მიქელაძე მაკა 

 

გვირაბის მცველი

 

 

 

რომანის მოკლე შინაარსი

 

ნაწილი I

 

ინსტრუქცია: იკითხება მსუბუქი გაბოროტებით,

ნაღველნარევი ირონიით და ჩქარი ტაშით.

– ჩვენი სუსტი წერტილი ის არის, რომ სლენგი არ გვივარგა, – ითქვა ისტორიული ფრაზა და ოქროს ასოებით ჩაიწერა კიდეც “ლოთთა და ნარკომანთა ასწლოვანი სამომავლო ომის” მატიანეში.

ფორუმი, რომლის ზოგადსაკაცობრიო მნიშვნელობის გადაფასება შეუძლებელია და რომელზედაც გაიჟღერა ამ ფრთიანმა, ხატოვანმა, ბრძნულმა და ჭეშმარიტების ამსახველმა გამონათქვამმა, შედგა ხმელეთზე ამოთრეულ ხომალდზე განთავსებული ხუთვარსკვლავიანი სასტუმროს სარკეებიან დარბაზში.

სარკის კედლები და იატაკი ჩანჩქერებს ირეკლავდა. იღვრებოდა წყლის ლივლივა, მჩქეფარე, მოციმციმე ნაკადები და ხასხასა, ხვიარა ნარგავების ალის თმებივით ჩამოშლილი ჩქერები. შუშის ჭერიდან ჩამოდგმული სხივთა კონუსი ოქროდ ფერავდა ჩანგმომარჯვებულ ანგელოზთა მომარმარე სითეთრეს. ბლუზის და შამპანურის მოზღვავება ხომალდის უზღვაობას ნაწილობრივ აბათილებდა.

“მიწიური სამოთხე” ასე ერქვა სასტუმროს. გემი ისტორიული იყო. ოდესღაც მას მონური შრომისთვის განწირული ასეულობით ტყვე ლოთი გადაჰყავდა კანაფისა და ყაყაჩოს თვალუწვდენელი პლანტაციების მხარეში და საბაჟო კონტროლს გადააწყდა. ქვეყანაში, სადაც ფირუზისფერი ცით და ზურმუხტისფერი ხმელეთით შემოსაზღვრული ნეფრიტისფერი ზღვა ლივლივებდა, მონებით ვაჭრობა სასტიკად იყო აკრძალული. ხომალდის ეკიპაჟმაც არ დაახანა, რადიკალურად მხსნელი გადაწყვეტილება მიიღო: საიდუმლო კარი გახსნა და ბორკილებით გადაბმული ალკოჰოლის მოყვარულნი დაუფიქრებლად ჩარეცხა ზღვის წიაღში.

ეს მართლა მოხდა.

სასტუმროს ეგზომ სისხლსავსე წარსული ფრთას ასხამდა არაჯანმრთელად ენადგაკრეფილ ორატორს, ბობოლა ნარკობარონს, რომლის მეტსახელის – “ანაქარსისის” – გაგონება ძვალში და რბილში ქარს უყენებდა დასავლელებსაც და აღმოსავლელებსაც.

“– კალიგულა. ნერონი. გალენი. რიშელიე. კოკტო. ელვის პრესლი?! აი, არასრული სია იმ დიადთა სახელებისა, რომლელბიც ამშვენებდნენ ჩვენს რიგებს, – ღაღადებდა ფრაკბაფთიანი და პეწიანი ნაძირალა, თან რატომღაც თავს იკავებდა იმ ფაქტის კონსტატირებისაგან, თითქმის ყველა დარჩენილი გრანდპერსონა ნუნუას რომ ანიჭებდა უპირატესობას. მაშ რაშია საქმე?! რითი გვჯობიან?! საიდან მოდის საფრთხე?!

შეისმინეთ და დაიხსომეთ: ლექსიკის სიმწირემ განაპირობა ჩვენი სამარცხვინო დამარცხება ინფორმაციულ ომში. პირველად იყო სიტყვაო. ხმ!

ჯერ მარტო მათი “პილატეს ცრემლები” რად ღირს, ან “ჭურში ჯდომა” ან “არც ღვინო, არც წყალი”.

