მიქელაძე მაკა 

 

მოკვეთილი გაკვეთილი

 

 

 

რამდენიმე გაკვეთილი სრულიად საკმარისი აღმოჩნდა. საკმარისი, მაგრამ არა აუცილებელი. საკმარისი იმისთვის, რომ მე – ქალაქის სიამაყეს, ლამის მთავარ არქეოლოგს, განთქმულ თამადას, გამოკვეთილ დამრტყმელს და მასშტაბურ მექალთანეს, ზემო სოლოლაკელ ივიკოს, დამეტოვებინა სამსახური, წვრილ-ცოლ-შვილი, საყვარლები, გოლფ კლუბი, სამშობლო, თავის მშობლებიანად და, ბოლოს და ბოლოს, ყბადაღებულად ცოდვილიანი დედამიწაც. ამის აუცილებლობა კი ნამდვილად არ არსებობდა... ვფიქრობ.

დავინახე რა, გულმა ცუდი მიგრძნო... თხელი, ნატიფი, სიფრიფანა, ფერფლისფერაბრეშუმთმიანი, ნაკვეთებდაქნილი, არაამქვეყნიური ანგელოზი. გრძელი, შემოდგომისფერი აბრეშუმისვე კაბა, ფეხის მენჯთან შესართავიდან ლანდავდა და მუხლამდე ამოთასმულ მძიმელანჩიან ჩექმებს ამზეურებდა. თავზე წაკრული შემოდგომისფერი ხილაბანდიდან ჩამოყრილი ლოკონები სიგარეტივით წვრილ თითებზე კულულდებოდა ხანგამოშვებით. და ეს სასწაული გაოგნებულად ჩაჭედილიყო შავხელოვნურ ქურთუკებით გადაძეძგვილ მეტროში და შეუბღალავად ახერხებდა გადაადგილებას. გაკრიალებული, გაბრწყინებული, ფერფლისფერი თვალებით მთელი დუნიის სამყოფ ხიბლს დაუმადლებლად აფრქვევდა გოგირდწყალბადის და ნივრის სუნით ამოვსებულ მეტროში. ხო, ვიქნებოდი მაგარი მწერალი, არქეოლოგი რომ არ ვიყო, ა?!

გაკვეთილი პირველი – ჭუჭყშიც შეიძლება, სუფთა დარჩე.

გავყევი.

ბედი არ გინდა?! ეკლესიაში შევიდა. ქუდი რომ შემიგდო, იქ რა შემიყვანს. ჩემი ეკლესია სუფრაა. მინდოდა ახლა მე, ისედაც ზეციურ თვალებში სანთელთა ანარკელი?! სხვათა შორის, არც ე.წ. აზღუდი ეცვა. გამოვეცნაურე. გავიცანი.

სალომე. სა-ლომე. ის სალომე, მე ლომი. რა გვიდგას წინ.

რააა?! მონაზონი?!! მორჩილი?!! რა უბედურებაა მორჩილი? რას ნიშნავს მორჩილი?! რისი და ვისი მორჩილი?! მიდიიი. მორჩილი და “განდეგილი” არ ვიცი მე. ქალი კაცის მორჩილი უნდა იყოს. მორჩა!

მოსვენება დავკაგე. “ეს ქალი ჩემთვის მინდა”, – გადავწყვიტე და საქმეს შევუდექი. საქმიანობის პროცესში გავხდი ხელი და შლეგი, ჭკუიდან გადასული, ველად გაჭრილი, შეშლილი, გარდარეული, შეპყრობილი და მოკლედ რა...

ღამე მხოლოდ მისი ჭორფლიანი (რატომღაც ასე მეგონა), ჭორფლისფერკერტებიანი მკერდი და ხილაბანდის ქვემოდან ამონათებული მაცდური მზერა (არა, მაინც უნდა მეცადა სამწერლო ასპარეზზე ბედი) მესიზმრებოდა.

