ნანობაშვილი მარიანა

 

ეცხლოვანი ქალთევზას წელიწადი

 

 

 

მოდი, მოდი ჩემთან, ჩემო პატარავ, ჩემო ლამაზო... ცხრა მთა და ცხრა ზღვა გადაგივლია, პირზე რძე შეგშრობია, ფუთი მარილი გიჭამია, ჭიპი მოგიჭრია, საჩემო კბილი გამოგიცვლია, ათასი დამარხული ძაღლის თავისთვის მიგიგნია, რაღა გაშინებს? ახლა ამ ნისლის ფარდასაც გაგლეჯ და გაოგნებული თვალებით შემომაშტერდები. ოქროს სავარცხელი უკვე მოვიხსენი, წითელი თმა გავიშალე და ავმღერდი. ჩემი ხმა ოკეანის უკიდეგანო ლაჟვარდზე მისრიალებს, შენთვის უცნაური ექოთი ეფერება ლივლივა ზედაპირს. ჟრუანტელმოგვრილს უკვე ბუსუსებად დააყარა წვრილმა ტალღამ, გაირინდა ოკეანე, დამიყურადა შენსავით.

ახლა შეგნიშნავს და გეცემა დაგეშილი, ეჭვით გაგიჟებული, ნაფოტივით გათრევს, მერე კი უზარმაზარ ხახაში მოგიმწყვდევს და ჩაგყლაპავს... მე ჩემი კლდის ქიმიდან წყალში ვისკუპებ, ჩავყვინთავ, შენი გემის ნამსხვრევებში უცებ გიპოვი, გაოგნებული შუშის თვალებით რომ შემომხედავ, ერთს მძლავრად მოვიქნევ კუდს და სამუდამოდ გაგაყოლებ დინებას... მანამდე დამავიწყდები, სანამ მოგინელებს... უკანმოუხედავად ჩავუღრმავდები მკლავგაშლილ ოკეანეს, იქ, სადაც მზე ვეღარ აგდებს მახინჯი საგნების მახინჯ ჩრდილებს, სადაც ჩემი დები მელიან...

 დაბრუნებულს, დები გამომცდელად შემომაკრიალებენ ნათელ თვალებს. გამომცდელად იმიტომ, რომ ეჭვი აქვთ – ახლა ჩემი ჯერია. ჰგონიათ, მიწა მიხმობს. მიწა კი მართლა მიხმობს, მაგრამ მე არ ვეპასუხები.

ვზივარ ზოგჯერ ჩემთვის კლდის ქიმზე და მიმომავალ გემებს ვძირავ. მიმომფრინავ თვითმფრინავებს ვამხობ. მხოლოდ გაშლილ წითელ თმას ვივარცხნი ოქროს სავარცხლით და ვმღერი, სხვა არაფერი...

 ზოგჯერ კი ვდუმვარ და იქით ვიხედები, საიდანაც მიწა მეძახის. მისი ხმა ყურში მიბუბუნებს, მევედრება, რომ ვჭირდები, ვენატრები, რომ იქ, ახლა, ჩემთვის ადგილი აქვს. ვითომ მევედრება, თორემ უბატონოდ მიზიდავს თავისი მძლავრი მაგნიტური ველით. ასე წავიდნენ ჩემი დებიც. ჯერ ერთი, მერე მეორე, მესამე, მეათე...

საუკუნე ისე არ გავა, რამდენიმე არ გაიტყუოს ვერაგმა. გამოაბამს ანკესზე მორიგ სატყუარას და გვექაჩება…მერე...

 ...ერთი ძალაუფლებას წამოეგო. თვალები შავად შეიღება, ხელისგულები – წითლად. პატარა თავზე მძიმე გვირგვინი მოირგო. ვის აღარ გაუშალა კუდი მამალი ფარშევანგივით. რომ დააგემოვნა, როგორია, ჰქონდეს თავისი მიწა, სადაც სახლობს თავისი ხალხი, ვეღარ შეელია.

...ქალთევზას თვისებაა, ცივი სისხლით გაანაწილოს ფსონები.

 ქალთევზამ იცის მოპოვების და შენარჩუნების ღირებულება.

