კაკაუმპილპას მღვიმე

 

 ეს მღვიმე ძალიან ღრმაა. რომელიღაც გეოგრაფიულ ცნობარში წერია, მისი სიღრმე ათას ხუთას მეტრს აღწევსო. მღვიმის ფსკერზე გამაოგნებელი სიჩუმეა, თითქოს დედამიწის ძირისძირამდე ჩაგეღწიოს. პირველივე წუთებიდან შეგზარავს მდუმარება. ამის ატანა თურმე უფრო ძნელი ყოფილა, ვიდრე გაძლება ვერაფრის დანახვისა. ჩამიჩუმი არ ისმის. თუმცა, ისმის ჩვენი ფეხის ხმა და კიდევ – წვეთების ნელი ვარდნა, თითქოს თვით მღვიმის მინელებული გულის ფეთქვა იყოს.

 გგონია, რომ სამყარო ამოტრიალდა. იქ, ზევით, დედამიწას ირგვლივ შემოგრაგნია ცა – ეს რაღაც გამოუთქმელი, მოუხელთებელი და ლურჯი.

 აქ კი თავს გადმოგვმხობია მყარი ცა და ნაირგვარ ფორმებად გაქვავებულა. რა საოცარი ცა დაგვყურებს მღვიმეში! იქ, ზევით, ყველაფერი იცვლება, ღრუბლები მიდიან, მოდიან, ქრებიან... მღვიმის ცა წყლის ახირებაა და წყლისგანაა გამყარებული. ყვავილწნულები, ვეებერთელა კოკრები, აყირავებული ციხე-კოშკები!

კირქვის ქანებში გამონაჟონ წყალს მიწისქვეშეთის გამოცარიელებულ გულში ჩაუსახლებია თავისი ქმნილებანი. ასე შეიქმნა ეს შეშლილი და გახელებული ჯადოსნური ლაბირინთი. წარმოიდგინეთ, საუკუნეები მოანდომა ბუნებამ ამ საოცრების შეთხზვას.

 მღვიმის ძირიც ცის თაღსა ჰგავს (“მაღლა იგივეა, რაც დაბლა”, – უბრძანებია სვედენბორგს). უცნაური არსებანი ქვევით მიიწევენ, ერთმანეთს ეხებიან, უერთდებიან ზევითკენ ასხლეტილ ფორმებს. ასეა ლოცვის დროსაც: “ღვთისმოსავის სულსაც ხომ ასე სწყურია ღმერთთან შეერთება”, – ვფიქრობ ამის შემყურე.

 მღვიმე სასწაულებრივი ტაძარია, ოღონდ საკურთხეველი აქ ყველგანაა. გვერდით ადამიანები არიან,

  აქვეა რაღაც ნაგებობა. სტალაქტიტებში, რომლებიც ზეცისკენ მიისწრაფვიან, მოხელთებულია ადამიანთა უამრავი მოძრაობა, მიმოხრა: აგერ პირქვე ჩამხობილ ადამიანებს მთლად დაუფარავთ მღვიმის ფსკერი. იქით კი გაჯავრებულ კაცებს ბრაზით მაღლა აუშვერიათ მუშტები. რაღაც საბედისწერო იგრძნობა ყოველივე ამაში. აქა-იქ თითქოს ზღვიდან ამოზიდულან მაღალი კლდეები, ტალღების ორომტრიალიდან წამოწეულან და ჰაერში გამოკიდულან, თითქოს ქარს შეუჩერებია ისინი.

 იოსაფატის ველი მაგონდება. წმინდა წერილი ცოცხლდება თითქოს. აგერ ჩვენკენ მოემართება ვიღაც კაცი, უზარმაზარია და ძლიერი. ვინ იცის, ეგებ მოსე წინასწარმეტყველია? მის უკან ერთმანეთში გადახლართული რაღაც ფორმებია. შემოვტრიალდი და ვიღაცის შეშფოთებული მზერა ვიგრძენი. ოიდიპოსია თუ მეფე ლირი? ქარბუქში თმა აბურდვია. მოღრეცილ-მობრეცილი პირიდან თითქოს ვერ გამოუღწევია ყვირილს. ახლა კი დაჟინებით მაკვირდება ვიღაცის თვალები. სახე არსად ჩანს, მხოლოდ თვალებია, დანარჩენი უნდა იგულისხმო.

 ვაგრძელებთ გზას...

ახლა მღვიმე ნადირობის ეპიზოდებს გვაგონებს ჯადოსნური ზღაპრიდან, ფლობერს რომ აქვს აღწერილი მწირთა შემფარებელი წმინდა ჟიულენის ლეგენდაში, – ისეთს. ყალყზე შემდგარი კამეჩი ირქინება, გამანადგურებელი ნახტომისთვისაა გამზადებული. დამფრთხალი შვლები გარბიან, იქით ხარირმები ერთმანეთს შეხლიან ბოჯოჯღი რქებით; ჯიქები ჩასაფრებულან და გალურსულან... ჩვენს ფერხთით გველები დასარსალებენ, ზოგი შეგრაგნილია. ეს ხომ აფრიკული ტროპიკული ტყის საოცარი ბარელიეფია!

 ამ ნაირგვარ ხატებათა ორომტრიალში ადამსაც ნახავთ. სამოთხეში ცოდვით დაცემის შემდეგ მხეცები შემოსჯარვიან, ანთებული თვალები უელავთ და სადაცააგაგლეჯენ ამ უბედურს...

