მროჟეკი სლავომირ 

 

იონესკო

 

თარგმანი პოლონურიდან – უცნობი

 

 

 

დარბაზში ათასამდე წვეროსანი მამაკაცი იმყოფებოდა. ისინი თალიბებს მაგონებდნენ, უფრო ზუსტად, ამგვარი ასოციაცია მიჩნდება ამჟამად, ოცდაათი წლის მერე, როდესაც ნიუ-იორკის სავაჭრო ცენტრზე ტერორისტთა მიერ მიტანილი იერიშის შემდგომ ყველა ტელემაყურებელმა გაიგო, როგორ გამოიყურებიან თალიბები. დარბაზში მყოფნი გერმანელები იყვნენ, მაგრამ, ავღანელთა მსგავსად, წვერულვაში ჰქონდათ მოშვებული. ასეთი იყო ახალგაზრდული მოდა, ისინი კი ოცი წლისანი გახლდნენ (იმ გერმანელებს ახლა დაახლოებით ორმოცდაათი წელი შეუსრულდათ და, ალბათ, გამელოტდნენ კიდეც). ხშირი წარბებით დაჩრდილულ თვალებში ისეთივე პირქუში სიშმაგე უელავდათ, როგორსაც დღეს თალიბებს თუ შეამჩნევთ.

 

* * *

აქ, დიუსელდორფში, მიმიწვიეს დრამატურგებისა და სტუდენტების შეხვედრაზე. დრამატურგები სამნი იყვნენ. ჩამოვთვლი ასაკისა და ავტორიტეტის მიხედვით: ეჟენ იონესკო, მე, და, ბოლოს, ახალგაზრდა ბავარიელი, გვარად ბაუერი. პრეზიდიუმის მაგიდასთან, ცენტრში, იონესკო დასვეს, მარცხნივ – ბაუერი, მარჯვნივ კი – მე. პროსცენიუმზე დადგეს მიკროფონი, ხოლო დარბაზში ბობოქრობდნენ ჭაბუკი სტუდენტები და მათი მგზნებარე იდეები. ეს ხომ “ქარიშხლისა და შეტევის” ათწლეული იყო. ყოველგვარი “წითელი ბრიგადები” (არა მხოლოდ გერმანიაში) კეფაში ტყვიას აჭედებდნენ მსხვილი ინდუსტრიის, პოლიტიკისა და ფინანსების კაპიტნებს; მათ გარდა, უსწორდებოდნენ იმპერიალიზმ-ფაშიზმ-კაპიტალიზმის შედარებით მომცრო ძაღლებს, ქვეწარმავლებსა და რეპტილიებს. რევოლუციის განხორციელებისას ხელთათმანები არ უნდა ჩაიცვაო, ამბობდა ლენინი. და თუ მატარებლებში, მუზეუმებში, სუპერმარკეტებში აფეთქებული ანონიმური ბომბების რომელიმე მსხვერპლი ბურჟუაზიის ერთგულ ლაქიას არ წარმოადგენდა, მის დაღუპვას რევოლუციის თანამდევ უმნიშვნელო მოვლენათა რიცხვს მიაკუთვნებდნენ და სინდისის ქენჯნას სრულიადაც არ განიცდიდნენ. საერთოდ, ადამიანის სიცოცხლეს ფასი არ ჰქონდა – საქმე ხომ მთელი კაცობრიობის ბედ-იღბალს ეხებოდა. მცირერიცხოვანი აგენტები, რომლებიც მასების სახელით პირადად ჰკლავდნენ სისხლისმსმელებს, საკუთარ თავს პიროვნებებად კი არ მიიჩნევდნენ, არამედ – ისტორიის სულის მიერ შერჩეულ იარაღებად რაცხდნენ. კაცობრიობის დანარჩენი ნაწილი კი ითვლებოდა მარტოოდენ გობში აზელილ ცომად, რომელსაც ეს მძლავრი სული განაგებდა ისტორიული და დიალექტიკური მატერიალიზმის ურყევი კანონების შესაბამისად. გამოცხობა მოსალოდნელი იყო მეორე ეტაპზე, როდესაც ცომი კარგად აფუვდებოდა. ეს გახლდათ თვითნებურად შერჩეულ წანამძღვრებზე აგებული თეორია, რომლის დანაშაულებრიობა და მცდარობა გამოვლინდა მხოლოდ მისი რეალიზების შემდეგ. მაშინ კი ის, ერთი შეხედვით, კეთილშობილური და დამაჯერებელი, ლოგიკური და რაციონალური მოძღვრების სახით აღიქმებოდა. ამიტომ ინტელიგენტები, მათ შორის – სტუდენტები, ეთაყვანებოდნენ ტერორისტებს, და რაც უფრო ეძნელებოდათ ტერორისტების ქმედებებისადმი მიბაძვა, ე.ი. მკვლელობათა ჩადენა, მით უფრო თავგამეტებით ამტკიცებდნენ, რომ ემხრობოდნენ ან, უკიდურეს შემთხვევაში, იზიარებდნენ იმავე თვალსაზრისს.

