა, გავაგდებო. დედაჩემს გასძახა ღრიალ-ღრიალით, – ამაღამვე გავაგდებო სახლიდან.

ღამით სუსხი იცის. ვარსკვლავების შუქზე გავიკვლევ გზას მახლობელ სოფლამდე. მაგრამ სწორედ გზაში რომ მოუწიოს დაბადება? ჩემმა ქვითინმა რომ უხმოს? ეგებ სწორედ ჩემი ცრემლიანი სახის დანახვა ინდომოს? კი ჩავფუთნი, მაგრამ ამ სიცივეში მაინც აცახცახდება ჩემი პაწია.

 

 

 

რისთვის მოხვედი?

 

 რისთვის მოხვედი? არავის ეყვარები, თუმცა მშვენიერი ხარ, ჩემო ბიჭუნავ. სახეზე ღიმილი დაგთამაშებს როგორც ყველა ჩვილს. ჩემი უმცროსი ძამია რომ დაიბადა, ასე იღიმოდა. ჩემს მეტი არავინ ჩაგიკრავს გულში. პაწია თითებით სათამაშოს ეძებ, მაგრამ ჩემი მკერდისა და ჩემი ცრემლის მეტი სხვა სათამაშო შენ არ გექნება, ჩემო ბიჭო.

 რისთვის მოხვედი? ვინც გამოგიწვია, ხომ მანვე შეგიჯავრა, როგორც კი გიგრძნო ჩემს წიაღში?!

 მაგრამ არა, შენ ჩემთვის მოხვედი, ჩემთვის. მე ხომ მარტო ვიყავი მაშინაც კი, როცა იმას ვყავდი ჩახუტებული.

 

 

 

აკვნის სიმღერები

 

ჩემზე მონდობილი

 

 ჩემო თვალისჩინო, ჩემს წიაღში მოგამწიფე, ჩემო მცივანა კრავო, იძინე ჩემზე მონდობილმა!

    მწყერი გატრუნულა ბალახებში, ჩემს გულის ძგერას აყურადებს. ნუ გაკრთობს ჩემი სუნთქვა, იძინე ჩემზე მონდობილმა!

 მთრთოლარე ბალახო, სიცოცხლით დამფრთხალო, ნუ მოსწყდები ჩემს მკერდს, იძინე ჩემზე მონდობილმა!

მე ხომ უდრტვინველად დავკარგე ყველაფერი ახლა კი ძილის წინ რა კანკალმა ამიტანა? ხელიდან ნუ მისხლტები, იძინე ჩემზე მონდობილმა!

 

 

 

აღარ ვარ მარტო

 

 მთებიდან ზღვის კიდემდე უკუნეთი ჩამოწვა. მიუსაფარი ღამეა. მე კი შენ გარწევ და აღარ ვარ მარტო.

 ქვეყანაც მიუსაფარია. ნაღვლიანია ყველა სულდგმული. გულში გიკრავ და აღარ ვარ მარტო.

 

 

რწევა-რწევაში

 

 ზღვა ზვიადად არწევს თავის ბროლნამსხვრევ ზვირთებს. ყურს ვუპყრობ ბობოქარ ზღვებს და ვარწევ ჩემს პატარას.

 ქარი დათარეშობს ღამეში, აფორიაქებს ჯეჯილს. ყურს ვუპყრობ აშარ ქარებს და ვარწევ ჩემს პატარას.

უფალი ღმერთი ფერით უთვალავ სამყაროს უჩუმრად არწევს. უკუნეთ ბნელში უფლის ხელს ვგრძნობ და ვარწევ ჩემს პატარას.

 

 

ღამე

 

 რატომ გძინავს, ჩემო ბიჭო, ცის დასავალი აღარ იწვის, აღარ ბრიალებს. ცვარი ბზინავს მხოლოდ. ჩემს გაცრეცილ სახეზე უფრო ფერმკრთალია ცვარი.

 რატომ გძინავს, ჩემო ბიჭო? გზაზე სიჩუმეა. მხოლოდ მდინარის დუდუნი ისმის. ირგვლივ არავინაა. ჩემი თავის ანაბარა ვარ.

 ნისლი ჩამოწვა ველზე. ლაჟვარდისფერმა ხვართქლებმა დაკეცეს ფურცლები, დაიხუჭნენ. სიჩუმემ თითქოს ხელი წააფარა სამყაროს.

პატარას რომ ვარწევ, დედამიწასაც ეძინება ჩემს ნანინაზე...

 

 

 

მე გყავარ

 

 იძინე, ჩემო პატარავ, ოღონდ ძილში გაიღიმე. ვარსკვლავები გაჩაღებულან, ფერხული გაუმართავთ და შენ გარწევენ.

