მოსულიშვილი მიხო 

 

მოლდავური სალამური ამერიკაში

 

 

 

ჯერ მეგობართან სტუმრად მისული და ფანჯარაში სიგარეტის მოსაწევად გადმომდგარი, თოფის გასროლამ უნდა შეგაშფოთოს; მერე გაკვირვებულმა უნდა შეათვალიერო დამფრთხალი, ერთბაშად წამოფრენილი მტრედები, სახურავების მიღმა რომ გადაიკარგებიან და მეგობარს შეეკითხო, – რა ხდებაო?

ისეთი არაფერიო, – მოგიგებს, – ვიღაც მშიერმა მტრედებს ესროლა. თუ მოკლა, გაპუტავს, შეწვავს და მისი სადილიც ეგ იქნება და ვახშამიცო...

ნაჩქარევად უნდა გამოემშვიდობო, წამოხვიდე და რკინიგზის ვაგზლის, ანუ ეგრეთ წოდებული „დეზერტირის“ მიმდებარე ტერიტორია, თავისი აურაცხელი ბაზრობებით, თითქოსდა უმიზნოდ, სასხვათაშორისოდ დაათვალიერო; იქაურებს გაესაუბრო, გაიგო, როგორ ყვავის ბავშვთა პროსტიტუცია თუ ტოქსიკომანია, ნარკომანია და მათხოვრობა...

ჩაუფიქრდე, როგორ ცხოვრობენ აქ თავმოყრილი დიდი თუ პატარა ადამიანები, სად ვისი ბირჟაა, რატომ და რისთვის იკრიბებიან; ვინ განაგებს ყველაფერ ამას...

იმასაც მიხვდები, როგორ გათეთრებულა საბჭოთა იმპერიის დაშლისას მითვისებული ფული ანდა უფრო მერე, ჰუმანიტარული დახმარებებიდან თუ სხვადასხვა გრანტიდან უგზო-უკვლოდ გამქრალი ასტრონომიული თანხები...

მთლიანად თუ შეიგრძნობ და გაითავისებ იმ მკაცრ, ულმობელ რეალობას, ჩვენი თანამემამულეების დღევანდელი უღიმღამო არსებობის მიღმა რომ დაილანდება, უიმედობით გულგაყინულს, ლამის ხელჩაქნეულს ერთი ფილმის მუსიკალური ლაიტმოტივი ხსნასავით ჩაგესმება...

ჯერ ფლეიტა გეგონება, მაგრამ მერე ერთი რეჟისორის ნათქვამს გაიხსენებ – ეს მოლდავური სალამურია, სწორედ მოლდაველებმა ჩაიტანეს ამერიკაშიო...

რასაკვირველია, ეს სერჯიო ლეონეს ფილმიდანაა, „ერთხელ, ამერიკაში“.

რა მწარედ და რა საკვირველად გახსენებს შენი ქვეყნის დღევანდელ რეალობას მაშინდელი ამერიკის სინამდვილე – ეპოქა ბუტლეგერებისა და ავტომატიანი განგსტერებისა, დაუნდობელი სინამდვილით ადრიანად გატეხილი შეყვარებული გულებისა და მერე „შავი“ საქმეებით დაგროვილი მილიონებისა, თანდათან რომ უნდა გათეთრდეს, სანამ ბავშვობიდან შეზრდილი ძმაკაცი მოგპარავდეს...

არადა, მართლა კარგი მელოდიაა – კატასავით მოქნილი და სხარტი, თან მხიარული და იმავდროულად სევდიანიც...

 

 

 

გვერდის მისამართი : ბიბლიოთეკა / პროზა / მოსიაშვილი ვახო / მოლდავური სალამური ამერიკაში