სოხაშვილი გივი

სამთავისი

(მასალები ტაძრის ისტორიისათვის)

რედაქტორი შ. ამირანაშვილი

 

შესავალი

 

      სამთავისის ტაძარი მდებარეობს ისტორიულ შიდა ქართლში, ქ. კასპის ჩრდილოეთით 11 კმ-ის დაშორებით. იგი აღმართულია მდ. ლეხურას მარცხენა ნაპირზე, სოფ. სამთავისის ცენტრში. ტაძრის თეთრად მოკაშკაშე ფასადების ზეაზიდული პროპორციები, რასაც საკმაოდ მაღალი გუმბათი კიდევ უფრო აძლიერებს, ქართლ-იმერეთის მთავარი სამანქანო გზიდანაც კი იპყრობს მნახველთა ყურადღებას (ტაბ. 1).

ძველ ქართულ მატიანეებსა და წერილობით წყაროებში სამთავისის ტაძარი მეტად ძუნწად არის წარმოდგენილი, იგი მხოლოდ ე. წ. `13 ასურელ” მოღვაწეთა ცხოვრების წიგნთა ძველ რედაქციებში, ქართლის ცხოვრებაში, ვახუშტის `გეოგრაფიასა” და გვიანფეოდალური ხანის სიგელ-გუჯრებშია გაკვრით ნახსენები. ძეგლის შესახებ შედარებით სრულ მასალას ვხვდებით გასული საუკუნისა და ჩვენი ეპოქის მკვლევართა შრომებში.

ყველაზე ადრეული ცნობები სამთავისის ტაძრის შესახებ დაცულია X საუკუნეში შედგენილ 13 ასურელ მოღვაწეთა ცხოვრების წიგნში . დასახელებულ შრომაში აღნიშნულია, რომ VI საუკუნის 50-იან წლებში ერთ-ერთ 13 ასურელ მამათაგანს ისიდორეს (ეზდერიოსს) სამთავისში დაუწყია მოღვაწეობა და იქვე დაუსრულებია თავისი სიცოცხლე. აქედან გამომდინარე, ადრინდელ წყაროებსა და XIX საუკუნის მოგზაურ-მკვლევართა ზოგიერთ შრომაში აისახა აზრი, თითქოს სამთავისის პირვანდელი ტაძარი აშენებულია VI საუკუნის მოღვაწის ისიდორის მიერ. ვახუშტი თავის `გეოგრაფიაში~ იგივეს აღნიშნავს . ამავე აზრს იმეორებდნენ XIX საუკუნის მოგზაურ-მკვლევარნი სამთავისის ტაძრის შესახებ.

ხალხური გადმოცემები კი ძეგლის დაარსების რამდენადმე უფრო ადრინდელ პერიოდზე მიუთითებს, კერძოდ V საუკუნის მე-2 ნახევარზე . აქვე უნდა შევნიშნოთ, რომ ხშირად ზეპირსიტყვიერება ძველ და სანდო ცნობებიდან მომდინარეობს და ამდენად იგი ყურადსაღები და ანაგრიშგასაწევია. ამ მხრივ საყურადღებოა ქართლ-იმერეთის სინოდის კანტორის საქმეებში დაცული ცნობა, რომლის მიხედვითაც სამთავისის პირვანდელი ეკლესია აუშენებიათ ვახტანგ გორგასალის დროს, 472 წელს .

სამთავისს იხსენიებს თამარ მეფის ისტორიკოსი ბასილი ეზოსმოძღვარიც . დასახელებულ წყაროში აღნიშნულია, რომ სამთავისი ებოძა ჯერ მიქელს, ხოლო შემდეგ ანტონ კათალიკოსს.

გვიანფეოდალური ხანის სიგელ-გუჯრებში სამთავისის ტაძარი მოხსენიებულია მხოლოდ იმასთან დაკავშირებით, თუ ვის ეკუთვნოდა სამთავისი, რა შემოსავალი და შეწირულობა ჰქონდა, რა ხატები და ჯვრები შესწირეს მისმა მეპატრონე ამილახორებმა და რა საეკლესიო წიგნები გადაწერეს სამთავისელმა ეპისკოპოსებმა. ამრიგად, აღნიშნული ხანის ცნობები იმდენად მწირია, რომ ამ ხანაში ძეგლის ისტორიის სრული სახით წარმოდგენა ვერ ხერხდება.

XIX საუკუნის 40-იან წლებში სამთავისი ინახულა მხატვარმა გ. გაგარინმა და მოგზაურ-მკვლევარმა ა. მურავიოვმა. გ. გაგარინმა ჩაიხატა სამთავისის ტაძრის აღმოსავლეთის ფასადის დეტალები და შემდეგ თავის დიდტანიან ალბომში მოათავსა , ხოლო ა. მურავიოვმა თავის მოგზაურობის წიგნში «Грузия и Армения»-ში გამოაქვეყნა სამთავისის შესახებ ფოლკლორული მასალა .

მომდევნო წლებში სამთავისს ეცნობა მ. ბროსე . მკვლევარი ძეგლის ფასადებზე მოთავსებულ წარწერებს და ტაძრის შიგნით არსებულ ხატებსა და ჯვრებს განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს, სამწუხაროდ, მის მიერ გამოქვეყნებული ზოგიერთი წარწერა შეცდომებს შეიცავს. მიუხედავად აღნიშნული ნაკლისა, მ. ბროსეს შრომა სამთავისის ტაძრის წარწერების შესახებ მაინც ძვირფასია, რადგან ზოგიერთმა მათგანმა დღემდე ვერ მოაღწია. მაგალითად, აღმოსავლეთის ფასადის ჯვრის მკლავის მარჯვენა ზედა არეში წარწერა აღარ არსებობს. ასევე დაღუპულია მ. ბროსეს მიერ არასრულად ამოკითხული 1056 წლით დათარიღებული წარწერა და გვიანი ხანის ისტორიული ცნობების შემცველი სამთავისის ხატები და ჯვრები.

საქართველოში მოგზურობისას მხატვარმა დ. გრიმმა ჩაიხატა სამთავისის აღმოსავლეთის ფასადისა და ჩუქურთმის დეტალები, რომელიც გამოაქვეყნა 1859 წელს . ცოტა მოგვიანებით მან მ. ბროსეს მოსაზრებები ძეგლის ისტორიის შესახებ გაიმეორა თავის შრომაში . ძეგლის შესახებ წერილები გამოაქვეყნეს დ. ბაქრაძემ  და ი. ტოლსტოიმ და ნ. კონდაკოვმა .

გასული საუკუნის მოგზაურ-მკვლევართა შორის განსაკუთრებით საყურადღებოა თ. ჟორდანიასა  და ა. ხახანაშვილის  შრომები, სადაც საინტერესოდ და შედარებით სრულად არის განხილული სამთავისის წარწერები. თ. ჟორდანიამ, ძეგლზე მუშაობის დროს, ეზოში მიაკვლია ტაძრის აშენების დამათარიღებელ (1030 წელი) წარწერას. იგი 1050, 1056, 1168 წლებისა და გვიანი ხანის წარწერებს თანმიმდევრულად და ზუსტად იკვლევდა. ასევე ვრცლად აქვს განხილული ძეგლის წარწერები ა. ხახანაშვილს, თუმცა იგი გვიანი ხანის წარწერების ანალიზის დროს ბროსეს მცდარ პოზიციებზე იდგა. კერძოდ, ტაძრის მეორედ აშენების თარიღში მეცნიერი თითქმის ორი საუკუნით ცდება.

აღნიშნული ნაკლის მიუხედავად გასული საუკუნის მოგზაურ-მკვლევართა ღვაწლი განუზომელია სამთავისის ტაძრის დათარიღებისა და წარწერათა ამოკითხვის საქმეში.

ამ შრომების გამოქვეყნების შემდეგ თითქმის აუკუნემ განვლო და ზოგიერთი წარწერა, რომელიც სამთავისის ტაძარზეა მოთავსებული, დღეისათვის ძნელი წასაკითხია. ამიტომ გამოქვეყნებულ წარწერებთან შეჯერებით შეიძლება სრულყოფილი სახით აღვადგინოთ დაზიანებული წარწერები.

სამთავისისადმი ინტერესი ჩვენი ეპოქის მეცნიერთა შორის კიდევ უფრო გაიზარდა. თუ გასული საუკუნის მოგზაურ-მკვლევარნი მხოლოდ წარწერების გამოქვეყნებით იფარგლებოდნენ, დღეისათვის ჩვენი ხელოვნების ისტორიკოსები ძეგლის ძირეული შესწავლით არიან დაინტერესებულნი. მათ ყურადღება მიაქციეს ტაძრის ხუროთმოძღვრულ ფორმებს, გეგმას, ინტერიერს, ფასადების მხატვრულ გადაწყვეტასა და დეკორს.

ამ მხრივ, პირველ რიგში ყურადღებას იპყრობს პროფ. დ. გორდეევის შრომა სამთავისის ტაძრის შესახებ . ავტორი დეტალურად იხილავს ქართლ-იმერეთის სინოდის კანტორის საარქივო მასალებს, რომლებიც ეხება გასული საუკუნის 40–50-იან წლებში წარმოებულ ძეგლის სარესტავრაციო სამუშაოებს. შრომაში ფართო ადგილი უჭირავს არქიტექტორ რიპარდის მიერ ძეგლის შეკეთებისათვის შესრულებულ ანაზომ-ჩანახატების აღწერასა და სათანადოდ ვრცელ ხარჯთაღრიცხვას. გარდა ამისა, რაც მთავარია, მკვლევარი იძლევა ძეგლის ირგვლივ შეკრებილი ვრცელი ლიტერატურისა და ძეგლის ისტორიის მოკლე მიმოხილვას.

აკად. გ. ჩუბინაშვილი სამთავისის ტაძარს იხილავს, როგორც ერთ-ერთ საეტაპო ძეგლს და მას საპატიო ადგილს აკუთვნებს ქართული ხუროთმოძღვრების განვითარების ისტორიაში .

პროფ. მ. მაჭავარიანი თავის სადოქტორო დისერტაციაში მიმოიხილავს ტაძრის შინაგანი სივრცისა და გარე მასების ურთიერთდამოკიდებულების პრობლემას . რ. შმერლინგი ეხება ძეგლის დეკორს, როგორც XI საუკუნის ქართულ ჩუქურთმათ შორის ერთ-ერთ საუკეთესოს , ა. ცირესის შრომა «Искусство архитектуры» წარმოადგენს სამთავისის ტაძრისა და მდინარე ნერლის ნაპირზე 1166 წელს აგებული პოკროვსკის ეკლესიის ხუროთმოძღვრული ფორმების, ფასადების, ინტერიერებისა და გეგმების შედარებით შესწავლას .

აკად. ნ. სევეროვი  და პროფ. ი. ციციშვილი  თავიანთ შრომებში მოკლედ მიმოიხილავენ სამთავისის ტაძრის მხატვრულ-ისტორიულ მონაცემებს. გარდა ამისა, ნ. სევეროვს ეკუთვნის საინტერესო გამოკვლევა სამთავისის ტაძრის გუმბათის ყელის რეკონსტრუქციის შესახებ , პროფ. ვ. ბერიძე ძველ ქართველ ხუროთმოძღვრებს შორის საპატიო ადგილს უთმობს სამთავისელ ხუროთმოძღვარს და მიუთითებს ძეგლის მხატვრულ ღირსებებზე . სამთავისის ტაძრის «მეორედ აშენების» თარიღისა და XV–XVII საუკუნეების ისტორიულ წყაროთა საუკეთესო ინტერპრეტაციას იძლევა ს. ბარნაველი .

 

ძეგლის წარწერებსა და წერილობით წყაროებს ვრცლად აშუქებენ თავიანთ სადისერტაციო შრომებში მ. ქიქოძე , ა. ბაქრაძე  და ლ. მენაბდე , თუმცა მათ შრომებში უმეტეს შემთხვევაში მ. ბროსესა და ა. ხახანაშვილის ზოგიერთი მოძველებული და მცდარი მოსაზრებების უკრიტიკო განმეორებას ვხვდებით.

ძეგლის ყველაზე სრული პუბლიკაცია ეკუთვნის აკად. შ. ამირანაშვილს . ავტორმა XI საუკუნის ხუროთმოძღვრული ძეგლის მხატვრულ-ისტორიული ანალიზის გარდა მოგვცა საინტერესო დასკვნები საკურთხევლის კედლის მხატვრობის შესახებ.

პროფ. ს. მაკალათიას მხარეთმცოდნეობის თვალსაზრისით მიმოხილული აქვს სამთავისის ტაძარი. აქ ავტორი ეხება ძეგლის ისტორიას, მის შემოგარენსა და საერთოდ ლეხურას ხეობას .

გარდა დასახელებული ავტორებისა, სამთავისი მრავალ ქართველ ისტორიკოსსა და ხელოვნებათმცოდნეს აქვს მოხსენიებული თავიანთ შრომებში, როგორც დამხმარე მასალა. მაგალითად, აკადემიკოსი ივანე ჯავახიშვილი იხილავს ძეგლის აღმოსავლეთის ფასადის წარწერას და მას უწოდებს «ტყუბწვეტოვან დამწერლობას» , ხოლო დასავლეთის ფასადის სარკმლების ზემოთ მოთავსებულ წარწერაში აღნიშნული სიტყვების «მეორედ აღაშენა»-ს შესახებ აკად. ნ. ბერძენიშვილი საინტერესო ახსნა-განმარტებას იძლევა .

სამთავისის ტაძრის ხედების, ფასადებისა და დეტალების ფოტოგრაფირება ეკუთვნის კავკასიის ცნობილ გეოგრაფს, მხატვარ დ. ერმაკოვს, რომელმაც XIX – XX საუკუნეთა მიჯნაზე შექმნა ქართული კულტურის ძეგლების ფოტო-ნეგატივების უნიკალური კოლექცია. სამთავისის ტაძარი რიპარდის სქემატური ანაზომების გარდა აზომილი და გამოხაზულია ცნობილი საბჭოთა ხუროთმოძღვრების მ. ჩხიკვაძის, ნ. სევეროვის, ნ. ჩუბინაშვილისა და ლ. წილოსანის მიერ. ძეგლის აღწერა

 

სამთავისის ტაძარი გალავანშემორტყმულ საკმაოდ ფართო ეზოს (800 მ2) ცენტრშია აღმართული (სურ. 1, ტაბ. 2). გალავანს კუთხეებში საბრძოლო დანიშნულების მრგვალი კოშკი აქვს. ამჟამად ეზოში მოხვედრა შესაძლებელია ჩრდილოეთის მხარეს მდებარე თაღოვანი შესასვლელით, რომელზეც დაშენებულია სამსართულიანი სამრეკლო (ტაბ. 48). როგორც ჩანს, გალავანს ადრე დასავლეთიდანაც ჰქონია შესასვლელი, რომელიც ამ საუკუნის დასაწყისში ამოუშენებიათ (ტაბ. 3). გალავნის ჩრდილო-აღმოსავლეთის კუთხეში შემორჩენილია სამთავისის ეპისკოპოსის ორსართულიანი პალატის ნანგრევი, სამხრეთით კი, - გალავნის შუა წელზე მოქცეული მცირე ზომის დარბაზული ეკლესიის ნაშთი (ტაბ. 4).

