ქება ქვისა

 

 ზოგი ქვა ადგილს ინაცვლებს, ზოგმა ჩაიმუხლა, ზოგს ძვრა არ ძალუძს დაძაბუნებული გულივით.

 სხვა ქვები დახოცილი მეომრებივით ზურგზე წვანან. მათ შემზარავ ჭრილობებს დოლბანდის ნაცვლად სამარისებური სიჩუმე ბურავს.

 სხვანი ანცი ბაშვებივით გაიფანტნენ, სადღაც მთებში მათი წარბებია, აგერ, აქვე მათი კოჭებია.

 ქვებს ახსოვთ ერთიანნი რომ იყვნენ, და სწყურიათ ჭეშმარიტი სახის დაბრუნება, იმედი აქვთ, რომ თანდათან თავს მოიყრიან.

    ქვები, ძილით გაბრუებული ქვები, სიზმრებით დახუნძლულან, როგორც პილპილი – თავისი სიცხარითა და სურნელით. ქვები ძილით ჩამომძიმებულან, ერთ ადგილას ხეებივით ჩასთესლებიან მიწას და მაგრად ჩაუბღუჯავთ ძილში მოძიებული განძი.

 ზოგი ქვა ადგილს ინაცვლებს, ზოგმა ჩაიმუხლა, ზოგი წამოიმართა, ზოგს ძვრა აღარ ძალუძს, დაძაბუნებული გულივით.

 ქვა, იაკობს რომ სასთუმლად ჰქონდა, თავისი განიერი მხარბეჭი რომ ედო ზედ, გადალეული ბრტყელი ქვა! მან არ იცის დილის ნამი, არც დილის ძილ-ბურანი.

 შემორკალული დიდი ქვა, ბებერი მათუსალას წამწამებგაცვენილი ქუთუთოს მსგავსი... იდუმალი ანდების ჭიუხებით შემოჯარული მწვერვალი, რომელიც ალს ჰგავს, ოღონდ არ პარპალებს, ან კიდევ – ლოთის გაქვავებულ ცოლს გვაგონებს. ეს მწვერვალი არც ბავშვობაში მიპასუხებდა კითხვებზე, არც ახლა მცემს ხმას.

 ქვები, რომელთა სხეულში შეაღწია ოქრომ და ვერცხლმა... ქვები, რომელთაც იგემეს უეცარი და უმწარესი ტკივილი, როცა სპილენძი ნემსებივით შეესოთ... ქვები, რომელთაც საქციელი წაუხდათ, როცა შიგ გულისგულში უხილავი მახვილივით ჩაეჭედათ მეტალის ბირთვი...

 ზოგმა ქვამ ჩაიმუხლა, ზოგი წამოიმართა, ზოგნი თითო-თითოდ გარბიან, ან ერთმანეთში არეულე-დარეულები უგზო-უკვლოდ მიექანებიან.

ქვებს, მდინარეში ჩაწოლილ ლოდებს, წყლტუ, სლიგინა ფერდები აქვთ და გაგუდულებს ჰგვანან. ლორწოიანი წყალმცენარეები ისე სთრევთ, როგორც დამხრჩვალ ადამიანებს – თმები. ეს ქვები ისე შეგეხება გადაყვლეფილ კანზე, რომ არ გატკენს, პირიქით, თითქოს დედასავით ფრთხილად დაგიამებს ტკივილს.

 ქვები, მდინარის წვრილ-წვრილი ქვები, ნაირფერი კენჭები, ყვავილებივით ფერად-ფერადი ქვები! ჰო, მღერიან ეს ქვები. ხუთი წლის რომ ვიყავი, ბალიშის ქვეშ ამოვიდე კენჭები და ჩემს სასთუმალთან ბავშვებივით გაჰქონდათ ჟრიამული. ჭყლოპინებდნენ, ფერხულიც კი გააჩაღეს; შუა ძილში რომ ვიყავი, რაც მოეპრიანებოდათ, იმას სჩადიოდნენ; ბავშვობის ქვებმა ჩემს საწოლში მოინდომეს თამაში.

ქვების ნაწილმა თავის საბოლოო ადგილად არც საფლავი ინდომა და არც შადრევანი. არ უნდოდათ, რომ მათთვის გულზე რაღაც წარწერა, რაღაც უცხო რამ ამოეკვეთათ, იმიტომ რომ ოდესმე ხომ მოესურვებათ თავიანთ ენაზე რაღაც მნიშვნელოვანის თქმა და თავიანთ ნებაზე მოქცევა?!

