მოსულიშვილი მიხო 

 

ცეკვა მკვდრებით

 

(კავკასიური დეტექტივი)

 

 

 

 

«თავიდან ყველაფერი ისე კარგად მიდიოდა, რომ ახლა, როცა ყველაფერი ცუდად წავიდა, ეჩვენებოდათ, თითქოს განრისხებულმა ბედმა მოულოდნელად დაუდოთ ფეხი».

ადოლფო ბიოი კასარესი, ნოველიდან «როგორ გავითხაროთ საფლავი»

 

1. «მთების საოცნებო ქვეყანა»

 

ეს ამბავი მანამდე მოხდა, სანამ პარიზში, პიგალის (პიგალლე) ქუჩაზე ჩამომდგარი საეჭვოდ ლოყებდაბერილი ზანგისგან მთელ ტომარა «სუბუტექსს» შეიძენდა რომელიღაც ჩვენი ნაციონალური ბალეტის ანსამბლის ზოგიერთი მოცეკვავე, თითო ელიფსურ თეთრ აბს ერთ ევროდ და თბილისში კიდევ ასოც დოლარად გაყიდდა ნახევარ-ნახევარს; და მას მერე პარიზში ანდა ევროპის სხვა ქალაქებში წამსვლელი ლამის ყველა ჩვენებური – მნიშვნელობა არ აქვს, სოლიდური ქალბატონი იქნებოდა, სახელმწიფო წვრილფეხა მოხელე თუ ავტომობილის ჩამოსაყვანად მოხეტიალე მანქანების დალალი, ანდა სულაც სასწავლებლად მოსიარულე სტუდენტი – «სუბუტექსის» ბარიგა შეიქნებოდა. რას იზამ, ასე იცის გაჭირვებამ.

ამის წინ კი ისეთი ხანა იდგა, როცა დაახლოებით ოც დოლარად ღირებული ერთი ტომარა ფქვილი პირდაპირ იცვლებოდა ერთ გრამ ოპიუმზე და მერე ნახევარი გრამი ორას ორმოცდაათ დოლარად იყიდებოდა თბილისში...

პატარძლებივით მორთული მთების გადაღმა, არცთუ შორს მიმდინარე საომარი მოქმედებების ხმები დროდადრო მოისმოდა ხოლმე: აფეთქებები, მოიერიშე თვითმფრინავების გრიალი, საბრძოლო ვერტმფრენების გუგუნი, ავტომატებისა და ტყვიამფრქვევების კაკანი – მაგრამ ამაზე აქაურებს რეაქცია აღარ ჰქონდათ – ეს მათთვის ჩვეულებრივი ყოფა იყო.

აი, სწორედ აქ, ერთი სათხილამურო კურორტის მახლობლად, მდებარეობდა ორსართულიანი სასტუმრო წარწერით «Dream-Land of Mountains», რაც ჩვენებურად «მთების საოცნებო ქვეყანას» ნიშნავს. კლიენტი, ასე თუ ისე, კი ჰყავდათ, როცა სეზონი იყო, მაგრამ ამ სასტუმროს ძირითადი საქმიანობა ფქვილის ტომრებით დატვირთული დიდი ტრაილერებისა და რეფრიჟერატორების მიღება, გადმოტვირთვა და მერე კიდევ, ღამღამობით, უკვე თავიანთი სატვირთო მანქანებით მოსული მეომარი ჩეჩნების გასტუმრება იყო სათანადო საფასურად. ამ საქმის ხელმძღვანელობა პატრონმა ერთ თავზეხელაღებულ ნაომარ კაცს, მეტსახელად სიკო-ტორპედოს მიანდო, რომელსაც საზღვრის გაღმა-გამოღმა დიდი ნაცნობობა ჰქონდა და ფქვილით დატვირთული მანქანების გაცილების გარდა, ჰეროინის თბილისში ჩამოტანა, ბარიგებთან ჩამორიგება, მერე თანხის ამოღება და ამავე სასტუმროში მოტანაც ევალებოდა, რათა მერე პატრონისთვის გადაეცათ ამ საქმეში ნაწილობრივ ჩახედულ ქალბატონ ბოასა და ბატონ ტატუს.