გამოხდა ხანი და მისმა შეუვალმა სიმშვიდემ გამანადგურა, გამაბოროტა. ჩემი სიყვარული, ვნება, გზნება-მონატრება და სხვა მისთანანი ერთადერთ მიზნად მექცა. მსურდა, მისი ამბორისთვის გაჩენილი ბაგეებიდან გამოსული ყოველი “ღმერთმა დაგლოცოსთვის”, თითოეული “მშვიდობა მოგცეს უფალმასთვის” და “ღვთისშეწევნის”-თვის ტუჩებში ხელუკუღმა გაცხების უფლება მქონოდა, ცოტა რომ დამემიწებინა, ცოტა რომ გამომეფხიზლებინა.

მრევლი გავხდი. ვისწავლე ხატწერა და გალობა. გავიცანი და შევიცანი ამავე მრევლის მეტ-ნაკლებად ფასეული ყველა მდედრობითი, გამოვძვერი ვეფხვის, მგელზე გადაცმული ცხვრის და ვინ მოსთვლის, რა ტყავებიდან აღარ. აბააა?! შენც არ მომიკვდე, “მამაზეციერის ნებას” ვერ გავცდით.

ყველა სიკეთესთან ერთად, ეკლესიის მოძღვარი გამოეჩხირა. გავიხედე და, არა ხარ შენ მაგ ქალის მომრევიო, – გამომიცხადა. მე კიდევ გახელება მინდოდა?!..

ჩემი და მხოლოდ ჩემი სალომე კი, მისი აღსარებებიდან ისეთი განაბულ-გალურსულ-თვალებაპრიალებულ-აფანცქალებული მოფრინავდა, გეგონებოდა, ლოგინიდან ადგა ახლად... ნუ, როგორც არის.

შევეცადე, გამერკვია, რით ახალისებდა ჩვენი მამაო ჩემს ძვირფას მაღალმიუწვდომლობას და მთლად დავიბენი, იშვიათად გაუვალი შეუგნებელი აღმოჩნდა. სერიოზულად რომ ვერაფერი შევასმინე, შაყირზე გადავედი. გადავეკიდე – პოდიუმზე მსურს-მეთქი თავის გამოცდა. ლამის სოდომის და გომორის ცოდვა დამაბრალა. მრავალცოლიანობაზე, უკანონო ბავშვებზე, ქალწულობის ინსტიტუტსა და დემოგრაფიულ პრობლემებზე შევუჩნდი. კინაღამ ანათემას გადამცა და შემაჩვენა. აი, როცა “კოკა-კოლით” ქართველთა გენოციდზე აქადაგდა, შევეშვი. იმანაც ხელი ჩაიქნია ჩემზე: “შენ ზეციურ საქართველოში მოხვედრა არ გიწერიაო”. “ეგ რომელში? ცოტა ხანში მატერიალური ბაზისი რომ აღარ ექნება?” – რომ მივახალე, ოთხმოცდამეცხრე ფსალმუნის ორმოცდაოთხჯერ წაკითხვა მიბრძანა.

ჩემი სალომე კი.

მაინც რით იზიდავდა ამ ქალს ასე. კაი მოვლილ თხასავით სუფთად გაკრეჭილი, გულისგასახეთქად ნორჩი და მჭევრმეტყველი, ანაფორიდან ჯინსებგამოჩრილი, ცვედანი! მაღიზიანებდა, მაგრა...

ის იყო, სასოწარკვეთილების თეთრი ბაირაღი ავაფრიალე... და...

