მოსულიშვილი მიხო 

 

ქალბატონო ნატალია

 

 

არჩანდაში სამუშაოდ ერთი ექიმი ქალი მონარნარდა, სპეციალობით თერაპევტი. სოფლის ბირჟაზე ამბობენ, – ისეთი კარქია, ამბულატორიის ეზოს პატარა კარში ვერ ეტევა, სამანქანო ჭიშკარს უღებენ და იქიდან დადისო.

ცოტა მოღრეცილად იცინის და ისიც კი უხდებაო, – თქვა წარსულში გამოჩენილმა მსმელმა, აწ სოფლის ვეტექიმმა და ამ წუთიდან ამბულატორიის გზაზე თავისი „ბელარუსი“ ტრაქტორის სისტემატურ ჭენებას მიჰყო ხელი, თან წვერიც მოუშვა, – სანამ არ გამომყვება, არაფრისდიდებით არ მოვიპარსავო.

არ მოიპარსავს და მთელი დარჩენილი ცხოვრება რობინზონ კრუზოსავით მოუწევს სიარულიო, – გაბრაზდა სოფლის სტომატოლოგი, – სად გაგონილა, რომ ვეტექიმმა თერაპევტი მოიყვანოსო?

აბა, რაო, – უდასტურებდა თავისი ძმა, თვითმცლელ „ზილის“ მძღოლი, მაჭრობიდან ახალგამოსულ ღვინოს სვამდნენ ნიგვზის დაყოლებით, – წესი და რიგი ის არი, რო სტომატოლოგმა უნდა მოიყვანოს თერაპევტიო.

ტრაქტორს ახარბებსო? – სწყინდა სტომატოლოგს, – ეგ თუ „ბელარუსით” დაჩახჩახებს, მე „ნოლ-შვიდით“ დავნარნარებ, სპილოს ძვლისფერიც არისო.

ვახ, რა ქალიაო, კაცო, – ხელს ხელზე შემოჰკრავდა ზილის” მძღოლი, – რატო იგრე დადის დიფერგაცურებული „ზილივითაო”.

„ზილივით“ კი არა, ვენაცვალე, „კამაზივით“ დადისო, – იძახდა სტომატოლოგი, – ზამთარში ფეჩის ანთება აღარ დამჭირდება, ისედაც გამათბობსო.

შენ „ზილსაც“ ნუ დაიწუნებო, – აფრთხილებდა მძღოლი, – იგეთი მანქანაა, სუ დედას სტირობს, გინდა ტვირთით, გინდა ისეო.

კარგი, ერთიც დაასხიო, – ეუბნებოდა სტომატოლოგი და შევსებულ ჭიქას იღებდა, – მაშინ ამით კიდე ჩემ დიფერგაცურებულ „ზილს” გაუმარჯოსო.

გაუმარჯოსო, – ჭიქას უჭახუნებდა ძმა, – ჯერ მარტო ის იანგარიშე, რამდენი შეშა დაგეზოგება ზამთარშიო.

მაშ, მაშ, კაცოო, – უხაროდა სტომატოლოგს, – ზაფხულში კიდე ერთი-ორი ცისტერნა წყალი და მაგისი ჯანიო.

შენ ვეტექიმმა როგორ უნდა გაჯობოს, მაგი დედა კი ვატირე, მაგისი, იმ თავის გრძელი წვერიანათაო, – მძღოლი ეუბნებოდა.

ნახევარი „ზილი“ შეშაც რო დამიზოგოს, ისიც ხომ შეღავათიაო?

არი, როგორ არ არიო!

ადე, მაშინ, წავიდეთ, ახლავე ვითხოვოთო.

წავიდეთ და წავიდეთო.

მიბანცალდნენ სტომატოლოგის „ნოლ-შვიდთან“, ჩასხდნენ და გასწიეს იმ თერაპევტი ქალის სოფლისკენ.

სად წავიდნენო? – მძღოლის შვილი, ზაზა შეეკითხა დედამისს.

ექიმის სათხოვნელადაო, – მიუგო დედამ.

რად გაუშვი, ხო დაინახე, თავის მატორზე აღარ იყო არც ერთიო!

იიჰ, იმათ ვიღა დაიჭერდათო.

ჰოდა, ნახე, თუ ჟეშტები არ მოუბან და ეგრე არ გამოყარონ იქიდანო!

„ჟეშტები მოუბან“ არჩანდული გამოთქმაა, შერცხვენილ კაცს გამოაბამენ, გნიასით დაედევნებიან და ისიც რახარუხით გარბის შარაზე.

მინარნარებენ ძმები „ნოლ-შვიდით“ და მიზნად დასახულ სოფელს რომ მიატანეს, საჭესთან მჯდომმა სტომატოლოგმა საქარე მინაზე ერთი გზააბნეული, შავ-ყვითელზოლებიანი მწერი, სახელად კელა, იგივე კრაზანა დაინახა.

მიფრინავდა და ვერც მიფრინავდა, მინა ეღობებოდა წინ. აიღო ჩვარი, დაარტყა და, რახან კრაზანა ძირს ჩავარდა, იფიქრა, – ეგ არი და გორის ციხეო.

ამასობაში მივიდნენ კიდეც იმ ექიმის სახლამდე.

ჭიშკართან გააჩერეს მანქანა.

გადაბანცალდა მძღოლი ძმა, გადმოაწოდა სტომატოლოგმა ერთი ბოთლი კაი ფრანციცული შამპანური და ნამდვილი მოსკოვური „ბამბანერკა” და, სანამ თავადაც გადმოვიდოდა, უკვე მოსულიერებული, მუხრუჭის პედალზე ამძვრალი კრაზანა „რიბოკის“ ბოტასზე უხიფათოდ შეაცოცდა.

