ნასარიძე გიგა

 

ავტობუსში

 

 

 

საკმაოდ მონჯღრეული ავტობუსი დილის თბილისის ქუჩებს რაც შეეძლო სწრაფად ანუ ნელა მიუყვებოდა. ხალხით გაჭედილ სალონში ჩაის სუნი იდგა და დილის კვალობაზე საკმაოდაც ცხელოდა. მძღოლმა კარები გააღო და რუსთაველზეც* გაუხვია. ავტობუსის მარჯვენა მხარეს მსხდომმა მგზავრებმა თითქმის სინქრონულად გადაიწერეს პირჯვარი, მარცხნივ მსხდომთაგან მხოლოდ ავტობუსის მძღოლმა – შეჰკრა ცერა, ნეკა და არათითები (დანარჩენ ორ თითში სიგარეტი ეჭირა და მათ ამ წმინდა საქმეში ვერ ჩარევდა) ქაშუეთს** გახედა და ჩვეული მოძრაობა, შუბლი, გულისკოვზი, მარჯვენა მხარი, მარცხენა მხარი სამჯერ ზედიზედ გაიმეორა.

 – დაკეტე რა კარი უბერავს. – დაიძახა შუა ადგილებიდან ვიღაცამ.

 დანარჩენებმა ბრაზნარევი გაკვირვებით გახდეს შუა ადგილებს, მაგრამ ვინაიდან ვერ აღმოაჩინეს ამ სიტყვების წამომძახებელი, სკანდალი ცოტა ხნით გადაიდო, სამაგიეროდ მძღოლმა მორჩილად დახურა ორივე კარი და სიგარეტის კვამლი ფანჯრიდან გააბოლქვა.

ავტობუსის შიგთავსი დადუმდა, გვერდიგვერდ მსხდომი ნაცნობებიღა თუ გადაულაპარაკებდნენ ერთმანეთს, თავად ავტობუსი კი ჯიუტად განაგრძობდა ღმუილს და მოძრაობას, არ ნებდებოდა გარდაუვალ სიკვდილს.

 ჩათავდა რუსთაველი, კოსტავა***, გმირთა მოედანი**** და ის-ის იყო ცირკის ავადსახსენებელი მიმდებარე ტერიტორია***** გამოჩნდა, რომ მიწყნარებულ ავტობუსში დარჩენილი მცირე სივრცე რომელიღაც მგზავრის ყვირილმა გაჰკვეთა:

 – გააჩერე, ვიღაცამ ფული ამომაცალა, ბანკის ფული მქონდა, ხალხო და ვიღაცამ მომპარა, არ გააჩეროოო!!!

 მგზავრები აღელდნენ, აჩოჩქოლდნენ.

 – რას ჰქვია არ გააჩერო?! – აყვირდა წინა სკამზე ვიღაც ქალბატონი – ბავშვს სკოლაში აგვიანდება. – და კალთაში მჯდომ თხუთმეტიოდე წლის ბიჭზე მიუთითა დანარჩენებს.

 ავტობუსი გაჩერდა.

 – კარი არ გააღო!!! – იკივლა ვიღაცამ უკანა რიგებიდან. ყველამ უკან გაიხედა, ხალხში გზას დაბალი, გამხდარი, მელოტი და ისეთი შავგვრემანი კაცი მოიკვლევდა ჩვენში რომ მურთხს ეტყვიან, ერთი ეგ იყო ულვაში არ ქონდა თორემ ზედ გამოჭრილი რომელიღაც კერძო დეტექტივი იყო.

 

– არ გააღოთ მეთქი – განაგრძობდა კივილს დაბალი მელოტი.

 – რას ჰქვია არ გააღოთ?! ბავშვს სკოლაში აგვიანდება. – დაიწყო ისევ ბავშვიანმა ქალმა.

 – სკოლა მოიცდის, კაცს კიდე ფული მოპარეს! – გააწყვეტინა მელოტმა ქალს და თან თვალებში ჩახედა, ქალმა თავი გვერდზე მიაბრუნა და კალთაში მჯდომ ბიჭს რატომღაც კეფაში წაუთაქა.

 – მაგ ქალის მოპარულია – გადაულაპარაკა შუა ადგილზე მჯდომმა მეზობელს.

 – ავტობუსიდან ვერავინ ჩავა სანამ არ გავრკვევთ ვინ მოპარა აემ პატიოსან კაცს ფული – განაგრძო გამოძიება მელოტმა.

 – ბანკის ფული – დააზუსტა გაქურდულმა, და თან მგზავრებს კიდევ ერთხელ თვალი მოავლო იქნებ ქურდი ამოვიცნოო.

