ნასარიძე გიგა

 

ამანდა კლარა ბოილის იდუმალი მკვლელობა

 

 

 

ეს ამბავი ისევე ბანალურად დაიწყო, როგორიც არის მსუბუქი ფლირტი დაწესებულების დაცვის წევრსა და ამავე დაწესებულების დამლაგებელს შორის, და ისიეთივე მოულოდნელი დასასრული ჰქონდა, როგორი მოულოდნელიც არის ხოლმე დაცვის იმ წევრისათვის, დამლაგებლი რომ თავის ორსულობის ამბავს შეატყობინებს. იმ დილითაც ჩვეულებრივ გავიღვიძე – დილის თორმეტ საათზე; ჩვეულებრივად ავდექი, პირიც ჩვეულებრივად დავიბანე და საუზმეც, ჩვეულებრივ, ჭიქა თურქული ყავითა და მარგარინიანი ორცხობილათი აღვნიშნე, მაგრამ ბანალურობის ჯაჭვი აქ არ გაწყვეტილა – ტელევიზორშიც, ჩვეულებრივ, საინტერესო არაფერი იყო, ამიტომ არც ჩამირთავს, ისე გავედი სახლიდან, კარში გასაღები ჩვეულებრივ სამჯერ გადავატრიალე და მეოთხე სართულიდანაც, ჩეულებრივ, სირბილით დავუყევი კიბეს.

 

მეორე სართულზე მეზობელი შემხვდა.

 

 – გამარჯობა, – ვთქვი, – ფუ დავითარსე, – ჩავილაპარაკე, – სახლში ხო არ მივბრუნდე?.. – გავიფიქრე.

 

 მეზობელი არც წითური იყო, მით უმეტეს – არც შავი კატა, მაგრამ მაინც მთარსავდა მასთან შეხვედრა. ამჯერადაც ასე მოხდა, თუმცა, ამაზე – მოგვიანებით.

 

 სადარბაზოდან გამოვედი და მივხვდი, რომ ძალიან ცხელოდა, მივხვდი კი არა და, ცხელ ატმოსფეროსთან შეჯახებამ მიმახევდრა.

 

 ფეხით ავუყევი მზიან აღმართს, მალე ცენტრალური ქუჩაც გამოჩნდა. შორიდან გავაყოლე თვალი ამ ქუჩაზე ნელა, მარშუტკულად მიმავალ ჩემს მარშრუტკას

 

 – ა. ბატონო, თუ არ დამთარსა! – რაღას ვიზამდი?! მორჩილად დაველოდე შემდეგის გამოჩენას, თან იმ ქუჩაზე ათიოდე წლის წინ ამოზრდილ პატარა და ერთადერთი ჭადრის სამ-ოთხ ფოთლიან ჩრდილს შევეფარე. დათარსვის თეორიის დასამტკიცებლად, სამმა პირთამდე სავსე მარშრუტკამ კიდევ ჩამიარა და, ის-ის იყო, ფეხით წასვლაზე ფიქრის დაწყებას ვაპირებდი, რომ მეოთხეც გამოჩნდა. ესეც ჩვეულებრივ დაფეხვილი, გაურკვეველი მარკის მიკროავტობუსი გამოდგა. ძლივს შევეკვეტე მეორე რიგის სკამებში და საგულდაგულოდ დაგმანული ფანჯრის გვერდით აღმოვჩნდი, არადა, ძალიან შორს მივდივარ, მარშრუტკაც ნელა მოძრაობს, სასწრაფოდ რამეზე თუ არ გადავიტანე ყურადღება, ან გაუწყლოვანებით მოვკვდები ამ სიცხეში, ან მირაჟები მომელანდება. დავიწყე თვალების აქეთ-იქით ცეცება საშველის ძებნაში. პირველი, რაც თვალში მომხვდა, ჩემს გვერდით მჯდომი გოგონას დეკოლტედან სანახევროდ ამოჩრილი ძუძუები გახლდათ.

