მიქელაძე მაკა 

 

ფლეშ!

 

 

 

 – არა ვარ ეს ძველი ბიჭი და მომკალი თუ გინდა! რა ვქნა, თავიდანვე ვერ გამოვედი “დრო და ჟამის შესაფერი”. ზორბა (შეგეშინდება, მაგრამ რად გინდა?!) მოუქნელი, თონთხლო, ჩაფართხუნებული კიდურებით, მარად მაამებლური ღიმილით და მუდამ შეშინებული თაგვისფერით, თითქმის ქოსა სახეზე. ამას დაუმატეთ სასიამოვნო მეცოსოპრანო და ძალიან ახლომხედველი თვალები. ვერ ვჯდები ტიპაჟში. ასე არ არის?!

ჩემდა საბედნიეროდ, გაჩნდა ეს დალოცვილი კონტაქტური ლინზები, თორემ რა ბედენაა, პროფესიონალი ფოტოჟურნალისტი სათვალით. რედაქტორი ვერაფერს მამჩნევს, თორემ დღითიდღე უფრო და უფრო ცუდად ვხედავ. ისე კი, ჯერჯერობით ვქაჩავ, აბა, რაღა მე გამომაგზავნიდნენ ასეთ პრესტიჟულ ღონისძიებაზე. ასე არ არის?!

“ქართული ხელოვნების დღეები სტამბულში!!!”

ელიტარული ნაღების კომფორტაბელურ ავტობუსში, რომელსაც ეს წარწერა ამშვენებს, ვერ მოვხვდი. მომსახურე პერსონალის ნაკლებ თვალშისაცემ ავტობუსსაც არა უშავს, კონდენციონერიანია, მაგრამ იმ კონდიციამდე ვარ მისული, რომ ვკივი - აღარ გვინდა “აზიიდან რომ ქარავანი მოდის” და “ბიჭი რომ ტამბოვში მიდის”, გამოცვალეთ, ადამიანები არ ხართ, კასეტა!

– რაო, ჩვენი ძმა?!    – კაბინიდან თითქმის გადახოტრილი თავი გამოყო მძღოლმა.

ყველაფერი ადგილზე აქვს, თხელი, ოდნავ კეხიანი ცხვირი, ჩაშლილი ხინკლისდარი ყურები, ამ ყურებიდან გამოზრდილი კისერი, შებრტყელებული საფეთქლები, მძიმედ მოძრავი ყბა, საუბრისას მოკუმული პირი და გულუბრყვილოდ განცვიფრებული მზერა. ხმაც მოახდენდა გარკვეულ შთაბეჭდილებას, სადღაც კეხის მიდამოში რომ არ გასჩხეროდა. ტიპაჟში ჯდება – ვერაფერს იტყვი.

აგმოცდილებით ვიცი, “ჩვენი ძმა”-ზე რომ გადავიდე, დავიღუპები, ამიტომ გულუბრყვილოდ განცვიფრებულ მზერას ვუბრუნებ, ოღონდ, მსუბუქი ინტელიგენტურობის ელფერით.

– ბოდიში, მსგავს სიმღერებთან მძიმე მოგონებები მაკავშირებს და თუ არ შეწუხდებით, სხვა რამე მოგვასმენინეთ, ნაკლებ გულისგამგმირავი.

გადავამლაშე. უცებ აუღო ალღო ფარულ ირონიას. ავად გამიცინა, უხალისოდ შეიტანა ორი კაცის სამყოფი ბეჭები კაბინაში და პროტესტის ნიშნად მაგნიტაფონი საერთოდ გამორთო.

მკვდარივით ჩამეძინა.

მგონი ვიღაც “ავტოსტოპის” მოყვარულნი ამოვიდნენ ავტობუსში, ვიღაც შოპ-ტურზე წამოსულნი ჩავიდნენ, რომელიღაც ქალაქში ექსკურსიაზე ჩაგვიყვანეს და როცა ნახევრადნამძინარევმა ჩემი ფოტოაპარატი მოვისაკლისე, რა დაგიკარგავს, რას ეძებო...

Flash!!! - გამინათდა თავში და ისე დამიბნელდა თვალებში, თითქოს დიაფრაგმა ჩაიკეტა და გაიხსნა ფოტოობიექტივში. ყურებშიც უშნოდ აზუილდა რაღაც, თითქოს ფირი ავტომატურ რეჟიმში გადახვევისას.

