მი-ტი 

 

საყოველთაო სიყვარული

 

 

 

ნაწილი I

 

ნასწავლი პირების სიბრძნე უმაღლესათ მასში უნდა მდგომარეობდეს, რომ მათ ასწავლონ კაცობრიობას ისეთი ცხოვრება, რომ ყველას შეეძლოს იცხოვროს კმაყოფილათ და ბედნიერეთ. ბრძენთ უნდა ესმოდეთ, თუ რაში  მდგომარეობს თანამედროვე კაცობრიობის უკმაყოფილება, აურზაური, და უსამართლობა. თუ ისინი ამას მიმხვდარნი არ არიან, რასაკვირველია, მათ ნებაც არა აქვთ ასწავლონ სხვებს ცხოვრება. ბრძენი უნდა შევადაროთ ავათმყოფთან მიწვეულს ექიმმა ჯერ უნდა გაუგოს, მიხვდეს, თუ სიდან წარმოსდგება მისი ავათმყოფობა და შემდეგ იმ პირობების მიხედვით დაუნიშნოს წამალი, დაუწყოს ექიმობა. თუ რომ იგი ავათმყოფობის მიზეზს ვერ მიხვდება - სულ უბრალოთ გაივლის მისი წამლობა.

ამგვარათვე უნდა მოიქცნენ ბრძენნიც. ჯერ დაწვრილებით უნდა გამოიკვლიონ, თუ რა მიზეზი დღევანდელი უკმაყოფილებისა და უბედური ცხოვრებისა, უსამართლობისა, და მხოლოთ შემდეგ შეუდგენ კაცთაშორის ბედნიერ ცხოვრების დამყარებას. თU რომ ჩააკვირდებიან ისინი კაცობრიობის ცხოვრების უკუღმართ მხარეს. უეჭველათ აღმოაჩენენ მიზეზებს, თუ რისთვის არის ხალხი და თვითეული პირი უკმაყოფილო. გამოძებნისთანავე არ შეიძლება არ მივიდნენ ისინი იმ დასკვნამდე, რომ მიზეზი ყოველივე უკმაყოფილებისა ერთა შორის, საზოგადოებათა შორის და თვითეულ პირთა შორის, ერთმანეთის უსიყვარულობაა. – კაცთა შორის არ არსებობს საყოველთაო სიყვარული. როდესაც ერს არ უყვარს თავისი მმართველი, შვილს მშობელი, ან მმართველს თავისი ერი, ადამიანებს ერთმანეთი, ხალხში მიუცილებლათ ყოველ გვარი სიწამხთრე, უკმაყოფილება და უსამართლობა იქნება. მაგალითათ: შვილს არ უყვარს თავისი მშობელი: იმ შემთხვევაში ის ყოველთვის  ეცდება თვით ყოველივე კარგი მოუვიდეს ქვეყანაზე და მშობელს – გლახა. უმცროს ძმას არ უყვარს თავისი უფროსი ძმა; მაშ ის ცდილობს თავის თავს ყოველივე კარგი შესძინოს და უფროს ძმას – სიგლახე. მოხელეს არ უყვარს თავისი მეფე; რასაკვირველია იგი ყოველ ღონისძიებას ხმარობს, რომ მის მეფეს, რაც შეიძლება, საქმე ცუდათ წაუვიდეს და თვითონ კი კარგათ. ამგვარივე ბოლო იქნება, თუ რომ მეფეს არ ეყვარება ხალხი, მამას შვილი, უფროს ძმას უმცროსი და სხვა. აი, აქედან შედგება ყოველგვარი სიგლაზე საზოგადოებაში და თვითეულ პირთა შორის. ამნაირათ, მიზეზი ყოველივე უკმაყოფილებისა, უბედურებისა და უსახსრობისა არის ის, რომ ჩვენ არა გვაქვს საყოველთაო სიყვარული.

რა არის მიზეზი ქურდობის, ძარცვის და სხვა ამგვარ ავაზაკობის? მიზეზი იგივეა: ქურდს უყვარს თავისი თავი, თავის ოჯახი და სრულიათ არ უყვარს ის, ვისაც ძარცვავს, ვისაც ქურდავს. თუ რომ მას ის უყვარდეს, რასაკვირველია, იგი მასთან არავითარ ავაზაკობას არ ჩაიდენს. მაშ მიზეზი ამ გვარ დანიშნულებისა ერთმანეთის უსიყვარულობაა.

