მიქელაძე მაკა 

 

ერთი მოთხრობა ამ რთულ ცეკვაზე

 

 

 

 

        ეძღვნება ანდრო ზალდასტანიშვილის ხსოვნას

– მოდი, ძმიავ, ჩვენი წინაპრების სულები ამყოფას ნათელჩი ღმერთმა. ანბავს გიანბობ. რაი? არა-ღა-ჩე, რაი დაგათრობს. ხატობაჩი არსმაი სირცხვილია. აგრეეე! აგე, მაგ სოფელსა რო ხედავ? მაშა! ხევჩი ყოლიფერი ლამაზია! ჰოდე... აი, ემაგ სოფელჩი სცხოვრობდნენ ჩემი დედიძმაი და ძალოი. შენ რო გახლავს, სტუმარო, აიმ ლამაზი ქალის, ჩვენი დისწულიშვილის დიდპაპაი და დიდბაბოი. ლევანი და დარეჯანი. რაიო, ნაპალივანიო? არა ძმიავ, ლევანი ტანადა ბატარაი კახსა ჰგავდა, დანარჩენითა ტარიელსა, ძალოი ნესტან-დარეჯანი იყო გამოცხადებული.

ჩემი გამოთვლებით, გათენებას კიდევ ბევრი უკლია. სასოწარკვეთილ მარტოობაში ჩაძირული არაბუნებრივად მაღალი მთის ფერდობიდან ჩავცქერი არარეალურად ღრმა, ჩამუქებულ ძაბრს – თუ აგიზგიზებული, თუ მინავლული კოცონებით რომ არის სავსე. ეს მბრუნავი ძაბრი ხინკლის, არყის, გუდის ყველის, ტყაპუჭის, მჟავე კომბოსტოს და ბევრი ერბოს ოხშივარს, ყაყანს, ხორხოცს, აკორდეონისა და საკლავის ზმუილს აფრქვევს, ამ მოგრუხუნე ძაბრში დაწყვეტილი სპირალური გზა ჩადის თუ ადის, ზედ შავოსანი, ხელსანთლიანი, თავდაბურული დედაკაცები ადიან-ადიან-ადიან სადღაც ზევით, ზევით, ზევით. იასამნისფრამდე შავ, გაუსაძლისად ბევრვარსკვლავიან ძაბრში, ზარს რომ წააგავს და ზარივით რომ ზრიალებს. ორივე ძაბრი ბრუნავს. ქვედა – მარცხნივ, ზედა – მარჯვნივ, ან ქვედა მარჯვნივ, ზედა მარცხნივ, ხან ორივე – მარჯვნივ, ხან ორივე – მარცხნივ. ერთადერთი აპათიური ოცნებაღა მასულდგმულებს, ცენტრიდანული ძალით ამოვვარდე ამ ორომტრიალიდან. ცენტრისკენული ძალავს.

თანამესუფრე მოხევე, აქამდე რეალობა, ბოლო ჭიქის მერე მოლაპარაკე თავად იქცა. ჭაღარა ტეხილი თმა, თეთრი სკლერები და თეთრი კბილები მიყვებიან მოსაწყენ ლეილმეჯნუნიანს.

ჩახლართულნათესაურ კავშირებში გარკვევას არც ვცდილობ, უიმედოდ დასევდიანებული გაფაციცებით ვლამობ, თავი, ეს უკანასკნელი ათვლის წერტილი, არ დამეკარგოს.

– ანდრო, ანდრო, ანდრო! – მესმის, მგონი, საკუთარი სახელი, “აიმ ლამაზი ქალის” ხმას წააგავს. – ნახე, თვითმფრინავი!!! ნახე!

ნეტავი მაგას, თუ ამდენ ცრიატში თვითმფრინავის ნათურების ციმციმს ხედავს... თავი დავკარგე, მოლაპარაკეც, ჩემიც...

– დედიძმაი რომ ომჩი მიჰყავდათ, ძალო ბანზე გადამდგარა და დაუძახნია – ხმით ვაგნებ მოხევეს და გულზე მეშვება: – ლევანო, შენი ვარ, როცა არ დაჰბრუნდე, როგორსაც მტოვებ, ეგრეთი დაგხვდებიო! – წარბშეუხრელად აგრძელებს ადამ და ევას დროინდელ ისტორიას.

– ავაი, უსირცხვილოო, – ჩამოუხოკავთ ქალებს ლოყები.

დედიძმაი გაიჯგიმა, გამაღლდა კიდეცა და ულვაჩში გამოპარული ღიმილი ჩამაისწორა ტორითა, ვიდრე ბუდიონოვკიანი ჯარისკაცების რიგი თვალს მიეფარებოდა, ბეჯითად არ იმჩნევდა სიხარულსა, ბოლოსკენ გულმა აღარ მაუთმინა და მითამ სასხვათაშორისად ამასძახა:

– დაჯე, დაჯე, დიდო ქალო, დიდი ბედი გელოდებაო. მაშა!

