სამყარო

 

 – არა, ეგენი შეყვარებულები არ არიან, არ დაეძებენ, არ ეალერსებიან ერთმანეთს, დღემდე უბიწოდ არიან. – ასე ამბობენ ჩვენზე. რა იციან, რომ ჩვენ, საკმარისია, ერთმანეთს შევხედოთ და... ერთნი ვხდებით.

შენ შრომობ ჩემგან მოშორებით. მე არ ვარ ჩაცუცქული შენს ფერხთით. და მაინც, განმარტოებით რომ ვსაქმიანობ, ვგრძნობ, ჩემი სიყვარული, ჩემი ფიქრები დაძახული მატყლის ნართივით მოემართება შენკენ და ბადეში გახვევს. და შენ იქ, შორს, ზიხარ საქმეში თავჩარგული, გრძნობ ჩემს მზერას და სინაზით გელევა გული.

 ეს დღეც დაღამდება და ჩვენ ერთი წამით შევხვდებით ერთმანეთს. ტკბილი ტკივილი სიყვარულისა მომავალ შეხვედრამდე გაგვყვება და გაგვაძლებინებს.

რა იციან მათ, ვისთვისაც უცხოა სულთა ერთობის ნეტარება, – თუმც გვერდიგვერდ წვანან და ტკბობას ეძლევიან, – რა იციან მათ, რომ ჩვენ, საკმარისია, ერთმანეთს შევხედოთ და... ცოლ-ქმარი ვართ.

 

 

 

შენზე მეუბნებიან

 

 ბევრ სიავეს მეუბნებიან შენზე, ჩირქს გცხებენ. ნეტა, ადამიანები რად არ იღლებიან უაზრო ავსიტყვაობით? თვალს ვხუჭავ, გულით გიმზერ და სუფთა ხარ, როგორც სარკმელზე ღამენათევი ჭირხლი გამთენიისას.

 ბევრ საქებარს მეუბნებიან შენზე, გადიდებენ. ნეტა ადამიანები რად არ იღლებიან სიტყვამრავლობით? ვდუმდები და ჩემი გულის სიღრმიდან წამოიმართება შენი უჩუმარი სადიდებელი, ზღვაზე გაწოლილი ნისლივით შუქჩამდგარი.

 სხვა დროს შენ აღარ გახსენებენ, სხვათა მგზნებარე ქებას ამბობენ. უფერული, ჩემთვის არაფრისმთქმელი სახელების კორიანტელში მახვევენ და შენი სახელი, თუმც მას აღარ ახსენებენ, ფეთქავს გაზაფხულივით, რომელსაც ქების საგალობელი რომც არავინ უძღვნას, მაინც მოდის წელიწადის მთრთოლარე დროს და ქარგავს მინდორ-ველს.

 

 

 

შენს მოლოდინში

 

 ყანაში გელოდები. მზე ჩადის. ველზე ეშვება მწუხრი და, როგორც კი დაღამდება, ჩვეულებისამებრ, გამოემართები ჩემს შესახვედრად. იჩქარე, მინდა ვიხილო შენი სახე შებინდებისას!

    რა ნელა მიახლოვდები! თითქოს ფეხი გეფლობოდეს აყალო მიწაში. თუ შეფერხდები, შიშით შემიჩერდება გულის ძგერა, გავფითრდები და გავშეშდები.

სიმღერით მომაშურე ველზე ჩამორაკრაკებულ მთის წყაროსავით. მოყურადებული ვარ.

იჩქარე! დღე ღამდება. დღეს სული ელევა, ისე უნდა ერთმანეთს მიხუტებულ ჩვენს სახეებზე ჩამოღამება.

 

 

 

დამმალე

 

 დამმალე, რომ ვერავინ მომაგნოს. დამმალე ისე, ხე რომ მალავს თავის ქერქში სურნელოვან აშიფს. მინდა, საღამო ჟამს აშიფის წვეთივით მეც სურნელებით გაგაბრუო და ამ სურნელმა სილბო შეგმატოს. შენ და ჩემ გარდა არავის ეცოდინება, საიდან მოვიდა ეს სინაზე.

 უშენოდ უმაქნისი ვარ, ადგილს ვერ ვპოულობ, თითქოს ამოძირკვული მცენარე ვიყო, შიშველი ფესვებით მიწაზე დაგდებული.

