მოსულიშვილი მიხო 

 

მჭედლო რომ ვერხვების სიმღერას დააპირებს

 

 

 

– აი, შენც „ვერხვები“ მთხოვე და მამაჩემი გამახსენდა.

რა კაცი იყო მამაჩემი, იცი?

გამიყვანა ერთხელ ცალკე, სალაპარაკო მაქვს შენთანო.

რა იყო-მეთქი?

რა იყოო, შვილო და, ჩემთან წამოსვლას რომ დააპირებთ, კაი სოფლის დედალი მოხარშოს შენმა ცოლმა ან დაიკომო.

სად-მეთქი, კაცო?

მერე, ხო იცი, რომ მოიხარშება, მარილი ცხელ-ცხელს უნდა მოაყაროს, რომ კარგად გაუჯდესო.

ვა, რას-მეთქი?

იმ სოფლის დედალსო. რა იყო, ასე არ გასწავლეთ მე თქვენო?!

კი, ასე გვასწავლე-მეთქი.

და მართლა კაი ღვინო იშოვე, იცოდე, ცუდ ღვინოს ნუ მაკადრებ, ბიჭოო!.. ხომ გასწავლე მე შენ კაი ღვინის ცნობაო?

კი-მეთქი, კი!

ჰოდა, წამოიღე პურ-მარილი, წამოიყვანე ნათესავები და ჩემს საფლავზე რომ მოხვალთ, პირდაპირ ცხვირ-პირში ნუ შემომასხამთ იმ კაი ღვინოს, ერთი ჭიქა წამიქციეთ ფეხებთან და დანარჩენი თქვენ დალიეთ პატარ-პატარა ჭიქებით. ხომ იცი, კაი ღვინო პატარ-პატარა ჭიქებით უნდა სვა, რომ გაგიჯდეს კარგადო.

კარგი რა, მამა, რა დროს ეგ არი-მეთქი, – გამოვექცე უნდა.

მოიცა, ბიჭო, რომ გელაპარაკებიო, – მაჩერებს, – და ერთი დაიმახსოვრე კიდევო. იმ კაი ღვინის შოვნა შემოდგომისკენ უფრო მოსახერხებელია და თუ შემოდგომითაც ვეღარ იშოვით, ჩემს საფლავზე არ დაგინახოთ საერთოდო!

აუ, კარგი რა, მამა, კარგი რა-მეთქი! – გავურბივარ.

ე მოიცადე, შე უსვინდისო, ასეთი კაი პურ-მარილი და ის კაი ღვინო ქე რომ მოგაქვს ჩემთან, იმ ჩვენ ბჟღრიალა და ბაფთიან გიტარას სახლში ტოვებო?! ეს გასწავლე მე შენო?

არ ვტოვებ, ბატონო, ისიც მომაქვს-მეთქი!

ჰოდა, კაი ხასიათზე რომ დადგები, – მაშინ უნდა მიმღერო გალაკტიონის „ვერხვები“, ჟღარუნა და ჯაგიჯუგა სიმღერები არ გამაგონო, თორემ არ ვიცი, რას ვიზამ პირდაპირო!.

 

 

 

გვერდის მისამართი : ბიბლიოთეკა / პროზა / მოსიაშვილი ვახო / მჭედლო რომ ვერხვების სიმღერას დააპირებს