ნაგიბინი იური 

 

მიტოვებული გზა

 

თარგმანი რუსულიდან – ანი გლურჯიძე.

 

 

 

ხშირად სასწაულები ჩვენ გვერდით ხდება, მხოლოდ ერთი ხელის გაწვდენაა საჭირო, მაგრამ ჩვენ ამას ვერც კი ვხვდებით. ის დღეც პატარა სასწაულით დაიწყო: აღმოჩნდა, რომ თხმელნარი, ჩრდილოეთის მხრიდან რომ ეკრა აგარაკის მესერს, ზღაპრულად მდიდარი იყო სოკოთი.

როგორც ყოველთვის ხდება მხიარული სოკოსკრეფის დროს, მე უფრო და უფრო პრეტენზიული ვხდებოდი: უკვე აღარ მომწონდა დიდი, გაფუყული სოკოები, ვკრეფდი მხოლოდ პატარა, რეზინივით მაგარ სოკოებს, მერე კი მათ შორისაც დავიწყე ყველაზე კარგი, კოხტა და მკვრივი სოკოების არჩევა. ასე, რჩევა-რჩევით, შუაგულ ტყეს მივაღწიე. აი, აქ წავაწყდი ამ ბიჭუნას და დღის მთავარი სასწაულიც აღსრულდა.

პატარა იყო, გალეული, გამხდარ სახეს რქის სქელჩარჩოიანი მრგვალი სათვალე ნახევრად უფარავდა. თითქოსდა ბაღჩის კვლებიაო, ისე მარგლავდა, ვინ იცის, აქ საიდან გაჩენილ, ბალახებით დაფარულ ქვაფენილის გზას. უკვე გაესუფთავებინა საკმაოდ ფართო ზოლი, შემდეგ კი გზა ხშირ სარეველა ბალახებში იკარგებოდა. ბიჭუნა არამარტო მარგლავდა გზას, რიყის ქვებითაც ამაგრებდა, რომლებსაც თვითნაკეთი სატკეპნით სვამდა თავისივე ბუდეში.

– გამარჯობა, – მომესალმა იგი. მობრუნებულიყო და კეთილმოსურნედ მიმზერდა დიდი ყავისფერი თვალებით, მრგვალი, ბრტყელი შუშებიდან.

– გამარჯობა, – მივესალმე მეც. – რატომ გიკეთია სათვალე? მას ხომ უბრალო შუშები აქვს.

– მტვრისგან მიცავს. როდესაც ქარია, გზა მტვერდება, მე კი კონიუქტივიტი მაქვს, – ამიხსნა მან ამაყად.

– ეს რა გზაა? ადრე არასოდეს მინახავს.

– არ ვიცი... არ გინდა მომეხმარო?

მხრები ავიჩეჩე, დავიხარე და ამოვგლიჯე ნარშავას მუქწითელყვავილებიანი, ბასრეკლებიანი ბუჩქი. მერე რომელიღაც დიდი მცენარე მოვქაჩე, მუქი, გამხმარი სათესლე კოლოფებით, რომლებიც თითქოს ბამბით იყო სავსე. მცენარე არ მემორჩილებოდა , მტკიცედ ჩასჭიდებოდა მიწას თმის ღერივით წვრილი, მსუბუქი და გრძელი ფესვებით. ხელის გულები დამეკაწრა, ვიდრე ძირიანად არ ამოვგლიჯე ეს მცენარე. აი, ეს იყო სამუშაო! ტყუილუბრალოდ კი არ ჰქონდა სათვალიან ბიჭუნას სისხლიანი ნაკაწრები. გზნება მაშინვე ჩამიქრა.

– მისმინე, რისთვის გინდა ეს? – ვკითხე მე.

– ხომ ხედავ , ბალახმა დაფარა გზა. – მუხლებზე დამდგარიყო და ნაფოტით თხრიდა მიწიდან რომელიღაც ფესვს. – უნდა გასუფთავდეს.