“ერთი-ორი, ერთი-ორი, გერმანელები მოდიოდნენ, მოდიოდნენ როგორც ჩვენები”. ამეკვიატა. მეცინება, მეცინება. წინდას ვისწორებ, მეჩვენება, რომ წვივსაკრავია: ვისწორებ, ვისწორებ, არაფერი არ გამომდის. მაგვიანდება. მაგვიანდება. მელოდებიან, მელოდებიან. ნეტავ სად მაგვიანდება? ნეტავ ვინ მელოდება? ამის გაფიქრება და ყველაფერი, რაც ტრიალებს, ბრტყელდება, ბრტყელდება და ერთი მთლიანი ბანი ხდება. რატომღაც საკლავში დაკლული ქათამი ვარ. თავწაცლილი კისრიდან სისხლს დავაჩქაფუნებ, წაცლილი თავით კი ბანზე მობნეულ მარცვლებს ვკენკავ. ტკ-ტკ-ტკ-ტკ – და რას ვხედავ! ორი ქალამანია ჩემი ნისკარტის წინ. შიგაც – ხელით ნაქსოვი ჭრელი წინდები. სიჭრელეს თვალს ვაყოლებ. მზე და მზერაუხლები ჯანმრთელი ბარძაყები გამოქათქათდნენ წითელი ატლასის პერანგიდან. დარცხვენილი ვშორდები კაბის კალთას და – ტკ-ტკ-ტკ-ტკ – ვაგრძელებ კენკვას. ვითომც არაფერი დამინახავს.

– ერობაჩი გამატანილი საპერანგე სანიფხვედ გადაიქცაო, გაგიგონია, სტუმარო? – თვალებში მიყურებს მოხევე. გამოჭერილივით შევკრთი.

– ანდრო, ანდრო, ანდრო! წარმოგიდგენია, პირველად მსოფლიოს კინაღამ ქალმა შემოუფრინა თვითმფრინავით?!

კინაღამარითვლებას ვპასუხობ, იმიტომ რომ, ნერვებსაც მიშლის და გამოფხიზლებასაც, აის ლამაზი ქალი.

– ქალავ, შენთვინ არც ვის უსწავლებია, კაცების საუბარჩი ნუ ჩაერევიო? – მხარი დამიჭირა მოხევემ.

– მომისმინეთ, რა? – არ ცხრება აის ლამაზი ქალი. – ამელია ირხარტი, ჭრელთვალება, დიდპირა და თხელტუჩება, ამელია ირხარტი – გრძელკისერა, მკერდფიცარა, ცხვირპაჭუა ბურატინო, ამელია ირხარტი – გაკორტნილი, ჩხუბისთავი, მხიარული ხულიგანი... კინაღამ... სრულიად შემთხვევით ვერ... შეიძლებოდა, რომ... პირველად დედამიწის გარშემო თვითმფრინავით... სულ თავისუფლად.

– ქალავ, შენ მეტი აღარ დაღლია! – ისეთი კილოთი ბრძანებს მოხევე, რომ ვერ გაარკვევ – ხუმრობს თუ ბრაზობს. საერთოდ, რა ხალხია, ვერ ვხვდები ან რა ენაზე ლაპარაკობენ. აიმ დედით მოხევე ლამაზ ქალსაც ვერაფერს ვუგებ. მერე რა თუ საცოლეა ჩემი.

– საპერანგეზე გეუნებადი, – არ დაავიწყდა მოხევეს. ის საპერანგე საქორწილო კაბად გადაიქცა, მაშა! ხო ერთი თავით მაღალი იყო ლევანზე დარეჯანი. არ მითქომს? ჰო, ერთი თავით მაღალი იყო, მაგრამ ქორწილჩი თვალი მამე და ამათზე მაყურებინეო, აგრე იტყოდი. თეთრი ჩოხითა და ნაბადითა, წითელი კაბითა და მანდილითა, პურ-ღვინოსავითა. რა იქნებადნენ? ოცდახუთამდინა – ლევანა და ათვრამეტისა – ძალო.

– ანდრო, ანდრო, ანდრო, ამელია ირხრატი გაცილებით ჩვენზე დიდი იყო. უკვე ოცდაორი წლისა, პირველად რომ ნახა თვითმფრინავი. წარმოგიდგენია? და ოცდასამისა როცა ტრანსატლანტიკური გადაფრენის მონაწილე გახდა. მთელ ოკეანეს ჩიტივით... “შეხედეთ ცის ფრინველებს, ისინი არც თესავენ, არც მკიან, და თქვენი ზეციური მამა ასაზრდოებს ამათ”...

– დიდი პურობა იყო, ჰაი ხინკლობაო, ჰაი ჩამაკიდებაო! რაიო? აბა, ბეჩავ, შენ ნაპალივანი იცი და ჩამაკიდება როგო არ გაგიგია? ვაი-და-და-დაი! არც ჩვენებურს ქორწილში ჰყოფილხარ, განა? ვაი-და-და-დაი. ქალავ, სტუმარი ვიწროეროვნულ ტრადიციებსა არ უნდა აზიარა?! – ისევ ვერ გავიგე, დამცინის თუ იცინის. მაგრამ მას იქით გზა არა მაქვს და მეც ვუსმენ, როგორც მისჯილი – განაჩენს, – ნეფე ლურჯ თოლებს და თეთრ კბილებს აკვესებდა, მალიმალ ახედდა ქვეიდან ნიოფალსა, ულვაჩს კი ამაყად იგრეხდა, მაგრამ ვგონებ, თავისი არ ეგონა ქალაი, ქვეყნის თვალაი.

