მოსულიშვილი მიხო 

 

მაინც რატომ შეჭამეს აბორიგენებმა კაპიტანი ჯეიმზ კუკი

 

 

 

ახლა ვლადიმირ ვისოცკი 65 წლის იქნებოდა და, ალბათ, სათაურში დასმულ შეკითხვას მასზე კარგად ვერავინ უპასუხებდა; ხოლო მისი ერთ-ერთი მეგობრის, იური ვიზბორის მოგონებას – „ის ვერ დაბრუნდა ბრძოლიდან“ თუ გადავათვალიერებთ, ვნახავთ, რომ:

ის მარტო იყო.

უფრო მარტო, ვიდრე წარმოედგინათ.

საიდან გაჩნდა ეს ხრინწიანი ხმა?

ეს ჩახლეჩილი ხმის იოგები, რომლებსაც თანხმოვნების სიმღერაც შეეძლოთ?

საიდან მოვიდა ტრაგიზმის შეგრძნება სულ უბრალო სიმღერაშიც კი?

შინაგანი ძალიდან.

მოსკოვური ეზოებიდან თუ ქუჩებიდან, სადაც თაყვანს სცემდნენ ძალას.

ბავშვობიდან, სადაც იყო სკოლის „ბუბლიკები“ და ჩხუბები დაპობილი შეშის შტაბელებთან.

ის ძალიდან იყო გაჩენილი.

ის ესთეტები ვერ იტანდნენ, სიმართლედ რომ ასაღებდნენ თავიანთი გამოგონილი ცხოვრების სურათებს.

ის შოკში აგდებდა მათ თავისი შემოქმედების ფორმითაც და შინაარსითაც.

ყველაზე მეტად იმიტომ სძულდათ, რომ იმ სიმართლის თქმას ცდილობდა, თავად რომ გვერდს აუვლიდნენ ხოლმე მოხდენილად ჩაცმულნი, – რადგან სიმართლე ხორკლიანი იყო.

ის ჩქარობდა, ნაადრევ სიკვდილს თუ უგრძნობდა გული. ექვსასამდე სიმღერა დაწერა. იშვიათად იტაცებდა კონსტრუქცია, – მხოლოდ თემას მოინიშნავდა და მომდევნო სიმღერაზე გადადიოდა.

ბევრს ჰყვებიან მის ლოთობასა და „შავ“ ცხოვრებაზე, თუმცა ამ მონათხრობებში გისოსების მიღმიდან გამოსული მითი უფრო მეტია, ვიდრე სინამდვილე. სიმართლე კი ისაა, რომ მოსკოვის დრამისა და კომედიის თეატრში ტაგანკაზე ითამაშა ოცზე მეტი როლი. უთვალავი კონცერტი გამართა თვალუწვდენელ საბჭოთა კავშირში და საზღვარგარეთაც, მარინა ვლადის ცოლად მოყვანის შემდეგ. როგორც კინომსახიობი, მონაწილეობდა ოცდაათი მხატვრული და სატელევიზიო ფილმის შექმნაში; რვა რადიოსპექტაკლში...

მაშინ სიმღერა მანუფაქტურული ხერხით იწერებოდა – ტექსტს აუცილებლად პოეტი ქმნიდა, მუსიკას – კომპოზიტორი, არანჟირებას – მოარანჟირე, სიმღერას მომღერალი ასრულებდა.

ვისოცკიმ განაგრძო ბულატ ოკუჯავას მიერ დაწყებული საავტორო სიმღერის სტილი, თავისი საკუთარიც დაუმატა და მიიღო ისეთი განუმეორებელი ხელწერა, სადაც თანაბრად არსებობენ ოსტატის ჩახლეჩილი ხმა, შვიდკაპიკიან შვიდ სიმზე აწყობილი ხიწვებიანი გიტარა და არანაკლებ ხორკლიანი ლექსები. უცნაური ის იყო, რომ ამ სამივე კომპონენტს თავ-თავისი ხარვეზები ჰქონდა და, წესით და რიგით, ერთად აჟღერებული ურიგო უნდა გამოსულიყო, მაგრამ საოცარი იყო, რომ ერთად მოსმენილნი განუმეორებელ სტილურ მთლიანობას ქმნიდნენ.

პოპულარობაში ტოლს ვერ დაუდებდა ბევრი.

არტისტი იყო და არავითარი წოდება არ ჰქონდა.

მომღერალი იყო და მხოლოდ ერთი მოკრძალებული ფირფიტა გამოსცა, ისიც რბილი.

პოეტი იყო და ერთხელაც არ დაბეჭდილა ლიტერატურულ ჟურნალ-გაზეთებში.

კინომსახიობი იყო და არცთუ სახარბიელო ფილმებშია გადაღებული.