ჩვენ? ერთი “თავში უროს ჩარტყმა” გვაქვს მოარულ გამოთქმად და ისიც სრულიად გაუგებარია, რატომ. ხომ შეიძლება, შევცვალოთ “თავის გრდემლზე დადებით”, მაგალითად. ისმის კითხვა: რა დავუპირისპიროთ მათ მრავალსაუკუნოვან ტრადიციებს? ყანწებს, ჭინჭილებს, აზარფეშებს, კულებს, ფიალებს, ქვევრებს, საწნახელებს?! ბოლოს და ბოლოს, სადღეგრძელოებს და ყბადაღებულ სუფრის აკადემიას?

მხოლოდ და მხოლოდ – მძლავრი ინტელექტი, ვინაიდან პირველად იყო აზრი და რაფინირებულობა, მერე – დანარჩენი”.

სიტყვებს მძიმედ, მკაფიოდ, სასტიკად, მიზანმიმართულად და უშეღავათოდ ისროდა. ზუსტად, ტყვიებივით ზუსტად.

მემატიანე ასწრებდა მათ ჩაწერას.

მაგრამ, რა თქმა უნდა, ისტორიამ დაივიწყა წინამორბედი, გზისმკვლევი, პიონერი.. ის, ვის ბაგესაც მოსწყდა გულისთქმა:

– ტრადიციებში გვეხაზება.

უსამართლოდ დაივიწყა. რამეთუ ეს სიტყვები სწორედ იმ კაცის საფლავზე ითქვა, ვის სიკვდილსაც მოჰყვა გაჭიანურებული ძმათამჟლეტი ომი, ცოდვის კითხვა და ქრისტეს ტირილი.

პირველად სისხლი დიდი ქალაქის მთავარ მოედანზე, ლომისთავებიან წყაროსთან დაიღვარა. ძეხორციელს არ ახსოვდა, რატომ და, ლოთებმა პირველი ნარკომანი მოკლეს. საწყალმა ბევრი იფორთხა წყაროს მიმდებარე კიბეებზე. “ჭირი, გაწყვეტა ორივე გვარის! მაგათ მიზეზით მატლების საზრდოდ გადავიქეციო!” – იძახდა, მაგრამ ჭრილობამ, “თუმცა არც ჭასავით ღრმა იყო და არც ტაძრის კარებივით ფართე”, თავისი ქნა.

მოკლულის “ძმებმა” ქვასავით მძიმე სასახლე მიწას რომ მიაბარეს და ახლად ამობურცულ შავბნელ გორაკთან ჩამოსხდნენ, სწორედ მაშინ დაიჩივლა ვიღაცამ: – ტრადიციებში გვეხაზება. – ერთი მოზრდილი შპრიცი “შავი” გაახაზირა, მოწყვეტით დაასო მიწაყრილს, სადღაც, აწგარდაცვლილის გულის არეში, და კუპრისფერი სითხე კუპრისფერ გოროხებში ჩაცალა. აბა, ღვინოს რატომ დააქცევდა?! ცხონებულს არ უყვარდა და რაც უყვარდა, იმით შეუმსუბუქეს სხვა სამშობლო მიწებზე მძიმე სამშობლო მიწა.

ეს მართლა მოხდა.

...და დაიწყო და რა დაიწყო.

ნარკომანებს სისხლი არ შეურჩენიათ. მაგის ჩიტები იყვნენ?!

იმ ქვეყანაში, სადაც ფირუზისფერი ცით და ზურმუხტისფერი ხმელეთით შემოსაზღვრული ნეფრიტისფერი ზღვა ლივლივებდა, უყვარდათ ვენდეტა.

ჰოდა მოკლავდნენ ორშაბათს ერთ ნარკომანს, კვდებოდა სამშაბათს ორი ლოთი. დაბრიდავდნენ ოთხშაბთს სამ ლოთს, ჩაიცხრილებოდა ხუთშაბათს ოთხი ნარკომანი. პარასკევს გაიტაცებდნენ ხუთ ნარკომანს, შაბათს უგზო-უკვლოდ ქრებოდა ექვსი ლოთი. კვირას მოწყენილობა ისადგურებდა.