– და რატომ? – არ ვეპუებოდი მე .

– როგორ თუ რატომ!.. – მას წყნარი , რბილი და თავშეკავებული ხმა ჰქონდა. – ყვავილები და ბალახები ფესვებით აფუჭებენ გზას. ადრე ქვა ქვის გვერდით იჯდა, ახლა კი, ხედავ, რამხელა ნაპრალებია?!

– ამას არ გეკითხები! რისთვისაა საჭირო, რომ ეს გზა არ მოისპოს?

მან ფრთხილად მოიხსნა სათვალე. სურდა უკეთ შეეთვალიერებინა ადამიანი, რომელიც ასეთ სულელურ კითხვებს უსვამდა, დამტვერილი შუშები კი ამის საშუალებას არ აძლევდა. მის უსათვალო, დაუცველ თვალებს ოდნავ შესამჩნევი წითელი ზოლი ეკრა გარს, თითქოს ვინმეს წვრილი ფუნჯით გაევლო იგი. როგორც, ჩანს სწორედ ამას უწოდებდა ასეთ ხმაურიან სახელს: კონიუქტივიტი.

– გზა თუ მოისპობა, სულ დაიკარგება, ვერავინ ვეღარ გაიგებს, რომ აქ ოდესღაც გზა იყო.

– ეშმაკსაც წაუღია! – ვთქვი გაღიზიანებულმა, – მას მაინც არსად არ მივყავართ.

– ყველა გზას სადღაც მივყავართ, – თქვა მოკრძალებული თავდაჯერებით, ისევ მოირგო სათვალე და საქმეს მიუბრუნდა. – თავად განსაჯე, ნუთუ გაიყვანდნენ მას , არსად რომ არ მიდიოდეს?

– მაგრამ, რადგანაც თავი მიანებეს, ესე იგი, საჭიროც აღარაა!

ის ჩაფიქრდა, თითქოს მწუხარებით მოექცა გამხდარი სახე, ყვავილების და ბალახების გლეჯაც კი შეწყვიტა და ყავისფერ თვალებში ტკივილი ჩაეღვარა. ძნელია უცხო სულში ყველაზე მარტივი და ნათელი ჭეშმარიტების ჩანერგვა.

– მაგრამ ვიცით კი რატომ მიატოვეს გზა? ან იქნებ მეორე ბოლოში ვიღაც სხვა ასევე ცდილობს მის გასუფთავებას? ვიღაც მოდის ჩემთან შესახვედრად, და ჩვენ შევხვდებით. არ შეიძლება გზები უკვალოდ გაქრეს, – თქვა მან მტკიცე რწმენით. მე აუცილებლად გავასუფთავებ მას.

 

– ძალა არ გეყოფა.

– მე ერთს – არა. მაგრამ ვიღაც მოდის ჩემთან შესახვედრად და, შეიძლება, ნახევარი გზა უკვე გამოიარა.

– რას ჩააცივდი ამ გზას.

– გზები – ძალიან მნიშვნელოვანია. მათ გარეშე ვერავინ ვერასოდეს ვერ იქნება ერთად.

ბუნდოვანმა მიხვედრილობამ შემძრა.

– ვინმე შენიანია შორს წასული?

მან არ მიპასუხა და შებრუნდა.

– მე დაგეხმარები! – წამოვიყვირე ჩემდა უნებურად.

– გმადლობ, – თქვა მან გულწრფელად, ყალბი აღტყინების გარეშე. - ხვალ დილით მოდი აქ, დღეს უკვე გვიანია, სახლში წასვლის დროა.

 

– სად ცხოვრობ?

– იქ! – ხელი გაიქნია უღრანი ტყისკენ, მერე წამოდგა, ხელის გულები ბალახების კონით გაიწმინდა, სათვალე ჯიბეში შეინახა, კიდევ ერთხელ ჩამძირა თავის კეთილ ყავისფერ თვალებში და გამშორდა, დასვრილი, დაღლილი, გალეული, შეუპოვარი გზის მშენებელი და მალე მიეფარა თვალს.