  ალაგ-ალაგ დახვეწილი, ნათელი ფორმები ჭარბობს. და მღვიმე მაშინ უკვე მძვინვარე მხეცთა სამყოფელს კი არა, უწყინარ და ნატიფ მცენარეთა სამყაროს ემსგავსება: მოშრიალე გვიმრები, ტანაშოლტილი ფიჭვები და კვიპაროსები, გახელებით რომ მიილტვიან შეუცნობელი სიმაღლეებისკენ. მათ ქვეშ აშლილი ბალახი და ჩირგვნარია. თითქოს ეს ყველაფერი ნამქერითაა წაქირსლული, თითქოს დიდხანს ეთოვოს და ფოთლებს სქლად დაჰფენოდეს ფანტელი. ამ გარინდულ გარემოში რომ ვარ, დათოვლილ ტყეში მგონია თავი. სული მეხუთება, მინდა ფეთიანი ელდაქარი ამოქანდეს, ახვეტოს თოვლი, ნამქერად აქციოს და მიხსნას უცნაურ ხილვათაგან, რომელთაც ეს სითეთრე და სიჩუმე იწვევს.

 აქ ბოტორო ჰაერია, შესქელებული, როგორც ტროპიკულ ტევრში.

წინ მივიწევთ და თითქოს სიზმრის გაუხშოებულ ჰაერში შევაბიჯეთ. ზევითკენ მიმართული ეს ფორმები დროდადრო წააგავს ათას ხელს, ღვთისთვის შესაწირის მისართმევად მაღლა აწვდილს. ჰო, ესაა ვეებერთელა სამსხვერპლო რომელიღაც გულცივი ღვთაებისა: ლარნაკები, ამფორები, კვერთხები – ყველაფერი, რითაც ღვთის წყალობის მოპოვებას ლამობენ. ვინ იცის, ეგებ ამ ადამიანებს, მთელ ქალაქს ღვთის რისხვა დაატყდა მიუტევებელი ცოდვებისთვის... განწირულება და სასოწარკვეთა იგრძნობა ზეცისკენ ამაოდ აწვდილ ხელებში. მოელი, რომ ვიღაც წაიქცევა, ვიღაც დაეცემა, განადგურდება.

 სრული სიჩუმეა, მაგრამ სიკვდილის მდუმარება მაინც სხვაა. მღვიმეში ყოველი არსება სისხლსავსეა, მაგრამ სხვაგვარია, განსხვავებულია ჩვენი სამყაროსგან. უნებურად გახსენდება შვიდი მძინარე ჭაბუკის ლეგენდა. მთამ შვიდივე ქვეშ მოიყოლა ისე, რომ არაფერი დაუშავებია მათთვის, თითქოს მსუბუქი რიდე წაეფარებინოს. გამოხდა საუკუნეები და გათხრების წყალობით გამოჩნდა შვიდი მიძინებულის

 სხეული, საოცრად თეთრი და საღი შვიდი სხეული! ძილით გაბრუებული ჭაბუკები ძლივს შესამჩნევად სუნთქავდნენ. სიკვდილი არ შეხებია მათ. ისინი მზის ამბორმა, მზის სითბომ გამოაფხიზლა. ამ უტყვ სტალაქტიტებშიც იგრძნობა შეგუბებული ძალა, შეკავებული ძლიერი სუნთქვა. უკანმოუხედავად ჩავიარეთ ყველა დარბაზი და გვგონია, რომ ჩვენს ზურგს უკან ეს გაქვავებული არსებანი ცოცხლდებიან, იშმუშნებიან... შორიდან თითქოს მოისმის, შვებით როგორ ამოისუნთქეს.

მღვიმეში რომ მარტო მოვსულიყავი (ადამიანი ხომ თავის თავთან უფრო გულახდილია), ასე არ ავჩქარდებოდი და აღტაცებით გაცისკროვნებულ ჩემს თვალებს რომ იხილავდა, მღვიმე გაცოცხლებას მოინდომებდა. ჩავჯდებოდი ამ მშვენიერი ფერხულის შუაგულში, რომ ჩუმად მემზირა მათთვის, მემზირა საათობით, დღეობით, სანამ არ დაირღვეოდა ეს შეუვალი მდუმარება... და მაშინ ჩემი ანთებული მზერით გამთბარი ხეები უეცრად გამოერკვეოდნენ გაოგნებისგან; ცხოველები ხტუნვას მოჰყვებოდნენ და ბოლოს მათი ხახიდან ვეება მძიმე წვეთივით გამოაღწევდა დიდი ხნის შეკავებული სიტყვა; მთვარიდან თითქოს იაკობის კიბით ჩამოვიდოდნენ იქაური მკვიდრნი და დატრიალდებოდნენ ჩემ ირგვლივ. უფრო კი ვიოცნებებდი, მღვიმის სიღრმეში ვყოფილიყავი, რომ მესმინა სრული სიჩუმე, რომელსაც არ არღვევს წვეთების ხმა. წვეთები ხომ კაპუნით ადასტურებენ საოცრებას სრული სიჩუმისას. დამეწმინდებოდა და გამიმახვილდებოდა ყურთასმენა, აწეწილი სამყაროს ფორიაქმა და აზრმიუტანელმა სიხარბემ რომ დამიხშო. ეს ისეთი სიჩუმე იქნებოდა, რომ სრულიად ვერაფერს გავიგონებდი, თითქოს დოლბანდი ასკეცად მქონოდეს თავზე შემოხვეული. არა, უფრო სრული სიჩუმე იქნებოდა, სიჩუმე სიკვდილისა, რომელსაც ცოცხლები ისმენენ.

 ეს ყოვლისმომცველი მდუმარება თუ დამამძიმებდა, აი ისე, ზღვის წყალი რომ სიმძიმედ აწვება ფსკერისკენ დაძრულ მყვინთავს, მაშინ მუსიკით შევატბორებდი    მღვიმის სიღრმეს. სიმფონიის ენაზე შეიძლება საოცარ ფორმათა ამ სამყაროს გადატანა: აი, ეს კოშკები ცივ და მაღალ ბგერებს გამოსცემენ, ეს გუმბათი მკაცრი და ტევადი აკორდია, ერთმანეთში გადახლართული ბალახბულახი მუსიკალური ტონების შეთამაშებაა. ეჰ, რომ არაფერი მაფერხებდეს, დაუბრკოლებლივ რომ შემეძლოს ამ ღვთაებრივი სიჩუმით ტკბობა, სულაც არ დავიღლებოდი, ისე გარდავქმნიდი მუსიკალურ ჰარმონიად ამ უსიერ ტევრს.