 იჯდა ჩემი და ოქროს სავარძელში, ოქროს სავარცხლით თმას ივარცხნიდა და მღეროდა. უმღეროდა ფთოლომეუსს, უმღეროდა იულიუს კეისარს, ანტონიუსსაც უმღეროდა... უმღეროდა და აჯადოებდა... მაგრამ მიწა უგრძნობია, იმიტომაც იტევს ბევრს... ჩემი დის ალაფად დათრევა განიზრახა, ამიტომ, როცა ის ოქტავიანეს უმღეროდა, ხმა წაართვა... აჯობა მიწამ, ქალთევზამ შხამიანი გველი მოატანინა და საკუთარი ნებით იქცა ქაფად...

 ...სხვა და მიწამ იდუმალებით გაიტყუა.

სხარტი გონება ჰქონდა, ნებისმიერ თავსატეხს წამში ხსნიდა. სიამოვნებდა სიძნელეთა დაძლევა. მიწის ბევრ საიდუმლოს ჩაუყო გულში ხელი, საგულდაგულოდ გადამალული გამოცანების ფრაგმენტებს ადვილად უმარჯვებდა ერთმანეთს. იმდენი პასუხი გამოსძალა, როგორც ვერავინ მანამდე. თავისი ცოდნა ჯადოსნურ მალამოებად აქცია, ყველაფრის განკურნება შეეძლო, საკუთარი ვნების გარდა. იჯდა ოქროს სავარძელში, ოქროს სავარცხლით თმას ივარცხნიდა, ფერხთით ოქროს საწმისი ეგო და მღეროდა. უმღეროდა კოლხებს, იასონს, მიწიდან ამოზრდილ ურჩხულებს, მერე გემში ჩაჯდა და თბილ დინებას გაჰყვა.

დინებამ ელადის ნაპირზე გამორიყა...

 ...ქალთევზების თვისებაა, უყვარდეთ ისე, როგორც მიწის ქალებს არ შეუძლიათ.

 ქალთევზების თვისებაა, უყვარდეთ ისე, რომ მიწის ქალებმა ვერ გაუგონ...

 რომ ვერც იმან გაუგოს, ვინც ასე ძალიან უყვართ...

 ...იდგა ჩემი და სისხლიანი ხელებით. ყველა მხრიდან წიხლავდნენ – ზურგიდან, სახიდან, მომავლიდან... თავზე სცვიოდა გაქვავებულ მიწის ბელტებად ნაქცევი ნაფეხურები... და ჩემი და ქაფად იქცა...

 ...ჩემი სხვა და მიწამ თავისუფალი ვარდნით მიიზიდა. კუდის მძლავრი მოქნევით ზეცისკენ აჭრა უყვარდა, ხელების გაშლა... პატარა იყო, კნაჭა, გამხდარი...

ერთხელ ქარბორბალამ აიტაცა და ორლეანის მიწაზე გადმოაგდო. უცებ გამოზრდილ ფეხებზე მყარად დადგა. პატარა ხომ იყო და კნაჭა, ოკეანის გული ჰქონდა, ცეცხლის თვალები და ჰაერით იყო მიწაზე მოსული. გადაისვა ოქროს სავარცხელი თმაზე, მერე შარვლის ჯიბეში ჩაიდო და ამღერდა. უსმენდა გახევებული დოფინი კარლოსი, უსმენდა ფრანგი ხალხი, და საითაც გასწია მყარი ფეხებით, ყველგან გაჰყვა. თავისი წილხვედრი მიწის ნაფეხურები მაშინ დაეყარა თავზე, როცა ბურგუნდიელებმა ინგლისელებს ოცდაათ ვერცხლად მიჰყიდეს, დილეგში გამოამწყვდიეს და სიმღერა შეაწყვეტინეს. მე და ჩემი დები აქედან ვეძახდით, ვამხნევებდით, ვეჩურჩულებოდით ღამის სიჩუმეში.

გვიყვარდა განსაკუთრებით, გამხდარი კისრითა და ხელის მტევნებით, მყარად რომ ჰქონდა მახვილი ჩაბღუჯული. ხმები ესმისო, გაუგეს, მამაკაცის სამოსი აცვია, ჯადოქარიაო, დაადაღეს და დიდი კოცონი დაანთეს... და ჩემი კნაჭა დაც ქაფად იქცა.

 ...სხვა დამ გრძელი თმა კისრამდე შეიკვეცა, ქერად შეიღება და მომნუსხველი ღიმილი წაიღო მიწაზე. ეს ღიმილი, ჰაეროვან კოცნაზე შესუნთქული, მსოფლიოს მამაკაცებს ურევდა ტვინს. ჩემს დას ეკრანზე მოსწონდა ცხოვრება, გარდასახვა და გარდასხეულება, მოსწონდა და შეეძლო კიდევაც, ძალიან კარგად შეეძლო... მაგრამ – თქვენ ახლა სექსზე ფიქრობთ? – დარწმუნებით ეკითხებოდნენ დიდი რეჟისორები და დიდი სცენური პარტნიორები.