რატომ არა ვარ ნაჭუჭში ჩამალული ნუშის გულივით პატარა?!

 მომეცი ერთი წვეთი შენი სისხლისა და შენს ღაწვს შევრჩები, ვით ვაზის ფოთოლს – ცვრის კამკამა წვეთი. კვლავ მაგრძნობინე შენი სუნთქვა, მკერდზე მოგეყრდნობი და, თითქოს ბადეში გავბმულიყავი, ისე დავივანებ შენს გულში. მერე ჰაერში ამოვფრთხიალდები, კვლავ შენს გულში შემოვფრინდები და ამ თამაშში გავლევ სიცოცხლეს.

 

 

 

ოთხფურცელა ყვავილი

 

 ერთ დროს ჩემი სული იყო აშოლტილი ხე, რომელზეც წითლად ღუოდა უამრავი ნაყოფი. მაშინ ჩემთვის თვალის ერთი შევლებაც კი სისავსის განცდას აღძრავდა. რტოებში შეხიზნული ჩიტუნების გალობა ხომ ნეტარება იყო!

 მერე ჩირგვად ვიქეცი. ჩირგვს სულ რამდენიმე დაღრეკილი ტოტი ჰქონდა, მაგრამ მაინც უხვად დასდიოდა სურნელოვანი აშიფი.

 ახლა ერთადერთი ყვავილი შემრჩა, ერთი პაწაწინა ოთხყურა ყვავილი. მის ერთ ფურცელს მშვენიერება ჰქვია, მეორეს – სიყვარული. ორივე გვერდიგვერდაა.

  მესამეს მწუხარება ჰქვია, მეოთხეს – თანაგრძნობა. თითო-თითოდ იფურჩქნებიან ყვავილის ფურცლები და მეტი ფურცელი მას აღარ ექნება.

 ყვავილის ოთხივე ფურცელს ძირში სისხლის თითო წვეთი ატყვია. ასეა, რადგან მშვენიერებამ მწუხარება მომგვარა, სიყვარულმა ტანჯვა მომიტანა, თანაგრძნობა კი ტანჯვისგან იშვა.

შენ მოხვედი, როცა ტანაყრილი რტომრავალი ხე ვიყავი. ახლა კი ჩემს საძებრად ასე გვიან, შეღამებულზე გამოსული ისე ჩამივლი, ვეღარც კი მიცნობ. მალულად შემოგხედავ, სახეზე შეგატყობ, შეძლებ თუ არა მოიხიბლო უბრალო ყვავილით, ცრემლივით უცაბედით. შენს თვალებში ამპარტავნებას თუ დავინახავ, დაგაცლი სხვებთან წასვლას, სხვა ხეებთან, ნაყოფით დახუნძლულ ტანმაღალ ხეებთან.

 ამ მიწაში ჩემ გვერდით ვიგუებ მხოლოდ მას, ვინც იქნება თავმდაბალი, შეელევა წამიერ ბრწყინვალებას, დათმობს ამქვეყნიურ ამაოებას, რათა ჩემს მიწაზე დადოს თავი და ტუჩებით დამეკონოს.

 

 

შებინდებისას

 

 შებინდებისას მინდორში გამოდი და ბალახებში ჩამიტოვე შენი ნაკვალევი, რომ შენს ნაფეხურებს გამოვყვე. დაადექი გათელილ ბილიკს, მიჰყევი ჩარიგებულ ალვებამდე. ოქროსფრად გაჩაღებული ალვებიდან გაემართე იისფერი სერებისკენ. ბუნებას შეეზავე, ხელი შეახე ხეებს, რათა შენი ალერსი დამიბრუნონ, როცა ჩავუვლი და ხელს მოვუფათურებ. გზადაგზა ნაკადულებში ჩაიხედე, მოლივლივე წყლები დამახვედრებენ შენი სახის ანარეკლს. ესღა დამრჩენია. ვეღარ გიხილავ დედამიწაზე.

 

   2

 

სიკვდილი თუ მოვა

 

თუ დაიჭრები, არ შეგეშინდეს, დამიძახე, მიხმე. სულერთია, სად იქნები, თუნდაც ეს არ იყოს სახელოვანი სიკვდილი, მე შენთან გავჩნდები. ეკალბარდებით რომც იყოს დაფარული გზა შენამდე, მე მაინც მოვალ.

