მასწავლებლის ლოცვა-ვედრება

 

უფალო, შენ, რომელიც გვმოძღვრავ და გვასწავლი, მომიტევე, მეც რომ მოძღვრად და მასწავლებლად ვიწოდები, როგორც შენ მოგმართავდნენ ხოლმე დედამიწაზე.

გევედრები, დიდი სიყვარულით შემაყვარე ჩემი სკოლა. სილამაზე რომც დაჭკნეს და ჩაიფერფლოს, მაშინაც ნუ წამერთმევა სინაზე და სისათუთე.

 უფალო, მიბოძე სულგრძელობა და მაშორე სულმოკლეობა. აღმოფხვერი ბილწი სურვილი შურისგებისა, ჯერ კიდევ რომ ბუდობს ჩემს გულში. ჭრილობას რომ მომაყენებენ, სამაგიეროს მიზღვის სურვილი თუ შემომეპარება, მისგანაც დამიფარე. შემეწიე, რომ არ გავწყრე, როცა ვერ გამიგებენ, და არ დავღონდე, ჩემი მოწაფეები თუ დამივიწყებენ.

 მომმადლე ნიჭი სიყვარულისა, შემაძლებინე, რომ დედისა მჯობ დედად გავუხდე, დედასავით შევითვისო და დავიცვა ისინი, ვინც არ არის ხორცი ხორცთაგანი და სისხლი სისხლთაგანი ჩემი. მიბოძე ძალა, რომ ჩემი ლექსივით დავხვეწო და სრულვყო რომელიმე გოგონა ჩემს მოწაფეთაგან. და, როცა ჩემი ბაგეები ვეღარ შეიძლებენ გალობას, იმ დროისათვის მის სულში ჩამატოვებინე ჩემი ყველაზე უფრო სულისშემძვრელი ჰანგი.

უფალო, დამანახვე, რომ ჩემს დროშიც ცოცხლობს შენი სახარება, რათა ყოველდღე, ყოველ წამს შეუსვენებლივ ვიბრძოლო მის დასამკვიდრებლად.

 შენ გაუმარჯვე ჩემს სახალხო სკოლას, რათა მისმა ბრწყინვალებამ გზა გაუნათოს შენი ღატაკი, ფეხშიშველა ბავშვების გუნდს.

 მე, სუსტ და ღარიბ ქალს, შემაძლებინე, რომ განვერიდო ყოველგვარ ძალმოსილებას, უწმინდური გზით მონიჭებულს; მიბოძე ძალა, რომ არ გავიკარო ძალაუფლება, რომელიც შენი ცხოველმყოფელი ნებით არ გადმოვა ჩემზე.

 

 

 უფალო, იყავ ჩემი მეგზური და ჩემი საყრდენი.

 

ვიცი, ბევრჯერ დავრჩები მხოლოდ და მხოლოდ შენს ანაბარა. როცა უფრო დავხვეწ, რასაც ვასწავლი, როცა ჩემი სიმართლე უფრო მწველი გახდება, ვიცი, ყველანი შემომეცლებიან. მაშინ შენ ჩამიკრავ გულში: შენმა გულმა იცის მარტოობისა და მიუსაფრობის სიმწარე. მხოლოდ შენს მზერაში ვიპოვი სითბოს და მხარდაჭერას.

მიბოძე უბრალოება და მიბოძე სიღრმე. დამეხმარე, რომ ჩემი ყოველდღიური გაკვეთილები არც რთული იყოს, არც ერთფეროვანი.

 ყოველ დილით, როცა ჩემი სკოლის კარს შევაღებ, შემაძლებინე, დავივიწყო ჭრილობები, მკერდზე რომ მატყვია; შემაძლებინე, რომ სამუშაო მაგიდასთან არ მიმყვეს ჩემი სადღეხვალიო საზრუნავი, გაუთავებელი წვრილმანი სატკივარი.

უფალო, სიმსუბუქე მიანიჭე ჩემს ხელს, როცა ბავშვს ვსჯი, და სინაზე შეჰმატე, როცა ვეფერები. შემრისხე კიდეც, ტკივილი მომგვარე, უსიყვარულოდ თუ დავტუქსავ.

 შენ შემეწიე, უფალო, რომ ქვით ნაშენები ეგ ჩემი სკოლა სულიერად აშენდეს და აღორძინდეს; ჩემმა თავდაუზოგავმა შემართებამ მოიცვას მისი უბრალო დერეფნები და სადა საკლასო ოთახები; შემეწიე, რომ ჩემი გული დედაბოძად შეუდგეს სკოლის შენობას და ჩემი თავდადება მდიდრული სკოლების მოოქროვილ სვეტებზე უფრო ძლიერი ბურჯი და ჭეშმარიტი განძი გახდეს ჩემი სკოლისთვის.

