მოსულიშვილი მიხო
გედები თოვლქვეშ
შავზურგა ალბატროსი (Diomedea immutabilis) ბუდობს ჰავაის კუნძულებზე. წყნარი ოკეანის უკიდეგანო სივრცეებში დაწანწალებს, ფრენით, რასაკვირველია. სიეტლიდან (ვაშინგტონის შტატი) გაშვებული დანიშნული ალბატროსი ათი დღე-ღამე მიფრინავს და ზუსტად ჯდება თავის მშობლიურ, წყნარი ოკეანის კუნძულ მიდუეიზე. სიეტლიდან მიდუეიმდე მანძილი ხუთი ათას ასი კილომეტრია. უფრო მეტიც, ფილიპინებიდან მიდუეიმდე თორმეტი დღე-ღამე მიფრინავს, ექვსი ათას ოთხას კილომეტრს ფარავს და მაინც ჩადის...
როგორ დაფრინავს, რანაირად იგნებს გზას, ჯერაც ვერ გარკვეულან მეცნიერ-ორნითოლოგები.
ჰოდა, ეგებ სხვა წიგნებიდან მაინც გავიგო რამე მეთქი და უკვე რამდენი ხანია საჯარო ბიბლიოთეკის ბიბლიოგრაფიულ განყოფილებაში ვზივარ, ორნითოლოგიურ ფერადსურათებიან ცნობარებს ვათვალიერებ, ვფურცლავ და ვკითხულობ... ერთ მათგანს ოკეანის გიგანტური კუს ფერადი სურათი ამშვენებს, რომელსაც ბაკანზე გრძელნისკარტა მტაცებელი ფრინველი შემოჯდომია: William Hopkins Amos – Wildlife of The Islands (Wildlife habitat series); A Chanticleer Press Edition. Publishing in 1980 by Harry N. Abrams, Incorporated, New York.
ამ წიგნს «კუნძულების ცოცხალი ბუნება» ჰქვია. მოკლედ, მეცნიერ-ბიოლოგ უილიამ ამოსს თავის ჯგუფთან ერთად ლამის მთელი დედამიწის კუნძულები შემოუვლია და იქაური ეკოლოგიური სისტემები უკვლევია. ბრწყინვალედ შესრულებულ ფერად სურათებსაც გადავავლე თვალი – ზღვის ლომვეშაპებს, პინგვინების კოლონიებს, მაიმუნებს, თუთიყუშებს...
ფურცლებს მალ-მალე ვშლი, ალბატროსებთან მიმეჩქარება და უცებ...
მოიისფრო და სპეტაკი თოვლით დაფარული, ამობურცულ-ჩაბურცული და მომცრო ადგილი. ზემოთ ტყვიისფერი და პირქუში ცა. ახალგათენებული უნდა იყოს. შუქ-ჩრდილებს უკვე დაუწყიათ თვალსასეირო თამაში...
სულიერი არ ჩანს ფოტოზე და ვიდრე გავიფიქრებდი, – ალბათ, ზოგჯერ, უცხოელებსაც ეშლებათ მეთქი, უცებ მივხვდი, რომ სურათი მეორე გვერდზეც გადადის. იქ კი, მართალია, ეს თოვლის გორები გრძელდება, მაგრამ ფეხზე წამომდგარი ორი ყელმოღერებული გედიც ჩანს თავიანთი წვრილი თვალებითა და შავ-ყვითელი ნისკარტებით. ასე რომ, ეს მხოლოდ ამობურცულ-ჩაბურცული ადგილი არ არის. თოვლი ალაგ-ალაგ იმიტომ ამობურცულა, რომ გედები ყოფილან თოვლქვეშ... აგერ, გრძელი კისრები ზურგზე გადაუდიათ და ნისკარტები ფრთებქვეშ ჩაუყვიათ.
ეტყობა, ღამით მიფრინავდნენ, თოვლიანმა ქარიშხალმა მოუსწროთ და აქ დაეშვნენ. ერთმანეთის ახლო-მახლო დასხდნენ და...
არა, ის თავიანთი ბოლო, სიკვდილისწინა სიმღერა რატომ უნდა ეთქვათ, ცოცხლები არიან – ამ ორი გედივით სხვებიც ამოვლენ თოვლიდან, ტანს დაიფერთხავენ და გაფრინდებიან თავიანთ ფათერაკებიან გზაზე...