სასტუმროს მეორე სართულზე, თუკი ტატუ-ლილის (ამ სასტუმროს თანამფლობელი ქმარ-ცოლი) და ბოა-გურაშას (ასევე ამ სასტუმროს თანამფლობელი სხვა ცოლ-ქმარი) საძინებელ ოთახებს არ მივიღებთ მხედველობაში, გრძლად გაწელილი დერეფნის ორივე მხარეზე რვა კომფორტული ნომერი იყო სტუმართა მისაღებად.

აი, დაბლა კი, პირველ სართულზე, სამზარეულოსა და ორიოდ ოთახის გარდა, ოტელის ორიგინალური ბარი მდებარეობდა.

გულშავი ბუხრის ზემოთ, კედელზე, გოლფის სხვადასხვა ზომის კლებები იყო მიმაგრებული თავ-თავიანთი წარწერებით: «დრაივერი», «ბრასი», «კლიკი», «მიდაირონი», «მეში», «ნიბლიკი» და «პუტერი»...

და, იცით, რატომ იყო ორიგინალური ბარი? იმიტომ, რომ დახლის, თაროების, მბრუნავი სკამების, თეთრი როიალის, პირშავი ბუხრის, მეორე სართულზე ამავალი კიბის... მოკლედ, ყველა ატრიბუტის, როგორც თავისებური სირთულის გამოყენებით, აქ მოწყობილი გახლდათ გოლფის მიკრომოედანი, თავისი ბურთულების ჩასაგდები ფოსოებით...

კიდევ რა შეიძლება ითქვას?

ჰო, ბარის თაროები ცარიელი იყო. კედლებზე კი «არა უშავს რა» თუ უფრო «ისე რა» ნახატები ეკიდა.

სხვა?

ბუხართან იდგა მოლბერტი, რომელსაც თეთრი ნაჭერი ჰქონდა გადაფარებული...

ოტელის წინ, გზაზე, ისმოდა მთის ჩქარი მდინარის შხუილი; ხოლო ერთ ამაღლებაზე, რომლის უკან, დაქანებული მდელოს შემდეგ, საზარლად ღრმა უფსკრული იწყებოდა, ყავისფერი ჯიპი «დისქავერი დიფენდერი» ისე იდგა, რომ აქედან მშვენივრად მოჩანდა სასტუმროცა და მის წინ გამავალი კარგად მოასფალტებული ტრასაც. მანქანის საჭესთან ფერხორციანი, არცთუ მსუქანი, უფრო კი მრგვალი პატრონი იჯდა, მობილურ ტელეფონზე რაღაცას კრეფდა და თან სიგარას უკიდებდა სანთებლიდან.

– ესეც უსამა ბენ ლადენის ნაჩუქარი არ ეგონოთ... – ბურტყუნებდა თავისთვის, – როგორც იმ ჩიბუხზე დამაბრალეს. ეს ხომ შვეიცარიიდან გამოგზავნილი ექსტრაკლასის სიგარაა... აბა, ერთი ვნახოთ, სად გაქრა ასი ტომარა ფქვილის ჰეროინი, მთელი ასი გრამი... ეს ხომ პიდისიატ ტიში ბაქსის ამბავია.

პატრონმა უკვე გამოყენებული მობილი შეინახა, მერე მოსასმენი აპარატი ამოიღო და გაურკვეველი ტკაცუნით ჩართო, საიდანაც მოესმა სასტუმროს თანამფლობელ გურაშასა და ტატუს ცოლის, ლილის ლაპარაკი. პატრონი ინტერესით აყურადებდა.

ჯერ ვერცხლის მძივების ჩხრიალი ატყდა, რომელსაც მოჰყვა მობილური ტელეფონის ზარის წკრიალი «ბოლეროს» მელოდიაზე და მერე ლილის ხმა იყო:

– ჰაი!

– რა თქვი? – აჭიმი გაატკაცუნა გურაშამ.

– რა და, ისევ დამიმესიჯა ვიღაცამ, – მიუგო ქალმა, – წაგიკითხო?

– მიდი.

– გული მიუპყარ დედამიწის საკვირველ ტრიალს

და დაინახავ, ჯამის ქარნი რაგვარად ქრიან.

