მიქელაძე მაკა 

 

ერთი მოთხრობა სიკვდილ-სიცოცხლეზე

 

 

 

– პირდაპირ მითხარით, რაც მჭირს! – წარმოვთქვი შეძლების ფარგლებში თეატრალიზებულად. – რა საჭიროა ახლობლები. ბოლოს და ბოლოს, კოლეგები ვართ. დამშვიდდით. მე არაფერი მომივა! – ისეთი ჟესტი გამოვაცხვე, ლორენს ოლივიე დაუფიქრებლად მოაწერდა ხელს. – ყველაფრისთვის მზად ვარ, – დავძინე და როლს მოვერგე.

ანალიზის პასუხები მოწიწებით გამომიწოდეს. ტყუილს ვამბობდი. მწვავე ლეიკოზისა და 6-9 თვეში სიკვდილისთვის მზად არ ვიყავი.

– სე ლავი! – მივუგდე ნიშადურმომარჯვებულ ექიმს და ამაყად გამოვტრიალდი. აჰ! არა რა, პარტნიორი ნამდვილად არ მივარგოდა. ვერ ჩასწვდა მოვლენის მთელ სიდიადეს.

– საქმე მაქვს, გამოდით! – შინ მოსვლისთანავე ვეცი ტელეფონს. ეტყობა, ისეთი ხმა მქონდა, რომ ოპერჯგუფი ნათო-ბაკა-შორენა ოპერატიულად გაჩნდა ჩემს სადარბაზოსთან, ოპერატიულად გადმოლაგდა მანქანიდან, ოპერატიულად გაუკეთა ოკუპირება ლოჯიას, ოპერატიულადვე შეითვისა ყავა და “საქმის” მოსასმენად მობილიზდა.

– პირდაპირ გვითხარი, რა მოხდა. ხომ იცი, “მოსკოვს ცრემლების არ ჯერავს”, – მოუთმენლობას შეეპყრო ბაკა.

პაუზა ჯეროვნად გავწელე, თითებიც გულისგამაწვრილებლად ვაკაკუნე მოცემულ სიტუაციაში მრავალმნიშვნელოვნად კუბოკრულ მუშამბაზე.

ზურნის და დუდუკის წარმოსახვითი თანხლებით აკაკი წერეთლის საყვარელი პოზა მივიღე და გულგრილი ჩურჩულით ჩამოვმარცვლე:

– ანემია მაქვს! – პირდაპირ არ ვაჯახე. შევაპარესავით.

ეფექტს კარგა ხანს ველოდი. თვალებზე ხელებაფარებული ნათო და შორენა, როგორც ჩანს, სიცილის შეკავებას ცდილობდნენ.

– ანემია კი არა, აკაცია გაქვს, შე... შე “ოლიგო”, შენა – აფეთქდა ბაკა. – ვიფიქრე, ისევ ვენები გადაიჭრა-მეთქი, და გულისხეთქით ამოვასკდი ამხელა აღმართს. “სცეპლენია” მოვსპე! ამ... ამ... მინიმუმ, იმბეცილს თურმე რიგითი გულის პრანჭვა აქვს. რაო მერე, არ გითხრეს, დღისით მოკვდები, თუ ღამით, შენც მოისვენებ და ჩვენც.

– ამ წლის ბოლოს, ალბათ, აღარ ვიქნები, – ამოვიკვნესე ქვეტექსტით ტ-ნ-ნ-ნ.

– მომაშორეთ ეს... ეს... “ციკლო-ფრენია”, თორემ ჩემ თავზე პასუხს აღარ ვაგებ! – ცოფების ფრქვევა განაგძო ბაკამ.

– საიდან მოიტანე, – დამიყვავა ნათომ და ბაკას თვალები გადაუბრიალა, რაც იმას ნიშნავდა, სირცხვილია, ავადმყოფი ადამიანიაო.

შორენას არაფერი უთქვამს, იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ იგი, საერთოდ, არაფერს ამბობდა. მისი ყოფნა აუცილებელი იყო. ბალანსისთვის. თითქმის ათწლიანი მეგობრობის გამოცდილებამ ცხადყო ეს ფაქტი არაერთხელ.