ომს შიშის თვალები აქვს. შიშს გაქცევა უყვარს. მოვარდა მიგრაციების ტალღა და ვინ საით წალეკა, ვერ გაიგებდი. ისე აეწყო, რომ ნარკომანები დასავლეთში კონცენტრირდნენ, ლოთები აღმოსავლეთში ლოკალიზდნენ. აღმოსავლელი ნარკომანები დასავლეთში გაიხიზნენ, დასავლელი ლოთები აღმოსავლეთში დაბინავდნენ. ნარკომანებს დარჩათ ზღვა, ლოთებს – დიდი ქალაქი; ნარკომანებს – ჭაობები, ლოთებს – ხრიოკები. ჩამოუყალიბებელი მსოფლმხედველობის მერყევი ელემენტები კი მთებში გაიხიზნენ. იცოცხლე, იმ ზურმუხტფირუზნეფრიტოვან ქვეყანას ჯიღასავით ედგა ალმასისდარი მთაგრეხილები.

ასე გაიხლიჩა ქვეყანა ორად. ან კი აქამდე როგორ შეძლეს თანაცხოვრება რადიკალურად განსხვავებული შეხედულებების, იდეალების, პრინციპების, თეორიული საფუძვლების, ადათ-წესების და წეს-ჩვეულებების მქონე ადამიანებმა, გასაოცარი იყო.

ერთმა უცნობმა ჟამთააღმწერელმა ცნობილი ცხრილი შექმნა, ისტორიის ნებისმიერ სახელმძღვანელოში რომ გადააწყდები. შესადარებლად მისწრებაა პირდაპირ და ჩვენც ამ მიზნით მოგვყავს თვალსაჩინოებად.

დასავლელებისა და აღმოსავლელების ძირითადი განმასხვავებელი ნიშნების ამსახველი

 

 

ცხრილი-ტაბულა

ფაბულა უ. ჟამთააღმწერელისა (მცირეოდენი შემოკლებებით)

 

ნარკომანები

 

უყვართ ყველაფერი უცხო

(მაგ. “ზმანი”).

ლოთები

უყვართ ყველაფერი “რადნოი”

(მაგ. ინამარკის ნაწილები).

ნარკომანები

უყვართ ცა.

ლოთები

უყვართ მიწა.

ნარკომანები

უყვართ მთვარე.

ლოთები

უყვართ მზე.

ნარკომანები

უყვართ მამა.

ლოთები

უყვართ დედა.

ნარკომანები

უყვართ უბანი

(პრაქტიკულად).

ლოთები

უყვართ სამშობლო

(თეორიულად).

ნარკომანები

არ შეუძლიათ, გათოხნონ.

ლოთები

შეუძლიათ, არ გათოხნონ

(ასეც იქცევიან).

ნარკომანები

შეუძლიათ, შეეშვან, როცა

 მოუნდებათ, მაგრამ...

ლოთები

შეუძლიათ, არ შეეშვან, სანამ

ჩაეტევათ, ჰოდა...

ნარკომანები

უყვართ ნეტარი სიკვდილი

სიცოცხლეშივე.

ლოთები

ეძებენ ნეტარ სიცოცხლეს

სიკვდილამდე.

ნარკომანები

დადიან კაზინოებში

ლოთები

დადიან აცა-ბაცა

ნარკომანები

თვლიან, რომ ლოთებს

სჯობიან ასი თავით.

ლოთები

თვლიან, რომ თითო ლოთი ას

ნარკომანს ჩაისვამს ჯიბეში.

ნარკომანები

თვლიან, რომ ცხოვრება ხანმოკლეა, ამიტომ შეძლებისდაგვარად უნდა ისიამოვნო.

ლოთები

თვლიან, რომ ცხოვრება ხანმოკლეა.

ამიტომ შეძლებისდაგვარად უნდა მოილხინო.

ნარკომანები

თვლიან, რომ ბავშვი უნდა იყოს კმაყოფილი და რაც უფრო ვერ ასიამოვნებს, უფრო საკაიფო ბავშვია.

ლოთები

თვლიან, რომ ბავშვმა უნდა გაიხაროს და რაც უფრო კარგად ნაცემი რჩება მაღალაღტაცებული, მით უფრო მაგარი ბავშვია.

ნარკომანები

თვლიან, რომ ქალი საჭროა სამარიაჟოდ და გამლანძღავად (სალანძღავადაც).