 არ მინდა, ჩემ გარდა ვინმემ, თვით უფალმაც კი, ოფლი მოგწმინდოს საფეთქლებზე, სასთუმალი გაგისწოროს.

 როცა მიიძინებ, წვიმისა და თოვლისაგან დაგიცავ, ჩემი სხეულით გადავემხობი შენს სამარეს. ხელს დაგაფარებ თვალებზე, რომ არ იხილო დიდი სიბნელე.

 

 

 

ხელოვნება

 

მშვენიერება

 

სიმღერა არის ღია ჭრილობა სიყვარულისა. სიყვარულს კი ბევრი რამ გვიმხელს.

 უბირო კაცო, შენ სისხლს გიჩქროლებს მხოლოდ ქალის სხეული, ხორციელი სურვილი. ჩვენ კი სულს შეგვიძრავს მთელი სამყაროს მშვენიერება. ვარსკვლავებით გაჩირაღდნებულ ზეცაში ისევეა სიყვარული ჩაღვრილი, როგორც ხორციელ ვნებაში.

 სამყაროს მშვენიერებას ჩვენ სიმღერით შევეპასუხებით ხოლმე. სიმღერა ისე აგვანთებს და აგვათრთოლებს, როგორც შენ თრთი ხოლმე, ქალის მოშიშვლებულ უბეს რომ შეავლებ თვალს.

უბირო კაცო, მშვენიერების სინატიფემ სული გაგვიფაქიზა, სისხლშიც გაგვიჯდა და ჩვენი ცხოვრების გზაზე მშვენიერებასთან უამრავი შეხმიანებით შენზე უფრო გულანთებულნიც ვართ და უფრო ნაცემ-ნაგვემნიც.

 

 

 

სიმღერა

 

ქალი მიდის და მიიმღერის მინდვრად. ბინდდება. უკვე აღარ ჩანს ქალი, მაგრამ სიმღერა არემარეს ეფინება.

 გალიცლიცებული თუნგი მიაქვს ღელისპირას. გულიც სავსე აქვს ამ თუნგივით, რომელსაც დროდადრო რიყის ქვებზე მიაჩხაკუნებს. სიმღერა ძალას იკრებს. შეგუბებული დარდი სიმღერას კილოს უცვლის, ანაღვლიანებს, სინაზესა და თან ძალას მატებს. ხმის მიმოხრაში თითქოს სისხლი წვეთ-წვეთად ჟონავს.

შეღამებასთან ერთად მინდვრად ჩაკვდა ჩვეული ხმები. წამში ჩაჩუმდა ჩიტი, მიწყდა მისი ნაგვიანევი გალობა. ქალის დაუცხრომელი გული კი...

 ტკივილით მფეთქავი, ტანჯვით ცეცხლმოდებული გული, ჩაყუჩებულ ყველა ხმას თითქოს თავს უყრის სიმღერაში, ამჟამად კიდევ უფრო გამძაფრებულში, მაგრამ ადრინდელივით უტკბესსა და უნაზესში.

 ხომ არ უმღერის ქმარს, რომელიც ეგებ უჩუმრად ყურს უპყრობს მას შეღამების ბინდბუნდში. ეგებ შვილს უმღერის, შორიდან ამშვიდებს თავისი სიმღერით? ან ეგებ უმღერის საკუთარ გულს, ღამეში მარტო დარჩენილი ბავშვივით მიუსაფარს?

 ღამდება. სიმღერა ღამეს ეგებება. და არის ღამეში ამ სიმღერისთვის რაღაც დედობრივი. ვარსკვლავები, რომლებიც ეს-ესაა დააჩნდნენ ზეცას, ადამიანურ სინაზეს გვაფრქვევენ. ვარსკვლავებით მოთვალული ცა ადამიანური სითბოთი დაჰყურებს დედამიწას და ესმის მისი სატკივარი.

 სიმღერა წმინდაა, როგორც შუქჩაღვრილი ანკარა წყალი. სიმღერა ველ-მინდორსაც სიწმინდეს მატებს, გაჯახირებულ-გაუკუღმართებულ დღესაც განბანს და ჩამოაცილებს ყველაფერს, რაც კაცთათვის საძრახისია. კვლავ მღერის ქალი. მისი სიმღერით ამოითქმება და ამოიზრდება განწმენდილი დღე და ვარსკვლავებამდე ამაღლდება.