მეორე დილით გამთენიისას გავეშურე ტყეში. გაუვალი მრავალწლოვანი ბალახებით ჩახლართული თხმელნარი ჯუნგლებს, უკუქცეული ზღვის ფსკერს ჰგავდა. ღამით ეწვიმა და ბუნება გამოეცოცხლებინა: მწვანედ ხასხასებდა ღიჭა; სოკოები, თითქოს გუშინ არც კი დამეკრიფა, ყვითლად ანათებდნენ ბალახებიდან; თითქოს თითოეულ ბაყაყში მოჯადოებული მეფის ასული იმალებოდა, ისე შეუპოვრად ისხდნენ ბილიკებზე, მედიდურნი და გულზვიადნი.

თხმელნარში მივრბოდი, თავიდან ფეხებამდე სველი, შეპყრობილი მოუთმენლობითა და მიტოვებულ გზაზე ბიჭუნასთან შეხვედრის მწვავე მოლოდინით – მისი რწმენა უკვე ჩემს რწმენადაც ქცეულიყო. დარწმუნებული ვიყავი, ადვილად მივაგნებდი გზას, ეს ხომ ასე იოლი იყო: სულ პირდაპირ და პირდაპირ, თხმელნარში, არყისა და ვერხვის ხეებს შორის, შემდეგ – ქარქცეულ არყნარში, და გამოჩნდებოდა კიდეც სუფთა ზოლი მოცისფრო-მოვარდისფრო ქვაფენილისა.

მაგრამ ვერსად მივაგენი მიტოვებულ გზას. ყველაფერი გუშინდელივით იყო: ხეებიც, ბალახებიც, ქარქცეულიც, ვარდისფერყვავილებიანი მაღალი მცენარეებიც, მაგრამ არსად იყო გზა, არც ყავისფერთვალებიანი ბიჭუნა. მზის ჩასვლამდე ვიხეტიალე ტყეში, დაქანცულმა, მშიერმა, ფიჩხისა და ბალახისგან დაკაწრული ფეხებით, მაგრამ – ამაოდ.

მას შემდეგ აღარსად შემხვედრია მიტოვებული გზა, არც შარაგზა, არც ბილიკი, სადაც საჭირო იქნებოდა ჩემი თავდადებული შრომა. მაგრამ გავიდა წლები და მივხვდი ბიჭუნას დარიგების აზრს. ჩემს გულში იწყებოდა მრავალი გზა, მიმავალი სხვადასხვა ადამიანებისკენ: ახლობლებისკენ, შორეულებისკენ, და მათკენ, ვისაც წამითაც ვერ დაივიწყებ, და დავიწყებულებისკენაც კი. აი, ამ გზებს ვჭირდებოდი, და მეც დავდექი სადარაჯოზე. არ ვერიდებოდი არც მძიმე შრომას, არც ხელებს ვინდობდი, ვგლეჯდი ამ გზებზე ნარშავას და ჭინჭარს, ყოველივე უწმინდურებას, ნებას არ ვაძლევდი სარეველას, დაეხშო, გაენადგურებინა და არარაობად ექცია ისინი. და თუ წარმატებას ვაღწევდი, მხოლოდ იმიტომ, რომ ყოველთვის გზის მეორე ბოლოდანაც იწყებოდა საპასუხო, შემხვედრი მოძრაობა. მხოლოდ ერთის, ყველაზე მნიშვნელოვანი გზის გადარჩენა ვერ შევძელი, ალბათ იმიტომ, რომ არავინ წამოსულა ჩემთან შესახვედრად.   

 

გვერდის მისამართი : ბიბლიოთეკა / პროზა / ნაგიბინი იური / მიტოვებული გზა