 ბოლოს კი, ველასკესის ერთი ფერგაცრეცილი ტილოს მეოხებით შემახსენე, რომ ამქვეყნად დიდი სიყვარულით ასწავლიდე, – ეს იგივეა, ჯვარცმული მაცხოვრისთვის ლონგინოზ ასისთავის მიერ ნაძგერები შუბით დაჭრილი და სიყვარულით ანთებული გულით მიატანოგანკითხვის დღემდე.

 

 

 

მასწავლებლის ათი მცნება

    1. გიყვარდეს მთელი გულითა და სულით. თუ სიყვარული არ შეგიძლია, ნუ ასწავლი ბავშვებს.

    2. ასწავლე სადად, უბრალოდ, ისე რომ მთავარი არ გაგეფანტოს.

    3. გაიმეორე, როგორც ბუნება იმეორებს, ვიდრე არ მიაღწევს სრულყოფილებას.

    4. ასწავლე ისე, რომ გახსოვდეს მშვენიერება, რადგან იგი დედაა ყოველივესი.

    5. იყავი გულანთებული. ლამპრები რომ აანთო, ცეცხლი უნდა გქონდეს გულში.

    6. სული შთაბერე გაკვეთილს. ყოველ გაკვეთილს სული უნდა ედგას ცოცხალ არსებასავით.

    7. იზრუნე შენი სულის ამაღლებაზე. რომ გასცე, უნდა გქონდეს.

    8. გახსოვდეს, შენი პროფესია ხელობა კი არა, – ღვთისმსახურებაა.

    9. ყოველდღე, გაკვეთილის დაწყებამდე, საკუთარ სულში ჩაიხედე, წმინდა თუ გაქვს გული.

    10. იფიქრე იმაზე, რომ ღმერთმა შენ დაგაკისრა ხვალინდელი დღის შექმნა.

 

 

სასკოლო მოთხრობები

 

რატომ აქვს ლერწამს ღრუ?

 

I

ერთხელ მცენარეთა უწყინარ სამყაროში სოციალური რევოლუცია მომხდარა. ამბობენ, მოთავეები იყვნენო გადიდგულებული ლერწმები. ამბოხებულთა წინამძღოლი, ქარი, თურმე ჯგუფ-ჯგუფად ამოქუჩქუჩებულ მცენარეებთან ქაქანებდა, პროპაგანდას ეწეოდა. დაბურული ტყეები დახუნძლულ ბაღებს შეკავშირებიან თანასწორობისთვის წამოწყებულ ჯანყში.

 თანასწორობა... კი, მაგრამ როგორი, რანაირი თანასწორობა? რითი უნდა გაუთანასწორდნენ ერთმანეთს? მერქნის სიმკვრივით? კეთილი ნაყოფით თუ წყალთან სიახლოვით?

 არა, უბრალოდ... გადაუწყვეტიათ, გათანასწორებულიყვნენ მხოლოდ და მხოლოდ სიმაღლეში! და იდეალად ქცეულა სიმაღლეში გათანაბრება. სიმინდს აზრადაც არ მოსვლია ძალ-ღონით მუხას გატოლებოდა; აიწოწა, აიწოწა და მუხის სიმაღლეზე ააშრიალა თავისი ქოჩოჩი. ვარდი არ ცდილა კაუჩუკის ხესავით გამოსადეგი გამხდარიყო. სიმაღლეში წამოეწია მას, ბალიშივით ამობურცა თავისი ვარჯი და ზედ ისე მიმოფანტა კოკრები, თითქოს სასთუმალზე მიესვენებინოს წასაძინებლად.

 ამაოება ამაოთა და ყოველივე ამაო! განდიდების გიჟური სურვილი! ეს ბუნების კანონის საპირისპიროც არის და არსთა ჭეშმარიტი პირველსახის დაცინვაც! გონიერი ყვავილები – მორცხვი იები და თეთრი დუმფარები – ამაოდ იშველიებდნენ ღვთაებრივ განჩინებას, ამაოდ კიცხავდნენ ამბოხებულებს გადამეტებული ქედმაღლობისთვის. მათი ნათქვამი დახ

 

 რონცილი ბებრის სიჩერჩეტედ მიაჩნდათ.

 

 ერთი მოხუცი გრძელწვერა პოეტი მშვენიერებას გამოექომაგა, დაგმო მოჯანყეთა მიზნები და ბრძნულად ისაუბრა სამყაროს წესთან შეუთავსებელი ერთფეროვნების შესახებ.