ბაკამ ცოტა ხანს კიდევ იბობოქრა “ყველა ტვინისრუხნივთიერებაგადაგვარებულს მე როგორ უნდა გადავეკიდო” მიმართულებით და ჩაცხრა. ასე იოლად არ მოათავებდა, მაგრამ გულმა უგრძნო, ხელში რომ რაღაც კოზირი მეჭირა, და ამიტომ დროზე თქვა “პასი”. ავის მომასწავებელი სიჩუმე ჩამოწვა.

“ქეთო გამაიყვანე” – ჩამესმა ზემოდან ტრაგედიის მუზის ხმა.

“ჯერ ადრეა,” – შევეხვეწე გულში.

“ნუ გადაამლაშებ! “ – დამიცაცხანა ხმამ.

ბედზე ტელეფონი აწკრიალდა. ვიღაცაა – ერთი წელია, რეკავს, ხმას არ იღებს და სუნთქავს. “ქშენიას” ვეძახით. ასე დროულად ჯერ არ დაურეკავს. ჩვეულებრივზე ორჯერ დიდხანს ვუსმინე მისი ფილტვების ვენტილაციის ხმას. სუნთქვა გახშირებული და არიტმული მეჩვენა. ეტყობა, მწვავე რესპირატორულ დაავადებას ვერ გაუმკლავდა.

“საუბარს” რომ მოვრჩი, მეგობრების სიძულვილით სავსე თვალებს გადავაწყდი და ცოტა ხანში კუბოკრულ მუშამბაზე კიდევ უფრო კრული და კრულზე კრული ქაღალდები გაიშალა. ირონიული ღიმილით ჩაუსხდნენ დოკუმენტებს. თანდათან ნირი ეცვალათ და დასასრულს შიშნაჭამებმა ამომხედეს კითხვისნიშნიანი თვალებით.

გული დამწყდა. რას ველოდი – არ ვიცი. ალბათ მეგონა, რომ აქეთ-იქით გადაცვივ-გადმოცვივდებოდნენ გულწასულნი. ამის წარმოდგენაზე გამეცინა.

– ჩააწყობდა, ამის ამბავი რომ ვიცი, – იმედი მიეცა ბაკას. – სპეციალურად დააწერინებდა ვინმეს. ეგ არ იყო, რომ არ დაეზარა 20 ფურცლიანი საკითხების თავიდან გადაბეჭდვა და სამასიოდე ფურცლით მეტი რომ გვასწავლა ჰისტოლოგიაში! – აქოთქოთდა, მაგრამ ადრინდელივით რიხიანად ვეღარ გამოუვიდა.

– რა ვქნათ ახლა? – როგორც შეეძლო, ისე მშვიდად იკითხა ნათომ. ვერც მისი უგაწონასწორებულესობა ფლობდა ხმას ჯეროვანად.

შორენას არაფერი უთქვამს. ხბოსწამწამებიან ხბოსთვალებისხელა თვალებს ხბოსავით აფახულებდა და აფახულებდა.

პირველი მაინც ნათო მოეგო გონს.

– იქნებ რამე შეცდომაა?! – უფრო მუდარას ჰგავდა.

– ორი კვირის მერე ვარ განმეორებით ანალიზებზე დაბარებული, – გამოვტყდი არცთუ დიდი ხალისით. – ყოველი შემთხვევისთვის. წესია ასეთი.

– პირველზე რა მიგარბენინებდა, თუ იცი! – გაბრაზდა ბაკა.

– თავს შეუძლოდ ვგრძნობდი, – გავინაზე მე.

კარგად გამომკითხეს, თავბრუ თუ მეხვეოდა, ყურები თუ მიწუოდა, პირში რკინის გემო მქონდა თუ გოზინაყის, კოღო-ბუზები თუ დამიდიოდნენ თვალებში, მარჯვნიდან მაქანებდა თუ მარცხნიდან. ბევრი იბლუკუნეს: სისულელეა, ყველაფერი რიგზე იქნებაო, და ომახიანად დამემშვიდობნენ.

ფანჯრიდან გადავხედე. მხრებაწურულები და ყურებჩამოყრილები მილასლასებდნენ მანქანისკენ, თითქოს უკვე დამმარხეს და სასაფლაოდან ბრუნდებოდნენ. გული მომეწურა, შემეცოდნენ. ფანჯარა გამოვაღე და როგორც შემეძლო, ისე უდარდელად ჩავძახე:

– ხვალაც მოდით, რა! გამოცოცხლდნენ. კი, კი, აბა რაო? და მოთუხთუხე მანქანა მალე თვალს მიეფარა.