არა, რა თქმა უნდა, – როლიდან უმალ ვარდებოდა ჩემი და. გასაოცარია, პირდაპირ გასაოცარი. თქვენგან მუდმივად ისეთი იმპულსები მოდის... პირდაპირ ეკრანზე... პირდაპირ მაყურებელთა დარბაზში... თითქოს სულ, განუწყვეტლივ ფიქრობთ სექსზე, – მხრებს იჩეჩავდნენ დიდი რეჟისორები და სცენური პარტნიორები. – თუმცა, იქნებ, ასე აჯობებს კიდეც...

 მაშინ ჩემმა დამ ოქროსფერი სავარცხელი აიღო, ოქროსფერ თმაზე გადაისვა და ამღერდა.

უმღეროდა “პლეიბოის” მუშტრებს, უმღეროდა პატრიოტ ჯარისკაცებს და პრეზიდენტსაც უმღერა ერთხელ. ისე უმღერა, სივრცესა და დროში გააქვავა ეს ბგერები. ამ დასაც ბევრი მოხვდა ნაფეხური. კოცონზე არ დაუწვამთ. ისე ურტყამდნენ მტკივან ადგილებში, ლამაზ ცხვირ-პირზე არაფერი დასტყობოდა. ისიც იღიმებოდა და იღიმებოდა, სანამ ქაფად არ იქცა.

 ...ქალთევზების თვისებაა, ჰქონდეთ ჭარბი ქალური საწყისი.

 ქალთევზების თვისებაა, ამას ვერ მალავდნენ.

 ვერავისთან.

 როგორ გადაარჩინოს სილამაზემ სამყარო, როცა სამყარო სილამაზეს ცელავს?

 ...ერთ დას კი პრინცი შეუყვარდა. პრინცს ტალღოვანი თმა და მგრძნობიარე გამოხედვა ჰქონდა.

როცა მოღიღინე დამ შუბლქვეშიდან ოკეანისფერი თვალები შეაფეთა, მონუსხულმა პრინცმა ოქროსფერ თავზე გვირგვინი დაადგა, მერე ხელი ჩაჰკიდა და წაიყვანა. გზად უამრავი ხალხი ეგებებოდათ ტაშითა და შეძახილებით, პრინცესა კი უმღეროდა მას, თანაც ყველა მხარეს პეშვებით აბნევდა სიყვარულს. თავი მორცხვად თუ თავმდაბლად ჰქონდა ჩაღუნული და ოკეანისფერ თვალებს შუბლქვეშიდან აკრიალებდა. მაგრამ მალე პრინცმა სხვა შეიყვარა და პრინცესას ხმა დაეკარგა...

 ...ქალთევზები ჩვეულებრივი ქალებივით რეაგირებენ გულგრილობაზე.

 ქალთევზებს ჩვეულებრივ ქალებზე უფრო მეტად უჭირთ მოკვდავი პრინცის შენარჩუნება, ხვეული თმითა და მგრძნობიარე გამოხედვით. მათი სიყვარულის უნარის დიაპაზონი ძალზე უთანასწოროა...

 ოთხ კედელში ნაშობი გული ოთხი კედლის სივრცის სიმძაფრით ცხოვრობს. სადაც ყველაზე დიდი ქარიშხალი ორპირი ქარია, ყველაზე საშინელი ურჩხული – სარდაფის თაგვი, ყველაზე საინტერესო მოვლენა – სხვისი პრობლემები. სადაც მოთხოვნილებებიც ოთხი კედლისაა და ვნებებიც. ეს გული გაწვრთნილია, აარიდოს ტკივილს თვალი, მუხრუჭებიც გააჩნია...

 

 მისი განცდები ოთხი კედლის სწორხაზოვანი ჩარჩოთია შემოსაზღვრული. ამ ჩარჩოს სწორხაზოვანი, მართალი კანონებით.

 ...ქალთევზას გული ოკეანეშია ნაშობი.

 სადაც გრიგალი ჩვეულებრივი მოვლენაა. საიდანაც ყველაფრის წამლეკავი ცუნამი სწევს თავს. რომლის ბნელ სიღრმეში უამრავი ურჩხული და უამრავი მშვენიერება გალურსულა.