ჩემი “ზენიტი”! ჩემი მარჯვენა ხელი!

თურქეთში საბჭოთა ოპტიკა ულაპარაკოდ გადის. ბედი არ გინდა?! მწყერს ერთი დღე ერგო და ისიც ქარიანიო! ეძებე ახლა დედისერთა და მარჩენალი ფოტოაპარატი ამხელა ქვეყანაში. ახალს ათასი წელი ვერ ვიყიდი. გამოდის, უმუშევარი დავრჩი. ასე არ არის?!

რა ვქნა?! რაა?! საფეთქლების სრესა ვერაფერი გამოსავალია. თავი მაინც მიდუღს. უნდა მოვძებნო, უსიკვდილოდ უნდა მოვძებნო! კადრები ისე იცვლება თვალწინ, როგორც სლაიდოსკოპში სლაიდები: უმრავლესობა პეიზაჟია, ნაწილი კბილებში ხანჯლებგაჩრილი და ჰაერში დაკიდული ქართველი მოფარიკავეები, აქა-იქ ავტობუსის სკამის ხავერდზე შავი მარგალიტივით მოკალათებული “ზენიტი” გაიელვებს, სხვადასხვა რაკურსში. რატომღაც ხშირად მახსენდება ჩვენი მძღოლის ქვედა ყბა და უცებ უზარმაზარი, უაზღუდო, უაზროდ მოკლე თეთრი სტრეიჯიდან ამოქათქათებულ-ამოფუებული ბიუსტი გამეჩხირა თვალწინ. ამ მასიურ გამოსახულებას ვერც მარჯვნივ და ვერც მარცხნივ ძვრა ვერ ვუყავი.

უგემოვნო ვიტრაჟებიან რუხ-ვარდისფერ სასტუმროში ავლადიდების პატრონი რომ მოვიძიე, კვლავ გულღიად და სტუმართმოყვრულად შემოსილს გადავაწყდი. ქალმა ჩემი გაუბედავი ქათინაურ-დითირამბები ერთ ყურში შეუშვა და მეორიდან გამოუშვა.

– პირდაპირ თქვი! არ გინდა მიხვეულ-მოხვეულიო, – შემომღეჭა სახეში.

ვიღაცას მაგონებდა. ტვინი დავძაბე. წკაპ – გაიტკაცუნა თავში და პოლაროიდივით გადმომიგდო საჭირო სურათი. გამეცინა. ჩემი მეგობარი ამტკიცებდა, რომ ცხოველები ადამიანზე უკეთესი ფოტომოდელები არიან. ერთი მზეთუნახავი ძროხა ჰყავდა გადაღებული, რომელსაც ეს ჩემი დეკოლტირებული ღვიძლ დასავით ჰგავდა სითეთრით, სისავსით, ეროტიკული მცოხნავი დრუნჩით და წამწამებაპრეხილი, შავად ამოხატული გულგრილ-ნაღვლიანი წყლიანი თვალებით.

– უბრალოდ, ძალიან მომეწონეთ, – ამოვიბლუკუნე.

ეჭვით ამათვარიელ-ჩამათვარიელა.

– არ არსებობს, შენ მაგდენი არ გექნებაო, – დაასკვნა და გატრიალდა.

– ამ ავტობუსით ხშირად მგზავრობთ? – ალალბედზე ვიკითხე.

– მერე შენ რა! – ოდნავ შეშინებული დამაკვირდა.

– არა, თქვენ ვერ გამიგეთ, უბრალოდ, უბრალოდ... იცით, ფოტოაპარატი მომპარეს. მე დედა მყავს ავადმყოფი... ამით ვშოულობ ცოტ-ცოტას. გამოდის, რომ უმუშევარი დავრჩი. ასე არ არის?! – ჩემმა უსუსურობამ გამამწარა.

– მერე მე რა შუაში ვარ? – ცოხნა გააგრძელა “ძროხამ”.

– არ ვიცი, – ეტყობა შევეცოდე, – მიდი, ჩვენ “შოფერს” კითხე, “რეისავიკი” კია, მაგრამ ჯიგარია გაგების ამბავში. საღამოს ნომერში იქნები ასიანი – თითქოს დიდი საიდუმლო გამანდო და გულგრილად მიაყოლა, სხვათა შორის – არ უთხრა, რომ მე გითხარი...