ტაძრის ეზოს დონე თავდაპირველთან შედარებით 1,5 მეტრით არის ამაღლებული, ხოლო ძეგლის გარშემო 10 მეტრის სიგანეზე ჩანს ეზოს თავდაპირველი დონე, ისე რომ, ოთხივე მხარეს გარკვევით მოჩანს ტაძრის ორსაფეხურიანი ხარისხი.

ეზოს ცენტრში აღმართულია სამთავისის ჯვარ-გუმბათოვანი ტიპის ტაძარი, რომელიც გეგმაში ოდნავ წაგრძელებულ სწორკუთხედში ჩაწერილ ჯვარს წარმოადგენს (სურ. 2).

ტაძრის ინტერიერში თანაბარი სიგანის მკლავები ერთი ზომის სიმაღლეზეა ატყორცნილი. მკლავების გადაკვეთაზე აღმართულია ოთხი ცალკე მდგომი ბურჯი, რომლებიც ნახევარწრიული თაღებითაა შეკრული. თაღების ქუსლების შესაყართან წარმოქმნილ სამკუთხედებში ამოყვანილია აფრები, რომელთა საშუალებითაც კვადრატი წრეზე გადადის. ამ კონსტრუქციულ სისტემაზეა დამყარებული გუმბათის საკმაოდ მაღალი ყელი (სურ. 3, 4, 5, 6).

შენობის შიგნითა მასები, რომელთა საშუალებითაც შინაგანი სივრცეა განსაზღვრული, გუმბათის გარშემოა განლაგებული; გეგმაზომიერად გააზრებული ნაგებობის კონსტრუქცია მაღალმხატვრულადაა ხორცშესხმული. როგორც ქვემოთ ვაჩვენებთ, ტაძრის შიდა სივრცე ჰარმონიულადაა შერწყმული ძეგლის გარეთა მასებთან, ისე რომ, გარეთა ფორმასა და შიდა სივრცეს შორის სრული შესაბამისობა არის მიღწეული, რაც ქმნის მხატვრული ერთიანობის შთაბეჭდილებას.

 

სურ. 1. სამთავისის ტაძრის გენერალური გეგმა

 

ინტერიერში აღმოსავლეთის მკლავი ბოლოვდება ნახევარწრიული აბსიდით; დანარჩენი სამი მკლავი კი სწორკუთხაა (სურ. 2). აღმოსავლეთის მკლავის ჩრდილოეთით და სამხრეთით სამკვეთლო და სადიაკვნოა მოთავსებული, რომელთა აბსიდები ნახევარწრიული ფორმისაა. სამკვეთლოსა და სადიაკვნოს თავზე ამავე ზომის თითო პატრონიკენია მოთავსებული, რომლებშიც ამჟამად შესვლა შესაძლებელია მხოლოდ ინტერიერის ღიადებიდან კიბის მიდგმის საშუალებით (სურ. 3).

დასავლეთის მკლავის ორსავე მხარს თაღებია გახსნილი, რომელთა საშუალებითაც ჩრდილოეთითა და სამხრეთით არსებული ვიწრო და წაგრძელებული ფორმის სამყოფელებით უკავშირდებიან შიდა სივრცეს (სურ. 47).

ტაძარს უწინ სამი კარი ჰქონდა. დღეისათვის კი მხოლოდ ორი კარია შემორჩენილი – დასავლეთის კედლის ცენტრიდან (სურ. 11) და სამხრეთის კედლის მარცხენა მესამე თაღიდან. მესამე კარი, გასულ საუკუნეს შეკეთების დროს ამოუშენებიათ (სურ. 9, 11).

 

სურ. 2. სამთავისის ტაძრის გეგმა

სურ. 3. სამთავისის ტაძრის განივი ჭრილი, აღმოსავლეთის ხედი

 

ჩრდილოეთით შესასვლელი კარი დანარჩენ ორ კარზე მცირე ზომისაა როგორც სიმაღლით, ისე სიგანით. ჩრდილოეთის კარის ტიმპანი, რომელსაც შეისრული თაღი აქვს, საგრძნობლად არის ამაღლებული. დასავლეთის კარი, რომლის ტიმპანი ნახევარწრიული ფორმისაა, ამჟამად გაუქმებულია (სუ. 10, ტაბ. 7).

ტაძრის შიდა სივრცე ძირითადად განათებულია გუმბათსა და მკლავებში გაჭრილი 14 სარკმლით. აქედან სამი სარკმელი საკურთხევლის აბსიდშია მოთავსებული (სურ. 3). სამხრეთისა და ჩრდილოეთის მკლავებში თითო-თითო დიდი სარკმელია გაჭრილი (სურ. 5, 6). დასავლეთიდან ორი შეწყვილებული სარკმელია (სურ. 4). გუმბათიდან 7 სარკმელი ანათებს გუმბათქვეშა სივრცესა და ინტერიერის დანარჩენ მონაკვეთს. სამკვეთლო და სადიაკვნო ტაძრის შიდა სივრციდან შემავალი შუქის გარდა მცირე ზომის ორ-ორი სარკმლით ნათდებოდა (ტაბ. 5). ამჟამად ჩრდილოეთისა და სამხრეთის კედლებში გაჭრილი მრგვალი სარკმლები თითო ქვის ფილითაა დახშული, აღმოსავლეთის მხარის სარკმლები კი გახსნილია. რაც შეეხება პატრონიკენს, იგი განათებულია, როგორც აღმოსავლეთის მხრიდან თითო მრგვალი სარკმლით, ისე ინტერიერში არსებული ღიადებით.

გეგმაზომიერი განათების საშუალებით ტაძრის შინაგანი სივრცე თავისუფლად აღიქმება. ტაძარში შესვლისთანავე შეინიშნება გუმბათის ქვეშ ჩრდილო-დასავლეთით ოთხწახნაგოვანი ბურჯის არაპროპორციულობა დანარჩენ სამ რვაწახნაგოვან ბურჯთან (სურ. 2). აქვე უნდა შევნიშნო, რომ ჩრდილო-დასავლეთის ბურჯი, რომელიც გვიან ხანაშია აღმართული, უსწორო ფორმისაა და დანარჩენ ბურჯებთან შედარებით აშკარად მსხვილია. აღსანიშნავია, რომ სამთავისის ტაძრის XI საუკუნის ფასადებისა და გუმბათის ყელის დეკორის ფრაგმენტები, ზემოთ ხსენებული ბურჯის დასავლეთის სიბრტყის ზედა და ქვედა ოთხივე კუთხის წყობაში უადგილოდაა ჩართული, როგორც საშენი მასალა (ტაბ. 9). გარდა ამისა, ჩანს გუმბათის ყელის ქვედა წრეხაზის ოდნავ გამრუდება. აღნიშნული დეფექტები ინტერიერის მხატვრული გადაწყვეტის თავდაპირველ ფორმას გარკვეულად არღვევს.

შენიშნული ნაკლოვანებების მიუხედავად, ტაძრის შიდა ხუროთმოძღვრული ფორმები დიდი მხატვულობით ხასიათდება. ჯვრის მკლავებისა და გუმბათქვეშა ბურჯზე მსუბუქად გადავლებული კამარები და შიდა ხალვათი სივრცე მნახველზე წარუშლელ შთაბეჭდილებას ტოვებს.

შიდა სივრცის ორგანიზაციას, თავის მხრივ, სავსებით შეესატყვისება გარე მასების მხატვრული გადაწყვეტის თავისებურებანი. ტაძრის ზემოთ ატყორცნილი ფასადები, რომლებიც დეკორირებული კამარებით არის შემკული, მნახველზე მონუმენტურობის შთაბეჭდილებს ახდენს. პროფილირებული კამარნარი, რომელიც კედლის სისქეშია შესული (ე. ი. კედლები ამ ადგილებში შეთხელებულია), ფასადებს რელიეფურ სახეს ანიჭებს.

 

სურ. 4. სამთავისის ტაძრის განივი ჭრილი, დასავლეთის ხედი

სურ. 5. სამთავისის ტაძრის გრძივი ჭრილი, სამხრეთის ხედი

სურ. 6. სამთავისი ტაძრის გრძივი ჭრილი. ჩრდილოეთის ხედი

 

ძეგლის ზემოთ აზიდული მკლავები ფრონტონით, კარნიზითა და ორკალთიანი სახურავით გვირგვინდება. გრძივი ფასადების ჰორიზონტალური კალთები კი ცერად დაქანებული ცალფერდა სახურავითაა გადახურული. ასევეა გადახურული განივი ფასადების დაცერებული კალთებიც.

ტაძრის გარეთა კედლები ყოველგვარი მინაშენების გარეშეა მოღწეული. ადრე მას სამხრეთისა და დასავლეთის მხრიდან კარიბჭეები ჰქონდა, რომელიც დაზიანების გამო გასული საუკუნის 50-იან წლებში მოუხსნიათ. ტაძრის სიგრძე უდრის 25 მეტრს, სიგანე – 18 მეტრს. მკლავების სიმაღლე გარედან ფრონტონის წვერამდე 20 მეტრია, მთელი ტაძრის სიმაღლე გუმბათის სახურავის წვერამდე კი 37 მეტრს აღწევს.

ტაძარი მოპირკეთებულია სუფთად გათლილი ღი მოლურჯო, მომწვანო, მოყვითალო და მონაცრისფრო კვადრებით. ღია მონაცისფრო კვადრები განსაკუთრებით შენობის ქვედა ნაწილებში ჭარბობს. ფასადებზე კვადრების წყობა ძირითადად ჰორიზონალურ მწკრივებს გაჰყვება. წყობის ნაკერები, გასული საუკუნის შეკეთების დროს, ნალესობით დაუფარავთ.

სამთავისის ტაძარს თავისი არსებობის მანძილზე მრავალი დაზიანება და აღდგენა განუცდია, რის გამოც მას ჩვენამდე პირვანდელი სახით ვეღარ მოუღწევია. კერძოდ, ჩრდილო-დასავლეთის გუმბათქვეშა ბურჯი, დასავლეთის მკლავი და გუმბათი ძეგლის პირველი სამშენებლო ფენის თანადროული არ არის. გრძივ ფასადებსაც ატყვია შეკეთების კვალი. განსაკუთრებით საუცხოოდ არის შემონახული აღმოსავლეთის ფასადი. მიუხედავად ძეგლის დაზიანებისა და შემდეგში სათანადო აღდგენისა, ტაძარს მაინც არ დაუკაგავს მთლიანი, თავდაპირველი მხატვრული სახე. რაც მთავარია, ძეგლის გეგმა და ხუროთმოძღვრული ფორმები, გარდა ზემოთ აღნიშნულისა, ძირითადად პირვანდელი სახითაა მოღწეული.

 

 

აღმოსავლეთის ფასადი

 

სამთავისის ტაძრის ფასადებიდან მეტად საყურადღებოა აღმოსავლეთის ფასადი, რომელიც ქართული ხუროთმოძღვრების ტრადიციის მიხედვით, როგორც წესი, განსაკუთრებით არის შემკული. იგი, მცირე შეკეთების მიუხედავად, თითქმის პირვანდელი სახითაა მოღწეული (სურ. 8, ტაბ. 5).

აღმოსავლეთის ფასადი, რომელიც აღმართულია ორსაფეხურიან ხარისხზე, ხუთი კამარით და ორი ნიშათია დანაწევრებული, ცენტრალური კამარით შემოსაზღვრულ სიბრტყეზე, ერთ ვერტიკალურ ღერძზე წარმოდგენილია მოჩუქურთმებული დიდი ჯვარი (ტაბ. 10), ფაქიზი ჩუქურთმის წნულით დამშვენებული სარკმელი და ორი დეკორატიული რომბი (ტაბ. 11). ჯვრის მკლავების ზედა და ქვედა თავისუფალ არეს მოხდენილად ავსებს ქართული ასომთავრული წარწერა. აჟურული ფესტონებით შემკული ღრმა ნიშები აღმოსავლეთის ფასადის დეკორატიულ სისტემაში მძლავრად მოქმედი აქცენტია, რომელიც, ერთი მხრივ, მკაფიოდ ანაწევრებს სიბრტყეს, მეორე მხრივ, შინაგან სივრცეს მის გარე მასებში გამოავლენს. აღმოსავლეთის ფასადის საზეიმო განწყობილებას კიდევ უფრო აძლიერებს ფასკუნჯის ბარელიეფი (ტაბ. 12, 13), ყურძნისა და ბროწეულებისაგან შედგენილი მოტივები (ტაბ. 14, 15, 16), რაც მნახველზე წარუშლელ შთაბეჭდილებას ტოვებს. კამარნარი ფასადზე გასაოცარი სიზუსტითა და მოხდენილობით არის შესრულებული. ფასადის დაქანებული კალთების ნაპირებზე 3 ლილვისა და 2 წახნაგისაგან შემდგარი კონით შემოზღულულია თითო დაბალი კამაროვანი სიბრტყე. მათ გვერდით მდებარე კედლის სიღრმეში შეჭრილ სამკუთხა ორ ნიშას გარს ევლება ლილვების უფრო დამსხვილებული კონა, რომელიც ოთხი ლილვისა და სამი წახნაგისაგან შედგება. ასევეა შემოფარგლული ლილვების კონით ცენტრალური სიბრტყე, რომელიც ფასადის ფრონტონამდეა ატყორცნილი. ფასადზე არსებული კამარნარი კედლის სიღრმეში 25 სანტიმეტრითაა შეჭრილი, რომელიც ფასადს დეკორატიულად ანაწევრებს (სურ. 8. ტაბ. 5).