 

* * *

პირველი, ვინც დიუსელდორფის იმ დარბაზში სტუდენტებს წარუდგინეს, იონესკო იყო. დრამატურგს ეს, ალბათ, ეამა, მაგრამ მისთვის დამღუპველი აღმოჩნდა, მე კი – გადამარჩინა, რაც მალე შევიტყვეთ.

სამოც წელს გადაცილებული იონესკო კლასიკოსი, გარკვეული ეპოქის შემოქმედი იყო, მაგრამ დგებოდა ახალი ეპოქა. სიურრეალიზმი, რომელიც იონესკომ თეატრში დაამკვიდრა, უკვე სიახლეს აღარ წარმოადგენდა. ის ჩვეულებრივ მოვლენად იქცა, გამოიყენებოდა ტელევიზიასა და რეკლამებში და აღარავის ხიბლავდა. “ანგაჟირებულმა” თეატრმა კი “მხილებისა” და “დამოძღვრის” ფუნქციები იკისრა. იმავდროულად იცვლებოდა იონესკოც. ორმოცდაათიანი წლებისგან განსხვავებით, ის აღარ წერდა ლაკონურ, მოხდენილ შედევრებს. ალბათ, ძველი მანერა მობეზრდა ან, შესაძლოა, სურდა, ფორმალურად მაინც დაწეოდა ახალ თეატრს. ახლა იონესკო თხზავდა გრძელ, მორალიზატორულ, ფილოსოფიურ პიესებს, რომლებშიც არც ღვთაებრივი ნაპერწკალი ელავდა და არც მარქსისტული გზნება შეიმჩნეოდა. ეს მემარჯვენე ანარქისტი არასოდეს მალავდა თავის შიშსა და მძულვარებას ყოველგვარი მემარცხენეობის მიმართ. მეტსაც ვიტყვი: 1968 წელს “ჟოურნალ ენ მიეტტე”-ის (“დღიურის ნამსხვრევების”) გამოქვეყნებისას მან აღიარა, რომ მემარცხენეობის შეურიგებელი მტერი გახლდათ. იონესკო სულით ხორცამდე იყო გამსჭვალული მეტაფიზიკურ-პესიმისტური მსოფლაღქმით. დრამატურგის ნაცნობ-მეგობრებმა იცოდნენ მისი დეპრესიულობის, აგრეთვე – სიკვდილის მანიაკალური შიშისა და პროგრესირებადი ალკოჰოლიზმის შესახებ.

“რა სარგებლობა მოაქვს მუშათა კლასისთვის შენს შემოქმედებას?” – გაისმა პირველი კითხვა. რევოლუციური ეტიკეტის თანახმად, სტუდენტები “შენობით” მიმართავდნენ ყველას და, მაშასადამე, იონესკოსაც. დრამატურგმა ვერ შეამჩნია დაგებული მახე და დაიწყო მსჯელობა იმის შესახებ, რომ ხელოვნების როლი, რა თქმა უნდა, ნაკლებად მნიშვნელოვანია, ვიდრე – პოლიტიკისა, მაგრამ ის ეხმარება უბრალო ადამიანებს და ამრავალფეროვნებს მათ ცხოვრებას. გამახსენდა ორმოცდაათიანი წლებისდროინდელი პოლონური სიმღერა (მისი ტექსტი და მუსიკა დაიწერა კულტურისა და ხელოვნების სოცრეალისტური სამინისტროს დაკვეთით) იმაზე, როგორ “წკრიალებენ და დაჰქრიან ცისფერი ტრამვაები”, ხოლო “მუშები საღამოობით მღერიან”. იონესკოს ახსნა-განმარტებამ არ დააკმაყოფილა სტუდენტები. ასევე – მეც. ამასობაში ჩვენმა კოლეგამ, ბაუერმა ვისკის პირველი ჭიქა გადაჰკრა. მას თან მოეტანა უკვე გვარიანად გამოცლილი ბოთლი.

