მოსულიშვილი მიხო 

 

პიგმალიონი მუსიე ჰიუგოსა და მუსიე ვოლტერის გვერდით

 

 

 

ეს ამბავი შეიძლება იმ ცნობით დავიწყოთ, რომელმაც გასული (2002) წლის დეკემბრის შუა რიცხვებში მოაღწია ჩვენამდე.

მაშინ გაზეთები იუწყებოდნენ, რომ საფრანგეთში როგორც იქნა აღადგინეს ისტორიული სამართლიანობა და დიდი მწერლის, ალექსანდრ დიუმას ნეშტი მისი მშობლიური ნორმანდიის პატარა ქალაქ ვილერ-კოტრედან, სუასონიდან ლიონისკენ მიმავალ გზაზე რომ მდებარეობს, პარიზის პანთეონში გადაასვენეს.

თურმე მწერლის ნეშტს მუშკეტერები მიაცილებდნენ: ათოსი, პორთოსი, არამისი და, რასაკვირველია, დარტანიანი...

ჩვენთვის ამ ფაქტიდან ყველაზე საინტერესო ის არის, რომ საფრანგეთის ამჟამინდელ პრეზიდენტ ჟაკ შირაკს ისე ძალიან ჰყვარებია „მამილო დიუმა“, რომ მუშკეტერის ჯვარდაქარგული მოსასხამი უკვე შერჩეული ჰქონია – მე თვითონ უნდა გავაცილო მწერლის ნეშტიანი კუბოო.

როგორც იუწყებიან, სულ ბოლო მომენტში ძლივსძლივობით გადაუთქმევინებიათ განზრახვა – არ შეიძლება მაგის გაკეთება, რაც უნდა იყოს, მაინც ამხელა ქვეყნის პრეზიდენტი ბრძანდებითო.

კარგი, დაგიჯერებთო, – უთქვამს მუსიე შირაკს, – მე იმით მაინც ბედნიერი ვარ, რომ ამიერიდან მუსიე დიუმა მუსიე ჰიუგოსა და მუსიე ვოლტერის გვერდით ჩინებულად იგრძნობს თავსო.

ამგვარი განათლებული პრეზიდენტისთვის სრულიად აღარ უნდა იყოს უცხო, თუ რატომაა მასობრივსა და ელიტარულ კულტურას შორის თავის დროზე ხელოვნურად გავლებული სადემარკაციო ხაზი კაი ხნის გაუქმებული.

ვის-ვის და, ასე მგონია, ცოცხალი რომ ყოფილიყო, ეს ამბავი ყველაზე მეტად იმ კაცს გაახარებდა, ვისაც მეცხრამეტე საუკუნის დასაწყისში საკუთარი მამის მამა უწოდა სახელგანთქმულმა მწერალმა ქალმა ჟორჟ სანდმა.

მამაკაცის გვარ-სახელს შეფარებულმა ამ მწერალმა ქალბატონმა ასე დაამშვიდა მხიარული და გულკეთილი დიუმა-მამის მფლანგველობით, საყვარლებით, სასამართლო პროცესებით და სხვა ათასი მოუგვარებელი პრობლემით შეწუხებული და აბუზღუნებული დიუმა-შვილი:

„დამიჯერეთ, მამილო დიუმა ტალანტის სიჭარბეს თავის მფლანგველობას უნდა უმადლოდეს. დიახ, უბრალოებისადმი მაქვს მიდრეკილება, მაგრამ მე ხომ მარტივ რამეებს ვქმნი, ისეთს, როგორიც ორჯერ ორია. მას კი, ადამიანს, რომელიც საკუთარ პიროვნებაში მთელ სამყაროს ატარებს – მოვლენებს, გმირებს, გამცემებს, ჯადოქრებს, თავგადასავლებს, რომლებიც განსახიერებულია თვით დრამაში, არ ფიქრობთ, რომ უბრალოებისადმი მიდრეკილება დაღუპავდა, როგორც მწერალს და ფანტაზიას ჩაუქრობდა? მისთვის აუცილებელია გადაჭარბება, რათა ცეცხლი ცხოვრების კერიაზე ჩაუქრობლად შემოინახოს. მართალი ხართ, თქვენ ვერ მოახერხებთ მის გარდაქმნას, თქვენ დაგაწვებათ ტვირთი ორმაგი დიდებისა – მისი და თქვენი. თქვენი – მთელი თავისი ნაყოფით, მისი – მთელი თავისი ეკლებით. რას იზამ! მან თქვენ გადმოგცათ თავისი დიდი ნიჭი და ამიტომაც მიაჩნია, რომ თქვენთან ანგარიში გასწორებული აქვს... ეს სიმკაცრეა და, საერთოდ, ძნელიცაა – გინდა თუ არა, ხანდახან კაცი უნდა გახდე კიდეც მამა საკუთარი მამისა...“

