მიქელაძე მაკა 

 

გვირაბი 

 

 

 

– მეე ვირტუუალუურ რეეალობაში ვცხოვროობ, – ამბობდა განყენებული სახით. ნია, მართლა, რეალობის მიღმა ცხოვრობდა. თავისი არსებობა რომელიღაც კომპიუტერულ თამაშს აგონებდა. თამაშის პირველი ნახევარი კომუნალური ბინის ნესტიან ლაბირინთებში და შუამდე რუხ-მწვანედ შეთითხნილ სკოლის დერეფნებში გარბოდა. მონსტრები მოსდევდნენ: მონსტრი სიღარიბე, მონსტრი უმამობა, მონსტრი ამხანაგები, “იმნაირისშვილად” რომ იხსენიებდნენ, მონსტრი “იმნაირი” დედა და საზარელი მონსტრი, შებოლილი ნეკნებისგან მომზადებული წვნიანის სუნი. ის კი გარბოდა, გარბოდა, გარბოდა და... გაიქცა.

თხუთმეტი წლისა იყო, ლაშამ რომ მოიტაცა.

პირველი გვირაბის ბოლოს გაჩირაღდნებული რესტორანი, გაჩახჩახებული ბრილიანტები, აჭახჭახებული ჭაღის შუქზე აბჟღვრიალებული ბროლის სასმისებმომარჯვებული ხუთასიოდე მოწიწებულ-გაწკიპინებული, ფეხზეწამოჭრილი სტუმარი, სამი მანქანის ფასი სადედოფლო კაბა და ბედნიერების ერთადერთი დღე ელოდა.

მეორე გვირაბი უხეში და, ამ სიტყვის ყველა მნიშვნელობით, გაუთავებელი ღამით დაიწყო.

ყველა კომპიუტერულ თამაშში ასეა. გვირაბი, გვირაბი, გვირაბი, ბაქანი, ისევ გვირაბი, გვირაბი, გვირაბი, ბაქანი, გაუხვევ-გამოუხვევ-შეუხვევ-შემოუხვევ-მიუხვევ-მოუხვევ-ჩაუხვევ-ამოუხვევ, გადაუხვევ-გადმოუხვევ სადმე და მაინც დაგხვდება ბაქანი, რომ ამოისუნთქო.

ნიას მხოლოდ გვირაბი ჰქონდა. მწვანე საძინებელი – შავი აბაზანა-ყავისფერი სამზარეულო-მწვანე საძინებელი-ლაშას მანქანა-კაზინო. ან: საძინებელი-აბაზანა-სამზარეულო-საძინებელი-ლაშას მანქანა-რესტორანი. ან: საძინებელ-აბაზან-სამზარეულ-ლაშას მანქან-სასტუმრო. ან საძინ-აბაზ-სამზარ-ლაშმანქ-დღეობა. გრძელი სუფრა გრძელ-გრძელი სადღეგრძელოებით. უსიმღერო, გაუცინარი და გვირაბივით დამღლელი.

ნიას მხოლოდ ფორმაში ყოფნა ევალებოდა და ისიც იქნიდა და იქნიდა ფრჩხილებს. თავიდან ეგონა, რომ თუ გვირაბის ბოლოს ეიფელის კოშკში ვახშამი ელოდა, ეს ბაქანი იყო, მერე მიხვდა, რომ სულერთია, ლაშას მანქანიდან შეგაყოფინებენ ცხვირს მშობლიურ, გასაცოდავებულ კაზინოში, თუ დაქირავებული ლიმუზინიდან გადმობრძანდებოდი ლას-ვეგასის ფეშენებელურში. მიხვდა, რომ ლაშას მეგობრების გაუცინარ საზოგადოებაში ერთი გემო ჰქონდა ყველაფერს, უცხოურსაც და ეროვნულსაც, ამიტომ გვირაბები ორ ჯგუფად დაყო – საზღვარიქითური და საზღვარაქეთური. საზღვარიქითურ გვირაბებში მხოლოდ საბავშვო გასართობი პარკები მოსწონდა, ამერიკული მთებით და საშიში გამოქვაბულებით. გაიკეთებდა სათვალეს და მიდი... გაუხვევ, გამოუხვევ, ჩაუხვევ, ჩამოუხვევ, მიუხვ-მოუხვევ და ბოლოს სინათლეში გამოდიხარ. იცი, რომ თამაშობ, და გიხარია. ლაშამ, რატომღაც, სწორედ ეს ვერ აიტანა და ასეთი გართობა აუკრძალა. ნიას არაფერი უთქვამს. გაახსენდა, როგორ ართმევდნენ და უმტვრევდნენ საყვარელ სათამაშოებს ეზოს ბავშვები.