ის მშვენიერი დღე მრევლის დღე იყო ჩვენი მრევლისთვის. ისეთი ჩამჭრელი შეკითხვა მქონდა მომზადებული ჩვენი სულიერი მამისთვის, ისეთი... უუუხ. ვარდი გააპის, გამოჩნდის, კოკასა შიგან რაცა დგას. “შპეედ”-ში წავიკითხე, ერთი რუსი გოგონა ჰარემში მოხვედრილა იძულების მეთოდით. შეიხს ვაჟი სდომებია. ქალი დაორსულებულა. ამდგარა და საძულველის შვილი რაღაც მანქანებით მოუშორებია. აწამეს და მოკლეს. მაინტერესებდა, რჯულისთვის წამებულად შევიდა სამოთხეში, თუ აბორტისთვის ამოყო თავი ჯოჯოხეთში. რო წარმოვიდგენდი, რა სახე დაედებოდა, წინასწარ ვზეიმობდი.

ზეიმი არ დამცალდა.

ეკლესიის უკან მოყუჩებულ სკამზე გადავაწყდი ჩემს მოძღვარს... ჩემს და მხოლოდ ჩემს სალომესთან ჩაფსკვნილ-გადაჭდობილს.

გაკვეთილი მეორე – ყველა ქალი ქალია, ყველა მოძღვარი მოძღვარი არა.

მეწყინა.

სალომეს მაჯა კინაღამ გადავუმტვრიე, ისე ამოვაგდე ნეტარების ბურუსიდან.

– წამობრძანდით, ზედაზნის ეკლესია დავათვალიეროთ ერთად, – ჩავსისინე და მანქანაში თითქმის ძალით ჩავტენე. იმ არაკაცს ხმა არ გაუღია. მარტო ცრემლები მოადგა. ფუ.

ცხელოდა აგვისტურად, ვხურდი უარესად. ხელები ძლივს იმორჩილებდნენ საჭეს. სისულელეებზე ქაქანებდა და თმას ივარცხნიდა...

...გადავუხვიეთ...

მეგონა, შემომაკვდებოდა. ის რაღაც გულის გარეთ მკოცნიდა.

შეწუხდა ძვირადღირებულ სარაფანზე ძვირად განლაგებული ღილები რომ დავაწყვიტე.

მანქანისთვის ვერ გავიმეტე და ხავსზე გადმოვაწვინე, თითქმის გადმოვათრიე. ჩემთან წავსულიყავითო, – გაიკვირვა.

მე რაც ვუქენი, ადვილი წარმოსადგენია. იმან რაც მიქნა – ძნელი.

როგორ დავიკარგე, ჩავიმალე, გავქრი და გავთავდი ამ გალეულ ქალში, ვერ მივხვდი, არ მახსოვს. იყო სიტკბო, ტკივილით, ბალღამით, – ეს მახსოვს.

მკვდრეთით რომ აღვსდექი, თვალებში ჩავხედე. შეუბღალავად სუფთა დამხვდა და ტვინში სისხლმა ამასხა.

– მიყვარხარ, – თქვა ჩუმად, – უჰ, რამდენი ხანია.

“აქვე მოვკლავ და ვერავინ ვერაფერს გაიგებს”, – გადავწყვიტე ჩემთვის.

– შენც მითხარი, რა?! – შემომაფახულა უგრძესი წამწამები.

მხრებში ხელი ჩავავლე და დავუღრიალე:

– აქ მე ვარ შენი მოძღვარი. თქვი, რაზე ეპუტუნები იმ “ნა-ნეტზე” კეფააპარსულ იმპოტენტს!

გადაიკისკისა. ეჭვიანობ, ეჭვიანობო. თვალები მომიწკურა და უკვე გითხარიო, გამენაბა. დავაჯანჯღარე.

მტკივაო. რომ შემატყო, მოხრჩობას ვუპირებდი, კარგი, კარგი, გეტყვიო, აიჩეჩა მხრები. და მანქანისკენ გატიტლიკანდა. თავისი მინიატურული ჩანთა მოიტანა, გახსნა, რევოლვერი ამოიღო.

ჰოოო... ეტყობა, მე ვკვდები ამ გადაკარგულში. ქვედაზნეებით ზედაზნამდე ვერ მიაღწევ... ხო მაგარი ვარ, არა?! აი, რა კრიტიკულ სიტუაციაში არ მიღალატა იუმორის თანდაყოლილმა გრძნობამ.

