ნავერიანი სანდრო

 

არგენტინული პიტბული

 

 ნაწყვეტი მოთხრობიდან

 

 

 

 

– სანდრო!.. ლეტიცია გაიტაცეს...

მილიონს ითხოვენ... გამოსასყიდს!

– საინტერესოა!..

– რა არის საინტერესო?!

– ის, რომ მილიონს ითხოვენ. და შენ აპირებ გადახდას?

– ის ხომ ჩემი ცოლია?!

ლეტიცია ჩემი მეგობრის, იან პიტერის ცოლია. იან პიტერი ძალიან კარგი ადამიანია, კარგი მეგობარი, ერთგული, კეთილსინდისიერი, ალალი და გულუბრყვილო, იმდენად გულუბრყვილო, რომ ლეტიცია შეირთო ცოლად. ლეტიციას ვერ ვიტან. მას შემდეგ რაც იან პიტერმა გამაცნო ჩემი საცოლეაო, სულ ეჭვის თვალით ვუყურებ და ვთვლი, რომ ლეტიციას იან პიტერი სულ ცალ ფეხზე ჰკიდია, მას მხოლოდ იან პიტერის ფული აინტერესებს. ერთი სიტყვით, ჩემი ეჭვიანობა საფუძვლიანია, ყოველდღე ვუყურებ კინოებს, სადაც ძალიან ხშირად ფული ხდება ყალბი შეუღლების მიზეზი.

მიუხედავად იმისა, რომ ლეტიცია მეზიზღება, მაინც თავაზიანად ვეპყრობი იმიტომ, რომ იან პიტერი ჩემი მეგობარია და რამდენადაც ლეტიცია მეზიზღება, იან პიტერი იმაზე მეტად მიყვარს. ერთხელ, ჯერ კიდევ მაშინ სანამ ლეტიციას ცოლად შეირთავდა ვუთხარი: იან, მეგობარი ხარ და თავს ვალდებულად ვთვლი, რომ გითხრა, ლეტიციასი არ მჯერა. არაუშავს, მე მჯერაო, მითხრა და ერთ კვირაში ქორწილი გამართა. ჰოდა, სწორედ ამ ლეტიციაზე მითხრა იან პიტერმა, გაიტაცეს და გამოსასყიდს მილიონს ითხოვენო. უნდა ვთქვა, ეს რომ გავიგე გამიხარდა.

– ხო გითხარი, მაგას შენგან ფულის მეტი არაფერი უნდა-მეთქი?!

– რას ლაპარაკობ, გაგიჟდი?

– გავგიჟდი არ გავგიჟდი ეგ ჩემი საქმეა. ვიცოდი, რომ ადრე თუ გვიან ეგ ქალი შარში გაგხვევდა და აი... მი-ლი-ონ-ში გა-და-გა-გდოოო...

რა თქმა უნდა, იმ შემთხვევაში თუ ისევ სისულელეს ჩაიდენ და მილიონს გადაიხდი.

– სანდრო, რას ლაპარაკობ, სულ გაგიჟდი, ის ხომ ჩემი ცოლია, მე ის მიყვარს...

– იმას არ უყვარხარ...

– სისულელეა, გაჩუმდი...

– ის კი, ვისაც არ უყვარხარ, ტრაკში უნდა გაუშვა, აეგრე!

– გაჩუმდი გეხვეწები, თუ ოდნავ მაინც მცემ პატივს გაჩუმდი...ისედაც არეული მაქვს ყველაფერი, რვა საათზე ფულს თუ არ მივუტან მოკლავენ...

– რომელი საათია ახლა?

– შვიდის ნახევარი...

– ძალიან კარგი, წავიდეთ ეხლა კარგად ვჭამოთ, ერთი პარტია ბილიარდი ვითამაშოთ და ამასობაში რვა საათიც მოვა...

– მერე?

– მერე ის, რომ შენ ცოლს გაასაღებენ და საფიქრალი აღარ გექნება და მერე იქნებ მიხვდე კიდეც, რომ მისი ცოლად მოყვანით დიდი შეცდომა დაუშვი!

– სანდრო, საშინელი ტიპი ხარ, ამორალური და...

– კაი, დაწყნარდი, გეხუმრები, მინდა, რომ სხვა რამეზეც გეფიქრა და გონიერება არ დაგეკარგა... შენ ჩემი საუკეთესო მეგობარი ხარ და მინდა იცოდე, რომ ყოველთვის შენს გვერდით ვარ, ნებისმიერ შემთხვევაში... ახლა მითხარი რას აპირებ, რამე გეგმა გააქვს? პოლიციას შეატყობინე უკვე?