 

 

 

ოცნება

 

 უფალმა მითხრა:

 – ერთადერთი, რაც შენთვის დამრჩა, – ეს არის ლამპარი. ბნელს გაგინათებს. სხვებმა იჩქარეს, ტრფობა და სიამოვნება აირჩიეს. შენ კი ოცნების ლამპარი გერგო. იცხოვრებ მისი ნელი ნათების შუქზე.

 სიყვარულით ანთებული გული არ ჩაგეფერფლოს, სიყვარული არ ჩაგელიოს ხელში ისე, სხვებს ლხინის დროს ხელში რომ ჩაეფშვნებათ ხოლმე სასმისი. გქონდეს სიმშვიდის მომგვრელი ეს ნათელი.

 ბავშვებს თუ ასწავლი, ასწავლე ამ ლამპრის შუქზე და შენს გაკვეთილებს გაუგონარი სინაზე და სიმშვიდე

 დაჰყვება. მატყლს ან სელს თუ დაართავ, მურგს დიდ შარავანდად შემოევლება ლამპრის ნათელი. დაილაპარაკებ და... ამ ლამპრის შუქზე წარმოთქმულ სიტყვებს ბევრად მეტი სილბო ექნება, ვიდრე დღის თვალისმომჭრელ სინათლეში ნათქვამს. ლამპარს შენი გულიდან ამოხეთქილი სისხლი გაანათებს. დროდადრო გული ტკივილით დაგეწურება მიწაზე ჩამობერტყილი დაჭყლეტილი ნაყოფივით, რომელსაც წვენი ან ზეთი დასდის. მაგრამ, რას იზამ, არა უშავს!

შენს მზერას სიმშვიდეს შესძენს ლამპრის მცხრალი ნათელი. ლოთობითა და ვნებათაღელვით მზერაამღვრეული ადამიანები იკითხავენ: “რა ალი აქვს ამ ლამპარს, რომ არც პარპალებს და არც ქრება?”

 არ ეყვარები ბევრს. ბეჩავად მიგიჩნევენ, ბევრს შესაბრალისიც ეგონები. სინამდვილეში კი შენ იქნები მათი შემწე და ქომაგი. მათ გვერდით იცხოვრებ და აბორგებულ გულებს შენი მზერითაც კი დაუოკებ მათ.

 ამ ლამპრის შუქზე წაიკითხავ მგზნებარე ლექსებს, კაცთა მოდგმის მიერ ტანჯვაში გამოტარებულ ლექსებს, და საოცარ სიღრმეს დაინახავ მათში. ვიოლინოს ჰანგს მიაპყრობ ყურს და, სხვა მსმენელთა სახეებსაც თუ შეათვალიერებ, მიხვდები, რომ უფრო იტანჯები, ვიდრე ისინი, და უფრო მეტადაც ხარობ. რწმენით შემთვრალი მღვდელი საუბარს თუ დაგიპირებს, შენს თვალებში იხილავს ღვთის სასოებით მოგვრილ ზეციურ სიმშვიდეს. და გეტყვის: – ღმერთი შენთანაა მარად, მე კი მხოლოდ ნეტარების წამებში ვარ მისით მოცული.

 კაცობრიობის დიდი კატასტროფების დროს, როცა ადამიანები კარგავენ ოქრო-ვერცხლს, მეუღლეს, სატრფოს, – ყველაფერს, რაც მათთვის ლამპარია, – მხოლოდ მაშინ მიხვდებიან, რომ მართლა მდიდარი ხარ შენ, მხოლოდ შენ, რადგან ლამპრის შუქით სახედაწმენდილს, მაგრამ ხელცარიელსა და ჯიბეგაფხეკილს, გიხილავენ შენს ღარიბულ სახლში. და შერცხვებათ, რომ მოწყალებასავით გთავაზობდნენ იმას,რაც ბედნიერება ეგონათ თვითონ.

 

 

ხელოვანის ათი მცნება

 

    1. შეიყვარე მშვენიერება. იგია სამყაროში განფენილი ჩრდილი ღვთისა.