ლოთები

თვლიან, რომ ქალი საჭიროა ნაბახუსევზე საალერსოდ, სალანძღავად (გამლანძღავადაც).

ნარკომანები

სახლი სჭირდებათ გასაქცევად.

ლოთები

სახლი სჭირდებათ დასაბრუნებლად

ნარკომანები

პატივს სცემენ აზრს.

ლოთები

წინ აყენებენ ემოციას.

ნარკომანები

აღიარებენ შედეგს.

ლოთები

ეძებენ მიზეზს.

ნარკომანები

აქვთ ბევრი ფული და ცოტა სინდისი.

ლოთები

აქვთ ცოტა ფული და ბევრი გამოუყენებელი სინდისი.

ნარკომანები

აქვთ ბევრი მეგობრობა და

ეძებენ მეგობარს.

ლოთები

ჰყავთ ბევრი მეგობარი და ეძებენ მეგობრობას.

ნარკომანები

ეძებენ “ფილოსოფიურ ქვას”.

ლოთები

ეძებენ “სიცოცხლის ელექსირს”.

ნარკომანები

არიან მემარჯვენეები.

ლოთები

არიან მემარცხენეები.

ნარკომანები

არიან დასავლეთზე ორიენტაციის.

ლოთები

არიან ტრადიციული ორიენტაციის.

და ა. შ. და ამგვარად. ზემოთმოტანილი ცხრილიდან სახელმძღვანელოებში ტაქტიანად ამოიღეს საჭოჭმანო პუნქტები: ნარკომანები არიან ანალურნი, ლოთნი კი ორალურნი. აბა, რას იზამდნენ, სწორედ ამ პუნქტის გამო გახდა უცნობი ჟამთააღმწერელი უცნობი და დღესაც უცნობია... მისი ნაადრევი და ნაძალადევი უკანასკნელი ნავსაყუდელი. საწყალი. იმასაც ამტკიცებდა, საერთოც ბევრი აქვთო, მაგრამ არ დასცალდა.

საერთო კი ნამდვილად ჰქონდათ. ლოთებსაც და ნარკომანებსაც სახლის კარის შეღებისთანავე, ფხიზელი კაცის მოლოდინით დაოსებული დედები ჩატეტკილი სახეებით ეგებებოდნენ და ჩამწყდარი ხმით ეკითხებოდნენ: “ისევ ჩაიფსი (ვთქვათ), მიხეილ?!”

მაგრამ განა ამისთვის ომის შეწყვეტა ღირდა?

ომი ომია.

და როგორც ყველა თავისი თავის პატივისმცემელ ომს, ამ ომსაც რამდენიმე გარდამტეხი ეტაპი ჰქონდა როგორც ერთი მხრისთვის, ისე მეორისთვის, როგორც ერთი გზისთვის ისე მეორისთვის, როგორც ერთი ძმისთვის, ისე მეორისთვის.

პირველი ეტაპი “ანაქარსისის” ისტორიულ ტირადას მოჰყვა. ომმა ცივი ომის სახე მიიღო და ხასიათდებოდა ცხელი ხელჩართული ბრძოლებით. ქვეყანაში, სადაც ფირუზისფერი ცით და ზურმუხტისფერი ხმელეთით შემოსაზღვრული მალაქიტისფერი ზღვა ლივლივებდა და ალმასისდარი მთაგრეხილები იწონებდნენ თავს, სიტყვა და საქმე ერთი იყო. ნარკომანებმა უმოკლეს ვადებში გამოაცხვეს ქართულ-ხალხური ნარკოლოგიური “სლენგის” ლექსიკონი. ტენდერში გაიმარჯვა მანამდე სრულებით უცნობი დამწყები მორფინისტის პროექტმა, რომელიც ითვალისწინებდა კომპიუტერული ტერმინოლოგიის ნარკოადაპტაციას. ის დღე იყო და ის დღე – “ჩატვირთვა” მომწამლავი ნივთიერებების მიღებას ნიშნავდა: “დახუნძვლა” – პერედოზირებას, “დაკიდება” – ყვინთვა-თვლემას (მანამდე, ე.წ. “კიმარს”) “ვირუსი” – აბსტინენციას. “გაჭედვა” – უხეირო ინექციას. “გაპარვა” – ერთი ნარკოტიკიდან მეორეზე გადასვლისწინა ღვთაებრივ რიტუალს. “ქვიშის საათი” – გაჩხერის წინა დაგემოვნებას დროსა და სივრცეში. ცოტა ინგლისური ტერმინებიც მოიშველიეს: ეს ინსტალირებაო,1 ეს ქონთენთსიო,2 ესეც დაბექებაო,3 ესეც დასეივებაო.4 დასავლელები წელში გასწორდნენ. შვებით ამოისუნთქეს. თუ ძირძველობით ვერა, მაღალერუდირებულობით და, რაც მთავარია, თანამედროვეობის ფეხის აყოლით გაიხარეს.