– არა, პოლიციაში არ დარეკო თორემ მოვკლავთო. და საერთოდ, არავის არ უთხრა თორემ მოვკლავთო, ყველაგან მიკროფონები გვაქვს დამონტაჟებული – მანქანაში, სახლში, ტელეფონში, ტანსაცმელზე... გითვალთვალებთ, ყოველ შენს ფეხის ნაბიჯს ვაკონტროლებთო.

– მერე, მე რო მითხარი, არ გეშინია, რომ მოკლან? ხო ხედავ, გულის სიღრმეში ფეხებზეც კი გკიდია!

– ისევ დაიწყე?

– მე არაფერი არ დამიწყია, მე ფაქტები მომყავს – თუ გითხრეს არავის უთხრა თორემ მოვკლავთო, მე რატომ მითხარი?

– გეხვეწები, გაჩერდი.

– კაი, მითხარი მაშინ რას აპირებ?

– უნდა გადავუხადო.

– პოლიციას არ შეატყობინებ?

– რომ მოკლან?

– მე ხომ მითხარი?! ბარემ პოლიციასაც უთხარი.

– არა, პოლიციას ვერ გავაკონტროლებ, ჩემგან დამოუკიდებლად იმოქმედებენ.

– და მე გამაკონტროლებ?

– შენ არც გჭირდება კონტროლი, ისედაც არ მეხმარები.

– მე შენ დაგეხმარები, უბრალოდ მინდა ყველაფერი გამაგებინო რას აპირებ, ყველაფერი ავწონ დავწონოთ და ისე ვიმოქმედოთ. მილიონი გააქვს?

– ანგარიშზე მაქვს, ქეშად არა. სახლში სამასი ათასამდე მექნება, მეტი არა.

– მერე რა უნდა ქნა?

– რვის ნახევარზე დამირეკავენ და მეტყვიან ფული სად უნდა მივუტანო და ვეტყვი, რომ სამასს დღეს მივცემ და დანარჩენ შვიდასს ხვალ...

– შენ ხომ არ გაგიფრენია მეგობარო, რა სამასს დღეს და შვიდასს ხვალ, მანქანას კი არ ყიდულობ, ცოლის გამოსასყიდს იხდი!

– აბა რა ვქნა?

– გაყიდე ყველაფერი, ისესხე...

არ ვიცი, რამე ქენი, შენი ცოლია ძმაო, ჩემი კი არა...

– და რა ვქნა, ახლა სად რა უნდა გავყიდო?

– არ ვიცი. იცი რა მაინტერესებს, როგორ გაგაგებინეს გატაცების ამბავი?

– მანქნაში, რომ ჩავჯექი წერილი დამხვდა.

– მანქანა ქუჩაში იდგა?

– არა, გარაჟში.

– ფანჯარა ჩამტვრეული იყო? კარი როგორ გააღეს?

– არ ვიცი, კარის გაღებას რა უნდა, სახაზავით მეც გავაღე ერთხელ.

– მანქანის კარზე კი არა, გარაჟის კარზე გეუბნები, გარაჟის კარი როგორ გააღეს, ფანჯარა ჩამტვრეული იყო? ან საკეტი გატეხილი?

– არა... მაგაზე არც მიფიქრია, რა დროს მაგაზე ფიქრი იყო, ან რა დროს მაგაზე ფიქრია?!

– რა დროს მაგაზე ფიქრია?! მგონი, რომ სწორად ახლა არის მაგაზე ფიქრი საჭირო... ვინმეზე ხო არ გაქვს ეჭვი?

– არ ვიცი, არა, არასოდეს არავისთვის არაფერი ცუდი არ გამიკეთებია და ვისზე ვიფიქრო?

– ხო, რა ვიცი... შენ ამბობ, რომ გარაჟის კარის საკეტი გატეხილი არ ყოფილა და არც მინა იყო ჩამსხვრეული ხო?

– ხო, შიგნიდან იყო გარაჟი ჩაკეტილი.

– და არც მანქანის კარის საკეტი იყო ნაწვალები და არც მინა ჩატეხილი ხო?

– არა.

– ესეიგი, ვიღაცას გასაღებები ჰქონდა ან მისი ასლები.