სალომემ იარაღი შუბლთან მიიდო და სანამ შეყვირებას მოვასწრებდი, თითი გამოჰკრა სასხლეტს.

– არ გავარდეეს, – შევეცადე, არ შემემჩნია, მაგრამ ხმამ გამცა.

– ამით ვერთობი. – რევოლვერის დოლში გაჩხერილი ერთი ტყვია დამანახვა მორცხვად, უკანვე დააბრუნა და ე.წ. “ბარაბანს” სიგარეტივით წვრილი თითი ჩამოჰკრა.

სანამ გონს მოვედი, მოწესრიგდა.

გაკვეთილი მესამე – ყველა ქალი ქალი არ არის, ზოგი ეშმაკისეულია.

– მერე, იმან რაო?! – კბილების კრაჭუნით შევიკარი ხვანჯარი.

– აბა “იმან”? – გაიკვირვა, მე რომ მკითხო, ყალბად.

– იცი, ვინც.

– ააა, მამაომ? საშენო კაცი არ არისო.

– რატომ ვითომო?!

– ურწმუნოაო!

ბოროტად გამეცინა.

– შენ მორწმუნე ხარ და მე ურწმუნო, ეგ ჩემო კარგო ნუ შეგშურდება...

– ან შენს კაცს დაელოდე, ან მონასტერში წადიო, – ისევ მშვიდი იყო და ისევ მოკვლა მინდოდა, ის კი თავს იწესრიგებდა და პაწია სარკეს ეკვანწებოდა.

– ჩემზე არ გეკითხები, მაგ “გასართობზე” რა გითხრა?

– მოდი, ახლა მე დაგმოძღვრავ, – აჭიკჭიკდა შეშინებულივით: – ჩვენ, ადამიანები, ვერ ვგრძნობთ სიკვდილის სიახლოვეს. თავი უკვდავი გვგონია. არადა, თუ დაიჯერე, რომ სიკვდილი ჩვენშია, იქნებ გაცოცხლდე. აი, შენ ისეთი სუფთა ხარ, ისეთი შორეული, არც კი მჯერა, რომ შენი გავხდი, მაგრამ თითქოს აქ არა ხარ, თითქოს არც იცვლები არასოდეს, – ახლად ენაადგმული ბავშვივით ტლიკინებდა. გამიხარდებოდა, რომ არ მეგრძნო, რომ ჩემი გავლით რაღაცას ესაუბრებოდა, შორს.

– საიდუმლოს გეტყვი. მოძღვარმა თქვა: ეჭვიანი კაცი კაცი არ არისო, და შენი ივიკო კი ძალიან ეჭვიანიაო. რწმენაო, მარტო საკუთარი თავის რწმენააო, თუ სწორად გავიგე...

– მორჩი! – ავილეწე ისევ.

დაბნეული აიწურა და დაფრთხა.

გახუმრება ვცადე და მეოთხე გაკვეთილიც მივიღე.

– ჩემი მოძღვარის მოძღვარი, ჩემი მოძღვარი არ არის, – ვთქვი კვიმატად.

– არც ჩემი მოძღვრის დამოძღვრილია, ჩემი მოძღვარიაო, – შემომცინა. მაღიზიანებდა, მაგრა... ღმერთია მოწამე, ძალიან მინდოდა მისი გაკვირვება, მოხიბვლა. რით ვერ მივიქციე ამ გაწრიპულის ყურადღება?!

– შენ ეგ დიდი რამე გგონია, – დავავლე ხელი მის იარაღს და საფეთქელთან მივიტანე, – ყველა კაცურ კაცს შეუძლია მაგის ჩხაკუნი. – თვალებში ვუყურებდი. წარბიც არ შეუხრია. უკანდასახევი გზა აღარ იყო, სმენა დავძაბე, ცრუ გასროლის ფუჭი ტკაცუნის გაგონების იმედით:

– აი ჩემი გაკვეთილი! – კიდევ ერთხელ დავემუქრე, – აი, ჩემი დამოძღვრა!