წინა გვერდზეა დაბეჭდილი ფოტოსურათის წარწერა: Whooper swans huddle together for warmth during a snow storm on the northern Japanes island of Hokkaido. The swans breed in Siberia and winter in Japan. Half of the 13,000 winter visitors stay on Hokkaido, while the rest go to islands farther south.
«კრუალა გედები სითბოს შესანარჩუნებლად ერთად გროვდებიან თოვლიანი ქარიშხლის დროს იაპონიის ჩრდილოეთ კუნძულ ჰოკაიდოზე. გედები მრავლდებიან სიბერიაში და ზამთარში იაპონიაში. ჰოკაიდოს ცამეტი ათასი სტუმრიდან ნახევარი იქვე რჩება; მაშინ, როცა დანარჩენები მიფრინავენ კუნძულიდან უფრო შორს, სამხრეთით...»
«ეივონის გედს» («The swan of Avon») უილიამ შექსპირს ეძახდნენ თანამედროვეები (ეივონი მდინარეა ინგლისის ქალაქ სტრეტფორდში).
იქნებ ჩვენი წასაკითხი კარგი მწერლებიც, შექსპირი იქნება, რაბლე, რუსთაველი თუ სერვანტესი, ამ გედებივით არიან ჩამალული თეთრ ქაღალდში და გათენებასავით ელოდებიან მკითხველს, რომ ჩვენი ცნობიერების ფათერაკიან გზებზე გაფრინდნენ და გაინავარდონ?
ქალი კატის თვალებით
ატორტმანებულ სუფრასთან მჯდარი, რამდენიმე წლის უნახავი მეგობარი გიტარაზე «ოჩი ჩორნიეს» მელოდიას უკრავს და თან მიამბობს:
«წავა, გაქრება, ქარს გაჰყვება თუ თოვლს, წვიმას თუ ბედკრულ დროს ულამაზესი ქალი კატის თვალებით, რუსთაველზე რომ მიყრდნობია ჭადარს, ნიავი შავ თმებს უფრიალებს და უარს მეუბნება ნაქირავებ ბინაში გამოყოლაზე ორი წლის მუდმივ საყვარელს – კონსერვზე, «ბუხანკა» პურზე, არაყზე და «პრიმაზე» აღარ დავდივარ, ვისაც გავყვები, რესტორანში უნდა წამიყვანოს, ბლომად ფულიც მომცეს და სახლშიც მანქანით გამიშვასო...
არადა, ერთი წლის წინ ლამის ცოლად მოვიყვანე. თურმე მატყუებდა, ცნობილი ფეხბურთელის ცოლი ვიყავი და რადგან შვილი არ გვყავდა, თვითონვე წამოვედიო...
სინამდვილეში მისი ქმარი ნარკომანი ყოფილა, შავ-ბნელ საქმეებში გარეულა და ციხეში რომ მოხვედრილა, მშობლებს გაუშორებიათ. შვილი მართლა არ ჰყოლია და ვერც ეყოლებოდა – ორსული ქალი დაუნდობლად გაულახია გონდაბინდულ ქმარს. აკი გითხარი, ცოლად მომყავდა და ძლივს გამაჩერეს ჩემიანებმა. სხვა მოვიყვანე, ჩვეულებრივი და სამ შვილს მიზრდის ახლა.
ჩემი ამბავი რომ გაუგია, სულ აუწყვეტია. დედამისი ეჩხუბებოდა ბოლოს, ნაირნაირები რომ გყავს, ერთთან მაინც იარე, შე მიწის ქვეშ ამოსადებოო... სწორედ მაშინ იყო, რომ არ წამომყვა...
ზამბახები უყვარდა და ჩემი დარგული ზამბახები ჰყვავიან ხოლმე ყოველ გაზაფხულს იმის საფლავზე...»
მოლდავური სალამური ამერიკაში
ჯერ მეგობართან სტუმრად მისული და ფანჯარაში სიგარეტის მოსაწევად გადმომდგარი, თოფის გასროლამ უნდა შეგაშფოთოს; მერე გაკვირვებულმა უნდა შეათვალიერო დამფრთხალი, ერთბაშად წამოფრენილი მტრედები, სახურავების მიღმა რომ გადაიკარგებიან და მეგობარს შეეკითხო, – რა ხდებაო?
ისეთი არაფერიო, – მოგიგებს, – ვიღაც მშიერმა მტრედებს ესროლა. თუ მოკლა, გაპუტავს, შეწვავს და მისი სადილიც ეგ იქნება და ვახშამიცო...