– ჰო, ბანკის ფული – დაადასტურა მელოტმა და კვლავ განაგრძო – ამიტომ კარი არ გაიღება, თუ შეიძლება პანიკის გარეშე.

 თუმცა პანიკას არც არავინ აპირებდა, ყოველ შემთხვევაში გარეგნულად არავინ იმჩნევდა და შესაბამისად გამოძიებაც მცირედად შეფერხდა და შეიძლება საერთოდაც კრახით დასრულებულიყო ისევ ნაცნობ ხმას რომ არ გაეკვეთა სივრცე.

 – აგერ ამან მომპარა – ყვიროდა გაქურდული თან ავტობუსის წინა კართანა ატუზული ქერა მამაკაცის მაჯა ჩაებღუჯა ორივე ხელით.

 – რა მოგპარე კაცო? – ჩაიბურდღუნა ქერამ და ხელის გათავსუფლება სცადა – არაფერი არ მომიპარავს.

 – აბა ხელში რა გიჭირავს? – ჩაეკითხა გაქურდული.

 – არაფერი არ მიჭირავს.

 – როგორ არ გიჭირავს?

 – გვაჩვენე ხელები ახალგაზრდავ! – საუბარში მელოტი ჩაერთო.

 – მაგის მოპარულია – გადაულაპარაკა შუა ადგილებზე ვიღაცამ მეზობელს.

 ქერა ახალგაზრდამ მარცხენა ხელი ამოუტრიალა, იქ არაფერი ჰქონდა, ავტობუსმა სინქრონულად შეიცხადა, ზუსტად ისე როგორც ამერიკულ ფილმებშია ხოლმე.

 – მეორე ხელიც გვაჩვენე – დინჯად განაგრძო მელოტმა. ქერამ მეორე ხელიც გაშალა და იქიდან ხუთ ცალ ოცლარიანს გამოაჭყიტა. მელოტმა გამარჯვებული კაცის ღიმილითა და ორი თითით აართვა ქერას ხუთი ცალი ოცლარიანი, კარგად გაშალა და აღფრთოვანებულ პუბლიკას წარუდგინა, შემდეგ ისევ მიუბრუნდა თავჩაქინდრულ ქერას და მშვიდად ჰკითხა:

 – საიდან ეს ფული ახალგაზრდავ?

 – საბუთების ფულია, საბუთების გასაკეთებლად მივდიოდი.

 – იტყუება რა საბუთები?აბა გვაჩვენე საბუთები. – უკვე მესამედ აყვირდა გაქურდული.

 – რა საბუთები გაჩვენოთ არ მაქვს საბუთები. – დაიბნა ქერა.

 – აჰაა, ხომ გამოგიჭირე, აბა საბუთების გასაკეთებლად მივდიოდიო, უხ შე დამპალო სად წაიღე დანარჩენი ორმოცი ლარი?! – ამ სიტყვებით გაქურდული ქერასკენ გაიწია და მისთვის თავში ჩარტყმა სცადა.

 – აბა, აბა ეგეთები არ იყოს. – შესძახა მელოტმა – გამოძიება ჯერ არ დამთავრებულა.

 – რას ჰქვია არ დამთავრებულა?! – ისევ ანერვიულდა ბავშვიანი ქალი – აღარ შეგვიშვებენ სკოლაში, ჰო იპოვეთ ფული? გააღეთ ახლავე კარი!

 – ჰო ვთქვი მაგ ქალის მოპარულია მეთქი – გადაულაპარაკა შუა ადგილებზე ვიღაცამ მეზობელს.

 – თუ შეიძლება თქვენი ჩანთა გვიბოძეთ.

– ხელი გაუწოდა მელოტმა ბავშვიან ქალს. ქალი დაიბნა, არ ელოდა საქმის ამგვარ შემობრუნებას, მაგრამ ჩანთა მაინც მიაწოდა და თან ნერვიულობისგან ბავშვი გულში ჩაიკრა.

 – უკაცრავად – მიმართა მელოტმა ერთ-ერთ მგზავრს – დროებით თქვენს ადგილს ხომ ვერ დაგვითმობდით?

 მგზავრი მორჩილად ადგა და იქვე აიტუზა. მელოტმა გამოთავისუფლებულ სკამზე ამოაპირქვავა ქალის ჩანტა საიდანაც სანთებელა, სიგარეტი ემ ემის კოლოფი და მობილური ტელეფონის ალბათ ყველაზე ძველი მოდელი გადმოვარდა. ხალხმა ისევ შეიცხადა ამერიკული ფილმივით.