– რა ქალი იყო! წარმოგიდგენია?! თითქმის სამი მეოთხედი! გარშემო! დედამიწის ირგვლივ!

“ირგვლივ” არ უნდა ეხსენებინა. ისევ ყველაფერი ბრუნავს, ოღონდ ხელსანთლიანი, ჭრელკაბიანი ქალები ხვეული გზით ზემოდან ქვემოთ მოდიან, სანთლებს ხორბლის და რძისფერი ხარების თაფლისფერ რქებზე ამაგრებენ და მიდამოს დღესავით ანათებენ.

“მოდიან, მოდიან” შეძახილით, ეჟვნების წკრიალით კისკის-კისკასით მესევიან სხვადასხვაგვარად მზისფერი ბალღები და ხელებზე ჭრელ-ჭრელ ფალასფულასს მაკვანძავენ. ერიჰა, ახლა ნატვრის ხედ ვქცეულვარ.. ვდგავარ ასე ორ სოფელს შუა.

– ანდრო, ანდრო, ანდრო... ამელია ირხარტი პატარა ბავშვივით ხტოდა ქუსლგამოყვანილ, სასაცილოდ ცხვირმრგვალ, წვრილი თასმით გადაკრულ ზამშის ფეხსაცმელებით და იდაყვებსმომდგარ, ფაქიზად ნაქარგ, ხელთათმანებს ერთმანეთს უტყაპუნებდა, პირველად რომ თვითმფრინავი დაინახა. ხომ იცი, როგორ თვითმფრინავზე გეუბნები, ოთხფრთიან, ძაფით შეკერილ, ბევრპროპელერიან, ცხვირაპრეხილ...

ახლა ეს პროპელერი. ხო ვარ ჩემთვის ხე. რას მერჩის?! ისევ ტრიალებს. ყველაფერი ტრიალებს. ისევ რაღაც მორევში ვეშვები. ლუდის ქვაბში თავით ჩაყუდებული ციცხვი ვარ, ვტრიალებ, ვურევ. ვურევ. ვტრიალებ. ვიღაც ღვთისნიერი დამბაჩას აქუხებს და შვებასავით ქათქათა პაწია ღრუბელი ვხდები, ცისკენ მივფრინავ, ჩემსავით ქუნქულა ღრუბლები ასდის ქვაბებს, ხონჩებს, ჯამებს, ქოთნებს, ჩალისფრად აფარდაგებულ ძაბრში რომ დაარონინებენ სალხინოდ აფერადებულ-მოჩითული ძუძუ-თეძონი. იქით დოღია, აქეთ – ცხენბურთი. ლელო გააქვთ. აქეთ უთავბოლო სუფრა აუყვება მბრუნავ ძაბრს, იქით უთავბოლო ხანჯლებგადაჭდობილ ჩოხოსანთა რიგი ჩამოუყვება. ტიტველი ჩვილები გორავენ ბანებზე, პარმაღებზე, ერდოებზე და ნეფე-პატარძლის კალთებში. უშველებელი ბილილები ნაზად იასამნისფერი და კვერცხისგულისფერგულა გიგანტური ბოძებივით შეჰყუდებიან ზედა ძაბრს, რათა, მაყრულით შეჯანჯღარებული, სანთლად და საკმევლად არ დაგვექცეს თავზე. მხოლოდ ეს უხეშად ნაზი ყვავილები და ტიტლიკანა ჩვილებია ვეება, სხვა ყველაფერი ისეთი მინიატურულია, თითქოს თვითმფრინავიდან ხედავ...

– და როცა ამელია ირხარტმა პირველად გადმოხედა ჩიტის გაფრენის სიმაღლიდან ასანთის კოლოფებად ქცეულ სახლებს და ველ-მინდვრებს...

– საინტერესოა, დანახა თუ არა ამელია ირხარტმა, როგორ დაანებეს თავი კოცნაობას და როგორ წამოხტნენ თვითმფრინავის ხმაზე დამფრთხალი წყვილები თივის ზვინებიდან? – ვბურტყუნებ. აიმ ლამაზი ქალის სახის გამომეტყველებით ვხვდები, რომ რაღაცას ისე ვერ ვამბობ.

– არ მისმენ, ძმიავ, – სიცილით კვდება ჩვენი თანამესუფრე – ჩამოკიდებაზე გიანბობ. დაიჭერენ მაყარსა მოყვრები, ჩამახკიდებენ ფექხითა, ასტყდება ვაჭრობა, სანამ ჩამოკიდებულში დიდს ფულს არ გადაიხდიან, ფართხალებს ბედჩავი, მაშა. რაიო? ბარბაროსობაო? ბარბაროსი ნაპალივანი იყო. შენ რო არ გამაჰფხიზლდი, სტუმარო?! აბა, შაგვეწიას წმიდა სალოცავები. მაგის დაულევლობა იქნება?! არა-ღა, ჩე, რაი დაგათრობს. აგრე. ჰოდა, იმ ფულით იყიდიან ქალებისგან ხინკლებს. ზოგჩი წერილია შახვეული, ზოგჩი – პიმპილი, ზოგჩიც – ფქვილი. ჩაჰკბეჩ და ა-ფუ... არი ერთი ხორხოცი და დანგუდალაი.