 გაიხარე ნათლით და იყავ ბედნიერი. ყოველგვარი სიკეთე შენთანაა, რაკი მე გყავარ.

იძინე, ჩემო პატარავ, ოღონდ ძილში გაიღიმე. ეს... საყვარელი დედამიწაა, შენ რომ გარწევს.

შეხედე ავარვარებულ წითელ ვარდს, შეეთვისე ქვეყნიერებას, მეც შემეთვისე.

იძინე, ჩემო პატარავ, ოღონდ ძილში გაიღიმე, შენ ხომ ღმერთი გარწევს, თავად კი ჩრდილს ეფარება.

 

 

აღტაცება

 

ეს ბავშვი ნამდვილი ბედნიერებაა, ნაზი სიოს მსგავსია. ზოგჯერ ვერც კი ვგრძნობ, რომ ძილშიაც ვაწოვებ ძუძუს.

 ამ მდინარეზე, ამ ბორცვზე უფრო ლამაზია ჩემი ბიჭი, თვით სამყაროზე უფრო მშვენიერია.

 ცაზე და მიწაზე უფრო მდიდარია ჩემი პატარა,

 ყარყუმზე უფრო ძვირფასია ჩემი მკერდი. ჩემს სიმღერაში ხავერდია.

 ჩემი ბიჭის პაწია სხეული ქრთილის მარცვალივითაა, ოცნებაზე მსუბუქია. ჩემო ბიჭო, არსად გამიქრე, იყავი ჩემთან.

 

 

 

სევდიანი დედა

 

იძინე, იძინე, ჩემო ბატონო. იძინე მშვიდად, უდრტვინველად. იძინე, რადგან ფხიზლობს ჩემი სული, რადგან არ ვისვენებ მე.

 იძინე, ჩემო, იძინე, იყავ ამ ღამეში ჩუმად, ბალახის ჩქამზე და აბრეშუმის შრიალზე უფრო ჩუმად.

 შენს ძილში იძინებს ჩემი სხეული, ჩემი დარდი და ჩემი შფოთი, შენს ძილში იხუჭება ჩემი თვალები, შენს ძილში სძინავს ჩემს გულს.

 

 

 

სინაზე

 

 შენ რომ გიმღერი, ამქვეყნად იკლებს ბოროტება, მტრობა და შუღლი. შენი საფეთქლებივით, შენი ქუთუთოებივით სათუთი ხდება ყოველივე.

 შენ რომ გიმღერი, ქრება სისასტიკე, ყუჩდება და იტრუნება ნადირი: ლომი თუ ტურა.

 

 

ნაღვლიანი ნანინა

 

მოდი, ვითამაშოთ, ჩემო ბიჭო, მეფედედოფლობანა ვითამაშოთ.

ეს მწვანე მინდორი შენია. აბა, ვისი უნდა იყოს? ამდენი იონჯა შენთვის თრთის და ღაღანებს.

 ეს ჭალა მთლიანად შენია. აბა, ვისი უნდა იყოს? მოვიწიოთ მოსავალი. ვაშლის ბაღებმა თაფლი ჩაიყენეს.

 ეჰ, არ გჯერა და მიტომ ჭირვეულობ უზნეო ბავშვივით. რა იყო, ხომ არ გგონია, რომ დედაშენს ძუძუ უშრება დარდისაგან?

 ბატკნები წამოიზარდნენ, მატყლი დასართავია. შენია ეს ფარა. აბა, ვისი უნდა იყოს?!

 ეს რძე, ცურებიდან რომ იღვრება, ეს თავთუხის ხელეულები შენია. აბა, ვისი უნდა იყოს?

 ეჰ, არ გჯერა და მიტომ ჭირვეულობ უზნეო ბავშვივით. რა იყო, ხომ არ გგონია, რომ დედაშენს ძუძუ უშრება დარდისაგან?

 ჰო, ვითამაშოთ, ჩემო ბიჭო, მეფედედოფლობანა ვითამაშოთ!

 

 

შიში

 

 არ მინდა, ჩემი პატარა გოგო მერცხლად გადაიქცეს, ცაში აიჭრას და გვერდში აღარ მყავდეს აგერ, აქ, ამ ჩემს ჭილოფზე; არ მინდა, ბუდე გაიკეთოს აივნის კუთხეში, მაღლა, ხელი რომ ვერ მივაწვდინო მოსაფერებლად. არ მინდა, მერცხლად გადაიქცეს ჩემი პატარა გოგო.