ჯანდაბა, ვერიდებოდი ღოლოსო და დამიხვდა ღობის ბოლოსო.

საღამო ისედაც იდგა. თერთმეტ საათზე ძალები მოვიკრიფე და ახლა კი დროა-მეთქი, გადავწყვიტე.

ვნერვიულობდი. არაყი ვხუხე. შავი შარვალ-პერანგიც კი ჩავიცვი, ზემოთხსენებული “გაგების ამბავში”. ნომრის კარებზე რომ ვაკაკუნებდი, ხელი მიკანკალებდა. “ბიუსტმა” გამომხედა და გზა დამითმო.

– ლედი! ვინ არის? – გაისმა სიღრმიდან კეხთან გაჩხერილი ხმა. სახელიც ძროხის შესაფერისი რქმევია – გამეცინა ჩემთვის.

– შენთან არიან! – თვალი ჩამიკრა აშკარად დილანდელზე მკვეთრად მოხალისებულმა მანდილოსანმა.

– ვაა! ფოტოგრაფ! – მრავალმნიშვნელოვნად გაეღიმა მძღოლს, – კარგად გავერთობით.

ტრადიციულად ქართულ, “ნომერში მაგარ დროსტარებას” არატრადიციული სუფრა ამშვენებდა. ჩირი და საკნატუნო ჩხირი ათასნაირი, ხილი დაშაქრული, თხილი მარილიანი. რახათ-ლუქუმი, ჰალვა, ფახლავა, ცოტა არაყი, ბევრი ლუდი და ძალიან ბევრი “ფანტა”. მენიუ ერთმნიშვნელოვნად მიუთითებდა, რომ “ბოლდებოდნენ”, თუმცა არც ტარიანების დამალვა უფიქრია ვინმეს, არც ლოგინებიდან წამოდგომა და სკამის შემოთავაზება მოსვლიათ აზრად. მეც ავდექი და ერთადერთ სავარძელში მოვკალათდი. “კურღდელს უთქვამს, სანამ გამომახტუნებდნენ, მანამ უფრო მეშინოდაო”.

– ნახე, ეს რა მაგარია! – გაეცინა მძღოლს. მისი ორი კოლეგა გადაბჟირდა, ლედიც არაბუნებრივად აკისკისდა.

ხელების კანკალმა მუცლისკენ გადაინაცვლა. ფეხი ფეხზე გადავიდე და გაჩუმება ვარჩიე.

– აბა, ჩვენი ძმა სტუმარი ღვთისაა, დაგვეწვიე, – ვეება პაპიროსი გამომიწოდა მასპინძელმა.

“ვირს პიტნა არ უყვარდა და ცხვირში სტენიდნენო”. ვერ ვიტან “ბოლს”, მაგრამ ხომ გაგიგიათ, “ვისაც თევზი უნდა, ფეხიც დაისველოსო”.

დანარჩენი ისე ბუნდოვნად მახსოვს, თითქოს ფოტოქაღალდი, გამჟღავნებისას ხან საჭიროზე დიდხანს გავაჩერე წამალში, ხან კი დროზე ადრე ამოვიღე გასაშრობად, ზოგი კადრი ზედმეტად მუქად, ზოგი საერთოდ წაშლილი. ზოგი კადრი ნეგატივებად ჩამრჩა თავში. ფერადი ნეგატივი, შავ-თეთრი ნეგატივი. პოზიტივი, პოზიტივი, ისევ ნეგატივი. ერთად – კუთხეში მიყრილი, აბურდულ-დაბურდული, დაწუნებული ფირი.