ლოთები ვალში არ დარჩენილან. ვინაა თქვენი ტვინგახიდული და ჩამორჩენილიო! ყურძნის ჯიში გამოიყვანეს, ყურძნის უნახავს გაგხდიდა. დაწურავდი თუ არა, პირდაპირ არაყად დგებოდა, შინნახად და თანაც დიმედროლიანად. სელექციონერთა მთავარ პრემიაზეც იყვნენ წარდგენილი, მაგრამ ნარკომანებმა უჩივლეს – დიმედროლი პლაგიატიაო.

ვინაა თქვენი ქურდის ქურდი! თრობა, საერთოდ, ჩვენი მოგონილიაო! – გადაირივნენ ლოთები, – თქვენ არ იყავით “კოქტეილებს” რომ უბერავდით! “კოქტეილიც” თქვენი გამოგონებააო? ნარკომანებიც არ დაიბნენ:P – თქვენ არ ღრიალებთ ყოველ სუფრაზე: “ყაყაჩო აყვავებულაო?!” მოსაყოლადაა ადვილი, თორემ თითოეულ მსგავს პრეტენზიაზე ხანგრძლივი სასამართლო პროცესი იმართებოდა... ცუდი დრო იყო.

– ყველაფერი იმის ბრალია, რომ ხმელეთზე გამოთრეული ხომალდი არა გვყავს, იმიტომ გვიბედავენო ამდენს, – გამოთქვა მოსაზრება ბობოლა ბუტლეგერმა “პლატონამ”. ურჩიეს, არ გადაირიო, ხომალდი რომ ავაშენოთ, ციხეში ამოგვალპობენო. – ვის რად უნდა მაგათი ჭურჭელი. ჩვენიც თავზესაყრელია. ქვევრში გავხსნათ სასტუმრო, ჩვენ რომ გვეკადრება ისეთიო. თქმა და ქმნა ერთი იყო. ცოტა ხანში სასტუმრო წამოჭიმეს, ყველა ქალი ერთად რომ დაეთხოვებინათ და თითოეულისთვის ინდივიდუალური ქორწილი რომ გადაეხადათ, მაინც აკმარებდა დარბაზებს. დაფლეს მიწაში. დაარქვეს “აღთქმული ზეცა”  და გაილაღეს. როგორც საკუთარ სახლში, ისე გრძნობდნენ თავს ბევრბოციან ქვევრში, ჰარალესაც დასძახოდნენ და ბავშვობიდან აქა ვზივართო უხაროდათ.

ნარკომანებმა მოიწყინეს. განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც მნიშვნელოვანი სასამართლო პროცესი წააგეს და დიდი თანხაც დაუჯდათ წააგებდნენ აბა რა იქნებოდდა, “პლატონამ” “ანაქარსისს” სარჩელი წაუყენა, რატოა შენი სასტუმრო “ხუთვარსკვლავიანიო”.

ამას ვიწრო შინაურული აშლილობები დაერთო. მოწინააღმდეგეთა ბანაკებში და დაიწყო “ლოთთა და ნარკომანთა ასწლიანი სამომავლო ომის” მეორე ეტაპი. ნარკომანებს გამოეყო ბოლის მოყვარულთა ფრაქცია, აქროლადგამხსნელთა ამომრჩევლების ქვე-პარტია, ამფეტამინდამოკიდებულთა სეკვესტრი და კოკაინისტთა ლობი. ლოთები გაიყვნენ ტრადიციულ და არატრადიციულ მსმელებად. თავის მხრივ, “არატრადიციულები” დაიქსაქსნენ ვისკის, ჯინის, ბრენდის, მარტინის, ვერმუტის, საკეს, ტეკილას და სხვათა და სხვათა ტრაფიალებად, “ტრადიციულები” კი “ახალიმაგრების” (ანუ მაგარი სასმელების ახლებურად მომხმარებლების) ლოჟაში და წითელი და თეთრი ღვინოების ორდენებში გადანაწილდნენ.