 ქვები დუმან, რადგან გული შეტბორებული აქვთ უსაზღვრო ვნებით. არ იძვრიან მხოლოდ იმიტომ, რომ ეშინიათ არ გამოაფხიზლონ მათ გულისგულში მთვლემარე ბობოქარი ძალა.

 

2

 

სამეფო პალმა

 

 სამეფო პალმას მზისკენ ატყორცნილი ყველაზე სწორი ტანი აქვს ამქვეყნად. არცერთ მცენარეს არ შეუძლია ამონათებული მზით მისნაირად ტკბობა. პალმის შიშველ ტანს უხვად აფრქვევს მნათობი სხივებს. შუადღისას, მზეს როცა გააქვს ბრიალი, გეგონება, პალმა კი არა, ვეებერთელა ბუტკო იყოს, უნაბისფერი მტვრიანათი დაფარული.

 მზის შუქში ჩამდგარი პალმა ვენეციურ სასმისს მოგაგონებთ, მაღალფეხიანს, წვრილ-წვრილი კუწუბებით დამშვენებულს. მაღლა, სულ ზევით, პალმის ფოთლები პირფართო თასს ჰგავს, უზადოს, დახვეწილს. დროდადრო გაისმის რაღაც ხმები, თითქოს მარილიანი დაბერილი აფრების ფათქუნი იყოს. ქარი რომ შემოიქროლებს, სიცილი და ტკრციალი იწყება, უეცრად ყველაფერი აჩურჩულდება, აბუბუნდება, ყბადაუყენებელი ქალების ყაყანისა და ჩოჩქოლის მსგავსად.

 ქარის ქროლვა და ფეთება რომ ჩაწყნარდება, ყველაფერი ჩაყუჩდება და პალმა ისე ირხევა, თითქოს დედა არწევდეს ჩვილს. პალმის ტოტები ქალის ფართო ქვედატანის კალთებს მაგონებს.

 მცენარეები რაღაცნაირად ჩამოჰგვანან ადამიანებს. ალვა მოუთმენლობისგან ათრთოლებული საჩვენებელი თითია თითქოს; კოპიტი და მუხა დარბაისელ მღვდელმთავრებს ჰგვანან. ესენი მცენარეთა ბოოსი და აბრაამი არიან, უამრავ შტოდ განტოტილან და სწორედ მათი ამონაყარი ყლორტებია მცენარეთა ნაირ-ნაირი ჯიშები.

 სამეფო პალმას მართლაც რომ შეშვენის თავისი სახელი. იგია ყველაზე წმინდა, ყველაზე ნათელი ხატი მცენარეულ სამყაროში. ეს პალმა შესანიშნავად იხატება ყოველნაირ პეიზაჟში.

 ლურჯზე ულურჯესი ტროპიკული ცა თითქოს იმიტომ გადმოგვმხობია თავზე, რომ მის ფონზე უკეთ გამოჩნდეს ამ მადლიანის მშვენება. ცა თითქოს მხოლოდ იმისთვის არსებობს, რომ უკეთ გამოაჩინოს პალმის უზადო სილამაზე.

 ამ პალმის სიახლოვეს არ უნდა ხარობდნენ სხვა ხეები. ფიჭვების თვალტანადობაც კი იჩრდილება მის გვერდით; ღვთაებრივი არაუკარიაც კი იჩაგრება. ჩირგვნარიც არ უნდა იყოს მის ახლომახლო, იმიტომ რომ გვიფარავს, ვერ ვხედავთ, მიწას როგორ სწყდება, ზეცაში როგორ აიჭრება, რა დიდებულია პალმის აღმასვლა!

 უბირი ადამიანები სამეფო პალმას მომცრო კორდზე ან ფერდობზე რგავენ. ის კი გაშლილ ვაკეზე უნდა ხარობდეს, რათა აღმატებული იყოს მთელ გარემოზე, ნეტარებდეს მზის სხივებში, მზეს ეფიცხებოდეს ყელმოღერებული.