 

II

 

როგორ შეიძლებოდა მათი აყოლა?! გაუგონარ რაღაცას ითხოვდნენ! ჰოდა, მიწის სულები აფუსფუსებულან მცენარეთა ფესვებთან, გაუკუღმართებული სიცოცხლისუნარიანობა მიუნიჭებიათ მათთვის და საზარლადაც დაუმახინჯებიათ.

მარცვლეულთა ჯიშები და ჩირგვნარი ერთ ღამეში რამდენიმე ათეული მეტრით წაგრძელებულა სიმაღლეში, ვარსკვლავთა მბრძანებლურ შეძახილს დამორჩილებია თითქოს.

 მეორე დღეს თავ-თავიანთი ქოხებიდან გამოფენილ გლეხებს გული შეჰღონებიათ, სამყურა ბალახი საკათედრო ტაძრის სიმაღლეზე აზიდული რომ დახვედრიათ და პურის ყანები ოქროსფრად მოშრიალე ტროპიკულ ტყეებს რომ დამსგავსებია.

 ჟამი სიშმაგისა დამდგარიყო. საქონელი ბღაოდა, გზა ვერ გაეგნო ჩამობურულ საძოვრებში. სათვალთვალო კოშკის სიმაღლეზე აზიდულ ბუდეებში ჭყიოდნენ საქციელწამხდარი ჩიტები, ვეღარ ახერხებდნენ ასე მაღლიდან მარცვლის ასაკენკად ჩამოფრენას. აღარსად ჩანდა მზით გაჩახჩახებული კორდი და რბილ ხალიჩად დაფენილი ხასხასა მოლი.

 მეცხვარეები გაოგნებულები მდგარან იალაღების პირას, ქუნქულა თეთრი ცხვრები თურმე ფრთხებოდნენ და ვერ შედიოდნენ ამ რაღაც ჩამობურულსა და ბნელში, შთანთქმით რომ ემუქრებოდა მათ.

 წარმატებით გაყოყოჩებული ლერწმები თურმე ხითხითებდნენ და ფოთლებს გამეტებით უფართხუნებდნენევკალიპტის მოლურჯო კენწეროებს.

 

III

 

 ამბობენ, ერთ თვეს გასტანაო ამან. მერე კი დაწყებულა დაცემის ხანა. ეს კი ასე და ამგვარად მომხდარა: ჩრდილის მოყვარული იები ჩამომჭკნარან თაკარა მზეში.

 – რა მოხდა მერე, მაინც არაფრის მაქნისნი იყვნენ! – იმავ წამს წამოუძახიათ ლერწმებს.

 სულის საუფლოში კი დიდი წუხილი მოჰყოლია ამას.

 დუმფარებს გადამტვრევიათ ოცდაათ მეტრამდე წაგრძელებული ღეროები და თურმე ძირს ცვიოდნენ სიკვდილმისჯილ დედოფალთა მოკვეთილი თავებივით.

ლერწმები თავისას არ იშლიდნენ, კვლავ ქილიკობდნენ. ტყეებიდან გამორბოდნენ ყვავილების საცოდაობით აცრემლებული ნიმფები.

    ცად აზიდულ ლიმონის ხეებს მოძალადე ქარმა შემოაძარცვა ყვავილები. მშვიდობით, მოსავალო!

 – რა მოხდა მერე! დიდი ამბავი! ისედაც მჟავე ნაყოფი ჰქონდათ! – ბობოქრობდნენ ლერწმები.

 სამყურას ბრაზი მოერია, ცეცხლში ჩაგდებული ძონძივით მოემჩვარა ყლორტები. თავთავებს გადაებრიცათ უსაშველოდ წაგრძელებული ღეროები, წაწვნენ და მათი წველები გამოუსადეგარი რელსებივით ეყარა მიწაზე.

    ტანმორჩილმა, ნაგალა ხეებმა სიმაღლეში კი გაიწიეს, მაგრამ ნაყოფი დაუჩიავდათ, ვაშლის თესლისტოლა გაუხდათ.

 ლერწმები უკვე აღარ ქილიკობდნენ, მოიღუშნენ.

 არცერთ ყვავილს აღარ გამოუტანია ნაყოფი: არც მინდვრის ყვავილებს, არც ბუჩქნარს, – მწერები ვერ ეკარებოდნენ თურმე და იმიტომ, ფრთები ეტრუსებოდათ.

 იმასაც ამბობენ, ხალხი დარჩენილა ულუკმაპუროდ, უჭირნახულოდ. არც პირუტყვისთვის ჰქონიათ თივა.

 ყოფილა შიმშილი. ყოფილა გასაჭირი.

 იმჟამად მხოლოდ ტანმაღალი ხეები გადარჩენილან უვნებლად. იდგნენ თურმე, ადრინდელივით ლაღად აშოლტილები. ბრალი არ მიუძღოდათ და იმიტომ.