სანამ მონადირებული ჯიხვივით ვკიდივარ ჭერხოზე, არა მიშავს. ქვემოდან სახეგაფქვილული წითური ჭინკა მზერით მზომავს, მწონის, მაკვირდება. ჯერ არ ტრიალებს, მთავარია, არ ტრიალებს, მაგრამ ჭინკა მავნეა, ხელს მოზომილად მკრავს და საათის ისრის საწინააღმდეგო მიმართულებით მაბზრიალებს. ხან – ჯარა ვარ, ხან – სადღვებელა, ხან – ჩიკორი, ხან – კალოს ცხენი, ხან – საცეხვი, ხან – თითისტარი, ხან – დოლაბი, ხან – ძაფის გორგალი, ხან – კერიის ქვაბი, ხან – სარწეველა, ხან ცხვარი გადამყავს და ხან ნანადირევი გადმომყავს ხვეულ-ხვეული გზებით. ძალიან დავიღალე... ნეტა აიმ ლამაზი ქალის კალთაზე დამადებინა თავი.

– ამბობენ, ამელია ირხარტს სულაც არ უყვარდაო თავისი ქმარი. მე რაღაც ამისი არ მჯერავს. ისეთი სხივიანი და ცოცხალი თვალებით მთელი ქვეყნიერების სიყვარულს შესძლებ. ამელია ირხარტს ცა უფრო უყვარდა, ვიდრე ქმარი. როგორ შეიძლებოდა, რომ არ ყვარებოდა “დი. პი” (ანდრო, ანდრო, ანდრო, სასაცილოა არა? ინიციალებით მიმართავდა ქმარს.) “დი. პი.” ძალიან სიმპათიური მამაკაცი იყო, ისეთი არა, როგორც ფრედ ნუნენი, მაგრამ... მზრუნველი, გემოვნებიანი, დახვეწილი და ბევრი სხვა მამრობითისგან განსხვავებით, არც ეშინოდა და არც აღმერთებდა მთელი ამერიკის სიამაყეს...

რატომ არის აის ლამაზი ქალი ჩემი საცოლე, უცნაურია. ყველა ნორმალური მდედრი დიდი ხანია მიხვდებოდა რომ ცუდად ვარ. ან “არ დალიოს” მეტყოდა, ან თავს მოიმკვდარუნებდა და დასაძინებლად წამიყვანდა. ნეტავ ის მაინც ვიცოდე, საით მიჰყავს და რას მოხმარდება მისი აკვიატებული ისტორია. სამედიცინოს თავი დაანებაო ამელია ირხარტმა, ცხადია, ამოჩემებულ, ინსტიტუტიდან საბუთების გამოტანის თემას აგრძელებს. თოფს კარგად ისროდაო ამელია ირხარტი, იმის სასაყვედუროა, მიზანში რომ არ ვასროლინე ვიღაც წამოყუდებულის “ფრანგულით”. ბოლოს რის თქმა უნდა, ალბათ გამოჩნდება, თუ თვითონვე არ დაავიწყდა...

– ამდენი ხელის მთხოვნელი ჰყავდაო, რაღა დაგოლილს გაჰყვა თქვენი დარეჯანი! – უხეშად ვიცინი. – რითი ამაარჩია, – ვითომ მათებურადაც ვუქცევ.

– ცეკვითა, ბალღო, ცეკვითა! – გაახარა ჩემმა შეკითხვამ მოხევე. ლევანას გარდა, ვერც ვინ ღლიდა ცეკვაჩი, მაშა!

მთვრალები მოგვადგნენ. უფრო სწორად, მთვრალი მზერები და აღრეული ღიმილები, ნაკვთები არც ჩანდა და აღარც ეტყობოდათ. აის ლამაზი ქალი საცეკვაოდ წამოიმართა. ხელში ჩავაფრინდი. გამაშვებინა და მაინც წავიდა... სეტყვით ჩაწოლილი ხორბლის ღეროსავით გასწორდა წელში და ღამეში ააფრიალა ცისფერი ჯინსის შარვალ-პერანგი. ატყდა ტაშ-ფანდურა მოცეკვავეთა დაღლამდე და ჩემი კბილების ღრჭიალამდე. ველური, უხეში, ულაზათო ცეკვაა. ვერ გაიგებ, კენწლაობენ თუ წაწლაობენ. სულის ტკივილს ხორცისა ვარჩიე და იქვე მიგდებულ დიდ შავ ქვას მივცხე ფეხი. მერბილა.

– მოძმე ამერიკასთან ურთიერთობებს ნუ დაგვიძაბავ, ბალღო! – შეწუხდა ჩემი თანამოსაუბრე. ჰმ! ესეც დამცინის. რა შუაშია “მოძმე”!

– როგორ დამთავრდა თქვენი რომეო და ჯულიეტა! – შევღრინე.