 არ მინდა, ჩემი პატარა გოგო უფლისწულს მისთხოვდეს. ოქროს ქოშებით ხომ ვერ ითამაშებს მდელოზე?! ღამით გვერდში არ მოვიწვინო? არ მინდა, ჩემი პატარა გოგო უფლისწულს მისთხოვდეს.

ძალიან, ძალიან არ მინდა, ერთ მშვენიერ დღეს დედოფლობა დაუპირონ, დასვან ტახტზე, სადაც მე არ მიმესვლება და, რომ დაღამდება, ვერ ვუნანავო. არ მინდა, ჩემს პატარა გოგოს დედოფლობა დაუპირონ.

 

 

 

კრავი

 

 ჩემო კრავო, ჩემო უნაზესო და უჩუმარო! ჩემი მკერდი ლორთქო ბალახია, ჩემი მკერდი თავშესაფარი მღვიმეა შენთვის.

თეთრია შენი სხეული, მთვარის მკრთალი ნათელივით თეთრი! ყველაფერი მივივიწყე, რათა შენს აკვნად გადავქცეულიყავი.

 მთელი სამყარო გულიდან გადამქარდა, ვგრძნობ მხოლოდ ჩემს სავსე მკერდს, რომელიც შენ გასაზრდოებს.

 შენით გახარებამ, ჩემო ბიჭო, დამიჩრდილა ყველა სიხარული. მხოლოდ ისღა მახსოვს, რომ შენ გჭირდები.

 

 

 

ცვარ-ნამი

 

 ცვარ-ნამით გადავსებული ვარდი – ეს ხომ ჩემი მკერდია ჩემ ბიჭიანად.

 ჩამოცვენილ ფოთლებს ვაგროვებ, ქვეშ რომ დავუგო. ნიავს ვარიდებ ჩემს ბიჭუნას, მეშინია, სიომ არ შეაკრთოს, ძუძუს არ მოაცდინოს.

 უკიდეგანო ციდან ღამე ჩამოწვა. სიყვარულმა შემატოვა ჩემი ბიჭის ნელი ფშვინვა.

 ბედნიერებამ შემატოვა სიჩუმე... სიჩუმე და ვარდთა შორის ყველაზე სასწაულებრივი ვარდი.

 ცვარ-ნამით გადავსებული ვარდი – ეს ხომ ჩემი მკერდია ჩემ ბიჭიანად.

 

 

 

პოვნა

 

მინდორში წავაწყდი ამ პატარას, მშვიდად ეძინა ბალახებში.

 ვენახიდან ვბრუნდებოდი, ზვრები გადმოვიარე შემორჩენილი მტევნების მოსამცვრევად. ვაზის ულვაში მოვუცაცუნე ფაფუკ ლოყაზე პატარას.

 მეშინია, მძინარე როგორ მივატოვო, ცვარი რომ შეაშრება ვაზს, ასე არ გაქრეს, არაფერი შეემთხვას...

 

 

 

 

ჩემი სიმღერა

 

 მიუსაფარი ბავშვებისთვის სიბრალულით რომ ვმღეროდი, ის სიმღერა მიმღერე!

 საცოდავ ბავშვებს რომ ვუნანავებდი მათზე დარდით გულგასენილი, ის სიმღერა მიმღერე!

კაშკაშა შუქმა თვალი მომჭრა, ხმაურმა გამაყრუა. პატარას რომ ვარწევდი, ის სიმღერა მიმღერე!

 სიყვარულით რომ ვამწიფებდი ჩემს წიაღში, ნაზად, სათუთად რომ ვქსოვდი მის სხეულს, რა ვიცოდი, რომ ეს ბავშვი კი არა, ჩემივე სული იყო.

 

 

 

ბავშვის თმა

 

 რბილი თმა, მთელი სამყაროს სისათუთის მომცველი თმა. ეს თმები რომ არ მქონოდა კალთაში, სხვა რა მომანიჭებდა ასეთ სიხარულს?! ამ სინაზეში რა ტკბილად ჩათავდა დღევანდელი დღე. ნეტარება ვიგრძენი, თუმცა სულ მცირე ხანს ვუფათურებდი ხელებს ბავშვის თმას.

 ლოყაზე მიმახუტებინეთ, ყვავილის ღეროებივით მუხლებზე შემომახვევინეთ ბავშვის თმა. დამაწნევინეთ, რომ დარდი გავინელო. ბნელი გამაფანტინეთ ამ თმების გამონაშუქით, ეგებ არ ჩაკვდეს ნათელი.