ნაჩქარევად უნდა გამოემშვიდობო, წამოხვიდე და რკინიგზის ვაგზლის, ანუ ეგრეთ წოდებული «დეზერტირის» მიმდებარე ტერიტორია, თავისი აურაცხელი ბაზრობებით, თითქოსდა უმიზნოდ, სასხვათაშორისოდ დაათვალიერო; იქაურებს გაესაუბრო, გაიგო, როგორ ჰყვავის ბავშვთა პროსტიტუცია თუ ტოქსიკომანია, ნარკომანია და მათხოვრობა...
ჩაუფიქრდე, როგორ ცხოვრობენ აქ თავმოყრილი დიდი თუ პატარა ადამიანები, სად ვისი ბირჟაა, რატომ და რისთვის იკრიბებიან; ვინ განაგებს ამ ყველაფერს...
იმასაც მიხვდები, როგორ გათეთრებულა საბჭოთა იმპერიის დაშლისას მითვისებული ფული, ანდა უფრო მერე, ჰუმანიტარული დახმარებებიდან თუ სხვადასხვა გრანტებიდან უგზო-უკვლოდ გამქრალი ასტრონომიული თანხები...
მთლიანად თუ შეიგრძნობ და გაითავისებ იმ მკაცრ, ულმობელ რეალობას, ჩვენი თანამემამულეების დღევანდელი უღიმღამო არსებობის მიღმა რომ დაილანდება, უიმედობით გულგაყინულს, ლამის ხელჩაქნეულს ერთი ფილმის მუსიკალური ლაიტმოტივი ხსნასავით ჩაგესმება...
ჯერ ფლეიტა გეგონება, მაგრამ მერე ერთი რეჟისორის ნათქვამს გაიხსენებ – ეს მოლდავური სალამურია, სწორედ მოლდაველებმა ჩაიტანეს ამერიკაშიო...
რა საკვირველია, ეს სერჯო ლეონეს ფილმიდანაა, «ერთხელ, ამერიკაში».
რა მწარედ და რა საკვირველად გახსენებს შენი ქვეყნის დღევანდელ რეალობას მაშინდელი ამერიკის სინამდვილე – ეპოქა ბუტლეგერებისა და ავტომატიანი განგსტერებისა; დაუნდობელი რეალობით ადრიანად გატეხილი შეყვარებული გულებისა და მერე «შავი» საქმეებით დაგროვილი მილიონებისა, თანდათან რომ უნდა გათეთრდეს, სანამ ბავშვობიდან შეზრდილი ძმაკაცი მოგპარავდეს...
არადა, მართლა კარგი მელოდიაა – კატასავით მოქნილი და სხარტი, თან მხიარული და იმავდროულად სევდიანიც...
გადაჭრილი ჰალსტუხი
ზურა ნარმანიას მოსაგონარი
«მფრინავ ჭიანჭველაზე» მუშაობდა ზურა. მთვრალი, რაღა თქმა უნდა...
ერთ საღამოსაც გადაიხედა თავისი ფანჯრიდან და ხედავს, მის «ნულ-ცხრას» ვიღაცა ეჩალიჩება – ეტყობა, წაყვანა უნდა.
ფლოსტებითვე ჩაირბინა კორპუსის ოთხი სართული, გამოვარდა სადარბაზოში და თავის მანქანასთან მიირბინა.
რას აკეთებო?
ეს მანქანა უნდა წავიყვანოო, – პატიოსნად მიუგო იმან, – პოლიცია მომდევს და ძმაკაციც დამიჭრესო!
სხვა პასუხი გაეცა, ცუდად დაუბოლოვდებოდა ამ მანქანის წაყვანის მცდელობა, მაგრამ...
კარგიო, – ბევრი აღარ უყოყმანია ზურას, – დაჯექი, მე წაგიყვანო.
შენია ეს მანქანაო? – შეყოყმანდა ის.
რაში გაინტერესებს, დაჯექიო რა! – შეუღრინა ზურამ, – და ეგ იარაღიც შეინახეო!
დაემორჩილა ისიც.
საჭეს მიუჯდა ზურა, დაქოქა და წავიდნენ.
ჯერ ის დაჭრილი ეძებეს გზისპირის ნაშალებზე და ვეღარ ნახეს – ეტყობა, პოლიციამ აიყვანა...
