ნავერიანი სანდრო

 

48 კალიბრიანი, ღმერთო...

 

 

 

 არც დაუკაკუნებია ისე შემოვიდა და მითხრა, უნდა მოგკლაო და შუბლზე 48 კალიბრიანი მომაბჯინა. მეც პირდაპირ მივახალე რატომ-მეთქი – არ დავიბენი.

ხელი, რომელშიც 48 კალიბრიანი ეჭირა გასწია – ვიცოდი ამას რომ მკითხავდიო, თქვა და დამწუხრებული სახით ჩემს სავარძელში ჩაფუმფულდა.

– მომიტევეთ, სერ, არ მინდოდა თქვენთვის გუნება გამეფუჭებინა, მაგრამ ჩემს მდგომარეობაშიც შედით, არაფერი ვიცი, კარზე არც დაგიკაკუნებიათ, შემოდიხართ ჩემს სახლში და მეუბნებით უნდა მოგკლაო... დარწმუნებული ვარ ჩემს ადგილას თქვენც ზუსტად ასე მოიქცეოდით... ყველაფერს, რომ თავი დავანებოთ, მე მხოლოდ ლოგიკური კითხვა დავსვი... თქვენ თუ მართლა გნებავთ ჩემი მოკვლა, არა მგონია ამ ერთმა უწყინარმა კითხვამ თქვენზე იმოქმედოს და ჩემ მოკვლაში ხელი შეგიშალოთ.

– ხელი შემიშალოს? შენ რა იცი რა მიშლის ხელს? შენ არაფერი არ იცი. შენ, ისევე როგორც ყველას, მხოლოდ ლაყბობა შეგიძლია და მეტი არაფერი. ოღონდ თქვენ იყოთ კარგად და სხვაზე არც კი ფიქრობთ. თქვენ არ იცით რას ნიშნავს ბედის ანაბარა როცა რჩები.

შენ არ იცი რას ნიშნავს როცა საქმეს ვეღარ აკეთებ. ერთი წელია ვეღარ ვმუშაობ... ყველა ტირის, ცრემლებს ღვრის, რატომ, რისთვის, რა დაგიშავეო, ჩემი შვილები არ გეცოდებაო, ლოგინად ჩავარდნილ ბებიაჩემს რა ეშველებაო... წუწუნის მეტი არაფერი გამოგდით. სულ წუწუნებთ. არადა, ადრე ისეთი ძლიერი ვიყავი, ყინულივით გული მქონდა, არავინ მეცოდებოდა... ახლა კი, ნახე, ცოტაც და ავტირდები, ხუთი წლის გოგოსავით ვარ...

შენ კი მეუბნები ხელი არ შეგეშლებაო.

– სერ, დაწყნარდით, ამდენი ნერვიულობა არ შეიძლება, გავნებთ. თავი ხელში აიყვანეთ... ნუ ნერვიულობთ... აზრი არ აქვს, არაფერ კარგს არ მოგიტანთ... დაწყნარდით და მითხარით რაშია საქმე... შეგიძლიათ მენდოთ... მოგისმენთ და თუ შევძლებ რჩევასაც მოგცემთ...

დარდი იმისთვის შექმნა ღმერთმა, რომ ვინმეს გაუზიარო. დაწყნარდით და მითხარით რაშია საქმე. გულწრფელად გეუბნებით, ძალიან მინდა დაგეხმაროთ, მაგრამ თუ არაფერს მეტყვით ვერც მე დაგეხმარებით.

– არ შემიძლია... ცრემლებს ვერ ვიკავებ... აღარ შემიძლია ასე ცხოვრება...

– აი, გამომართვით... ერთი ჭიქა დალიეთ და მომაგრდებით... დაწყნარდით, დამშვიდდით და მითხარით რაშია საქმე.

– 48 წლის ვარ, 25 წლიდან ვკლავ.