– მანქანის გაღებას რა უნდა, ხო გითხარი, სახაზავით მეც გამიღია-მეთქი!

– მეგობარო, მანქანის კარი შეიძლება გაგიღია მაგ სახაზავით, მაგრამ გარაჟი?

– რა გარაჟი?

– რა გარაჟი და ის გარაჟი, რომ სახაზავით გარაჟს ვერ გააღებ!

– ხო, მართალი ხარ, სახაზავით გარაჟს ვერ გააღებ და თუ გააღებ მაშინ ის სახაზავი რაღაც სპეციალური სახაზავი უნდა იყოს, გარაჟების გასაღებად გაკეთებული სახაზავი...

– ერთი წამით, მეგობარო, რა დროს სახაზავია, შენ ცოლზე ვლაპარაკობთ. სახაზავი უფრო გაინტერესებს თუ შენი ცოლი?

– მაშინ როგორ უნდა გაეღოთ გარაჟის კარი?

– ხოდა, სწორად მაგას გეუბნები, რომ ან ორიგინალი ჰქონდათ ან ასლები.

– რისი ასლები?

– შენი დაბადების მოწმობის... რისი ასლები უნდა ჰქონოდათ?! გასაღებებზე ვლაპარაკობთ.

– გასაგებია...

– ძალიან კარგი.

– კი მაგრამ საიდან?

– მოვლენათა განვითარებას მივყვეთ და ლოგიკურად ვიმსჯელოთ...

ფაქტია, რომ ვიღაცას გასაღებები ჰქონდა, არ აქვს მნიშვნელობა ორიგინალი იყო ის თუ ასლი, შესაბამისად, ვინც არ უნდა ყოფილიყო, მას შენი გასაღები რამდენიმე საათით მაინც უნდა ჰქონოდა იმისათვის, რომ ასლები დაემზადებინა, ან შენს გარაჟში და მანქანაში შეეღწია.

ჰოდა, ეს უკვე წინ გადადგმული ნაბიჯია... როცა გაიღვიძე გასაღები სად დაგხვდა?

– იქ, სადაც ვდებ ხოლმე – კორიდორში, ტორშერზე.

– აჰა... რომელ საათზე გაიღვიძე?

– თერთმეტზე.

– ლეტიცია რომელზე გავიდა სახლიდან?

– ცხრის ნახევარზე.

– სად მიდიოდა იცი?

– დედამისს უნდა გაყოლოდა გინეკოლოგთან და მერე სამსახურში.

– ყოჩაღი ყოფილა შენი სიმამრი... ელაპარაკე დედამისს?

– თვითონ დამირეკა თერთმეტზე, მაგან გამაღვიძა, ლეტიცია არ მოსულა და ხო არ იცი სად წავიდა და რატომ არ მოვიდაო.

– ლეტიციასთან სამსახურში დარეკე?

– კი, და ასე მითხრეს, გუშინ ეგ და დირექტორი გვიანობამდე იყვნენ დირექტორის კაბინეტში ჩაკეტილები და მას მერე არ გვიანახავსო.

– გადასარევია... კარგი, მაგას თავი დავანებოთ, გუშინ იყავი სადმე მანქანით?

– კი, და გამთენიისას დავბრუნდი, ასე შვიდი იქნებოდა.

– ესეიგი ეს ყველაფერი შვიდიდან თერთმეტამდე მოხდა, ანუ ოთხ საათში. ეს უკვე რაღაცაა...

– უკვე შვიდი გახდა, ნახევარ საათში დარეკავენ და მეტყვიან ფული სად უნდა მივუტანო და რა ვქნა?

– მოითმინე, მგონი ვხვდები ვინც არის ამ საქმეში გარეული.

– ვინ?

– მაცადე ერთი წამით...

შენ ამბობ, რომ ლეტიცია დედამისს ცხრისნახევარზე უნდა შეხვედროდა ხო?

– არა, ცხრისნახევარზე გავიდა სახლიდან, ცხრაზე უნდა შეხვედროდა.

– ლეტიცია ყოველდილით ბანაობს?

– კი, და საკმაოდ დიდ ხანს ატარებს აბაზანაში.

– მაინც რამდენს, დაახლოებით შეგიძლია მითხრა?

– მინიმუმ ნახევარ საათს მაინც.