ერთხანს ისიც ეგონა, რომ თუ გვირაბის ბოლოს თეატრი ან ოპერა ელოდა, ეს ბაქანი იყო. მერე აღმოაჩინა, რომ ცდებოდა: ეს გვირაბის განათებული ნაწილი იყო მხოლოდ. ერთხელ ოპერის ფოიეში დაიკარგა და თავის ლოჟას ვეღარ მიაგნო. გაუხვია, გამოუხვია, კარი გააღო, უცხო სახეებმა გაკვირვებით გამოხედეს, აირბინა, ჩამოირბინა, კარი გააღო, უცხო სახეებმა შემოუღრინეს. სული შეეხუთა და გაიქცა, ნახევრად ჩაბნელებულ ლაბირინთებში გარბოდა კლასიკური მუსიკის თანხლებით. ირბინა, იტრიალა, იწრიალა და ტუალეტის სუნით გაჟღენთილ სარდაფში ამოყო თავი, დაიკივლა. მისი ხმა სოლისტის მეცო-სოპრანოს შეერწყა და ვერავის გააგონა, გაოფლილი კიდევ ერთ კარს ეცა და...

– სად ტარამტირიმტარაში ეგდე? – ტკბილი ღიმილით შეეგება ლაშა.

ნიას ხმამაღლა გაეცინა. იმიტომ რომ, ლაშას ნათქვამი კომპიუტერული თამაშის ერთ-ერთი გეიმის დასრულების მაუწყებელ მუსიკად ჩაესმა.

იმ ღამეს პირველად გაარტყეს.

ყველა ქვეგვირაბი საძინებელში თავდებოდა, ამ სიტყვის ყველა მნიშვნელობით, გაუთავებელი ღამეებით. ნიას დაძინების ეშინოდა, იმიტომ რომ, ძილში ახალი გვირაბები ელოდნენ: ხან – საავადმყოფოს კორიდორები, ხან – ძველებური ციხესიმაგრის ტალანები, ხან – ბეტონის კატაკომბები და ვინ მოთვლის, კიდევ რა.

ლაშას ნიას ცემა გაუტკბა და მოუხშირა. მიზეზი არ სჭირდებოდა. პროფილაქტიკურ ღონისძიებად თვლიდა. “აზრზე მოსაყვანად”, – ასე ერქვა დაგემოვნებულ ბრაგაბრუგს ნეკნებში. ნიასთვის ესეც სულერთი გახდა, ისევე სულერთი, როგორც კარგი ჭამა-სმა, ძვირფასი ნივთები, მაღალი საზოგადოება, გულისგასახეთქი ჩაცმა-დახურვა. პირიქით, თანდათან ხეირიც ნახა ცემაში – ნაცემი ნია მწვანე საძინებელში იჯდა და ფრჩხილებს იქნიდა – ვერც ერთ გვირაბში ვეღარ მიჰყავდათ თვლებამოლურჯებული და ცხვირდასივებული.

ცემა მხოლოდ აძლიერებდა იმ გაუცხოებას, რომლითაც ლაშას ნია აშინებდა.

– შენი დედის ტრალამტრულამ, ტრილამტრულამ, – წიხლებს უბრაგუნებდა იატაკზე მოკუნტულს.

– ჩემი დედისტრალამტრალამ, ტრალამტრულა, – მუსიკასავით ჩაესმოდა ნიას და სადღაც უწონობაში ირწეოდა. ეს არ იყო გვირაბი, ეს იყო რწევა, იმიტომ რომ, გეიმი დამთავრდა, დამთავრდა, ტრალამტრა, ტრულამტრა, ტრალამტრალა.