ჩაკეტა სტომატოლოგმა თავისი „ნოლ-შვიდის” კარები და შევიდნენ ეზოში „მასპინძელოუს“ ძახილით.

დევის დედა კი არა, სარძლოს დედა აივანზე გადმომდგარიყო, სარეცხს ჰფენდა და თავიდანვე განაწყენდა, – რა გაყვირებთ, ბუზისტოლა ხო არ გეჩვენებით, აქ არა ვარო?

მანდაც კარქა იყავი და ქორწილშიც, ჩემო კარგო სასიდედროო! – მოეფერა სტომატოლოგი.

შემოდით, დაბრძანდითო, – შეიპატიჟა ქვემოთ ჩამოსულმა ქალმა სტუმრები, ოთახში შეიყვანა და მაგიდასთან მიუჩინა ადგილები.

„ზილის“ მძღოლმა „ბამბანერკა“ გახსნა.

სტომატოლოგმა კი ფრანციცული შამპანური თავისებური ბუთქით.

ღმერთი გიშველის, მინები არ ჩამომიმტვრიოთო! – შეშფოთდა სასიდედრო, თუმცა მაინც გამოუღო კარადიდან ორი ჭიქა.

მესამეცო!

არა, მე არ დავლევო!

ქალბატონო ნატალია, თქვენი სიტყვა წამალიაო! – მიუგო სასიძომ და ჭიქების შევსებას მიჰყო ხელი, მაგრამ მოუზომავად და ქაფის გადმოსვლით.

სიტყვა კი არა, კოცნაო! – შეუსწორა ძმამ და ნესვებივით მკერდი მოურიდებლად შეუთვალიერა დიასახლისს.

აბა, აბა, აქ ახლა დაუკრეფავში გადასვლები არ იყოსო! – ქალბატონმა ნატალიამ ბრძანა, – სადაცაა ჩემი ქმარი დაბრუნდება გამგეობიდანო.

ამითიო, – ჭიქა აიღო სტომატოლოგმა, – თქვენი ქალიშვილის სადღეგრძელო იყოს, მე ისე მიყვარს, ჭკუა დავკარგეო!

რაღა დროს შენი სიყვარულიაო, – გაიკვირვა ქალბატონმა ნატალიამ, – ორმოცდასამი წლისა და სამ-ნახევარი თვისა ხარო!

ვახ, ეგრე კარქათ მეც კი არ ვიცი ჩემი ძმის ასაკიო, – გაოცება ვერ დამალა „ზილის“ მძღოლმა.

ქალბატონო ნატალია, შენი სიტყვა წამალიაო, – გაიმეორა სტომატოლოგმა.

სიტყვა კი არა, კოცნაო! – ისევ შეუსწორა ძმამ.

მაგრამაო, – ძმის გამოხდომას ყურადღება აღარ მიაქცია სასიძომ, – სიყვარულმა ასაკი არ იცის, სად არი ჩემი გაზაფხულის ვარდი, გამატანთ თუ არაო?

ღმერთი არ გაცდის, მოვიდეს ჩემი ქეთი და ის გაგცემს საბოლოო პასუხსო.

ქალბატონო ნატალია, თქვენი კოცნა წამალიაო, სტომატოლოგს უნდა ეთქვა, მაგრამ ჩვენმა ნაცნობმა კრაზანამ შარვლის ტოტში შეძრომისას დაწყებული მოძრაობა ზედ სასიძოს კაცობის მთავარ საბუთ-დოკუმენტზე დააბოლოა უსასტიკესი კბენით, რაზედაც მწარედ შეჰყვირა სასიძომ და განცვიფრებულ ქალბატონ ნატალიას აღარ დარიდებია, წამოხტა, სწრაფად ჩაიძრო შარვალ-ნიფხავი, ის წყეული კრაზანა აიყვანა, ძირს დაახეთქა და „რიბოკის“ ბოტასით გასრისა.

გასრისა და ენაჩავარდნილი სასიდედრო რომ დაინახა, თავისი აკვიატებული ლექსით მოეფერა, ოღონდ ამჯერად ძმის შესწორებაც გაითვალისწინა:

„ქალბატონო ნატალია, თქვენი კოცნა წამალიაო!“

კოცნა კი არა, სიტყვაო! – წამხდარი საქმის გამოსწორებას შეეცადა „ზილის” მძღოლი, მაგრამ სასიძო მაინც „კოცნას” გაიძახოდა ჯიუტად და კაცობის საბუთ-დოკუმენტს წინაუკმოდ იქნევდა.

ხომ წარმოგიდგენიათ, რა მოხდებოდა, როცა ოჯახის კარს სასიმამრო და სარძლო შემოხსნიდნენ, შარვალჩახდილ სასიძოს დაინახავდნენ და იმ ლექსსაც მოისმენდნენ, – ქალბატონო ნატალია, თქვენი კოცნა წამალიაო!

რაღა ბევრი გავაგრძელო, როგორც არჩანდაში იტყვიან, ორივე ძმას დაჭეჭყილი თუნუქის „ფეჩები”, ანუ ღუმელები გამოუბეს და ეგრე, რახარუხით, ჩახაჩუხითა და ჟღარუნ-ჟღარუნით დაიფრინეს იქიდან.

აი, სწორედ ამიტომ აღარ დადის არჩანდის მთავარი ვეტექიმი რობინზონ კრუზოსავით ვეებერთელა წვერით.

 

 

გვერდის მისამართი : ბიბლიოთეკა / პროზა / მოსიაშვილი ვახო / ქალბატონო ნატალია