 

სურ. 7. სამთავისის ტაძრის განივი ჭრილი. პატრონიკენის ხედი

სურ. 8. სამთავისის ტაძრის აღმოსავლეთის ფასადი

 

აღმოსავლეთის ფასადის კუთხეებზე მდებარე პროფილირებული კაპიტელებიდან აღმართულია თითო ლილვი, რომელიც მოკაუჭებულ ადგილას, ზემოთ, კვლავ კაპიტელით ბოლოვდება. ზედა კაპიტელი კედლის კუთხეზეა მოთავსებული, რომლის ქვემოთაც სტილიზებული ვაზის რქაა ამოკვეთილი. იგი მოკაუჭებულ ლილვიდან გარეთ გამოდის და ზემოთ მცენარეული ჩუქურთმის რელიეფით მთავრდება. აქვე კედლის წიბოებზე, ვაზის რქაზე გამობმული ყურძნის მტევნები ჰკიდია. აღნიშნული დეტალები აღმოსავლეთისა და გრძივი ფასადების ურთიერთდამაკავშირებელ სამკაულს წარმოადგენენ. გარდა ამისა, განივ და გრძივ ფასადებზე არსებული ლილვების კონები შეუმჩნევლად ერწყმიან ერთმანეთს, რაც სამი ფასადის ურთიერთგადაწვნის შთაბეჭდილებას ქმნის (ტაბ. 5).

განაპრა კამაროვან სიბრტყეებში ნიშების მხარის ლილვების გვერდით ჩუქურთმით შემკული ვიწრო სარკმლებია (ტაბ. 17, 18), ხოლო ჩრდილოეთის მხარის ნახევარწრული კამარის ქვეშ ტორაწეული ფასკუნჯის შესანიშნავი მაღალი რელიეფია მოთავსებული.

გასული საუკუნის 50-იან წლებში, ხუროთმოძღვარ რიპარდის ცნობით, ამავე კამაროვან სიბრტყეზე მეორე ფასკუნჯის ბარელიეფიც ყოფილა, რომელიც, დაზიანების გამო, ძეგლის შეკეთების დროს, მოუცილებიათ . 

თუ რიპარდის ამ ცნობას დავუჯერებთ და ორი ფასკუნჯის ბარელიეფს ერთმანეთის პირისპირ ჩრდილოეთის კამარის ქვეშ, ლილვების კაპიტელების დონეზე პერსპექტიულად წარმოვიდგენთ, მაშინ თვალსაჩინო გახდება ფასადის შემკულობაში წონასწორობის დარღვევა, ე. ი. სამხრეთის მხარის კამაროვანი სიბრტყის სიშიშვლე. ვფიქრობთ, რიპარდს ძეგლის აღწერისას მექანიკური შეცდომა მოსვლია, როდესაც მეორე ფასკუნჯის ბარელიეფს ჩრდილოეთის კამარის ქვეშ მიგვითითებს. იგი უთუოდ სამხრეთის კამარის ქვეშ შემორჩენილ დიდ კვადრზე უნდა ყოფილიყო, რომელიც დაზიანების გამო გასული საუკუნის შეკეთების დროს აუთლიათ.

მხატვრული თვალსაზრისით, უფრო ლოგიკური უნდა იყოს აღმოსავლეთის ფასადის ჩრდილო-აღმოსავლეთის კამარაში ერთი ფასკუნჯის მოთავსება, ხოლო მეორესი, ამავე ფასადის სამხრეთ-აღმოსავლეთ კიდეზე მდებარე კამარაში (ტაბ. 5).

აღმოსავლეთის ფასადის განაპირა კამარების გვერდით, კედლის სისქეში, ორი სამკუთხა ნიშაა შეჭრილი, რომელიც, ერთი მხრივ, საკურთხევლის აბსიდისა და მის გვერდით მდებარე სამკვეთლო-სადიაკვნოს აბსიდებით წარმოშობილ კედლის ჭარბ სისქეს განტვირთავს, ხოლო მეორე მხრივ, მთავარ დეკორატიულ აქცენტს ქმნის. ნიშების შიგნით. ზემოთ თითო მოზრდილი სარკმელია გაჭრილი საკურთხევლის აბსიდის გასანათებლად. სარკმლები ოვალურად ამობურცული ჩუქურთმის საპირით არის დამშვენებული. სარკმლის ნაპირებს გარედან ორი ვიწრო ლილვი შემოზღუდავს, შიგნიდან კი თითო ლილვი გაჰყვება (ტაბ. 14, 15, 17, 18).

ნიშების ზემოთ, ნახევარწრიული კამარიდან ვერტიკალურად ეშვება ოთხი აჟურული ფესტონი. თითოეული მათგანი წარმოდგენილია სამყურა კუწუბის სახით. მის გარეთა ზედაპირზე, შეწყვილებულ ღარებს შორის, ჩარიგებულია პაწაწა ამობურცული რგოლები, რომლებიც მარგალიტის მძივების იმიტაციას წარმოადგენს. ფესტონების ყოველი კუწუბის ზემოთ წარმოქმნილ სამკუთხედში ვაზის ორი გაშლილი ფოთოლია ამოკვეთილი, რომლის ცენტრიდანაც გამოსულ პატარა ყუნწს ყურძნის მტევანი ებმის.

ფესტონები ქვემოდან, ვერტიკალური კვეთით ორი ღრმა ღარით არის გაყოფილი, რომლის გარეთა ღარშიც წითელი ფერი შეინიშნება, შიგნით ღარში კი – მუქი ლურჯი ფერი. ფესტონები, რომლებიც შიგნიდან ცერად დაქანებულია, მოსაპირკეთებელი კვადრების ნაწილებს წარმოადგენენ. ნიშას შიგნით დეკორატიული ნიჟარაა მოთავსებული, ხოლო თაღის სეგმენტი მარაოსებური სახითაა დანაწევრებული. აქ არსებულ ღარებში ზოგიერთ ადგილას შემორჩენილია წითელი ფერის საღებავი.

ნიშების ზემოთ, ცენტრალური კამარის ზედა კაპიტელებიდან ორი ლილვია გადმოშვებული, რომლის ბოლოებიც ტოლმკლავებიანი დეკორატიული ჯვრებით ბოლოვდება. ჯვრების ორსავე მხარეს განაპირა ლილვის ქვედა ნაწილს ვაზის რქა ებმის, რომელიც ბროწეულის კუნწულებით და ყურძნის ბოლო წახრილი თითო დიდი მტევნით ბოლოვდება (ტაბ. 5, 14, 15, 16).

აღმოსავლეთის ფასადის კალთების ქვემოთ, ე. ი. განაპირა კამარების ზემოთ, თავისუფალ არეზე თითო მცირე ზომის უჩუქურთმო მრგვალი სარკმელია მოთავსებული. აღნიშნული სარკმელები სამკვეთლო-სადიაკვნოს ზემოთ არსებულ პატრონიკენის გასანათებლად იყო გაჭრილი. ამგვარი სარკმლები, გარკვეული მანძილიდან მოჩანს ჩრდილოეთისა და სამხრეთის მკლავების აღმოსავლეთის კედლების ქვემოთაც, რაც მკლავების შიგნითა სივრცის გასანათებლად იყო გათვალისწინებული.

აღმოსავლეთის ფასადზე დეკორატიული კამარები ატყორცნილია ფასადის მთელ სიმაღლეზე. ფასადის გვერდებზე ცერად დაქანებული უჩუქურთმო, მარტივი პროფილის მქონე კარნიზამდე აზიდულია ზემოთ აღწერილი კამარებით შემოზღუდული სიბრტყეები. მათ შუაში კი, ცენტრალური კამაროვანი არე ფასადის ფრონტონის ორმაგად პროფილირებულ ჩუქურთმით შემკულ კარნიზამდე აღწევს (სურ. 8, ტაბ. 5).

ფრონტონის კარნიზის ქვედა ლილვის ცენტრიდან მცირე მანძილზე ერთი ლილვი ქვემოთ ეშვება, რომელიც ცენტრალურ კამარას პერპენდიკულარულად ებჯინება. აღმოსავლეთის ფასადის ცენტრალური კამარის არეში, ერთ ვერტიკალურ ღერძზე, წარმოდგენილია დეკორატიული დიდი ჯვარი, საკურთხევლის აბსიდის ცენტრალური, საკმაოდ მოზრდილი სარკმელი და შეწყვილებული რომბები.

ნახევარწრიული კამარის ზემოთ ცენტრიდან გამოსული ოთხი ლილვისა და ორი წახნაგისაგან შემდგარი ვერტიკალური კონა ორად იყოფა და ფრონტონის ქვემოთ, კედლის სიბრტყიდან ამობურცულ ჩუქურთმით შემკულ ჯვარს გარშემო ერტყმის. აქ, ჯვრის მკლავების გადაკვეთის ადგილას, მცირე ზომის რელიეფური კოპია ამოწეული, რომელსაც პაწაწა ბურთულების მწკრივი შემოფარგლავს. დეკორატიული ჯვრის მკლავებში, დიდ კვადრებზე ულამაზესი ქართული ასომთავრული, ე. წ. ტყუბწვეტოვანი წარწერაა (ტაბ. 10). ჯვრის ქვემოთ ლილვების კონები მცირე წრეხაზს კრავს, რომელშიც ჩუქურთმის ნაზი წნულით დამშვენებული კოპია პატარა ბურთულების წრეხაზით შემოზღუდული (ტაბ. 19). კოპის ქვემოთ ლილვების კონა შემოფარგლავს დიდი სარკმლის მინანქარივით ფაქიზ ჩუქურთმიან საპირეს. სულ ბოლოს, ქვემოთ ლილვები გარს ევლება რომბების სახით წარმოდგენილ ორ კვადრატს, რომელიც ჩუქურთმის შესანიშნავი წნულითაა შემკული (ტაბ. 11). 

ჩუქურთმის წნული რომბებში ჩარჩოს სახითაა ამოკვეთილი, რომლის შიგნითა კვადრატებში ჩუქურთმიანი კოპებია ამობურცული. კვადრატების კუთხეებში წრიული ფორმის კოპები პატარა სამკუთხედებს წარმოშობს, რომელიც წითელი ფერითაა შეღებილი. დასასრულ, რომბების ლილვების კონა ქვემოთ კვლავ ერთიანდება და პროფილირებული ბაზისებით ორსაფეხურიან ხარისხს ემყარება.

აღმოსავლეთის ფასადზე მოჩანს მხოლოდ რამდენიმე უმნიშვნელო შეკეთების კვალი; კერძოდ: ფასადის ჩრდილოეთის სარკმლის ზემოთ მარცხენა ჩუქურთმიანი საპირე გვიან ხანაშია შეკეთებული. ასევე აღდგენილი ჩანს ცენტრალური დიდი სარკმლის ქვედა ნაწილი, ფასადის ორსაფეხურიანი ხარისხი და ქვედა კვადრების ოთხი მწკრივი (ტაბ. 5, 11).

 

 

სამხრეთის ფასადი

 

აღმოსავლეთის ფასადის შემდეგ, როგორც ყოველთვის, მხატვრული შემკულობის თვალსაზრისით სამხრეთის ფასადია საყურადღებო (სურ. 9, ტაბ. 6). სამხრეთის ფასადი, რომელიც დანაწევრებულია ლილვების კონებისაგან შემდგარი ცხრა კამარნარით, სამ ნაწილად იყოფა. სამი მაღალი კამარა მკლავის მთელ სიმაღლეზეა ატყორცნილი, სამ-სამი კამარა კი ფასადის გვერდითი დაბალი კალთების ერთპროფილიანი უჩუქურთმო კარნიზის ქვემოთ სწორხაზოვნად არის განაწილებული. ლილვების ვერტიკალური კონები, რომლებიც სამი ლილვისა და ორი წახნაგისაგან შედგება, ერთმანეთზე ნახევარწრიული ფორმის კამარებითაა გადაბმული, სამხრეთ-აღმოსავლეთის კალთის სახურავის ზემოთ არსებული ფასადის სიბრტყე დანაწევრებულია ხუთი კამარით; ამგვარი კამარნარი დასავლეთის მკლავის სამხრეთის ფასადზე არ გვხვდება; ცნობილია, რომ ძეგლის ამ ნაწილს დაზიანება განუცდია, ხოლო აღდგენისას, როგორც ჩანს, იგი კამარნარით აღარ შეუმკიათ.

ფასადზე წარმოდგენილი სამი მაღალი კამარა სამხრეთის მკლავის მთელ სიმაღლეზეა აზიდული. აქ მისი ცენტრალური კამარა უფრო მაღლაა აწეული, ისე რომ, კამარები ფრონტონში თანაბარი მანძილით უახლოვდება ორმაგად პროფილირებულ უჩუქურთმო კარნიზს. ცენტრალურ კამარაში ზემოთ დიდი სარკმელია მოთავსებული, რომლის ჩუქურთმიანი საპირე ვიწრო ლილვითაა შემოზღუდული, სარკმლის ზემოთ, ნახევარწრიული კამარის ქვეშ, წრიული ფორმის ჩუქურთმიანი ვარდულია მოთავსებული (ტაბ. 20).

ფასადის დასავლეთის მხარის კალთაზე წარმოდგენილი სამი კამარა არათანაბარი განისა და სიმაღლისაა. კამარების განი და სიმაღლე დასავლეთიდან აღმოსავლეთის მიმართულებით თანდათანობით მატულობს. კამარების ზომების სხვაობა ნაკლებად შესამჩნევია, რადგან ეს ხდება თანდათანობით. დასავლეთის კალთის კამარების გაფართოება ცენტრალური კამარების მიმართულებით, ე. ი. სიმეტრიის საგანგებო დარღვევა, ფასადს რიტმული დინამიკის გარკვეულ შთაბეჭდილებას ანიჭებს. რაც შეეხება ფასადის აღმოსავლეთის კალთის სამ კამარას, იგი თანაბარი განითა და სიმაღლითაა წარმოდგენილი. შუა კამარაში ოდნავ ქვემოთ მცირე ზომის ჩუქურთმით შემკული მრგვალი სარკმელია გაჭრილი სადიაკვნოს გასანათებლად. ამჟამად სარკმელი შიგნიდან თხელი ქვის ფილითაა დახშული (ტაბ. 21). აქვე, აღმოსავლეთის კიდეზე, კამარის კაპიტელის ზემოთ, წარმოდგენილია ზუსტად ისეთივე მცენარეული რელიეფი და მოკაუჭებული ლილვი, როგორიც აღმოსავლეთის ფასადის ნაპირებზე მოთავსებული. ხოლო ყურძნის მტევანი და ზედა ლილვის კაპიტელი გრძივ და განივ ფასადთა საზიარო სამკაულს წარმოადგენს (ტაბ. 22).