მერე ნუცუბიძის პლატოდანაც უხიფათოდ გავიდნენ, ქალაქიდანაც გააღწიეს და შორიახლოს მდებარე ერთ სოფელში, თავის ნაცნობთან შეაფარა ზურამ დევნილი.
უკან რომ ბრუნდებოდა, ფულის შეკვრებით გატენილი ჩანთა გახსნა უცნობმა, რაც ერთი ჩაბღუჯვით ხელში დაეტია, იმდენი ამოიღო და გაუწოდა – ეს ჩემგან გქონდესო!
ზურა სწრაფად დაიხარა, მარჯვენა ფეხის კოჭთან მიმაგრებული დანა გააძრო, სულ თან დაჰქონდა, ისევ უმალ გაიმართა, მარცხენა ხელით პიჯაკის შიგნიდან წითელი ჰალსტუხი ამოუშალა უცნობს, კარგად დაქაჩა, ციმციმ შეაჭრა და ჯიბეში ჩაიდო – მაინც არ გიხდებოდა და ეს მექნება სახსოვრადო!
იმას სიცილი აუტყდა – ბანკის გატანისას დამჭირდა, თორემ არც მე მიყვარსო....
დაემშვიდობა ზურა, ჩაჯდა, დაბრუნდა შინ და დააბეზღა, ალბათ, ვიღაცამ – სამი თუ ოთხი თვე აღარ მოუსვენებიათ კანონის დარაჯებს – ვინ იყო, ვინც წაიყვანე; შენი რა იყო, რაღა შენთან მოვიდა, სად ჩაიყვანე და იარაღი თუ ჰქონდაო...
გავლენიანი ნათესავ-ახლობლების შეწუხებაც მოუწია, ძლივს ჩააწყნარა ეს საქმე...
გამოხდა ხანი და, ზურას პანაშვიდზე შეკრებილ ბიჭებს ერთი საეჭვო გარეგნობის კაცი მიუახლოვდა, გაიხმო ერთი მათგანი ცალკე და მოზრდილი პაკეტი გადასცა – ეს გერმანიიდან გამოუგზავნეს ცხონებულსო...
აიტანეს ის პაკეტი დამწუხრებულ ოჯახში, გახსნეს და...
ალბათ, უკვე მიხვდით, შიგ რაც იქნებოდა...
ჰო, ასდოლარიანებიც და რაც მთავარია, იმ გადაჭრილი ჰალსტუხის მეორე ნახევარი.
ხოლო ის პოემა, სახელად «მფრინავი ჭიანჭველა» ზურამ სიკვდილამდე დაამთავრა, «ცისკარშიც» დაბეჭდა და წიგნადაც გამოსცა, თუმცა...
თუმცა, მეც რევაზ ინანიშვილივით უნდა ვიკითხო – რა ვიცი, გიყვართ პოემები?
ცეკვა კლდეზე
ეძღვნება «კლდის ვეფხვის»,
მიხეილ ხერგიანის ხსოვნას
«აქეთაც ქარაფებია,
იქითაც ქარაფებია.
ვიცოცხლებთ? – არაფერია!
მოვკვდებით? – არაფერია!»
ვალერიან საღლიანი
ჩემი საწერი მაგიდის თავზე ორი გაღიმებული, ნაპერწკლებიანი მზერის მქონე ვეფხვის ფოტოსურათი ჰკიდია. მარცხნიდან «კლდის ვეფხვი», მიხეილ ხერგიანი მიღიმის, მარჯვნიდან კი «თოვლის ვეფხვი», თენზინგ ნორგეი (Tenzing Norgay) – შერპი. დაუჯერებლად ერთნაირი მოყვანილობა, ნაკვთები და მშვიდი, საკუთარ თავში დარწმუნებული ღიმილი აქვთ. სურათს ქვეშ უილიამ ბლეიკის ერთი სტიქონი აწერია: «ვეფხვი! ვეფხვი! ნათელი ალი...»
ვუყურებ ამ ფოტოს და მახსენდება:
1968 წლის ერთ სისხამ დილას დედაქალაქის სანახავად ჩამოსული ექვსი წლის ბიჭი ბოტანიკურ ბაღში წამიყვანა ბიძაჩემმა – ასეთ რამეს სადღა ნახავ და მერე მადლობასაც კი მეტყვიო.
და მართლაც, უამრავ მაყურებელს შორის გამორჩეულ ადგილზე, ბიძაჩემის კისერზე შემოსკუპებულმა გამაოგნებელი სანახაობა ვნახე!..