მოვიგონოთ მმართველნი, ერისთავნი, რომელნიც აწიოკებენ ხოლმე მთელ სოფლებს, აქცევენ ოჯახებს, ყვლეფენ მათ, აყენებენ ყოველნაირ უბედურებას და სიღარიბეს. გავიხსენოთ თუგინდ ადგილობრივი თავადები, როდესაც ისინი მიუხტებიან ერთმანეთს და ზურგზე ბოლოს ადენენ; რაა ყოველივე ამის მიზეზი? რასაკვირველია მიზეზი ერთი და იგივეა – ერთმანეთ შორის უსიყვარულობა. მათ მარტო თავის თავი უყვართ და არა სხვა, – მოძმე ქვეშევრდომი. თუ რომ მათ შორის სიყვარული სუფევდეს, ამგვარ სისაძაგლეს როგორ ჩაიდენენ.

წარმოიდგინეთ ახლა რა შედეგი ექნებოდა, თუ რომ კაცთა შორის სიყვარული სუფევდეს: რომ მათ იმგვარათ უყვარდეთ ყველა მოძმე, როგორც თავისი თავი, განა იქნებოდა იმ შემთხვევაში მათ შორის რაიმე უკმაყოფილება, დაწიოკება, უსინდისობა, და უსამართლობა? თუ რომ კაცი ზრუნავდეს და ნაღვლობდეს თავის შვილზე, თავის მოძმეზე ისე, როგორც თავის თავზე ზრუნავს, საიდან წარმოდგებოდა ყველა ის უსამართლობა, რომელიც დღეს სუფევს? საიდან იქნებოდა ხალხში ქურდი და ავაზაკი, ღარიბი და მდიდარი, თუ თითვეული მათგანი ეცდებოდა სხვისი ცხოვრების წარმატებისათვის და მის ქონებრიც შეძენისათვის ისე, როგორც თავის თავისთვის. რომ ამგვარი ძმური სიყვარული არსებობდეს ჩვენში, ვიღა იქურდებს, ვიღა შეაწუხებს თავის მოძმეს, ვინ იქნება რომ კაცის კვლა ჩაიდინოს? რასაკვირველია მაშინ სრულიათ მოისპობოდა ყოველგვარი ავაზაკობა: მართებლობიდან ხალხის დაწიოკება, ღონიერიდან უღონოს დაჩაგვრა და იქნებოდა ქვეყანაზე მშვიდობა და სიყვარული.

რადგან ამგვარი შედეგი სიყვარულისა ეჭვს გარეშეა, და მხოლოთ მის საშვალებით დამყარდება წესიერება და ჭეშმარიტი მართებლობა ქვეყანაზე, საჭიროა, რომ ყველა ნასწავლი პირი წინაღუდგეს უწესობას, უსამართლობას და ყოველი ღონისძიება იხმაროს რომ ხალხში სიყვარული დაამყაროს და სიმძულვარე მოსპოს. ამისათვის საჭიროა მივსდიოთ ამ ჭეშმარიტებას და ყოველგან გავავრცელოთ, ვიღაღადოთ, რომ საყოველთაო სიყვარულის გარეშე ცხოვრება არ არსებობს. თუ რომ ხალხმა ეს ჭეშმარიტება დაიჯერა და მის განხორციელებას ხელი მიჰყო, მაშინ ხალხშ წესიერება უეჭველათ დამყარდება და ყოველგვარი უსამართლობა მოისპობა.

აი, ესაა მიზეზი, რომ სხვას არაფერს არ ვურჩევ კაცობრიობას, თუ არ საყოველთაო სიყვარულს.

 

ნაწილი II

 

დიახ, – არიელ კარგი იქნება – მიპასუხებენ ნასწავლნი და უფლება მოსილნი პირნი, – მაგრამ რანაირათ გავამეფოთ ხალხში ეს საყოველთაო სიყვარული? რასაკვირველია ბედნიერი იქნება კაცი იმ შემთხვევაში, მაგრამ უბედურებაც ის არის, რომ ეს საყოველთაო სიყვარული ძნელი მოსახერხებელია.