მარტო დარჩენა მაინცდამაინც არ მომეწონა. გარეთ გიჟივით გავვარდი და შუაღამემდე ვიხეტიალე. ისეთი ნაცნობ-ნათესავები მოვინახულე, გადავიწყებული რომ მყავდნენ. შექების ღირსი ვარ – კრინტი არ დამცდენია ჩემი ცოცხალმკვდრობის შესახებ. იყო ამაში თავისი შარმი და ტკბილი მარილი. კინოში შევბორიალდი, არ გამიმართლა, ჭლექიან შეყვარებულებზე აღმოჩნდა. გამილხვა გაყინული გული, დამიდნა და კურცხლებად დამდინდა, კულმინაციას ასეთ გამლღვალ მდგომარეობაში ვეღარ გაუძლო, ამიტომ უკანვე გამოვბორიალდი. ფეხით მოვლასლასდი შინ და მკვდარივით ჩამეძინა.

სამაგიეროდ, დილით წამოვხტი ცოცხლად. საზეიმო გუნებ-განწყობა ამყვა. სულ “ახლა ჩემი დროა, ახლა ჩემი დროას” ღიღინით დავიდე მაკიაჟი – საკუბოვე. ყველაფერზე ვიცინოდი, სისულელეები მიხაროდა. ცხოვრება ახლა იწყება – ოცდათორმეტჯერ გავიმეორე და გოგოებიც მოვიდნენ. შემართულად საქმიანები და ნაძალადევად მხიარულნი გამომეცხადნენ. სახეზე ეტყობოდათ, რომ, ჩემი არ იყოს, ჩვეულებრივზე დიდხანს შეყოვდნენ სარკესთან.

– ე. ი. – დავქროდი კედლიდან კედლამდე და ოთახიდან ოთახში.

– აქ დაკიდებთ გადიდებულ სურათს, რკონში რომ ვიყავით, იცით, რომელზედაც გეუბნებით, იმ ფოტოდან ამოიღებთ. რეტუშირება არ გაბედოთ. იყოს ბუნდოვანი. ეს სიმბოლურიც კი იქნება. ქვემოთ ერთადერთი სადა გვირგვინი... არა! გვირგვინი არ ივარგებს. უბრალო შემოდგომისფოთლებიანი ტოტი.

– სად გიშოვო შემოდგომის ტოტი ამ შუა გაზაფხულზე? – აღშფოთდა ბაკა.

– მაშინ – იებიანი ჯვარი.

– ბანალურია, – ჩაერთო ნათოც, რომელიც აქამდე სკეპტიკურად გვათვალიერებდა. შორენა ტრადიციულად დუმდა.

– მიხაკი რომ იყოს? – დაინტერესდა ბაკა. – ტიციანს უყვარდა.

– ა-პა-პა-პა, მიხაკი არ დამანახოთ, სხვათა შორის, დღეს კი არ ვკვდები! რა გახდა ერთი ოქროსფერფოთლებიანი ტოტი...

– კარგი, დამშვიდდი. ქელეხში ხაშლამასაც არ დაგანახვებთ – სავარძელში მოკალათდა ნათო.

– თანაც, შენი ამბავი რომ ვიცი, გამძლე ხარ. ერთ წელიწადს კიდევ გაატან და მე კი მთელი სიცოცხლე უნდა ვინაღვლო, მომაკვდავის თხოვნა რომ ვერ ავასრულე. – ყოვლად წარმოუდგენელი რამ დაიბრალა ბაკამ.

– კარგი, შევთანხმდით! გამხმარი ტოტების პაწია გვირგვინი, ოღონდ, ქრისტეს ცრემლებით…...

– გულისამაჩუყებელია. – ბაკამ მანერულად შეიშრო თვალები.

– აი, აქ, – გავაგრძელე საქმიანობა, – დასხდებიან ჭირისუფლები შემდეგი თანმიმდევრობით.

– მოიცა, ჩავიწერო, – გახალისდა ბაკა და ჩანთას ეცა. დანარჩენებიც ძლივს იკავებდნენ სიცილს.

ცოტა ხანში ხელებდაკაპიწებული მუშაობა გაჩაღდა. მიუხედავად შორენას ქვითკირნარევი დუმილისა და ქშენიას პერმანენტული ქშენისა, საქმე დიდად წავიგდეთ წინ.