ეძებე ქალი, გამოცალე ღვინის ტასები,

რადგან ეს წამიც წუტისოფელს თავისთვის მიაქვს.

– ეჰ, მე თავიდანვე ვამბობდი, რომ ეს ადგილი არ უნდა გვეყიდა და აღარც ეს ლექსები მოგივიდოდა!

– რატომ არ უნდა გვეყიდა, მშვენიერი ხედებია და დიდებული უფსკრული! – მიუგო ტატუს ცოლმა, ლილიმ, – ფერთა შეხამება გინდა, კოლორიტითუ კომპოზიცია, ყველაფერია! შენ მარტო ხატე და ხატე!

– გეთანხმები, როგორ არ გეთანხმები: კოლორიტიც არის, დიდებულიც და კომპოზიციაც ზედ სამხედრო გზაზე, მაგრამ მაინც არ უნდა გვეყიდა. ადრე მოდიოდა და გადიოდა ფქვილის ტრაილერები, მოდიოდა და გადიოდა. კლიენტიც იყო, სეზონზე უფრო მატულობდა. ახლა ყველაფერი ცუდად წავიდა – აღარც ტრაილერებია და აღარც კლიენტი. ჰოდა, ჩემი სახელით ძალიან ფრთხილ ბოდიშს ვიხდი, მაგრამ მაინც არ უნდა გვეყიდა! ეს შენი და შენი მესამე ქმრის იდეა იყო!

– მაგას ჩემს ტატუზე ამბობ?! – გაოცდა ლილი, – შენ იცი, რომ ტატუს მარჯვენა ხელის შუათითზე აგურის ტუზი ახატია?! და ზურგზე კიდევ შიშველი ქალი, რომელსაც გველი აქვს შემოხვეული! და ტატუ რომ მირბის, ის ქალიც მირბის, ოღონდ უფრო ჩქარა!

– აბა, ტატუ რომ წავა, ქალი შენთან ხომ არ დარჩება და გინდა დარჩეს, რად გინდა გველშემოხვეული ქალი... ისე, ლამაზი მაინც არის?

– ვინ?

– ისა რა, ტატუს ზურგზე დახატული ქალი!

– ძალიან!.. და ის აღარ მათქმევინო, რომ ხშირად ჩემი ტატუ პირდაპირ სროლისგან გავარვარებული ავტომატის ლულიდან უკიდებს სიგარეტს და თუკი დასჭირდა, პირდაპირ ჯიბიდან ამოუღებლადაც ისვრის!..

– ავტომატს?

– არა, პისტოლეტს!

– არა, რა თქმა უნდა, მე მაშინაც ვთქვი და ახლაც ვამბობ, რომ ეს სულაც არ არის ცუდი ადგილი... – შემრიგებლურად თქვა გურაშამ, – მაგრამ ბედისწერამ ხომ არ დაგვიდო ფეხი?!

– კარგი რა, შენც ტატუს ნათქვამს ნუ იმეორებ! – შეუტია ლილიმ, – აბა, მაშ, შენთვის და შენი განგსტერი ცოლისთვის დაგვეჯერებინა და გოგირდიანი ცხელი წყლის საუნა აგვეშენებინა დედაქალაქის ძველ უბანში?

– სხვათა შორის, ჩემმა მეუღლე ბოამ შუაგულ ვალსების დედაქალაქ ვენაში გააგორებინა თავისი ძმის მკვლელი!.. ჰო... ის უბედურიც გახურებული ავტომატის ლულიდან უკიდებდა სიგარეტს და პირდაპირ ჯიბიდანაც ზუსტად ისროდა! მაგრამ ტატუები ჰქონდა თუ არა, ვეღარ გავიგეთ – უცებ ჩაფლეს მატლებითა და ჭიაღუებით სავსე მიწაში!

– დედაქალაქის ძველ უბანში საუნის ასაშენებლად ჩვენ ვინ მიგვიშვებდა, რომელი ჩვენგანი იყო გვიდო არეცოელი!