ნასწავლ და უფლება მოსილ პირთ იმისთვის უძნელდებათ გამეფება საყოველთაო სიყვარულის, რომ იგი მათგან დიდ მსხვერპლს მოითხოვს და არც ესმით მათ, თუ რაოდენი ბედნიერება შეუძლია მას მოუტანოს კაცობრიობას. წარმოვიდგინოთ თუნდ ომიანობა, როდესაც ერთი ქალაქი მეორეს ესხმის. ამას ჩადიან კაცნი და თავიანთ სახელისთვის სწირავენ უძვირფასესს სიცოცხლეს. ამაზე უძნელო საქმე რაღა იქნება, როდესაც შენს სიცოცხლეს მსხვერპლათ სწირავ? რომელი მოხელეა და რომელი ხალხი, თავისს მეგის ამგვარ ბრძანებას წინააღუდგეს? სიყვარული კი ამ გვარ მსხვერპლს არ თხოულობს, იმისთვის რომ, როდესაც კაცს უყვარს თავისი მოძმე, მას სიყვარულითვე გასცემს იგი პასუხს. თუ რომ კაცი თავის მოძმეს კეთილს უზამს, იშვიათი შემთხვევაა, რომ  თვისი საქმე კეთილათვე არ დაბრუნდეს. მაგრამ თუ რომ ჩვენ მოძმეს ცუდი ვუყავით, იგივე მოძმე სიბოროტით  გადაგვიხთის. როდესაც კაცს თავისი მოძმე ეჯავრება და სძულს, სხვებსაც სძულთ იგი. მაშ რაშია სიძნელე, რომ ხალხმა ისე იცხოვროს, რომ ერთმანეთი უყვარდეს: თუ რამე სიძნელე არსებობს, ეს მხოლოთ იმიტომ რომ მმართველთ და უფლების მქონეთ არ უყვართ ხალხი, არ სურთ, რომ თვის მართველობაში სიყვარულით იხელმძღვანელონ. ამის მიზეზით უკუგდებულია ძმური სიყვარული მოხელეთაგანაც და ხალხისაგანაც.

ერთ დროს ცხოვრობდა მეფე ვანი. მას უყვარდა, რომ მისი მოხელენი ღარიბათ ყოვილიყვნენ ჩაცმულნი. სუყველა მოხელე დიდათ ცდილობდა ესიამოვნებინა მეფისთვის და რაც შეიძლება, ღარიბათ იცვამდენ და თითქმის სასირცხოთაც. ამ გვარ სამოსში ისინი წარსდგებოდნენ მეფის კარზე, ამგვარათვე დადიოდნენ ქალაქში და სრულებით არ რცხვენოდათ. რისთვის? მარტო მისთვის რომ იგი მეფის სურვილი იყო.

მეორე მეფეს – ლინს უყვარდა გამხდარი მოხელენი და მარტო მათ აწინაურებდა. რასაკვირველია ყველა მოხელე ცდილობდა, რაც შეიძლება ცოტა ეჭამა – გამხდარიყო. ამგვარი მოხელენი თითქმის საშინელ შიმშილს განიცდიდენ. უკანასკნელათ ისე გახდენ ისინი, რომ ფეხზე ვეღარ დგებოდნენ, გზაში ბარბაცობდენ, სიარულში კედლებს ეჭიდებოდენ, რომ არ წაქცეულიყვნენ. გავიდა პირველი წელიწადი, ყველა მოხელე ისე გამოიყურებოდა, რომ აგერ-აგერ სულს განუტევებსო. რისთვის იქცეოდენ ასე მოხელენი? მისთვის, რომ მათ მფლობელს ასე სურდა.

მეფე საო-ტსენმა მოისურვა, რომ მისი მოხელენი მამაცნი ყოფილიყვნენ. იგი განსაკუთრებით ასწავლიდა ახალგაზრდობას სიმარჯვეს და მამაცობას. ერთხელ, როდესაც უმრავლესი მოხელენი მასთან შეიკრიბენ, მეფემ მათდა საიდუმლოთ ზღვაში ხომალდისთვის ცეცხლი წაეკიდებინა და მოხელეებს შეჰყვირა: ჩემი ავლადიდება – მთელი საცხოვრებელი იქ მქონდა და მეწვისო, – აბა მიშველეთო!! დაფი დაკრეს და ყველა მოხელენი გემზე გაეშურენ. დაიწყეს ცეცხლის ქრობა, მაგრამ უმეტესი მათგანი ზღვაში დაიხრჩო და ბევრიც ცეცხლში დაიწვა. უკან გამობრუნებას ვერცერთი ვერ ბედავდა სანამ მეფემ ხელმეორეთ უკან გამობრუნების დაფი არ დააკვრევინა. დანარჩენი მხოლოდ მაშინ გამოვიდენ.