 მოდი, ჯერ ნურაფერს ვიტყვით მის ნაყოფზე. პალმა გვჩუქნის სილურჯეში თავის უნატიფეს მონახაზს. ჭეშმარიტად ღვთაებრივია ეგ დალოცვილი! სივრცისა და წყლისთვის მადლს იმით იხდის, რომ მის ჩრდილში სულის მოსათქმელად თუ ჩამოსხდებით, მაღლიდან მოგესმებათ ნეტარების ოხვრა და პალმის ფოთლების მიღმა დაინახავთ, როგორ მკრთალდება მწუხრის ცა. მთავარი კი სხვაა: ბოლოს და ბოლოს, ამ პალმამ, როგორც იქნა, გაგვაგებინა, რომ თურმე სწორი ხაზი შეიძლება ისეთივე ნაზი და მოქნილი იყოს, როგორც რკალი.

 თავისი მოხაზულობით სწორედ სამეფო პალმამ გამოხატა უფლისადმი ჩვენი სწრაფვაც და ჩვენი სასოებაც. ასე სრულყოფილად ამას ვერ შეძლებდა ვერც მთა და ვერც ზეცისკენ აღპყრობილი ჩვენი ხელები.

 ზოგს მიაჩნია, რომ ზღვა არის ყველაზე შესაფერი ხატი სულიერებისა. ზოგი ფიქრობს, რომ უკეთესი ხატია მთა, რომელსაც ცისთვის აქვს მიბჯენილი მწვერვალი. ნუთუ მთრთოლარე პალმას, დახვეწილს,

 შუქჩაღვრილს, არა აქვს მთასა და ზღვაზე მეტი უფლება, იყოს ნიშანი სულიერებისა?!

პალმა მთაზე უფრო სხარტად, ერთი ნახტომით თავისუფლდება მიწის მორჩილებისაგან და თანაც თავის თავსაც არაფერს ვნებს ამით. ზოგჯერ სწორედ პალმა ანაზებს და აკეთილშობილებს პირქუშ ბუნებას. პალმა აწყნარებს თავისი ფოთლების უთავბოლო ფორიაქს, ერთობას და წონასწორობას ამკვიდრებს. ჯაგებით, ძეძვნარით, დაბრეცილ-დაღრეკილი ჩირგვებით მოფენილი მიწა მშვენდება პალმის ნატიფი მონახაზით.

 სამეფო პალმის ღირსება და დიდებულება მისი დახვეწილობაა. განა ნეტარების მომგვრელი არაა პროპორციათა ის სრულყოფილება, რასაც ბუნებამ მიაღწია ამ საოცრების შექმნით? ვუმზერთ და ისვენებს სხვა ხეების ფოთოლმრავლობით გადაღლილი თვალი. ვიდრე აღტაცებით შევყურებთ ამ მშვენიერებას, პალმა ჭეშმარიტი რწმენის გზაზე გვაყენებს და შთაგვაგონებს, დავემორჩილოთ ერთადერთ სურვილს, ერთადერთ მისწრაფებას და გაფრენილი ისარივით ჩვენც აგვიტანოს სიცოცხლის უზენაესი საფეხურისკენ სწრაფვამ.

 სამეფო პალმა უსიცოცხლო და უღიმღამო იქნებოდა მოშრიალე-მოღიღინე მწვანე ქოჩორი რომ არ ამკობდეს. ეს რა ხალისი მოჩქეფს მისი მწვანე ვარჯიდან და გადმოედინება საოცრად ძლიერ ტანზე! პალმა ესიყვარულება ფოთლებში გახლართულ ნიავს. ეგებ ეს პალმა თავად არის აზრი, რომელიც უნდა გაიშალოს, მაღლა აიჭრას და გაინავარდოს, ან ეგებ ეს პალმა დიდი ხნის შეკავებული სიყვარულია, ბოლოს რომ იფეთქა და გადმოსკდა სიტყვების ზვავად!

მექსიკისა და კუბის პალმის ტევრები!.. ამ ქვეყნების რამდენმა პოეტმა უმღერა მათ! ეს აშოლტილი მცენარეები ტოტების ნელი რხევით ანუგეშებდნენ გატანჯულ მონებს: ინდიელებსა და ზანგებს; თავიანთი გაუთავებელი ოხვრით ახშობდნენ გაუბედურებულ ადამიანთა კვნესას, რათა არ გამწყრალიყვნენ მათი გულქვა ბატონები.