მახსოვს, დაუფარავად დამცინოდნენ, მახსოვს, მეც ვხითხითებდი და ვჭერმეტყველებდი კარსმომდგარ უმუშევრობაზე. მახსოვს სურათებს ვიღებდი, მასპინძელთა “სასაპნით”, ანუ “საჩხაკუნოთი” (ჩვენ, პროფესიონალები ასე ვუწოდებთ საყოველთაოდ გავრცელებულ პატარა ფოტოაპარატებს). ყველას გადავუღე: მძღოლი და მისი მოძრავ-მოწრიპული ძმაკაცი “ანცო” თუ “ცქვიტო”, მძღოლი და მისი ქონიან-ბალნიანი ძმაკაცი “ღორო” თუ “ჯაგარო”, მძღოლი და სახემორღვეული და ტანმოფლაშული “ლედი”. მერე ყველანი ერთად, მერე ცალ-ცალკე. მახსოვს დიდხანს ვარკვევდი იმ წუთში ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვან საკითხს: ექვსი ცხრაზე უნდოდათ თუ ცხრა თორმეტზე, მახსოვს სამი ოთხზეო, მიპასუხეს და ჩაბჟირდნენ, ერთს სლოკინი აუტყდა. მახსოვს მეც გადამიღეს. ერთწუთიანი აპარატები რომ ოთხ კადრს გიღებს. წკაპ – მოწესრიგებული, წკაპ – დაჯღანული, წკაპ – ზედაჯღანული, წკაპ – თავზე ოთხი თითით და ცხვირზე გაშლილი მტკაველით... ის-ის იყო, სასუნთქი გზების სპაზმით უნდა ამოვწყვეტილიყავით, რომ მძღოლი ერთი ხელის მოსმით დასერიოზულდა.

– მერე ჩვენგან რა გინდა? ა?! ჩვენზე ხომ არა გაქვს ეჭვი?! – ისეთი ხმა გამოუშვა, გეგონებოდა კეხი ძვლის კი არა, ფოლადის ჰქონდა. ლედი კუთხეში მიიკუჭა და თითების თვალიერებას შეუდგა. დანარჩენები ადგილზე გაქვავდნენ. გამაცია. მთავარია, “ჩვენ ძმაზე” არ გადავიდე, მთავარია სიტყვაში არაფერი შემეშალოს.

– ... მომასწავლეს... გაგების ამბავში ჯიგარიაო... ვინ იცის, გაყიდვა მოინდომეს... უთქვენოდ, არა მგონია, გაბედონ... თუ შემოგთავაზეს... მოკლედ, თუ გამოჩნდა... იქნებ დამეხმაროთ... ძალიან მივეჩვიე... მე თვითონ ვიყიდი... თუ გამოჩნდა... იაფად თუ.... – ისევ გამამწარა ჩემმა უსუსურობამ. რისი მყიდველი ვიყავი ერთი. ნეტა ვინმემ იცოდეს, როგორ მიზიდავდა თანამოსაუბრის ქვედა ყბა, მაგრამ “სვავი ძვალს კისერს დააზმანებს და ისე გადაყლაპავსო” – ნათქვამია.

– ჰოოო, – გააგრძელა მძღოლმა. სახეზე დაეტყო, რომ საქმისადმი ინტერესი დაეკარგა. არაყი ჩამოასხა და ჩემი ნერვული სისტემის გამოცდის ახალი ეტაპი დაიწყო.

ძაღლად არ მაგდებდნენ, არ მისმენდნენ, სასმელს ხაზგასმით არ მისხამდნენ. მაგნიტოფონი წამდაუწუმ მახსენებდა “დედაჩემის ჭაღარას” და იმას, რომ “ტრულაილას ფული არ უნდა”, თორემ ნამდვილად წამოვხტებოდი და გავიქცეოდი. რამდენჯერმე გაკვირვებულები შემომიტრიალდნენ. “ხომ გითხარით, თუ რამეს გაგიგებთ, ნაღდად შეგატყობინებთო”, ანუ “აღარ მიდიხარ, დააყენე საშველიო!” სიმწრით გამოფხიზლება დავიწყე და “გაგების” სადღეგრძელოსთვის თვალებში გამოვიხედე. ქურდული ავტორიტეტების ჩამოთვლას რომ შეუდგნენ, Flash! გამინათდა თავში.

– ბაბუაჩემი იყო ქურდი! – რაც შემეძლო ომახიანად შევძახე.

ალმაცერად გადმომხედეს, რომელ უბანშიო.

ვუპასუხე.

ვინმე მომპარავი იქნებოდაო, გადახედეს ერთმანეთს და ისევ ამომშალეს საინტერესო ობიექტების სიიდან.

– ირაკლი ხუციშვილი თუ გაგიგიათ? – რიხიანად კი ვიკითხე, მაგრამ წყალწაღებული რომ ხავსს ეჭიდებოდა, ისე გამომივიდა. ტყუილად მეპარებოდა ბაბუაჩემის მასშტაბურობაში ეჭვი.

ახლა იმათ დაემართათ Flash!