ლაშა მიხვდა, რომ ცემა არ ჭრიდა. საშობაოდ ნაჩუქარი ახალთახალი მერსედესი ავტომატით დაუცხრილა, ნაჩუქარი ბრილიანტები საყვარელს აჩუქა, სახლში გამოამწყვდია. ნიასთვის სულერთი იყო. უბრალოდ, მისი გვირაბი დაამოკლეს. მწვანე საძინებელი-შავი აბაზანა-ყავისფერი სამზარეულო, მწვანე საძინებელი-შავი აბაზანა-ყავისფერი სამზარეულო.

ერთხელ ჩვეულებრივზე მაგრად ნაჟეჟი ნია სიგარეტის მოსაძებნად სახლის ლაბირინთის სხვა ფლიგელში გაბორიალდა. ლაშას გაავებული ზურგი დაინახა და გაქცევა მოუნდა... ვერ გაინძრა და საშველად ღამის პერანგის ჯიბეებს ჩაებღაუჭა.

– ფაიზაღი არაფერი არ უნდა, – ტიროდა კონიაკის სირჩაზე თავჩამხობილი ქმარი.

ნიას ისე გაუკვირდა ლაშას ტირილი, რომ შეეშინდა.

– არავის აკარებ და რა ქნას, – მოესმა ერთ-ერთი მაზლის ხმა.

– ვინ უნდა მივაკარო, ე, ცოლია! – იარაღისკენ გაექცა ხელი ლაშას.

– იქნებ ბავშვი უნდა? – ცდილობდა გარკვევას მაზლი.

– არ უჩნდება, მაგისი უშვილო... – დამფრთხალმა და დამნაშავე ხმამ კიდევ უფრო შეაშინა ნია. ერთ-ერთი საზარელი გვირაბი გაახსენა. რიგითი ცემა-ტყეპის შემდეგ აბორტი დასჭირდა და ნარკოზიდან ძლივს გამოცოცდა შუშის ხრაჭუნა, სისხლიანი ხვრელით. გულისრევის შეგრძნება, პირში ღვიძლის გემო, სხეულში შუშის სიმყიფე და სულში სიცარიელე გამოიტანა იმ გვირაბიდან. დიდხანს ვერ მოიშორა ეს ხრაჭ-ხრუჭ-ხრაჭ-ხრუჭ-ხრაჭ... კინაღამ ისევ დაიკივლა, მაგრამ მაზლის ხმამ იხსნა.

– შენ თვითონ რა გინდა? – ძმას ეკითხებოდა.

რომ შეძლებოდა, ნამდვილად აკოცებდა შეკითხვის ავტორს.

– როგორ, ტო, – გადაირია ლაშა, – მე ხან ქალი მინდა, ხან – წამალი, თამაში მევასება, სულ “მოძრაობებში” ვარ... ეგ ვინ არი, ტო?! არაფერი არ უნდა, არაფერი...

– გაეყარე! – ხელი ჩაიქნია მაზლმა.

– ეგრე სად არი, გაეყარე. ჩემი გაზრდილია, მაგისი... რო მოვიყვანე, ბავშვი იყო. ახლა მაღალ ეშელონებში რო გაუშვა, სიტყვა არ შეეშლება. ისე აზრზეა, – ლაშა აშკარად ამაყობდა “გაზრდილით”... – მერე, რო გავეყარო და სხვას შეეყაროს?! – უცებ იფეთქა.

ნიას ისევ შეეშინდა და მწვანე საძინებლისკენ გაიქცა. აბრეშუმის გაყინულ თეთრეულზე დაეცა და ატირდა. რამდენჯერ სთხოვა, ჩითის თეთრეული მირჩევნიაო, რამდენჯერ, არა, მაინცდამაინც აბრეშუმის უნდა, მაგისთვის სულერთია, მე მაჟრიალებს თუ არა აბრეშუმის სლიკინზე, – ნია საძულველ ბალიშს უნიათოდ ურტყამდა მუშტებს.

– ვა! ტირი? – შემოესმა ქმრის კმაყოფილი ხმა, – გინდა, ტკივილგამაყუჩებლებს მოგცემ? დასაძინებელი გინდა? კი, ჩემი გოგო...

