ნანობაშვილი მარიანა

 

იდენტიფიკაცია

 

 

 

 

...ნეტა, რაში გაინტერესებს?

 შენ ამბობ, რომ მწერალი ხარ?

 ნანუკას ისტორია გაცილებით საინტერესოა ჩემსაზე, იმისი ჩაწერე, მართლა გირჩევ... ცოტა ხანში შემოიყვანენ, ახლა ადვოკატი ჰყავს...

 კი ბატონო...

არ ვიცი, რატომ გინდა მაინცდამაინც ჩემი აღსარება მოისმინო... არა, ისე კი არ გამიგო, სიამოვნებით მოგიყვები, საერთოდ ძალიან მიყვარს ლიტერატურა...

 რამდენი ხნით შემოგიშვეს? აბა, თავზე საყრელად გვქონია დრო...

 ჩემს სიგარეტს მოწევ?

 ...როგორც გინდა...

 წეღან რომ თქვი, ჩემთვის ყველაზე რეალური მაშინაა ცხოვრება, როცა ვიგონებ მას და ვწერო, ეგ ფრაზა მომხვდა. მეც მასე ვარ თითქმის, ვიგონებ ცხოვრებას და ვწერ მერე ჩემებურად. მაგრამ თუ გამოგივა ამაზე მოთხრობა, მომიძღვენი, რა, კაი? მესიამოვნება ძალიან, მართლა.

 ...ათეთრებ ხოლმე ნაწერს? სანამ დაგიბეჭდავენ, ბევრს ასწორებ? მე ვერ ვამჩნევ ხოლმე შეცდომებს. ვზივარ, ვფიქრობ და ვერ ვხვდები, სად რა არ უნდა დამეწერა... ეგეც არი, ერთბაშად არ გადავათეთრო აი...

 აჰა...

 ჰო, კომპიუტერით წერა უფრო მოსახერხებელია...

კომპიუტერით ყველაფერი ადვილდება... ადვილდება მუშაობა... მარტოობა... დროის მოკვლა...

 გაცნობაც ადვილდება, მაგას ვამბობდი.

 ნუ როგორც ხდება ხოლმე, შენ რა გქვია, რა ფერის თვალები გაქვს... ვერთობოდი ხოლმე სამსახურში, როგორც ბევრი... თვითონ არავისზე გავდიოდი, მხოლოდ იმათ ვპასუხობდი, ვინც თვითონ გამომელაპარაკებოდა.

 ესეც რა სიმბოლურია, იცი, ჩემთვის? ცხოვრებაში ყოველთვის იმ კაცებიდან ვირჩევდი, რომლებიც მე მირჩევდნენ... მინდა გითხრა, ასეთი ბევრი იყო... ხომ მიყურებ, ალბათ, არ გიკვირს... შეიძლება ამიტომ, სურვილიც არ გამჩენია არასდროს, ვინმესთან მიმართებაში პირველი ნაბიჯი გადამედგა. პასიური ქალი ვარ ზოგადად...

 ...ახლა ძალიან ადრეც არა ჰქვია, ცხრამეტისა გავთხოვდი... რა ვიცი, რატომ გავცილდი...

რატომ ცილდებიან ხოლმე... ახლა მაგას ნუ მომაყოლებ, თუ და ხარ. ზოგჯერ ვფიქრობ... იქნებ, შვილი რომ გვყოლოდა... ძალიან კარგი კაცი იყო... არის... ჰა? ეცოდინება ალბათ, მაგრამ არ გამოჩენილა საერთოდ...

შეიძლება, არცაა ქალაქში. ქვეყანაში. დიდი ხანია, აქედან გაღწევა უნდოდა... კი, როგორ არა! ძალინ მიყვარდა, რამდენიმე წელი... მართლა მინდოდა, ერთად დავბერებულიყავით. მე თუ მიყვარს – მიყვარს, გადარეულად და უკანმოუხედავად.

 ჰო, კომპიუტერი-მეთქი.

