მოსიაშვილი ვახო

 

მურთაზა და ჩემი დაკარგული ვაჟიშვილობა

 

 

(TORESA)

 

 – შენი დედის დუმები... – დაიღრიალა "კაპოტში" წელამდე ჩამძვრალმა მურთაზამ. არადა გიორგი ქვია ამ ჩემისას და მურთაზას რატომ ეძახიან არ ვიცი. ყოველთვის ტაოტით არის მოთხვრილი, წელზევით 1 მაისიდან 30 სექტემბრამდე შიშველია, ოღონდ ამას რომ მიხვდე რამდენჯერმე უნდა ნახო, ისეთი დაბანჯგვლულია გეგონება ჯემპრი აცვიაო.

 

ერთხელ თუ შეცდი და მურთაზასთან მოიყვანე მანქანა გასაკეთებლად, მერე სხვასთან ვეღარ წახვალ. ესეა რა. მართლა ესეა. წახვალ სხვაგან და "რული" მაინც მაგის "პროფილაქტიკისკენ" გაგექცევა. ესეა და მომკალი თუ გინდა. თავი ამოწია და მეუბნება:

 

 – როგორ "საპოჟნიკივით" ვიგინები არა?

 

 პასხუად მხოლოდ გავიცინე. აბა რა უნდა მეთქვა.

 

ბავშვობაში მიმქონდა ხოლმე ფეხსაცმელები გასაკეთებლად ("გაჭირვების წლებში"). ჰოდა ის კაცი კიდევ მუნჯი იყო და არც იგინებოდა, არც ლაპარაკობდა, მარტო იღიმებოდა და საქმეს რომ მორჩებოდა, თითებით მარტო თანხას მაჩვენებდა. ერთი ხის "ბუტკა" ჰქონდა და იქ იჯდა სულ, ყოველ დღე დილის 9-დან საღამოს 6-მდე შაბათ კვირის გარდა. კედელზე მარტო სტალინის სურათი, 1950-ში გაცემული სერტიფიკატი თუ ლიცენზია და საბრინას დიდი პლაკატი ეკიდა. ეგ იყო და ეგ. 14-ის რომ გავხდი მაშინ მოკვდა და იმის მერე აღარც "საპოჟნიკი" მინახავს და ფეხსაცმლის ლანჩიც პირს აუშვებს თუ არა ზურიკოსთან მივარბენინებ.

 

 ზურიკო კიდე პატარა ინვალიდი ბიჭია. დამინახავს თუ არა, რაც არ უნდა შორს იყოს, დამეწევა და მეტყვის: "გამარჯობა ვახო".

 

ჰოდა სანამ გამარჯობასვე არ დაუბრუნებ ჩაიხვევს და აღარ მოგშორდება. საწყალს ეტყობა ჰგონია, რომ ვერ გესმის ჰოდა არც მოგეშვება სანამ შენც არ ეტყვი "გამარჯობა ზურიკო". მერე გაწითლდება და აუცილებლად გთხოვს ძველ ფეხსაცმელს, ჰოდა თუ ძალიან შია, კიდევ უფრო გაწითლდება და ხურდასაც გთხოვს. მოკლედ ჩემი შელახული და ხანდახან უბრალოდ მობეზრებული ფეხსაცმელების უმრავლესობას მერე ზურიკო უთავებს ხელს.

 

 – აჰა, ვსო, ამის მერე შენი ფეხი აღარ ვნახო აქ! – მითხრა მურთაზამ და ტრადიციისამებრ ტილოთი შეიწმინდა ხელები. თან კმაყოფილი სახით დაეპატრონა ჩემს უკანასკნელ 50 ლარიანს და მორიგ მანქანაში ჩაძვრა თავფეხიანად. მურთაზა იმ ქალის საყვარელია 15 წლის ასაკში რომ "გამრყვნა". ეხლაც არ მესმის ამასთან როგორ წვება, მაგრამ ის მიმტკიცებდა ჩემთან რომ მოდის არც ტაოტიანია და არც ბენზინის სუნად ყარსო.