ნია საძილეებს მიეჩვია. ძილში ლამაზი გვირაბები ელოდნენ. ყვავილების მდელო, ბუჩქნარი, ტყე, ისევ ტყე, ტყე, ტყე, კიდევ და კიდევ ტყე და უცებ ზღვა, ან ისევ ყვავილების მდელო, ცისარტყელითურთ. თუ გაღვიძებულს წაასწრებდნენ, ურტყამდნენ, აგინებდნენ და იარაღის მჭიდს უცლიდნენ თავთან. კომპიუტერული თამაში გრძელდებოდა.

ტარამტირიმტირიმტარა, ტირიმტარა, ტირიმტარა, ბახ-ბახ-ბახ და ისევ ტირლამტირლიმტირლიმტარლა, ტრულაილა, ტრალალალა, ბახ-ბახ-ბახ.

ცემა მარტო აყუჩებდა იმ ტკივილს, რომლითაც ნიას ლაშა სტკიოდა.

ლაშა მიხვდა, რომ ნია საბოლოოდ უსხლტებოდა ხელიდან, და ტაქტიკა შეცვალა. გაქრა საყვარელი, სამაგიეროდ, გამოჩნდნენ საჩუქრები, ხანდახან – ყვავილებიც კი, და ნარკოტიკები.

ნარკოტიკი არ იყო გვირაბი, ნარკოტიკი იყო რწევა. ნარკოტიკს ასეთი მუსიკა ახლდა:

ნია-ნია-ნია, ნაუ-ნაუ-ნაუ.

ტკივილი გაქრა. ნია და ლაშა დამეგობრდნენ. გაუთავებელი ღამეები სასიამოვნოდ გაგრძელდა. ნია ახალი მანქანის ტარებას სწავლობდა ლაშას ზედამხედველობით. დიდი ხნის ნანატრი კომპიუტერიც აჩუქეს, პალიტრაც, საღებავებიც, ჩითის და პირსახოცის უკვე სრულიად ზედმეტი თეთრეულიც. ახლა ნიასაც მოსწონდა აბრეშუმზე წოლა, ეჩვენებოდა, რომ თვითონაც აბრეშუმის იყო, ნია-ნია-ნია, ნაუ-ნაუ-ნაუ.

ლაშა ნიას არ აწვალებდა. ყოველთვის დროზე ამარაგებდა “წამლით”. ოჯახში სიმშვიდემ დაისადგურა. ის კი არა და, როცა ლაშას სამი თუ ოთხი მეგობარი ერთბაშად წაუვიდა უკეთეს სამყაროში, ნიამ თავზე ხელიც კი გადაუსვა გაუბედავად. ლაშამ ცრემლიანი თვალებით ამოხედა და ნიას გაუკვირდა, რომ ლაშას მადლიერი მზერა ჰქონდა. ლაშასაც გაუკვირდა, რომ ნიამ მისი ცრემლები არ იუცხოვა.

ხანდახან თამაშის დროს ვერც კი ხვდები, სად არის ბაქანი, სად უნდა შეჩერდე და სად უნდა ამოისუნთქო...

მეგობრების დაკარგვის შემდეგ ლაშამ სმა დაიწყო. უზომოდ, გაუთავებლად, უგემოვნოდ; ცოლი უშეღავათოდ მიივიწყა.

ნიამ ერთი აუტანელი გვირაბიც გაიარა. სამკვირიანი, ტკივილიანი, ლორწოიანი, ფეკალური მასებისფერი გვირაბი, რომელშიც შიში ჯერ განგაშად იყო ქცეული, მერე – შფოთვად, მერე – ტანჯვად, დაბოლოს, სრულებით სულერთიად, სავსებით სულერთიად, ერთიანად სულერთიად, სულერთიანად სულერთიად, გვირაბი ძალიან მოკლე იყო – მწვანე საძინებელი-შავი აბაზანა-მწვანე საძინებელი-შავი აბაზანა, საძინებელი-აბაზანა, საძინ-აბაზ... ნიას არ ეგონა, თუ გამოძვრებოდა.

ლაშა ჯერ ავი კმაყოფილებით აკვირდებოდა. როცა დარწმუნდა, არაფერს მთხოვსო, დაიძაბა.