როდესაც კაცნი სიმშოლობას ეწევიან, სამასხაროთ ძონძებში დადიან, თავის სიცოცხლეს სწირავენ მარტო თავის გამოჩენისათვის და მარტო მეფის სიამოვნებისათვის, რასაკვირველია დიდათ ძნელ საქმეს სჩადიან. ამის მეათედი მსხვერპლიც არ დასჭირდებოდა კაცს, თუ რომ ცდილიყო სიყვარულის გავრცელებას, რითაც, როგორც თავის თავს, აგრეთვე ქვეყნიერებას სამუდამო ბედნიერებას მოუტანდა. ვგონებ ეს სიძნელე ბევრათ უფრო ადვილი და სიხარულით შესასრულებელია, ვინემ თავიანთი მეფის გულის თქმის და ახირების შესრულება.

სიხარულით დაგეთანხმებით, – მეტყვიან ნასწავლნი, – ძრიელ კარგი იქნება, რომ ურთიერთ შორის სიყვარული დამყარდეს; ვინ იტყვის რამეს მაგის წინააღმდეგ, მაგრამ მისი განხორციელება შეუძლებელია. უფრო ადვილია მთის გადატანა მეორე ადგილს, ვიდრე საყოველთაო სიყვარულის განხორციელება.

არა, უკაცრავათ, მაგ ორი საგანი არაფერი შესადარებელია. მთის აღებისთვის და ადგილის გამოცვლისთვის ზესთა ბუნებითი ძალაა საჭირო და ძველთაგან დღევანდლამდე არავის ახსოვს მაგგვარი საქმის შესრულება. განხორციელება კი საყოველთაო სიყვარული სულ სხვა საქმეა. სიყვარული შესაძლებელი რამაა; კაცთა შორის ყოველთვის ყოფილა და არსებობს სიყვარული. ხშირათ ერთმანეთს უთმობთ, ბევრ უცხო პირთაც კეთილს უშვრებით. მაშ ახლა მხოლოთ საჭიროა, რომ ჯე რეს სიყვარული უმრავლესობაში შევიდეს და შემდეგ საყოველთაო შეიქმნეს. ასე რომ, თუ უფლებათა მქონე პირნი, სულით და გულით მოისურვებენ, რომ ხალხმა ბედნიერათ იცხოვროს და სიღარიბეში და გაჭირვებაში არ ამოსძვრეს სული; თუ რომ ისინი ნამდვილად მოისურვებენ კეთილმართებლობას, იხსნან გაჭირვებული ხალხი საშინელი აურზაურისა და ცხოვრების მოუწყობლობისაგან, მათ ეს სულ ადვილათ შეუძლიათ საყოველთაო სიყვარულის ხელმძღვანელობით. ეს ახალი ამბავი არ არის: ასე იყო ძველათ, როდესაც ხალხს ბრძენი მართველები ჰყავდა.

 

 

ნაწილი III

 

ამნაირათ ბრძენთა მიზანი უნდა იყოს, რომ კაცთა შორის გაავრცელონ კეთილზნეობა და მისი მშობელი სიყვარული და მოსპონ ის გარემოებანი, რომელნიც მიდრეკილნი არიან უზნეობისაა და ბოროტებისაკენ.

რაში მდგომარეობს ხალხთა შორის ბოროტებანი? ბოროტებაა, როდესაც ერთი სამეფო, ერთი ერი ომს უმართავს მეორეს. ბოროტებაა, როდესაც ძლიერნი და უფლებით აღჭურვილნი არბევენ და ძალას ხმარობენ უღონოთა და გაჭირვებულთა წინააღმდებ; ბოროტებაა ყოველგვარი ძარცვა-გლეჯა; ბოროტებაა უღონოთა დამონვება და სუსტზე ძალის ხმარება; ბოროტებაა – სისასტიკე და უსამართლობა, როგორც მართებლობაში, ასევე ურთიერთ შორის. ბოროტებაა უფროს-უმცროსობის გატეხა და შვილთა უპატივცემლობა მშობლებისადმი. ბოროტებაა ყოველგვარი ისეთი საქციელი ერთმანეთში, კაცთა შორის, რომელსაც კეთილი შედეგი არა აქვს; ბოროტებაა – ქურდობა, ცეცხლის წაკიდება, წყლის გადაყვანა ყანებიდან და სხვა.