 მექსიკელ ინდიელს უყვარს პალმა და გვადალახარაში თავისი დოქის ყელზე ხატავს. ინდიელის არსებასთანაა შენივთებული პალმა, არის მის სხეულში რაღაც პალმის მსგავსი. ეგებ სწორედ პალმის მაცოცხლებელ ჩრდილში ინდიელზე წყალობად გადმოვიდა საოცარი სიმშვიდე. ეგებ სწორედ ამ ძველთაძველი პალმისგან მოსდგამს ინდიელს უჩვეულო მიზანსწრაფვა.

 ქოქოსის პალმას, ქალღმერთ ათენასავით ბრძენს, დიდი სიკეთე მოაქვს თავისი რუხი მრგვალი ნაყოფით. ქოქოსის კაკლიდან მოისმის ცხოველმყოფელი სითხის ფეთქვა. კაკალი ზეთს ჩაიყენებს ხოლმე. ამიტომ პალმა ისეთივე წმინდაა, როგორც ზეთისხილის ხე. და კიდევ, პალმას ზროში თაფლიც ჩაუდგება ხოლმე. სქელი არაა, მსუბუქია მისი თაფლი.

 ახლა ფინიკის პალმა, მტევნებად რომ დაუსხამს უდაბნოსფერი ბნელყვითელი ნაყოფი?! ამ ნაყოფში მზის შუქია შედედებული. და პალმა ჩრდილში ჩათვლემილ ბედუინს ბალღური მიამიტობით აპნევს სახეზე თავის ნაყოფს. ამერიკული პალმა ინდიელთა ღვთაებად აღიარების ღირსია! ფინიკის პალმა ხომ იქცა არაბთა მფარველად! ჩვენი პალმა ქალღმერთი რომ იყოს, მირონცხება შეეძლებოდა, მისი თითებიდან ჩამოიღვენთებოდა წყლულის დამაამებელი ზეთი. მკერდი კი თაფლით ისე ექნებოდა გადავსებული, როგორც ბაგე – სასიყვარულო სიტყვების შეგუბებული ნიაღვრით.

 ვინც დედამიწის ზურგი მოიარა, სიკვდილის წინ შეუძლია თქვას: “ვიხილე სამყაროს უკეთილშობილესი ქმნილება; ერთხელ სახეზე მომადგა სამეფო პალმის ჩრდილი და შევეხე მის მოღერებულ ყელს, რომელიც ჟამთასვლას არ ეპუება”.

 

 

მაგუეი – ამერიკული აგავა

 

 მიწის ოხშივარი, მიწის ღრმა ამოხვნეშა მგონია მაგუეი. შესახედავად უბრალოა და ტლანქი, გადახნული მიწის ბელტსა ჰგავს. წაწვეტებულ ფოთლებში დაგროვილი აქვს თვით მისივე შემქმნელი შეუპოვარი ძალა.

 უკვე კარგა ხანია, დედამიწის გრძნობების გამომხატველად მიმაჩნია მცენარეები.

 ზიზილები დედამიწის გაუბედავი ოცნებაა უბიწოებაზე, ვარდი სრულყოფილების მძაფრი სურვილია; მაგუეი კი – ესაა დედამიწის ლექსი გმირობაზე, მაგუეი სამამაცო ლექსის ტაეპია.

 იბადება და ხარობს ზედ მიწის ზედაპირზე, ლოყა ბელტისთვის მიუდვია. მექსიკური კაქტუსივით წელში გამართული არაა, ოდნავ წახრილია კორდისკენ – თავისი დედისკენ, რათა შვილივით მიესიყვარულოს.

 მაგუეის არა აქვს ღერო, რომელიც სულს უდგამს ყოველ მცენარეს, და მიწიდან ამოზრდილი კი არა, ჰაერიდან შექმნილი გგონია. ყვავილი სწორედ ღეროს გამოა ყელმაღალა ქალივით მომხიბვლელი. მაგუეი სასმისივითაა და ერთ ღამეში მთელ მინდორში ჩამოცვარულ ნამს იტევს.

 ხვატი ვერ აჭკნობს მის ღონიერ ფოთლებს, რომელთაც მინდვრის ბალახის სილბო და სინაზე დაჰყვებათ.

 მაგუეი კვამლისფერ-იისფერია, საღამოსკენ ჩამუქდება ხოლმე. მექსიკის ბუნებაში ჭარბობს მაგუეის მუქი იისფერი ნათესები და შორი მთები სურნელოვანი იებით მოფენილი გეგონებათ.