ნია ვერ გრძნობდა, როგორი ავისმაუწყებელი სიჩუმე დასადგურდა მათ გარშემო. ლაშას სმისგან და ბოღმისგან თვალები ჩაუწითლდა. ნია აბსტრაქტულ კომპოზიციებს ხატავდა თავისთვის. ლაშა ღამე სახლში არ შემოდიოდა. ნია კომპიუტერს უჯდა და მხიარულად ატარამტარებდა:

– მარტო ვარ, მარტო ვარ, ტრალამტრულამ, ტრალალა, – ასე ჩაესმოდა თვითონ. ლაშამ ცოლისთვის თვალყურის სადევნებლად კაცი დაიქირავა. ნიამ სწორედ ახლა გაბედა პირველად ამხანაგებთან გაძრომა. ხომ უნდა ენახა ვინმეს, რა ყოჩაღად დაყავდა მანქანა...

– მეე ვიირტუუალურ რეეალობაში ვცხოვროობ! – ამცნობდა ნაცნობ-უცნობებს განყენებული სახით და ისინიც ცხვირაბზუებულები უქნევდნენ თავს. ლაშა ცოლს აღარ ურტყამდა, მაგრამ ყველა გრძნობდა, როგორ დაიმუხტა, დაიმუშტა და ჩაქვავდა. ყველა, ნიას გარდა.

მოსახდენი მაშინ მოხდა, როცა ნიამ გადაწყვიტა, ამოსუნთქვის დროაო.

ლაშასთან ბიძაშვილი მოვიდა. მაღალზურგიან სავარძლებში ჩაეფლნენ და აბაასდნენ. ნიამ ყავა შემოიტანა და, იმით დამშვიდებულმა, რომ ლაშა არ სვამდა, ტელევიზორის წინ მოიკალათა თავისი საყვარელი საბავშვო შეჯიბრის საყურებლად. ბავშვები გასაბერ გვირაბებში დაძვრებოდნენ, ეჯიბრებოდნენ – ვინ ვის გაასწრებდა. ნია ხანდახან სტუმრის ხუმრობებზე ზრდილობის გულისთვის იღიმებოდა, უგულისყურობა და უცხვირპირობა არ დამბრალდესო.

დასაძინებლად ადრე წავიდა. ყვავილოვანი მდელოები, დიდი ხანია, აღარ დასიზმრებია. დამამშვიდებელი რომ არ დაელია, ისევ ლაშას ხედავდა ხოლმე შპრიცით ხელში, თითქოს ნარკოტიკს უკეთებდა; აი, უკვე უნდა შეუშვას მთელ სხეულში ნია-ნია, ნაუ-ნაუ. ჩიტების სტვენაც კი ესმოდა, ტია-ტია, ტაუ-ტაუ და ან შპრიცი ტყდებოდა, ან ლაშა გადაიფიქრებდა, ან, უბრალოდ, ოფლში გახვითქულს ეღვიძებოდა. თუ წამალს დალევდა, თავისი ძველი სახლის საიდუმლო სხვენში შეიძლებოდა აღმოჩენილიყო. იქ ბავშვობაში ემალებოდა ბავშვობის მონსტრებს და ზევიდან უკვირდებოდა ძველი უბნის ჩახვეულ-ჩამოხვეულ, მიხვეულ-მოხვეულ, გადახვეულ-გადმოხვეულ ვიწრო ქუჩებს, რომლებშიც ხალხი და მანქანები ბროუნის კანონებით მოძრაობდნენ. იმის იმედით, რომ თავისი აბსტრაქტული კომპოზიციები დაესიზმრებოდა, ორი ტაბლეტი გადაყლაპა და მიწვა...

– ბარემ კალთაში ჩაჯდომოდი! შენი დედის ტრულამტრალალა! – გამოაღვიძა ქმრის ყვირილმა თუ შუბლზე მიდებული რკინის სიცივემ.

ლაშა მონსტრი იყო. თეთრი მონსტრი წითელი თვალებით.

– გაგიჟდი? –  დაიჩურჩულა ნიამ.