არა, ამას ნამდვილად არ ერქვა კლდეზე ცოცვა.
ეს კლდეზე ცეკვა იყო, რაღაც საკვირველი, არნახული და არსმენილი. როგორი კატისებური მოქნილობით მოძრაობდა ის ერთი განსაკუთრებით, ცეკვავდა მართლაც, ცეკვა-ცეკვით ადიოდა, ისეთ შვერილებს პოულობდა, სხვები რომ ვერ ამჩნევდნენ.
ეს ვინ არის მეთქი? – ვკითხე ბიძაჩემს.
ვინაო? – თვალებმოწკურულმა ამომხედა.
აი, ის, კლდეზე რომ ცეკვავს მეთქი.
შენც მოგეწონაო? – გაუხარდა.
ძალიან მეთქი!
ეგ მიშა ხერგიანია, მაგას ცალი თითით შეუძლია უფსკრულის თავზე დაკიდება და იქ დიდხანს გაძლებაო.
მერე უამრავი ფილმი მინახავს მიხეილ ხერგიანის მეკლდეურობის ფრაგმენტებით, მაგრამ ის პირველი მაინც ვერ დამივიწყებია – რაღაც საოცარი, გამაოგნებელი შთაბეჭდილებით ვბრუნდებოდი სახლში და მარტო მაშინ კი არა, ძალზე ხშირად მახსენდება ახლაც. ჩემ მაშინდელ გრძნობას ნინო ანანიაშვილის პირველად ნახვას თუ შევადარებ, რომლის საბალეტო გამოსვლებს ცეკვად მოიხსენიებენ, მაგრამ, დარწმუნებული ვარ, კი არა ცეკვავს, სცენაზე დაფრინავს...
მე მაშინ ისიც კი მეამაყებოდა, რომ ამ საკვირველ ალპინისტსაც ჩემსავით «მიხეილი» ერქვა, იმისი სეხნია ვიყავი და ისე შევიყვარე, როგორც ბიძაჩემი...
მიხეილ ხერგიანის დაღუპვა რომ გამოაცხადა ტელევიზორმა, სახლის სახურავზე ავიპარე, შინაურებს რომ ვერ შეემჩნიათ და ჩუმად ვიტირე, თან ვფიქრობდი – რა ავი გამოდგა ეს იტალიის ალპები ჩემიანებისთვის – ეს ჩემი მიხეილ ხერგიანი ხომ სუ-ალტოზე ასვლისას მოწყდა, მოწყდა კი არა, გაფრინდა და იმავე ალპებში, ოღონდ მონტე-როზას მწვერვალს ხედავდა ჩემი ფორე მოსულიშვილი, სანამ თავს მოიკლავდა და ამით თოთხმეტ თანამებრძოლს იხსნიდა მეთქი. ღმერთო, როგორ მაინტერესებდა, თუ რას განიცდის ადამიანი ჩამოვარდნისას; ნეტავი, რას ფიქრობდა, როცა კვდებოდა?
მერე წლები გავიდა და უკვე გაზრდილს, გეოლოგიის ფაკულტეტდამთავრებულს, მეც მომიწია ჩემი წილი «ფრენა» ფშავის კავკასიონის ერთ პატარა კლდეზე, რომელიც, მართალია ვერაფრით შეედრება «ჩემი» მიხეილ ხერგიანის მეექვსე კატეგორიის სირთულის შვიდას მეტრიან სუ-ალტოს, სადაც უკვე ხუთასი მეტრი ჰქონდა ცეკვით გავლილი, მაგრამ ის კი გავიგე, ჩამოვარდნისას რას განიცდის ადამიანი:
«ღმერთო, რა იყო ეს – რაღაც უცნაურ, ვარდისფერ სივრცეში მივფრინავდი და გული მწყდებოდა, რომ რაც უნდა დამეწერა, ვეღარ დავწერდი...
მერე ამ შეგრძნებამ გაიარა.