 ინდიელისთვის მაგუეი იგივეა, რაც არაბისთვის პალმა. იგი წყაროა, საგანძურია უხვი საუნჯისა. მისი ვეებერთელა ფოთლებით სახლებს ხურავენ, მისი ბოჭკოსგან გრეხენ გამძლე კანაფს და წნავენ თაფლისფერ ბადეებს. ეს ბადეები ინდიელებს ზურგზე აქვთ ხოლმე მოგდებული. და კიდევ: მისგან ართავენ ხელოვნური აბრეშუმის უნაზეს შულოს.

 მაგუეის თუ კაკალ გულში აძგერებ დანას, ნექტარი გადმოიღვრება და შესქელდება თეთრი შაქარივით. პასკალს უთქვამს:

    “თავდავიწყება სჭირდებათ კაცთაც,

    დარდსა და ნაღველს აქარვებს გაცლა”.

 ჰოდა, ინდიელსაც უსწავლია “გაცლა”. ეს უბრალო სითხე ეშმაკეულ სასმელად მოევლინა ინდიელს და შესთავაზა მას მოჩვენებითი სიხარული, გახელება, ბიწიერი სიყვარული და სიკვდილის ცრუ მგზნებარება.

 მექსიკურო მაგუეი, შენს გულში ჩაბუდებული თრობის ბურანისაგან დაიცავი თავგზააბნეული უბედური ინდიელი, აცტეკთა და მაიას დიადი მოდგმის ნაშიერი! უმჯობესია, ასიოდე შენს ფურცელს თუ მისცემ სხვენისთვის. მიეცი ბაგირი და აბრეშუმი იალქნიანი ნავისთვის! დაე, შორს გაიტანოს თავისი მიწის ნაყოფი და გამდიდრდეს!

 და ვიდრე უცხო ხალხი ახალი ბაზრების დასაპყრობად მოცურავს წყნარი ოკეანის ნაპირებისკენ, შენი აბრეშუმით ნაზი ალერსი უწილადე ინდიელ ქალს. დაე, თავისი ხელით მოიქსოვოს საქორწინო საკაბე! ინდიელის სახეს გადაჰყარე ნაღველი, ჩამოაცილე ტუჩებთან სიმწრის ღარები, წარხოცე ხანგრძლივი მონობის ნაკვალევი!

 

 

 

მექსიკური კაქტუსი ორგანო

 

 ეს კაქტუსი გამომშრალი მიწის ქვითინსა ჰგავს. ეს კაქტუსი წყურვილით დაოსებული და გვალვით დახეთქილი მიწის დაშაშრული ენაა.

 ღადარივით ცხელი მტვრით დაფუფქულმა კაქტუსმა მაშინაც კი არ იცის რაა სიხარული, როცა სარწყავ მიწაზე ხარობს. მის გულგრილობასა და სიჯიუტეში დიდი ტკივილი იმალება.

 ცვილის კელაპტარს წააგავს, ან კიდევ – მაღლა აშვერილ ხელს. ამიტომ არის მასში რაღაც ადამიანური.

 უკაცრიელ ადგილას განმარტოებული კაქტუსი ორგანო ფიქრებში წასულ, მარტოდმარტო დაყუდებულ გაძვალტყავებულ ბერს ჰგავს.

მას არ ხიბლავს ბამბუკისა თუ ალვის ბედნიერება. მათი ფოთლების ცახცახი ხომ მიწის ხარხარს ჰგავს. მას არ განუცდია ფოთლების ხალისიანი თრთოლით მოგვრილი სიხარული. რტოებიც რომ არა აქვს, ტოტის უბეში გაზაფხულზე ბუდე რომ გამართონ ჩიტებმა?!

 ჩამუქებულია მისი სიმწვანე, მაგრამ დიდმა სიცხეებმა ოდნავ გაუხუნა წვერო.

 განდეგილს ჰგავს და განდეგილივით არ დაგიდევთ თავის გარეგნობას. მშვიდი, უშფოთველი სიძულვილით სძულს ზეცის სილამაზე და ღრუბლების შეთამაშება.

 ოთხი სიგრძივი განასერი აქვს და გამოჭედილს, უროთი გამოკვერილსა ჰგავს.