– ძალიან კარგი. ესეიგი, ნახევარი საათი ბანაობა, ნახევარი საათი ჩაცმა-ყავის დალევა... ყავას ხო სვამს?

– ბევრს და ხშირად.

– ძალიან კარგი, ეგეც შენი კიდევ ერთი საათი.

– რა ერთი საათი?

– გაჩუმდი ერთი წამით! ესეიგი, შენ შვიდისთვის მიხვედი სახლში... თუ გამტაცებელი გითვალთვალებდა და ის უეჭველად გითვალთვალებდა, მაშინ მას შენთვის ერთი ნახევარი საათი მაინც უნდა ეცლია, სანამ გაიხდიდი, წყალს გადაივლებდი, ჩაწვებოდი, დაიძინებდი და მერე შემოსულიყო, მაგრამ ნახევარ საათში ის ვერ შემოვიდოდა იმიტომ, რომ ნახევარ საათში რვის ნახევარი გახდებოდა, რვის ნახევარზე კი ლეტიცია უკვე გაღვიძებული იყო და დილის პროცედურებს გადიოდა. ეგეც შენი ცხრის ნახევარი, ანუ გამტაცებელს სამოქმედოდ ორსაათნახევარი ჰქონდა – ცხრის ნახევრიდან თერთმეტამდე, მაგრამ ახლა ერთ მნიშვნელოვან ნიუანსს მიაქციე ყურადღება, დავუშვათ, რომ ეს ყველაფერი ცხრისნახევრიდან თერთმეტამდე მოხდა, ანუ მაშინ, როცა შენ გეძინა. გამტაცებელს თუ გამტაცებლებს, არ ვიცი, ლეტიცია, სავარაუდოდ მაშინ ჰყავთ აყვანილი როცა ლეტიცია სახლიდან გავიდა, სახლიდან აყვანას ვერ გაბედავდნენ, ჰოდა, შენ რო გეძინა ერთერთი გამტაცებელი უკანა კარიდან შეიპარა შენ სახლში, ფეხაკრეფით იარა კორიდორამდე, აიღო მანქანის გასაღები, შიდა კიბით ჩავიდა გარაჟში, რომლის შიდა კარს არასოდეს კეტავთ, შევიდა გარაჟში, გააღო მანქანა, დატოვა წერილი, დაკეტა მანქანა, ავიდა კიბეზე, გასაღები თავის ადგილას დადო და ისევ ფეხაკრეფით გაიპარა უკანა კარიდან...

– მართალი ხარ, გენიოსი ხარ, ნამდვილად მასე იყო, ნამდვილად!

– არა, ასე არ ყოფილა!

– რატომ, საიდან იცი?

– იქიდან ვიცი, რომ იმ გამტაცებელმა თუ გამტაცებლებმა დიდი საქმე დაატრიალეს, მილიონიანი, ადამიანი გაიტაცეს, ყველაფერი უზადოდ შეასრულეს და არა მგონია ისეთი კრეტინები ყოფილიყვნენ, რომ სახლში კრეტინებივით, წერილით და გასაღებით ხელში ერბინათ ზემოთ ქვემოთ. წერილს იქვე, გასაღებებთან დაგიდებდნენ, კორიდორში და გარაჟში ჩასვლა ამოსვლა არ დასჭირდებოდათ.

– ანუ?

– ანუ ის, რომ ოთხი ვერსია მქონდა და ამ ოთხიდან ერთი უკვე გამოვრიცხეთ.

დაგვრჩა სამი. ახლა ამ სამიდან ორი უნდა გამოვრიცხოთ, მაგრამ სანამ რამეს გამოვრიცხავდე მინდა გაიხსენო გასაღები ხომ არ დაგკარგვია ამ ბოლო დროს, ან ისეთი შემთხვევა ხომ არ ყოფილა რამდენიმე საათის განმავლობაში რომ ვერ გეპოვოს, ან რა ვიცი, ხო ხვდები? ან ხომ არ გითხოვებია ვინმესთვის?

– არა, თხოვებით არავისთვის მითხოვებია და დაკარგვითაც არ დამიკარგავს, პულტიანი გასაღებია, პულტი ტელეფონში მაქვს ჩამონტაჟებული და თუ ვკარგავ, აი, ისეთ ადგილას ვდებ, რომ უცებ ვერ ვპოულობ, პულტს ვრთავ და გასაღები პიპინს იწყებს და ეგრევე ვპოულობ.