მომკალი და არ მჯერა, მაგრამ გინდაც დავიჯერო, ბანჯგვლებს რაღას უზამ? მაინც არ მესმის ქალების და რა ვქნა. ჰოდა მურთაზა ყოველთვის იმას ყვება ყველა კლიენტთან ვინ, სად და როგორ გაჟიმა. თან ისე ხატოვნად ყვება, წერა რომ იცოდეს ალბათ პორნოლიტერატურის მეფედ აღიარებდნენ. არადა მე ზუსტად ვიცი, რომ მურთაზას ძალიან პატარა პენისი აქვს და მარტო ორ ქალთან წევს – ცოლთან და საყვარელთან. ეს ორიც ძალიან ძვირი უჯდება, პრაქტიკულად მთელი ქალაქის მანქანების შეკეთება. ზატო ფანტაზია აქვს, შეგშურდება. კაცების უმრავლესობა ესეა, რაც უფრო პატარა აბია და რაც უფრო ცოტასთან წევს, მით უფრო მეტი აქვს "მოსაყოლი".

 

საქართველოა რა. სად გაექცევი. ისე მგონია ხოლმე ქართველებმა "კარგი სუფრა" და "სტუმარ-მასპინძლობა" მარტო იმიტომ ვიცით, რომ ღვინოში ჩაძირულებმა საკუთარი ნაკლოვანებები დავივიწყოთ და რამდენიმე საათით მაინც დავიჯეროთ, რომ მართლა ყველაზე მაგრები ვართ.

 

 ჰო, ნუ რაც არ უნდა იყოს მე ალბათ ვერასოდეს მივხვდები იმ დღეს რატომ გადავუხვიე იმ ქუჩაზე, სადაც 9 წლის წინ, 15 წლის ასაკში, წვიმიან და ქარიან ღამეს, 40 წლის კარგად შენახულმა ქალმა ვაჟიშვილობა წამართვა. მგონი უბრალოდ "რული" გამექცა. რა მინდოდა მურთაზას საყვარელთან? ან რა საქმე მქონდა? აბა მე რა ვიცი.

 

 მაშინდელივით დარეკე ზარი და მაშინდელივითი სააბაზანო ხალათში ჩაცმულმა ქალმა გამიღო კარი.

განსხვავება ის იყო, რომ ის უკვე 49-ის იყო, მე კი – 24-ის. კიდევ ის, რომ მას საერთოდ აღარ სურდა ჟიმაობა, მე კი არც მაშინ მივსულვარ მაგ მიზნით და არც ახლა. მოკლედ გააღო და მკითხა:

 – რისთვის მოხვედი?

 – შემომიშვებ?

 საპასუხოდ ხალათი გაიხსნა. მაშინაც ესე ქნა, ოღონდ მაშინ მე დაბნეული ვიდექი და არ მითხოვია შემომიშვი-მეთქი, თვითონ დამითრია. შევედი.

 – შეიკარი რა.

 – რატომ აღარ მოგწონს ჩემი ტანი? ძუძუები მომეფლაშვა ხო?

 – შეიკარი! – ახლა უკვე მკაცრად ვუთხარი. შეიკრა. რო ეკითხა რა გინდაო, არ ვიცი რას ვუპასუხებდი.

არც ის ვიცოდი საერთოდ რატომ მივედი.

 – ყავას დალევ?

 – კი – მოკლედ ვუპასუხე. დაადგა ჩაიდანი. მე არ გავყევი სამზარეულოში.

 – ნინ მურთაზი მოვა? – ზუსტად ისე გავძახე როგორც ცხრა წლის წინ, როცა შემიყვარდა და როცა მეგონა რომ შეიძლებოდა ერთად გვეცხოვრა.

 – არა, აღარასოდეს აღარ მოვა.

 გავშრი. ეხლა მივხვდი რატომაც იყო ასე.

 – ნინ!

 – ჰო!

 – კარგი არაფერი.

 – გინდა? – ისევ გაიხსნა ხალათი.

 – არა ნინ, აღარ მინდა.

 – მაშინ გინდოდა – მითხრა და ცრემლები წასკდა.

 – ნინ ეგ 9 წლის წინ იყო – იდიოტობა ვთქვი მაშინვე მივხვდი. აღარაფერი უთქვამს. სამზარეულოში ჩაიდანი კიოდა. მე სკამზე ვიჯექი ძველ, გახუნებულ, მრგვალ მაგიდასთან, ის კიდევ იატაკზე ჩახვეტილიყო, სახე ხელებში ჩაემალა და უხმოდ ტიროდა.

