მოსულიშვილი მიხო 

 

ოპერის წინ

 

 

 

ოპერის წინ, მიწისქვეშა გადასასვლელში, სადაც მთელი დღე უკრავენ გიტარებზე ახალგაზრდები და, ალბათ, პურის ფულსაც აგროვებენ, ყოველ საღამოს, იმათი წასვლის შემდეგ, ერთი კაშნეში ნიკაპჩარგული, შუბლზე ნაქსოვქუდჩამოფხატული ფლეიტისტი უკრავს და ხურდა ფულის ჩასაყრელადაც სამფეხა შტატივზე მიმაგრებულ ფლეიტის ყუთს იყენებს.

რამდენჯერაც საღამოს მომიწევს ხოლმე გავლა, ვჩერდები და ვუსმენ იმის კომპოზიციებს – „ბითლზისა“ თუ სხვა პოპულარული ანსამბლების მელოდიებს. კლასიკას იშვიათად, მაგრამ მაინც უკრავს, თუმცა მეტად თავისებურად. მაგალითად, მოცარტის „ჯადოსნური ფლეიტის“ სახელგანთქმულ პასაჟს მეტისმეტად ჩქარი ტემპით უკრავს, თანაც გამარტივებულად – მოკლედ, როგორც ჩემი მასწავლებელი იტყოდა, „აფუჩეჩებს“.

გავბრაზდი ერთხელ ძალიან, ჩამოვუდექი და ბრძანების ტონით ვთხოვე, სწორად დაეკრა.

პროფესიონალი მუსიკოსი გამოდგა და ჩემი „თხოვნის“ შესრულება არ გასჭირვებია. აბა, სხვა დროს რატომღა ჩქარობ და ამარტივებ-მეთქი?

სანამ მიწისქვეშა გადასასვლელს გაივლის გამვლელი, მთელი მელოდიის მოსმენა უნდა მოაწროსო, – ამიხსნა, თან ფლეიტის ყუთიდან ხურდა წამოკრიფა მორცხვად და ვიდრე ის დამასწრებდა, მე დავპატიჟე და ერთად დავლიეთ მოცარტის „ჯადოსნური ფლეიტის“ სადღეგრძელო.

ვდგავარ ახლა და ვფიქრობ – რა ვუთხრა ცოლს, რატომ ვერ მოვიტანე სახლში ათი კილო კარტოფილი-მეთქი...

 

 

 

გვერდის მისამართი : ბიბლიოთეკა / პროზა / მოსიაშვილი ვახო / ოპერის წინ