    ლერწმები წაქცეულან ბოლოს, სულ ბოლოს, და ამით ნათელი გამხდარა გათანაბრების მოძღვრების მარცხი. ლერწმებს ფესვები ჩალპობიათ ნესტში, თურმე ფოთლებიც ვერ შეუშრიათ.

 ადვილი შესამჩნევი ყოფილა, რომ სავსე ღერო გამოსცარიელებიათ. ლერწმებმა თავი გამოიჭამეს თითქოს და ძირიდან წვერომდე გამოფუტუროებულან, ხის კაცუნებს ან რეზინის სასაცილო თოჯინებს დამგვანებიან.

 ყველაფერი ცხადი გამხდარა. აღარავინ ცდილა ამ მოძღვრების დაცვას. აგერ უკვე ათასი წელია, ამ ამბის გახსენებაც არავის სურს.

 მარადი განახლების შემძლე ბუნებამ ექვს თვეში გამოაკეთა წამხდარი საქმე. მოარჯულა შერეკილი მცენარეები.

 გამოხდა კარგა ხანი და ერთმა წვერმოშვებულმა პოეტმა დიდი აღმაფრენით უმღერა ახალ ეპოქას, თქვა, რომ მშვენიერია პატარა ია, რომ ლიმონის ხეც მშვენიერია, მშვენიერია ყველაფერი ისე და იმგვარად, როგორც შექმნა უფალმა ღმერთმა! მშვენიერია ღონიერი მუხაც და ქერის სუსტი თაველიც.

 დედამიწა ისევ დამშვენდა. ნახირმა ფერდები შეივსო. ადამიანებს სარჩო გაუჩნდათ.

 თავქარიან ლერწმებს კი სამუდამოდ დარჩათ დაღი – გამოცარიელებული ღერო.

 

 

რატომაა ვარდი ეკლიანი?

 

მან ჩაუარა ვარდებს. ადრე ვარდი უბრალო ყვავილი ყოფილა და ათასგვარ ბალახბულახთან ერთად თურმე ყველგანიყო მოდებული.

 დღეს ვინ წარმოიდგენს, რომ ვარდები – უმშვენიერესი ფურცლებით მორთულ-მოკაზმული დედოფლები – გზისპირებში ხარობდნენ და ბილიკების მოსალამაზებლად იყვნენ გაჩენილნი. არადა, ასე იყო.

 ერთ მზიან დღეს მლოცველად გადაცმულმა უფალმა ღმერთმა დედამიწა მოიარა და, უკან რომ დაბრუნდა, ზეციდან მოისმა:

 “გაპარტახებულია ამ საწყალი დედამიწის გზები. თაკარა მზეში გზებზე ვიხილე გახვითქული მგზავრები და დასიცხული საქონელი. პირუტყვი ბღაოდა, ადამიანები თავ-ბედს იწყევლიდნენ. გზები ჩალეხებულია, გზისპირებში შემოწყობილი ყორეებიც მონგრეულია. გზა ხომ ღვთაებრივი სიწმინდეა! გზა დაშორიშორებულ სოფლებს აკავშირებს ერთმანეთთან. სიცოცხლის წყურვილით ატანილი ადამიანები დაიარებიან გზებზე: ვაჭარს იმედი დაატარებს, მლოცველს – ანთებული სული. გადასაჩრდილებელი ლამაზი ფანჩატურები კარგი იქნებოდა ამ გზებზე, თვალსაც გაახარებდა და გულსაც”.

  და უფალმა ღმერთმა შექმნა მტირალი ტირიფები, რომლებიც ჩამოშვებული მკლავებით ლოცვა-კურთხევას აფრქვევდნენ თითქოს; შექმნა ტანაყრილი ალვები, რომელთა ჩრდილი შორ მანძილზე გაწოლილიყო; ხვიარა ვარდებით დაამშვენა ჩამოჟამული რუხი ყორეები.

 მაშინ ვარდები ამაყად ყელყელაობდნენ ყველგან. მათი გამოყვანა და გახარება გაძნელდა და დღეს ეს ყვავილი გაიშვიათდა.

 “სოვდაგრები და მომლოცველები ღიმილით ჩაუვლიან ქალწულთა გუნდივით ჩარიგებულ ალვებს, ტირიფის ჩრდილქვეშ მტვერს ჩამოიფერთხავენ თავიანთი ხამლიდან”. – გაიფიქრა უფალმა და გაეღიმა, რომ წარმოიდგინა მწვანით მოფარდაგული გზისპირა ყორეები და ზედ წითელი, თეთრი, ყვითელი სურნელოვანი ყვავილები: – “პირუტყვი გალაღდება, აყროყინდება, აჭიხვინდება. მგზავრული უნდა გაისმას და სოფლის მყუდროება უნდა დაარღვიოს უცნაური იდუმალებით განმსჭვალულმა ღვთაებრივმა სიმღერებმა”.