ფრენას განვაგრძობდი – არც მეშინოდა, არც ვიტანჯებოდი, არც მტკიოდა რამე. ყველაფერს ერთბაშად ვხედავდი, რაც გადამხდენია გეოლოგად მუშაობისას, უნივერსიტეტში სწავლისას, სკოლის მოწაფეობისას, საბავშვო ბაღში სიარულისას – მოკლედ, თანდათან ვპატარავდებოდი და ისიც დავინახე, თუ როგორ ვთამაშობდი პატარა ბავშვი ელექტროღუმელის შიშველ სადენებზე ჩამოცმული თეთრი რგოლებით, როგორ მომვარდა დედა და განსაცდელს მომაშორა; ისიც ვიხილე, ყალბი ბროლის თვლებით შემკული საათის სამაჯურიდან როგორ ამოვაგდე ერთ-ერთი მათგანი, რისთვისაც უფროსებმა დამსაჯეს...
მთელმა ცხოვრებამ თვალწინ ჩამიარა, თუ მე ჩავუარე...
მერე ეს ვარდისფერი სივრცე დამთავრდა და ლურჯად კამკამა ცაში გავედი.
შვებით ვსუნთქავდი.
სადღაც გაქრა ჩემი მტანჯველი დრო. დრო, რომელიც ერთმანეთისგან აშორებდა გილგამეშსა და ავთანდილს, ურუქსა და თბილისს, დინოზავრსა და ძროხას; და ლოგიკურად, დროს თან მიჰყვა სივრცეც – სადაც უდროობაა, იქ არც სივრცე უნდა ყოფილიყო.
ეს ჯერ ძალიან მესიამოვნა და შემდეგ რაღაცამ შემძრა – თეთრი, გაკაშკაშებული ღრუბელი მოცურავდა ჩემსკენ ცის დასალიერიდან, მოდიოდა, მიახლოვდებოდა, თვალისმომჭრელად ჩამომყურებდა.
მერე არაბუნებრივი, იდუმალი ხმა გაისმა, რომელსაც მთელი ცხოვრება ვემორჩილებოდი თურმე და მან უკან დამაბრუნა, არ მიმიღო თავისთან.
უკან გამოვიარე ლურჯი ცა, შევედი ვარდისფერ სივრცეში – თანდათან ვიზრდებოდი, ჯერ პატარა ვიყავი, დავდიოდი საბავშვო ბაღში, ვსწავლობდი სკოლაში, უნივერსიტეტში – იქ ვიწყებდი მოთხრობების წერას, მიხაროდა, რომ კიდევ დავწერდი და ვმუშაობდი გეოლოგად, ვიდრე აქამდე...»
მკითხველთან ბოდიშის მოხდით დამოწმებული ეს პასაჟი ჩემი 1993 წელს დაწერილი მოთხრობიდან არის, რომელსაც ჰქვია «კლდედ მომევლინა ფათერაკი». სულ მეჩვენებოდა, რომ რაღაც დავაკელი ამ ნაწარმოებს და რა დავაკელი, ვერაფრით ვხვდებოდი. ხოლო მას შემდეგ, რაც ჩემმა ძველმა მეგობარმა, ერეკლე საღლიანმა დამირეკა და ამ ლეგენდარულ მთამსვლელზე წერილის დაწერა შემომთავაზა, და რაც მიხეილ ხერგიანზე წლების განმავლობაში მოგროვილ წიგნებსა და ფოტოსურათებს ჩავუღრმავდი, თან ინტერნეტშიც მოვიძიე უამრავი ვებ-გვერდი (რამაც დამიდასტურა, რომ მიხეილ ხერგიანი მილიონობით ადამიანს ჰყვარებია ჩემსავით!), უკვე ვიცი...
ამიერიდან ეს მოთხრობა ეძღვნება «კლდის ვეფხვის», მიხეილ ხერგიანის ხსოვნას.
მე რომ ექვსი წლის ასაკიდანვე არ შევმცდარვარ მიხეილ ხერგიანის დაჩემებაში, ამას ის სამახსოვრო მედალიც ადასტურებს, ამ მითადქცეული კაცის სახელზე რომ არის მოჭრილი.
მედლის ერთ მხარეს «კლდის ვეფხვის», ამ გენიალური ალპინისტის გამოსახულება ამშვენებს, მეორე მხარეს კი თავად მიხეილ ხერგიანის სიტყვებია ამოტვიფრული:
«მე თქვენ მიყვარდით, ადამიანებო».
ფრანსის ჟამს რომ ვირები შემოხვდებიან...