    2. უღმერთოდ არ არსებობს ხელოვნება. ღმერთი რომც არ აღიარო, ის მაინც გწამს, რაკი შენც შემოქმედი ხარ მის მსგავსად.

    3. მშვენიერება არ არის გრძნობებისთვის სატყუარა, იგი საზრდოა სულისათვის.

    4. ავხორცობას ერიდე, ნურც ფუჭ დიდებას დახარბდები. ეცადე, ღვთაებრივი ღვაწლი აღასრულო.

    5. მშვენიერებას ნუ ეძიებ ზეიმსა და ლხინში, შენს ქმნილებებსაც ნუ მიუძღვნი მათ. მშვენიერება უბიწოა და ის, რაც ზეიმი და ლხინია, არ არის მშვენიერება.

    6. მთელი გულით მიენდე შენს სიმღერას და უზენაესის მიერ განიწმინდები.

    7. შენი მშვენიერება კაცთათვის იქნება გულმოწყალებაც, რადგან იგი ნუგეშს მოჰგვრის ადამიანთა გულებს.

    8. შენი პირმშო რომ შეიქმნა, ისე შექმენი შენი ნაწარმოები: საკუთარი სისხლი ჩატოვე შიგ.

    9. მშვენიერებამ ჰაშიშივით კი არ გაგაბრუოს, დიდებულ ღვინოსავით უნდა აგანთოს და აგამოქმედოს. მაშინ არც კაცი იქნები, არც ქალი, – იქნები ხელოვანი.

    10. შენს ყოველ ქმნილებას კრძალვით შეეგებე, რადგან იგი ნაკლებია შენს ოცნებაზე. ოცნება არის ღვთაებრივი უბრალოება.

 

 

 

სულისმარგებელი საკითხავები

 

სიუშნოვე

 

 შენ არ შეგიცვნია უშნო არსებათა საიდუმლო და არ იცი, მშვენიერი შროშანის გვერდით უფალი ღმერთი რატომ ასულდგმულებს მინდვრად გველს და ჭაში – გომბეშოს, რატომ აძლევს მათ ნამიან ხავსში ფათურის ნებას.

 სიუშნოვე – ეს არის ტირილი მატერიისა. მომისმენია მე ეს ქვითინი, მომისმენია მე ეს ოხვრა. შეიგრძენ და შეიყვარე ეს წუხილი, ეს სევდა. გიყვარდეს ობობაც და ნეხვის ხოჭოც. ორივე დარდიანია, რადგან უსაშველოდ სწყურიათ სრულყოფილება. სილამაზის მონატრებაა მათი არსი. ისინი შენს გარდასულ დღეებს ჰგვანან, შენდა უნებურად ამაოდ ჩავლილსა და გაჯახირებულს. გიყვარდეს ისინი, თუმც მაღალ ღმერთს არ მოგაგონებენ და არც სიხარულით გაგიცისკროვნებენ სახეს.

 გებრალებოდეს ისინი, რადგან დანატრებულნი არიან სილამაზეს და უმისოდ საშინლად იტანჯებიან. მუცელგაბერილი ობობა უნაზესი და უფაქიზესი ქსელით გვიმხელს თავის ოცნებას იდეალზე. ნეხვის ხოჭო კი შავ ზურგზე შეიტოვებს ნამის წვეთს, რათა ერთხანს იბზინოს და იციმციმოს.

 

 

სალბუნ-სახვევი

 

დედამიწის სილამაზე სალბუნად და სახვევად წაადგება შენს ჭრილობას. უფალმა ღმერთმა ეს სილამაზე ისე გადაგიშალა თვალწინ, თითქოს აფერადებული ტილო გაზაფხულს სწორედ შენთვის გადმოეფინოს მინდორ-ველზე.

 მიწა გეფერება. თეთრი ყვავილები და ნაირფერი ქვები მისი სასიყვარულო სიტყვებია. დაინახე ეს. მთელი ეს მშვენიერება ღვთის წყალობაა.

  მოღლილ და ნაჯაფარ ხელში ხიჭვები კი გაქვს შესობილი, მაგრამ ისიც ხომ ღვთითაა, რომ მეორე ხელს შენსას ებოძა დიდი სიმსუბუქე, რამაც სიხარული და ღიმილი მოგიტანა. ნუ იტყვი, რომ ეს სასტიკი თამაშია. შენ რა იცი საქმენი უფლისანი! შენ რა იცი, რისთვისაა საჭირო ამდენი ცრემლი?!