 უფალი რომ მიიბარებს ჩემს სულს, ფრთებს კი არ მიბოძებს, ანგელოზის ფრთებს, ჩემი გულის ფეთქვის გამოსაცოცხლებლად, – უფალი ღმერთი ცის ლაჟვარდში გაშლის ბავშვის თმებს, ნიავი წამოიქროლებს და უფალი სახეზე მომელაციცება ჩემი საყვარელი ბავშვის თმებით.

 

 

 

დედის გახსენება

 

 დედა, შენი წიაღის მდუმარებაში გამოისახა ჩემი თვალები, ჩემი ტუჩები, ჩემი მკლავები... მაცოცხლებელი შენი სისხლით მასაზრდოებდი, წყალი რომ კვებავს მიწაში ჩაპნეული ყვავილის თესლს, სწორედ ისე. შენგან მომდგამს, შენი, შენგანი და შენმიერია ჩემი შეგრძნებები. შენი სხეულის ნაწილია ჩაწნული ჩემს არსებაში. და ასე ვცხოვრობ ამქვეყნად. შენ დაილოცე. მადლობა სამყაროს ელვარე ფერებისთვის, რომელთაც შეეთვისა ჩემი სული.

 დედა, შენს კალთაში ვიზრდებოდი, როგორც ნაყოფი – დახუნძლულ რტოზე. შენს მუხლებს აქამდე შემორჩა ჩემი სხეულის ანაბეჭდი, მომდევნო შვილმაც ვერ გადაფარა. მიხუტებდი და მარწევდი. ბაღის ბილიკებს ასკინკილათი რომ გავუყვებოდი, შენი კალთა როცა ვერ გრძნობდა ჩემი ტანის სიმძიმეს, მომინატრებდი და მელოდი სახლის ზღურბლთან. მე ვიცოდი ეს.

 ამქვეყნად არ არსებობს მსოფლიოს უპირველესი მუსიკოსის ჰანგზე უფრო ტკბილი ჰანგი. ეს შენი ნანაა, დედა, და ჩემი სულის ყველაზე მთრთოლარე კვირტი მაშინ გამოინასკვა, შენ რომ ნაზად მინანავებდი.

 მარწევდი და თან სულ ღიღინებდი: ხან ჩუმად, ხან ხმაგაგონებით. ეს ხან ლექსი იყო, ხან სახუმარო და საალერსო სიტყვები, ასე მღერა-მღერაში ახსენებდი, იმ სამყაროს საგნებსა და მოვლენებს, რომელსაც უნდა შევთვისებოდი: გორაკებს, ადამიანებს, ხეებს, ხილს, ქინქლას, მინდვრად მოფანცქალე პეპელას. გინდოდა, შენს გოგოს შინაურულად ეგრძნო თავი ამ გარემოში; ცდილობდი, მისთვის გაგეცნო დედამიწის ყველა სულდგმული – მომავალი დიდი ოჯახის წევრები.

 ასე ნელ-ნელა შეგყავდი შენს მშვენიერ და სასტიკ სამყაროში. არ არის ამქვეყნად ისეთი სიტყვა, შენ რომ არ გეთქვა ჩემთვის.

 მერე სხვები იმეორებდნენ იმ მშვენიერ სიტყვებს,  აცოცხლებდნენ იმ წარმოდგენებს, იმ აზრებს, რომლებიც შენგან უკვე მქონდა ნაჩუქარი და სულში შემოჭრილი.

 დედა, შენ შემიძეხი ისეთი უბრალო საგნებისა და მოვლენების საუფლოში, რომლებიც ტკივილს არ მომაყენებდნენ. ეს იყო სამკურნალო ბალახები, ბაღჩა, სახლის წინკართან სუროს ფოთლები. სათუთად ვეხებოდი მათ და ცოცხალ მეგობრებს ვიძენდი.

 ზოგჯერ სათამაშოსაც მიყიდდი ხოლმე, უფრო კი თვითონ მიკეთებდი ჩემსავით დიდთვალება დედოფალას, ანდა – პატარა სახლს, ჩემი ცელქობის წყალობით იოლად რომ ინგრეოდა და იფუშებოდა. შენ, რა თქმა უნდა, გახსოვს, რომ არ მომწონდა სათამაშოები, სული არ ედგათ და იმიტომ. ყველაფერს მერჩივნა შენი ხელები, მათი შეხება.