– გვიდო არეცოელი არ ვიცი, მაგრამ მე სრულიად შოტლანდიის გოლფის ფედერაციის ნამდვილი წევრი და ადგილობრივი გოლფის ასოციაციის გენერალური კონსულტანტი ვარ, ვიღაც ის კი არა!

– მეც სულელი ვარ და ამ ლაპარაკსაც აზრი არა აქვს, – დაიდარდა ლილიმ, – სიტყვებით სასწაულს ხომ ვერ ჩაიდენ?

– მაშინ გავაგზავნოთ განცხადებები. გაზეთებშიც და ტელევიზიების მორბენალ სტრიქონებშიც. იქნებ იყიდოს ვინმემ ეს სასტუმრო...

– ხომ გავაგზავნეთ!.. გამოგვეცხადნენ ვიღაც-ვიღაცები პუდრიანი ცოლებითა და მსუქანი სიდედრებით, მთელი ჩვენი ყავა გამოწრუპეს და მერე უგზო-უკვლოდ გაქრნენ!

– მაშ რა ვქნათ, თავი გაკოტრებულად ვაღიაროთ და ქალაქში დავბრუნდეთ? ვთქვათ, რომ დავმარცხდით?

პატრონმა მოსასმენი აპარატი გამორთო.

– უკაცრავად, მოსასმენი აპარატურა ჩამერთო... – ჩაიხითხითა, – ნეტავ რას იტყვის ამაზე რიჩარდ, მთავარი გლოსტერისა?! აჰ, უკაცრავად, სიგარა ჩამიქრა... – ისევ დაიწყო რაღაცის აკრეფა მობილურზე, მერე სანთებელა ამოიღო და ჩამქრალ სიგარას მოუკიდა, – არა, ეს მართლა ექსტრაკლასის სიგარაა, მაგრამ ამ მთებში ნესტი იცის და ეტყობა...

კვლავ მოისმა შორეული აფეთქებისა და გრგვინვა-გრუხუნის ხმა, რომელსაც ისევ მოჰყვა გაურკვეველი ტკაცუნი. პატრონმა ისევ ჩართო მოსასმენი აპარატი და სასტუმროს მეორე თანამფლობელის, ტატუს და გურაშას ცოლის, ბოას დიალოგს ისმენს.

– ბოა, შენ როგორ ფიქრობ, – კრიალოსანს აკაკუნებდა ლილის მესამე ქმარი, ტატუ, – რატომ აღარ მოდის ფქვილის მანქანები?

– აბა, რა ვიცი? – გაუკვირდა ბოას, – ალბათ, ჯერ რაც ფქვილი გავიდა და ტავარი შემოვიდა, იმის ფული უნდა ამოიღოს პატრონმა.

– მერე, რით ვეღარ ამოიღო? – წუხს ტატუ, – ბედისწერამ ფეხი ხომ არ დაგვიდო, რომ ცხვირით მიწა გვათხრევინოს?

– დარდი ნუ გაქვს, – ამშვიდებს ბოა, – აი, ამ ორ ლიმონსაც მოგვიტანს სიკო-ტორპედო, პატრონს ჩავუთვლით და ისევ საკაიფოდ წავა საქმე.

– ვითომ?

– ასიანი!

– და კიდე რა მაწუხებს, იცი?

– რა?

– ეს ჩვენი მეორე ნახევრები ხო არ გვეკაიფებიან და ჩვენ რო გამოგვიცილებენ, ეგენიც ხო არ ჟიმაობენ, ჰა?!

– ჩვენი ნაყიდი «სიკოებით»? – გადაიკისკისა გურაშას ცოლმა, ბოამ, მერე საწოლმა გაიჭრიალა, – სადა აქვს გურაშას ორი ქალის მიხედვის თავი?!

ცოტა ხნის მერე პატრონს ჯერ ბოას მობილურის თავისებური ზარი – «ტრავიატას» მელოდია და მერე ბაკუნი შემოესმა.

– ეს რა ჩვევა გაქ, ყველგან მაგ ბალეტის პუანტებით რომ დატასაობ?

– ეგრეა საჭირო! – ჩაიცინა ბოამ, – ისევ ლექსი მომივიდა. წაგიკითხო?

– არა რა, აღარ მინდა!..