 ახედე ზეცას, იგრძენი, რომ ცაც სალბუნ-სახვევია შენი ჭრილობებისთვის. ცა უკიდეგანო, ვეებერთელა რიდეა, ზევიდან ჩამოშვებული, რათა სათუთად შეგეხოს, მოგიალერსოს და დაგიმდოვროს ამღვრეული გულის ფორიაქი. ვინც ჭრილობა მოგაყენა, წავიდა, თვალს მიეფარა, მაგრამ სავალი გზის გაყოლებაზე სალბუნ-სახვევად დაგიტოვა რიდის ნაფლეთები.

დილაუთენია აივანზე რომ გახვალ, თვალი შეავლე ამომავალ მზეს და იგრძენი, რომ ესეც ჯადოსნური სალბუნი და სახვევია, ხვალინდელი დღე რომ მოგიტანს, იმ ტკივილისგან შენს დასაცავად ადრიანად ამონათებული.

 

 

 

მთესველს

 

ყოველთვის, როცა მარცვალს მოაბნევ და არც კი გახედავ, მიწაში როგორ ჩაცვივდა თესლი, სხვათა სახეებზე თუ მოინდომებ რჩევის ამოკითხვას, დაიღუპები. შენი მზერა პასუხს მოითხოვს მათგან და ეგონებათ, რომ შექებას ელი. შენს სიკეთეს და სიმართლეს დაინახავენ, მაგრამ არ დაგიმადლებენ გულზვიადობის გამო. თქვი შენი სათქმელი და მშვიდად, უკან მოუხედავად განაგრძე გზა. შორს რომ დაგიგულებენ, ადამიანები აკრეფენ შენს სიტყვებს და გულში ჩაიტოვებენ.

შენს რჩევა-დარიგებებს თუ დააფუძნებ შენ მიერვე შელამაზებულ შენს პატივსა და ღირსებაზე, – ეს მოგიტანს თავკერძა ადამიანთა მოჩვენებით სიყვარულს. თავკერძობა ხომ კაცთა მოდგმის თვისებაა.

 შენს მოძმეთ მიმართე შეღამების მრუმე ნათელში, რათა დაიჩრდილოს შენი ხატება. ისე ისაუბრე, რომ შენი ხმა სხვათა ხმას მიემგვანოს. დაივიწყე შენი თავი, დაივიწყე... ემსგავსე გაკრეფილ რტოს, რომელსაც ნაყოფის ნასახიც კი არ შერჩენია.

 ყველაზე საქმიანი ადამიანები მაინცდამაინც არ გამოირჩევიან საინტერესო ოცნებებით, მაგრამ მათაც მშვენივრად იციან ოცნების ფასი, ოღონდ ცდილობენ, თავიანთი ნაოცნებარი ნაადრევად არ მიიჩნიონ ფრთაშესხმულად და თავი არ დაიმშვიდონ.

 ემსგავსე კაცს, რომელმაც მტერს წაასწრო შვილის ფერებისას და ყველაფერი აპატია. შენს ოცნებებში წარმოიდგინე, რომ მტერი გკოცნის და სინანულით გთხოვს შენდობას. უსიტყვოდ შეხედე და ღიმილი შეაგებე...

იკმარე დიადი აზრით მოგვრილი ზეციური სიხარული და უსაზღვრო ნეტარება. ეს ღვთაებრივი საიდუმლოა, რომლის მონაწილენი არიან უფალი ღმერთი და შენი სული. ნუთუ ვერ შეიტკბობ ამ დიად თანხმობას?! უფალმა უწყის, უფალი ხედავს, უფალი არაფერს ივიწყებს.

ღმერთი მოცულია იდუმალი მდუმარებით, რადგან წმინდაა იგი. ჩუმად, ბალახის ზრდის ჩქამზე უფრო ჩუმად, შექმნა უფალმა სიმრავლე არსთა და სილამაზე მიმოაფრქვია მთებსა და ველებზე. დაიარებიან მისთა ნაქმნართა მოყვარული ადამიანები, უმზერენ, ხელს უფათურებენ, პირისახით ეხებიან ამ სილამაზეს და ეხვევათ თავბრუ. თვით უფალ ღმერთს არც ახსენებენ. ის კი დუმს, მარად დუმს და იღიმება...