 

* * *

 

ეს იყო დაკითხვა. იონესკოს ერთ რამეში გაუღიმა ბედმა: გამომძიებელთა რაოდენობა ათასს აღწევდა და თითოეული მათგანი ესწრაფვოდა, კოლეგებზე მეტი სამსახურებრივი თავგამოდება გამოეჩინა. ამიტომ ისინი ერთმანეთს ხელს უშლიდნენ და იმდენად ბრალდებულს არ უსმენდნენ, რამდენადაც – საკუთარ თავს, და ფხიზლად აკვირდებოდნენ, სათანადოდ შეაფასეს თუ არა სხვებმა მათი რევოლუციური ერუდიცია. მე მოვახერხე ამ რეპლიკების შეფასება, რადგან წაკითხული მქონდა ჟდანოვისა (პოლონურ თარგმანში) და სოკორსკის (პოლონურ ორიგინალში) მოხსენებები. რატომ დათანხმდა იონესკო ამ შეხვედრაზე? არ ვიცი, და არ მსურს, ჰიპოთეზები გამოვთქვა. მისდამი სიბრალულს, თანაგრძნობასა და (ვაი, რომ) ოდნავ ზიზღს განვიცდიდი. მთელი თაობით ჩემზე უფროსი ადამიანი, ჩემი მასწავლებელი, რომლის მიმართ ადრე პატივისცემასა და მოწიწებას ვგრძნობდი, სტუდენტების წინაშე გაწბილებული იდგა და თვითონაც იმცირებდა თავს. უწინაც მინახავს მისი სახე, მარად ნაღვლიან კლოუნს რომ მიუგავდა. ახლა კი ეს იყო დამფრთხალი, გაოფლილი, ჩვეულებრივი ადამიანური შიშისგან წამხდარი კლოუნის სახე. რისი ეშინოდა? რა ჰქონდა დასაკარგავი? ამას მე ვერ განვსჯიდი. თანაც, სანამ მას საბოლოოდ წესს აუგებდნენ და ჩემი ჯერი დადგებოდა, უნდა მოვმზადებულიყავი. როგორ მოვიქცე, რა გზით დავიხსნა თავი? და აქ გამახსენდა ლუბიანკის ყოფილი პატიმრების (მათი, ვინც გადარჩა, თუმცა შინსახკომში დაჰკითხეს) მონაყოლი. თურმე ლუბიანკაზე ყველაზე მწარე ბედი, ყველაზე მკაცრი განაჩენი წილად ხვდათ “თანამგზავრებს”, ე.ი. იმათ, ვინც ეთანხმებოდა პარტიის კურსს, მაგრამ ცალკეული შეცდომები ჰქონდა დაშვებული და იმედოვნებდა, რომ შეიწყნარებდნენ. ასეთებს ძიების პროცესში უმოწყალოდ აწამებდნენ. ხოლო თუ ვინმე თავიდანვე აცხადებდა, მტერი, ფაშისტი ვარო, თავს ანებებდნენ: ყველაფერი აშკარა იყო, მასთან საუბარიც არ ღირდა. მას სასწრაფოდ იცილებდნენ თავიდან – ხვრეტდნენ ან ბანაკში აგზავნიდნენ.

როდესაც იონესკო საკანში დაბრუნდა, გეგმა უკვე ჩამოყალიბებული მქონდა. ჯალათების წინაშე წარვდექი და შეკითხვაზე, რისთვის წერო, ხმამაღლა, გარკვევით ვუპასუხე (მას შემდეგ, რაც ღრმად ჩავისუნთქე და ათამდე დავითვალე): “ფულისთვის”.

უეცრად გამეფებული სიჩუმე მათ გაოგნებას მივაწერე, მაგრამ ისინი მე, ამ სპექტაკლის გმირს კი არ მიყურებდნენ, არამედ ჩემ ზურგსუკან რაღაცას მიშტერებოდნენ. შევბრუნდი, მათ მზერას თვალი გავაყოლე და დავინახე, რომ კოლეგა ბაუერს ჩემთვის და თალიბებისთვის ზურგი შეექცია და სცენის სიღრმეში, კედელთან მიმდგარი, შარდავდა.

 

გვერდის მისამართი : ბიბლიოთეკა / პროზა / მროჟეკი სლავომირ / იონესკო