– მაგ ტვალტა ტრფობიტ მე კოველტვის დაგელოდები,

სჰემომცქერიან საიდანაც ანგელოზები.

ერტად გავლიოტ მუხტალ სოფლის აგმარტ-დაგმარტი.

ბედნიერი ვარ, რომ არასდროს არ მეორდები.

საწოლმა უფრო მკვეთრად გაიჭრიალა, – ეტყობა, ტატუც წამოდგა.

– პირდაპირ ჯიბიდან ხომ არ ვესროლო მან...

– მოიცა, მოიცა, ეგ არ ჩაიცვა! – დაუძახა ბოამ, – ეგ ჩემი ბიკინია!

პატრონმა ისევ გამორთო მოსასმენი აპარატი.

სასტუმროს წინ მიმავალ გზაზე სიკო-ტორპედოს მანქანა გამოჩნდა – წითელი «ფორდ-მუსტანგი» – და სასტუმროს წინ შეჩერდა.

– აჰჰ, ისევ ბოდიშს ვიხდი... რატომ იგვიანებს ჩემი გამოგზავნილი ჩემოდანი? – პატრონმა დურბინდში გაიხედა, – ვიღაც მოსულა. სწორედ ის, ვინც უნდა მოსულიყო და ჩემოდანიც მოიტანა!.. სიკო, სიკო, შე მართლა ტორპედო!

პატრონმა სიამოვნებით ჩაიხითხითა.

 

 

2. ჩაი სტაფილოთი

 

გურაშა აუჩქარებელი ნაბიჯით შემოვიდა ბარში. სკამებშემოდგმული მაგიდებიდან ერთ-ერთს მიუახლოვდა, ფეხით გამოახრიგინა წითელი სკამი, ზედ დაჯდა და ჩაის ფინჯანს რაკარუკით ურევდა კოვზს. მერე სტაფილო მოკბიჩა და ხრამუნით შეუდგა ჭამას.

– ოჰჰ! – ამოიკვნესა მოლბერტთან გაშხლართულმა ლილიმ.

– რა ბრძანეთ? – სტაფილოს ხრამუნი შეწყვიტა გურაშამ. წამოდგა, დახლის მიღმა გადაიხედა, სამზარეულოს კარიც შეხსნა და რაკი ვერავინ დაინახა, ისევ თავის მაგიდას მიუჯდა, ჩაი ხმაურით მოხვრიპა ფინჯნიდან და სტაფილოს ხრამუნი განაგრძო, – ვაი, ვაი, როგორ მექავება ზურგი! – ისევ წამოდგა, გოლფის კლებებთან მივიდა, – რომელი კლებით აჯობებს? აი, პუტერს ავიღებ, მოკლეა და მოხერხებული ზურგის მოსაფხანად...

– რას აკეთებ? – გაოცდა გონს მოსული ლილი.

– მე? – შეეკითხა გურაშა, სწრაფად ჩამოსწია ზურგის მოსაფხანად გამოყენებული გოლფის კლები და თავის მაგიდასთან დაბრუნდა, – მე არაფერს! უფრო სწორად, ჩაის შევექცეოდი სტაფილოთი! – ჩაი მოხვრიპა და სტაფილოც დააყოლა ხრამუნით.

– სირცხვილი შენ!

– რატომ, სტაფილოს რომ ვჭამ? – გაიკვირვა გურაშამ, – ამ ერთ სტაფილოში ვიტამინების მთელი სკლადია!

– და მე კი, – აწუწუნდა ლილი, – ეს სუსტი და სიფრიფანა არსება, ძირს ვაგდივარ და იმის მაგიერ, რომ წამომაყენო, მანდ ზიხარ და საწყობებით ვახშმობ! ჯენტლმენიც ასეთი უნდა!

გურაშა წამოხტა, ძირს დავარდნილ ქალთან მიირბინა, წამოაყენა.

– ბოდიში! მე მეგონა, ისე წამოწექი! დიდი ბოდიში და აი, ესეც შენი ფუნჯი!

– წამიყვანე და იმ შენს მაგიდასთან დამსვი! – ბრძანა ლილიმ.

– ვა, აგიყვანო და ისე?.. – დაიბნა გურაშა.