ცხოვრებაში ერთადერთხელ ამოვარჩიე კაცი, და ისიც ბრმად. იყო იქ რაღაც დამთხვევები, შენთვის უინტერესო, რის გამოც პირველი გამოველაპარაკე...

 ...ინტუიციის გჯერა? ბედისწერის?

 ისიც ვერ იტანდა ასეთ ზოგად კვაზიფილოსოფიურ კითხვებს. საერთოდ, ზედმეტ, ცარიელ სიტყვებს ვერ იტანდა. ისედაც გარკვეულის ხარშვას... გამეორებას... თვითონ რასაც ამბობდა, თავს მოვიჭრიდი, წყალი არ გაუვიდოდა. ერთხელ მეკითხებოდა და ვიცოდი, აღარ დაავიწყდებოდა.

ყურადღებიანი იყო ძალიან.

ფსიქოლოგი დაბადებით.

 არ მახსოვს, როგორ ჩამითრია ამ ვირტუალურ ნაცნობობაში. ხშირად მომმართავდა სახელით, ხშირად მიგზავნიდა მომღიმარ სმაილებს, მარწმუნებდა, რომ იშვიათად საინტერესო ქალი ვარ, რომ სხვებს არ ვგავარ, რომ არა ვარ ა-მო-წურ-ვა-დი... ფოტოზე ძალიან ახალგაზრდა და როგორღაც გულუბრყვილოც ჩანდა, ამიტომ, როცა ერთხელ რაღაცას მოაყოლა, ცინიკოსი ვარო, გულში გამეღიმა. მეც-მეთქი, რატომღაც დავიბრალე...

 მემსუბუქებოდა მასთან ურთიერთობა, მეხალისებოდა, მაგრამ ზუსტად ვიცოდი, რომ არასდროს შევხვდებოდი.

იმ დროს მორიგი დეპრესია მქონდა, ახალი სერიოზული ურთიერთობების წამოწყებაზე ლაპარაკიც არ იყო, მით უმეტეს, ასეთი ფორმით... ცუდად ვიყავი ძალიან, კომპიუტერზეც იმიტომ ვერთობოდი. და, უცებ, წარმოიდგინე, ვიგრძენი, რომ ცხოვრების ხალისი მიბრუნდება, გოგო! ამ დროს, კაცს პრაქტიკულად არ ვიცნობ, და უცებ ვხვდები, რომ სულ მაგაზე მეფიქრება. ისე კი არა, სულელივით დავდიოდე და ვოცნებობდე, მაგრამ რაც გინდა მეკეთებინა, რაზეც უნდა მელაპარაკა, სამსახურშიც, სახლშიც, სულ მახსოვდა, რომ არსებობდა და მიხაროდა როგორღაც... წარმოდგენა არ მქონდა, რაში გადაიზრდებოდა ეს უცნაური ვირტუალური ფლირტი, არც ვფიქრობდი ამაზე, როცა ერთხელ პირდაპირ მომწერა, გატყობ, შენ დინებას მიყვები, დინება კი ჩემს მკლავებში მოგაცურებსო...

 ჯერ ასეთი თავხედობისგან გავოგნდი. მერე კი, უცებ, ჩემდა გასაკვირად, ვიგრძენი, რომ სულაც არა ვარ, პრინციპში, ამ ნაოსნობის წინააღმდეგი... არ ვიცნობ, არ დაგავიწყდეს! ამ დროს მამაკაცებთან ჩემი ურთიერთობა საუკუნეები გრძელდებოდა ხოლმე, სანამ რამეს გადავწყვეტდი.

ჩემს ყოფილ ქმარს მეშვიდე კლასიდან ვუყვარდი... გაყრის შემდეგ რომ კაცი მყავდა, წელიწადი მდია... ამას იმიტომ გიყვები, რომ მიხვდე ჩემს მოუქნელობას ამ საკითხში. მშიშარა ვარ ძალიან. ასჯერ რომ გავზომავ, მაინც მეშინია ერთხელ მოჭრის...

 ჰოდა, რას გეუბნებოდი.