მესამე, გარდამტეხი და სადღაც გადამწყვეტი ეტაპი მაშინ დაიწყო “ანაქარსისის” მეუღლეს იმ საუკუნის შავიჭირი” რომ აღმოაჩნდა. ლოთებმა გაიხარეს, ეგეც მაგათ! დაილოცოს, ღმერთო, შენი სამართალიო და მანამ უხაროდათ, სანამ არ გაახსენდათ, ეს ამბავი მათ წისქვილზე რომ არ ასხამდა წყალს: როგორც ხდება ხოლმე, ნარკომანების ცოლებს ძალიან შურდათ ლოთების ცოლების. რა მხიარული ქმრები ჰყავთ, როგორი ორიგინალურებიო. ლოთების ცოლებიც გიჟდებოდნენ ნარკომანებზე, რა გალანტურ-გაწონასწორებულნი არიან, ნეტავი იმათ, ვინც მაგათ გადაუწვება მკლავზედაო. ნარკობარონის თანამეცხედრე “ბიოლოგიურ იარაღადაც” კი შეიძლებოდა აღქმულიყო ამ ყველასთვის მკაფიოდ გამოკვეთილ კონტექსტში.

რომ არ გაგვიგრძელდეს, ცოტა ხანში ორივე მხარემ გამოფინა ნაკუწებით შეკოწიწებული ჭრელი საბნები გლოვის ნიშნად.

თითქმის მთელი ზურმუხტისფერი ხმელეთი დაიფარა ათასფერადი მართკუთხედებით, კვადრატებით, რომბებით და პარლალელეპიპედებით, ზოგადად რომ ვთქვათ. მე შენ გეტყვი, ბევრი მატერია წაუვიდოდათ?!

ჩვენ რომ ვახსენებთ ხშირად და ხშირხშირადაც არაკეთილად, ის ქვეყანა ხომ ერთი ხელისგულისოდენა იყო. ხუთი ათეული მოზრდილი საბანი და – მთლად მოიჩითა პატარა და დიდგულა მიწა, როგორც სხვაგვარი ხედვით ცნობილი მხატვრის ტილოებზე გინახავთ, ისე კუბიკ-კუბიკად აკიბ-ჩაკიბული გახდა მისი ველ-ვაკე-მდელოები

ხატოვანება იქით და, ორმხრივ შეცოტავდნენ

უბედურებას უბედურება დაერთო. მესამე ეტაპი სტიქიურ მეოთხეში გადავიდა სტიქიურადვე. აღმოსავლეთში ვენახი გაველურდა, ზედმეტი მოვლისგან ისე გადაირია, მოედო და მოედო ღობე-ყორეს, კარ-ფანჯარას, სახურავ-გუმბათს, ხევს, მწვერვალს. მოაშთო და მოსპო ყველა სხვა მცენარე, ნათესი, ნახნავი, სარწყავი და ამასაც არ დასჯერდა, ჯერ ცხოველებს მოუთავა ხელი, მერე ფრინველებს და ჯერი ადამიანებზე მიდგა. დაეხვეოდა მსხვერპლს სხეულზე, სწვდებოდა ყელში (ამორჩევითად უყვარდა) და გუდავდა და გუდავდა თავისი ნაზი, ქალწული და დალალდაწნული ლერწებით.

დასავლეთში ნალექიანობამ მოიმატა. ნისლ-ბურუსოვნებამ დაისადგურა. ამ ნისლში თეთრდამჭვირვალი საღამური პერანგებით მოსილმა ქალწულებმა იწყეს ღამეული ბორიალი. მარტო ბორიალს ვინ დაგიდევდა, ხიდებიდან, ბოგირებიდან, სახურავებიდან და გუმბათებიდან, მწვერვალებიდან და ღრუბლებიდანაც კი დაიწყეს ცვენა.

ლამაზი იყო. ცვიოდნენ და ცვიოდნენ... თოვდნენ და დნებოდნენ.