 ...ოთხ კედელში კი ოკეანის მასშტაბების ზიდვა, ოჰ, რა რთულია.

 ...ჩემი და სხვა პრინცის მოძებნას შეეცადა, მაგრამ ქალთევზები თითქმის არასდროს არიან ბედნიერები. ერთხელაც იგი ახალ პრინცთან ხელიხელჩაკიდებული ავტომობილში ჩაჯდა და გიჟურ რბოლაში იქცა ქაფად...

 ასე, რიგრიგობით გადიოდნენ ნაპირზე, ფეხგამოსხმული სხეულის ნარნარით, და მიწაზე ცეცხლოვანი ქალთევზას წელიწადი დგებოდა. ზოგი ისე იქცა ქაფად, ბევრს ვერავის დაამახსოვრდა...

 

ისე, კაშკაშა კვალი დარჩა რომელიმე წიგნში, სურათში, აღმოჩენაში, ვიღაცის მადლიერებაში, წინაპარში თუ ზღაპარში...

 ახლა, სიღრმეებში დაბრუნებულს, დები მე შემომაკრიალებენ ხოლმე გამომცდელად თვალებს. გამომცდელად იმიტომ, რომ ეჭვი აქვთ, მიწა მეძახის. ფსკერზე რომ ამასწინათ პრინცი დავმალე, ისიც იციან. შეიძლება, არც იყო პრინცი, უბრალოდ, მგრძნობიარე გამოხედვა ჰქონდა და ტალღოვანი თმა... ახლა ჩემია, მაგრამ რად მინდა. შუშის თვალები გაუხდა, მიყურებს და ვერ მხედავს, აღარც ჩემი ხმა ესმის...

 

 ჩემი კუდის დგაფუნისა შეეშინდა თუ სიმღერის, ახლა რა მნიშვნელობა აქვს... არ უნდა ჩამომეთრია სიღრმეში ოთხი კედლის ნაშიერი... დავტრიალებ, თავს ვევლები, ცივს, უძრავს და მტკივა, მტკივა გული, როგორც მხოლოდ ქალთევზებს სტკივათ...

 ჰოდა, მიწა მიხმობს, რათა ჩემი წილი ტკივილიანი ოკეანე გავიტანო ნაპირზე. მეჩურჩულება, რომ ვალდებული ვარ, მისი საიდუმლოებები აღვწერო იმ გულით, გრიგალივით რომ განიცდის ოთხი კედლის ორპირ ქარს, თაგვების გარდა სხვა ურჩხულებსაც ამჩნევს და სხვისი პრობლემები ნამცეც-ნამცეც აქცევს ქაფად... მეძახოს... მომიგდოს სატყუარად, რამდენი კალამიც უნდა...

 

თითქოს უკვე ცხადად მესმის ოთხი კედლის ქილიკი – ქალთევზას ხედვაა... ქალთევზა მაინც ქალთევზაა... სად შეუძლია უხეშად, კაცურად, “პიდ...ებით” და “დედამ...ებით” საცოდავი სივრცის საცოდავი ამბების გადმოცემა... რა იცის ქალთევზამ ნამდვილი ლიტერატურისა...

 ...ოქროს სავარცხელი მისრიალებს წითელ თმაში. “შერშეშერშეშერშე” – ბანს მაძლევს კლდის ქიმს ამომსკდარი ტალღები. “ლა-ფამ” – ჩავადგაფუნე წყალში კუდი. ვმღერი.

 

ვმღერი გამეტებით. ახლა ამ ნისლის ფარდას გაგლეჯ, თვალს მომკრავ. გაოგნებული შემომაშტერდები, და ეს შენი უკანასკნელი გამომეტყველება იქნება. კეთილი იყოს შენი ფეხი ბერმუდის სამკუთხედში!

 მოდი, მოდი ჩემთან, ჩემო პატარავ, ჩემო ლამაზო... ცხრა მთა და ცხრა ზღვა გადაგივლია, პირზე რძე შეგშრობია, ფუთი მარილი გიჭამია, ჭიპი მოგიჭრია, საჩემო კბილი გამოგიცვლია, ათასი დამარხული ძაღლის თავისთვის მიგიგნია, რაღა გაშინებს?.

 

 

გვერდის მისამართი : ბიბლიოთეკა / პროზა / ნანობაშვილი მარიანა / ცეცხლოვანი ქალთევზას წელიწადი