 ვუმზერ და ვუმზერ ამ საკვირველ არსებათა მოყვანილობას. მიწის ზევით არსებულ ფორმათაგან თუა რომელიმე აქ დავიწყებული? არცერთი! წყალმა, რომელსაც თითქოს შექსპირის შემოქმედებითი ნიჭი აქვს მიმადლებული, გამოაქანდაკა ყოველი მათგანი! ხან ბუნებას მიბაძა, ხან კაცთა ნახელავს მიამსგავსა. აი, დიდგვაროვანთა ძველებური სავარძელი, ოდნავ იქით რაღაც არის მაღალი ციხე-დარბაზის მსგავსი.

 აქ, ამ მღვიმეში გავიგე, რა ყოფილა ბუნების წარმოსახვა.

 მღვიმე დაბრმავებული მილტონივითაა. მღვიმე ოცნებობდა მშვიდობაზე მზისქვეშეთში და გახელებული ქმნიდა ყველაფერს, რისი ჩასახვაც მოინდომა წყალმა მიწის წიაღში. ქვის არსებათა ამ სიმრავლეში, სადაც ყველა და ყველაფერი შეიძლება შეგვხვდეს, მგონია, იმათაც ვნახავ, ვინც კარგახანია სულის საუფლოშია. კიდევ რამდენიმე საათს რომ დავრჩენილიყავი, აგერ, ამ ჩაბნელებული კუთხიდან გამოვიდოდა ჩემი გარდაცვლილი დედა. ამ შეუძვრელ კედლებს თუ ავაყოლებდი მზერას, საკუთარ სახესაც ვიხილავდი! და ასე მგონია, ჯერ კიდევ სრულად ფრთა არ შეუსხამს მღვიმის ყველა ოცნებას, ჯერ არ დასრულებულა ყველაფერი, ქმნადობა გრძელდება! წვეთავს წყალი და ქმნის რაღაცას. დავიარებით და დაგვყვება მძიმე წვეთების შენელებული ხმა. არა, უკან მოგვდევს გესლიანი ქილიკით.

 ელექტროშუქი მეტისმეტად მკვეთრად, უხეშად ანათებს სტალაქტიტებს. მთვარემ რომ იცოდეს მღვიმის   ამბავი, ძალიან მოუნდებოდა მიწისქვეშეთის განათება თავისი ლურჯვერცხლა შუქით, არა, ოქროვერცხლა თუ თეთრვერცხლა შუქით.

 უსიცოცხლო სიფითრე ამ მიწისქვეშა ხედებს უბიწო სიმკაცრის იერს ანიჭებს. სითეთრე და სინაცრისფრეა ირგვლივ. და თითქოს რომელიღაც სხვა პლანეტის სანახებით მონუსხულები დავბორიალობთ. გზადაგზა ერთმანეთს გადავულაპარაკებთ ხოლმე, შევეძრახებით, ხმას გავაგონებთ, რომ არ შევიშალოთ ამ სასწაულისგან.

 ოდესმე ამ მღვიმის შორიახლოს ქალაქი წამოიმართება. უამრავი დიდებული ტაძარი რომც ააგონ იმ ქალაქში, მღვიმეში მაინც მოვლენ მოუსვენარი ადამიანები, ჩავლენ თეთრად გაქვავებულ წიაღში, რათა ცხადად იგრძნონ სიკვდილის სუნთქვა. ღვთისკენ აღვლენილ ლოცვათა შორის მათი ლოცვა იქნება ყველაზე უფრო ამაღლებული, ყველაზე მეტი სინანულით აღსავსე. ღვთის სადიდებელი ყველაზე დიადი საგალობელი ეგებ სწორედ ამ სტალაქტიტებიან საკურთხეველთან იშვას, ეგებ სწორედ აქ ამოთქვას იგი კაცთა ბაგეებმა. ადრე ღმერთს ვგრძნობდი მხოლოდ მაშინ, როცა ვარსკვლავებით მოჭედილ უძირო ცას შევყურებდი. ახლა კი აგერ სხვა სიღრმეა, რომელმაც შეიძლება ცნობა დაგაკარგვინოს.

  ბავშვობაში დედას ვკითხავდი ხოლმე, რა არის-მეთქი მიწის ქვეშ. ის კი მიპასუხებდა: “იქ ბნელა, იქ საშიშია”. ჰოდა, დედაჩემო, როგორც იქნა, ვიხილე დედამიწის წიაღი: იგი საშოსავითაა, უზარმაზარი ყვავილითაა ამოვსებული, მასში ნაირ-ნაირი ფორმებია დახვავებული. და ამ სულისშემძვრელ სილამაზეში მივაბიჯებ სუნთქვაშეკრული.

 მღვიმიდან გამოვედით... სახეზე მოგვეფათურა შუადღის ცის სილურჯე. თვალებს უნებურად ვჭუტავთ, ნაავადმყოფართ ვგავართ, თითქოს გამომჯობინებისკენგვექნას პირი.

 

 

ცოტა რამ კეჩუას შესახებ

 

 პერუს ცენტრალური ქედის ღრანტეებიან კალთებზე, აკიბულ კლდეებში, სადაც გახსნილი ციდან იღვრება ანდების გამჭვირვალე შუქი, დიდი ხნის წინათ ცხოვრობდა კაცობრიობის ყველაზე გამოუცნობი, ყველაზე იდუმალი ხალხი – კეჩუა. ეს ხალხი ინკების გულისგული იყო. სწავლულთა ხანგრძლივი და რთული კვლევა-ძიების მიუხედავად, დღესაც ძალიან ცოტა რამ ვიცით კეჩუას წარმოშობის შესახებ. დღემდე ვერ გაურკვევიათ, თავისი ათასწლიანი ისტორიის მანძილზე როგორ მოახერხა ამ ხალხმა მწყობრი სახელმწიფო სტრუქტურის ჩამოყალიბება, როგორ შექმნა ის, რასაც ინკების იმპერიის სასწაულს უწოდებენ.