გათიშულები იყვნენ.

დიდ ქალაქში მიწისძვრები გახშირდა. ერთი-ორი შენობა პერმანენტულად იქცეოდა ქვაყრილად, კვირაში ერთხელ მაინც.

ზღვამ ტოტალური მიქცევ-გაქცევა დაიწყო. ასე დავარქვათ, თორემ სინამდვილეში, სანაპიროები რომლებზედაც დამსხვრეული ხომალდები და მკვდარი თევზები კენჭებივით ეყარა, გაუგებარი მიმართულებით ქრებოდა. ცა ყლაპვდა, თუ მიწა, ვერ გაიგებდი.

დასავლეთში აცივდა, აღმოსავლეთში დაცხა.

აღმოსავლეთში საჭმელი გათავდა, დასავლეთში – სასმელი.

უძლებდნენ.

მაგრამ მოწმენდილ ცაზე მეხი მაშინ გავარდა, ზოგიერთმა ქრისტეს ფეხის მკვნეტელმა და იუდა ისკარიოტელმა “ნარკუშამ” სმა რომ იწყო, ზოგმა ულვაშშერცხვენილმა და დედის ცოლად შემრთველმა “ალკაშმა”, ასე განსაჯეთ “კაიფი”.

აი, მაშინ კი წახდა ერი. აირია მონასტერი და დაიქცა ქვეყანა.

ხალხი გმირს ელოდა.

გმირი არ ჩანდა.

ფუღუროები ცარიელი იყო.

 

 

II ნაწილი

 

ინსტრუქცია: იკითხება ლირიულ-ნოსტალგიურად.

 

ჩვენი მოთხრობის გმირს და, როგორც გზადაგზა გაირკვევა – გმირს, გვირაბის მცველი ერქვა.

ერთი ყურპარტყუნა ბიჭი იყო, თვალები ჰქონდა სუფთა, ლაჟვარდისფერი, დიდრონი, თორემ, სხვა მხრივ ჩვეულებრივი უმწიფარი ყმაწვილი გახლდათ, მზეზე გახუხული და ხელ-ფეხ გადატყავებული. გახუნებულქოჩრიანი ყელტიტველა ყვინჩილა. ცქვიტი, მკვირცხლი და დაუდგრომელი, სიცოცხლით სავსე.

ომიან ქვეყანაში ცხოვრობდა.

ამ ქვეყანას ერთი ქედი ყოფდა შუაზე და ამერ-იმერს ერთმანეთთან არაფერი აკავშირებდა, გარდა გრძელი, ბნელი, ძველი და სველი ხვრელისა. ხვრელს სახელად გვირაბი ერქვა. გვირაბის მცველს – ლაზარე. ბიჭი გვირაბის ახლოს მთებში ჩაკარგულ სოფელში ცხოვრობდა.

სოფელი სახელად ერქვა მხოლოდ. იდგა ორი ქოხი, ორი ბოსელი, ერთი ნალია, ერთი საჩალე, სამეთუნეო დაზგა და საკირე. ირგვლივ მოლები, კორდები, კორტოხები, ჭალები, ტყეები, კორომები, ლიკლიკა ნაკადულები, ჩქაფუნა წყალვარდნილები და ხელუხლებლობა სუფევდა. ეზოში ჩარხი ტრიალებდა. სახლში ცეცხლი ბრიალებდა, ფეხი თიხას ზელდა, ხელი თიხით ქმნიდა. ზამთარში იდო მუხლამდე თოვლი, გაზაფხულზე ყვაოდა შინდი, ზაფხულში იდგა ხვატი და შემოდგომას ერქვა ოქროსფერი.

სოფელი იყო. უბრალო.

პაპა ღვთისავარ მამაპაპურ ხელობას ასწავლიდა შვილიშვილ ლაზარეს და აბა, რის პაპა იქნებოდა, ასე რო არ ექნა.