დაქირავებული მკვლელი ვარ, ქილერი. ყველას ვკლავდი, სულ ყველას, არასოდეს საქმე არ ჩამიგდია. საქმეს საქმეზე მიკვეთავდნენ, ძალიან მაგარი ვიყავი ჩემ საქმეში, მაგრამ ერთი წლის წინ უცნაური სიზმრები დაიწყო, ლამაზი და კარგი სიზმრები, ფერად-ფერადი და როცა ვიღვიძებდი ტირილს ვიწყებდი. მერე საქმეზე როდესაც მივდიოდი და შეკვეთილი ტირილს იწყებდა არ მომკლაო ან რატომ მკლავო, ვერაფერს ვეუბნებოდი – პასუხი არ მქონდა და ვფიქრობდი რატომ ვკლავ, ცოდო არ არის, ის არ არის, ეს არ არის და ამასობაში თვალებზე ისევ ცრემლები მადგებოდა. მივხვდი, რომ ჩემი სული დამძიმდა და ამიტომაც აღარ შემეძლო ადამიანის მოკვლა. გადავწყვიტე, ჩვეულებრივი, ნორმალური ცხოვრება დამეწყო და სამსახურის ძებნა დავიწყე. სამი თვე ვეძებდი ვაკანსიას და ერთი კვირის წინ ძლივს ვიპოვე, მაგრამ მითხრეს, თქვენამდე უკვე მივიღეთ ერთი განცხადება და ვერ მიგიღებთო...

მაგრამ თუ იმ კაცმა უარი თქვა, თქვენი კოორდინატები დაგვიტოვეთ და აუცილებლად დაგიკავშირდებითო... ჩემი დამძიმებული სულის ბრალია ყველაფერი...

– სერ, თუ ნებას მომცემთ, ერთ ლეგენდას მოგიყვებით, რომლის მოსმენაც, ვფიქრობ, ყველაზე მეტად თქვენ გჭირდებათ. მომისმენთ?

– ლეგენდა მე არ მიშველის, დამთავრებულია ჩემი ამბავი.

– და მაინც, თუ ნებას მომცემთ... ერთხელ, მსოფლიოში ერთერთი ყველაზე ცუდი ადამიანი გარდაიცვალა. უამრავი ადამიანი ჰყავდა მოკლული და სხვა საქმეებიც ბავრჯერ ჩაუდენია, მაგრამ ბოლო დროს სულ ტირილში ატარებდა – ძალიან ნანობდა იმას რაც კი ოდესმე ცუდი გაუკეთებია. ჰოდა, დადგა ამ კაცის განკითხვის ჟამი – სამოთხის და ჯოჯოხეთის გასაყარზე იდგა და ელოდა განაჩენს, რომელიც წესით უმკაცრესი უნდა ყოფილიყო. როდესაც ანგელოზმა და ეშმაკმა მისი კეთილი და ბოროტი საქმენი სასწორზე შემოდეს, ბოროტმა გადაწონა.

ეშმაკი კბილებს ილესავდა, მაგრამ ანგელოზმა კეთილ საქმეებს ის ზეწარიც დაამატა, რომელზეც განსასჯელი იწვა და გულწრფელი სინანული ცრემლებად მოსდიოდა. მაშინ კეთილმა საქმეებმა გადაწონეს და ასე გადაურჩა კაცი ჯოჯოხეთის კუპრს.

– კარგი ლეგენდაა, მაგრამ მე ჯერ სიკვდილს არ ვაპირებ, ცოტა ხანი ისე მინდა ვიცხოვრო, როგორც ჩვეულებრივმა, წესიერმა ადამიანმა.

– თქვენი ძალიან კარგად მესმის, მაგრამ ვერ ვხვდები, სერ, ჩემგან რა გნებავთ? მე მადანაშაულებთ რამეში?

– არა, არა, თქვენ არაფერ შუაში ხართ – ყველაფერი ჩემი ბრალია. ასე იმიტომ ხდება, რომ მკვლელი ვარ...

– არა, სერ, თავს ნუ იდანაშაულებთ, თქვენ არაფერ შუაში ხართ, თქვენი ბრალი არაფერია, თქვენ, ჩვეულებრივი, კარგი ადამიანი ხართ...

– გთხოვ, ნუ დამცინი.

– არავითარ შემთხვევაში ამას არ ვიკადრებ. დიახ, თქვენ, კარგი ადამიანი ხართ და ის, რომ ხალხს კლავდით, თქვენი ბრალი საერთოდ არ არის.