ინკა გარსილასოს ან პრესკოტას რომ კითხულობ, გჯერა და არც გჯერა, ორჭოფობ: ნამდვილად ისტორიული დოკუმენტებია, ინდურ-ამერიკული სინამდვილის მეცნიერული გააზრებაა, თუ ესაა საოცარი ჯადოსნური ზღაპარი ოქროს ხანისა.

ეს ხალხი – ბრძენი და ბავშვივით მიამიტი, თვითმყოფადი და თანაც ტექნიკური ნიჭით გამორჩეული, იმპერიული ზრახვების მქონე და ამასთანავე მშვიდობისმოყვარე – სასიცოცხლო ძალას პოულობდა საკუთარ წყობაში; სიცოცხლეს პოეტურად აღიქვამდნენ, საამისოდ ერთმანეთისგან გაუთიშავი ორი წყარო ჰქონდათ: ზეციურ მნათობთა თაყვანება და არისტოკრატიზმის სწორი გაგება, ანუ იერარქიულობის მიჩნევა იმპერიის აყვავებისა და საერთო კეთილდღეობის საფუძველთა საფუძვლად. ზეცას აღმერთებდნენ და შეძლეს ასტრალურ და ატმოსფერულ ღვთაებათა მწყობრი იერარქიული ჯაჭვის შექმნა. ამ დროს მათი მეზობელი ტომები თაყვანს სცემდნენ ცხოველებს და მშვიდად შეექცეოდნენ ადამიანის ხორცს. ინკები მმართველი არისტოკრატიაა: ღვთისმსახურები და ქურუმები. ისინი მზის შვილებად მიიჩნევდნენ თავს და მთელი მათი პანთეონი – მამად შერაცხილი ვარსკვ

ლავიდან დაწყებული და ცისარტყელითა თუ ელვით დამთავრებული – ზეციურისა და მიწიერის ღრმა გააზრებაზე მეტყველებს.

 ბავშვივით გულუბრყვილონი კი იყვნენ, მაგრამ კეჩუას რელიგია აზიელ ხალხთა რწმენაზე უფრო მთლიანი და ჰარმონიული იყო. ოღონდ ეს არ ეხება ინდოელებს, რომელთაც ბუდიზმი შექმნეს.

ინკების იმპერია გადაჭიმული იყო დღევანდელი კოლუმბიიდან ჩილემდე, წყნარი ოკეანიდან ბოლივიის აღმოსავლეთ კიდემდე, ლამის არგენტინამდე. ამ უზარმაზარ სივრცეს იმპერია უომრად დაეპატრონა. ინკები მეზობელ ინდიელთა ტომებს იპყრობდნენ გასაოცარი ხერხით: მამაშვილური კეთილმოსურნეობით. დამპყრობელნი ფლობდნენ რაღაც უჩვეულო მაგიას, რომელიც ერთგულ სამსახურს უწევდა მათ; როცა უზენაესი ინკა თავისი ამალიანად სამეგობრო-საზეიმო ვიზიტით ეწვეოდა მომიჯნავე მიწების მფლობელთ, სტუმრები საუბარს იწყებდნენ თავიანთ აღმატებულებაზე, იმპერიაში დამკვიდრებულ სიქველესა და ძალმოსილებაზე. ინკები მეზობელ ჩამორჩენილ ტომთა მიმხრობას ცდილობდნენ და დამხვდურები ყოველთვის თავიანთი ნებით მიუერთდებოდნენ ხოლმე მათ.

 ჩვეულებისამებრ, ველურებს ჯერ შეაგონებდნენ, მერე იმორჩილებდნენ ასეთი მშვიდობიანი ლაშქრობებით. სიტყვით უფრო იმარჯვებდნენ, ვიდრე – იარაღით, ზუსტად გათვლილი პოლიტიკით უფრო, ვიდრე – ძალით.

 კეჩუას ხალხი დღევანდელ ყველანაირ ხელობას იყო დაუფლებული. მიწას ისე ამუშავებდნენ, ისეთი მოსავალი მოჰყავდათ, რომ საზრდო უხვად ჰქონდათ. სახნავ-სათესი მიწა ორჯერ მეტი იყო, ვიდრე ესპანეთის ბატონობის ჟამს.

 კეჩუა აზიელს ჩამოჰგავდა, საოცარი მოთმინებითა და შრომისუნარიანობით გამოირჩეოდა. მათ შემოიღეს მიწის დამუშავება მიწაყრილსა და ოროკოზე; ანდებში,

თავიანთ სამფლობელოში, კლდეებსა და უღალო, ალქატ მიწაზე იწევდნენ უხვ მოსავალს. ეს ადგილები თვითონ აირჩიეს, ტროპიკულ პოხიერ მიწებს ამჯობინეს. სუფთა ჰაერი და თავიანთ სათაყვანებელ ზეცასთან სიახლოვე სურდათ. ამიტომ განერიდნენ დახაშმულ დაბლობს.

 კეჩუამ – თავისი ისარივით მოუდრეკელმა, ხმელ-ხმელმა და მთის კაქტუსივით მკვრივმა, ვულკანურ ქვასავით გამძლემ და ამტანმა – მთის სერები გადააქცია ტერასებად განლაგებულ თვალუწვდენელ სიმინდის ყანებად და კარტოფილის ნათესებად, ბოსტნეულისა და ხილის ბეღლად. ჩვენ რომ უბირი გვგონია, იმ ადამიანს მიაჩნდა, რომ დაუმუშავებლად მიშვებული მიწა – ესაა შეურაცხყოფა მზისა, ინკის უზენაესი ხელისუფლისა, და მისთა ძეთა. 3488 მეტრის სიმაღლეზე მიწის სარწყავად მდინარეები რაკი არ იყო, მიუდგომელ ადგილებში მოსავლის მოსაწევად კეჩუას უნდა მოეფიქრებინა, უნდა აეგო და სანიმუშო წესრიგში ჰქონოდა სარწყავი სისტემა; უნდა გაეყვანა სარწყავი არხები, მთის ნაკადების გადასაგდები ღარები და კანალიზაციისთვის კლდეებში გაჭრილი თხრილები. ეს ყველაფერი მოისაზრა და შექმნა კეჩუამ.