– ლეტიციაზეც რო გქონდეს ეგეთი რამე დაყენებული კარგი იქნებოდა...

– რაა?

– არაფერი... ესეიგი გასაღების დაკარგვის და ვინმესთვის თხოვების ვარიანტიც გამოვრიცხეთ, შესაბამისად ასლიც ვერავის ექნებოდა, ორიგინალზე, რომ აღარაფერი ვთქვა. დაგვრჩა ორი ვერსია.

– რა ორი ვერსია? მესამე რომელი იყო?

– მესამე? ვინმეს ასლები, რომ ჰქონოდა, გარჟში შესულიყო, მანქანა გაეღო, წერილი დაეტოვებინა, მანქანა დაეკეტა, გარაჟი დაეკეტა და თავის გზაზე მშვიდად წასულიყო. აი ეს არის მესამე ვერსია.

– გასაგებია, ის ორი ვერსია?

– ხოო, ეს ორი ვერსია შედარებით რეალურია, მაგრამ რთულად წარმოსადგენი... თუმცა ამ ორიდან ერთია რთულად წარმოსადგენი...

– რომელია რთულად წარმოსადგენი?

– რთულად წარმოსადგენი და ჩემთვის სასიხარულო ვერსია ის არის, რომ შენი ცოლი ლეტიცია შენ გაიტაცე...

– რაა?

– არა, ეს უბრალოდ ვერსიაა, როგორის პრეცენდენტიც მრავლად არის მსოფლიოში და შეიძლება ითქვას ფულის გაკეთების და ცოლის მარწუხებიდან თავის დაღწევის აპრობირებული მეთოდია... მაგრამ ერთ რამეს ვერ ვხვდები – გამოსასყიდს შენს თავს რატომ თხოვ?

– რას ლაპარაკობ?

– დაწყნარდი, დაწყნარდი...

ლეტიციას სიცოცხლე დაზღვეული გაქვს?

– არა! რა შუაშია ეგ?

– არა? მაშინ მართლა გაუგებარია რატომ გააკეთე ეს. არადა რა კარგი ვერსია იყო: შენ გაიტაცე შენი ცოლი, ითხოვ გამოსასყიდს, მილიონს, გადაიხდი მილიონს, ანუ შენ თავს გადაუხდი მილიონს და ამით ქვასავით ალიბი გექნებოდა, მერე ლეტიციას სადმე, ღმერთისგან მივიწყებულ ადგილას წაიყვანდი, მოკლავდი, ნაწილებად დაჭრიდი, დამარხავდი, სადაზღვევო კომპანიისგან ფულს აიღებდი და იცხოვრებდი ბედნიერად... მართლა მშვენიერი ვერსიაა არა?

– სანდრო სულ გაგიჟდი? რას ლაპარაკობ? ის ხომ ჩემი ცოლია, მე ის მიყვარს...

– კარგი, დაწყნარდი, მე ვცდილობ სიმართლის გარკვევას და რაღაცეები მინდა გამოვრიცხო, რომ კონსენსუსამდე მივიდეთ. დაწყნარდი და სიმართლე მითხარი, ხო იცი ჩემი მეგობარი ხარ და რაც არ უნდა მოხდეს ყოველთვის შენს გვერდით ვიქნები... შენი ხელი ურევია ამ საქმეში?

– არა, ღმერთო ჩემო, არა, არა, მე ის მიყვარს, ის ჩემი ცოლია, ის...

– კარგი დაწყნარდი, პანიკაში ნუ ჩავარდები... მაშასადამე მეორე ვერსიაც გამოვრიცხეთ. მეთანხმები?

– რა თქმა უნდა, სანდრო, ის ხომ ჩემი ცოლია, მე ის მიყვარს...

– იმას კი არ უყვარხარ!

– სანდრო!

– კარგი, კარგი, ესეიგი დაგვრჩა მესამე, უკანასკნელი ვერსია, რომელზეც თავიდანვე ვფიქრობდი და მგონია, რომ სწორედ ეს ვერსია არის ჭეშმარიტი ვერსია, ვერსიათა ვერსია!

– რომელი?

– რომელი საათია?

– რვის ოცი წუთი...

მესამე ვერსია... თქვი!

– ჯერ ზარს დაველოდოთ, დარეკონ, ვნახოთ რამე ხომ არ შეიცვალა და მერე გეტყვი.

– რა ზარს, რის ზარს, დროზე მითხარი, გავგიჟდი...