– შეიძლება, მოკვდე, – შემახსენა სალომემ.

გავრისკე.

როგორ მიხვდით?!

გავარდა.

ბოლო გაკვეთილი – სისუფთავითაც შეიძლება გასვრა...

საფეთქელიც შემენგრა. ტყვიაც ჩამრჩა თავში. დავვარდი სისხლში აგლესილ ტვინში, ხავსში და აბლაბუდებში ცუდად გადაზელილ, უვარგის თიხასავით. (ეჰ! რა მწერალი ვერ შედგა...) მაშ, “ცხელოდაო”, არა, კამიუვ ჩემო? (ეჰ! რა იუმორის გრძნობა...) აქ ცივა... არ მინდა... რა ლამაზი იყო... მკერდი მართლა ჭორფლიანი და ჭორფლისფერკერტებიანი...

სიგარეტის თითები... სიკვდილივით ცივი... მაღიზიანებდა მაგრა...bეჰ, როგორ ვერ მოვასწარი, მეთქვა, როგორ... ერთი მაგისი... რა ცეცხლისფერმზისფრად დაბნელდა... მოვკვდი, აბა, რა გადამარჩენდა... გადასარევი თუ გინდა!

რას არ ნახავ და რას არ მოისმენ, სანამ საბოლოოდ ჩაბარდები პატრონს. აი, ჟოლოსფერ პუფზე შავი ფარჩის საშინაო შარვალ-პერანგით შემოსილი ჩემი სალომე მივარდნილა და გულდათუთქული იხუტებს გულში პლუშის იასამნისფერ წრუწუნას.

– წრუუწ, მალე მონაზვნად უნდა აღვიკვეცო.

მართლა გეუბნები, უკვე გადავწყვიტე და დავისვენე.

შენც თან წაგიყვან, თუ გინდა.

წრუწ, იცი, რას მეტყვიან, “ნურვინ გიყვარდენო”. სასაცილოა.

დედა – არა, მამა – არა, ძმა – არა... ი-ი-ივიკოც აღარ. ვინღა მიყვარდეს!

შენ, მიყვარხარ! როგორ არა... შენ ჩემი უსაყვარლესი ხარ, ჩემო სიცოცხლე!

წრუწ, როგორ გგონია, მამაჩემი ჩემ თვალწინ რომ არ მოეკლათ, მაშინ რითი გავერთობოდი, კაზინოში ვივლიდი თუ წებოს დავყნოსავდი? კი არ ვხუმრობ, ტკივილებისგან ვიცავ თავს.

მომწყინდა სიკვდილთან თამაში... დავიღალე... მაგრამ სამ თვეში ერთხელ მაინც თუ არ ჩავხედე ლულას და “მის უდიდებულესობას” თვალებში, ან დეპრესია მეწყება, ან ისტერიკა. რას იზამ, თავს ზემოთ ძალა არ არის. უი! ღმერთო მაპატიე...

რა, ჩვენი მოძღვარი?! ერთი დაღლილი, ემოციებისგან დაცლილი თითქმის ბებერი კაცია. საერთოდ არ იცვლება, მკვდარივითაა, ერთადერთი – კეთილია, მაგრამ უხერხემლო. ეჰ, წრუწ, ნეტავ როცა საჭიროა, მაშინ იყოს მკაცრი, თორემ სამჯერ შემოვურბენ ეკლესიას თუ ხუთჯერ შემოვუცუნცულებ... ღმერთო შემინდე.

რა შუაშია, თავს ვიმართლებ. ვიხსენებ რაღაც-რაღაცეებს, ჩემთვის.