 გამაჟრჟოლა – იმ სიტუაციაში ეს სასხვათაშორისოდ, მოულოდნელად ნასროლი ფრაზა უფრო ეროტიკული იყო, ვიდრე პირველი შეხება...

როგორღაც, ძალიან კაცური, ხომ ხვდები? მწერალი ხარ ბოლო-ბოლო... მესიჯებით მიტევდა – გუკა, მაკლიხარ, რაღა დაგიმალო და... შენზე უკვე ბევრს ვფიქრობ, გუკა... არ გინდა, დამირეკო, და ეს ბევრჯერ გაიმეორო, მათემატიკოსების გამოგონილ ყველაზე დიდ რიცხვამდე, გუკა?

 პირველად რომ დავურეკე, არ მომეწონა მისი ხმა – ხელოვნურად დაყენებული და ძველბიჭური მომეჩვენა. იმ გულუბრყვილო ფოტოს არ უხდებოდა რაღაცნაირად, კომპიუტერის ეკრანიდან რომ შევეჩვიე... ცოტათი გამოვფიხზლდი, როცა ეს პირველი რეალური კონტური გამოიკვეთა – ხმა. როგორც, წიგნს რომ წაიკითხავ და მერე მასზე გადაღებულ ფილმს ნახავ, ხომ ხვდები, ისეთი უკმარისობის გრძნობა დამრჩა.

 ტელეფონით გავაგრძელეთ ურთიერთობა. მთელი ღამეც გვილაპარაკია, დილამდე.

არ მიყვარს საერთოდ ტელეფონით საუბარი, გული მიწუხს ხოლმე, ვინმემ დიდხანს თუ გამიბა. ამასთან დრო გარბოდა, ძილიც კი არ მეკარებოდა, გოგო!

არ დაგავიწყდეს, არ ვიცნობ... იმ მნიშვნელობით, რომ არ მყავს ნანახი...

 ა? რა ვიცი, რაზე აღარ... სხვადასხვა თემაზე. დაწყებული ყოფითი ისტორიებით, მაღალი მატერიებით დამთავრებული. რაში გაინტერესებს, ეს ჩვენი პირადი საუბრებია...

რამე მოიგონე მოთხრობისთვის... მერე შეხვედრა მთხოვა, და მე უკვე ზუსტად ვიცოდი, რომ შევხვდებოდი, ადრე თუ გვიან.

 ნეტა იცოდე, როგორ ვნერვიულობდი შეხვედრის წინ. მეშინოდა, რომ არ მომეწონებოდა და ისევ ჩავუღრმავდებოდი დეპრესიას, ძლივს რომ ამოვბობღდი. იმისიც მეშინოდა, რომ მომეწონებოდა და ისევ ჩამითრევდა ახალი გრძნობები, რომლებსაც შეიძლებოდა ახალი ტკივილი და ახალი დეპრესიები მოეტანა.

შეიძლება, დაციკლული ვარ, ან ცხოვრებაში სხვანაირად არ მქონია, ნუ არა მჯერა, რომ ბედნიერება აუნაზღაურებლად გეძლევა.

წავედი, ერთი სიტყვით.

პირტიტველა მაღალ ბიჭს ველოდი, როგორც გითხარი. გულუბრყვილო გამომეტყველებით.

 ოდნავ წვერმოშვებული მამაკაცი აღმოჩნდა, მუქი მსხვილი წარბებით, წამოზრდილი, მბზინავი თმით, წამდაუწუმ რომ იწევდა შუბლიდან და ამ დროს ჩამოყრილი უფრო უხდებოდა, მგრძნობიარე ჭკვიანი გამოხედვით. უარესად დავიზაფრე, თავიდან იმასაც ვერ მივხვდი, მომეწონა თუ არა.