 

ცოტა ხანს ვუყურე, მაგრამ სანახევროდ ამოჩრილი, რაც არ უნდა იყოს, მაინც სანახევროდ ამოჩრილია და, მეტს არც არაფერს უნდა ელოდო მისგან, ამიტომაც თვალი მძღოლის წინ მიმაგრებულ გატეხილ მაგნიტს და მასზე დახარისხებულ ხურდა ფულს მივაპყარი. რამდენი არ ვეცადე, მაგრამ ჩემი ჩახურებული ფანატაზია ვერ ავამოძრავე, ასე რომ, ხურდები და მაგნიტის ნამტვრევი ხურდებადა და მაგნიტის ნამტვრევადვე დარჩა, ძუძუების არ იყოს.

 

 ცოტაც და, ჩემი მთარსავი მეზობლის გინება უნდა დამეწყო, მაგრამ ამ დროს შევნიშნე, რომ ჩემ წინ მჯდარი მგზავრი რაღაცას კითხულობდა. ბედად, ახალი დაწყებული ჰქონდა და პირველ გვერდზე ნათლად ჩანდა ავტორის ვინაობაცა და ნაწარმოების სათაურიც – ამანდა კლარა ბოილი. არასოდეს გამიგია ეს მწერალი. "იდუმალი მკვლელობა" – ვაა, დეტექტივია, მიყვარს დეტექტივები... მოიცა, მოიცა,ამანდა-აგათა, კლარა-ალან, ბოილი – ... ნუ, ჰო, გასაგებია, პირველი თქვენი გამოცანა ამოვხსენი ქალბატონო ამანდა კლარა, აწი ვნახოთ, მთავარია, ეს კაცი ჩემზე სწრაფად არ კითხულობდეს.

 

“ – ღმერთო ჩემო, ახლა მოვუსმინე ამინდის პროგნოზს რადიომიმღებით და ხვალაც თოვლი იქნებაო, – დაიწუწუნა მისის ლარსონმა. მისის ლარსონი შუა ხნის ქვრივი გახლდათ, მაგრამ, მიუხედავად ასაკისა, ახლაც მოხდენილად გამოიყურებოდა და, როგორც ბოროტი ენები ამბობდნენ, ახალგაზრდა თაყვანისმცემლებიც არ აკლდა, თუნდაც, მისტერ ზელვეგერი ავიღოთ, ახალგაზრდა ფინანსისტი, რომელიც არც თუ უინტერესოდ უმზერდა ხოლმე მისის ლარსონს და, არავინ იცის, მისი მოხდენილობის თუ იმ აურაცხელი ქონების გამო, რომელიც მისტერ ლარსონმა ასე სულგრძელად დაუტოვა თავის საყვარელ მეუღლეს.

 

 – ესე იგი ხვალაც ვერ წავალთ, – ნაღვლიანად ჩაილაპარაკა ფანჯარასთან მდგომმა სერ სომერვილმა, – საშობაოდ ჩამოვედით და უკვე ახალმა წელმაც გაიარა, ნამდვილად ბოროტად ვსარგებლობთ თქვენი სტუმრთმოყვარეობით, მისის ლარსონ, თქვენს ადგილას ყველას კინწისკვრით გავყრიდი ამ ქარბუქში.

 

 ყველამ გადაიხარხარა. საერთოდ, სერ სომერვილი ცნობილი იყო, როგორც ენაკვიმატი ახალგაზრდა, შეიძლება, ამიტომაც იგი ყველას უყვარდა ან, შესაძლებელია, ეშინოდათ კიდეც, მისი მწარე ენის მსხვერპლი არ შევიქნეთო. მაგრამ ახლა სერ სომერვილი რაღაცნაირად მოქუფრული იდგა ფანჯარასთან და ბინდბუნდს გაჰყურებდა მარცხენა ხელში ბრენდით სავსე ჭიქა ეჭირა მარჯვენა კი შარვლის ჯიბეში ჩაეყო და იშვიათად თუ იტყოდა რამეს.