 გულჩათხრობილი და უკარება ბავშვი ვიყავი, ფარვანას ვგავდი, დღისით რომ ვერ მოჰკრავ თვალს; კიდევ – ხვლიკს, განაპირებით რომ იცის მზეს მიფიცხება. შეფიქრიანებული იყავი, შენი გოგო რომ არ თამაშობდა, რომ არ გაერეოდა ბავშვებში და არ დაკუნტრუშებდა. “ავად თუა”, – იტყოდი ხოლმე, მარტოს რომ მნახავდი დაბრეცილ ვაზთან ან ასხლეტილი მალხაზი ბიჭივით ტანაყრილ ნუშის ხესთან მოლაპარაკეს. ახლა შენი ქალიშვილი ხშირად გესაუბრება, მაგრამ შენგან პასუხს ვერ იღებს. მისი დანახვა რომ შეგეძლოს, ადრინდულად შუბლზე მიადებდი ხელს და ეტყოდი: “სიცხე გაქვს, ჩემო გოგო...”

 ისე უბრალოდ შევიგრძნობ მშვენიერებას, თითქოს წყალს ვსვამდე. შენ მომმადლე ეს ნიჭი. შენგანვე მაქვს დარდის უნარიც. გულის სიღრმეში სათუთად ვინახავ ამ ფაქიზ განცდებს და კვლავაც შევინახავ.

 მინდა მჯეროდეს, რომ გესმის ჩემი და თვალებს ვხუჭავ, დღის სინათლეს ვარიდებ მზერას. შენ ხომ წყვდიადში ხარ ახლა. ყველაფერი რომ უკეთ გამოვხატო, დუმილს ვარჩევ, რადგან სიტყვა უძლურია, გრძნობას ვერ იტევს.

 

 

 

 ნეტარების პოემები

 

ავტირდი

 

შენ მითხარი, მიყვარხარო, და ავტირდი. შენ მითხარი, ხელში აგიტაცებ და მთელ ქვეყნიერებას შემოგატარებო.

 თავს დამატეხე უეცარი ბედნიერება. ავადმყოფს რომ ყლუპ-ყლუპად ასმევენ წყალს, შეგეძლო ჩემთვისაც ასე წვეთ-წვეთად გამოგეზოგა ნეტარება. შენ კი კლდიდან ჩამოქცეული ჩანჩქერით მომიკალი წყურვილი.

 მიწაზე დავემხობი, ცრემლად დავიღვრები, ჯერ სული ვერ შეთვისებია ამ ბედნიერებას. შენი ნათქვამი ისმინა ყურმა, გონებამ, გულმა, მაგრამ ჩემმა სულმა ვერ შეისმინა, ვერ შეეგუა.

 ეს ღვთაებრივი დღეც დაღამდება. ათრთოლებული გავწევ შინისკენ. გზისპირა ხეებს მივეყრდნობი, ხიდან ხემდე მივცახცახდები. ნუთუ ეს ის გზაა, ამ დილას რომ გამოვიარე?! გაოგნებული ავხედავ ზეცას, გავხედავ ველებს, გლეხის კარ-მიდამოს და ეზო-ყურეს. ნეტა, რა ჰქვია ამ ველს, ამ სოფელს? მთელი ჩემი ცხოვრება გადამავიწყდა.

 დილას, როგორც კი თვალს გავახელ, ვინმეს შევეხვეწები, დამიძახონ, გამაგონონ ჩემი სახელი, ეგებ ვირწმუნო, რომ ეს ცხადშია. და ისევ ავტირდები.

 თავს დამატეხე უეცარი ბედნიერება.

 

 

 

უფალი ღმერთი

 

ახლა კი ღმერთზე ვისაუბროთ. ყველაფერს გავიგებ.

ღმერთი არის სიმშვიდე შენი გამოხედვისა, როცა ჩვენი მზერა ერთმანეთს შეხვდება. ღმერთი არის უხმაუროდ, უსიტყვოდ ერთმანეთის გაგება, ჩვენი

 მგზნებარე და წმინდა, ენით გამოუთქმელი ნდობა.

 უფალს ჩვენსავით უყვარს განთიადი, შუადღე, შეღამება. იგი ეცხადება ქალ-ვაჟს, როცა სიყვარული იბადება. ერთადერთი საგალობელი, რომელიც ღმერთს შეშვენის, – ეს სიყვარულია. გალობაა შეყვარებულთა ჩასუნთქვაც, ამოსუნთქვაც, ქვითინიც... კვლავ ჩასუნთქვა...

 ღმერთი არის სრულქმნილება გაფურჩქნილი ვარდისა, რომელსაც ჯერ ერთი ფურცელიც არ დაჰკლებია.

 ღმერთი არის დადასტურება იმისა, რომ სიკვდილი ტყუილია, რომ სიკვდილი არ არსებობს.

ჰო, ახლა ნამდვილად ვგრძნობ ღმერთს.

 

 

1 2 3 4 5 6 7
გვერდის მისამართი : ბიბლიოთეკა / პროზა / მისტრალი გაბრიელა / პოემები პროზად