– კარგადა, – გაახსენდა მოხევეს. – ეე! მე ძალო მყავდა, აბა სადა?! ის რო ტაშ-ტაშ-ტაშით წრეს გააგანივრებდა, სამურაბე კაკალივით თოლებს ააბდღვიალებდა, ვაჟური დაღლამდისო, რო დასჭექდა. მკლავის სინსხო მუხლანდის ნაწნავებს რო ააფრიალებდა ჩიქილასთან ერთადა, რაიო? მაშა, ოთხი ნაწნავი და წითელი ჩიქილაი. აგრე გაშლიდა კლავებსა, როგორცა... ძალოსავით ეშხიანადა თამაშობს ეგ ჩვენი ძრიალ ლამაზი ქალი. არ გინდა?! ჩაუხტი! გერგების. არ იცი თამაში?! აბა, ეგ როგო იქნების? ვაი-და-და-დაი!

დიდ შავ ქვას ისევ ჩავაზილე წიხლი. ისევ მერბილა.

უცებ მიწა იძრა. შავი ქვა გადაიხსნა. იქიდან ჩალისფერი ზღარბი, შეწუხებული და დაჭორფლილი სიფითრე და გახუნებული წარბები ამოძვრა.

– ოჰ! იტ იზ ზო ბეაუტიფულ! – შეაფასა მოცეკვავეები ქვიდან ნაშობმა და კვლავ ქვად იქცა.

–  იტ იზ ნოტ ე ბიუტიფულ, იტ იზ ვერი ოულდ! – გაბრაზდა მოხევე, ეს ოულდ ეს ე ვორლდ, – გაბრაზებამ წამში გაუარა და მშვიდად მიუბრუნდა თხრობას: – თაფლივით ტკბილად იცხოვრეს ორჯერ ოცი წელიწადი, მაშა. ერთი გაიძახოდა, დარიას გარეშე ერთი დღე ნუ მაცოცხლოს ღმერთმა, მეორე – ჩემი ლევანის გარეშე ერთი დღე ნუ გამაძლებინებს გამჩენიო.

აის ლამაზი ქალი გადახალისებული დაბრუნდა. რა აზრი აქვს კითხვას, ან ბიძაისწული იქნება, ან დედიძმაიშვილი. ანაც – ნათლიის ბალღი.

– ამელია ირხარტის მეუღლე, – ისე გააგრძელა, თითქოს არც წასულაო, – კინაღამ გადაირია, გაზეთიდან რომ შეიტყო, თქვენი ცოლი დედამიწის შემოფრენას აპირებსო. ვერ გადააფიქრებინა. ამელია ირხარტი საქმიანად ლაგდებოდა უკანასკნელი გადაფრენისთვის. გააფრინაო, – გადაწვიტა “დი. პიმ”, როცა არც დაღუპულთა სტატისტიკამ და არც თხოვნა-ხვეწნამ არ გაჭრა. ხელი ჩაიქნია და თვალცრემლიანმა მიაცილა ცოლი თვითმფრინავთან. “ისე საშინლად გამოიყურები, გეგონება, გიყვარვარო”, – ცხვირს იჭმუხნიდა ამელია ირხარტი. სანამ დასამშვიდობებლად გადაეხვეოდა, ყოველი შემთხვევისთვის დაინტერესდა, რამე შანსი თუ მაქვს გადარჩენისო და როცა “დი. პიმ” გვერდზე გაიხედა, ფოტოჟურნალისტებს დამაბრმავებლად გაუღიმა, მფრინავ აპარატში ჩაძვრა... ყველას აქვს ბოლო საფრენი ბილიკი... მკაცრად ინდივიდუალური... ამელია ირხარტი სიკვდილის შესახვედრად გაეშურა.

– არც როგორც არა! – ვერ ვხვდები, რას აპროტესტებს მოხევე. ხმას ადაბლებს და კვლავ თავის ტრისტანს და იზოლდას უბრუნდება: – ერთ დღესაც წავიდნენ ქალაქში შენი დიდპაპაი და დიდბაბოი, ქალავ. ბალღთანა, შვილიშვილების სანახავადა. გადაიარეს უღელტეხილი... რაიო, ძმიავ, უღელტეხილი არ გინდა?! ეიშ, რაისთვი არ გინდა?! რას ერჩი?! ავაიმე, დაჰღლილხარ, სტუმარო. მაშ, ბოლო ანბავსაც გეტყვი.

მაისიყვარულეს წვრილებჩი და სახლჩი გამაემართნენ. დიდი თოვლობა იყო. სადგურთან დაუღამდათ. სიცილ-სიცილჩი და გუნდაობაჩი მატარებელი დაეჯახათ და გათავდნენ ერთადა.

ღამე დუნდება და თხრობაც ნელდება.

– ორ ადგილას გადაჭრილნი, ხელიხელჩაკიდებულნი და ერთმანეთისკენ თავგადადებულნი ისეთი მშვიდი და ღიმილიანი სახეებით იწვნენ, ჩაძინებულები გეგონებადნენ...