– ნამდვილი ჯენტლმენი მაგას არასოდეს იკითხავს!

– ჰო! – ხვნეშით აიყვანა და მაგიდასთან მიდგმულ სკამზე დასვა, – ესეც ასე!

– ჩემი ბერეტი მომიტანე!

– ახლავე! – ბერეტი მოურბენინა გურაშამ, – ესეც შენი თავსარქმელი!

– თჰანკ ყოუ ვერყ მუცჰ!.. – მადლობა გადაუხადა ლილიმ, – ზურგი გექავებოდა?

– არა! – აჭიმი გაატკაცუნა კითხულმა, – აბა, როდის?

– აბა, ამ ბუხრის საჩხრეკით რას აკეთებდი? – კეკლუცად ჩაიცინა ლილიმ.

– ეს ბუხრის საჩხრეკი არ არის! – წყენით მიუგო გურაშამ, – ეს არის გოლფის კლები! აგერ, იქ, ბუხრის თავზე ხომ გამოფენა-ექსპოზიციაა და ქვეშ აწერია კიდეც «პუტერი»!

– შენ რომ გიყურებ, – უთხრა ლილიმ, – მე ეგ პუტერი ზურგის მოსაფხანი მგონია!

– ზურგის მოფხანა კი არა... – გამკაცრდა გურაშა, – ეს ხომ გოლფის ერთ-ერთი ვარჯიშია...

– მაშინ მათხოვე და მეც ვივარჯიშებ!

– ინებე! – კლები გაუწოდა გურაშამ, – დაა... შენც გიყვარს გოლფი?

ლილი უკვე ზურგს იფხანდა კლებით.

– უუჰ, ძალიან! ძალიან!

– შენ და შენს ქმარსაც ხომ გაჩუქეთ კლებების მთელი კომპლექტი თავისი ფუტლარით, სად გაქვთ?

– მე მგონი, – ჩაფიქრდა ლილი, – ტატუ თაგვებს დასდევს ხოლმე იმ კეტებით.

– კეტებით კი არა, კლებებით! – განერვიულდა გურაშა, – კლე-ბე-ბით!

– ჰო, კლებებითა და პუტერებითაც! – დაუდასტურა ლილიმ, – აქ ხომ ძალიან ბევრი თაგვია! რა იყო, რას მიყურებ, არ არის ბევრი თაგვი?

– არ ვიცი, მე არ მინახავს! – მხრები აიჩეჩა გურაშამ.

– ნუ იდარდებ, არც მე მინახავს, – გაუღიმა ლილიმ, – მაგრამ აი, იქ, როიალთან სოროები გამოუღრღნიათ!

– როიალთან? – თეთრი როიალისკენ წავიდა გურაშა.

– ჰო, ჰო, აი, მანდ!

– აი, ესენი? – მრგვლად ამოხვრეტილ ფოსოზე მიანიშნა გურაშამ.

– ჰო, ჰო, ეგენი! – დაუძახა ლილიმ, – თითს ნუ ჩაყოფ, თაგვმა არ გიკბინოს!

– რას ამბობ, ეს თაგვის სოროები კი არა, ფოსოებია!

– რაები?

– ფოსოებია! ფოსოები! გოლფის ბურთის ჩასაგდებად!

– აბა, მე რომ ჩაიდნიდან ადუღებულ წყალს ვასხამ ხოლმე მაგეებში!

– რატომ? – იწყინა გურაშამ.

– თაგვების დასახოცად!

– მეც არ მიკვირდა? – უფრო აღშფოთდა გოლფის ტრფიალი.

– რა გიკვირდა?

– შენ იცი, რომ მაგ წყალს მე ყოველ დილით ძლივს ვიღებდი კლიზმებით?! ჰო, ჰო, ორი კლიზმით!

– ჰა-ჰა, – გადაიკისკისა ლილიმ, – რა კარგი სანახავი იქნები კლიზმებით!

– და ისედაც, აქ თაგვებს რა უნდათ? – ბრაზობდა გურაშა, – სტაფილოზე მოვლენ თუ ჩაიზე?

– შაქარზე! აი, რაზე!