პროსტიტუციისა და ნარკომანიის წინააღმდეგ მებრძოლი კომისიის თავმჯდომარე ვარ-მეთქი, მოწმობა რომ ამეფარებინა მათ მრავლის და არაფრისმეტყველ ფიზიონომიებზე, ასეთ კვალს მაინც ვერ დავამჩნევდი. ეჰ! სად იყო ჩემი “ზენიტი”, ამ მოვლენების განვითარების ზენიტში!

ცოტა ხნით დამუნჯდნენ, მერე ფეხზე წამომიდგნენ, მერე მაგიდაზე აძვრნენ და იქ დალიეს “ამ სიცოცხლეშივე ლეგენდის” სადღეგრძელო. იქიდან რომ ჩამოძვრნენ, სავარძელში ბალიში ჩამიფინეს, განსხვავებული სასმისით განსხვავებული, ეტყობა განსაკუთრებული შემთხვევებისთვის გადანახული, არაყი ჩამომისხეს, ახალი პაპიროსი შემიკეთეს, ლამის ტანსაცმელი გამიწმინდეს ჯაგრისით. ცხონებული ბაბუაჩემი ისე აქეს და ადიდეს, რომ საწყალი ლაკი ლუჩიანო საფლავში შამფურივით დაბზრიალდა შურით.

ის კი არადა, მძღოლმა თავის წარდგენის ღირსად მცნო. ბაბუაშენივით ვარსკვლავებს ვერ ვეთამაშები, მაგრამ ამ გზაზე თუ მახსენებ, უბატონოდ ხმას არავინ გაგცემსო. ეს ჩვენი დაიკოა მანჩო, “ლედის” ვეძახით, ხო აზრზე ხარ რა ამბავშიო. კარგი გოგოა, ჯიგარია, უჭირს თორე, ვინ ოხერიო... რომ არავინ აწყენინოს, მე ვპატრონობო. ეს “შუსტრიაკაა”, ეს “ბოლშოი”, მე “ლორდს” მეძახიან, ხო აზრზე ხარ, რა ამბავშიო.

– ლორდი კი არა, სუტინიორი ყოფილხარ, ჩემო ჯორჯო და გორდონ ჩემო – მოვედი აზრზე, რა ამბავშიც, მაგრამ არაფერი შევიმჩნიე. არც დამცალდა, მძღოლმა ხელი გადამხვია და თავისიანებს მიუბრუნდა, იცოდეთ, ეს კაცი კაცური კაცის შვილიშვილია, თვითონაც კაცური კაცია და არაფერი შეგეშალოთო. აბა რა! “ზღვა ისე არ დაშრება, გუბისოდენა არ დარჩესო” და “აქლემი ისე არ დავარდება, ვირის საპალნე ვერ მოიკიდოსო”.

თვალებზე ცრემლი მომადგა. გული ამიჩუყდა, ქართული ზეპირსიტყვიერების კიდევ ერთ მოყვარულს რომ გადავაწყდი. “ლორდმა” ცრემლები ბაბუის ხსოვნისადმი მიტანილ ხარკად ჩამითვალა და თავში ხელი შემოირტყა – აი, თურმე რატომ ვერ უძლებ ქურდულ მუსიკას, მე კი როგორ ავაცილეო.

მეტი სიმძაფრისთვის ბაბუაჩემის სიკვდილის ამბავი მომიყვა. ხუთი წლის ბიჭი რომ თვალებანთებული ყვება “ჩხუბზე” ფილმს, ხომ მოგისმენიათ, ჯახ-ჯუხ, ბახ და ამ დროს მარცხნიდან და დ-დ-დ-დ-დ და ჩახოცა და უცებ წინიდან ძაღლობა და უუ-უუ-უუ. დაბრიდა ერთი, მეორე, მესამე, ჩამშვებიც, მაგისი... მაგრამ ბა-ბახ და შიგ გულში. რო ვარდებოდა, ასე უთქვამს, “რომ მცოდნოდა, სად წავიქცეოდი, თივას დავყრიდიო”.

ვიყოჩაღე და არ გავიცინე. ხედავ შენ, ვის გამოვემგვანე ანდაზების ტრფიალში. ასეა, კვიცი გვარზე ხტისო. უცებ შევნიშნე, რომ ყველა მე მიყურებდა. ჩემი სიტყვის ჯერი იყო.

– მასე კი არ უთქვამს, “ურემი რომ გადაბრუნდება, გზა მერე გამოჩნდებაო” – ვიპოვე გამოსავალი.