 – თუ შეიძლება ბავშვი – კვლავ მიუბრუნდა მელოტი ქალს.ქალმა ბავშვიც გაუწოდა და ვეღარავინ ჩაიხუტა, ისე, უბრალოდ ნერვიულობდა.მელოტმა ბავშვს გაუღიმა და შარვლის ორივე ჯიბე ერთდროულად ამოუტრიალა, შემდეგ კიდევ ერთხელ მოირგო გამარჯვებული კაცის ღიმილი და მარცხენა ხელი ზეაღმართა. ყველამ ნათლად დაინახა ხუთი ოცლარიანი და ოთხი ათლარიანი კუპიურა მელოტის ხელში.

ხალხმა კვლავ ამოიოხრა, ქალმა ტირილი დაიწყო.

 – საიდან გაქვს შვილო ეს ფული? – ალერსიანად ჰკითხა მელოტმა ბავშვს.

 – მამას მოვპარე დღეს დილით, ბიჭების დაპატიჟება მინდოდა სახინკლეში. – ჩაილაპარაკა ბავშვმა.

 – აი როგორ არა გრცხვენია? როგორ არა გრცხვენია რომ იტყუები – გაწიწმატდა გაქურდული – დედაშენმა ჩაგიდო ჰო ჯიბეში?

 მელოტმა მკაცრად შეხედა გაქურდულს და მტკიცე ხმით უთხრა : – ხელს ნუ უშლით გამოძიებას! – შემდეგ ხალხს მიუბრუნდა და აუწყა – გვყავს ორი ეჭვმიტანილი, ვეჭვობ ჩვენი ძალებით გამოძიებას ბოლომდე ვერ მივიყვანთ, ამიტომ მე ახლა გავალ, პატრულს დავუძახებ, ნივთმტკიცებებსაც გადავცემ, თქვენ კი სიმშვიდე შეინარჩუნეთ და ავტობუსი არავის დაატოვებინოთ! გამიღე ერთი – მიუბრუნდა მძღოლს, რომელიც რა თქმა უნდა დაემორჩილა და წინა კარი გააღო.

მელოტი კარში გაუჩინარდა.

 ავტობუსში კვლავ სიწყნარე იყო, არავინ იღებდა ხმას ერთმანეთის თვალებში შეხედვისაც კი ერიდებოდათ.

ერთაერთი ბავშვიანი ქალის სლუკუნი არღვევდა სიჩუმეს. გავიდა ათი წუთი, მელოტი არ ჩანდა, კიდევ თხუთმეტი წუთი კვლავ არ გამოჩნდა მელოტი, ავტობუსი ნელ-ნელა ახმაურდა. გავიდა ნახევარი საათი არაფერი, ერთი საათი არაფერი.შუა ადგილებზე ვიღაცამ მეზობელს გადაულაპარაკა: – მემგონი იმ მელოტმა ყველა მოგვატყუა.

 და მართლაც, გავიდა ზუსტად იმდენი დრო რამდენიც საჭიროა იმისათვის რომ ყველამ, მათ შორის თქვენც, ჩემო ძვირფასო მკითხველებო, იფიქროს: უი იმ კაცის მოპარული ყოფილა და ეს რა მარჯვე რამ მოუფიქრებია მასზე რომ ეჭვი არ აეღოთ თვითონ შეუდგა გამოძიებას და იმ ხალხის ფოლიც მიისაკუთრაო და ისტორიაც თითქოს აქ დასრულდა მაგრამ ხომ არიან ჰეფი ენდების მოყვარული მკითხველებიც, ჰოდა მოდი მათი სურვილიც გავითვალისწინოთ და განვაგრძოთ, მათ კი ვისაც არ გიყვართ ჰეფი ენდები,გირჩევთ აქვე შეწყვიტოთ კითხვა და რამე სხვა უფრო მნიშვნელოვან და სასარგებლო საქმის კეთებას შეუდგეთ.

 ჩვენ კი განვაგრძოთ.

 გავიდა კიდევ ნახევარი საათი და ავტობუსს მელოტი კაცი მოადგა, მძღოლმა კარი გაუღო.

 – რა ქენი, რა ქენი სად არის პატრული? – მიაყარეს მგზავრებმა.