 მაგრამ სიცოცხლის ხალისით ატანილი და სიამეს დახარბებული ადამიანი ახლაც უხეშად ჩაერია მოვლენათა მდინარებაში.

 სიმაღლემ იხსნა ალვები. ტირიფის შემჭკნარ რტოებს აღარ შერჩათ სილამაზე. ვარდები, მართალია, მშვენიერნიც იყვნენ და აღმოსავლური ნელსაცხებელივით სურნელოვანნიც, მაგრამ მიუვალ მთებში უმწეოდ დარჩენილ პატარა გოგონასავით დაუცველნი აღმოჩნდნენ.

 გზისპირებში ცხოვრებამ ვარდის ბუჩქები სულ ერთ თვეში საშინლად დააუშნოვა: სამი-ოთხი ვარდი ყოველთვის აკლდათ.

ვარდები ენას არ აჩერებდნენ ქალებივით, ტანჯვა-წამების გამო სულ წუწუნებდნენ. ერთხელაც უფალს შესჩივლეს. წუხდნენ, ცახცახებდნენ, ყაყაჩოზე უფრო წამოწითლებულიყვნენ:

 – უფალო, შენი წყალობის ღირსნი არ არიან უმადური ადამიანები! შენგან მოვევლინეთ ქვეყანას ასე უმანკონი და მშვენიერნი. გვინდა, სიამოვნება მივანიჭოთ ადამიანებს და სასწაული მოვუვლინოთ. გულს გავიღეღავთ ხოლმე, გვირგვინს გადავიფურჩქნით, მძაფრი სურნელი რომ ვაფრქვიოთ. გვინდა, სიცინცხალე შემოგვრჩეს და ისეთი ძალით ვისრუტავთ მიწის წვენს, რომ ყლორტები გვეძაბება და გვეღლება. მაგრამ ჩვენმა სილამაზემ უბედურება მოგვიტანა.

 მწყემსმა ჩამოიარა. ფეხდაფეხ რაღაც ფაფუკი ფთილები რომ მოჰყვებოდა, იმის დანახვა მოგვინდა და გადავიხარეთ. “ალისფრად ღაღანებენ, შეხე, მოგვესალმნენ, ზღაპრული მზეთუნახავებივით დადრიკეს თავი!” – თქვა მწყემსმა და მოგვწყვიტა მაღალღეროიანი ორი კოკორი.

მერე ერთი გლეხი მოვიდა. გაოცებისგან თვალები დაჭყიტა და წამოიძახა: “სასწაულია! გზის კიდეს ფერადი წამოსასხამი მოუბურავს. ეს ნაღდი ძველებური დღესასწაულია!” – შემდეგ კი თქვა: “ესეც... ანუკასთვის საჩუქრად”. – და ერთი ხელის მოსმით ექვსი ყვავილი, მთელი ტოტი ჩამოგვატეხა.

 მერე ჩაიარა ერთმა მოხუცმა მლოცველმა. საოცარი მზერა ჰქონდა, შუბლზე ნათელი გადასდიოდა, თვალებში სხივი ედგა. წამოიძახა: “დიდება შენდა, ღმერთო! შენდა სადიდებლად ქებას აღავლენენ შენი უბრალო ქმნილებანიც კი! უფალო, შენ გადიდებს ყოველი არსი!” – თქვა და თან გაიყოლა ჩვენი ყველაზე ლამაზი დაია.

ვიღაც შარახვეტიამაც ჩამოგვიარა: “რა კარგია, ყვავილები ზედ გზის პირას!” დაგვტაცა ხელი და მღერა-მღერით გაუყვა ბილიკს.

 უფალო, ასე ცხოვრება აღარ შეიძლება. ცოტა ხანში გადავშენდებით და უწინდელივით მოშიშვლებული დარჩება ყორე.

 – რას ითხოვთ?

 – დაგვიფარე! კაცთა მოდგმა ბაღ-ბოსტანს ძეძვითა და მაყვლოვანით იცავს. რაღაც ამდაგვარი მოგვიხერხე ჩვენც.

 მოწყალე ღმერთმა, არსთა გამრიგემ, სევდიანად გაიღიმა, რადგან სურდა, მშვენიერება კაცთათვის გასახარელი ყოფილიყო, მაგრამ ადვილად მოსახელთებელი – არა.

 – დაე, იყოს ასე! ვხედავ, სხვა დროსაც ასე მომიწევს. ადამიანები მაიძულებენ გავატლანქო და გავაუხეშო ჩემნი შექმნილნი.