სამხრეთის ფასადის დიდი სარკმლის მარჯვნივ აღმოსავლეთით, თაღოვან სიბრტყეში, ჰორიზონტალურად ჩასმულია ლილვებით შემოზღუდული ჩუქურთმიანი გრძელი ქვა. ჩვენთვის უცნობია, თუ რისთვის დასჭირდა ძეგლის აღმდგენელს ჩუქურთმის ფრაგმენტის უადგილო ადგილას ფასადზე მოთავსება. იგი XI საუკუნის ჩუქურთმაა. ასევე საინტერესოა, აღნიშნული ფრაგმენტი რისი ნაწილია და როდის მოხვდა სამხრეთის ფასადის წყობაში. იგი საგრძნობლად ვიწრო და გრძელი ფორმისაა. სამთავისის დღევანდელი ტაძრის არც ერთ სარკმელს თითქოს ამგვარი საპირე არ უნდა ჰქონოდა. ვარაუდის სახით შეიძლება იგი ვიგულისხმოთ სამხრეთის ან დასავლეთის მხარის კარიბჭის რომელიმე სარკმლის საპირედ. თუ ჩვენი ვარაუდი სწორია, მაშინ იგი რიპარდის (1850 წ.) დროსაა კედელში ჩასმული. ამჟამად, სამხრეთის ფასადზე დასავლეთიდან მეორე, მესამე, მეოთხე და მეხუთე ლილვების კონა, ოთხი მეტრის სიმაღლეზე, ჰორიზონტალურად ვიწრო კარნიზითაა გადაკვეთილი. კარნიზის ქვემოთ ფასადის ლილვების კონა სულ სხვა სახითაა წარმოდგენილი (ტაბ. 6). კერძოდ, აქ ლილვებისა და წახნაგთა რაოდენობა გაზრდილია, აგრეთვე ლილვების წყვილ კონათა შორის პილასტრებია ჩართული. კარნიზიდან ერთი მეტრის ქვემოთ ლილვების დამსხვილებულ კონას ჩუქურთმით შემკული პროფილირებული კაპიტელები ამშვენებს. სულ ქვემოთ კი, ლილვები ებჯინება ფასადის წახნაგიან კვარცხლბეკს. ორ კარნიზს შორის მოქცეულ არეზე, ე. ი. ფასადის მესამე კამაროვან სიბრტყეში, ქვემოთა კაპიტელებზე ნახევარწრიული ფორმის კამარაა გადაყვანილი. აქვე, მარჯვენა პილასტრზე, ლამაზი ჩაკვეთილი ასომთავრული წარწერის მკრთალი კვალი მოჩანს. იგი, როგორც ირკვევა, გასული საუკუნის შეკეთების დროს აუთლიათ.

აღწერილი დეტალები, ცხადია, ფასადზე მიშენებული ნაგებობის ინტერიერის ჩრდილოეთის კედლის ხუროთმოძღვრული დეკორია. როგორც რიპარდის მიერ 1847 წელს შესრულებული სამთავისის ტაძრის გეგმისა და ფასადების ანაზომების მიხედვით ირკვევა, სამხრეთის ფასადზე მიშენებული ნაგებობა დასავლეთის კიდიდან იწყებოდა და მთავრდებოდა ფასადის ცენტრალური კამარის აღმოსავლეთის ლილვის გვერდით. მისი საერთო გარეთა სიგრძე, რიპარდისეული ანაზომების მიხედვით, 12 მეტრი უნდა ყოფილიყო, ხოლო სიგანე – 4 მეტრი. ამრიგად, მინაშენის გეგმა საკმაოდ დაგრძელებულ სწორკუთხედს წარმოადგენდა, რომლის შიგნითაც აღმოსავლეთის მხარე სწორკუთხედით ბოლოვდებოდა. გარდა ზემოთ აღნიშნულისა, რიპარდისეული ანაზომების მიხედვით შესაძლებელია რამდენადმე ზუსტად აღვადგინოთ სამხრეთის მხარის მინაშენის ინტერიერის მხატვრული გადაწყვეტა, ხოლო ზოგადად წარმოვიდგინოთ მისი გარეთა მასები და ხუროთმოძღვრული ფორმები (სურ. 13).

 

სურ. 9. სამთავისის ტაძრის სამხრეთის ფასადი

 

ტაძრის ფასადზე შემორჩენილი კარიბჭის პილასტრებიანი ლილვების კონა კაპიტელის ზემოთ კედლის სიბრტყიდან ოდნავ გადმოწეულია, რაც იმის მანიშნებელია, რომ კარიბჭის შიგნით, ცილინდრული თაღი პილასტრებზე დამყარებული ოთხი პროფილირებული კამარით იქნებოდა დანაწევრებული. ცხადია, კარიბჭის სამხრეთის კედლის შიგნით ისეთივე ლილვების კონები იქნებოდა, როგორიც დღეს ტაძრის სამხრეთის ფასადზეა შემორჩენილი (ტაბ. 23, 24).

 

სურ. 10. სამთავისის ტაძრის ჩრდილოეთის ფასადი

 

რიპარდისეულ ანაზომებში სამხრეთის მხრის კარიბჭეს გარედან შესასვლელი არ უჩანს. როგორც ცნობილია, შუა საუკუნეების ქართული ხუროთმოძღვრების ისეთ ძეგლებს, როგორიცაა ოშკი, მანგლისი, ბაგრატის ტაძარი, ნიკორწმინდა, სვეტიცხოველი, სამთავრო, ალავერდი, სავანე და სხვ. ტრადიციულად კარიბჭეებში შესასვლელები სამხრეთის მხრიდან ჰქონდათ. თუ რიპარდისეულ კარიბჭის ანაზომზე შესასვლელი კარი არ არის დატანილი, ეს უთუოდ მისი დიდი დაზიანებით აიხსნება, ანდა შესაძლოა, რიპარდს კარიბჭის კარი ამოშენებულიც კი დახვდა ძეგლის აზომვის დროს. კარიბჭე ტაძართან ტიმპანიანი დიდი პორტალით იყო დაკავშირებული, რომელიც გასული საუკუნის შეკეთების დროს იქნა ამოშენებული. აღნიშნული კარიბჭის ინტერიერი დასავლეთისა და აღმოსავლეთის მხრიდან გაჭრილი მცირე სარკმლებით ნათდებოდა.

კარიბჭის შუა ადგილი, რომელიც ამაღლებული ყოფილა, გარედან ორფერდიანი სახურავით იყო გადახურული. შიგნიდან აღნიშნული ადგილი, სავარაუდოა, ჯვრული თაღით ყოფილიყო წარმოდგენილი. გვერდითი ცილინდრული თაღები კი ჩრდილო-სამხრეთის მიმართულებით ცერად დაქანებული ერთფერდიანი სახურავით იყო დახურული (იხ. ტაბ. 12). რადგან რიპარდის ანაზომებში არ არის აღნიშნული კარიბჭის ფასადთა შემკულობა, ამიტომ ძნელია დაბეჯითებით რაიმეს თქმა. ისე კი, რა თქმა უნდა, იგი გარედანაც ისევე მომხიბლავი იქნებოდა, როგორც ფასადზე შემორჩენილი მისი ინტერიერის ლილვების კონები და მოხდენილი ჩუქურთმიანი კაპიტელებია (სურ. 13).

სამთავისის ტაძრის ჩრდილოეთის ფასადი, რომელიც სამხრეთის ფასადის ზუსტ პირს წარმოადგენს, როგორც თავისი ცხრა კამარით და დეკორის მოხაზულობით, ისე მისი აღმოსავლეთის ფასადთან ჰარმონიული გადაბმით სამხრეთის ფასადთან შედარებით განსხვავებულს არაფერს შეიცავს და ამიტომ მის აღწერაზე აღარ შევჩერდებით (სურ. 10, ტაბ. 8).

ჩრდილოეთის ფასადი სამხრეთის ფასადისაგან განსხვავდება მხოლოდ იმით, რომ მის დასავლეთის მხარის მესამე კამარაში, გვიან ხანაში გაჭრილ მცირე ზომის კარს არ გააჩნდა მინაშენი. გარდა ამისა, ცენტრალური კამარის სარკმლის საპირე ამობურცული გლუვი ზედაპირითაა წარმოდგენილი, ხოლო სარკმლის ზემოთ არსებული ვარდული ზოგად კონტურებშია შესრულებული.

 

 

დასავლეთის ფასადი

 

ზემოთ აღნიშნულ ფასადებთან შედარებით დასავლეთის ფასადი თავისი შემკულობით ნაკლებად საყურადღებოა, რაც აიხსნება იმით, რომ მას გვიანი ხანისა და გასული საუკუნის აღდგენების დროს სრულიად დაუკარგავს პირვანდელი სახე (სურ. 11, ტაბ. 7).

დასავლეთის ფასადის ცენტრში მოთავსებული პორტალი, რომლის ნაპირებიც დეკორირებული ლილვებითაა დაფარული, მნახველზე არც თუ ისე სასიამოვნო შთაბეჭდილებას ტოვებს, რადგან ლილვები და მასში ჩართული ჩუქურთმის სარტყელი, რომელიც ამ საუკუნის დასაწყისშია შესრულებული, მოკლებულია მხატვრულ გემოვნებას. პორტალის გარშემო არსებული «სამკაული» თავის შესრულების ტექნიკითა და მხატვრული დამუშავებით სრულიად განსხვავდება ტაძრის დანარჩენი ფასადების დეკორისაგან.

პორტალის ზემოთ შეწყვილებული ორი სარკმელია გაჭრილი. სარკმლებს შორის ჯვრის ქვედა, გრძელი მკლავია მოთავსებული. როგორც რიპარდისეული ანაზომებიდან ჩანს, გასული საუკუნის 50-იან წლებამდე ჯვარს დაზიანებული ზედა მკლავებიც გააჩნდა, რომელიც ძეგლის შეკეთების დროს მოუხსნიათ (სურ. 12). შეწყვილებული სარკმლების საპირეებში 16 სხვადასხვა სახის ჩუქურთმა შეინიშნება. თითოეული ჩუქურთმა გასაოცარი სილამაზისაა. აქ არსებული ჩუქურთმები ებმის ერთმანეთს, ამიტომ სარკმლების დეკორი ერთბაშად ძნელი აღსაქმელია და ამდენად მოსაწყენიც. სარკმლებს შორის შემორჩენილ ჯვრის ქვედა მკლავში მოთავსებულია 3 სხვადასხვა კვეთის ჩუქურთმა.

დღეისათვის დასავლეთის ფასადზე, გარდა პორტალის, ჯვრის ქვედა მკლავისა და მის გვერდებზე არსებული სარკმლებისა, სხვა არაფერია შემორჩენილი. გვიანფეოდალურ ხანაში, როგორც ცნობილია, დასავლეთის ფასადს დიდი დაზიანებისა და აღდგენების შედეგად იმდენად შეუცვლია სახე, რომ იგი დანარჩენი ფასადების პირვანდელ მხატვრულ გადაწყვეტასთან სრულიად შეუსაბამოა.

ფასადის ცენტრალურ ნაწილში აშკარად შეინიშნება ახალი, ღია ნაცრისფერი ქვების წყობა, რომელიც ზოგიერთ ადგილებში ჰორიზონტალურ მწკრივებს არ გასდევს. ძველ წყობაში კი, სადაც მუქი ნაცრისფერი ქვაა ნახმარი, ძირითადად სწორ ხაზებზეა განლაგებული (ტაბ. 7).

დასავლეთის ფასადი დღეს თუ ნაკლებად საყურადღებოა თავისი ხუროთმოძღვრული ფორმებითა და შემკულობით, სამაგიეროდ იგი განსაკუთრებით საინტერესოა იმ ხუთი ასომთავრული წარწერით, რომელიც გვაუწყებს ტაძრისა და კარიბჭის როგორც აგების, ისე მისი აღდგენის თარიღს, რაზედაც ქვემოთ საგანგებოდ შევჩერდებით.

აღმოსავლეთისა და გრძივი ფასადების შემკულობის აღწერის შემდეგ, ბუნებრივია, დაგვებადება აზრი – თუ როგორი სახით იქნებოდა დასავლეთის პირვანდელი ფასადი. ამ მიზნით შეიძლება დავუშვათ, რომ დასავლეთის ფასადის სიბრტყე ხუთი კამარით იქნებოდა დანაწევრებული, რომლის განაპირა ლილვები გადაებმებოდა გრძივი ფასადების კიდეებზე აღმართულ ლილვების კონას და ამით ძეგლი მთლიანად მოექცეოდა დეკორატიული სისტემის ბადეში.

 

სურ. 11. სამთავისის ტაძრის დასავლეთის ფასადი

სურ. 12. სამთავისის ტაძრის რიპარდისეული ანაზომები

 

დასავლეთის ფასადი კიდევ უფრო საინტერესო და მიმზიდველი იქნებოდა, თუ მის განაპირა სიბრტყეებში, გარედან ამოშენებულ მცირე ზომის სარკმლებსაც გავხსნიდით; გარდა ამისა, თუ პორტალს, დიდ ჯვარსა და მის ქვედა მკლავის გვერდებზე ორივე მხარეს მდებარე სარკმლებს ძეგლის თანდართული დეკორით შევამკობდით, მაშინ ფასადი სრულყოფილ სახეს მიიღებდა.

გასული საუკუნის შეკეთებამდე დასავლეთის ფასადზე მინაშენის ნაშთი იყო შემორჩენილი, რომელიც, რიპარდის ანაზომების მიხედვით, სამი სათავსისაგან შედგებოდა. მინაშენი ფასადის სამხრეთის კიდიდან იწყებოდა და დაახლოებით 15 მეტრის სიგრძეზე მთავრდებოდა. რიპარდს ტაძრის გეგმისა და ფასადების ანაზომების შესრულების დროს დასავლეთის მინაშენის სამხრეთის ნაწილი, რომელიც კვადრატული ფორმის სათავსს წარმოადგენდა, თითქმის სულ დანგრეული დახვედრია, რის გამოც მინაშენის ამ ნაწილის კარი და სარკმელი ნახაზებზე ვეღარ დაუტანია (სურ. 12). მინაშენის შუა ნაწილი, რომელიც ფასადის ცენტრში გაჭრილ კარზე იყო მიდგმული, კარიბჭე უნდა ყოფილიყო. ჩრდილოეთის მხარის სათავსში, ძველი გეგმის მიხედვით, მცირე ზომის დარბაზული ეკლესია არსებობდა, რომელშიც მოხვედრა მხოლოდ კარიბჭიდან ხერხდებოდა. ეკლესია შიგნიდან სრულიად სადა და მარტივი ფორმისა ყოფილა, რომელსაც აღმოსავლეთით ნახევარწრიული აბსიდი ჰქონდა. ინტერიერის გასანათებლად ჩრდილოეთის მხარეზე ერთი სარკმელი იყო გაჭრილი. დასავლეთის მხარის სამნაწილიანი მინაშენი ორფერდიანი გადახურვის ქვეშ უნდა ყოფილიყო მოქცეული.