ეს არის “კარგადა?!” – მინდა, ვთქვა, მაგრამ გული დამიმძიმდა, დამიმძიმდა, სადაცაა მიიწურება. ისე მწუხარე ვარ, როგორც მწუხარე სახის რაინდი და აის ლამაზი ქალი, თვალებგაფართოებული რომ უყურებს დუნიას, არ არის ჩემი დულსინეა, ა-რა! ნეტავ აღარაფერი თქვას დილამდე. უუ, მეტი არ არის ჩემი მტერი.

– ამელია ირხარტს უყვარდა ცა... მაგრამ გამოჩნდა ფრედ ნუნენი. შევარდნისთვალება, ვისკის და ქალების ტრფიალი, შუბლმაღალი, გულბეჭგადაშლილი, ცაში ნაწრთობი, ცით გამობრძმედილი ნავიგატორი. სასაცილო სიტყვაა, არა? გასაკვირია, რომ თვით “დი. პიმ” შეარჩია მეორე პილოტი, ანდა ვინ იცის, იქნებ სხვას არავის სურდა ამ თავიდანვე განწირულ ავანტიურაში მონაწილეობის მიღება.

ანდრო, ანდრო, ანდრო, მისმენ?! ფრედ ნუნენს თურმე იმ დღიდან უყვარდა ამელია ირხარტი, როცა მისი პირველი ფოტო იხილა გაზეთში, წარმოგიდგენია?!

...და ამელია ირხარტმა ყველა იმ გრძნობით იფრინა, რაც კი ქალს და კაცს შეიძლება აღეძრას ერთმანეთის მიმართ. გულგრილობიდან – მეგობრობამდე, დაძმურობიდან – ურთიერთშეჯიბრებამდე, მობეზრებიდან – სიძულვილამდე, ეჭვიანობიდან – სიყვარულამდე, ვნებიდან – დედაშვილურამდე და როცა საწვავი გათავდა... სიცოცხლიდან – სიკვდილამდე.

დაღუპვამდე ერთი კვირით ადრე დიდი ქარბუქისა და ზეციური ყინვების, დამსხვრეული  ღამეებისა და უკაცრიელი კუნძულების შემდეგ, პატარა, მაგრამ გაჩირაღდნებული სასტუმროს ღია აუზში ერთმანეთს ეზიარნენ. თავდავიწყებული და თავაწყვეტილი, თავბრუდამხვევი და თავშეუკავებელი, თავაშვებული და თავსდანთხეული გრძნობებიდან გონს მოსულმა ამელია ირხარტმა საკუთარი ვარსკვლავივით ციმციმა თვალებით დაინახა, როგორ უერთდებოდა ვარსკვლავებით გაჯერებული ცა ვარსკვლავებით გაჯერებულ წყალს ფრედ ნუნენის ბედნიერებით ავარსკვლავებულ თვალებში და მიხვდა, რომ მიწიდან მოუწყვეტლადაც შეიძლება ფრენა. ამელია ირხარტმა იპოვნა თავისი თავი და... დაკარგა ცა...

ვარსკვლავთმოზღვავებამ დაავიწყა ორივეს, რომ თვითმფრინავი მანქანაა; რომ ტაროსი ვერაგია და რომ სიფრთხილე სიბრძნეა.

დიდი სიჩუმე ისადგურებს, რომელსაც ისევ აიმ ლამაზი ქალის ხმა ფხრეწს.

– ეს რა, გარდაუვალია? რატომ არ გპატიებს მიწის სიყვარულს ცა.

აღარაფერი ტრიალებს. პირიქით, სქლად, გაუნძრევლად დგას ვერცხცლისფერი ნისლი და მონოლითური სიცივე. მგლის ყმუილივით იჭრება კოსმოსურ უსასრულობაში მატარებლის მჭახე, მკივანი ნათურა და მაინცდამაინც მე, უსასრულოდ მცირეს მსრესს. ჩემი გაყინულ, დასახიჩრებული სხეულიდან პატარა თეთრი ბატკანი “მეეე” მიფრინავს მაღლა და ნისლში იწყებს ტივტივს. ლაპარაკს ვცდილობ და ნისლს ვყლაპავ. მახრჩობს. რაც უფრო ზევით მივიწევ, უფრო მკვრივდება და ცივდება სუნთქვა, “მეეე” პატარა თეთრ ბატკანს ფრთები და პროპელერი მეზრდება და მიქსერივით ვთქვეფ სივრცეს. სადღაც ქვევით, თოვლზე, პატარავდება და პატარავდება წითელი და თეთრი კუბოები, ციგებივით რომ დასრიალებენ და დაჭერობანას თამაშობენ, “მეეე” პატარა თეთრ ბატკანს მშია, “Milky way”-ს ვუახლოვდები ტივტივით და ვხედავ როგორ მოაბიჯებს გრაციოზულ-გრანდიოზული ამელია ირხარტი ცარგვალივით ციმციმა სამეჯლისო კაბით, პილოტის ყურებიანი და სათვალიანი ქუდით მოსილი. როგორ ჯდება ამერიკის დროშისფერ უკიდეგანო მფრინავ თეფშში ელეონორა რუზველტთან ერთად, ვერცხლის საფერუმარილეს იმარჯვებს. წვეტიან ცხვირს იფიფქავს კოსმოსური მტვერით, მიღიმის... “არაფრისთვის წავალ ცადო”, მესმის (მგონი, მოხევე პოეზიაში გადამივარდა). “მეეე” პატარა ბატკანი ვხალისდები. უცებ, რას ვხედავ, დაბნეული დაბორიალობს ცაზე მოწყენილი ბონაპარტი. ისეთი მოწყენილი, რომ ქუდის და თვალის კუთხეები ერთნაირად დახრია, სევდიანად აგროვებს ვარსკვლავებს და ციცინათლებივით ამწყვდევს პატარა ზარდახშაში. თან, “ამაზე უკეთესი ჩემ სიცოცხლეში არაფერი ჩამიდენიაო”, – დუდღუნებს. იქვე “დი. პი.” და ფრედ ნუნენი დათვების თანავარსკვლავედებზე ამხედრებულან და ერთმანეთს მკლავის გადაძალვაში ეპაექრებიან. “მეეე” დიდი დათვის მხარეს ვიჭერ და – “დაღლამდის, დაღლამდის-მეთქი!” ვყვირი, მანამ, სანამ ქალწულის თანავარსკვლავედი არ ცოცხლდება მხოლოდ იმისთვის, რომ მაინცდამაინც “მეეე” პატარა უმანკო ბატკანს დამაღვაროს თავზე უაზრო შეკითხვების ჩანჩქერი. “ანდრო, ანდრო, ანდრო, რას ნიშნავს პალიმფსესტი?” არც ერთ კითხვასაც არ ვუპასუხებ. ვმსუბუქდები და, ჩემდა საბედნიეროდ, სულ ტრიალ-ტრიალით მივიწევ ზევით, ზევით, სწრაფად, სწრაფად, კიდევ უფრო სწრაფად და უჰ!...”