– შე, შე... არა, ნამდვილად მარაზმში ხარ! რა უბედურებაა დაქარგული სუდარა! – რა თქმა უნდა ბაკა ვერ თოკავდა ნერვებს.

– დაანებე ადამიანს თავი, როგორიც უნდა, ისეთი უნდა. არ ღირს ამაზე დავა. ნამდვილად. იქნებ მაინც სადა ჯობია, ნია? ოქროსფერი, მაგრამ, სადა! – მტკიცედ ეჭირა ნეიტრალიტეტი ნათოს.

– მე ოქრომკერდით ნაქარგი მინდა! – ფეხებს ვაბაკუნებდი.

– არა, ოფიციალურად დასაბმელი გი..... სულით ავადმყოფია! – ახალ-ახალ აღმოჩენებს აკეთებდა ბაკა. – ვინ დაქარგავს, მერე, ვინ?

– მე თვითონ! – ნიშნი მოვუგე. ნემსში ძაფს ვერ უყრის თავად დეკოორდინირებული და დეზორიენტირებული, ფი!

– მერე მიწაში ჩაგატანოთ ამხელა ნაშრომი? – დაიხია, როგორც იქნა, უკან. – ეხუმრები, მინიმუმ, ორი სამზეს დაქარგვას.

– მარტო კიდეებს დავუქარგავ! – არ მომეწონა პერსპექტივა.

– ვერავინ შეამჩნევს.

– შეამჩნევენ.

– არც იფიქრო.

– მე უკეთესად ვიცი.

– ერთი სულიერიც კი ვერ დაინახავს. მერე ყვავილები დაფარავს...

– მე მეცოდინება, რომ დაქარგულია და ჰუკ!

შორენა გაალმასებით ეწეოდა სიგარეტს-სიგარეტზე და არაფერს ამბობდა. ნათო რომ არა, ან ჩემი პანაშვიდები დაჩქარდებოდა, ან ბაკას გავასვენებდით ჩემზე ადრე.

– მოიცა, გეყოფათ! შენ ის მითხარი, ცხოვრებას როგორ აპირებ? – იკითხა მიამიტად და ბაკას ანიშნა, შენი ხმა აღარ გავიგოო.

– ოოოო! – გადავერთე უცებ, – მოიცა, ყავა მოვადუღო! ეს ისეთი სერიოზული საკითხია, ჩაჯდომა სჭირდება. რას ეწევით? ხართ რა... მე “მორე” მაქვს.

თვალები გაუბრწყინდათ და ჩვეული ადგილებისკენ გაიწიეს, მარტო ბაკამ ჩაიბუზღუნა: “მემენტო მორი”-ო, და ისიც დაჯდა.

შოკოლადის ფერ-გემოს წვრილი ღერებიდან ოთხ სვეტად ავარდნილმა წვრილმა კვამლმა საგრძნობლად გაამაგრა ჭერი.

– გრიალს ვიწყებ, – გავანდე საიდუმლო ზარ-ზეიმით.

– მეც იმავეს ვიზამდი, – სრული ემპათიით დამეთანხმა ბაკა.

– მაინც რას აპირებ? – რეალობის განცდამ არ უმტყუნა ნათოს.

– პირველი. ბარემ ესეც ჩაიწერეთ. გავყიდი ბებიაჩემის სამკაულებს და წავალ კუნძულ ბალიზე.

– რომელს, ზურმუხტებს? – გული დასწყდა ნათოს.

– ზურმუხტებსაც და საფირონებსაც – არ დავინდე მე.

– მაშინ, ჩვენც წაგვიყვანე! – აენთო ბაკა.

– არა, ბატონო, მარტო გვსურს ყოფნა, – გადავუწურე წყალი.

– ფუ, უგვანი! – ისე გაბრაზდა, რომ არამეცნიერულად გამლანძღა და ცხვირი აიბზუა. ყოველთვის ასე იქცევა, თუ რამე მართლა სწყინს.

– ეს – სამი კვირა. დანარჩენი?! – ყავას შემპარავად ისუნთქავდა ნათო.

– ავიღებ აკადემიურს, ვიქირავებ ბინას ვაკეში. ჯობია მთაწმინდაზე... მოკლედ, გავბრაზდები და გავბოზდები.

სამივე ახარხარდა. შორენაც კი.

დავიბენი.