 კაქტუსი ორგანო როცა განმარტოებით დგას, ღირსებითაა სავსე. მაგრამ როგორღაც კნინდება, როცა ჩამდგარია ღობის ბიჯგებივით ჩარიგებულ თანამოძმეთა გრძელ მწკრივში. აქ იგი ტყვეა, დარდიანია და შარაგზის მტვრითაა გაჭაღარავებული.

 რა ერთგულად ემსახურება ადამიანებს! ამას რომ გავიფიქრებ, მადლიერებით ვივსები. კაქტუსი ორგანო დარაჯად უდგას ინდიელთა ბოსტნებს, მათ ხომ სხვა

აღარაფერი შერჩათ ძველ აცტეკთა სიმდიდრიდან. ეს კაქტუსები მკვიდრ ზღუდედ აღმართულან ღატაკი გლეხის პატარა ოთხკუთხა ნაკვეთის დასაცავად. მისი წინაპრები შორეულ წარსულში მზერამიუწვდომელ სივრცეს ფლობდნენ. გლეხს ლამის ყველაფერი წარტაცეს. ვერ წაართვეს მზე – მისი უწინდელი ღვთაება და კიდევ ვერ წაართვეს ქარის ქროლვა და ხეთქება – კეცალკოატლის სუნთქვა.

 ერთგულო კაქტუსებო, მამაცო კაქტუსებო, დაიცავით თქვენი ღვიძლი ძმა – ინდიელი. იგი ისეთი უწყინარია, რომ საკუთარ მტერსაც კი არას ვნებს. კაქტუსებო, ინდიელი ისევე მიუსაფარია, როგორც კორდზე განმარტოებული ერთი თქვენგანი.

 

 

ანანასი

 

 მიწაში ისე ზის, თითქოს მისი ბატონ-პატრონი იყოს. არ გეგონოთ, ჩაქარვებული გულაბივით სუსტი ყუნწი ჰქონდეს, ექვს კვირაში მოღონიერდება და დატკბება ხოლმე.

 თავს უმშვენებს მუზარადის ჯიღის მსგავსი ხშირი ფაფარი. ნაომარსა ჰგავს. ამორძალის მკერდივით მთლად დაფარულია ნაჭრილობევით. ჯაჭვ-ჯავშნის შიგნით საოცრება დაგხვდებათ. მისი სურნელება თვალუწვდენელი მინდვრისთვის იკმარებს ნიავსურნელად.

 დროდადრო იტყვის: “ნუთუ მეც ილიადასავით ვარ, უამრავი სისასტიკე და სიმუხთლე ნეტარებად რომ იღვრება ელადელის ლექსიდან”.

 

 

1

ტირიფი

 

 მე რომ დარდიანი ვარ, – ეს გულჩვილი ადამიანების მოგონილია. ალვა თუ ცისკენ მიილტვის, მე წყლისკენ მიმიწევს გული! მომწონს წყალი, სიცოცხლით ჩქეფს, თითქოს ანგელოზივით დაქროდეს და გრძელი რიდე სთრევდეს. და კიდევ: ტბორს თბილი გული აქვს.

 წყლისკენ ვხრი რტოებს, თითის წვერებით ვეხები წყალს და ყურს ვუპყრობ მის ბუტბუტს.

 გევედრებით, ნუ გამსხლავთ, ნუ ჩამომაკვეცთ წყალში ჩაშვებულ რტოებს. ეგ იგივეა, ვინმეს კოცნიდე და ზურგი შეგაქციოს.

 პალმას მაღლა აქვს ატყორცნილი ხალისით გაშლილი ხელები და ჰაერით ტკბება, მე კი წყლით ვნეტარებ. მიედინება, მიედინება და მაინც სულ ჩემთანაა.

 პირმშოც მყავს, ესაა ნორჩი ტირიფი, ჩემი ამონაყარი. ოღონდ ჩეროშია და ხეირიანად ვერც ვხედავ. დროდადრო სევდიანად ირწევა და იისფრად ელვარებს.

 ოდნავ დამდრიკეთ, დაბლა დამწიეთ, კიდევ, კიდევ, აი ასე, რომ უკეთ დავინახო. როგორ მიშლის ჩემი კენწერო! ჰაერიც მიშლის! მოქნილი ბალახივით რომ შემეძლოს წყლის ზედაპირზე წაწოლა, ნიმფასავით ლოყას შევახებდი წყალს. რა ბედნიერი ვიქნებოდი!