რა არის წყარო ყველა ამ ბოროტებათა? წყარო ყველა ბოროტებისა არის სიმძულვარე და სურვილი მოძმეთა შორის ცუდის და ზარალის მოტანისა. რისთვის? ამისთვის რომ კაცთა შორის გარჩევაა; ზოგი უყვართ და ზოგი არ უყვართ. ბოროტება ამ განსხვავებაშია. ნუ გაარჩევთ ხალხს ერთმანეთისაგან, ყველას ერთნაირი გულკეთილობით მოექეცით და ქვეყანაზე ბედნიერება დამყარდება.

რა გაასწორებს კუზიან კაცობრიობას, რა შეუწყობს ხელს მისი კეთილმიზანის მიღწევას? მხოლოთ სიყვარული, სიყვარული განურჩევლათ პირთა და მათი მდგომარეობისა; ერთი სიტყვით საყოველთაო სიყვარული. რომ ეს სიყვარული გავამეგოთ ხალხში, საჭიროა გამოუცვალოთ აზრები იმ პირთ, რომელნიც ამის წინააღმდეგნი არიან. ეს კი შეიძლება მარტო მაგალითით, თუ რომ სიყვარულის განხორციელებას ეცდებიან უფლება მოსილნი და ძალთა მპყრობელნი პირნი. თუ ისინი მისცემენ სიყვარულის მაგალითს ქვეყანას, მოსპობენ სიმძულვარეს უმცროსისადმი, უძლურისადმი და სიყვარულში გარჩევით არ იხელმძღვანელებენ, საყოველთაო სიყვარული ძალაში შევა. მივმართოთ სინდისს და ვკითხოთ: რა ნება გვაქვს ჩვენ ჩვენთა მოძმეთა და მოყვასთა გასამართლების? რა ნება გვაქვს ჩვენ ზოგი მათგანი ჩავთვალოთ კარგებათ და ზოგი – ავებათ და მივაგოთ ბოროტი?

ვისაც სურს გასამართლება ძმობისა, მოყვასისა, მისივე ვალია, რომ მან იმის გასწორებაც იკისროს. რა ნება გაქს შენ განსაჯო კაცი, გამოუნახო მას ნაკლულევანებანი და შემდეგ ყოველი ღონისძიება არ იხმარო მის გასასწორებლათ? ეს ხომ იგივე იქნება, რომ კაცი გადაარჩინო სიკვდილს ცეცხლიდან და შემდეგ წყალში დაახრჩო. მაშ თუ იმედი არა გაქს გასწორებისა, ნუ განსჯი მას და ნუ გეჩვენება მოძმის სიბოროტე დიდათ.

მხოლოდ მაშინ და მხოლოდ მაშინ, როდესაც დაინერგება საყოველთაო სიყვარული, კაცთ აეხსნებათ ერთმანეთის სმენა, გაიგებენ ერთმანეთის გულის ტკივილს და სიყვარულით მიმართავენ, რომ განკურნონ მათი სყლულები. ღონიერნი დაეხმარებიან უღონოთ, განათლებულნი გაუნათლებელთ, მოხუცნი ახალგაზდათ, ახალგაზდანი ყმაწვილთ და ასე ამგვარათ ყველა ერთმანეთს: ააყენებენ ფეხზე დაცემულთ, მხარში ამოუდგებიან მოძმეთ ცხოვრების მძიმე ტვირთის ზიდვაში და ამნაირათ ყველანი ბედნიერებას მიაღწევენ.

მაგრამ... მაგარი ის არის, რომ ნასწავლნი და ძალმოსილნი პირნი ინადობენ. მათი სიტყვით სიყვარული კარგი საქმეა, მაგრამ შეუძლებელია, რომ საყოველთაო სიყვარული დამყარდეს, – ყოველ კაცს ერთმანეთი უყვარდესო.