 როცა რაიმე შემოაკლდებოდათ, მთებში როცა აცივდებოდა, ბარიდან ეზიდებოდნენ საქონელს, ბამბასაც კი. როცა საჭირო შეიქნა ანდების სამეფოს გაფართოება, ვრცელი ვაკეები და სუბტროპიკული ველები მიიერთეს.

 თავისი დედაქალაქის, კუსკოს, მაღალ ქარაფზე ავიდოდა უზენაესი ინკა, მზერას მიმოავლებდა იმ მიწებს, რომელთაც ანდები გადაჰყურებდა, და ახალ დაპყრობათა გეგმებს სახავდა, უკვე თავის ხელქვეითებად ეგულებოდა მეზობელი ტომები.

იმპერიას, რომლის სახელწოდება იყო ტაუანტინსუიუ, ანუ “ქვეყნის ოთხივე კიდე”, მჭიდრო ურთიერთობა ჰმართებდა ახალშემოერთებულ მიწებთან. აუცილებელი შეიქნა ახალი გზების გაკვალვა. ქვეყნის

წმიდათაწმიდა გულიდან, ქალაქ კუსკოდან, გამოსული გზების ქსელს რომ მოეცვა მთელი იმპერია, – უნდა დაეღრღნათ, გამოეხრათ, გაეპოთ ანდების გოროზი ქედი. და ეს შეძლეს ინკებმა.

 იმპერიის კიდით კიდემდე ვეებერთელა მახრჩობელა გველივით მიიგრაგნებოდა შარაგზა, მიიკლაკნებოდნენ და მიიხლართებოდნენ გზაწვრილები და ბაწარა ბილიკები; თეთრად ბლანდავდნენ, ერთი მეორეს აკერებდნენ ტერიტორიებს, ჯიბეში უძვრებოდნენ კორდილიერებს, უფსკრულებზე გადებული და ჰაერში გამოკიდული ბონდებით იმპერიის მაცოცხლებელ გულს, ღვთაებრივ კუსკოს, უკავშირებდნენ კიტოსს, ჩიბჩას, ჩანგოს და სხვა ხალხებს. სწორედ კუსკოში იყო აღმართული მზის მთავარი ტაძარი და მზიური ინკის სასახლე. მოკლედ, კეჩუას ხალხმა შექმნა რომაელთა მსგავსი ცოცხალი ორგანიზმი სისხლის მიმოქცევის ისეთი სისტემით, რომ ეს ყველაფერი ჯადოსნურ ზღაპარს უფრო წააგავს, ვიდრე სინამდვილეს. და მაინც... ეს სინამდვილეა.

 შემოერთებული ტომები რომ მორჩილნი ყოფილიყვნენ, ინკებს უნდა აღმოეფხვრათ მათი ველური ზნე-ჩვეულებანი და საკუთარი ცხოვრების წესი თავს უნდა მოეხვიათ მათთვის. იმათი ღმერთები დათრგუნეს, რათა თავიანთი რელიგიის თესლი ჩაეთესათ ქვეყნის ოთხივე კიდეში. გზები ცოცხალი არსებებივით გამოადგათ, გზებმა კარგად აღჭურვილ არმიაზე დიდი სამსახური გაუწია ინკებს.

 იდუმალებით მოცულმა ინკების კასტამ უფრო მეტის მიღწევა მოინდომა. საქმისთვის თავის გართმევის საოცარი ნიჭით დაჯილდოეულმა ხალხმა, რომელსაც რელიგია მატრიარქალური ჰქონდა, ყოფა კი პატრიარქალური, – გაბედა და შეუძლებელი შეიძლო: ბოლო მოუღო სიღატაკეს, რომელიც ადამიანს პირუტყვად აქცევს. ინკებმა მოიწადინეს, და კიდეც აღასრულეს თავიანთი გაბედული განზრახვა, წარმოუდგენელ შედეგს მიაღწიეს. ტაუანტინსუიუში უსაქმურს არ დაედგომებოდა: ყოველი ადამიანი

შრომობდა, ორ ხელობაში თუ არა, ერთში მაინც უნდა გაწაფულიყო. საყოველთაო შრომა იყო გაჩაღებული. საგანგებო გაწვართულობასა და დაოსტატებას მოითხოვდნენ კაცისგანაც და ქალისგანაც. მოხუცები თავისუფლდებოდნენ ჯაფისგან. ისლით გადახურული ჭერი ყოველ ოჯახს იცავდა ანდების სუსხისაგან; ტანთ ეცვათ ბამბის თბილი და ფაფუკი სამოსი; საღი და გემრიელი საკვები – სიმინდი, კარტოფილი, ხილი – მზის ყოველ შვილს მაძღრისად ჰქონდა მოსავლიან წლებშიც და მოუსავლიანშიც. ცხადია, ამ თვითმპყრობელურ სახელმწიფოში არც უშფოთველობა იყო და არც სამოთხის იდილია. იყო სიმკაცრე რელიგიურ სფეროშიც და სახელმწიფოებრივშიც. უზარმაზარ ტერიტორიაზე, რომელსაც ვეება კონტინენტის მეოთხედი, მთელი ამერიკის ცალი მხარე ეკავა, ინკებს ადამიანები უზრუნველყოფილი ჰყავდათ ჭერით, საზრდოთი, სამოსით. მაგრამ ამას სულაც არ მიიჩნევდნენ თავიანთ დიდ დამსახურებად.