თუმცა არც ის უნდა გამოგვრჩეს მხედველობიდან, რომ დიუმა-შვილი ძალიან მალე ივიწყებდა წყენას და ისე მიმართავდა საკუთარ მამას, მამაშვილური სიყვარულის ქრესტომათიულ ნიმუშად რომ ივარგებს:

„შენ ამაყი იყავი და ბედნიერი, როგორც ყველა მამა. შენ მხოლოდ ერთი რამ გინდოდა – სხვათა ნათქვამი დაგეჯერებინა და, შეიძლება, გჯეროდა კიდეც. ძვირფასო დიდო ადამიანო, გულუბრყვილო და გულკეთილო. შენ ისევე მინაწილებდი შენსავე დიდებას, როგორც მინაწილებდი ფულს, როცა მე ახალგაზრდა და ზარმაცი ვიყავი. ბედნიერი ვარ, რომ საშუალება მომეცა, საზოგადოების თანდასწრებით მდაბლად დაგიხარო თავი და ყველას წინაშე გამოვხატო ჩემი პატივისცემა და მოკრძალება. მინდა, მოგეხვიო იმ მამაშვილური სიყვარულით, როგორითაც მიყვარხარ“...

ჰოდა, ყველაზე მეტად დიუმა-შვილი გაიხარებდა-მეთქი, სწორედ ამიტომ მოგახსენეთ.

გაიხარებდა და 1880 წლის ერთ პარიზულ ამბავს გაიხსენებდა, როცა ჩამოყალიბდა კომიტეტი მალზერბის მოედანზე დიუმა-მამის ძეგლის დადგმის ორგანიზაციისთვის. იმხანად მკითხველმა უმადურობა გამოიჩინა ფათერაკებიანი წიგნების ჯადოქრის მიმართ და ხელმოწერით ძალზე მცირე, ძეგლის დასადგმელად არასაკმარისი თანხა მოგროვდა.

თუმცა ამას ზეგავლენა არ მოუხდენია „დონ კიხოტის“ სახელგანთქმულ ილუსტრატორ გუსტავ დორეზე, რომელმაც უსასყიდლოდ შექმნა მონუმენტის პროექტი დიუმა-მამის მიერ დიუმა-შვილისთვის ნაამბობი აი, ამ სიზმრის მიხედვით:

„მესიზმრა, თითქოს ქვის მთის მწვერვალზე ვდგავარ, რომლის თითოეული ქვაც ჩემს რომელიღაც წიგნს მაგონებს“.

სწორედ ისე, როგორც იმ სიზმარში, ქვის წიგნებით აგებულ ვეება პიედესტალზე ბრინჯაოში ჩამოსხმული, მოღიმარი დიუმა ზის. სკულპტურის ერთ მხარეს მკითხველთა სამკაციანი ჯგუფია დიუმას წიგნებით ხელში, ხოლო მეორე მხარეს კი დარტანიანი მიმჯდარა – ალბათ, მორიგეობისგან თუ დაიღალა...

შეგვიძლია, წარმოვიდგინოთ კიდეც, როგორ ზის 1883 წლის 3 ნოემბერს იმ ძეგლის გახსნაზე, გნებავთ, ამასწინანდელ პარიზის პანთეონში გადასვენების ცერემონიალზე დიუმა-შვილი და თვალცრემლიანი ისმენს ორატორთა გამოსვლებს – ეს ხომ მისი და მამამისის ცხოვრების პატარა, მაგრამ დაუვიწყარი კარნავალია.

მაგალითად, ჟიულ კლარეტის ნათქვამს: „ამბობენ, დიუმამ სამი თუ ოთხი თაობა გაართოო. მაგრამ დიუმამ გართობაზე მეტი გააკეთა: დიუმა თაობებს ანუგეშებდა. და თუ მან კაცობრიობა უფრო დიდსულოვანი დახატა, ვიდრე სინამდვილეშია, ამის გამო ნუ ვუსაყვედურებთ. იგი ქმნიდა ისეთ ადამიანებს, როგორიც თავად იყო“...