ავთო ვარაზის მოსაგონარი
«გოიას კაპრიჩიოებში გამოსახულ, ქებულ კარისკაცებად ქცეულ და სარკეში მოცქირალ ვირებს რომ თავი დავანებოთ, სანჩო პანსას სახედარზეც რომ ხმა არ ამოვიღოთ; არაფერი რომ არ ვთქვათ ჩვენი ფიროსმანის ნახატზე – «აქიმი ვირზედ მჯდომარე»; ისიც რომ არ გაგვახსენდეს, თუ რაზე იჯდა იერუსალიმში დიდებით მიმავალი უფალი ჩვენი და შემდგომშიც აქაური თუ უცხოელი მღვდელ-მთავარნი ანდა ნაკლები მასშტაბის საეკლესიო მოღვაწენი რითი იარებოდნენ – მაინც კეთილი უნდა ვინებოთ და, თუკი ცხენებს არ ვუკარგავთ საისტორიო დამსახურებას, ვაქანდაკებთ და ვადიდებთ, ვირებსაც გავუხსენოთ ღვაწლი და საგინებლად ნუ ვაქცევთ მათ სახელს.
ამასთან დაკავშირებით იქნებ ფრანსის ჟამის ლექსი წაიკითხო, «ლოცვა რომ სამოთხეში ვირებთან ერთად შევიდე» – გივი გეგეჭკორმა გვითარგმნა ფრანგულიდან.
იცი, რას ეუბნება უფალს?
თუ სამოთხის ღირსი ვიქნები, შენთან რომ მიხმობ, ავიღებ ჯოხს და წამოვალ. ვირები შემომხვდებიან და ვეტყვი – მე, ძმებო, ფრანსის ჟამი ვარ და აქ ბუზებს რომ იშორებთ ყურის პარტყუნით, კისერი რომ გადაგიყვლეფიათ შრომით, დარბაისლურად რომ დაგიხრიათ თავები, თქვე საბრალოებო, წამოდით, ღვთის ქვეყანაში მივდივარ, სხვაგან კი არაო. მე გევედრები, უფალო, ვირებით გარშემორტყმული, მეც ვირივით ნაჯაფი რომ ამოვალ შენთან, დაგვანახე შენი მარადიული სიწმინდე და სიყვარულიო.
მეც მეტი არაფერი მინდა, ნეტავი ერთი იმ ვირთაგანი ვიყო, ფრანსის ჟამი რომ მიუძღვით სამოთხისაკენ...»
ერთხელ სწორედ ასე მელაპარაკა უკვე საკმაოდ შემთვრალი, შუა ხანს გადაცილებული, თუ მისი ახლობლები არ მიწყენენ, მართლაცდა ვირივით ნაჯაფი, ღვთითმომადლებული ნიჭის მხატვარი და როცა ვირების სადღეგრძელო შესვა, მეც შემომთავაზა – არ გინდა, შენც ერთი იმ ვირთაგანი იყო ჩემსავით, ფრანსის ჟამს რომ შემოხვდებიანო?
ჩემი სიზარმაცის მომიზეზებით ვუთხარი უარი, თორემ მეც კინაღამ ვირად მაქცია...
ტროლეიბუსით გატაცებული ქალი
რომელიღაც სახლის აივანზე გადმოვდექით მე და ჩემი ახლობელი ქალი, რომელსაც, აგრეთვე, ერთი ბოროტი რეკეტიორი ეტრფოდა და დაქადნებული იყო, რომ თავისი ტროლეიბუსით უნდა მოეტაცა.
ჩვენი აივნის ქვემოთ შეკრებილი, აყაყანებული ბრბოც სწორედ ტროლეიბუსიან რეკეტიორს მოეყვანა.
მე ვამტკიცებდი, რომ შორს, უდაბნოს ქვიშებში მდგარ პირამიდაში სკამზე იჯდა კაცი და მალე ის პირამიდა წვერიდან გადაიხსნებოდა და კაცი სკამიანად ცაში აფრინდებოდა.
მაგრამ, დახეთ სიჯიუტეს, არ მიჯერებდნენ.
ხარხარებდა ჩემკენ თითგამოშვერილი რეკეტიორი და ახლობელ ქალსაც ირონიული ღიმილი უკრთოდა თვალებში.
მაშინ მეც დამსვით სკამზე, იმ კაცივით დავჯდები და ნახეთ, თუ მეც არ ავფრინდე-მეთქი.
მოახტა ბოროტი რეკეტიორი თავის ტროლეიბუსს, გავარდა და არ გაუვლია დიდ დროს, ავი სიცილით მომიტანა ჩვეულებრივი, ჩვენი გრეხილი ავეჯის კომბინატის ოთხფეხა სკამი.