– შენ მასწავლიო?!! – გადაირია “ლორდი”.

– ბოდიში, მაგრამ შვილიშვილი რანაირად ხარო? – უცებ დაეჭვდა “შუსტრიაკა”. ყველამ ეჭვით გადმომხედა და სიჩუმე ჩამოვარდა. აქ მე ჩემი მწირი ქუჩური გამოცდილება გამოვიყენე, თვალები დავაბრიალე და უკვე მომძლავრებული პოზიციებიდან კბილებში გამოვცერი:

– ესე იგი, მე ვტყუი, არა?!

– არა, ძმა! – მაშინვე უკან დაიხია გაწრიპულმა, – მაშინდელ ქურდებს ხომ ცოლ-შვილი არ ჰყავდათ.

– ჰოოო, – “ვაპატიე” დიდსულოვნად – ბებიაჩემის ძმა იყო, ალალი...

...გინახავთ თეთრ ფოტოქაღალდს გამჟღავნებისას როგორ თანდათან ემჩნევა კონტურები, როგორ ნელ-ნელა ისახება ის, რაც დაინახე, გაიაზრე, გადაიღე... ასე შემპარავად გამოიკვეთა თვალწინ ომისდროინდელი, შეყვითლებული, ოდნავ კიდეებმომტვრეული ფოტო, რომლიდანაც გამკიცხავად შემომცქეროდა ოცდასამი წლის გოგონა – ბებიაჩემი.

წვივების სიწვრილით, გვერდების სიკოხტავით, თვალების სისუფთავით და ხიბლით ფიროსმანის შველს ჰგავდა. ბავშვის ტუჩებით, პიტკინა სახით, პატარა ნაბიჯების გადასადგმელი კაბით, ამოთასმული ფეხსაცმლით, შლიაპით, ქოლგით და პრონონსით – რენუარის ტილოდან გადმოსულს, ფრანგულთან მიახლოებული მოხეურ-რუსული პრონონსიც ჰქონდა. მოხეური იმიტომ, რომ მოხევე იყო, რუსული იმიტომ, რომ მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლობდა, როცა დიდი სამამულო დაიწყო და მეუღლეს ქერჩში უკრეს თავი.

მოსკოვიდან თბილისში როგორ გამორბოდა ფეხმძიმე ქალი სამ მცირეწლოვან ბავშვთან – ეს კინოა. როგორ არჩენდა კერვით შვილებს, როგორ ლამაზად ცხოვრობდა იტალიური ეზოს კიბის ქვეშ, ერთ ოთახს შეკედლებული, რამდენი თაყვანისმცემელი და ხელისმოთხოვნელი ჰყავდა, რა ცდუნებებს გაუძლო და რა გადაიტანა, ვის რა დახმარების ხელი გაუწოდა, ვინ მკვდარი დახვდა და ვინ მოუკვდა – ტელესერიალი. აი, ფოტო კი... წარმოიდგინეთ ასეთი შავ-თეთრი არა, თეთრ-ყავისფერი ფოტო, უკანა პლანი – პატარა ფანჯარა ქათქათა ფარდით, გლობუსი, კომოდზე საკერავი მანქანა “ზინგერი” და ნავთის ლამფა. ცენტრალური პლანი – მრგვალ მაგიდასთან თორმეტი სხვადასხვა ზომის და ერთი წონის გაფაციცებული ბავშვი (ოთხი ხორბლისფერი, ორი შავგვრემანი, ხუთი შავტუხა და ერთი თეთრბაფთებიანი ბამბაქულა), იქვე ლამაზი დიასახლისი ჩამჩით ხელში, დამტუქსავი მზერით, ოდნავ მარცხნივ გადახრილი თავით; წინა პლანი – დიდი ქვაბი “კერასინკაზე” და კარებთან ატუზული, თავჩაღუნული ლამაზი ახალგაზრდა კაცი. ეს ფოტო ძალიან მაგონებს სკოლის სახელმძღვანელოებში დაბეჭდილ ცნობილ სურათს “ისევ ორიანი”.

ამ “ფოტოს” დედაჩემის წკრიალა ხმაც ახლავს. თითქოს პატარა გოგონა წიგნს თითს აყოლებს და დამარცვლით კითხულობს:

– სურათზე აღწერილია საღამო ომისშემდგომი თბილისის ერთ-ერთ ჩვეულებრივ ოჯახში...