 

სურ. 13. სამთავისის ტაძრის პერსპექტიული რეკონსტრუქცია

 

ამრიგად, ძეგლის სავარაუდო რეკონსტრუქცია რამდენადმე სრულყოფილ შთაბეჭდილებას გვიქმნის დასავლეთის პირვანდელი ფასადის მხატვრულ გადაწყვეტაზე (სურ. 13).

 

 

გუმბათი

 

ტაძრის ჯვრის მკლავების ურთიერთგადაკვეთით მიღებული კვადრატი ფარების საშუალებით პირდაპირ წრეხაზზე გადადის, რომელზედაც აღმართულია გუმბათის ყელი თავისი მაღალი კარავით (სურ. 2, 3-6). გუმბათის ყელის დიამეტრიც და სიმაღლეც 8 მეტრს უდრის; ამავე სიმაღლეზეა აზიდული გუმბათის კარავი. შორი მანძილიდან ძეგლის დათვალიერების დროს აშკარად შეინიშნება ტაძრის მასებისა და გუმბათის ურთიერთარაპროპორციულობა. აღნიშნული გარემოება მეტყველებს, რომ გუმბათი ტაძრის პირვანდელი სამშენებლო ფენის სინქრონული არ არის. ამას ისიც ადასტურებს, რომ გუმბათის ყელზე მოთავსებული დეკორი და სარკმლების გლუვად ამობურცული საპირეები სრულიად შეუსაბამოა ძეგლის მხატვრული შემკულობის თავდაპირველ ფორმებთან (ტაბ. 1, 3, 8). 

როგორც ცნობილია, გვიანფეოდალურ ხანაში, რაღაც კატასტროფის შედეგად, ჩამოინგრა ტაძრის შიგნითა, გუმბათქვეშა ჩრდილო-დასავლეთის ბურჯი, რამაც შემდეგ გუმბათის ჩამოქცევა გამოიწვია. გუმბათის ჩრდილო-დასავლეთის ნაწილის ჩამოვარდნის დროს განსაკუთრებით დაზიანებულა დასავლეთის ფასადი, ნაწილობრივ კი ჩრდილოეთის ფასადის დასავლეთის მხარე. ძეგლის აღდგენისას დაზიანებული ჩრდილოეთის ფასადისათვის დაუბრუნებიათ პირვანდელი სახე, ხოლო გუმბათქვეშა ჩრდილო-დასავლეთის ბურჯი, გუმბათი და დასავლეთის კედელი თავიდან აუშენებიათ .

როგორც აკადემიკოსი ნ. სევეროვი აღნიშნავს, ჩამოქცეული გუმბათის ყელის სარკმლების გადარჩენილი ჩუქურთმიანი ქვები ძეგლის აღდგენის დროს დასავლეთის ფასადის შეწყვილებული სარკმლების საპირეებში ჩაუსვამთ  (ტაბ. 25). დასავლეთის ფასადის ახლანდელი სარკმლის დეკორი რომ თავდაპირველად გუმბათის სარკმლების სამკაულს წარმოადგენდა, ეს მისი რელიეფის კვეთის ხასიათით დასტურდება. ამგვარი ჩუქურთმები, როგორც წესი, იხმარებოდა გუმბათის ყელზე და მისი რელიეფის ღრმა კვეთა შორი მანძილიდან დასანახავად იყო გათვალისწინებული.

გუმბათის ყელი 13 წახნაგისაგან შედგება. ამათგან მხოლოდ 7 წახნაგია სარკმლით გახსნილი; დანარჩენი 6 წახნაგი კი ცრუ სარკმლითაა წარმოდგენილი, ე. ი. თითო წახნაგის გამოშვებით სარკმელია გაჭრილი. ამ მხრივ ერთ გამონაკლისს წარმოადგენს გუმბათის ყელის ჩრდილო-აღმოსავლეთის ორი წახნაგი, რომლებშიც სარკმლებია გახსნილი. სარკმლების გარშემო ვიწრო ლილვებით შემოსაზღვრულია გლუვი საპირეები, რომელიც გუმბათს აშკარად ნაკლებად მხატვრულ ელფერს ანიჭებს.

გუმბათის ყელის ქვედა წრეხაზზე, ვერტიკალურად აღმართული, წიბოზე მოთავსებული ლილვები, ზემოთ ორი ლილვის წრეხაზი და სახურავის ქვეშ მოთავსებული დაბალი რელიეფის მქონე ჩუქურთმიანი კარნიზი გუმბათს, შემკულობის თვალსაზრისით, თითქმის არაფერს მატებს.

გუმბათის კარავი სუფთად გათლილი ლორფინებით იყო გადახურული, ხოლო ტაძრის მკლავები და მისი დაქანებული კალთები კი თხელი თუნუქით. მკლავების ფრონტონის კეხებზე დადგმულია მცირე ზომის გუმბათოვანი ტაძრის ფორმის აკროტერები.

ძეგლის აღწერის დასასრულს, თუ გუმბათის პირვანდელ ფორმებს პერსპექტივაში წარმოვიდგენთ და მის ყელზე სარკმლების საპირეებსა და მის ზემოთ არსებულ კარნიზს თავისი ეპოქის შესაბამისი ჩუქურთმებით შევამკობდით, ასევე, თუ გუმბათის აზიდულ სახურავს პროპორციულად დავადაბლებდით, მაშინ გუმბათი წარმოგვიდგებოდა ძეგლის საერთო დეკორატიული სისტემის განუყოფელ ნაწილად (სურ. 13. ტაბ. 26).

 

 

კედლის მხატვრობა

 

ინტერიერში კედლის მხატვრობა შემორჩენილია მხოლოდ გუმბათსა და საკურთხეველში (ტაბ. 27). დანარჩენი კედლები და თაღები, რომლებზედაც მხატვრობა ფრაგმენტულად იყო მოღწეული, გასული საუკუნის 50-იან წლებში ძეგლის რესტავრაციის დროს სქელი ნალესობით დაუფარავთ .

საკურთხევლის მხატვრობა, გარდა კონქისა, წარმოდგენილია სამი რეგისტრით. კონქში მოცემულია ვედრების კომპოზიცია. შუაში გამოსახულია საყდარზე მჯდომი მაცხოვარი. საყდრიდან გაირჩევა მუთაქის მარჯვენა ნაწილი და თვით საყდრის ფეხები, რომლებიც სადადაა შემკული. ქრისტეს მარცხენა მუხლზე დიდი ზონის გახსნილი წიგნი უდევს, რომელიც მარცხენა ხელით უჭირავს, მარჯვენა ხელი კი კურთხევის ნიშნად მკერდის წინ აქვს აღმართული. სახარებაზე, შავი ფერის საღებავით შესრულებული ოთხსტრიქონიანი ასომთავრული წარწერაა მოთავსებული (ტაბ. 28, 29) მხედრული ტრანსლიტერაციით და ქარაგმების გახსნით:

«მე ვ(ა)რ // ნ(ა)თ(ე)ლი // სოფლი//სა:. რო(მე)ლი//

შემო(მ)ი//დგ(ე)ს

            მე:. //არა:. ვი//დოდ(ე)ს ბნელსა:.»

            (იოანე, თავი VIII, მუხლი მე-12)

კონქის კომპოზიციაში, ქრისტეს ორსავე მხარეს ღვთისმშობელი და იოანე ნათლისმცემელია გამოსახული ვედრების ტრადიციულ პოზაში. ქრისტესა და ღვთისმშობლის სახეები წვეთისაგან ძალიან დაზიანებულია. შედარებით უკეთაა შემონახული ნათლისმცემლის სახე და მთელი ფიგურა. ნათლისმცემლის შარავანდს ქვემოთ დაზიანებული ბერძნული წარწერაა მოთავსებული: [] ς ιωτ (Ιωαννης) «წმინდა იოანე» (ტაბ. 30).

ღვთისმშობლისა და ნათლისმცემლის ორივე მხარეს მთავარანგელოზებია წელამდე გამოსახული. ღვთისმშობლის უკან, მისგან მარჯვნივ, კონქის უპროფილო კაპიტელის ზემოთ, მთავარანგელოზის წელამდე გამოსახულების მხოლოდ მკრთალი კონტურია შემორჩენილი. აღნიშნული ფიგურის მოპირდაპირე მხარეს, ე. ი. ნათლისმცემლის უკან, მის მარცხნივ წარმოდგენილი წელამდე გამოსახული ფიგურა შედარებით კარგადაა მოღწეული. აღნიშნული გამოსახულების შარავანდედის ზემოთ ორსტრიქონიანი, თეთრი ფერით შესრულებული ასომთავრული წარწერა გაირჩევა ჴლ[ნ]წფთ[ა]. მთრ჻δაგლზი, რომელიც შემდეგნაირად იკითხება: «ჴ(ე)ლნწ(ი) ფ(ება)თა // მთ(ავა)რ ა(ნ)გ (ე)ლ(ო)ზ//ი» (სურ. 14, ტაბ. 31), მის ქვემოთ ექვსსტრიქონიანი საქტიტორო ხასიათის საკმაოდ დაზიანებული წარწერაა შემორჩენილი (ტაბ. 32). ღვთისმშობლის ფიგურის მარჯვნივაც ყოფილა წარწერა, რომელიც წვეთით ისეა ჩამორეცხილი, რომ გარდა სამი ასოსი კხე (კხე), სხვა რამის ამოკითხვა უკვე შეუძლებელია.

ვედრების ზემოთ, მაცხოვრის თავის გასწვრივ, თეთრი ფერის მედალიონში სულიწმინდის სიმბოლური გამოსახულებაა წარმოდგენილი შარავანდმოსილი მტრედის სახით. ბემის საჭექი თაღის ცენტრში მედალიონში გამოსახულია «ძველი დღეთაÁ», პირი ღმრთისა – მოხუცის სახით (ტაბ. 33). მედალიონს ანგელოზთა დასი ამაღლებს (ტაბ. 34, 35). ანგელოზთა დასის ქვემოთ კი კვლავ წელამდე გამოსახული მთავარანგელოზთა მოხდენილი ფიგურებია, რომლებსაც ორივე ხელი ქრისტესაკენ აქვთ მიმართული ვედრებით. მათ თავებთან ორფენოვანი შარავანდები გაირჩევა. შარავანდების ზედა ფენა ქვედა ფენაზე გაცილებით მცირე დიამეტრისაა.

ტრანსეპტის თაღში ანგელოზთა დასია გამოსახული. ცენტრში ქერუბიმია წარმოდგენილი, გვერდებზე კი – «საყდარნი». მათ ქვემოთ თითო-თითო ანგელოზთა წელამდე გამოსახული ფიგურებია (ტაბ. 33, 35). აქვე უნდა შევნიშნოთ, რომ ქერუბიმის მარჯვენა მხარეს (სამხრეთით) «საყდართან» მკაფიოდ მოჩანს ასომთავრული ვ (ვ). სხვა დაზიანებული ასოების გათვალისწინებით შეიძლება აღდგეს სიტყვა «თვალმრავალი». გუმბათქვეშა აღმოსავლეთის მხარის ბურჯების შვერილის ცენტრში მომწვანო-ოქროსფერ მედალიონში ჩახატულია ტოლმკლავებიანი «ჯვარი ძლევისაÁ». მედალიონის მარცხნივ მოსე, მარჯვნივ კი – დავით წინასწარმეტყველებია გამოსახული. დავითს თავზე გვირგვინი ადგას, მოსე კი მხოლოდ შარავანდმოსილია. ორივე მარჯვენა ხელით კურთხევას გამოსახავს, მარცხენა ხელში კი გაშლილი გრაგნილები უჭირავთ, რომლებზედაც წარწერები იმდენად დაზიანებულია, რომ წაკითხვა ვეღარ ხერხდება. დავით და მოსე წინასწარმეტყველების ქვემოთ ამავე შვერილებზე თითო წინასწარმეტყველია წარმოდგენილი, რომელთაგან ერთი წინასწარმეტყველი დანიელია, ხოლო მეორე – განმარტებითი წარწერისა და მხატვრობის დაზიანების გამო ჩვენთვის გაურკვეველია (ტაბ. 33).

 

სურ. 14. სამთავისი, წარწერა: ხელმწიფებათა მთავარანგელოზი

 

სამხრეთისა და ჩრდილოეთის გუმბათქვეშა ბურჯების ამავე სიბრტყეებზე, უპროფილო კაპიტელის ქვემოთ კვლავ წინასწარმეტყველების თითო ფიგურაა. სამხრეთ-აღმოსავლეთ ბურჯის კაპიტელის ქვემოთ წარმოდგენილი ფიგურის თავთან იკითხება: მთრი წ¯რტბი: ეზქელ მთ(ავა)რი:. წ(ინასწა)რ (მე)ტყ(ველ)ი:. ეზ(ე)ქ(ი)ელ:. მას გაშლილი გრაგნილი უპყრია ხელთ, რომელზეც შვიდსტრიქონიანი წარწერაა რ¯: მ¯ე. გ¯ხე შნ: ბაგე: გვღბელო:. რ(ამეთუ) მე გ(ი)ხ(ილ)ე შ(ე)ნ ბ(ა)გე გ(ა)ვღ(ე)ბელო: (სურ. 15).

 

სურ. 15. სამთავისი, წარწერა: წინასწარმეტყველი ეზექიელი

 

ჩრდილო-აღმოსავლეთის გუმბათქვეშა სვეტის კაპიტელის ქვემოთ წარმოდგენილია ერთი წინასწარმეტყველი მაღლა აწეული გაშლილი გრაგნილით. მისი ვინაობის დადგენა არ ხერხდება სახისა და წარწერების მნიშვნელოვნად დაზიანების გამო. აგრეთვე დაუდგენელი რჩება ამავე მწკრივში ბემისა და ტრანსეპტის კაპიტელის ქვემოთ ფართო სიბრტყეებზე მოხატული ანგელოზების ვინაობა.