ავიღოთ მაგალითათ ორი კაცი: ერთს საჭიროთ, მიაჩნია რომ კაცი ერთი მეორედან გავარჩიოთ და მეორეს კი არა. წინააღმდეგ მეორეს სწამს, რომ სუყველა ერთნაირათ უნდა გვიყვარდეს. პირველი იტყვის: როგორ შემიძლია მე ყველა უცხო კაცისათვის თავი შევიწუხო ისე, როგორც ჩემი თავისთვის. როგორ შემიძლია მე სხვისი მშობლისთვის ვიზრუნო ისე, როგორვ ჩემი საკუთარი მშობლისათვის. ამ გვარ აზრის მქონეს შეხვდებიან გაჭირვებულნი, მშიერნი, ძონძებში გახვეულნი კაცნი და გვერდს აუვლის, არ დაეხმარება, არ აჭმევს და არ შემოსავს მათ. როგორი აზრიცა აქვს მას, იმგვარივე იქნება მისი საქციელი. მეორე კი, რომელსაც გაუგონია და სწამს, რომ ბედნიერათ ცხოვრება ქვეყანაზე მარტო მას შეუძლია, ვინც გულით იღწვის მოძმისთვის, მათი მშობლებისთვის და მათ ბედნიერებას თავის ბედნიერებათ სთვლის, რასაკვირველია, მშიერს გააძღებს, შიშველს შემოსავს, მწყურვალეს წყალს ასმებს, შეცივნულს გაათბობს, უბინაოს ბინას მისცემს, ავათმყოფებს მოარჩენს, ტუსაღებს მიხედავს, მკვდართ დამარხავს. ამნაირათ რაც მას სწამს, მისი საქციელიც იმ გვარივე იქნება.

ვისი აზრი იქნება მოსაწონი და ვინ უფრო მოეწონება გაჭირვებაში მყოფ მოყვასს: ის რომელიც ინადობს და არ სურს იწამოს სიყვარული, თუ მეორე? ამგვარათ დიდათ საკვირველია და გაუგებარია ჟინი იმ განვითარებულ და ნასწავლ კაცთა, რომელნიც ამ ჭეშმარიტებას ასე ცოტა ყურადღებას აქცევენ და სიყვარულით არ ხელმძღვანელობენ თავიანთ შრომაში კაცთ ნათესავთა საკეთილდღეოთ.

თუ მათ არ სწამთ, რომ ამგვარი სიყვარული კეთილს მოიტანს, მაშ რატომ  უნდათ, რომ უმცროსთ უფროსნი შეიყვარონ, ქვეშევრდომთ თავიანთი მმართველნი, თავიანთი მეფე შეიყვარონ; ისინი აღიარებენ, რომ უმცროსთ შეუძლიათ შეიყვარონ უფროსნი და უფროსთ უმცროსნი კი არაო. როგორ შეიძლებაო, ამბობენ ისინი, რომ მაგალითათ, მეფემ ყველა თავის ქვეშევრდომი თავისთავივით შეიყვაროსო?

მაშ რისაგანაა შედეგი ამგვარი შედარებისა: წარმოვიდგინოთ ორი მმართველი, ორი მეფე. ერთი ამბობს: როგორ შემიძლია შევიყვარო ჩემი თავივით ჩემი ხალხი, ყველა ქვეშევრდომი, ეს ხომ ბუნების წინააღმდეგიაო. და მეორეს კი სწამს, რომ ბედნიერება მხოლოთ მასშია; რომ ჯერ ჩემი ხალხის და ჩემი ქვეშევრდომების ცხოვრების გაუმჯობესებაზე ვიღვაწო და მერე ჩემ თავზეო. რომელი მათგანი მოეწონება ხალხს, რომელისაკენ იქნება სიმართლე? რასაკვირველია ყველა გეტყვის და  ირჩევს იმ მმართველს, რომელიც ივიწყებს თავის თავს ხალხის ბედნიერებისათვის.

მაგრამ ნასწავლი ხალხი ძნელი გასატეხია. ისინი მაინც დაიჟინებენ, რომ საყოველთაო სიყვარული შეუძლებელიაო. კარგიც არ იქნებაო, – ზოგი დაუმატებს, – რადგან ამგვარი სიყვარული მამაშვილურ, მშობლიურ სიყვარულს გააგრილებს და ოჯახის სიმტკიცეს შელახავსო. ეს ას ეარ არის. თუ რომ შვილს უყვარს მშობლები, იღწვის მათი ბედნიერებისათვის და მოსწონს თავისი საქციელი, უეჭველათ იგი ეცდება, რომ სხვათაც უყვარდეს თავიანთი მშობლები და იღვწოდენ მათთვის, რომ შვილს უყვარს  თავისი მშობლები და ესურვება, რომ მის მშობელს ყველა კარგათ მოეპყრობა. ამნაირათ მხოლოთ საყოველთაო სიყვარულით შეგვიძლია მოვიხვეჭოთ ბედნიერება ჩვენთვის, მშობელთათვის და მოყვასთათვის.