ბურთივით ამოვარდება კლდეებს მიღმადან დიდი წითელი მზე. მოულოდნელად თენდება. მოულოდნელად ვფხიზლდები და მაკვირვებს კიდეც რეალურის სიმყარე: რეალური მყინვარწვერი, რეალური თერგი, რეალური გერგეტის სამების კედელზე ჩამომდნარი სანთლები. რეალურ მწვანე ბალახზე რეალური ნაცეცხლარ-ნასისხლარები. რეალური ყურო – ოქროსფერი, რეალური ქაბარჯინა – მუქად იასამნისფერი, რეალური ბილილები – ნაზად იასამნისფერი და კვერცხისგულისფერგულა. მე – რეალურ ალპინიადაზე წასული უნივერსიტეტელი, რეალური აის ლამაზი ქალი – აისის სილამაზისგან, როგორც იქნა, დამუნჯებული, ჩემი თვალებდაქცეული საცოლე. რეალურზე რეალური ალპინისტების მეგზური, გარუჯული მოხევე, მატყლზე მეტად დატალღული, ცხვარზე მეტი და თეთრი თმით, ბუდიონოველის ძმისწულობის კვალობაზე, “ძრიალ” ახალგაზრდულად რომ გამოიყურება. რეალური ნაბდიდან რეალურ მხრებს აძრობს ჩვენი სრულებით რეალური ამერიკელი სტუმარი, რომლის არსებობა... ვაი, სირცხვილო!

– ჰ! იტ ის სო ბეაუტიფულ! – შეფასდა მყინვარი.

– ით იზ ნოთ ე ბიუთიფულ, ით იზ ე ვერი ჰაი – ესიტყვება მოხევე.

– ჰ! იტ ის სო ნისე! – ახლა თერგის ხეობით აღტაცდა.

– ით იზ ნოთ ე ნაის, ით იზ ე დიფ! – არ უთმობს ნიუ ალექსანდრე ყაზბეგი.

ამერიკელი ხვდება, ამ კაცს ვერაფრით ვასიამოვნებო და აღიარებს:

– ჯიპიტაური მაგარია!

– აი, აგრე! – ხარობს ჩემი ღამის მესუფრე და ჭიქას იმარჯვებს: – ით იზ ნოთ ე ვანდერფულ. ით იზ ე ფულ! – თვალს უკრავს სტუმარს, რომელიც სასოწარკვეთილი ასავსავებს ხელებს, მიმქრალ სახეზე ფერს და ჭორფლებს კარგავს, ცისფერ ლენონებს იძრობს, თვალებზე ქართული დროშის ფერებით ნაქსოვ ქუდს იფხატებს და სწრაფად მიძვრება ნაბადში.

– დილის მადლი შაგვეწიას! სიმწარე გვაშოროს და სიტკბო მოგვცეს ღმერთმა!

აის ლამაზი ქალი სამებისკენ მიაბოტებს ხელებგაწვდილი, ახლად ფეხადგმული ბავშვივით. ძალიან მიყვარს.

– ბალღო! – დაქარულ სახეზე მზის სხივებივით გაშლილ ნაოჭებს ისწორებს ჩვენი მეგზური და თვალს თვალში მიყრის, – შენს ქალსა ფრენა უნდა, გაიგე?!

ჩუმად ვარ.

– ჰოდა, გაუშვი.

– ისედაც ეგეთი პირი უჩანს, ალბათ მალე შევეშვები,  – ხელი ჩავიქნიე. ჩვილიც კი არ მინახავს ასე ალალად გაოცებული.