 

 

ღვთაებრივი ქნარი

 

 პირველ მემუსიკეს, დავითი რომ ერქვა, შემოქმედივით ხელთ ეპყრა ქნარი. ვეებაა უფლის ქნარი, მას ადამიანთა გულები აქვს სიმებად. ქნარი არასდროს დუმდება,მემუსიკემაც არ იცის დაღლა.

 ავხორცი ადამიანის გული მოგუდულ ხმას გამოსცემს; საშოვარს გადაგებული ადამიანისა – ნადირის ყმუილივით როყიოსა და მოუხეშავს; ძუნწის გულის ხმა ძლივს მოისმის; ალალ-მართალთა გული ბროლივით წკრიალებს; სევდით დადაგული გულის ხმიანობა ზღვაზე ქარის შემოქროლებას ჰგავს, დიდი მიმოხრა აქვს: გულსაკლავი ქვითინიც მოისმის და საწყალობელი ოხვრაც. მემუსიკე შეყოვნდება ხოლმე, ამ სიმებს რომ შეახებს ხელს.

კაენის სული როცა ხმიანობს, თითქოს შუშის ჭურჭელივით იმსხვრევა ზეცა. ბოოსის გალობის სიტკბო ლეწვის დროს თავთავის შრიალს ჰგავს, კალოდან მოღწეულს. იობის სული რომ გალობს, ადამიანივით ცახცახს იწყებენ ვარსკვლავები და იობი შთაგონებით ყურს უპყრობს განსაცდელთა მორევს, მისთვის სიკეთედ და სილამაზედ შემობრუნებულს.

უფალი ყურს უპყრობს თავის მიერ შექმნილ სულებს, უსმენს სევდით, უსმენს სიხარულით. ხან კეთილსა და მშვენიერს მიაყურადებს, ხან – უკეთურს, ხან იღიმება, ხან კი მისი ცრემლი სიმს ეწვეთება.

 ქნარი არ დუმდება, მემუსიკე არ იღლება. არ იღლება ზეცაც, რომელიც ყოველივეს ყურს უგდებს.

ოფლით გახვითქული გლეხი ბელტს რომ ამოაბრუნებს, ვერც კი ამჩნევს, რომ უფალი ღმერთი ფეთქავს მის გულში, ღმერთი, რომელსაც ზოგჯერ იგი ივიწყებს კიდეც. უფალს რომ აბარებს შვილის სულს, დედა ვერ ამჩნევს, მისი კივილი რომ სერავს ცის ლაჟვარდს. ამ დროს დედის სიმს სისხლი ეშხეფება.

 მხოლოდ იდუმალთმეტყველმა იცის ეს ყოველივე. და ღვთაებრივი ქნარი რომ უკეთ გაგვაგონოს, ხელით ეხება თავის ჭრილობებს, რათა მისმა სიმმა მეტი ძალით იხმიანოს ზეციურ სივრცეებში.

 

 

 

ილუზია

 

არავის გამოუძევებიხარ! მიწა, გადამწვანებული მიწა, გართხმულია შენს ფერხთით, ზევიდან დაგყურებს უძირო ზეცა. გენატრება გზად მიმავალი ადამიანის დანახვა. აგერ, გზის პირას, ტანაშოლტილი ვერხვი თრთოლას აუტანია. შენი ჩრდილი მიუერთე მის ჩრდილს, სულის მოსათქმელად შეჩერდი, შენ შემოგჩერებია ყველაფერი.

 არავის გამოუძევებიხარ! ღრუბლის ქულა მოგეფათურა სახეზე, – დიდი, ქუნქულა, შუქიანი ქულა. ღრუბლის ფთილა ყელზე გეხვევა ნაზად, სათუთად, რომ არ შეგაკრთოს, არ შეგაცბუნოს. ცრემლის წვეთიც შეგატოვა ღაწვზე. ეს ღრუბლის ამბორია.

არა, ვინა თქვა შენი გამოძევება!

 

 

1 2 3 4 5 6 7
გვერდის მისამართი : ბიბლიოთეკა / პროზა / მისტრალი გაბრიელა / პოემები პროზად