მონიავა ჯემალ

 

თინა ძალო

 

 

 

გაბეჩავდა, გაიძენძა ზამთარი, მაგრამ აღარც მორჩა და აღარც დარჩა. ამ გაზაფხულმაც რომ ვერ იძალა? თითქოს ვერ გადაუწყვეტია – მოვიდე თუ არაო... აჰა, ხელის წაკვრაღა უნდა, მაგრამ ვერა.

 სუსხია ჯერ...

 სოფლის “სუპერმარკეტის” დახლთან ორი ლოყებღაჟღაჟა, მკვირცხლთვალება გამყიდველი გოგონა მიყუჟულა. ჯერ კიდევ საზამთროდ მობუდნულებს, თავები ერთმანეთისთვის მიუყრდნიათ და მყიდველის მოლოდინში განაბულან.

 მაღაზიის კარს დროული, წელში მოკაკული დედაბერი შემოაჭრიალებს, გოგონებს თვალს გადაავლებს და შეუძახებს:

 – დათხოვდით, გოგუებო, დათხოვდით! ეგრე უნიათოდა ერთმანეთს როდემდე უნდა ათბობდეთ?!

 – იჰ, რას ამბობ, თინა ძალო, რაღა დროისია, ვერა ხედამ, ზამთარი გაილია? – ჩაიქირქილებს უფროსი.

 – ე, შვილებო, თქვენა რო იმისი გემო იცოდეთ, იქნება აღარც გაზაფხულზე მოისაკლისოთ.

 გოგონები ტკარცალებენ.

პირზე ხელაფარებული დედაბერი კი თვალებს აქეთ-იქით ონავრულად აცეცებს: – ე, რა დამემართა, რა წამამცდაო.

 გოგონები უფრო ხალისდებიან.

 – თქვენ რაღაც ისე კაკანებთ, იქნება იცით კიდეცა იმის გემო, ა? – არ ცხრება დედაბერი.

 გოგონები ლამის დახლს დაეხალონ, ჩაბჟირებულები ხარხარებენ.

 გარეთ კი გაზაფხულის მზემ გამოაჭყიტა, თითქოს ამ ამბავს ელოდაო, როგორც იქნა, გადაწყვიტა შემობრძანება.

 აბა, მაშ რაღა დარჩენოდა?!.

 

გვერდის მისამართი : ბიბლიოთეკა / პროზა / მონიავა ჯემალ / თინა ძალო