– რაც შაქარი დაგვრჩა, ლითონის კოლოფშია და თუ შეიძლება, ნუ მიფუჭებთ ამ შესანიშნავ გოლფის მოედანს! მომინდომეს თაგვები!

– გოლფის მოედანი, თორემ...

– რა, რა, «თორემ»? – აღელდა გურაშა, – შენ იცი, რომ მალე აქ გოლფის კლუბსაც კი გავხსნი?!

– არ ვიცი, გახსნი თუ არა, – გაკაპასდა ლილი, – მაგრამ ეს მაგიდები ისევ ჯიუტად ელიან კლიენტებს... ჯი-უ-ტად!

– ეს შესანიშნავი ადგილია! – ხელები გაშალა გურაშამ, – სამი ნომერი – პირველი, მეხუთე და მეშვიდე – მდინარის ხეობას გადაჰყურებს, ხუთი ნომერი კი კავკასიონის მომხიბვლელ მწვერვალებს... ერთი ეს არის, რომ გარეთ ვერ მოვაწყობ გოლფის ნატურალურ მოედანს, რადგან უფსკრულმა დამაღალატა... ვერაგულად მიმტრო... რაღა აქ გაჩნდა, სხვა ადგილი ვეღარ მონახა?

– უფსკრულის სახელით ბოდიშს გიხდი, – ირონიულად უთხრა ლილიმ, –მაგრამ ის სხვაგან ვეღარ წავა. ამიტომ ისევ შენ უნდა მონახო სხვა ადგილი!

– ჩემი პუტერი მომეცი, ზურგი უნდა მოვიფხანო! – გურაშამ გოლფის კლები წაართვა ლილის და იმით იფხანდა ზურგს. – მე ხომ ალერგია მაქვს.

– რაზე?

– კრაზანის ნაკბენზე.

– მართლა?

– ჰო, ერთგან რომ მიკბენს, მერე ყველგან დამაყრის!

– დამიბრუნე პუტერი! – გოლფის კლები გამოართვა და ახლა ის იქექებოდა, – რას მიყურებ, მეც დამაყრის ხოლმე! მეც ალერგია მაქვს!

– მარტო კრაზანებზე თუ ფუტკრებზეც?

– ორივეზე... – მიუგო ლილიმ და მობილი აუწკრიალდა «ბოლეროს» მელოდიით, ისევ მესიჯი მიუვიდა. გზავნილი გახსნა და ხმამაღლა დაიწყო კითხვა:

გული კრულია, ვეღარ გაძღა შენი სინაზით,

ტკბილთა ბაგეთა სიკისკასით, ამოდ მღიმარით.

და შენთან რომ ვარ, უფრო გნატრობ, დოქო ღვინისავ.

შენ კი მიცინი – სიყვარული ჯერაც წინ არის...

 

 

3. გოლფის გაკვეთილი

 

გურაშა ხრამუნით ამთავრებდა სტაფილოს ჭამას.

– ძალიან კარგი ლექსია, მაგრამ შენ თუ იცი, ვის ველაპარაკე? – ისე ეკითხებოდა ლილის, რომ თან მისი მეტისმეტად გულღია დეკოლტესკენ გაურბოდა თვალი.

– ვის? – ვითომ ამ გამოხედვას ვერ ამჩნევდა ქალი, – არადა, მაინც ვინ უნდა მიგზავნიდეს, ჰა?

– ვინ გიგზავნის, არ ვიცი, მაგრამ ბებიაჩემ პაშას ველაპარაკე, მე რომ ფაშას ვეძახდი...

– პაშა აღარ გამაგონო! – ლილიც სტაფილოს შეექცეოდა, – ისედაც ცუდად ვარ... ისე ცუდად, რომ ოკეანის ზღვასავით ვღელავ...

გოლფ-ბარში სიჩუმე ჩამოვარდა –ბუნდოვანი მოლოდინით აღსავსე პაუზა.

– ეგ უფსკრული რომ არ ყოფილიყო, ისეთ მოედანს მოვაწყობდი, ისეთს, – წაიოცნება გურაშამ, – რომ უილიამ შექსპირიც კი აქ ივლიდა სათამაშოდ.

– მაგრამ შექსპირი ხომ უკვე ცაში თამაშობს...