მთელი ცხოვრება ჩინოვნიკებს ეომებოდა, რომლებსაც მისი ნაღვაწი შემოქმედებად არ მიაჩნდათ, თუმცა სწორედ ვალოდიაში ხედავდნენ იმ ყველაფერს, რისი დანახვაც საკუთარ თავში უნდოდათ – ძველი ბიჭი, ლოთი, დაცენტრილი, იაფფასიან პოპულარობას გამოდევნებული, ლუდხანებისა და სადარბაზოების მეტრი.

გაფუყული არარაობანი საკუთარი ყალბი ლექსების კრებულებს უშვებდნენ და მრავალათასიანი ტირაჟებით ამტკიცებდნენ თავიანთ უნიათობასა თუ უნიჭობას. მერე კუდებაქიცინებული ლიტმცოდნე-კრიტიკოსები გვარიანად წაემლიქვნელებოდნენ და საქმეც წინ მიდიოდა. ხოლო რასაც ვისოცკი აკეთებდა, გამადიდებელი ლუპის ქვეშ განიხილებოდა და მისი წაბორძიკებები ვერაგულად დადებული ფეხის თუ ქიმუნჯის ბრალიც იყო. ხშირად ჯერ ის იყო საკითხავი, მიიღებდა თუ არა მონაწილეობას ამა თუ იმ ფილმში.

მადლობა ღმერთს, სიმღერებში არავინ ზღუდავდა, რადგან მაგნიტოფონის ლენტა თავისუფლად იყიდებოდა და ისიც მაგნიტოფონებიდან ყვიროდა თავის აჩქარებულ ლექსებს. ხოლო ეს მაგნიტოფონები სახლიდან სახლში, ეზოდან ეზოში, ქუჩიდან ქუჩაში, უბნიდან უბანში, ქალაქიდან ქალაქში, რესპუბლიკიდან რესპუბლიკაში ვრცელდებოდა და ეს ყვირილი მაგნიტოფონიდან მთელი მაშინდელი საბჭოთა კავშირის თავზე ეკიდა დამოკლეს მახვილივით.

ამ სიმღერებს თავიანთი უცნაური ძალისათვის და ულამაზოდ გამოხატული სიმართლისათვის მიეტევებოდა ყველაფერი.

დიახ, მისი სიმღერები სახალხო იყო, თავადაც სახალხო არტისტი იყო და ამის დასამტკიცებლად არანაირი მოწმობისა თუ სიგელის წარმოდგენა არ სჭირდებოდა.

იმის ხმაზე თავისით გროვდებოდნენ მსმენელები და მოჯადოებული უყურებდნენ. მის ყელზე სახიფათოდ დაიბერებოდა ძარღვები, ის ჩახლეჩილი ხმა სულ უფრო და უფრო მაღლდებოდა და ფართოვდებოდა, სივრცეს ავსებდა. ისე უკრავდა, გეგონებოდა – გიტარის სიმები ვეღარ გაუძლებენ და დაწყდებიანო; ისე მღეროდა, იფიქრებდი, ის დაბერილი ვენები დაუსკდება და ის ბჟღრიალა ხმაც ჩაუწყდება... და ასე აღესრულებაო.

მისი ყოველი სიმღერა გედისას ჰგავდა, თუმცა ვაჟკაცურიც იყო და ნაზიც, ბრძნულიც და სამოძღვრებოც, მართალიც და ცბიერიც, მხიარულიც და დამცინავიც; ფინალებიც მოულოდნელი ჰქონდა, და რაც მთავარია, ეს სიმღერები ყოველთვის მალავდნენ სხვა, სიღრმისეულ აზრს.

„ვლადიმირ სემიონოვიჩს“ აღარავინ ეძახდა. იგი ყველასთვის „ვალოდია“ იყო და მორჩა, „ვალოდია ვისოცკი“.

ის გარდაუვლად შეიგრძნობდა თავის ნაადრევ აღსასრულს და ბევრს მღეროდა ამაზე. და პარადოქსის სახით ისიც შეიძლება ითქვას, რომ მისი გრძელი, ორმოცდაორწლიანი თვითმკვლელობა სიცოცხლის სიყვარულით იყო ნაკარნახევი.

შესაძლებელია, ვალოდია ვისოცკიმ თავისი ცხოვრების პარაბოლა იმდენად აღსასრულის წინ ტაგანკაზე, თეატრში, ჯინსებით ნათამაშები ჰამლეტის როლით კი არა, იმ სიმღერით გამოხატა, რომელსაც ასე ჰქვია – „ერთი სამეცნიერო გამოცანა, ანუ რატომ შეჭამეს აბორიგენებმა კუკი“ და რომელიც 1973 წელს არის დაწერილი (1979 წელს კიდევ ერთხელ არის რედაქტირებული ავტორის მიერ).