დავჯექი თუ არა სკამზე, პირამიდა გაიხსნა, იქიდან ამოფრინდა სკამზე მჯდომი და ცაში გაფრინდა.
მართალი ყოფილაო! – იღრიალა ბრბომ.
ამ დროს მეც ავფრინდი ჩემი გრეხილი ავეჯის კომბინატის სკამიანად. მთლად ცაში არ წავსულვარ, ასე, ხუთიოდე მეტრამდე ავიწიე და ჰაერში დავეკიდე, მერე მივწი-მოვწიე სკამის საზურგე, რის შედეგადაც მიმოვუხვიე და აქეთ-იქით დავიწყე ფრენა, ოღონდ იმ წყეული ტროლეიბუსის სიჩქარეს ვერაფრით გადავაჭარბე.
ქვემოდან მომდევდნენ, ქვებს მესროდნენ. ერთი იმ სიმაღლეზე ამოხტა, კინაღამ სკამის ფეხზე დამეკიდა. მაღლა მინდოდა აწევა, მაგრამ ვეღარ ავდიოდი.
მომდევდნენ – ბღავილით, ყიჟინით, კივილით, მუშტების ქნევით.
მეკობრეებს რომ სააბორდაჟე კაუჭები ჰქონდათ, ისეთებს მესროდნენ, ჩემი დაჭერა უნდოდათ.
ამასობაში ის ბოროტი რეკეტიორი აივანზე ამძვრალიყო ჩემ ახლობელ ქალთან და თავის ავ სექსჩანაფიქრს ახორციელებდა უსირცხვილოდ – ხდიდა ის დამპალი.
ჩამოვუფრინე ალალივით, შემოვისვი ის ქალი სკამზე და გავფრინდით ორივენი.
დაიმახსოვრე, რომ ჩემი თაობა დოსტოევსკის «დეგენერატზე» გაიზარდაო! – იქადნებოდა ახლობელი ქალი.
«დეგენერატზე» კი არა, «კრეტინზე»-მეთქი, – ვუბრაზდებოდი მე, არადა, ისიც ვიცოდი, «იდიოტი» უნდა მეთქვა აშკარად.
მივფრინდით ჩემი პაპა-ბებიის სახლში და დავიწყეთ ბედნიერი ცხოვრება, გვეყოლა ცხრა შვილი და ათი შვილიშვილი.
მაგრამ ვინ დაგაცადა – მოვარდა ტროლეიბუსით ბოროტი რეკეტიორი – ახლა მიყურეთ, როგორ უნდა ფორიაქის დაცემაო! – იღრიალა და კალაშნიკოვის ავტომატით სულ გადაგვიცხრილა ფანჯრები.
მეც გავუჭახუნე აივნიდან პაპაჩემის ფინდიხი და, რასაკვირველია, ავაცდინე.
ვის გაუბედე, შე ახვაროო! – დამიღრიალა და შემომივარდა სახლში. ქვემოთ ჩემი ახლობელი ქალი დახვდა, იმას ელაპარაკებოდა და ეჭვი მეპარებოდა, რომ თავის ავ სექსჩანაფიქრს ახორციელებდა ის უნამუსო, თანაც პირდაპირ შვილების და შვილიშვილების თვალწინ.
ფაციფუცით ვტენიდი და ვერც ვტენიდი პაპაჩემის ფინდიხს, რათა ვაჟკაცურად გავსულიყავი და გამეგორებინა მოძალადე.
როცა ფინდიხი გავტენე და ქვემოთ ჩავირბინე, დავინახე, რომ რეკეტიორმა ზურგზე მოიგდო ის ჩემი ახლობელი ქალი, ძუნძულით მიირბინა ტროლეიბუსამდე, ავიდა, დაკეტა კარი და გაუტია.
მეც მოვახტი ჩემ გრეხილი ავეჯის კომბინატის სკამს და გამყივანი ყიჟინითა და ვეფხვისებური ღრიალით გამოვედევნე.
მივდევდი და ვერ ვეწეოდი ვერაფრით.
ისინი კიდევ ტროლეიბუსშივე ცხოვრობდნენ ბედნიერად, ცხრა შვილი და ათი შვილიშვილი ჰყავდათ.
მე კი ისევ მივდევდი და ისევ ვერ ვეწეოდი ვერაფრით.
მოკლედ, სიზმარშიც არ გაგახარებენ ადამიანს.