სურათთან განსხვავება აშკარა იყო, ცალკეულ ნაკვთებს არ ვგულისხმობ, უფრო მთლიანად ტიპაჟს... თითქოს ვიღაც უცხოს ვხედავდი, ამავე დროს ძალიან ნაცნობს. უცებ გამიელვა, რომ არ არმომეწონა. ანუ ქვეცნობიერი შეფასება უარყოფითი არ იყო, და ეს უკვე ბევრს ნიშნავდა... “მიდის იდენტიფიკაცია?” - მკითხა ჩემი მდგომარეობის შემჩნევისას.

 მოვეწონე.

 რა გულუბრყვილო გამომეტყველებაზეა ლაპარაკი. რომ გიყურებდა, მგონი წინასწარ იმასაც ხედავდა, რაც მეორე წამს უნდა გაგეფიქრა, ეცინებოდა ჩემს ნერვიულობაზე. დაჟინებით ცდილობდა, თვალებში ჩაეხედა.

ამის გამო უარესად გამირბოდა მზერა. აბსოლუტურად პარალიზებული ვიყავი.

 მოულოდნელად გადმოიხარა და ხელი გულზე დამადო, ძალიან დელიკატურად. “რა დღეში გაქვს?” – გაეღიმა. “რამდენიც გამიხსენებ, ეს ჟესტიც გაიხსენე რა”, – ჩაილაპარაკა...

 მხოლოდ მაშინ მოვეგე გონს, როცა სახლში გაცილებისას ბნელ კუთხეში ხელი დამიჭირა და მაკოცა. ვიცოდი, რომ ასე მოიქცეოდა, ამას არც მალავდა. მაგრამ საქმე საქმეზე რომ მიდგა, ძალიან დავფრთხი.

რაც გინდა თქვი, თუმცა თვეზე მეტია საკმაოდ დავახლოვდით, მაგრამ პრაქტიკულად უცხო კაცია, რომელ გრძნობებზე და ვნებაზეა ლაპარაკი, პირველად ვხედავ. მკოცნის და, მხოლოდ იმას ვფიქრობ პანიკურად, რომ უცხო გემო აქვს, უცხო სუნი, უცხო ხელებით ცდილობს მომეფეროს. ვდგავარ დაზაფრული, ყინულივით და სხვას ვერაფერს ვგრძნობ. მაგრად ეწყინა.

 ჰო, წყენაზე.

 ცინიკოსი მართლა იყო.

 ისედაც, რთული იყო მასთან. მალე სწყინდა და შეეძლო, ძალიან უბრალოდ და მწარედ ეწყენინებინა თვითონაც. შეიქმნიდა რაღაცაზე საკუთარ აზრს და მერე ძნელი იყო მისი გადარწმუნება.

იმასაც არ გისმენდა, შენ რომ რაღაც თქვი, რატომ თქვი და რა იგულისხმე. თავისი ურყევი მოტივაცია ჰქონდა შენი ნათქვამის მოტივაციაზე. ამ დროს, წყნარი იყო ძალიან, ერთი შეხედვით ისეთი მშვიდი, თუმცა ცხოვრების აღქმის თავისებური უცნაური რაკურსი ჰქონდა. მაგრამ, რაზე წამოვეგე იცი? იმდენად დიდი განსხვავება იყო იმ ერთთვიან ნაცნობსა და რეალურ ადამიანს შორის, ინტერესი გამიორმაგდა – ვინ იყო ეს კაცი ბოლოსდაბოლოს. როგორ გითხრა... ზოგს ტკბილი უყვარს, ზოგს მსუბუქი, ან ალკოჰოლი, თავში რომ გირტყამს, მე კი, თუ ცხარე არაა, გემოს გასინჯვაც არ მინდა, ხომ გესმის?

 ანუ, მუდო და ტკბილი ტიპები არ მომწონს, მე თვითონაც ქარიშხალივით ვარ და მიყვარს, როცა ვიღაცა ცდილობს, მომარჯულოს. დამითრიოს.

სხვისი მორჯულების მცდელობაც მიყვარს... რა იყო, რანაირად შემომხედე, ნამდვილი ქალი ვარ და ნამდვილი კაცები მომწონს... მცდელობა-მეთქი, იმიტომ ვამბობ, რომ სინამდვილეში ყველა მაინც თავის ჭკუაზე დარჩება, მაგრამ შეიძლება ერთმანეთის გაგება შეძლოს. ეს კი ძალიან საინტერესო პროცესია თავისთავად. რას გეუბნები, შენც მაგით არა ხარ დაკავებული?!

