მოსულიშვილი მიხო 

 

გადაჭრილი ჰალსტუხი

 

 

 

      ზურა ნარმანიას მოსაგონარი

 

„მფრინავ ჭიანჭველაზე“ მუშაობდა ზურა. მთვრალი, რაღა თქმა უნდა...

ერთ საღამოსაც გადაიხედა ფანჯრიდან და ხედავს, მის „ნულ-ცხრას“ ვიღაც ეჩალიჩება – ეტყობა, წაყვანა უნდა. ფოსტლებითვე ჩაირბინა კორპუსის ოთხი სართული, გამოვარდა სადარბაზოში და თავის მანქანასთან მიირბინა.

რას აკეთებო?

ეს მანქანა უნდა წავიყვანოო, – პატიოსნად მიუგო იმან, – პოლიცია მომდევს და ძმაკაციც დამიჭრესო!

სხვა პასუხი გაეცა, ცუდად დაუბოლოვდებოდა ამ მანქანის წაყვანის მცდელობა, მაგრამ...

კარგიო, – ბევრი აღარ უყოყმანია ზურას, – დაჯექი, მე წაგიყვანო.

შენია ეს მანქანაო? – შეყოყმანდა ის.

რაში გაინტერესებს, დაჯექიო რა! – შეუღრინა ზურამ, – და ეგ იარაღი შეინახეო!

დაემორჩილა ისიც.

საჭეს მიუჯდა ზურა, დაქოქა და წავიდნენ.

ჯერ ის დაჭრილი ეძებეს გზისპირის ნაშალებზე და ვეღარ ნახეს – ეტყობა, პოლიციამ აიყვანა...

მერე ნუცუბიძის პლატოდანაც უხიფათოდ გავიდნენ, ქალაქიდანაც გააღწიეს და შორიახლოს მდებარე ერთ სოფელში, თავის ნაცნობთან შეაფარა ზურამ დევნილი.

უკან რომ ბრუნდებოდა, ფულის დასტებით გატენილი ჩანთა გახსნა უცნობმა, რაც ერთი ჩაბღუჯვით ხელში დაეტია, იმდენი ამოიღო და გაუწოდა – ეს ჩემგან გქონდესო!

ზურა სწრაფად დაიხარა, მარჯვენა ფეხის კოჭთან მიმაგრებული დანა გააძრო (სულ თან დაჰქონდა), ისევ უმალ გაიმართა, მარცხენა ხელით პიჯაკის შიგნიდან წითელი ჰალსტუხი ამოუშალა უცნობს, კარგად დაქაჩა, ციმციმ შეაჭრა და ჯიბეში ჩაიდო – მაინც არ გიხდებოდა და ეს მექნება სახსოვრადო!

იმას სიცილი აუტყდა – ბანკის გატანისას დამჭირდა, თორემ არც მე მიყვარსო....

დაემშვიდობა ზურა, ჩაჯდა, დაბრუნდა შინ და დააბეზღა, ალბათ, ვიღაცამ – სამი თუ ოთხი თვე აღარ მოუსვენებიათ კანონის დარაჯებს – ვინ იყო, ვინც წაიყვანე; შენი რა იყო, რაღა შენთან მოვიდა, სად ჩაიყვანე და იარაღი თუ ჰქონდაო...

გავლენიანი ნათესავ-ახლობლების შეწუხებაც მოუწია, ძლივს ჩააწყნარა ეს საქმე...

გამოხდა ხანი და ზურას პანაშვიდზე შეკრებილ ბიჭებს ერთი საეჭვო გარეგნობის კაცი მიუახლოვდა, გაიხმო ერთი მათგანი ცალკე და მოზრდილი პაკეტი გადასცა – ეს გერმანიიდან გამოუგზავნეს ცხონებულსო...

აიტანეს ის პაკეტი დამწუხრებულ ოჯახში, გახსნეს და...

ალბათ, უკვე მიხვდით, შიგ რაც იქნებოდა...

ჰო, ასდოლარიანებიც და, რაც მთავარია, იმ გადაჭრილი ჰალსტუხის მეორე ნახევარი.

და რაც მთავარია, ის პოემა, სახელად „მფრინავი ჭიანჭველა“, ზურამ სიკვდილამდე დაამთავრა, „ცისკარშიც“ დაბეჭდა და წიგნადაც გამოსცა, თუმცა...

თუმცა, მეც რეზო ინანიშვილივით უნდა ვიკითხო – რა ვიცი, გიყვართ პოემები?

 

 

 

გვერდის მისამართი : ბიბლიოთეკა / პროზა / მოსიაშვილი ვახო / გადაჭრილი ჰალსტუხი