– შენ ხელში, კიდევ კარგადა ვარ. შენი ტრალალალა დედა ტრულალალა.

ნიას იარაღის სიცივემ ძარღვებში დაუარა და რაღაცით მიხვდა, რომ ლაშა ბალიშში აღარ ჩაცლიდა ტყვიებს. წამოხტა და გაქცევა დააპირა. ლაშა კმაყოფილი აკვირდებოდა, როგორ ასკდებოდა ცოლი კედლებს. გასაქცევი არსად იყო.

– ლაშა, – სრულიად რეალურ სამყაროში აღმოჩნდა ნია, – ლაშა, დაგიჭერენ...

– რაღაცაზე ხომ უნდა დამიჭირონ, – დაღლილი ხმით ჩაილაპარაკა ლაშამ და ჩახმახი შეაყენა.

“ესეც დაქანცულა გვირაბებით,” – გაფიქრება ძლივს მოასწრო ნიამ და სინათლე დაინახა. ეს იყო ლაშას 38-კალიბრიანი, ნახევრადავტომატურ და ავტომატურ რეჟიმებში მომუშავე ზორბა იარაღის ლურჯად მოლაპლაპე ლულიდან გამოვარდნილი სინათლე... ძალიან კაშკაშა სინათლე, თვალისმომჭრელი... ყოვლისმომცველი...

– ეს გინდოდა?!! ეს გინდოდა?! ეს გინდოდა? – ხაოდა ლაშა და ისროდა. კომპიუტერის ნამსხვრევები, სურათის ჩარჩოების ნატეხები, სარკის ნაფშხვენები, ბუმბული და მწვანე ბათქაში ისე ეყრებოდა თავზე, როგორც “ცალხელა ბანდიტში” მოგებული ჟეტონები. – ეს გინდოდა, ეს გინდოდა... ეს გინდოდა... ეს გინდოდა.

ლაშამ მჭიდი, ცოლი და ღამე ერთად გაათავა. განთიადის შუქი არ ესიამოვნა, ჟალუზები გასწია, ერთგან სისხლი შენიშნა. შეწუხდა, ცხვირსახოცით გაწმინდა, ცხვირსახოცი გვამის მიმართულებით მოისროლა, აბრეშუმის თეთრეული ცალი ხელით ვითომ გადაფერთხა, ცოლის ბალიში მუცელთან მიიხუტა და ლოგინზე დარჩენილ რბევის ნაკვალევში დაიძინა. მალე ახალი თამაში ეწყებოდა. გამოძინება იყო საჭირო.

ტარლამ-ტარლამ-ტირლამ, ტურლამ-ტრილამ-ტრალამ-ტრულულულა, – გაბმულად ტკარცალებდა გამოშიგნული და ბოლავარდნილი კომპიუტერი.

– ნია გახსოვს? გახსოვს, როგორ არა, “მეე ვიირტუალურ რეალობაში ვცხოვრობ!” “მე ისე მინდა, რომ ჩემს ლაშიკოს ჩემთან ერთად რამე მაინც უხაროდეს!” თეფშივით თვალები, მომწვანო... თმაა?! რა ვი, რა ფერი, მელირებული, ალბათ. ოო! გრძელი კისერი და რაა? მაგარი ტანი კი არა, ის არ გინდა. ძალიან გამხდარი იყო და თან თითის წვერებზე დადიოდა, ნუ, გემოვნების ამბავია. ჰოდა, ვერ შეიშნო მაიამი და ნიცა. ოთხსართულიანი სასახლე და ბასეინები... გაშორდნენ?! არა, გენაცვალე, ქმარს მოუკლავს... ვინ დაიჭირეს?! შენ სადა ბანაობ?! ლაშა როგორ არ იცი. ოო! ეგ არი ხარაძეების მესამე და ყველაზე პერსპექტიული. არც ერთს არ იცნობ? არც ნიას არ იცნობდი? ადამიანო, შენ ვირტუალურ რეალობაში ხომ არ ცხოვრობ? იცნობ, როგორ არ იცნობ, თუ არ იცნობ, იცი მაინც.

 

გვერდის მისამართი : ბიბლიოთეკა / პროზა / მიქელაძე მაკა / გვირაბი