ი-ი-ივიკო. შენ მაინც იცი, როგორ მიყვარდა. როცა მღეროდა, მეგონა, ფრენას მასწავლიდა. ხანდახან მის მოხატულ ხატებს ვკოცნიდი და მეგონა... გრძნობდა. ხანდახან მინდოდა, ჯიუტ ქოჩორში ვწვდომოდი, ღრმა თვალებში ჩამეხედა და მეკივლა. და-მი-ნახე! შემიყვარე! მე და არა შენი სურვილი. (უტვინო, გახსოვს, ჩემ დასანახად სხვებს რომ ეარშიყებოდა. ეგონა, ვერ მივხვდებოდი. მე კი სწორედ მაშინ მივხვდი, რომ ვუყვარდი. ეგეც მაგას.)

იცი, როგორი მშვიდი, ძლიერი, თავდაჯერებული და ვაჟკაცი იყო... მეგონა, რომ იყო... არა, იყო... რა სისულელე გააკეთა... ჩემი სიცოცხლე... ჩემი ი-ი-ი-ვიკო.

ღმერთო, რა დაგიშავე, რატომ?!

ჩემი ბრალი არ არის!

ვეპრანჭებოდი.

ვეთამაშებოდი.

იმიტომ გავყევი, ჩემო რბილო და ცნობისმოყვარე თაგუნავ, რომ მიყვარდა! სულაც არ მრცხვენია! ძლივს მეღირსა და რაღაც ნაბიჯი გადმოდგა.

კოცნა მომეწონა. მოფერებაც... ის, რაც ჩვენს შორის მოხდა, ის თუ სექსია?! მაგის გარეშე, ვფიქრობ, მონასტერში იოლად გავძლებ.

სწორია. ჩემი ბრალი სულაც არ არის. ყველაფერი ხომ უფლის ნებაა.

ღმერთო, ოღონდ ახლა არ გავგიჟდე და არავინ, არავინ აღარ მეყვარება. არა, წრუწ!

წრუწ, არ გესმის, წრუუუწ! წრუუუწ! ი-ი-ი-ი.

– რა სულელი ყოფილხარ, ჩემო გულისა და თავის ხეთქვავ! – ჩავჩურჩულე ყურში. განაწყენებულმა ამომხედა. ლოგინიდან აიზლაზნა და ნარნარად აგოგმანდა.

აი, მოდის, მოარწევს გულივით გაშლილ ლანგარს, გვერდებს იქნევს. ცეკვა-ცეკვით, რონინრონინით, ნარნარ ნარნარით მიახლოვდება. მაცდური ღიმილი გადანისლული თვალების ტკივილს უფარავს. მოგოგავს, მოგოგავს და ლანგარზე ჩემს საწყალ თავს აგორავებს...

ვინმე სხვა არის თუ სალომეა?! თუმცა ამას ვინღა ჩივის.

თავი დავკარგე გმირია!!! თავი დავკარგე გმირია? თავი დავკარგე გმირია... თავი დავკარგე გმირია.

სალომე გაქრა... დამეკარგა... დავიკარგე... გზას ვაგრძელებ.

ჰმ! ხედავ შენ, ჩემი ცოლ-შვილი დაღონებულა! არ ველოდი. მე მეგონა, შტიბლეტებს გამხდიდნენ...

აი, ეს მესმის, საღოლ, ბიჭებო! გულიც კი გამითბა. მაგრა მოგიფიქრებიათ შავი ბაფთები “გოლფიჯოხებზე”. ძმობა დამიფასეთ...

ესეც ჩვენი მამა ზაქარია აღსარება-ტრაპეზზე თავის სულიერ მოძღვართან. მივაყურადებ. მაინტერესებს, მაგრა...

“– რა გითხრათ, მეუფეო, უღირსი ვარ. მოძღვარი?! ჰმ! ჯვარიც ამხსენით და ეკლესიიდანაც მომკვეთეთ.