 ჰოდა, ვარდის ბუჩქებს ქერქი დაუსკდათ, ნახეთქებიდან წამოიწია წამახულმა ძგვიტებმა. ეს იყო ეკლები.

და ამის შემდეგ ადამიანმა, მარად უსამართლო ადამიანმა, ბრძანა, რომ უფალმა ღმერთმა შელახა კეთილი ხატი თვისთა შექმნილთა.

 

 

ვარდის ფესვი

 

მიწის ქვეშ ისევე ფეთქავს სიცოცხლე, როგორც მიწის ზევით. უთვალავი არსებანი ფუთფუთებენ, შრომობენ, იბრძვიან, უყვართ, სძულთ.

მიწაში ცხოვრობენ მცენარეთა ფესვები, რომლებიც მუქ მატლებს ან რუხ ზონრებს ჰგვანან, და კიდევ – მიწისქვეშა წყლები, სელის ღეროებივით წაგრძელებული მთრთოლარე, ლიკლიკა ნაკადულები.

 ამბობენ, მიწაში კიდევ სხვაც ბევრიაო. ესენი არიან ჯუჯები – გრძელწვერა ონავრები, ვაციწვერას წბილას რომ არ ასცილებიან სიმაღლეში.

 ერთ მშვენიერ დღეს სწორედ იქ შეხვდნენ და ერთმანეთს გამოელაპარაკნენ მოწანწკარე წყალი და ვარდის ფესვი.

 – ფესვო, ჩემო მეზობელო, ჩემს თვალებს არასდროს უხილავთ შენნაირი სიმახინჯე. შენზე ამბობენ, მაიმუნმა მიწაში ღრმად ჩაფლა თავისი კუდი და შიგ ჩატოვაო. მგონი, ჭიაყელას ბაძავ, მაგრამ მასავით რომ ვერ იკლაკნები?! კარგად კი გისწავლია ჩემი მოცისფრო რძის შესრუტვა. თუ ჩაგიარე და შეგეხე, გამანახევრებ ხოლმე. ის მაინც მითხარი, რას უშვები ამდენ წყალს?!

 ფესვმა კრძალვითა და რიდით მიუგო.

 – ძმაო, ჩემო ძმაო, მოწანწკარე წყალო! უშნოდ და ულაზათოდ მიგაჩნივარ და ნამდვილად ვარ შეუხედავი. მიწაში დიდხანს ყოფნამ ჩამაშავა. მუშას რომ ნაჯაფარი ხელები ებრიცება, მეც ასე დამღრიკა გაუსაძლისმა ჯაფამ. მეც ხომ ერთი მუშა ვარ, ჩემი სხეულის ზედა ნაწილისთვის ვშრომობ, იმ ნაწილისთვის, მზეს რომ შეჰყურებს. შენგან რომ მოცისფრო რძეს შევიწოვ, მერე იმას ვაწვდი, რათა გაიხაროს. როცა თავს დაგვიძვირებ, შორს დავეძებ სასიცოცხლო წვენს. ძმაო, მოწანწკარე წყალო, აბა, ერთი ახედე მიწისზედა მცენარეებს! ნახე, რა მშვენიერი ვარ მიწის ზევით!

 წყალი დაეჭვდა, მაგრამ დუმილი არჩია, ლოდინის მეტი რა დარჩენოდა?!

 როცა წყლის ჭავლმა იმატა, იძალა და ჩხრიალით გააღწია სინათლეზე, მისი მთავარი საფიქრალი იყო, ფესვმა რომ ახსენა, ის რაღაც წაგრძელება ენახა.

 და, ეჰა, ღმერთო, ეს რა იხილეს მისმა თვალებმა!

 გაზაფხული გამობრწყინებულიყო. და... სწორედ იმ ადგილას, ფესვის გასწვრივ, რაღაც მოწითალო უნაზესი საოცრება ამშვენებდა მიწას.

 ყლორტები დადრეკილიყვნენ, დაღლილიყვნენ პაწია გვირგვინის ტვირთვით. ჰაერში სურნელება და იდუმალი ნეტარება იფრქვეოდა.

  ნაკადული შეფიქრიანებული გაუყვა ყვავილებით მოჩითულ ველს და ჩაიდუდუნა:

  – ეჰა, უფალო ღმერთო! ეგ უბადრუკი რუხი ძონძი როგორ აქციე უცხოფერ აბრეშუმად! ამ მშვენიერების გაგრძელება რანაირად არის ის სიმახინჯე!..

 

 

 

ნარშავა

 

 ერთხელ ერთ მშვენიერ ბაღნარში შროშანმა ყვავილებს ჰკითხა, ქრისტეს შესახებ რაიმე თუ გსმენიათო. ჩვენმა მებაღემ რომ ჩამიარა, ახალგაფურჩქნილი ყვავილი შემიქო და თან რატომღაც ქრისტე ახსენაო.