 სწორედ ამიტომ ტაუანტინსუიუს სახელმწიფოში მაგარი ხელი, კაჟივით მაგარი წესრიგი იყო საჭირო.

 ადამიანების შეუსვენებელი ჯაფა მიუწვდომელი ანდების მთელ გაყოლებაზე საღვთო საქმიანობად მიიჩნეოდა. მუხლჩაუხრელად შრომობდნენ: მაღაროებში ქვას ტეხდნენ, ისე რომ არც ხვეწი ჰქონდათ, არც სახვრეტელა, არც ბურღი. მწირ და უყ მიწას საგულდაგულოდ ამუშავებდნენ, ისე რომ გუთანი და სახნის-საკვეთი არ იცოდნენ რა იყო.

 და მაინც, ეს მკაცრი იმპერია ჰუმანური და სამართლიანი იყო ორი თვალსაზრისით: მისი რწმენა ვარსკვლავთმრიცხველობას ეფუძნებოდა და მისთვის უცხო იყო ადამიანის მსხვერპლად შეწირვა, შემზარავი რიტუალები. შრომა და გარჯა სულ ხუთიოდ ძირითად საქმიანობას მოიცავდა და ადამიანები შრომას მიიჩნევდნენ სახალისო, საზეიმო საქმედ.

 კეჩუას ჰქონდა თავისი თეატრი: ეპიკური, სახალხო, ამავე დროს რელიგიურიც. მშვენიერ ფერად ქსოვი

 ლებს ქსოვდნენ და ამ ხელობაში ძველ ეგვიპტელებსაც კი წააჭარბეს. კეჩუამ, ამერიკის ჩინელებმა, მგრძნობიარე მარჯვე ხელითა და გაწაფული თვალით მოახერხეს ისეთი კერამიკის შექმნა, ეტრუსკულ და ასირიულ კერამიკას რომ არ ჩამოუვარდებოდა. და კიდევ: წარმართული იდუმალი რწმენის წყალობით სრულყოფილებას მიაღწიეს ცეკვაში: რელიგიურშიც და საეროშიც. დღეს კი ყოველივე ამისაგან შემორჩენილია მოცეკვავის ტანზე ჩამოკონკილი ძონძები და ძველებური საკრავის გულისმომწყვლელი ჰანგი. ინდიელთა რასის სულიც დაითრგუნა და სხეულიც. პირადად მეც ვარ მათი სამარცხვინო და სავალალო ბედით დაღდასმული.

 ყოველივე იმის გარდა, რისი მოყოლაც მოვასწარი, ინკების ბრძნულმა და რთულმა იმპერიამ შექმნა განსაცვიფრებელი გაერთიანება ღირსებით აღსავსე მოხელეებისა. მსგავსი რამ არც ბერძნებს ჰქონიათ, არც რომაელებს. ამ მოხელეთ ამაუტა ეწოდებოდათ. მათ მრავალმხრივი მოვალეობა ეკისრებოდა: ამაუტა წერდა ქალაქის ცხოვრების ქრონიკებს, ანუ ჟამთააღმწერლის მისიას ასრულებდა; ინდიელთა თეოკრატიის შესაფერისად, იგი იყო რელიგიური მოძღვარიც. ამაუტა მხატვრული კითხვის ოსტატიც იყო, ხშირად თვითონაც თხზავდა ლექსებს.

 რა შესანიშნავი საქმიანობაა, რა მშვენიერი ხელობაა! ამაუტა იყო შთამაგონებელი და წარმმართველი სახალხო დღესასწაულებისა და ზეიმებისა. დღეს ვიტყოდით, რომ იგი სიხარულს საზრდოდ აწვდიდა ხალხს. ამაუტას საქმიანობა საპატიოდაც ითვლებოდა და მიმზიდველადაც... ყველა შესაძლო ხელობათაგან მხოლოდ ამაუტასი შემშურებია. ვწუხვარ, რომ იგი აღარ არსებობს.

როგორც ხედავთ, ინკების იმპერიამ იცოდა, როგორ დაეკმაყოფილებინა მოთხოვნილებანი ყველა კასტისა (ანუ დღეს რომ ვხმარობთ უვარგის სიტყვას – “მასებისა”). ამიტომ დაბეჯითებით ვამბობ, რომ რკინისებურ სახელმწიფო წყობას თან ახლდა სიკეთე და სიქველე, ჰქონდა ჟამი შესვენებისა და ჟამი უზენაესი ნეტარებისა.

 

 

ლიტერატურაში ნობელის პრემიის

გადაცემის დროს საზეიმო ცერემონიაზე

წარმოთქმული სიტყვა

 

 პატივი მაქვს მოგესალმოთ, თქვენო სამეფო უდიდებულესობავ, პრინცებო, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებო, შვედეთის აკადემიისა და ნობელის ფონდის წევრებო, სახელმწიფო და საზოგადო მოღვაწენო!

 დღეს შვედეთმა ყურადღება მიაპყრო შორეულ ამერიკის იბერიას, რათა მისი კულტურის მრავალ მოღვაწეთაგან ერთ-ერთის სახით განადიდოს იგი. კაცობრიობის კეთილდღეობის მოსურნე ალფრედ ნობელის სულს ეამებოდა, რომ მისი კეთილი ღვაწლი – კულტურული ცხოვრების მფარველობა – გადასწვდა ამერიკის კონტინენტის სამხრეთსაც, რომელსაც ერთხანს ხეირიანად არც იცნობდნენ აქ.

 მე, ჩილის დემოკრატიის შვილი, დიდად ამაღელვა შვედეთის დემოკრატიული ტრადიციების ამ გამოვლენამ. თავისებურება თქვენი ქვეყნისა – ესაა სოციალურ მიღწევათა წყალობით განუწყვეტელი განახლება. დრომოჭმულისაგან თავის დაღწევისა და ყველაზე ღირებულის შენარჩუნების გზით ტრადიციათა დახვეწას, აწმყოს გულგახსნილად მიღებას და მომავლის შეგებებას – ამას ყველაფერს ჰქვია შვედეთი, ეს ყველაფერი ევროპის სიამაყეა და მისაბაძ მაგალითად გამოადგება ამერიკის კონტინენტს.