როგორ თუ ადვილი გამოსავალი?! რა თვითგვემა?! მაშ, მონანიების მადლი, აღსარების საიდუმლო... რაღაც არ მესმის... გულწრფელი ვარ, მეუფეო, შვიდ შვილს ვფიცავარ! სად გავიქცე და სად დავიმალო, არ ვიცი, ან მრევლს როგორ დავენახო...

ვერ ვჭამ ვერაფერს. ყელში არ გადადის. ღვინოს?! დავლევ, დავლევ, ცოტას.

ყველაზე მეტად?! რატომ არ ვუთხარი, რომ ერთმანეთს განდობოდნენ. ვიცოდი, რომ ორივეს უყვარდათ... მხოლოდ ვაკვირდებოდი.

როგორც შეეძლოთ, როგორც იცოდნენ, მაგრამ უყვარდათ.

ეს ხომ სიყვარული არ იყო! რაღაც პათოლოგიურ, არაკანონიერ, ავადმყოფურ ურთიერთობას შევუწყობდი ხელს?

მხოლოდ ვაკვირდებოდი.

ხანდახან ვუხსნიდი, რომ ერთმანეთისთვის არ იყვნენ შექმნილი. გამოდის, ცეცხლში ნავთს ვუსხამდი... მაზოხისტების ტანდემი!

ჰმ! უკვე მოგახსენეს? გულში შვილივით ჩაკრულ, გზააბნეულ, უმამო და მფარველმონატრებულ ბავშვთან ჩახუტებული დამინახა და ქოში უკუღმა ყარა. იმ ბეკეკას კი ეგონა, ჩემი მონასტრიდან დაბრუნება გაუხარდაო... უჰ! რისი მონასტერში წამსვლელია, მეუფეო, ტოიფელს ტოიფელზე აბარებს!

მამრი ეჭვიანი, ამბიციური, თავი ღმერთი ჰგონია. მარტო თვითდამკვიდრების, მიღწევის, მოპოვებისა და დაუფლების სურვილი ამოძრავებს. ქალი – ინფანტილური, უსაქმური, ტუტრუცანა. არ განვიკითხავ, რეალობას აღვწერ.

ვიცოდი იარაღის ამბავიც – ხანდახან თავისი მეგობრები მოყავდა ჩემთან, დიახ, თავისნაირები. ზოგი იარაღით, ზოგი სხვა რამით... რა უნდა მექნა. მხოლოდ ვაკვირდებოდი. ვერ ვჭამ, მეუფეო, რაღაც მიშლის... კარგი სარკეა ის ქალი. ასახავს იმას, რაც ირგვლივ ხდება. სუსტია თავი, აშლილია გრძნობები.. თევზი გადავიღო? რომელი? თავიდან რომ ფუჭდება?

ვიცი, ვიცი, რომ მეც თავად ვითვლები. ამიტომაც გთხოვთ, გამიშვათ, ცოტა ხნით მაინც. მონასტერში, მოვინანიებ... დავფიქრდები...

არ ვიმალები! მეც ხომ ადამიანი ვარ... თქვენ მაინც ხომ გესმით, სალომეს ყოველ აღსარებაზე ერთ სიკვდილს რომ ვათავებდი.

რას ჰქვია პასუხისმგებლობა! ყველაფერი ხომ ღვთის ნებაა!!!

აკაკის “გამზრდელი”. ეჰ, მეუფეო, ხუმრობისთვისაც აღარ ვვარგივარ... ჯანდაბა, ფხალს მაინც გადავიღებ?!

ხვალინდელი მსახურება სულ მე ჩავატარო?!!! ღმერთი არა გწამთ?!

თუ შევძელი... წესი ავუგო?!

როგორც საჭიროდ ჩავთვალო... ჰმ!

შევძლებ... ალბათ.... უფლის შეწევნით!”

აბა, ეს საქმეა?! გამოდის, მეც კაი ცალტვინა ვბრძანებულვარ. როგორი აღმოსაჩენია ასეთი ჭეშმარიტება, სიკვდილის შემდეგ.