– როგორ არა!

– არა და არა! თავს ნუ იდანაშაულებთ, თქვენ ბრალი არ მიგიძღვით.

– აბა ვისი ბრალია, ვისი?

– ნუ, ზუსტად ვერ გეტყვით, მაგრამ ათასი წვრილმანი შეიძლება იყოს მაგის მიზეზი. მაგალითად, თქვენი მშობლები... ალბათ, მამათქვენი ნარკომანი იყო, დედათქვენი – ბოზი. სახლში სულ ერთმანეთში ჩხუბობდნენ და როცა მობეზრდებოდათ თქვენ მოგდგებოდნენ და, მაგალითად, შიშველ უკანალზე სველ გაზეთს დაგაფენდნენ და დიდ ტაფას გირტყამდნენ...

თქვენ კი ბოღმა გახრჩობდათ და რაც ხდებოდა იმაში ყველას ადანაშაულებდით...

– არა, მამაჩემი და დედაჩემი ძალიან კარგი ადამიანები იყვნენ, ჩემზე ძალიან ზრუნავდნენ...

– მაშინ, ალბათ, თქვენში მკვლელი იმან გააღვიძა, რომ ბიძათქვენი გაუპატიურებდათ და თან ტელევიზორში ლომების ანტილოპებზე ნადირობას გაყურებინებდათ...

– ბიძა არ მყოლია...

– მაშინ შეიძლება იმის ბრალია, რომ თქვენ თქვენი ბასეტის გარდა არავის ჰყვარებიხართ, იმ საწყალს კი ტრამვაიმ გადაუარა და სწორედ იმ შუაზე გაჭრილი ბასეტის ბრალია ყველაფერი. ან ვატმანის.

– არა, არა... გთხოვთ, გაჩუმდით...

– თუმცა მართალი ბრძანდებით, თქვენ რომ ადამიანებს კლავდით არც გარყვნილი ბიძათქვენის ბრალია და არც იმ ვატმანის, რომელიც იმ დაწყევლილ ტრამვაიზე იჯდა, ყველაფერი ამის თავი და თავი ღმერთია.

– ღმერთი?

– დიახ, ღმერთი.

– როგორ?

– ღმერთმა შექმნა ადამიანი, მისცა ყველაფერი: საჭმელი, სასმელი, კაცს ქალი, ქალს – კაცი, მიწა ფეხქვეშ და ცა – ქუდად, სახლი და კარი, ასწავლა ყველაფერი, გიყვარდეს მოყვასი შენიო, პატივი ეციო, მეც პატივი მეციო, სხვას არ ეთაყვანოო და ეგეთი რაღაცეები, მცნებები.

ხოდა, ამ მცნებებში ისიც უთხრა არა კაც ჰკლაო... პატარა ბავშვი ხომ იცით როგორია? რომ უთხრა “კასაბლანკა” არ თქვა, არ შეიძლებაო, მთელი დღე ირბენს და “კასაბლანკა, კასაბლანკას” ძახილით ტვინს გაგიწყალებს. ადამიანები კი ბავშვებივით არიან, რაზეც ეტყვი არ გააკეთოო, აკეთებს. ჰოდა, ადგა ის კაენიც და პატარა ბავშვივით მოიქცა...

თან, ვინ იცის, მართლა კაენი იყო თუ არა პირველი მკვლელი... მაგრამ ახლა ამაზე მსჯელობას აზრი არ აქვს, ვინც არ უნდა ყოფილიყო პირველი მკვლელი, ისიც ისეთივე მსხვერპლი იყო, როგორიც – თქვენ... ერთი სიტყვით, სერ, თუ ღმერთი გვეუბნება, რომ მკვლელობა საშინელი ცოდვაა და თუ ვინმეს მოკლავ ჯოჯოხეთის ცხელ კუპრში მოიხარშებიო, რატომ შექმნა მაშინ სიკვდილი? გაეკეთებინა ისე, რომ ადამიანი 80 წლამდე უკვდავი ყოფილიყო და 80-ის გახდებოდა თუ არა, თავისით მომკვდარიყო ძილში, ტკბილად და უმტკივნეულოდ... მაგრამ ასე არ გააკეთა, არ აწყობდა...