 

 

2

ხომალდები

 

 ადამიანებმა შექმნეს ხომალდები, მაგრამ როგორც კი იმათ წყალში იგულვეს თავი, გაყოყოჩდნენ და აღარ ინდომეს კაცთ დამორჩილებოდნენ.

 ვთქვათ, მეზღვაურებს აღარ მოუნდეთ სადმე გამგზავრება (ხომ შეიძლება ასეც მოხდეს?), მაშინ ხომალდები ჩაჭრიან ბაგირებს, თავისუფლები და ბედნიერები უიმათოდ გავლენ ზღვაში.

 მეზღვაურებს ალალად სჯერათ, რომ ყველა ნავი, ყველა ხომალდი მათ ემორჩილება. არადა, თვითონ ემორჩილებიან ხომალდებს.

 სწორედ ხომალდები შეუყენებენ წრიალს და აფორიაქებენ სანაპიროზე სულის მოსათქმელად გამოსულ ადამიანებს და ბოლოს კიდეც აიძულებენ, გავიდნენ ზღვაში.

 ხომალდები ნაპირისკენ მიიჩქარიან, რომ დაიტვირთონ სურნელოვანი ნაყოფით: ანანასით, ფინიკით, ოქროსფერი ბანანით. ზღვა თავკერძა სატრფოსავით მოუთმენლად ელის, როდის მიართმევენ მიწის ცინცხალ კეთილსურნელებას, რომელსაც ხარბად ჩაისუნთქავენ ყალყზე შემდგარი ტალღები.

 

 მას აქეთ, რაც წყალს გაუშინაურდნენ, ხომალდთა სულებში ურჩობამ იძალა. ხომალდებს უყვართ მეზღვაურთა მოტყუება. თავი ისე უჭირავთ, თითქოს ემორჩილებოდნენ კაპიტნებს, არადა, თვითნებურად ცდილობენ იქით გაცურონ, სადაც ტრიტონები წამომართულან შემზარავ ბნელმწვანე ზღუდედ.

 კაპიტნებს არ შეუძლიათ ზუსტად განსაზღვრონ გემი როდის შევა ნავსადგურში, უთუოდ რაღაც შეეშლებათ გათვლებში. სინამდვილეში ეს მათი შეცდომა კი არაა, სირინოზებთან ხომალდთა შეთამაშებისა და ლაღობის გამო ხდება ასე.

 ხომალდებს ბაგირის ხშირი ფაფარი აქვთ, იალქნები მათი მკვრივი მკერდია, მარილით გაჟღენთილი მერ

 ქანი მათი განიერი თეძოებია. გრძელტუნიკიანი მოცეკვავეებივით დაასრიალებენ ფეხებს წყალქვეშ.

 ხომალდებს ზღვაში გაჰყავდათ ახალ მიწათა აღმომჩენნი. და სანამ მოგზაურებს ეძინათ, ხომალდები დასცინოდნენ მათს საზღვაო რუკებს. ყველა ხომალდი კაცთათვის გაუგებრად და იდუმალად ეხმიანება კუნძულებს. ნახევარკუნძულები კი ყელს წაიგრძელებენ ხოლმე და ადამიანთათვის ვერგასაგონად გაყვირიან, თავისკენ უხმობენ ხომალდებს.

ტყუილად ფიქრობენ, რომ ხომალდებს მორჩილად გადაჰყავთ ადამიანები, რომელთაც თავიანთი მაუდის გაყიდვა სურთ. ხომალდები ზღვაში იმიტომ გადიან, რომ საკუთარი თავისუფლებით გაიხარონ.

 ერთ მშვენიერ დღეს ადამიანებმა რომ აღარ მოინდომონ ზღვაში გასვლა, ხომალდები თვითონ შეცურდებიან წყალში. ნაპირზე ადამიანები აყაყანდებიან, ბოლოს და ბოლოს მიხვდებიან, რომ მათ არასდროს არ ემორჩილებოდნენ ხომალდები, რადგან ისინი, სირინოზების არ იყოს, ზღვის თავისუფალი სტიქიის ასულები არიან.

 

 

1 2 3 4 5 6 7
გვერდის მისამართი : ბიბლიოთეკა / პროზა / მისტრალი გაბრიელა / პოემები პროზად