 მელოტმა ხელი მაღლა ასწია,ხალხს ანიშნა გაჩუმდითო და დაიწყო:

 – ხალხო, ჩემო ძვირფასებო მე ბევრი ვიფიქრე, აქვე ტროტუარზე ჩამომჯდარი ვფიქრობდი, ნუთუ ჩემი საქმეა რაც აქ მოხდა? ნუთუ მე უბრალო თქვენნაირ მგზავრს, მაქვს უფლება ჩავერიო ამ საქმეში? ვინ ვარ მე? არც არავინ, მგზავრი, რომელსაც მგზავრობის ფულიც კი არ გადაუხდია. რა უფლებით ვწყვეთ მე ამ საბრალო ხალხის ბედი-ღბალს, შეხდეთ ამ ხალხს, ამ ყმაწვილს, ამ ქალბატონს, ბავშვს, ვის აქვს უფლება მათ პირად ცხოვრებაში თავისი ბინძური ხელები აფათუროს, ვის აქვს უფლება მათ სიცოცხლეში პატრული შემოიყვანოს?! არავის! არავის! არავის!!!

 ხალხი გაოგნებული უსმენდა მელოტის მონოლოგს, არავის ხმის ამოღებაც არ გაუბედავს, თვით დაზარალებულსაც კი. ის კი არა და მელოტის სიტყვის დამთავრებისთანავე პირველი მან დაიწყო ტაშისცემა, შემდეგ ქალი და ბავშვიც აყვნენ და ბოლოს ყველა მგზავრი ფეხზე წამოდგა და მქუხარე ოვაციებით გააცილა მელოტი რომელიც თვალცრემლიანი ჩავიდა ავტობუსიდან შემდეგ უკან დაბრუნდა ქერას და ბავშვს თავიანთი ფულები დაუბრუნა უკანასკნელად დაუქნია მგზავრებს ხელი და საბოლოოდ წავიდა.

 – მე ჩემს ფულს ამ კაცს ვაძლევ – განაცხადა ყველასათვის მოულოდნელად ქერა ყმაწვილმა – აქამდე უსაბუთოდ დავდიოდი აწიც არაფერი დამემართა.

 კიდევ ერთხელ იქუხა ავტობუსმა, გაქურდული ქერას გადაეხვია, ბავშვიანმა ქალმა კვლავ ტირილი დაიწყო, შემდეგ ბავშვს ჯიბიდან ამოაცალა ორმოცი ლარი და გაქურდულს ჯიბეში ჩაუტენა

 – ჩემი ქმარი მაინც სასმელში დახარჯავს ამ ფულს.

 ყველამ გაიცინა. ტაშისკვრა არ ცხრებოდა. უეცრად შუა ადგილებიდან ყვირილი გაისმა:

 – კი მაგრამ ფული ვინ მოიპარა არ გაინტერესებთ?! – სამარისებური სიჩუმე ჩამოვარდა, ყველამ შუა ადგილებს გახედა, იქ კი შავებში ჩაცმული, ბრიოლინით თმაგადგლესილი ოციოდე წლის ყმაწვილი ფეხზე ამდგარიყო და ხალხს მიმართავდა. – არავის გაგიჩნდათ კითხვა, ვინ იყო ის ნაძირალა ვინც ამ პატიოსან კაცს ფული მოჰპარა?

 – გვაინტერესებს, გვაინტერესებს – გაისმა ხალხისგან კანტიკუნტად.

 – ჰოდა მე ვარ ეგ ნაძირალა – თქვა შავებში ჩაცმულმა, მუქი სათვალე მოიხსნა, ჯიბიდან ფული ამოიღო, გაოგნებულ გაქურდულს ჯიბეში ჩაუკუჭა და ავტობუსიდან ჩავიდა. შემდეგ შუქნიშანზე მწვანის ანთებას დაელოდა, ჯერ მარცხნივ გაიხედა, მერე მარჯვნივ და ქუჩაზე გადავიდა თან ვიღაც მოხუც ქალბატონსაც დაეხმარა გადასვლაში.

 ავტობუსი დაიძრა.ხალხი კმაყოფილი იყო. იმ დღეს ავტობუსის მძღოლმა მგზავრობის ფული არავის გადაახდევინა, ხოლო იმ ბავშვმა სკოლაში ხუთიანი მიიღო.

 

 *რუსთაველი – აქ გამზირი თბილისში

 **ქაშუეთი – ან ქვაშვეთი, მართლმადიდებლური ტაძარი რუსთაველის გამზირზე.

 ***კოსტავა – აქ გამზირი თბილისში

 ****გმირთა მოედანი – მოედანი თბილისში

 *****ცირკის მიმდებარე ტერიტორია – თბილისის ცირკთან იკრიბებოდნენ მსუბუქი ყოფაქცევის მანდილოსნები.

 

 

 

გვერდის მისამართი : ბიბლიოთეკა / პროზა / ნასარიძე გიგა / ავტობუსში