ეს ფოტო არსებობს მხოლოდ მოგონებათა ფოტოარქივში. დედამ გადაიღო ბავშვობაში და მაჩუქა...

იმ დღეს ბებიამ ომში დაღუპულთა “პაიოკი” აიღო. მოხარშა ყველაზე დიდი ქვაბით ბრინჯის ფაფა და მეზობლის მშიერ ბავშვებს დაუძახა, რუსებს, სომხებს, ქურთებს. ამ დროს კარი გაიღო და ირაკლი ხუციშვილიც შემოვიდა. ვისთვის საკავშირო მასშტაბის “რამკიანი” ქურდი და ვისთვის უმცროსი ძმა.

ყველაფერი თავის ადგილზე ჰქონდა. დაბალი ბანი, მაღალი შუბლი, უმაღლესი ტექნიკური განათლება, გრძელი თითები, საეჭვო ხველა. გასაქცევად შემართულ ტანზე აწყობილი გრძელი პალტო, არშემდგარი პოეტის გამოხედვა და მოხეურ-რუსული პრონონსი. მოხეური, იმიტომ, რომ მოხევე იყო, რუსული - ნუ, სხვათა და სხვათა მიზეზთა გამო.

– მშვიდობა თქვენს მობრძანებას! – თქვა ბებიამ და სიხარულის დასამალად მაგიდის წმენდას შეუდგა კოპებშეყრილი. მოსულს რამდენიმე ლანდი შემოჰყვა, იქვე, სკივრზე იმ დროისთვის გაუგონარი, უნახავი ნაჭრები თოფებად დაახვავეს და ელვისუსწრაფესად გაუჩინარდნენ.

– ბალღებს შეუკერავ რასმე – თავი იმართლასავით “სტუმარმა”.

ბებიას თვალებში სითბო მოუმძლავრდა, ტუჩის კუთხეც გაეპარა, უნებურად იქვე მიგდებულ აკორდეონზე მტვერი გადაწმინდა.

შემწვარი ორაგულებით გულმომსუყებული ირაკლი ხუციშვილი, დამშეული ქვეყნიდან მოსულივით მიირთმევდა წყალზე მოხარშულ ბრინჯის ფაფას. ბებია ბავშვების ამბებს უყვებოდა, ისიც ბავშვივით იცინოდა. მალე სასიამოვნო მეცო-სოპრანოც გაისმა. სიმღერებიდან ბაღში აყვავებული ნუშის ფურცლები და ლურჯი თავსაფრები მოფრიალებდა. ორ ხმაშიც იმღერეს. თეთრი არყის ხეებზე, წითელ ძახველებზე, დათოვლილ ქოხებზე და გზაზე გამომდგარი მოხუცის თავშალზე ატირდა აკორდეონი. მხიარული გუნდის თანხლებით “ვარდს გაეფურჩქნა კოკორი” და “ყაზბეგს წერილი დავსწერეც” დააგუგუნეს...

მოსული მაინც ნემსებზე იჯდა.

ჩანს, არცთუ უმიზეზოდ. წასვლისას ტკივილიანი და გამკაცრებული ჩურჩული წამოეწია კარებთან და ადგილზე გააქვავა.

– ბიჭავ, წაიღე უკან, რაიც მოიტანე!

თოფნაკრავი ნადირივით გამოხედა.

– ჩემს ოჯახში ნაქურდალი არ შემოსულა და არც შემოვა! – დაამატა წინააღმდეგობის გამომრიცხავი შეუვალობით.

არ ვიცი, როგორ და ძღვენი მომტანს უკან გაატანეს, კი...

ორმოცდარომელიღაც წელში ქურდებს რომ დაუარეს, ვის “უარყოფა” დააწერინეს, ვის ერთმანეთი ახოცინეს, ვინ გაასახლეს, ვინ მილიციასთან ათანამშრომლეს, მაშინ იპოვნეს ბაბუაჩემი გადასასვლელ ხიდზე, მკერდში ცეცხლსასროლი იარაღის ჭრილობით, ცალი ლოყა ნაწვიმარ გუბეში ედო, თვალებში ხუთი წლის ბიჭის, თოფნაკრავი ნადირის და არშემდგარი პოეტის სევდა-გაკვირვება ჩარჩენოდა. გარშემო არც თივა და არც სხვა გვამები არ ეყარა...