 

სურ. 16. სამთავისი, მაცხოვარი «ვედრების» კომპოზიციიდან

 

საკურთხევლის აბსიდის პირველი რეგისტრი მთლიანად დათმობილი აქვს ზიარების კომპოზიციას (ტაბ. 28, 37). საკურთხევლის ცენტრში, დიდი სარკმლის შეისრული თაღის ზემოთ, რომელშიც ორი მთავარანგელოზია გამოსახული, მოჩანს გაშლილი ტრაპეზის ნაწილი. ტრაპეზის შუაში ზის იესო ქრისტე, რომელიც მარცხნივ ხორცით, ხოლო მარჯვნივ სისხლით აზიარებს მოციქულებსა და მახარებლებს. ქრისტეს თავის ორივე მხარეს ქართული, ბერძნული და არაბული წარწერებია (სურ. 16). იბ¯ს ქ¯ე ქართულად იკითხება – ი(ეს)უს ქ(რისტ)ე. აქ, ქართული ენის ნორმებით ასო «ს» ზედმეტია, რაც ბერძნულის გავლენითაა გამოწვეული.

ხორცით საზიარებელ მოციქულთა ჯგუფს, რომელიც ექვსი ფიგურისაგან შედგება, წინ უძღვის პეტრე მოციქული. მას ქრისტესკენ ხელები აქვს გაწვდილი ზიარების მისაღებად. პეტრეს თავთან, მარცხნივ წარწერაა: .:წა:. მცქი:. პტ¯რე: წმიდა მოციქული პეტრე. მის ქვემოთ კი, ამავე შინაარსის არაბული წარწერაა (სურ. 17).

 

სურ. 17. სამთავისი. წარწერა: პეტრე მოციქული

 

პეტრე მოციქულის უკან სიმონ მოციქულია ხელგაწვდით წარმოდგენილი ზიარების მიღების მოლოდინში. სიმონის თავთან მარცხნივ იკითხება: წ¯ა:. სმ¯ონ:. წმინდა სვიმონ. ქვემოთ ამავე შინაარსის არაბული წარწერაა (სურ. 18).

სიმონის შემდეგ გამოსახულ სამ ფიგურას, რომლებიც დაზიანებული სახითაა მოღწეული, სახელის აღმნიშვნელი წარწერები აღარ გააჩნია, რის გამოც მათი ვინაობა დაუდგენელი რჩება.

ჩრდილოეთის მხარის ტრანსეპტისა და გუმბათქვეშა სვეტის სამხრეთ-აღმოსავლეთის სიბრტყეზე ხორცით ზიარების ჯგუფის მეექვსე, ე. ი. ბოლო ფიგურაა მოთავსებული, რომელსაც ხელები გაწვდილი აქვს ზიარების მისაღებად; წმინდანის თავის მარცხნივ ქართული ასომთავრული წარწერაა: წა პ¯რთე  წ(მიდ)ა პრთე. მარჯვნივ კი, სამსტრიქონიანი ბერძნული წარწერაა მოთავსებული. წარწერის დაზიანების გამო შესაძლებლად მიგვაჩნია გამოვთქვათ ვარაუდი, რომ აქ გამოსახულია წმიდა ბართლომე მოციქული (სურ. 19).

 

სურ. 18. სამთავისი. წარწერა: წმ. სიმონი

სურ. 19. სამთავისი. წარწერა: წმ. ბართლომე

 

აღნიშნული ფიგურის შემდეგ გუმბათქვეშა სამხრეთის სიბრტყეზე წარმოდგენილია წინასწარმეტყველი ელია.

შედარებით უკეთესად არის შემონახული მოციქულთა ჯგუფი სისხლით ზიარებიდან. აქ, ექვსი ფიგურიდან მხოლოდ ბოლოსწინა, ე. ი. მეხუთე ფიგურაა დაზიანებული. სისხლით ზიარების ჯგუფს წინამძღოლობს იოანე მახარებელი, რომელიც დასწაფებია ქრისტეს მიერ გამოწვდილ ბარძიმს. იოანეს თავთან მარჯვნივ ასომთავრული წარწერაა: :.წა :.ი¯ე მხ¯ობლ:. «წმიდა იოანე მახარობელი». ქვემოთ კი, ამავე შინაარსის სამსტრიქონიანი არაბული წარწერაა (სურ. 20).

 

სურ. 20. სამთავისი. წარწერა: იოანე მახარებელი

 

იოანეს შემდეგ ხელებგაწვდილი მარკოზ მახარებელია წარმოდგენილი, რომლის თავის მარჯვნივ იკითხება: :.წ¯ა :.მრკზ :.მხ¯რობელი «წმიდა მარკოზ მახარობელი». ხოლო ქვემოთ იმავე შინაარსის ორსტრიქონიანი არაბული წარწერაა (სურ. 21). მარკოზის შემდეგ წარმოდგენილია თომა მოციქულის ფიგურა, რომლის მარჯვნივ იკითხება: :.წა :.თმა :.მცექლე:. «წმიდა თომა მოციქული». მის ქვემოთ კი იმავე შინაარსის ორსტრიქონიანი არაბული წარწერაა (სურ. 22).

თომას მოყვება ხელებგაწვდილი იაკობ მოციქული; თავთან მარჯვნივ წერია – წა:. იაკბ:. მ¯ცილი:. «წმიდა იაკობ მოციქული». აღნიშნული წარწერის ქვემოთ კვლავ იმავე შინაარსის არაბული წარწერაა (სურ. 23).

მეხუთე ფიგურა, რომელიც ბემაში იყო გამოსახული ნალესობიანად არის დაღუპული. მისგან მხოლოდ ფეხებია შემორჩენილი; როგორც ფეხების მიმართულებიდან ჩანს, იგი ქრისტესაკენ იქნებოდა შებრუნებული.

სისხლით ზიარების ჯგუფის ბოლო ფიგურა, რომელიც ტრანსეპტისა და პილონის წახნაგის ერთიან სიბრტყეზეა მოთავსებული, იუდაა. მას სახელის აღმნიშვნელი წარწერა აღარ გააჩნია. წარმოდგენილი ფიგურა რომ ნამდვილად იუდაა, ეს იქიდან ჩანს, რომ იგი ზურგშექცევითაა გამოსახული ქრისტესა და მისი მოწაფეებისაგან; გარდა ამისა, მას სახეზე ხელები აქვს მიტანილი და დაძაბულ მდგომარეობაშია. ეს უკანასკნელი მომენტი იმის მანიშნებელია, რომ მას წმიდა ზიარების მიღებამდე ამოურწყევია (მსგავს იკონოგრაფიას ვხვდებით ლიხნეს, ლორის, ახტალის, უბისისა და სხვა მხატვრობებში).

 

სურ. 21. სამთავისი. წარწერა: მარკოზ მახარებელი

სურ. 22. სამთავისი. წარწერა: წმ. თომა

 

სამხრეთ-აღმოსავლეთის გუმბათქვეშა სვეტის ჩრდილოეთის სიბრტყეზე დანიელ წინასწარმეტყველია გამოსახული. დანიელის თავის ორსავე მხარეს სახელის აღმნიშვნელი ასომთავრული წარწერაა: წ¯წ¯რმტბლ დ¯ნელ «წინასწარმეტყველი დანიელ». მის მარჯვნივ გაშლილ გრაგნილზე შვიდსტრიქონიანი დაზიანებული წარწერა მოჩანს: რ¯მე გ¯ხე: შ¯ნ: მთა: გკთილი: თვრკ [...] (ძველი აღთქმა, დანიელის წინასწარმეტყველება) (სურ. 24).

პირველ და მეორე რეგისტრებს შორის თეთრი კონტურით შემოვლებულ ფართო დეკორატიულ სარტყელში წითელი საღებავით შესრულებული დიდი ზომის ასომთავრული წარწერაა. იგი იწყება ჩრდილოეთ მხარის პილონის სამხრეთ-აღმოსავლეთის სიბრტყიდან და მთავრდება მოპირდაპირე პილონის ჩრდილო-აღმოსავლეთის სიბრტყეზე:

 

შევდთ:. სხ¯სთა:. შიშ¯ითა:.

და ოგალობდეთ:. მ¯ს:. მრწოთა:. ღმთი:.      

დაჯ¯დს:. სადსა:. ზა:. წა:. მსა:.

და შკრბს:. მა:. ბლ¯ნი:. წმნი:.

მისნი:.

 

ქარაგმების გახსნის შემდეგ წარწერა ასე იკითხება: «შევიდეთ სახლსათა შიშითა და უგალობდეთ მას ძრწოლვითა:. ღმერთი დაჯდეს საყდარსა:. ზედა:. წმიდასა მასა:. და შეკრბეს:. მისა: ყოველნი:. წმიდანი:. მისნი:.» (ტაბ. 38, 39).

 

სურ. 23. სამთავისი. წარწერა: წმ. იაკობი

 

შედარებით კარგადაა დაცული მეორე რეგისტრის მხატვრობა, სადაც წარმოდგენილნი არიან განმანათლებლები, უფლის ძმები, მოციქულები, მღვდელთმთავრები და დიაკვნები.

საკურთხევლის აბსიდის ცენტრალური სარკმლის ორსავე მხარეს სიბრტყეებზე გამოსახულია დიონისე არეოპაგელი ქართული ასომთავრული წარწერით, სადაც ვკითხულობთ: წა:. დონესი: აროპაითი:. (სიც). «წმიდა დონესი აროპაითი (სიც) (სურ. 25). ამავე წარწერის ქვემოთ მოთავსებულია ვინაობის მაუწყებელი წარწერა არაბულად. დიონისეს ხელში გრაგნილი უჭირავს, რომელზედაც იკითხება: კთოლ არს:. ვე ოფლ «კურთხეულ არს ძე უფლისა» (კონდაკი, ოქროპირის წირვიდან, ხმის ასამაღლებელი). ცენტრალური სარკმლის მარჯვნივ წარმოდგენილია იეროთეოსის ფიგურა. იგი ოდნავ შებრუნებულია მარცხნივ. გამოსახულების ორსავე მხარეს წერია: წ¯ა იეროთეოს «წმიდა იეროთეოს». ქვემოთ, მარცხნივ ამავე შინაარსის ორსტრიქონიანი არაბული წარწერაა მოთავსებული (სურ. 26).

 

სურ. 24. სამთავისი. წარწერა: წმ. დანიელი

სურ. 25. სამთავისი. წარწერა: წმ. დიონისე არეოპაგელი

 

იეროთეოსის გაშლილ გრაგნილზე შემდეგი წარწერაა: რ¯:. შვნის:.  ბდგა. აღნიშნული წარწერა ქარაგმების გახსნის შემდეგ შეიძლება ასე წავიკითხოთ: «რამეთუ:. შვენის:. ყოველი დიდება (პატივი და თაყვანისცემა)» (კონდაკი, ოქროპირის წირვა, ხმის ასამაღლებელი, 1899, გვ. 110). (სურ. 27).

იეროთეოსის მარჯვნივ, საკურთხევლის აბსიდის სამხრეთის მხარის სარკმელია, რომელშიც ორი ანგელოზის გამოსახულებაა. სარკმლის შემდეგ გამოსახულ ფიგურას თავთან ქართული ასომთავრული წარწერა ახლავს: წა: ეგატე:. მ¯ღს:. შმოსილი, რომელიც ქარაგმების გახსნის შემდეგ ასე იკითხება: «წმინდა ეგნატე ღმრთის შემოსილი». ქვემოთ კი დაზიანებული ოთხსტრიქონიანი არაბული წარწერაა (სურ. 28).

ეგნატეს გრაგნილზე წარწერა ძალიან დაზიანებულია, რის გამოც მისი წაკითხვა დღეს უკვე შეუძლებელია. ეგნატეს მოსდევს წმინდა ანანია მოციქული, რომლის თავთან წერია: წ¯ა:.  ანანია მცქოლი:. («წმინდა ანანია მოციქული»), ხოლო ქვემოთ, მარცხნივ იგივე სახელი არაბულად წერია (სურ. 29).

 

სურ. 26. სამთავისი. წარწერა: წმ. იეროთეოსი

 

ანანია, ისე როგორც მის წინ მდგომი წმინდანები, ოდნავ მიბრუნებულია მარცხნივ, ე. ი. აბსიდის ცენტრისაკენ. ანანიას ხელში გაშლილი გრაგნილი უჭირავს, რომლის ბოლო ნაწილი ხელზეა გადაკეცილი. გრაგნილზე წარწერის მხოლოდ მკრთალი ლაქებია შემორჩენილი. დაკვირვებიდან ჩანს, რომ გრაგნილის ზედაპირზე ქართული ასომთავრული წარწერა ყოფილა, ხოლო მეორე მხარეზე  არაბული. გადაკეცილ გრაგნილზე რამდენიმე დაზიანებული არაბული ასოა შემორჩენილი, რომლის მიხედვითაც ტექსტის აღდგენა შეუძლებელია.

 

სურ. 27. სამთავისი. წარწერა წმ. იეროთეოსის გრაგნილზე

სურ. 28. სამთავისი. წარწერა: წმ. ეგნატე

 

მომდევნო ფიგურა, სიმიონ ძმა უფლისა, ბემაშია გამოსახული. წმინდანის მარჯვნივ იკითხება წ¯ა (წმიდა) სიმიონ (სიმიონ) (სიც), მარცხნივ კი მ¯ა ოფლისა (ძმა უფლისა). იმავე მხარეს, ქვემოთ, ამავე შინაარსის სამსტრიქონიანი არაბული წარწერაა: სიმიონის ხელში პყრობილ გრაგნილზე წარწერა სრულიად გამქრალია (სურ. 30).

საკურთხევლის აბსიდსა და გუმბათქვეშა ბურჯს შორის არსებულ გასასვლელის ზევით, კედლის სიბრტყეზე წარმოდგენილია წელამდე გაშიშვლებული წმინდანი. მის თავთან მარჯვნივ გაირჩევა წარწერა წ¯ა:. ბ (წმიდა:. ხ). მარცხნივ კი – რსი¯მე მცქლი (რსიმე მოციქული), ე. ი. წმიდა ხურსიმე მოციქული. ასეთი სახელით ცნობილი წმინდანი ქართული კედლის მხატვრობაში, გარდა სამთავისისა, ჩვენ არსად შეგვხვედრია. სამსტრიქონიანი არაბული წარწერა, რომელიც ქართული წარწერის იდენტურია, წმინდანის მარჯვენა მხარის გასწვრივაა მოთავსებული (სურ. 31). წმინდანს მარჯვენა ხელში გახსნილი სახარება უჭირავს, რომელზედაც წარწერა გარკვევით მოჩანს მწბალათათვს. აღნიშნული წარწერა ქარაგმების გახსნის შემდეგ ასე იკითხება: «მოწყალებათათვის (მხოლოდ შობილსა ძისა შენისათა)» (კონდაკი, ოქროპირის წირვიდან. ხმის ასამაღლებელი, გვ. 128).