თქვენს მეგობარ გოგოს რომ გაუსხლტებით ხელიდან, სხვათა წელს ნუღარ მისწვდებით... გაიხსენეთ, როგორ მიცურდა ავსტრალიის ნაპირებთან აწ განსვენებული კუკი.

როგორც იელის ბუჩქის ქვეშ მზის ამოსვლიდან ჩასვლამდე საჭმლით ჩამჯდარი მაწანწალების ჯგუფი, ამ მზიურ ავსტრალიაშიც ერთმანეთს ჭამდნენ ბოროტი ველურები.

მაგრამ რატომ შეჭამეს აბორიგენებმა კუკი? გაუგებარია, რატომ და ამაზე მეცნიერებაც დუმს. მე კი სულ უბრალოდ წარმომიდგენია – შიოდათ და იმიტომ შეჭამეს კუკი.

არის ვარიანტი, რომ იმათმა ბელადმა, დიდმა ბაიყუშმა და უჟმურმა ვინმემ, განაცხადა, – ძალიან გემრიელი კოკია კუკის ხომალდზეო... ჰოდა, შეცდომა გამოუვიდათ, – აი, რაზე დუმს მეცნიერება! – უნდოდათ კოკი, მაგრამ შეჭამეს კუკი!

არა, საერთოდ არ გამოუყენებიათ ხრიკი თუ ტრიუკი, – შევიდნენ დაუკაკუნებლად, თითქმის უხმაუროდ. მერე აამუშავეს ბამბუკის კეტები... „ბრახ!“ – პირდაპირ კეფაში და... აღარ არის კუკი!

თუმცაღა, კიდევ არის ერთი ვარაუდი – თითქოს დიდი პატივისცემისგან შეჭამეს კუკი. თურმე, ყველა ველურს აქეზებდა ერთი კუდიანი ჯადოქარი დედაბერი – „აბა, ჰე, ბიჭებო, დაიჭირეთ კუკი! და ვინც უმარილოდ და უხახვოდ გადასანსლავს, ის კუკივით ძლიერი, მამაცი და კეთილი იქნებაო!“ ჰოდა, ვიღაცას ხელში ქვა მოხვდა, დაჰკრა თავში იმ გველის წიწილმა და მორჩა, აღარაა კუკი!

ჰოდა, ახლა ის ველურები სულ ხელებს იმტვრევენ, ამტვრევენ თავიანთ შუბებს, ამტვრევენ თავიანთ ისრებს და ის ბამბუკის კეტებიც ან დაწვეს, ანდა გადაყარეს – აი, ასე ძალიან განიცდიან, რომ შეჭამეს კუკი!

ისე კი, ამ საწყალი ავსტრალიელი აბორიგენების ცოდვაში ნუ ჩავდგებით და სიმართლეს თუ ვიტყვით, ყველა-ყველა და, იორკშირის საგრაფოში 1728 წელს დაბადებული ცნობილი ინგლისელი ზღვაოსანი ჯეიმზ კუკი იმათ მართლა არ შეუჭამიათ. გემების „რეზოლიუშენისა“ და „დისკავერის“ ექსპედიციის უფროსი, ორმოცდათერთმეტი წლის კაპიტანი ჯეიმზ კუკი 1779 წლის 14 თებერვალს შეჭამეს კუნძულ ჰავაის ადგილობრივმა მკვიდრებმა ისე, რომ არავითარი „ცუდი“ განზრახვა არ ჰქონიათ – უბრალოდ, იმათ წარმოედგინათ, რომ შეჭმულის ყველა თვისება – ძალა, ჭკუა, მოხერხება, ვაჟკაცობა, თავგანწირვა და, საერთოდ, ყოველგვარი სიკეთე – შემჭმელებში გადადის...

მართალია, მაშინდელი საბჭოთა კავშირის დიდმოხელეებსა თუ სხვა ჩინოვნიკებს სულაც არ სწამდათ, რომ შეჭმულის ძალა შემჭმელში გადადის, მაგრამ 1980 წლის აგვისტოს დასაწყისში ხალხით გადაჭედილ ტაგანკაზე ისინიც თავდახრილი მიჰყვებოდნენ 27 ივლისს სასწრაფო დახმარების მანქანის მოუსვლელობის გამო აღსრულებული ვალოდია ვისოცკის კუბოს. და ვინ იცის, იქნებ სწორედ ამიტომაც მიანიჭეს 1987 წელს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირის სახელმწიფო პრემია (სიკვდილის შემდეგ).

 

 

გვერდის მისამართი : ბიბლიოთეკა / პროზა / მოსიაშვილი ვახო / მაინც რატომ შეჭამეს აბორიგენებმა კაპიტანი ჯეიმზ კუკი