– რა, არ გჯერათ?! აი, ნახავთ, თუ არა! დიახაც! დღესვე დავიწყებ თქვენ ჯინაზე... პარიზშიც წავალ! პეკინშიც! გრენლანდიაზეც!

– ნიაკო, – ალერსიანად დამიყვავა ნათომ, – ასეთი დატვირთული პროგრამა გაქვს და გექნება ახლა შენ სუდარის ქარგვის დრო?!

ხარხარის ახალმა ტალღამ მიმახვედრა, რა მახეშიც გავები.

– გველი გამიზრდია უბეში, – ჩავაქრე სიგარეტი და დავღონდი.

– მერე, იცი რა, – ვერ გადმოერთნენ მხიარულების ტალღიდან, – ქალიშვილი თუ არ იქნები, დაქარგული პრეტენზიულად გამოჩნდება! – ბაკას მეტი, ვინ დააბრეხვებდა ასეთ უტაქტობას.

– არავის არ ეცოდინება. მარტო თქვენ გითხარით! – ეჭვის თვალით გადავხედე სამივეს

– არავისთვის არ გვითქვამს! – იტკიცა ნათომ.

– ისე კი, დარწმუნებული ბრძანდებოდე, რომ უკვე მთელმა ქალაქმა იცის შენი გადაწყვეტილება. არ იცი, რა ქვეყანაში ვცხოვრობთ, გული უგრძნობდათ. – ხელი მომითავა ბაკამ და...

ქშენიამაც დარეკა.

– ე! ხო გითხარით! ხო უფრო ვნებიანად ქშენდა? – გაიხარეს ერთხმად.

– იყოს სადა. – ავაფრიალე თეთრი ბაირაღი.

– დღესვე რომ აპირებდი დაწყებას, ვინ გყავდა გეგმაში? – დელიკატურად დამზვერა ნათომ. ემანდ მართლა არ გაბრიყვდესო.

– ქშენია არ გამოგადგება, იცოდე, როგორც ჩანს, მარტო მოძველებულ ტექნიკებს ფლობს. – ბაკა თავის სტიქიაში იყო.

– საქმეს დავუბრუნდეთ, – დროზე შევაკვეცე ფრთები. – ჩაიწერეთ იმ წინა ნიკუშას ფეხი არ დავინახო ჩემს პანაშვიდზე, ამ ნიკუშას კი შეუძლია, სასახლის გატანაშიც მიიღოს მონაწილეობა.

– მოიცა, მოიცა, – უბის წიგნაკი მოიმარჯვა ბაკამ, – ეგ რომელი არ შემოვუშვათ, რომლის გულისთვისაც ვენებს იჭრიდი?! და რომელი შემოვუშვათ? აჰა, რომლის გულისთვისაც მე-9 სართულიდან ხტებოდი. გასაგებია. აბა, მითხარი, კიდე ვინ არ შემოვუშვათ. ო-ჰო-ჰო! ერთი ცერბერი დაგვჭირდება სადარბაზოსთან...

წასვლისას ბაკამ დამაფიცა, მანქანა მე დამიტოვე, ხომ იცი, ჩემი შენს აღმართზე იქცა ჯართადო. მეგობარი კი არა, სვავი ხარ! – მივაძახე. “სვავი” კი არა, შავი ვარ და ყვავი ვარ, შენ კი დაჭრილი არწივიო, – ღიღინით ჩაირბინა კიბეებზე. არ ჩამოვრჩი და ჩავყვირე: – წესიერად თუ არ მოიქცევი, მარტო ჩემს სამედიცინო ბიბლიოთეკას გისახსოვრებ-მეთქი. იმან: არ არის საჭირო, ნუ შეწუხდები, ისედაც ვერ გპატიებ, ჩემ მაგივრად კუნძულ ბალიზე ვიღაც ქშენია რომ მიგყავსო. კარი რომ მივხურე, სიმშვიდე დამეუფლა. კარგა ხანს ვიყავი ახალდაბადებულივით ნეტარი. მაგრამ შებინდება რომ დაიწყო, ავწრიალდი.

– დედა. – ავიტუზე გაზქურასთან, – ჩვენში ვინმეს სისხლის გათეთრება ჰქონდა?

– ნია, გამოცდებისთვის რატომ არ ემზადები? – გაკვირვებულმა ამომხედა.