 

მე კიდევ მინდოდა მეთქვა რაღაც. მაგრამ არ შემეძლო. გარეთ გამოვვარდი, მანქანაში ჩავჯექი და უმისამართოდ წავედი. ალბათ "რული" მურთაზას "პროფილაქტიკისკენ" გამექცეოდა და ალბათ მაგიტოც ჩავჯექი მანქანაში, მაგრამ არ გამოვიდა. ისევ გაფუჭდა.

 

 არადა მისთვის მინდოდა მეთქვა: "ნინ, შენ არ იყავი ბოზი, არც ეხლა ხარ და არც არასოდეს ყოფილხარ. შენ უბრალოდ მართლა გიყვარდა ყველა ვისთანაც იყავი. შენ მეც გიყვარდი და მურთაზას მარტო იმიტომ უწვებოდი, რომ ჩემთვის მერე რაღაცეები გეყიდა, კიდევ იმიტომ რომ სკოლას რო ვაცდენდი შენთან მოვსულიყავი და შენ სითბო, საჭმელი და დასალევი დაგეხვედრებინა.

 

კიდევ იმიტომ რომ ყოველ დილა ჩემთვის სიგარეტის ფული მოგეცა, რომ სხვებივით ბუჩქის ძირას ჭაჭის არაყი კი არა "ნემიროვი" დამელია შენთან სახლში. კიდევ იმიტომ, რომ დაბადებისდღეზე სხვებივით მეგობრებისთვის ჭიქები კი არა, ის მიმეტანა, რაც მართლა გულით უნდოდათ. ჰო ნინ, ესე იყო ვიცი. მაგრამ მაინც ყველაფერი სხვანაირად მოხდა. ჰოდა ნინ დღეს მურთაზა ჩემს მანქანას რომ აკეთებდა, მიყვებოდა როგორ გჟიმავდა, მიყვებოდა ნინ და ის არ იცოდა რომ მის პატარა პენისზე ჩვენ 9 წლის წინ ვღადაობდით. ჰოდა ნინ მე მინდოდა რო მურთაზა მომეკლა. ნინ შენ ბოზი არ ხარ, არც ყოფილხარ არასოდეს.

 

უბრალოდ ეს ბოზები შენ გეძახდნენ მეძავს. ვინ უფრო დიდი ბოზია ნინ, მურთაზა თუ შენ? იმას ცოლი ყავდა და შენთან დადიოდა, შენ კიდევ არავინ არ გყავდა, სულ არავინ და მარტო იმიტომ ხარ ბოზი, რომ სხვებივით გშიოდა და გციოდა? ნინ არ იყო რა ცუდად.

მე მართლა მიყვარდი, მაგრამ შენც ხომ იცი, რომ ეს შეუძლებელი იყო"...

 

 მერე მე მურთაზასთან მაინც გამექცა "რული". ხელიც გამექცა და ორი კვირა იწვა რეანიმაციაში, თუ კრიტიკული მედიცინის განყოფილებაში, თუ როგორცაა. მერე ყველას ეგონა რო იმიტომ ვცემე, რო მანქანა არ გამიკეთა კარგად. თვითონაც ესე ეგონა. მერე მკითხა კიდეც სასამართლოში: "კარგი ჰო მანქანა სპეციალურად გაგიკეთე ცუდად რო მალე გაფუჭებულიყო და ისევ ჩემთან მოსულიყავი, მაგრამ მაგის გამო მოსაკლავად გამიმეტეო?" რა უნდა მეთქვა, რას გაიგებდა, მურთაზა იყო რა, ბანჯგვლიანი, ტაოტიანი და ახლა უკვე ზუსტად ვიცოდი რომ ლოგინშიც ბენზინის სუნად ყარდა.

 

ან რა მაგის ბრალია რო ესეთია. მაშინ ნინს რო ვასაფლავებდი მარტოდმარტო, მაშინ მაინც რო მოსულიყო და ერთი წუთით მაინც რომ ერთი ცრემლი გადმოეგდო, არაფერს ვეტყოდი, ზუსტად ვიცი, არაფერს. ისიც ვიცი რო უაზრობა იყო მაგის ცემაც, მურთაზაა რა, მაინც ვერ გაიგებს, მურთაზად მოკვდება!.

 

გვერდის მისამართი : ბიბლიოთეკა / პროზა / მოსიაშვილი ვახო / მურთაზა და ჩემი დაკარგული ვაჟიშვილობა