 მე რომ იგი თავიდანვე ყოფით ცხოვრებაში გამეცნო, არა მგონია, მისით დავინტერესებულიყავი, არ ტოვებდა ერთი შეხედვით ღრმა ადამიანის შთაბეჭდილებას, მაგრამ ერთი თვე ელექტრონული მიწერ-მოწერით სულში ხელები რომ ვუფათურე, ახლა სულ იმის ფონზე ვხედავდი რეალურსაც. იდენტიფიკაციამ გამიტაცა. კომბინაცია იყო საოცარი ინტელექტისა და სიხისტის, დამყოლობის და სიჯიუტის, ყურადღებიანობისა და აგდებულობის, სამართლიანობისა და თავისნათქვამობის, რა ვიცი კიდევ, ბევრი რამ...

რა იყო კიდევ, იცი? წერისას ხშირად მომმართავდა სახელით, ახლა კი, ვერ გამიხსენებია, როდისმე იგი წარმოეთქვას.

 სიახლოვის დროსაც ასეთი იყო – ალერსის დროს შეიძლებოდა ოდნავ ეტკინებინა, წაეკბინა, წაეჩქმიტა... ჯერ მეუცხოვა ეს, მერე კი... მოდი, ამას აღარ მოგიყვები რა... რაღაც შენც აიჭერი.

 ერთი ეგაა, გადასარევად იცოდა, ქალს როგორ მოფერებოდა ინტიმის დროს, მაგრამ ძალიან მოუხერხებლად ჩამიკრა მერე, როცა საქმე მხოლოდ სითბოს გამოხატვაზე მიდგა.

 არც მალავდა, ბავშვობის მერე არავინ მყვარებიაო.

 იცის, რა თქვას, ქალს რომ ინტერესი გაუმძაფროს.

 გადავირიე, ერთი სიტყვით...

ხომ არ იყო კლასიკური გაგებით ლამაზი. გული მიჩერდებოდა ხოლმე, როცა ვხედავდი... მის გრუზა თმაში თითებს რომ ჩავძირავდი.

 ვხვდებოდი, ცუდადაა ჩემი საქმე.

 ერთხელ თქვა, ბავშვზე ვოცნებობო. ზოგადად თქვა, არა მგონია, ვეგულისხმე, მაგრამ მე არ მითქვამს მაშინ, რომ ბავშვი არასდროს მეყოლება.

 ინტუიციის გჯერა? ბედისწერის? ა, ჰო. მაგაზე ხომ ვთქვით.

 მაშინ, რა მაინტერესებს, ხომ ხარ მწერალი, ერთი მითხარი, მე, გურანდა ჯანდიერს, ჭკვიან ლამაზ ქალს, ამირევს ტვინს ნებისმიერი? და რითი? წარ-მო-დგენა არა მაქვს, საბოლოო ჯამში! არის რა, ვიღაცა, ვინც მარტო შენ აგირევს ტვინს და ასს სხვას ისე ჩაუვლის, რეაქცია არავის ექნება. კაცმა არ იცის, რატომ. შენ კიდევ, არ მიყვარს ისეთ კვაზიფილოსოფიურ კითხვებზე მსჯელობა, როგორც ინტუიცია და ბედისწერაო.

 მაშინ, რა ჯანდაბად დაემთხვა ამდენი რამე, როგორ მივაგენი ჩემთვის ასეთ კაცს ასე ბრმად, – აქ რომ ავღმოჩენილიყავი?!

 ...სანამ დანამდვილებით მეცოდინებოდა, ვიგრძენი. არასოდეს იტყუებოდა.

წყნარად მითხრა, სხვა ქალი მყავსო ახლა...