 

სურ. 29. სამთავისი. წარწერა: წმ. ანანია

სურ. 30. წარწერა: სიმიონ ძმა უფლისა

 

გუმბათქვეშა სამხრეთ-აღმოსავლეთის ბურჯის ჩრდილო-აღმოსავლეთ სიბრტყეზე გამოსახულია წმიდა სტეფანე პირველმოწამე. მას მარცხენა ხელით დარბაზული ეკლესიის ფორმის მქონე საკმეველი უჭირავს, მარჯვენა ხელი კი საერთოდ არა ჩანს, რადგან იგი მიბრუნებულია მის წინ მდგომ წმინდანებისაკენ. მის თავთან, მარჯვნივ იკითხება წ¯ა (წმიდა), მარცხნივ კი სტფაე პრველ მწამე.  ე. ი. სტეფანე პირველმოწამე. მარცხენა მხარის პირველი ასოს «ს»-ს ქვეშ გარკვევით მოჩანს შავი ფერის საღებავით შესრულებული ასო ე (ე). იმავე შინაარსის ოთხსტრიქონიანი არაბული წარწერა წმიდა სტეფანეს მარჯვენა მხარის გასწვრივაა მოთავსებული (სურ. 32).

 

სურ. 31. წარწერა: წმ. ხურსიმე

 

ამავე სვეტის ჩრდილოეთის სიბრტყეზე მოთავსებულია თეთრი საღებავით მოჩარჩოებული ექვსსტრიქონიანი ასომთავრული საქტიტორო წარწერა, რომელშიც მოხსენიებულია გივი ამილახორი. წარწერის ქვემოთ წინასწარმეტყველ ამბაკუმის დაზიანებული ფიგურა მოჩანს.

საკურთხევლის აბსიდის ჩრდილო-აღმოსავლეთის სარკმელში ორი ანგელოზია გამოსახული. სარკმლის შემდეგ წარმოდგენილია წმიდა იაკობი ძმა უფლისა. მის თავთან მარცხნივ იკითხება: იაკობ მოფლსა, ქვემოთ კი მოთავსებულია ამავე შინაარსის სამსტრიქონიანი არაბული წარწერა (სურ. 33). იაკობის გრაგნილზე წერია: რ¯:. შე ა¯რს:. სიტკიცე მალ (სურ. 34). ქარაგმების გახსნის შემდეგ კი იგი ასე იკითხება: «რამეთუ შენი არს სიმტკიცე ძალ(ისა)» (კონდაკი, ოქროპირის წირვიდან, ხმის ასამაღლებელი, გვ. 111).

 

სურ. 32. სამთავისი. წარწერა: წმ. სტეფანე

 

იაკობის მომდევნო ფიგურაა წმიდა იუდა, ძმა უფლისა. მის თავთან ორსავე მხარეს მოთავსებული წარწერა ასე იკითხება: წ¯ა იოდ მა: ოფლისა «წმიდა იუდა ძმა უფლისა» (სურ. 35). იუდას მხარის მარცხნივ კი – ამავე შინაარსის სამსტრიქონიანი არაბული წარწერაა. გრაგნილის ზევითა ნაწილი, რომელიც იუდას უჭირავს, მის მარცხენა ხელზეა გადაკეცილი და ქვემოთ, ვერტიკალურად ეშვება. გრაგნილის ზედა მხარეზე ქართული ასომთავრული წარწერაა მოთავსებული, რომელიც შემდეგნაირად იკითხება: რ¯: წა ხარ. აღნიშნული წარწერა ქარაგმების გახსნისა და ტექსტის აღდგენის შემდეგ ასე იკითხება: «რამეთუ წმიდა ხარ (ღმერთო ჩვენო)» (კონდაკი, ოქროპირის წირვიდან. ხმის ასამაღლებელი, გვ. 113). გადაკეცილ გრაგნილზე სამსტრიქონიანი არაბული წარწერა მოჩანს. არაბული წარწერა, რომელიც გრაგნილის მეორე მხარეზეა შესრულებული, როგორც მოსალოდნელი იყო, თავდაყირა უნდა ყოფილიყო დაწერილი. სინამდვილეში კი დაწერილია სწორად, მაყურებლისათვის. როგორც ზემოთაც აღვნიშნეთ, გრაგნილის მეორე მხარეზე არაბული წარწერა მოთავსებულია ანანია მოციქულის გრაგნილებზეც. იუდა და ანანია საკურთხევლის აბსიდის კალთის ნაპირებზე არიან გამოსახულნი ერთმანეთის პირდაპირ. 

სურ. 33. სამთავისი. წარწერა: იაკობ ძმა უფლისა

სურ. 34. სამთავისი. წარწერა იაკობის გრაგნილზე

 

იუდას შემდეგ ბემაში წარმოდგენილია წმიდა გრიგოლი, რომლის თავთან მარჯვნივ იკითხება წა გრიგ, მარცხნივ კი – ოლი: პტელია (სიც), ე. ი. წმიდა გრიგოლი პტელია (სურ. 36). ქართული წარწერის შინაარსის დადგენაში მარცხენა მხართან მოთავსებული ორსტრიქონიანი არაბული წარწერა გვეხმარება . წმიდა გრიგოლს ხელში გაშლილი გრაგნილი უჭირავს, რომელზედაც ქართული ასომთავრული წარწერა გარკვევით იკითხება: რ¯თა დ¯ა ესენიცა. იგი შემდეგი სახით იკითხება: «რათა და ესენიცა» (ჩვენთანვე ადიდებენ)» (კონდაკი, ოქროპირის წირვიდან, კათაკმეველთა კვერექსიდან, ხმის ასამაღლებელი. გვ. 120).

საკურთხევლის აბსიდსა და ჩრდილოეთის სვეტს შორის არსებულ გასასვლელის თავზე, კედლის სიბრტყეზე წმინდა ლაზარეს წელამდე გამოსახულებაა. წმინდანის სახელის აღმნიშვნელი წარწერა ძალიან არის დაზიანებული (სურ. 37). სათანადო აღდგენით იგი მაინც იკითხება: წ¯ა:. ლაზარე (წმიდა ლაზარე). მის მარცხენა მხართან სამსტრიქონიანი არაბული წარწერაა . ლაზარეს, ისევე როგორც მის მოპირდაპირე მხარეს გამოსახულ წმიდა ხურსიმეს (სიც), მარცხენა ხელში შუაზე გახსნილი სახარება უჭირავს, რომელზედაც წარწერაა შემორჩენილი: რა¯თა ძლრეთ, ქარაგმების გახსნის შემდეგ ასე იკითხება: «რათა ძლიერებითა (შენითა)» (კონდაკი, ოქროპირის წირვიდან, ხმის ასამაღლებელი, გვ. 122) (სურ. 38).

 

სურ. 35. სამთავისი. წარწერა: იუდა ძმა უფლისა   

 

ლაზარეს შემდეგ, გუმბათქვეშა სამხრეთ-აღმოსავლეთ სიბრტყეზე, წმიდა ლავრენტია წარმოდგენილი. მას, თავის ორსავე მხარეს აქვს წარწერა: წ¯ა ლარნტი: (წმიდა ლავრენტი) (სურ. 39). ლავრენტის, ისე როგორც სამხრეთის ბურჯის სიბრტყეზე გამოსახულ სტეფანეს, მარცხენა ხელში საკმევლის ჭურჭელი უჭირავს, მარჯვენაში კი საცეცხლური. ამავე ბურჯის სამხრეთის სიბრტყეზე ნალესობა ჩამოვარდნილია და აღარ ჩანს, თუ ვინ უნდა ყოფილიყო გამოსახული. აღნიშნული ლაკუნის ზემოთ თეთრი საღებავით შემოსაზღვრულ ჩარჩოში მოთავსებულია შვიდსტრიქონიანი ქართული ასომთავრული მეორე საქტიტორო წარწერა. აღნიშნულ წარწერაში მოხსენებულია მელიტონი – სამთავნელი ეპისკოპოსი. კონქისა და გუმბათქვეშა სვეტების წარწერებს უფრო დეტალურად ქვემოთ განვიხილავთ.

 

სურ. 36. სამთავისი. წარწერა: წმ. გრიგოლი   

 

მეორე და მესამე რეგისტრებს შორის თეთრი კონტურით შემოვლებული დეკორატიული სარტყელია მოთავსებული, რომელიც იწყება საკურთხევლის აბსიდის ჩრდილოეთის კალთის ნაპირიდან და მთავრდება სამხრეთის მხარის ბემის სიბრტყეზე. აღნიშნულ სარტყელში მოთავსებულია ასომთავრული წარწერა:

 

ქ: მღდელთ:. მთვრთა:. შენთა:.

შეიმოსონ სიმრთლე:. და:. წმიდანი შნი სხ¯რლითა:.

იხრბდენ:. აწდა:. მ¯დის:. და ოკ¯ე: ამინ:.

 

ქარაგმების გახსნის შემდეგ წარწერა ასე წაიკითხება: «ქ. მღვდელთ:. მთავართა:. შენითა:. შეიმოსონ:. სიმართლე:. და:. წმიდანი:. შენი:. სიხარულითა:. იხარებდნენ:. აწდა:. მარადის:. და უკუნით:. უკუნისამდე:. ამინ:.  (ტაბ. 37, 39, 40, 41).

საკურთხევლის აბსიდის სამხრეთის მხარის ღიადის მარცხენა ნაპირიდან იწყება სხვა წარწერა, რომელიც იქვე ახლოს ბურჯის ჩრდილო-აღმოსავლეთის სიბრტყეზე მთავრდება. მოგვყავს ეს წარწერაც წმისა:. რ¯:. შემმოსა:. მე:. კვრ. ე. ი. «წმიდისა:. რამეთუ:. შემმოსა:. მე:. კვარ(თი)».

ზემოდან მესამე რეგისტრში მხატვრობა დაზიანებული სახითაა მოღწეული. რეგისტრი დანაწევრებულია აღმოსავლური სტილის ტეხილი კამარებით. მოჩარჩოების ვერტიკალური სვეტები მარტივი პროფილის მქონე კაპიტელებითა და ბაზისებით არის შემკული. თითოეულ ჩარჩოში თითო ფიგურაა წარმოდგენილი. აბსიდში რვა ფიგურაა გამოსახული. ბემაში – ორი, ჩრდილო-აღმოსავლეთის ბურჯის სამხრეთის სიბრტყეზე კი – ერთი. სამხრეთ-აღმოსავლეთის ბურჯზე ნალესობა ჩამოვარდნილია, სადაც ერთი ფიგურა უნდა ყოფილიყო. ამრიგად, მესამე რეგისტრში სულ 12 ფიგურა არსებულა. როგორც ფიგურების შემორჩენილი სამოსიდან ჩანს, მესამე რეგისტრში მღვდელმთავრები ყოფილან გამოსახული. კამარებში წარმოდგენილი ფიგურების სახეები საგანგებოდ არის დაზიანებული, რის გამოც, ზოგიერთ ადგილას ნალესობაც კი ჩამოვარდა.

 

სურ. 37. სამთავისი. წარწერა: წმ. ლაზარე

 

1964 წელს, როდესაც საქართველოს ძეგლთა დაცვის სამმართველოსთან არსებული სამეცნიერო-სარესტავრაციო სახელოსნოს მხატვარი-რესტავრატორები შ. აბრამიშვილი და კ. ბაკურაძე სამთავისის ტაძრის საკურთხევლის აბსიდის კედლის მხატვრობას წმენდდნენ და სათანადო ხსნარებით ამაგრებდნენ, ამ დროს ზოგიერთ ადგილას ჩამოვარდა მესამე რეგისტრის დაზიანებული ფრესკის ქვეშ არსებული სქელი ნალესობა.

საკურთხევლის აბსიდის სამხრეთის კალთაზე ნალესობის ჩამოვარდნის შედეგად 1,6 მ სიმაღლეზე კედლის წყობაზე გამოჩნდა 10   40 სმ-ის ზომის, მოგრძო ფორმის ადრეფეოდალური ხანის ჩუქურთმიანი ქვა. საიდან გაჩნდა აქ აღნიშნული ხუროთმოძღვრული ფრაგმენტი, ამის შესახებ ძეგლის ისტორიის მიმოხილვისას ვისაუბრებთ (ტაბ. 42).

გარდა ამისა, ქვედა რეგისტრში, აბსიდის ცენტრში არსებული შეისრული თაღის მქონე ნიშის მარჯვნივ და მარცხნივ ჩამოვარდნილი ნალესობის ადგილებში შემჩნეულ იქნა აგურით ამოშენებული სამი ნიშას კვალი. აბსიდის სამხრეთის კალთაზე მდებარე ნიშას განი 76 სმ-ს უდრის, მის გვერდით მეორე ნიშას განი ვერ დგინდება, რადგან იგი ფრესკითაა დაფარული. ასევე დაუდგენელი რჩება ჩრდილოეთის კალთის ნიშას განიც. თუ  სამხრეთის კალთის ნიშას განს გავითვალისწინებთ და მის განით წარმოვიდგენთ ნაწილობრივად გამოჩენილ ნიშებს, მაშინ აბსიდში შემჩნეული ნიშები არათანაბარი მანძილით დაცილებული გამოვა. ნიშების არათანაბარი მანძილებით დაცილების მიზეზების გარკვევა შეუძლებელია, რადგან შემჩნეული ნიშების უმეტესი ნაწილი ფრესკითაა დაფარული (იხ. მხატვრობის განაწილების სქემა, ტაბ. 45, 46).

 

სურ. 38. სამთავისი. წარწერა სახარებაზე

სურ. 39. სამთავისი. წარწერა: წმ. ლავრენტი

 

 

გუმბათის მხატვრობა

 

გუმბათში მხატვრობა წარმოდგენილია თაღსა და გუმბათის ყელში სამ რეგისტრად (ტაბ. 43). გუმბათის თაღის ქვემოთ, იქ, საიდანაც იწყება გუმბათის ვერტიკალურ ყელზე გადასვლა, შემოვლებულია თეთრი და მოწითალო ფერის ზოლები. თაღის ფონი მუქი მონაცრისფრო-მომწვანოა.