ახალგაზრდა ხალხის შვილი მივესალმები შვედეთს, მივესალმები ამ ქვეყნის სულიერი გზის გამკვალავთ, რომელთაგან არაერთხელ მიგრძვნია მხარდაჭერა. მინდა პატივი მივაგო ამ ქვეყნის სწავლულთ, სულიერი და მატერიალური საგანძურით რომ ამდიდრებენ ქვეყანას. მინდა მოვიგონო ბევრი მასწავლებელი, ჭეშმარიტად სანიმუშო სკოლების შემქმნელნი; გულწრფელი სიყ

 ვარულით მივმართავ სხვა პროფესიის ადამიანებს: მშრომელებს, ხელოსნებს, მიწათმოქმედთ.

 მე წილად მერგო ბედნიერება, რომ ამ წუთებში მოგაწვდინოთ ჩემი ქვეყნის შემოქმედთა ხმა, ხმა სამხრეთ ამერიკის პოეტებისა, ორი დიდებული ენის – ესპანურისა და პორტუგალიურის – მესაიდუმლეთა! ისინი მოხარულნი არიან ჩრდილოეთის მკვიდრთა ზეიმზე მოპატიჟებისათვის. თქვენი ცხოვრება ხომ, აგერ ათასი წელია, წარმოუდგენელია ხალხური სიტყვისა და პოეზიის გარეშე.

 უფალი ღმერთი ფარავდეს თქვენი შესანიშნავი ხალხის ნაღვაწს, მის შემოქმედებას და განამტკიცებდეს აწმყოსთვის თვალის გასწორების უნარს უძლეველი ზღვაოსანი ხალხისას.

 ჩემს სამშობლოს, რომლის წარმომადგენლად აქ ბრძანდება დიდად პატივცემული ჩვენი მინისტრი გახარდო, შვედეთთან აკავშირებს მოწიწება და სიყვარული.

აქ გახლავართ, რათა მადლობა მოგახსენოთ ჩვენი ქვეყნის მიმართ გამოვლენილი განსაკუთრებული კეთილმოსურნეობისათვის. ჩილე არ დაივიწყებს თქვენს დიდსულოვნებას და მუდამ ექნება ყველაზე ნათელ მოსაგონრად.

 

შენიშვნები

გვ. 3

    გაბრიელე დ’ანუნციო (1863-1938) იტალიელი პოეტი, პროზაიკოსი, დრამატურგი. ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი.

 ფრედერიკ მისტრალი (1830-1914) პროვანსელი პოეტი, ნობელის პრემიის ლაურეატი (1904).

გვ. 39

 დავითი ისრაელის პირველი ცხებული მეფე, ფსალმუნთა ავტორი, წინასწარმეტყველი, ბეთლემელი იუდეველის, იესეს, უმცროსი ვაჟი.

გვ. 43

 ველასკესი დიეგო დე სილვა (1599-1660) ესპანელი მხატვარი, ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო კოლორისტად მიჩნეული. “ველასკესის ტილო” – იგულისხმება მისი ცნობილი ჯვარცმა.

 ლონგინოზ ასისთავი ტრადიციულად მიჩნეულია, რომ ლონგინოზი ერქვა რომაელ ასისთავს, რომელმაც “ლახურითა უგმირა გუერდსა” ჯვარცმულ მაცხოვარს. იოანეს სახარებაში, სადაც ეს ამბავია აღწერილი, მისი სახელი ნახსენები არ არის. სახელი ლონგინოზი გვხვდება პილატეს აქტებში. საქართველოში უძველეს დროშივე იყო თარგმნილი წამებაY ლონგინოზ ასისთავისაY, რომელშიც აღწერილია ლონგინოზის სინანული და ქრისტეს რწმენისთვის მოწამებრივი სიკვდილი.

 

გვ. 55

 “შროშანი, რომელსაც ქრისტეს მოძმედ მიიჩნევენ” – გამოძახილია სახარების მუხლისა (მათე 6, 28; ლუკა 12, 27), სადაც ქრისტე მოძღვრავს მოწაფეებს, რომ მიბაძონ შროშანს ველისას.

გვ. 63

 არაუკა მდინარე კოლუმბიაში, ვენესუელას საზღვართან, მდ. ორინოკოს შენაკადი. არაუკა ეწოდება პატარა ქალაქსაც კოლუმბიის აღმოსავლეთ მხარეს.

გვ. 69

 სოლომონი ისრაელის მეფე, დავით წინასწარმეტყველის – ისრაელთა ცხებული მეფის, ფსალმუნთა ავტორის, ძე. მის დროს აყვავდა ისრაელის სამეფო. ტრადიციულად სოლომონი მიიჩნევა ბიბლიის რამდენიმე წიგნის ავტორად (“ქებაჲ ქებათაჲ”, იგავნი სოლომონისნი და “ეკლესიასტე”).

 თომა კემპიელი (1380-1471) ასკეტიკოსი და მისტიკოსი, ავტორი ცნობილი თხზულებისა – ბაძვა ქრისტესი, რომელშიც რჩევებია ადამიანის სულიერი სრულყოფისა და ამაღლებისათვის.

 სამი მოგვის სახელი იგულისხმება აღმოსავლეთიდან ყრმა იესოს თაყვანისსაცემად მოსული სამი მოგვი, რომელთაც ვარსკვლავი მოუძღოდათ. მათეს სახარებაში, სადაც მოგვთა თაყვანისცემა არის გადმოცემული, მათი სახელები არაა ნახსენები. ტექსტი მიგვანიშნებს, რომ ქვიშას ბევრ იდუმალებაში შეუძლია შეღწევა.