– იან პიტერ! ჯერ ზარი!

– არ მაინტერესებს, მითხარი ეხლავე, საქმე ჩემ ცოლს ეხება და დროზე მითხარი ყველაფერი!

– კარგი, თუ არ იშლი, სხვა რა გზაა?!

– გისმენ!

– ლეტიციას გატაცება ლეტიციას ინსცენირებულია – უნდა, რომ ფული დაგცინცლოს!

– შენ ავადმყოფი და საშინელი ადამიანი ყოფილხარ! რეებს როშავ, არ გრცხვენია?

– მე რისი უნდა მრცხვენოდეს, მე სიმართლეს ვამბობ, ლოგიკურად ვმსჯელობ.

– რა ლოგიკურად სანდრო, ჰუმანურობის ნატამალი არ გაგაჩნია!

– ჰუმანურობის დეფიციტს შენი ცოლი ლეტიცია განიცდის – როგორ შეიძლება საკუთარქმარს ასეთი რამ გაუკეთო?!

– სანდრო გაჩუმდი!

– ერთი წამით მომისმინე, გეტყვი რატომაც ვთვლი ასე და თუ რამეში ვცდები მაგასაც ნახავ.

– არ მაინტერესებს, სჯობს ხმა არ ამოიღო.

– ერთი წამით მომისმინე, უბრალოდ მომისმინე და მერე გავჩუმდები, ხმას აღარ ამოვიღებ.

– არ მაინტერესებს-მეთქი ხო გითხარი.

– ზუსტად ორ წუთი მომისმინე და მორჩა.

– კარგი მიდი, ოღონდ, უნდა გრცხვენოდეს ამას, რომ ამბობ.

– კარგი, მრცხვენია, უბრალოდ მომისმინე.

– არ მჯერა რო უნდა მოგისმინო.

– დაიჯერე და მომისმინე. დილით, ლეტიციამ, რომ გაიღვიძა, ჩვეულებრივი პროცედურების გავლა დაიწყო, წყალი გადაივლო, ყავა დალია, ჩაიცვა, ცოტა, ალბათ, წაიხემსა კიდეც, მერე, ჩაცმულ-დახურული გავიდა კორიდორში, აიღო მანქანის გასაღები, ჩავიდა გარაჟში, გააღო მანქანა, სავარძელზე წერილი დადო, მანქანა ჩაკეტა, გასაღები თავის ადგილზე დადო და მშვიდად გაუყვა გზას, ისე, რომ არც კი უნერვიულია და დარწმუნებული იყო და არის იმაში, რომ მასზე ეჭვს ვერავინ მიიტანს. ეხლა ერთადერთი ის გვაქვს გასარკვევი ვინ ეხმარება და სად წავიდა, ახლა სად არის, სად იმალება? ამისათვის ზარს უნდა დაველოდოთ და ვნახოთ ვინ იქნება, ქალი თუ კაცი, და საერთოდაც, იქნებ ხმა გეცნოს და მაშინ ყველაფერი მოგვარებული იქნება.

– სანდრო, გეხვეწები ხმა აღარ ამოიღო თორემ გული ამერევა.

– როგორც გინდა, მეგობარო, მე უბრალოდ შენს დახმარებას ვცდილობ, მინდა, რომ ყველაფერი კარგად დამთავრდეს, მეტი არაფერი.

– ხო და ჩემი დახმარება თუ გინდა ხმა აღარ ამოიღო.

– რა სისულელეა, შენ ასეთ გასაჭირში ხარ და მე ხმა არ ამოვიღო? აბა რისი მეგობარი ვიქნები თუ რჩევა არ მოგეცი და არ დაგეხმარე? არა და არა, ხმასაც ამოვიღებ და თუ საჭირო გახდა ვიმოქმედებ კიდეც...

– ჩუმად, რეკავენ... რა ვუთხრა? რა ვქნა?

– მომეცი ტელეფონი მე დაველაპარაკები.

– ხო არ გაგიჟდი? რო გაიგონ სხვამ რომ აიღო ტელეფონი ეგრევე მოკლავენ ლეტიციას.

– რა სისულელეა, საიდან უნდა იცოდნენ შენი ხმა? და თუ იციან ესეიგი ვიღაც ნაცნობია და ლეტიციას პოვნა ბევრად უფრო გაგვიადვილდება.

– არა, სანდრო, არა...