ალისფერმა ვარდმა უთხრა, – არ ვიცნობ, ქრისტეს, ერთი უბირი გლეხი იქნება, დიდგვაროვნები ყველანი ნანახი მყვანანო.

– არც მე მინახავს, მაგრამ ჯერ არცერთ კეთილ სულიერს ისე არ ჩაუვლია, რომ არ დაეყნოსა ჩემი პაწაწინა ყვავილები, – თქვა იასამნის სურნელოვანმა ბუჩქმა.

 – არც მე მინახავს, – მიუგო კამელიამ, ნაზმა და ნატიფმა. – ვინმე ბოგანო იქნება, შეძლებული კაცები და წარჩინებული ლამაზი ქალები მკერდზე იბნევენ ჩემს ყვავილებს.

 შროშანმა განაგრძო:

 – როგორც ჩანს, ჩამომგავს. აბა, მე რომ შემომხედა,

  რაღა მაშინ გაახსენდა ქრისტე ჩვენს პატრონს?!

შემდეგ იამ თქვა:

  – რომელიმე ჩვენგანს უთუოდ ეყოლება ნანახი. ეგებ ჩვენს საწყალ ძამია ნარშავას ენახოს? გზის პირას ხარობს, ვიღას არ ჩაუვლია მის გვერდით! ყველას ესალმება და თავის მტვრიან თავს უქნევს. მტვერში კია ამოქვარქნილი, მაგრამ ისეთი ნაზია და სათნო, გეგონება, ჩემსავით ლამაზი ყვავილები ჰქონდეს.

  – სწორი ხარ, – შეეხმიანა შროშანი, – ნარშავას ნამდვილად ნანახი ეყოლება ქრისტე. მაგრამ “ჩვენს ძამიად” რამ გახსენებინა?! რა ჩვენი ძმაა ნარშავა! ეკლები ასხია, უშნოა, თანაც ავაზაკს ჰგავს. ფარას რომ ჩაატარებენ, ძგვიტებიან ბირკებს შეატოვებს ხოლმე ბატკნებს.

 შროშანი ბილიკისკენ გადაიხარა, დამტკბარი და მინაზებული ხმით თვალთმაქცურად გასძახა ნარშავას:

 – ძმაო ნარშავავ, ჩვენო საცოდავო ძმაო! მე, შროშანი, გეკითხები: გინახავს ქრისტე?

 ქარმა მოიყოლა რაღაც ხრინწის ხმა, – ნარშავა ღეროში გადამტყდარიყოს თითქოს.

 – კი, ჩაიარა ამ გზაზე, მის კვართსაც შევხებივარ მე, ერთი ბეჩავი ნარშავა.

 – მართლა ჩამომგავს?

 – ოდნავ... მხოლოდ მაშინ, მთვარის შუქზე სევდიანი რომ ჩანხარ. შენ მუდამ თავაღერილი ხარ. ქრისტე კი ოდნავ თავდადრეკილი დაიარებოდა. ფართო იყო მისი კვართი, შროშანების კონას ჰგავდა. ბედნიერი ხარ! მე, მტვრიან ნარშავას, ვინ მიმამსგავსებს ქრისტეს!

 – ნარშავავ, თვალები?.. როგორი თვალები აქვს ქრისტეს?

 იქვე ტოტზე გაიფურჩქნა ლურჯი ყვავილი.

 – მკერდი როგორი აქვს, მითხარი.

 ნარშავამ წითელი ყვავილი გადაფურჩქნა.

 – ასეთია მისი მკერდი.

 – ო, ეს ჭყეტელა ფერია! – თქვა შროშანმა.

 – გაზაფხულზე რომელი ყვავილწნულის გვირგვინი უმკობდა შუბლს?

 ნარშავამ ეკლები აბურძგნა.

 – ეგ ხომ საზარელი გვირგვინია! – თქვა კამელიამ.

 – ვარდს უწუნებენ ეკლებს, მაგრამ მისი მომცრო ეკლები რა სახსენებელია ქრისტეს გვირგვინის ეკლებთან. კაქტუსის ძგვიტებივით იყო, ტრამალებში ამოზრდილი კაქტუსის ძგვიტებივით!

 – სიყვარული თუ იცის ქრისტემ? – განაგრძო აფორიაქებულმა შროშანმა, – როგორი სიყვარული იცის ქრისტემ?

 – აი, ასე უყვარს ქრისტეს! – წამოიძახა ნარშავამ და თავისი გვირგვინის ბუსუსები მიმოფანტა, ერთიანად ქარს გაატანა.