– მერე ციდან ამ მთებამდე ხომ ერთი პატარა ნაბიჯია! – გული არ გაიტეხა გურაშამ.

– ეჰ! – ლამაზად ამოიოხრა ლილიმ.

– ცოტა გაგიარა თუ ისევ ოკეანის ზღვასავით ხარ? – დაინტერესდა გოლფის ტრფიალი.

– მე მგონი, მთლად ოკეანის ზღვასავით აღარ, მაგრამ... – შეფიქრიანდა მხატვარი, – ამ ჩვენ მდინარესავით კი ნამდვილად ვარ...

– მე შენ გოლფის დარტყმებს გასწავლი და ისეთი გახდები, ისეთი, როგორიც არის მთის ანკარა ტბა! – გურაშა გაიქცა, კლებების საგამოფენო კედელთან მიირბინა, იქ ჩამოკიდებულ კალათში ხელი ჩაყო და ცოტა ხანში უკან დაბრუნდა, – აი, ეს არის ბურთი! აი, აქ დავდებთ... – პარკეტზე დადებს, – აი, ხედავ?

– ჰო!

– ისე, ცოტა იმისთანა ის რაღაცა ამასაც უნდა... – სიხარულისგან სიტყვები ეკარგებოდა გურაშას, – და ამ პუტერს რომ მოუქნევ, მაშინ უნდა თქვა «ვაუ!»

– რატომ უნდა ვთქვა «ვაუ?»

– ასეა საჭირო! – აღარ დააზუსტა გურაშამ, – და დარტყმის მერე უნდა თქვა «ჰაი!»

– რატომ, რატომ-მეთქი?

– ეს შეძახილები, იცი, რატოა საჭირო? – ჩაფიქრდა გურაშა, – დარტყმის კორექციისთვის! მერე ჩემს სამტომიან გამოკვლევასაც გათხოვებ წასაკითხად, ოღონდ არ უნდა დამიკარგო!

– და იმ სამ ტომს მოკლედ ვერ მომიყვები?

– ვერა, არ გამოვა... – გურაშა პუტერს იქნევდა, – აი, ახლა წარმოიდგინე, რომ შენ წინ მწვანე მინდორია, გორაკებით, ალაგ-ალაგ ბუჩქებით, ზოგან ხეებიც შეიძლება და ღრმულებიც... და კამკამა ტბაც, შიგ გედები დაცურავენ... წარმოიდგინე?

– რა კარგია! – თვალები დახუჭა მხატვარმა.

– ოღონდ თვალები უნდა გაახილო! – ურჩია გურაშამ და ლილიმ რომ თვალები გაახილა, ენთუზიაზმით განაგრძო, – იმ ტბის გადაღმა სპეციალური ალმებია ჩარჭობილი. იმ სპეციალური ალმებით ბურთების ჩასაგდები ფოსოებია მონიშნული. და იმ ფოსოებში ადუღებული წყალი კი არ უნდა ჩაასხა, არამედ ბურთი უნდა ჩააგდო რაც შეიძლება ნაკლები დარტყმით... გოლფში და, საერთოდ, ცხოვრებაშიც ყველა დარტყმა გადამწყვეტია!

– ამას რა უნდა! მომეცი პუტერი! – ლილიმ კლები გააშხუილა და ბურთს ააცდინა, – ეეჰ!

– აი, ხო ხედავ, ააცდინე!

– «ჰაი» უნდა მეთქვა, ხომ?

– არა, ჯერ «ვაუ!» და მერე «ჰაი!»

– ვაუ და ჰაი! ვაუ და ჰაი! – ლილიმ ისევ მოუქნია ბურთს პუტერი, ისევ ააცდინა და კლები გურაშას მისცა, – არაფერი გამომდის და სულიც მეხუთება...

– კარგი, კარგი, – დაამშვიდა გურაშამ და კლები უკან დაუბრუნა, – მე ფანჯარას გამოვაღებ და მერე ერთად ვცადოთ! 

 

1 2 3 4 5 6 7 8
გვერდის მისამართი : ბიბლიოთეკა / პროზა / მოსიაშვილი ვახო / ცეკვა მკვდრებით