 ...საერთოდ გამიქრა ყველაფრის ინტერესი. ღამ-ღამობით თვალღია ვიწექი და ვფიქრობდი, ნეტავ რა ჰქვია, რა სიმაღლისაა, რა ფერის თვალები აქვს, რითი მჯობია საერთოდ. რა აქვს ისეთი, განსაკუთრებული, რით დააინტერესა ასე, რის გამოც მიმატოვა... მიმატოვა ამოდენა სამყაროთი, ფიქრებით, გრძნობებით, ამ ყველაფრის შემდეგ, რაც ჩემში გააღვიძა.

 გულთან მიდებული ხელი მახსოვდა მუდამ, ძალიან დელიკატურად მის ფეთქვას რომ სინჯავდა...

 თანდათანობით ვიგრძენი, რომ ტკივილი იმხელა გახდა, ვეღარ ვიტევ. უბრალოდ რომ წარმოიდგინო, როგორ მძულს ის ქალი, ცუდად გახდები...

 არადა, მაშინ შეიძლება არც იცოდა ჩემი არსებობის შესახებ.

რა ახლა, ცოლი არ ვიყავი და არაფერი... უბრალოდ იმის წარმოდგენაზე, რომ ჩემი კაცის გრუზა თმაში თითებს აცურებს და ეფერება, წნევა მივარდებოდა...

 როგორღაც უცებ გადავწყვიტე, ის ქალი მენახა.

მომეჩვენა, რომ ამით შვებას ვიგრძნობდი. არ იყო ადვილი მისი მიგნება, ერთად არ ცხოვრობდნენ. დიდხანს ვფიქრობდი, რა უნდა მეთქვა ან მექნა, ისევე გამემწარებინა, როგორც თვითონ... რაღაც სიტყვებს ვამზადებდი, ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანს და ძლიერს, და ყოველთვის მეჩვენებოდა, რომ პასუხად დამცინავად გაიღიმებდა. ამის წარმოდგენაზე სულ გადავდიოდი ჭკუიდან..

ერთხელ მივხვდი - სულაც არ იყო საჭირო რამის თქმა. უთქმელადაც აგებდა პასუხს ჩემი კაცის თმაში შეცურებულ თითებზე და დამცინავ გაღიმებაზე...

 როცა მისი სახლი დავადგინე, ნერვიულმა კანკალმა ამიტანა. ღამე თითქმის არ მეძინა, თუმცა მანამდეც კაი ხანს უკვე თეთრად ვათენებდი. სულ ვფიქრობდი, ახლა როგორ უნდა მოვქცეულიყავი.

 არ მახსოვს, იმ დილით როგორ ავდექი, როგორ ჩავიცვი. მგონი, ყავაც კი მოვიდუღე. გქონია ასეთი შემთხვევა, როცა ყველაფერი თვალწინ მიცურავს, ყველაფერი სიზმარში ხდება თითქოს და არა შენს თავს... ეი, რა გჭირს, მისმენ? ხოდა, გეუბნებოდი, იმ წუთას ყველაფერი სულ ერთი იყო.

რამდენიმე ღერი მოვწიე ზედიზედ, მერე ავდექი... დასაკეცი გრძელი დანა იყო, ქვედა მუცელში ჩავარტყი, რომ არასოდეს, არასოდეს გაუჩნდეს შვილი, არც არავისგან, არც ჩემი კაცისგან, მით უმეტეს...

 ...ჩემი კაციც მაგასთან ერთად იყო, თავიდან ვერ მიცნო ბნელ სადარბაზოში, სადაც მათ მთელი დღე ველოდი ნაგვის ბუნკერთან, გულის კანკალით, რომ ახლა დამინახავს ვინმე და ყველაფერს ჩამიშლის...

 ...მეჩვენებოდა, ყველა მიხვდებოდა, რატომ ვიდექი აქ და ვის ველოდი...

 ...ცხოვრება ჩემს იქით ხდებოდა, გარშემო ცურავდა დრო, კიბეები, ხმები ეზოდან, ვიღაცეების ქუსლების ბაკუნი, ლიფტის ხმა...