– რატომ?

– ეგ არ ვიცი, მაგრამ ფაქტია რომ ასეა – ყოველდღე ვგებულობ, რომ ვიღაც მოკლეს... ალბათ, ერთი 48 ცალი თქვენც გეყოლებათ გაგორებული... ყოველდღე ათობით ადამიანს კლავენ და მერე მიდის გამოძიებები, გაზის კამერები, ინექციები, ელექტრო სკამები და საუკეთესო შემთხვევაში სამუდამო პატიმრობები...

– არ მესმის რისი თქმა გინდა.

– იმის თქმა მინდა, სერ, რომ თქვენ რომ 48 ცალი თუ რა ვიცი, რამდენი კაცი გააგორეთ, თქვენი ბრალი არ არის, თქვენ უბრალოდ იარაღი ხართ, ხმალი, ხანჯალი და გიქნევთ ღმერთი ისე როგორც მოუნდება. აბა, თქვენ რა გეგონათ? ამაზე არასოდეს გიფიქრიათ?

– არა...

– არაუშავს, აწი იფიქრეთ და განთავისუფლდით დანაშაულის გრძნობისგან... თქვენ, ბრალი არცერთ მოკლულ ადამინში არ მიგიძღვით...

– პოლიციას, რომ ამის არ სჯერა?

– პოლიციას იმიტომ არ სჯერა, რომ ისინი იმ მცნებებს კითხულობენ. მცნებები კი იმის დაწერილია ვინც მკვლელია. შეგიძლიათ ამაზე აღარ იფიქროთ და თავი აღარ შეიწუხოთ...

– სამსახურზე რა ვქნა?

– აქამდე რას აპირებდით?

– ის კაცი უნდა მომეკლა, რომელმაც დამასწრო განცხადების შეტანა.

– ჰოდა, სწორედ ისე მოიქეცით, როგორც აქამდე აპირებდით.

– მოვკლა ის კაცი?

– დიახ, მიდით მასთან და უთხარით, რომ გზას გიღობავთ და რაც არ უნდა ქნას, რამდენიც არ უნდა იტიროს, როგორი კითხვებიც არ უნდა დაგისვათ, იყავით შეუვალი, თვალებში ჩახედეთ და გამოჰკარით ჩახმახს... დამიჯერეთ, აწი ამის გაკეთება აღარ გაგიძნელდებათ იმიტომ, რომ კარგად იცით, როცა ადამიანს კლავთ თქვენი ბრალი არ არის და იმ მოკლულმა თვითონ მოსთხოვოს პასუხი იმას, ვინც მის სიკვდილშია დამნაშავე.

– მართალი იყავი როცა მეუბნებოდი დარდი ვინმეს უნდა გაუზიაროო. ცოტა მომეშვა კიდეც.

– ჰოდა, ძალიან კარგი... აი, ერთიც დალიეთ... მომაგრდით...

მომაგრდით?.. ძალიან კარგი... ახლა, მშვიდად ადექით, წადით და მოიშორეთ თავიდან ის ვინც ხელს გიშლით... თქვენ დღეიდან ახალ ცხოვრებას იწყებთ, უდარდელს და მშვიდს... ხომ ხედავთ როგორი კარგია სხვისთვის საკუთარი დარდის გაზიარება?! ადექით ახლა და შეუდექით თქვენს საქმეს. მიდით... მიდით... ნუღარ დააყოვნებთ... დაე, თქვენ იყოთ თქვენი ცხოვრების ბატონ-პატრონი... უშიშრად... ყველაფერს საუკეთესოს გისურვებთ და გახსოვდეთ, თქვენ ღმერთის და კაცობრიობის წინაშე უდანაშაულო ხართ!.. თქვენ ბრალი არაფერში მიგიძღვით!

ღმერთო, არაფერი არ უთქვამს ისე წამოფუმფულდა ჩემი სავარძლიდან და შუბლზე 48 კალიბრიანი მომაბჯინა. 48 კალიბრიანი, ღმერთო. შენ ხარ ის კაციო.

 

გვერდის მისამართი : ბიბლიოთეკა / პროზა / ნავერიანი სანდრო / 48 კალიბრიანი, ღმერთო...