მაშ რა მიზეზია, რომ საყოველთაო სიყვარული არ ვრცელდება ხალხში? მიზეზი მხოლოთ ის არის, რომ მმართველთ არ ესმით სიყვარულის მნიშვნელობა კაცთა ცხოვრებაში. თუ რომ ისინი ჩახვთენ მას, ჩახვთენ სიყვარულს განურჩევლათ პირთა და ეცდებიან, რომ ხალხს აუხსნან მისი მნიშვნელობა, მალე გავრცელდება იგი და საყოველთაო სიყვარული დამყარდებოდა, დაისადგურებდა არათუ ერთ რომელიმე სამეფოში, ან ერში, არამედ მთელ კაცობრიობაშიაც, ისეთივე ბუნებით და კანონებით, რომელი ბუნების კანონითაც კომლი ადის მაღლა და წყალი ჩადის დაბლა.

 

 

ბოლოსიტყვაობა

 

აი ეს აზრებია ჩინეთის ფილოსოფოსის მი-ტის გამოთქმული 400 წლის წინათ ქრისტეს დაბადებამდე. მი-ტი იყო ჩინეთის სჯულმდებელ კონფუცის მოწაფე. მი-ტის სრულებით სწამდა, რომ შესაძლებელი იყო ქვეყანაზე საყოველთაო სიყვარულის დამყარება. ძალას სიყვარულის დამმყარებელ იგი მმართველთ და მეფეთ აწერდა. იყო დრო, როდესაც ჩინეთში მი-ტის სწავლის მიმდევრებს ტანჯავდენ, სწვავდენ, აწვალებდენ, მის სწავლას ბევრი ძლიერი მოწინააღმდეგეც გამოუჩნდა, რომელთა რიცხვში უპირველესი ალაგი მენციოს უჭირავს. ამგვარათ ამ სწავლამ ჩინეთში ვერავითარი ნაყოფი ვერ გამოიღო, მაგრამ საყოველთაო სიყვარულის მარტივმა სწავლამ მაინც ჩვენამდე მოაღწია.

მას შემდეგ და მანამდეც ბევრი ნასწავლი კაცი ეხებოდა სიყვარულის შესწავლას ბაბილონში, ურიასტანში, ინდოეთში, საბერძნეთში, რომში და ყველანი ერთბაშათ მიდიოდნენ იმ დასკვნამდე, რომ ქვეყანაზე კაცთა ბედნიერებისათვის საჭიროა, რომ ყველა კაცმა ის ისურვოს თავის მოძმისათვის, რაიც სურს თავის თავისათვის. ერთი სიტყვით ყველას განურჩევლათ მოყვასისა კეთილი უყოს, მაგრამ ამ სწავლამ სრულებითაც არ შესცვალა კაცთა ცხოვრება; რადგან სიტყვა იმ გვარ ნიადაგზე ითესებოდა, რომ ნაყოფის გამოცემა შეუძლებელი იყო. არა თუ იგი ნაყოფს ვერ იღებდა, არამედ იოტის ოდენადაც ვერა სცვლიდა მაშინდელ მდგომარეობას. კაცობრიობა თან და თან დაღმართისკენ ექანებოდა, ბოროტება და გარყვნილობა თავის უმაღლეს წერტილამდე ადიოდა. კაცობრიობის უკუღმართობას საზღვარი არ ქონდა. ვერც აღმოსავლეთის კულტურა, ვერც საბერძნეთის ფილოსოფია და რომაელთა უფლების მეტყველება მას ვერაფერს შველოდა.

ამ დროს ქვეყანას მოევლინა იესო ქრისტე, რომელიც, როგორც სიტყვით, ისევე საქმით უკიდურეს სიყვარულს ასწავლიდა. მან ერთი მხოლოდი მცნება მისცა კაცთ ნათესავს: “ახალსა მცნებასა მიგცემთ თქვენ, რათა იყვარებოდეთ ურთიერთს!” ამ ერთი და მარტივი მცნებით მან სიყვარული დააკანონა, სარწმუნოების საფუძველათ გახადა და უკანასკნელი სიტყვა წარმოსთქვა სიყვარულის შესახებ, ეს ის, რაც მის მოსვლამდი კაცს არ წარმოეთქვა, რაც ჯერ კიდევ შესაძლებელათ არავის მიაჩნდა, “შეიყვარეთ მტერნი თქვენი და კეთილ უყოფდეთ მაწყევართა თქვენთაო!” აი, ეს არის თავი და ბოლო ზნეობრივი სწავლისა; ამით დაგვირგვინდა სიყვარულის სწავლა. ქრისტემ სთქვა უკანასკნელი სიტყვა სიყვარულზე და ზნეობრივ ცხოვრებაზე. ამ სწავლამ მიაღწია გონიერების უკანასკნელ საზღვრამდე.