 ...ბოლოს კი მათი სახეები გამოჩნდა...

 სახეები რა, ჩემი კაცი რომ დავინახე, მივხვდი, გვერდზე ის მიყვებოდა... უცებ გამოვვარდი, უცებ ჩავარტყი... სირბილეში დანის საძაგელი ღრჭიალი გავიგე თუ ვიგრძენი...

 ...თვითონ მისი თვალები არ მახსოვს, მხოლოდ უსაზღვრო გაოგნება - შიშიც არა, - როცა მიხვდა, სასიკვდილოდ ვიმეტებდი... ვიღაც უცხო... ბნელი სადარბაზოდან გამოვარდნილი...

 ...ცუდი ისაა, ახლაც ღამღამობით ვწევარ, ვფიქრობ, რა გარეგნობა აქვს, რა სულიერი სამყარო, ნუ რითი მჯობია საერთოდ. სასამართლოზე არ იყო, ორი ოპერაცია გაუკეთეს. გავიგე, გადარჩებაო. ერთი დამანახა და მერე მომკლა. საერთოდ ვერ აღვიქვი, ისეთ მდგომარეობაში ვიყავი მაშინ... ეგაა, ღამღამობით აღარ მიღიმის დამცინავად...

 

 * * *

 

 “... ეგაა, ღამღამობით აღარ მიღიმის დამცინავად...”

 კომპიუტერს ვცილდები, სიგარეტი მომინდა. ცოტას დავწყნარდები და მერე დავწერ ფინალს.

 ზარი რეკავს.

 შემოსასვლელში გავდივარ, კარს ვაღებ.

 –შემო... სანამ შემოაბიჯებს, გული გამიჩერდება. კარს ფეხს ვკრავ, იმიტომ რომ ხელები დაკავებული მაქვს, უკვე მის კისერზე ვკიდივარ.

 –რა იყო? – ეჭვით მეკითხება, იმიტომ რომ რაღაც ზედმეტად ხანგრძლივად ვუჩეჩავ თითებით გრუზა თმას.

 –მომენატრე,– თვალს ვარიდებ. – წამო ოთახში. ყავა გინდა?

 –კი, დავლევდი. მუცელი როგორა გაქვს, მაჩვენე?

 –შემეკრა ჭრილობა საბოლოოდ.

ერთი სული მაქვს, კოსმეტიკურს როდის გავიკეთებ, საზიზღარი შრამები დამრჩა ოპერაციის შემდეგ.

 –მაგას ჩივი?! ბეწვზე ხარ გადარჩენილი... – წელზე მხვევს ხელს და კისერზე ნაზად მკოცნის, მერე ოდნავ მჩქმეტს, ისე არა, რომ ძალიან მეტკინოს, მაგრამ რაღაც-რაღაც გრძნობები რომ გამეღვიძოს, ისე. – სად იყავი გუშინ მთელი დღე? გირეკავდი, მობილურიც გამორთული გქონდა.

 –იდენტიფიკაცია უნდა მომეხდინა...

 –რა იდენტიფიკაცია, მეკაიფები?!

 –სხვანაირად არ შემეძლო... დაივიწყე... რა მინდა, იცი, გკითხო, – ვტრიალდები, რომ სახეში შევხედო. კითხვის გამომეტყველებით მიყურებს ჭკვიანი მგრძნობიარე თვალებით, სადღაც ძალიან ღრმად, ჯერ არგაფიქრებულ აზრებში.

 –მიდი, – მოთმინება ელევა ბოლოს.

 –რატომ არასდროს მომმართავ სახელით?

 –არ მოგმართავ? არ ვიცი, არ დავკვირვებივარ... რა პრობლემაა... მარი! მშვენივრად ჟღერს! –თავისკენ მიზიდავს...

 ...ჭკვიანი თვალები სადღაც ძალიან სიღრმეში ეშმაკურად იღიმებიან...

 

 

გვერდის მისამართი : ბიბლიოთეკა / პროზა / ნანობაშვილი მარიანა / იდენტიფიკაცია