  – და მაინც... მინდა მისი ნახვა! როგორ მოვახერხო, ძამია ნარშავავ?

  მან კი მიუგო:

 – მის სახილველად, მისი მზერის მოსახელთებლად ნარშავები გზისპირებში ვართ ჩარიგებულნი. ის მუდამ ბილიკებს მიუყვება შეუსვენებლივ. გვერდით რომ ჩამიარა, მითხრა: “კურთხეულ იყავ შენ, რადგან ყვავილობ მტვერში და გახარებს გზად მიმავალთა ანთებული მზერა. დიდხანს ვერ შემორჩები წარჩინებულთა სურნელოვან ყვავილნარს: ქარი შემოგიქროლებს და გაგთქვამს, სხვა სურნელს გაიყოლებს – კაცთა ტანჯვისა და ჭრილობათაგან ანასხლეტს”.

  მაგრამ არც შროშანმა, რომელსაც ქრისტეს მოძმედ მიიჩნევენ, – არც ვარდებმა, რომლებიც ბავშვობაში გორაკებზე თვით ქრისტეს მოუწყვეტია, – არც ხვიარა ჯიქამ არ ისურვეს გზისპირა ნარშავას ხვედრი. არ შეუდგნენ უფალს არც დიდგვაროვანი დედანი და მამანი, გადახრუკულ ველებზე არ გაჰყვნენ მას. ჰოდა, მათვერ შეიცნეს ქრისტე.

 

 

 

კერიის პოემები

 

ლამპარი

 

 დაილოცოს ჩემი ლამპარი! მზესავით არ დაგსიცხავს, არ შეგაწუხებს, თანაც შეხედავ და... ნაღდ სილბოსა და სიტკბოებას ასხივებს.

 ჩემი ოთახის შუაში, შიგ შუაგულში ანთია. მისი ნაზი შუქი ამიციმციმებს ხოლმე თვალზე მომდგარ ცრემლს და მკერდზე აღარ ჩამომეღვრება, შევიკავებ ხოლმე კურცხალს.

 გულმა მომთხოვა და შუშა შევუცვალე. ასე ვარჩიე. ახლა ლურჯად, ბინდისფრად აშუქებს და ჩემი ოთახი ღრმა ხევს დაემსგავსა, მით უფრო, რომ ამ ბოლო ხანს ხევხუვში ვეღარ დავეხეტები და უფალს ვერ ვევედრები ბუნების წიაღში. დარდი რომ მომეძალება, იისფერ შუშას მოვარგებ ხოლმე. მაშინ კი ლამპარი ნაღდად ჩემსავით გრძნობს ყველაფერს.

 ჩემი ცხოვრების შესახებ ლამპარმა მეტი იცის, ვიდრე იმ ადამიანებმა, მე რომ ადრე გულს ვუხსნიდი. სევდიან ღამეებში სათუთად ეხება ჩემს გულს და ამით ხარობს. სულიერ ტკივილს ნელი ალით მიამებს და რბილად ანათებს, რომ მშვიდად ენთოს დიდხანს.

 გარდაცვლილები, თვალისჩინი ჩამქრალი რომ აქვთ, ლამპრიდან შემოგვყურებენ. ვინ უნდა იყოს ის მიცვალებული? ნეტა, ვინ შემომცქერის ასეთი სინაზით?

 ლამპარი რომ ადამიანი იყოს, დაიწვებოდა ჩემი დარდით, დაიდაგებოდა ჩემი ტანჯვით. ბედი თუ წყალობით გადმომხედავდა, ჩემთან ყოფნით გაიხარებდა. ეს ლამაზი ლამპარი ნამდვილი სრულყოფილებაა!

 ერთი შეხედვით ვერაფერს შეატყობ და მტრებს ჰგონიათ, მარტო ვარ. ასეთი პატარა, ასეთი ღვთაებრივი ჩემთანაა ყოველგვარ განსაცდელში, უჩვეულო შუქს ასხივებს და მიცავს, რომ ბედნიერებამ არ მიმატოვოს.

 სულში მინთია ის ძალა, ლამპარს რომ შარავანდად ადგას. მის პარპალში ვხედავ დედაჩემის ხატებას და გადაშლილ წიგნს. ნეტა შემრჩეს მხოლოდ ის, რასაც ლამპრის შუქი სწვდება, დანარჩენი ყველაფერი თუნდაც წარიტაცონ.

 უფალო, გევედრები, დარდიან კაცს ნუ მოაკლებ ლამპრის ნელ ნათებას, რომ მის თვალზეც იკლოს ცრემლის ციმციმმა.

 

 

1 2 3 4 5 6 7
გვერდის მისამართი : ბიბლიოთეკა / პროზა / მისტრალი გაბრიელა / პოემები პროზად