მაგრააამ?! შენ?

მოდი, რა, ერთ-ორ ტკბილ სიტყვას მეც დაგიმატებ, შე კაცია მუნჯაძევ, შენა. გონია, მევასება სხვის მაგივრად თავის რელსებზე დადება?

შენი ამბავი რომ ვიცი, “არაჩვეულებრივი შვიდეული” ნანახი გექნება. კრისიც იცი... მაგარია, არა?! რომ მოკვდა... იცი ხომ, შენ ჩემო განათლებულო! ჰოდა, აი, შენი სულიერი შვილის ბოლო სიტყვა უკვე გარდაცვლილის სიმაღლიდან:

“ახლა, როცა უკვე მკვდარი ვარ, გაფრთხილებ, საკუთარ ნაჭუჭში გამომწყვდევა მავნებელია შენი სულიერი ჯანმრთელობისათვის! თუ მოძღვარი ხარ, დააღე პირი და თქვი, თუ რამე იცი ჩემზე მეტი. ეგება და გავიგო. გამოდი რა, ეკლესიიდან და ზურგზე მოკიდებული მონასტრით წირე, სადაც დაგიღამდება და გაგითენდება. გინდა, ზღაპრული მღვდელებივით და გინდა მაცხოვრის მაგალითით. მეც გამასინჯე, შვიდ შვილს რომ გარჩენინებს, ის პური. ზემოდან რომ დამყურებ, რამეს შემაგნებინებ მასე?! სიცოცხლეში გამაგებინე, თუ ვინმეს ვუყვარვარ და, რაც მთავარია, რატომ, როგორ.

ჩემო გასაიდუმლოებულო და რიტუალურო. დაგესვა რა, კაცურად ერთი-ორი არქეოლოგიური შეკითხვა. რა იცი, რას გიპასუხებდი!

რას დასტრიალებ ჩემს სასახლეს თავზე სვავივით და რას მერყეობ წესის აგების თაობაზე. მიდი, რა, შენი საქმე გააკეთე და იქ შემიშვებენ თუ არა, სხვა გადაწყვეტს.

რატომ მდებთ დროზე ადრე სამარეში. გასწიეთ, დროზე ადრე ნუ მაჭედებთ უკანასკნელ სახურავს, ამის მაგივრად... ...ჭერი ასწიეთ დურგლებო, ჭერი!

გადამხადეთ სუდარა! გადამხადეთ სუდარა! მე უკეთესად ვიცი, რა მიხდება და რა არა! მე მომწონს, მეტსაც გეტყვი, მე მიყვარს ჩემი დამსხვრეული თავი...

შენ ჩემო მრევლდაფანტულო და ბალავარჩამოშლილო. მე მგონია თავი ღმერთი და შენ არა?! მე ვარ ეჭვიანი?! მე ვარ მაზოხისტი?! მე ვარ თვითმკვლელი?! როგორიც მრევლიაო, ისეთიც მღვდელიო. იქნება და პირიქით?

შენ არ იყავი, მამაო, რომ ამტკიცებდი, საკუთარი თავის გარდა, ვერავის შეხვდებიო, ადამიანი ადამიანს რომ უყურებს, თავს სარკეში ხედავსო?! ხო შენ იყავი?!

ჰოდა, კარგად დახედე ჩემს დოლბანდში შეფუთულ თავს და გამოიღე ტვინში გაჩხერილი ტყვია!

ეს აუცილებელი პირობაა, აუცილებელი და ვფიქრობ, არასაკმარისი.

რამდენი ჩემისთანა უნდა ნახო, რამდენი გაკვეთილი უნდა ჩაგიტაროს მან, მისმა ძემ და სული წმინდამ?! ა?!

 

გვერდის მისამართი : ბიბლიოთეკა / პროზა / მიქელაძე მაკა / მოკვეთილი გაკვეთილი