– არა-ღა, ჩემო სტუმარო. მაგას როგორ-ღა გკადრებდი. შენ არა თქვი, საცოლეაო! – დაფიქრდა. – განა ამ ჩვენს ლამაზ ქალაზე ვამბობ. მაგასა მიწა არ აპატიებს ცის სიყვარულსა. – უფრო დაფიქრდა. – შენს ქალსა-მეთქი ფრენა უნდა და გაუშვი! იქამდინ მაინცა, სადამდიც მიჰყვები და მამრე გამაჩნდება. – კარგად დამაკვირდა: – ჰა! გაიგე, ბალღო, რამეი! – უფრო დამაკვირდა და დასკვნა გამოიტანა: – ოდესმე გაიგებ. ახლა წამაი, ხორც-წვენი დაგალეინა, შაციებულსა ჰგავხარ.

– ხორც-წვენი? – ვერაფერიც ვერ გავიგე.

– ჰო. აბა, “ჟუზეფინას” რო არ გამაგიცხობ? – ისე მრავალმნიშვნელოვნად მიცინის, გეგონება ჩვენ გარდა ქვეყანაზე არავინ იცის, რომ ნაპოლეონს ლამაზი ქალები უყვარდა.

კვლიავით, ქონდრით, ნივრით და ნიახურით შეზავებული ნახარშის ოხშივარმაც კი მომასულიერა. ცხელი მაცოცხლებელი სითხე საამოდ გამიჯდა გაყინულ გულ-მუცელსა და დამზრალ კიდურებში.

– რამდენი წლისაა ჩვენი მეგზური – ვეკითხები აიმ ლამაზ ქალს.

– ოცდაშვიდის. – უცებ მისკუპდება გვერდზე. დამჯდარიც ერთი თავით მაღალია ჩემზე, – რა იყო?! ჭაღარა როა? კინაღამ დაიღუპა მთაში, მეგობრებიც დაკარგა და მას მერეა. თან ბებერი, თან ახალგაზრდა, არა?! ვინ გაშაყირებდა?! რა ბუდიონი? რა სისულელეს ამბობ. ამბად გიყვებოდა. სილამაზისთვის. რა თქმა უნდა, თვალით არ უნახავს არც ერთი.

– შენი დიდიბაბო მართლა ერთი თავით მაღალი იყო დიდპაპაზე, თუ მე მამშვიდებდა?

– ეგ მეც ახლა გავიგე. რა უცნაური დამთხვევაა, არა?!

– რატომ ამომართვი სული მთელი ღამე, რისი თქმა გინდოდა? – ვერ დავაღწიე თავი ეჭვებს. – თუ გგონია, ვინმე ფრედს გაგირიგებ.

იცინის და თმას მიჩეჩავს.

– ანდრო, ანდრო, ანდრო, შენ ნამდვილად ვერა ხარ, სადაც საჭიროა. ისე გითხარი, ამბად მოგიყევი. სილამაზისთვის – იცინის და მიდის.

ვეძახი. ჩერდება.

– შენი ამელია ირხარტი როდის დაიღუპა?

– ამერიკელებს ახლაც ჯერავთ, რომ ცოცხალია და ფრედ ნუნენთან ერთად ბედნერად ცხოვრობს უკაცრიელ კუნძულზე – იცინის.

ეჰ! რამდენნაირი გაცინება შეუძლია ერთ და თანაც აიმ ლამაზ ქალს, ვერაფერს ვუგებ...

ჩვენი მოხევე ცხენებზე ახორხლილ ბარგი-ბარხანას ამოწმებს.

– ........... – ჩიტებივით ესხმის თავს მატრაკვეცა მთამსვლელი გოგონების გუნდი.

– ესლი ვი ტაკჟე ხოროშო ლაზაეტე პო სკალამ, კაკ, – სიტყვებს ეძებს კვიმატი სახით, – პაკარიაიტე სერდცა კავკაზსკიხ მუჟჩინ...

ატკარცალებული ქალები კმაყოფილები შორდებიან და მხოლოდ მე მესმის:

– ნო კოე ჩტო ნიკაგდა ნე უდასტსა პოკორიტ.

– ანდრო, ანდრო, ანდრო, ნახე! – ცისკენ იშვერს თითს აის ლამაზი ქალი.

ვიღაცის მაგნიტოფონის დინამიკებიდან მთელ ხეობას მოდებული   “Only you” -ს თანხლებით ღრუბლები ქართულს ცეკვავენ. თეთრი გედივით მინარნარებს ქალის ფორმის მოცისფრო ღუბელი, მზისკენ მკლავებაწვდილი სადღაც წინ მიისწრაფვის, მიქრის. კარგად დამიზნებული ისარივით მისდევს ფეხის ცერებზე აზიდული და ხელებგაშლილი კაცის ფორმის ლეგა ლანდი.

– მაინც არის გამოსავალი. – მხარში მიდგება მეგზური და სამებას უმზერს.

 

გვერდის მისამართი : ბიბლიოთეკა / პროზა / მიქელაძე მაკა / ერთი მოთხრობა ამ რთულ ცეკვაზე