იან პიტერს ტელეფონი ხელიდან გამოვგლიჯე და ყურმილი ავიღე, იან პიტერს კი ვანიშნე ჩუმად ყოფილიყო თორემ ლეტიაციას მოკლავენ-მეთქი და იან პიტერიც გაჩუმდა. საუბარს, რომ მოვრჩი იან პიტერმა ზურგი შემაქცია და წავიდა. რატომ წავიდა ვერ ვხვდები, პირიქით უნდა ჩამხუტებოდა და მადლობა ეთქვა ჩემთვის, მე ხომ გამტაცებლებს ზუსტად ის ვუთხარი რასაც იან პიტერი ფიქრობდა და რაც უფრო გააადვილებდა ლეტიციას დაბრუნებას.

ვუთხარი, რომ ვიცი ყველაფერი ლეტიციას გაჩალიჩებულია და არ ვაპირებ მილიონი გადავიხადო მხოლოდ იმიტომ, რომ ლეტიციამ რაღაც სულელური სცენარი დაწერა და იმაზე სულელურად დადგა. არ გამოუვიდა ოინი იმიტომ, რომ ცუდად გაათამაშა, ასე, რომ დაემშვიდობონ მილიონსაც და იან პიტერსაც და ლეტიცია სახლში აღარასოდეს მოვიდეს – სულ ეს იყო რაც გამტაცებლებს ვუთხარი და ტელეფონი გავუთიშე... ნამდვილად ვერ ვხვდები რა ეწყინა იან პიტერს.

რაც არ უნდა მომხდარიყო, იან პიტერი როგორი გაბრაზებული და ნაწყენიც არ უნდა ყოფილიყო ჩემზე, ჩემი, როგორც მეგობრის, ვალია მას დავეხმარო და ჩემი ამბიციურობა და სიამაყე ჩემშივე ჩავკლა, სულ ცოტა ხნით მაინც, იქამდე სანამ ლეტიციას არ დავუბრუნებ იან პიტერს. ლეტიციას დაბრუნება კი მიზნად დავისახე და მე ისეთი პიროვნება ვარ, რომელიც დასახულ მიზანს ყოველთვის აღწევს. შესაძლოა მიზნის მისაღწევად მაკიაველის ხერხსაც კი მივმართო ხოლმე, ანუ მაკიაველზმი ჩემი რელიგიაა, მაკიაველი მამა, მიზანი – ლეტიციას დაბრუნება და ამ მიზნის მისაღწევად მაკიაველიზმს მივმართავ, ანუ ნებისმიერი ხერხს გამოვიყენებ, არაფერს მოვერიდები, სრულიად არაფერს, ამორალურიც ვიქნები, აგრესიულიც, ბოროტიც და ამავე დროს ეშმაკიც.

მიუხედავად ყველაფრისა, ბოლო ვერსია მაინც ყველაზე რეალურად მეჩვენებოდა, მაგრამ აბა, როგორ დამემტკიცებინა? ფაქტები მჭირდებოდა, ფაქტები კი არ არსებობდა და ამიტომაც გადავწყვიტე ჯერ ყველა სხვა ვერსია გამომერიცხა, ანუ ფაქტებით გამომერიცხა ყველა სხვა ვერსია და ბოლოს ავტომატურად მხოლოდ ერთი ვერსია დარჩებოდა – ვერსიათა ვერსია, ჭეშმარიტი ვერსია, ლეტიციას სულელური სცენარი, რომელსაც მხოლოდ მე მივხვდი და არა მისი მიამიტი ქმარი, ჩემი მეგობარი იან პიტერი.

ეს იან პიტერი მაოცებს, ისე გაუკვირდა როდესაც ვუთხარი ლეტიციას გატაცებაში ლეტიციას ხელი ურევია-მეთქი, რომ თითქოს არასოდეს გაეგოს მსგავსი ამბები. სულელია რა, ჯერ უხაროდეს მაინც, რომ არ მოკლა და უბრალოდ თავისი თავი გაიტაცა იმ ნორმანდიელმა კახპამ. მაგრამ, ალბათ, ცოლის ფაქტორი მაინც სხვაა, თან იან პიტერს მთელი ბავშვობა არავინ ჰყვარებია, არც ვინმე სხვას ჰყვარებია ის. 

 

1 2 3 4
გვერდის მისამართი : ბიბლიოთეკა / პროზა / ნავერიანი სანდრო / არგენტინული პიტბული