ბებია ღამ-ღამობით ტიროდა. ცრემლს და ძმის სახელს უმალავდა შვილებს. ბიძაჩემები ისე დაიზარდნენ, ერთხელ არ უხსენებიათ უბანში “ეს სიცოცხლეშივე ლეგენდა”.

- - - - - - - - - - - - - - - - - - - - -

“ჩემი ძმებისთვის” ეს ისტორია, რა თქმა უნდა, არ მომიყოლია. მინდოდა, კი. რას იზამ, მართლის მთქმელს ცხენი შეკაზმული უნდა ჰყავდესო...

რომ მომეყოლა, ხომ არ ვიჯდებოდი სასტუმროს ჩაბნელებულ აბაზანაში ჩემს საყვარელ ზენიტთან ერთად...

ტყაპ! – კაფელზე პეიზაჟები. ტყაპ! – სარკეზე კბილებში ხანჯლებგაჩრილი და ჰაერში დაკიდული მოფარიკავეები. ტყაპ! – თბილი წყლის ბაკზე წამწამებაპრეხილი და წელში გამწყდარი ქართველი ქალები.

ცალკე, აბაზანაში “ჩემი ძმების” სურათები დატივტივებენ. “ლორდი”, რომელსაც დამშვიდობებისას სისხლით გავეფიცე, “ლედი” – რომელსაც თამაშით დაქანცული ბავშვივით ჩაეძინა და როცა “ლორდმა” ფრთხილად მიაფარა ზეწარი, “ცუდებო, რას მერჩოდით, რატომ მიმატოვეთო” – ჩაიბურტყუნა; “ბოლშოი”, რომელმაც თავისი ნოველების რვეული მათხოვა, გასაცნობად და შესაფასებლად, “შუსტრიაკა” – რომელმაც იმ საღამოსვე მომირბენინა ჩემი ფოტოაპარატი და მათ ნომერში გადაღებული ფირი...

დროდადრო სიბნელეში ხელებს ვაცეცებ და აპარატს ვეხები, ვამოწმებ, ადგილზეა თუ არა, ვეფერები...

რომ მომეყოლა, ნამდვილად არ დამიბრუნებდნენ, ასე არ არის?!

არა უშავს რა, სურათები გამოვიდა. ნეტა რედაქტორს თუ მოეწონება. აქ ბოლო რამდენიმე კადრი არ გადამიღია, ისე ამოვიღე ფირი. ხვალ ახალს ჩავდებ... აქ წითელი ზედმეტი მომივიდა, კომპოზიციაც დამერღვა... ეს საერთოდ გადასაგდებია...

როგორ მინდოდა მომეყოლა, როგორ მინდოდა...

ხვალ რომ ავდგები... ჯობს, თბილისში, ჩასვლის წინ... ავძვრები ავტობუსის სკამზე ხელში ჭიქით, ყველაფერს მოვყვები და დავამატებ:

– დიდ ბოდიშს მოვუხდი ყველა კრიმინალურ ავტორიტეტს, მე კი ბებიაჩემის ნათელ ხსოვნას დავუდგები-მეთქი ფეხზე!!!

წარმომიდგენია, რამხელა პირებს დააღებენ. უჰ, რა გადასაღებები იქნებიან! ლედი, ალბათ დაამთქნარებს... აი, “ლორდი” კი? რას იზამს ნეტავ “ლორდი”. შეიძლება ერთი მომიბრუნდეს და...

...გამომიჩინოს თავისი რკინისმკვნეტელი თეთრი კბილები და... გულიანი ღიმილით წყნარად მითხრას:

– ყველას თავის გაგებაში გაუმარჯოს, ვაჟკაცი ბებია გყოლიაო!

ეს ახლა ვაწყობ გეგმებს, თორემ არც ხვალ, არც ზეგ და არც ჩასვლისას ხმასაც არ ამოვიღებ. უცებ რომ მომიბრუნდეს და...

ღირს, ვითომ დანის დუმაზე გადატეხა?

ბედი არ გინდა! ასეთი ვაჟკაცი ბებია გყავდეს და მარტო სასიამოვნო მეცოსოპრანოთი გამოემგვანო.

ასე არ არის?!

 

გვერდის მისამართი : ბიბლიოთეკა / პროზა / მიქელაძე მაკა / ფლეშ!