  ტრადიციის თანახმად, აღმოსავლელ მოგვთა სახელები იყო: მელქიორი, ბალთაზარი და გასპარი.

 გვ. 70, 87

 იაკობის ქვა, იაკობის კიბე, ბიბლიაში მოთხრობილია, რომ ებრაელთა პატრიარქმა იაკობმა, მამამისის, ისააკის, დავალებით თავისი დედის ძმასთან გზად მიმავალმა ლოდი დაიდო სასთუმლად და დაიძინა. სიზმრად იხილა ჩვენება: კიბე, რომელიც მიწიდან ზეცას სწვდებოდა და ზედ ანგელოზნი აღვიდოდეს და გარდამოვიდოდეს”.

გვ. 70

 მათუსალა ებრაელთა ერთ-ერთი პატრიარქი, რომელმაც 167 წლის ასაკში შვა ვაჟი სახელად ლამექი, ამის შემდეგ იცოცხლა კიდევ 782 წელი. მისი სახელი ხანგრძლივი სიცოცხლის სინონიმად იქცა.

 ლოთის გაქვავებული ცოლი ბიბლიის თანახმად (დაბადება, 19, 25-26) უფალმა ღმერთმა გააფრთხილა სოდომის მკვიდრი, ლოთი, რომ ქალაქს რისხვას დაატეხდა და ურჩია ცოლ-შვილით უნდა გარიდებოდა იქაურობას, თანაც უბრძანა, უკან არ მოეხედათ. როდესაც სოდომს ზეცით დაატყდა ცეცხლი, ლოთის ცოლმა უკან მოიხედა და გაქვავდა, “იქმნა იგი ძეგლი მარილისა”.

გვ. 72

 ბოოსი და აბრაამი ებრაელთა პარტიარქები.

გვ. 75

 გვადალახარა მნიშვნელოვანი ქალაქი მექსიკის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში.

გვ. 77

 ბლეზ პასკალი (1623-1662) ფრანგი მათემატიკოსი, ფიზიკოსი, ფილოსოფოსი და მწერალი. 18 წლისამ გამოიგონა არითმეტიკული მანქანა. 1654 წლიდან, მისტიკური ექსტაზის შემდეგ, ქრისტიანული რელიგიის აპოლოგეტად იქცა.

გვ. 79

 კეცალკოატლი ცენტრალური ამერიკის ინდიელ ტომთა უზენაესი ღვთაება. ტოლტეკების, ომლეკების, აცტეკების მითოლოგიაში კეცალკოატლის მრავალი ასპექტი ვლინდება. მითის თანახმად, მან მიატოვა ტოლტეკთა ქალაქი და აღმოსავლეთით, ოკეანის მიღმა გადაიხვეწა, თან ხალხს აღუთქვა, რომ დაბრუნდებოდა. ატლანტიდის ოკეანიდან შემოქროლილი ქარი კეცალკოატლის სუნთქვად მიაჩნდათ. ეს რწმენა იმდენად ძლიერი იყო, რომ პირველ ხანებში ატლანტიკის სანაპიროზე გადმომსხდარი ესპანელი კონკისტადორები და მათი წინამძღოლი – კორტესი თვით კეცალკოატლი და მისი ამალა ეგონათ. გაბრიელა მისტრალის ტექსტში – ქარი როგორც კეცალკოატლის სუნთქვა – ინდიელების მითოლოგიურ წარმოდგენათა გამოძახილია.

გვ. 84

 სვედენბორგი ემანუელ (1688-1772) შვედი მეცნიერი, დამფუძნებელი იყო მეცნიერების არაერთი დარგისა. სამყაროს სულიერი სტრუქტურით ინტერესდებოდა. 56 წლის ასაკში უეცარი ცვლილება მოხდა მის ცხოვრებაში: ზეგრძნობადი ცნობიერება და ნათელხილვა გაეხსნა. ამიერიდან იწყო წმინდა წერილის შესწავლა. მისტიკური ხასიათის არაერთი თხზულება ეკუთვნის.

გვ. 85

 იოსაფატი ებრაელთა მეფე, დავით მეფის (წინასწარმეტყველისა და მეფსალმუნის) შთამომავალი, მეხუთე თაობა.

“მწირთა შემფარებელი წმინდა ჟიულიენის ლეგენდა” გუსტავ ფლობერის მოთხრობა, რომელშიც უფლისწულ

 ჟულიენის ზღაპრულ-ლეგენდარული ნადირობაა აღწერილი. ნადირობაში ხელმოცარული უფლისწული დედ-მამას ხოცავს უნებურად. შემდეგ სინანული ეუფლება და წმინდანის ღვაწლის ღირსი ხდება.

გვ. 88

 მილტონი ჯონ (1608-1674) ინგლისური ლიტერატურის უდიდესი წარმომადგენელი. 43 წლის ასაკში დაკარგა თვალის ჩინი. უსინათლომ დაასრულა თავისი ცნობილი ეპიკური პოემა – “დაკარგული სამოთხე” და დაწერა დაბრუნებული სამოთხე, სონეტები.

გვ. 92

 ანდები ქედი, რომელიც გაწოლილია სამხრეთ ამერიკის დასავლეთ მხარეს მთელ სიგრძეზე კოლუმბიის, ეკვადორის, პერუს, ჩილეს ტერიტორიებზე.

გვ. 92

 კუსკო ქალაქი პერუში, ანდების სამხრეთ-აღმოსავლეთ კალთაზე.

გვ. 93

 კორდილიერები ესპანურად ნიშნავს მთაგრეხილს (ცორდილლერა). ამიტომ არსებობს კოლუმბიის, ეკვადორის, პერუს, ჩილეს კორდილიერები. ანდების ცალკეულ მონაკვეთებს უწოდებენ ასე.

 

 

1 2 3 4 5 6 7
გვერდის მისამართი : ბიბლიოთეკა / პროზა / მისტრალი გაბრიელა / პოემები პროზად