გუმბათის თაღი მთლიანად უკავია პანტოკრატორის წელამდე გამოსახულებას, რომლის თავიც, როგორც წესი, დასავლეთითაა გამოსახული. მას თავზე ჯვრული შარავანდი ადგას. ქრისტეს კვართი აცვია, ზემოდან კი ჰიმატიონი აქვს მოსხმული. მარჯვენა ხელით კურთხევას გამოსახავს, მარცხენა ხელში კი დახურული წიგნი უჭირავს. ფურცლების გარეთა ნაპირები მუქი ყავისფერითაა შეფერილი, წიგნი შეკრულია მუქმოლურჯო ფერის წვრილი ზონარის გრეხილით. ყდა მარგალიტებითა და ძვირფასი დიდი ქვებითაა შემკული. ქრისტეს შარავანდის, ჯვრის მკლავების ბოლოებში ბერძნული თითო ასო მოჩანს: N-O-Ω = δὤν. ქართულად ნიშნავს (მე ვარ), რომელი ვარ (გამოსვლ. 3, 13). მხრებს ზემოთ ბერძნულად აწერია: Ιჩ–Xჩ იესო ქრისტე .

გუმბათის ყელის პირველი რეგისტრის მხატვრობა შეიცავს კანონიკური სახარების ავტორთა ოთხ აპოკალიფსურ გამოსახულებას, რომლებიც ელიპსურ მედალიონებშია ჩახატული. მათ სახელების აღმნიშვნელი ქართული წარწერები ახლავს. იქვე მიწერილია თითო ბერძნული დიდი ზომის ასო. აღნიშნული რეგისტრი მომდევნო ქვევითა რეგისტრებზე შესამჩნევად დაბალია. ამიტომ იგი სარტყელისებური ფორმის მოჩანს. რეგისტრში წარმოდგენილი მედალიონების ზემოთა ნაწილები წაკვეცილია თაღის წრეხაზით. მედალიონები რეგისტრში შემდეგნაირად ნაწილდება: ჩრდილო-აღმოსავლეთ მედალიონში ფრთოსანი ლომია გამოსახული, რომელსაც ქართულად აწერია მ¯რკოზა (მარკოზა) (სიც), ბერძნულად კი «ΒΛ». სამხრეთ-დასავლეთ მედალიონში გამოსახულია ფრთოსანი ხარი, რომელსაც ახლავს წარწერა ლოკ (ლუკა), ბერძნულად წერია «B». სამხრეთ-დასავლეთის მედალიონში წარმოდგენილია არწივი, რომელსაც აქვს წარწერა - იე (იოანე), ბერძნულად კი - «KA». ჩრდილო-დასავლეთით მდებარე მედალიონში კი ანგელოზია გამოსახული, რომელსაც ახლავს სათანადო წარწერა მთე (მათე), ხოლო ბერძნულად - «A».

ოთხივე აპოკალიფსურ მახარებელს ხელში უპყრია მოოჭვილი სახარება. ამავე რეგისტრში, აღმოსავლეთისა და დასავლეთის მხარეზე, მედალიონებს შორის გამოსახულია ორი მრავალფრთედი.

პირველი რეგისტრი მეორედან გამოყოფილია მცენარეული ორნამენტით შევსებული ბრტყელი არშიით. მეორე რეგისტრში გუმბათის ყელის სარკმლების სიმაღლეზე წარმოდგენილია 13 ფიგურა მთელი ტანით. აღმოსავლეთით ორ ახლომდებარე სარკმელს შორის ვიწრო სიბრტყეზე გამოსახულია საყდარზე მჯდომი ღვთისმშობელი, რომელსაც კალთაში ყრმა ქრისტე უზის. მარიამს მხრებს ზემოთ ბერძნული წარწერა აქვს: M¯P Θ¯V – (დედა ღვთისა). ღვთისმშობელს თავზე შარავანდი ადგას, ქრისტეს კი, როგორც წესი – ჯვრული შარავანდი. აქ, ჯვრის მკლავების ბოლოებზე, ისე როგორც გუმბათის თაღში  წარმოდგენილ ქრისტეს ჯვრიან შარავანდში, თითო ბერძნული ასოა მოთავსებული, რაც იმავე შინაარსის მაუწყებელია. – («მე ვარ) რომელი ვარ!». ყრმა ქრისტეს მარცხენა ხელში მცირე ზომის ოვალური ფორმის დახვეული გრაგნილი უჭირავს, მარჯვენა ხელით კი კურთხევას გამოსახავს.

გუმბათის ყელში გაჭრილ სარკმლებს შორის არსებულ ექვს განიერ სიბრტყეზე ორ-ორი წინასწარმეტყველია მოთავსებული, ე. ი. სულ თორმეტი. ღვთისმშობლის მარჯვნივ (მაყურებლიდან), ორ სარკმელს შორის, გამოსახულია დავითი და დანიელ წინასწარმეტყველები, რომლებსაც თავზე გვირგვინი ადგათ და შარავანდმოსილნი არიან. დანარჩენი 10 ფიგურა მხოლოდ შარავანდითაა წარმოდგენილი.

დავით წინასწარმეტყველს, რომელიც ღვთისმშობლისკენაა მიბრუნებული, ახლავს სახელის აღმნიშვნელი ბერძნული წარწერა Δαυιδ (დავითი). მას მარცხენა ხელში გაშლილი გრაგნილი უჭირავს, რომელზედაც ბერძნული წარწერაა .

დავითის გვერდით წარმოდგენილი ფიგურა, რომელიც ოდნავ შემობრუნებულია დავითის საწინააღმდეგო მხარეს, დანიელ წინასწარმეტყველია. მას მხართან ბერძნულად აწერია Δανιὴλ (დანიელ). მის გრაგნილზე კი შემდეგი იკითხება: «(მე დანიელ) ვხედავ ვითარმედ (საყდარნი დაიდგნეს)» (ძველი აღთქმა, დანიელის წინასწარმეტყველება, თავი 7 (9).

გუმბათის ყელის სამხრეთის მხარის სიბრტყეზე წარმოდგენილნი არიან ამოსი და სოფონია წინასწარმეტყველები. აქაც, ისე როგორც წინა ორი ფიგურა, ამოსი აღმოსავლეთით, ღვთისმშობლისაკენ არის შემობრუნებული, სოფონია კი საწინააღმდეგო მხარეს; ყველა ფიგურა გუმბათის სარკმლებს შორის ამ სახითაა წარმოდგენილი. პირველი ფიგურის მარჯვენა მხართან წერია Αμώς ამოს. მის გრაგნილზე კი მხოლოდ ბოლო სტრიქონებია შემორჩენილი, რომელიც ტექსტის აღდგენის შესაძლებლობას არ იძლევა.

ამავე სიბრტყეზე მეორე ფიგურას მარჯვენა მხარს ზემოთ აწერია შοφονιας – სოფონია, ხოლო მის გრაგნილზე მოთავსებული ბერძნული წარწერის თარგმანი სოფონიას წინასწარმეტყველების შემდეგ წინადადებას ემთხვევა: «Ãმა უფლისა მწარედ (და ფიცხლად დაწესებულ არს ძლიერ)» (ძველი აღთქმა, I, (14), გვ. 829).

სამხრეთ-დასავლეთის სიბრტყეზე წარმოდგენილი პირველი ფიგურის ვინაობა უცნობია წარწერის დაზიანების გამო. მას ხელში გაშლილი გრაგნილი უჭირავს. გრაგნილზე არსებული ბერძნული წარწერა შემდეგი სახით ითარგმნება: «უზრუნველი გარშემოერტყა (უსამართლობისაგან)». როგორც პროფ. თ. ყაუხჩიშვილი აღნიშნავს, ტექსტი ეკუთვნის ამბაკუმის წინასწარმეტყველებას და შესაძლოა აღნიშნული ფიგურა ამბაკუმი იყოს. თუმცა სამთავისის გუმბათის ყელში გამოსახულ წინასწარმეტყველებს ზოგიერთ შემთხვევაში ხელში პყრობილ გრაგნილის ბერძნული წარწერების ტექსტი აღებული აქვთ სხვისი წინასწარმეტყველებიდან. ამგვარი მაგალითი გვაქვს იქვე, ამავე სიბრტყეზე მოხატულ ესაია წინასწარმეტყველის გრაგნილზე, რომელზეც არსებული ბერძნული წარწერა შემდეგნაირად ითარგმნება: «ღაღადვყავ ჭირსა შინა (ჩემსა უფლისა მიმართ)» ძველი აღთქმა, იოანეს წინასწარმეტყველება, II (3). აღნიშნული ტექსტი აღებულია იოანეს წინასწარმეტყველებიდან.

დასავლეთის მხარის სიბრტყეზე მოხატულია იეზეკიელი და იოველ წინასწარმეტყველები. იეზეკიელის გრაგნილის ბერძნული წარწერა ითარგმნება შემდეგი სახით: «ამათ იტყვის უფალი» (ძველი აღთქმა, ეზეკიელის წინასწარმეტყველება, 324, (11)).

ეზექიელის გვერდით წარმოდგენილ ფიგურას მხარს ზემოთ აწერია Ιωηλ – იოველი. მის გრაგნილზე ბერძნული წარწერის თარგმანი კი გვაუწყებს: «სად არს სიკუდილო, (სად არს საწერტელი შენი ჯოჯოხეთო)» (ძველი აღთქმა, მოსეს წინასწარმეტყველება, 13 (14)).

ჩრდილო-დასავლეთის სიბრტყეზე პირველ ფიგურას ახლავს ვინაობის აღმნიშვნელი წარწერა: Γεδεών გედეონ. მის გრაგნილზე ბერძნული წარწერა შემდეგნაირად ითარგმნება: «პირისა წინაშე უფლისა (ვინ დაუთმოს)» (ძველი აღთქმა, ნაუმის წინასწარმეტყველება, 1, (6).

გედეონის გვერდით წარმოდგენილი წინასწარმეტყველის როგორც სახელი, ისე მისი გრაგნილის წარწერა იმდენად არის დაზიანებული, რომ ჩვენთვის მისი ვინაობა, ასევე გრაგნილის შინაარსი დაუდგენელი რჩება.

გუმბათის ყელის ჩრდილო-აღმოსავლეთის სიბრტყეზე წარმოდგენილია ბოლო ორი ფიგურა. პირველ მათგანს მარჯვენა მხარის გასწვრივ აწერია: ʼΙερεμιας (იერემია), ხოლო მისი გრაგნილის ბერძნული ტექსტი შემდეგნაირად ითარგმნება: «იყო სიტყუა (უფლისა ჩემდამო მეტყუ̑Âლი)» (ძველი აღთქმა, იერემიას წინასწარმეტყველება, I, (5).

იერემიას გვერდით წარმოდგენილი ბოლო მეთორმეტე წინასწარმეტყველი ღვთისმშობლისკენაა მიბრუნებული. მის მარჯვენა მხარის ზემოთ წერია ΣΣολομών  (სოლომონ). სოლომონს მარცხენა ხელში ზემოთ აფრიალებული გრაგნილი უჭირავს. გრაგნილზე არსებული ბერძნული წარწერა თარგმნის შემდეგ ასე იკითხება: «ბაგენი უფლისანი სწრთვან (სიბრძნესა)» (ძველი აღთქმა, სოლომონის წინასწარმეტყველება, 10, (31).

გუმბათის სარკმლების შიგნითა სიბრტყეებზე და თაღში მოჩანს სტილიზებული მცენარეული ორნამენტი.

გუმბათის ბოლო მესამე რეგისტრი მეორე რეგისტრისაგან მცენარეული ორნამენტის ზოლით არის გამოყოფილი. მესამე რეგისტრში რვა ანგელოზია წარმოდგენილი, რომელთაც ხელში სფეროები უჭირავთ. სამხრეთ-აღმოსავლეთით გამოსახული ანგელოზის ხელში პყრობილ სფეროზე ბერძნული წარწერა მოჩანს:   ე. ი. ʼΙηδού́ς Χριδτός νιχᾱ. ქარაგმების გახსნისა და თარგმნის შემდეგ იგი ასე იკითხება: «იესო ქრისტე ძლევაÁ». ამავე რეგისტრის ჩრდილოეთით გამოსახულ ორ ანგელოზს შორის მოჩანს ოთხსტრიქონიანი ქართული ასომთავრული წარწერა, რომელიც იმდენად არის დაზიანებული, განსაკუთრებით კი მისი ბოლო ნაწილი, რომ სრული სახით აღდგენა დღეისათვის შეუძლებელია.

აქ ერთი გარემოება იქცევს ყურადღებას. თუ ტაძრის საკურთხეველსა და გუმბათში ყველა წარწერა თეთრი და შავი ფერის საღებავით თავისუფალი მონასმებითაა შესრულებული, აქ, ორ ანგელოზს შორის არსებული წარწერა წითელი ფერის საღებავით გულდასმით არის შესრულებული. შენიშნული დეტალი გვაფიქრებინებს, რომ გუმბათის ყელის წითელი ფერის წარწერა, რომელიც თავისი პალეოგრაფიითAაშკარად წინ უსწრებს თეთრი ფერით შესრულებულ წარწერებს, უნდა მიეკუთვნებოდეს შედარებით ადრეული პერიოდის მხატვრობის ფენას. აღნიშნულ საკითხზე ქვემოთ, ძეგლის ისტორიის მიმოხილვის დროს საგანგებოდ შევჩერდებით.

 

 

ეპისკოპოსის პალატი

 

ტაძრის გარდა ეზოში შემორჩენილია ეპისკოპოსის პალატის ნანგრევი, სამრეკლო და მცირე ზომის დარბაზული ეკლესიის ნაშთი. ამათგან განსაკუთრებით საყურადღებოა პალატი. ამიტომ მის აღწერაზე საგანგებოდ შევჩერდებით.

 

სურ. 40. სამთავისის პალატის გეგმა

 

ტაძრის ეზოს ჩრდილოეთის გალავნის აღმოსავლეთის კიდეზე შემორჩენილია ეპისკოპოსის ორსართულიანი პალატის ნანგრევი, რომელიც წარმოადგენს აღმოსავლეთ-დასავლეთით ოდნავ წაგრძელებულ მართკუთხა ნაგებობას. დღეისათვის პირვანდელი სიმაღლით დაცულია პალატის მხოლოდ ჩრდილოეთისა და აღმოსავლეთის კედლები. დანარჩენი კედლები პირველი სართულის სიმაღლემდეც კი ვეღარ აღწევენ. შემორჩენილი კედლები შესაძლებლობას გვაძლევს დავადგინოთ, რომ პალატის პირველ და მეორე სართულზე ორ-ორი ოთახი ყოფილა. პალატის კედლები რიყის დიდი ქვებითა და ნაწილობრივ აგურითაა ნაშენი. აგური უმთავრესად სარკმლების და კარის წირთხლებშია გამოყენებული (სურ. 40, 41, 42, ტაბ. 44, 47). 

 

1 2
გვერდის მისამართი : ბიბლიოთეკა / არქიტექტურა და ხუროთმოძღვრება / სოხაშვილი გივი / სამთავისი