– დილით გოგოები იყვნენ და ვიმეცადინეთ, – წავფართხუნდი ჩემი ოთახისკენ და გზად მამაჩემსაც შევეხმიანე:

– მამა, ვინმე ჩვენ ნათესავს სისხლის გათეთრება ჰქონდა?

მამამ გაზეთიდან ცალი თვალით ამხედ-დამხედა.

– ყოველ მეორეს. მაგრამ გაუარათ. – ისევ გაზეთში ჩაეფლო და უკვე ოთახის კარებთან შემაწია. – საშინელი გამწვავებები ჰქონია სესიების დროს.

ლოგინზე გულაღმა დავწექი თუ არა, მაშინვე ფეხზე წამოვვარდი. რაღაც ძალიან ჰგავდა ეს მდგომარეობა უახლოეს მომავალში მოსალოდნელ იძულებით და სამუდამო ასოთგანლაგებას.

წიგნებს ვეცი. რაც კი ჩემს დაავადებაზე ეწერა, წვრილად გამოვიკვლიე. განსაკუთრებით მომწონდა, თუ რამე არ ემთხვეოდა. ასე, მაგალითად, კანის ფერი და ლოყების გარშემოწერილობა სავსებით ჯანმრთელისა მქონდა, რომ აღარაფერი ვთქვა ზოგიერთ სხვა გარშემოწერილობებზე

– სწავლობ, შვილო?! აი, ფუნთუშები, თორემ გული წაგივა ამდენი მეცადინეობით. – თავი შემოყო ოთახში დედამ.

გავცეცხლდი! სხვა რომ ვერაფერი მოვიგონე, ისევ ბაკაზე ვიყარე ჯავრი. ერთ სამოსანთან დადის უკვე ოთხი წელია და რაღაც ჰგონია თავი. აგერ ნახავს, დღესვე თუ არ დავიწყე გრიალი. მართლაც, სისულელეა, ოცდაერთი წლისა იყო და არც არაფერი... ისიც სისულელეა, ოცდაერთი წლისა მოკვდე, – ამოვიოხრე გულში. როცა გადავთვალე, რომ “იმ დროისთვის” ოცდაორისა ვიქნებოდი, – ნიკასთან დავრეკე. რომელთან და რომლის გულისთვისაც ერთი ტონა მედიკამენტური ასორტი ჩავუძახე მუცელში ამ ერთი თვის წინ. გოგოებისთვის არაფერი მითქვამს. მოცემულ ნიკასთან უფრო სერიოზული დამოკიდებულება მქონდა, ვიდრე წინამორბედ ორთან.

– მე ვარ! – ამოვიკნავლე ყურმილში.

გაუხარდა.

– ცოცხალი ხარ?! გამეცინა.

– ისე რა. თავი აღარ მომიკლავს. მწვავე ლეიკოზი შემეყარა.

მეგობრებისგან განსხვავებით, ყოველთვის ხვდებოდა, როდის ვამბობდი მართალს.

– გინდა, ჩემთან გამოდი, – გაგულისხმიერდა უცებ.

– არ გამომიშვებენ. – ისევ გამეცინა.

– გამოგივლი. ცოტა ხნით გამოძვერი. ათ წუთში მანდა ვარ. – დაკიდა ყურმილი და გამოვცოცხლდი.

ყოველი შემთხვევისთვის ისე გავიპრანჭე, თითქოს ინტერვიუს მართმევდნენ.

– ტვინი გამიხურდა. ცოტას გავივლი, – შევქანდი სამზარეულოში.

– ჯერ ჭამე! – კარაქით გადაგლისა ფუნთუშა დედამ

– მამა, მიშველე! უთხარი რამე...

– რასაცა შესჭამ შენია, რაც არა დაკარგულია! – ნერვი არ გაიტოკა მამამ.

– უკვე ოცდასამი წლისა ვარ და თვითონ ვიცი, როდის რა ვჭამო.

– ოცდაერთისა. ოცდასამამდე თუ კიდევ სახლში იჯექი, დავიღუპებით.

– მაჭამეთ კარაქიანი ფუნთუშა და რა გამათხოვებს?! – ისეთი არგუმენტი მოვიტანე, გამიშვეს.

 

1 2
გვერდის მისამართი : ბიბლიოთეკა / პროზა / მიქელაძე მაკა / ერთი მოთხრობა სიკვდილ-სიცოცხლეზე