ამ სწავლამ შეანძრია დიდი რომის იმპერია; მან დაანგრია კერპთ თაყვანისმცემლობა და უჩვენა კაცობრიობას გზა სხვა სიყვარულისა, ზნეობაში წარმატებისა და კულტურულ წინმსვლელობისა. მაგრამ ქვეყანა სიმძულვარის ტალახში ჩაფლული ასე ადრე ვერ შეიბერტყდა თავის ძონძებს, უცებ ვერ გასპეტაკდებოდა. მეოცე საუკუნე დაიწყო და ქრისტეს სწავლის მიხვედრა, სახარების გაგება ჯერაც დიდ სიძნელეს წარმოადგენს. რა და რა მაღალი აზრი არ გამოთქმულა ბრძენთაგან, რა და რა წიგნი არ დაწერილა მისი სწავლის წინააღმდებ, მაგრამ “იგი არს ნათელი, რომელიც ბნელსა შინა სჩანს და ბნელი მას ვერ ეწია!”

დღეს ევროპაში არ არის ლიტერატურე, რომელსაც სიყვარულის გასაგებათ თავის წვლილი არ შეეწიროს, მაგრამ კაცობრიობა მაინც ვერ ჩამხვდარა, თუ რა არის საყოველთაო სიყვარული. როგორ შეუძლია კაცს ყოველი თავის მოყვასი შეიყვაროს ისე, როგორც თავის თავი, არა თუ მარტო მოძმე, მოყვასი, არამედ მტერიც. უმრავლესობას ეს სწავლა იდეალათ მიაჩნია; იმ შეუსრულებელ იდეალათ, რომელსაც კაცობრიობა ვერსა დროს ვერ მისწდება. ზოგნი უტოპიათ რაცხვენ, რომლის განხორციელება შეუძლებელია. ზოგს დაუდასტურებულ ქარსიტყვათ მიაჩნიათ.

ამ გვარი აზრი სიყვარულზე დიდი შეცდომაა. შეუძლებელი სრულებით აქ არა არის რა. წინააღმდეგ ძლიერ ადვილი გასაგებია; მხოლოთ საქმე მაშია თუ კაცობრიობა იმ მართალ გზას დაადგება რა გზაზედაც დღეს მეცნიერული სოციალიზმი ადგია. იგი მიგვიყვანს სიყვარულის სრულ შეგნებამდე და მის განხორციელებამდე.

ეგოიზმმა სრულებით დათრგუნა ჩვენში ის თესლი, რა თესლიდანაც ღვივდება ჩვენში სიყვარული. კაცობრიობა დაადგა მარტო ძალმომრეობის გზას და აი შედეგი, რომლამდიც მივედით. გონების განვითარებასთან აუცილებლათ საჭიროა განვითარდეს გულიც. ადამიანის გული, საიდანაც უნდა გამომდინარეობდეს სიყვარული, სიბრალული და თანაგრძნობა მოყვასისადმი, სრულიათ დავიწყებულია და ჩამორჩენილია კაცთაგან განვითარებაში. თუ რომ გულიც ერთ და იმავე ნაირათ გონებასთან ერთად ვითარდებოდეს, მაშინ გაიგებს კაცობრიობა ბევრ იმ გვარ საგანს, რომელიც დღეს სრულებით უცნობათ რჩება.

კაცის ცხოვრებაში გონება მეფობს, მაგრამ გული დედოფლობს. თუ ესენი ერთათ არ მიდიან წინ, სიცოცხლე არ არის სიცოცხლე, არამედ ნახევარი სიკვდილია. ყოველი მოქმედება, გამოსული მარტო ერთ ამათთაგან არ არის სრული, არ არის ჭეშმარიტება. ის არის სიმართლე, ის არის ჭეშმარიტება, ის არის სრული, რომელიც გამომავალია ერთ და იმავე დროს, როგორც გონებიდან ისე გულიდანაც.

რა არის სიყვარული, როგორ იბადება, ვრცელდება და სისრულეში მიდის, მკითხველს გავაცნობთ შემდეგ წიგნაკებში.

 

 

გვერდის მისამართი : ბიბლიოთეკა / პროზა / მი-ტი / საყოველთაო სიყვარული