ყოველ ცისმარე წამოხტებოდა ბიჭი. პირზე წყაროს წყალს შეისხავდა, ძროხას ჩამოწველიდა. სახლსაც მიჰკრავ-მოჰკრავდა ხელს. კუნტრუშ-კუნტრუშით ჩამოირბენდა დამრეც ფერდობზე გაკლაკნილ ბილიკს და გვირაბში შედიოდა. რუდუნებით უვლიდა. წმენდდა, ასუფთავებდა, ნაპრალებს და ბზარებს საგანგებოდ მოზელილი თიხით ავსებდა. საჰაეროებს უმოწმებდა, ჩამდგარ წყალს აშრობდა, სათლებით ეზიდებოდა. მოვარდნილ ქვებს უმაგრებდა. ბოძებს ბიჯგებს უდგამდა. მუხლჩაუხრელად შრომობდა. შვილივით დაჰკანკალებდა გვირაბს. გვირაბის მცველი იყო და იმიტომ.

საღამო ხანს თუ ამოაღწევდა სახლში. პაპა რამე შეჭამანდს დაახვედრებდა. სულს მოითქვამდა, ჯერ თავის ცხენს მიაშურებდა, მერე დაზგას ჩაუჯდებოდა.

ცხენი ჰყავდა, თეთრი იყო, ლურჯად დახაზული, ცისფერძარღვიანი, მოკლეფაფარა, გრძელკუდგაკვანძული, ლურჯთვალება და თავადაც ლურჯა, ფრთები აკლდა, თორემ ლექსებიდან გადმოფრენილს ჰგავდა.

დაზგა იყო და თიხას, რა გინდა, სულო და გულო, რად არ აქცევდა: ჯამ-ჭურჭლად, თას-ფიალად, ცხენ-ძროხად, ადამ და ევად, ქვევრებად და ხომალდებად, პატარა ეკლესიებად და მზეებად.

ცხენს რომ დააპურებდა, ჩამოწმენდ-ჩამოვარცხნიდა, მიუალერსებდა და კვნიტა შაქრითაც დაატკბობდა, ველად გაჰყავდა.

ჯერ კვიცივით მიკუნტრუშებდა მის გვერდით. და როცა ზურგზე შემოევლებოდა, უწვერული ყმაწვილი ციური მხედრობის წინამძღოლ ანგელოზს ემსგავსებოდა, ლაჟვარდისფერთვალას, გახუნებულქოჩრიანს, ცისფერპერანგას და ლურჯ ცხენზე ამხედრებულს. დაქროდა ქარივით და ქარებში. მიაქროლებდა ფიქრის, ოცნების, იმედის და რწმენის მოსასხამს, თავადაც ამ მოსასხამივით უხილავ სიხარულს აეტანა წერასავით... მაგრამ ცხენს ფლობდა, რადგან უყვარდა.

და განა მარტო ცხენი. უყვარდა ცა და მიწა. უყვარდა ღიღილო, უყვარდა ფუტკრის ზუზუნი და კალიის კრუალი. ვარსკვლავები და ფიჭვის ცრემლები. ციხის ქონგურის ტკივილი და საფლავის ქვის სითბო.

პაპა უყვარდა.

– ჩემო ლაზარეო, რამე მახარეო, – ელექსებოდა საკირეში გამომწვარი მოხუცი თავის ერთადერთს და იმედს.

– მე რა გახაროო, რქით მხნავო ხაროო, – ტოლს არ უდებდა შვილიშვილი.

ერთად მკიდნენ და ერთად ლეწავდნენ, ერთად პურობდნენ და ერთად ღვინობდნენ, ერთად შიოდათ და ერთად სტკიოდათ, ერთად მზეობდნენ და ერთად უღამდებოდათ.

– პაპი, როგორ გგონია, ეს “ჩარფუზანა” როდის დამთავრდებაო, – ომს გულისხმობდა ბიჭი.

– მე რო გაღმა გავალო, – ღონდებოდა ბერიკაცი.

– აბაო, ეგეთები არ გამაგონოო! – ყურებზე ხელს იფარებდა ყმაწვილი.

მინავლულ კერიასთან უშლიდნენ ერთმანეთს გულს.

– პაპი, სულ-სულ არ გეშინიაო? – ღამეულ სიჩუმეს გაუყუჩდებოდა ლაზარე.

– ერთხელ სჯობია სიკვდილი, მუდამდღე დაღონებასაო, – ჩიბუხს ფერთხავდა პაპა.

 

1 2
გვერდის მისამართი : ბიბლიოთეკა / პროზა / მიქელაძე მაკა / გვირაბის მცველი