ანდა, სულაც ედმონ ამუს ნათქვამს: „ეს ქანდაკება ხალასი ოქროსგან იქნებოდა ჩამოსხმული, დიუმას ყველა მკითხველს თითო სანტიმი რომ შეეტანა. ეს ქანდაკება, ბატონებო, გამოსახავს დიდ შეშლილს, რომელიც მთელი თავისი სისხლსავსეობით, მთელი თავისი არაჩვეულებრივი მხიარულებით საკუთარ თავში უფრო მეტ საღ აზრსა და ჭეშმარიტ სიბრძნეს იტევდა, ვიდრე ჩვენ, ყველანი, ერთად აღებული... ეს არის სახე სუსტი და დამთმობი მამისა, რომელმაც თავის ნებაზე მიუშვა შვილი და მაინც იშვიათი ბედნიერება ხვდა წილად – სიცოცხლეშივე ენახა, როგორ აგრძელებდა მის საქმეს ერთ-ერთი ყველაზე გამოჩენილი და ბრწყინვალე ადამიანი მათ შორის, ვისაც კი საფრანგეთი უსახელებია...“

და დიუმა-შვილს მართლაც დიდი მოწიწება რომ ჰქონდა მამამისის მიმართ, ამას ერთი ეს ფაქტიც ადასტურებს: ალექსანდრ დიუმა-მამა რომ აღესრულა, გაზეთები დაფაცურდნენ და სასწრაფოდ ჩამოაცილეს ალექსანდრ დიუმა-შვილს სიტყვა „შვილი“. თუმცა შვილი წინააღმდეგი იყო: „ეს სიტყვა ჩემი სახელის განუშორებელი პატივია. ეს იგივე მეორე გვარია, რომელიც პირველს ავსებს“.

აი, აქ კი თამამად შეგვიძლია დიუმათა სამი თაობის ბიოგრაფს, ანდრე მორუასაც მივცეთ სიტყვა: „ალექსანდრე მეორემ დაინახა, როგორ აღიმართა მის სახლსა და იმ სახლს შორის, ალექსანდრე პირველი რომ ცხოვრობდა, მამის ძეგლი, გარშემორტყმული სიყვარულით, თაყვანისმცემლებითა და აღტაცებით. ყველა ორატორი თავის სიტყვაში აერთიანებდა ამ ორ ადამიანს და შვილმა რაღაც წამების განმავლობაში თავს უფლება მისცა, ბედნიერება ეგრძნო. იმ დღეს იმ ხალხსაც კი უწვდიდა ხელს, რომლებთანაც წინა დღით მისალმებაც არ სურდა. იხსენებდნენ, რომ მამამ შვილს თავისი „საუკეთესო ქმნილება“ უწოდა და რომ იგი თითქმის ერთადერთი იყო იმ ადამიანების შვილთაგან, რომელიც არამცთუ არ გაჭყლიტა მამის სახელმა, არამედ მეტი დიდებით შემოსა“.

დიუმა რომ თავისი წიგნების ფურცლებს სულსწრაფად გვაშლევინებს, საუკუნე-ნახევრის განმავლობაში გამოცდილი და არაერთგზის დამტკიცებული ამბავია.

ჯერ კიდევ 1850 წელს ამბობდნენ, რომ თუ კიდევ არსებობს რომელიმე დაუსახლებელ კუნძულზე რობინზონ კრუზო, ისიც, ალბათ, „სამი მუშკეტერის“ კითხვაშია გართულიო და ჩემი კეთილი მკითხველი შეიძლება იმის გახსენებამაც გააბედნიეროს, რომ ალექსანდრ დიუმა-მამა ქართველებისთვის ლამის „შინაური“ მწერალია. მან ხომ 1858 წელს იმოგზაურა საქართველოში და მერე თავისი მოგზაურობის შესახებ დაწერილი წიგნით „კავკასია“ ლამის მთელ ევროპას გააცნო ჩვენი ქვეყანა, წიგნით, სადაც ასეთ სტრიქონებსაც ნახავთ:

„საბერძნეთი არის გალათეა, ოღონდ მარმარილოსი, საქართველო კი სულჩადგმული და ქალად ქცეული გალათეა გახლავთ“.

ხომ ხედავთ, რა მხიარული და სასაცილო ვინმე იყო ეს ჩვენი დიუმა-მამა, პიგმალიონობაც კი დაიბრალა...

მაგრამ ამჟამად მე ის უფრო მაინტერესებს, მაინც რომელ მუშკეტერად წარმოიდგინა საკუთარი თავი პრეზიდენტმა ჟაკ შირაკმა?

 

 

გვერდის მისამართი : ბიბლიოთეკა / პროზა / მოსიაშვილი ვახო / პიგმალიონი მუსიე ჰიუგოსა და მუსიე ვოლტერის გვერდით