 

 – სადილი მზად არის ბატონებო, – ოთახში ლივრეაში გამოწყობილი ლაქია

 

 შემოვიდა და, ისე, რომ იქ მყოფთათვის არც კი შეუხედავს, განაგრძო, – გთხოვთ, მობრძანდეთ...

 

 ***

 

 მშვენიერი დასაწყისი იყო, უბრალოდ, ცოტა მთარგმნელს გაუჭირდა, და არა თარგმნისას, არამედ მაშინ, როცა იმ ენას სწავლობდა, საიდანაც თარგმნა ეს ყველაფერი. მაგრამ მთავარი ხომ ეს არ არის დეტექტივში, დეტექტივში მთარგმნელი სწორედაც რომ მეოთხეხარისხოვანია.

დროდადრო მარშრუტკა ჩერდებოდა და წიგნზე კონცენტრაციის საშუალებას არ მაძლევდა, რაც ჩემს გონებაში მარშრუტკის ისედაც შერყეულ რეპუტაციას შანს აღარ უტოვებდა რეაბილიტაციისათვის, მაგრამ რადგან ჯიუტი ადამიანი ვარ, ჩემი ხასიათის ამ შესანიშნავი შტრიხის სრული დაძაბვით ვახერხებდი გაგრძელებას.

 

 თუმცა, როცა მეორედ მივუბრუნდი წიგნს, შევნიშე, რომ საკმაოდ დიდი ნაწილი გამომეტოვებინა.

 

“ ... სადილად სისხლიანი ბიფშტექსი, შესანიშნავი ღვინო, ხამანწკის სალათი და კიტრის პუდინგი მოემზადებინათ...”

 

 ***

 

 ჰო ვამბობდი, მთარგმნელი სცოდავდა-მეთქი, აბა, ღვინო როგორ მოამზადეს სადილისათვის?

 

“ ...სუფრასთან უჩვეულო სიჩუმე ჩამოწოლილიყო, მხოლოდ დანა-ჩანგლის რაჩხუნი ისმოდა ფაიფურის თეფშებზე, თითქოს ყველა გრძნობდა, რომ იმ დღეს რაღაც საშინელი უნდა მომხდარიყო. ბოლოს ისევ მისის ლარსონმა დაარღვია სიჩუმე:

 

 – ქალბატონებო და ბატონებო!..  ყველამ მისის ლარსონს გახედა.

 

 – მომიტევეთ ასეთი ოფიციალურობისათვის, უბრალოდ, თქვენი ყურადღების მიქცევა მინდოდა და არანაირად – დაფრთხობა, – ამის თქმისას მისის ლარსონმა თავისი მომხიბლავი ღიმილით გაიღიმა და სტუმრებს გადახედა.

 

მისტერ ზელვეგერი მისი ლარსონის გვერდით იჯდა და ერთთავად შეცბუნებული სახე ჰქონდა, თითქოს, რაღაც უმსგავსობაზე თუ ონავრობაზე წაასწრესო, მის გვერდით ახალგაზრდა და უნაზესი მის დორიგანი მოკალათებულიყო და თითქოს ყურადღებასაც არ აქცევდა დეიდამისის, მისის ლარსონის, საუბარს, რასაც ვერაფრით ვიტყოდით პოლკოვნიკ უოტსონზე, რომელსაც მეტისმეტი ყურადღებისაგან ხელსახოციც კი ამოეძრო გულისპირიდან, აქაო და, საჭმელსაც კი არ გავეკარები, სანამ მისის ლარსონი სათქმელს არ დაასრულებსო; სუფრის მეორე თავში, სწორედ მისის ლარსონის პირისპირ, სერ სომერვილი იჯდა და, მიუხედავად მისის ლარსონის მკაცრი აკრძალვისა, თამბაქო არ დამანახოთო, ჩიბუხს აბოლებდა, საჭმლისთვის კი პირიც არ დაეკარებინა; შემდეგი მაგიდასთან დაბალი შავტუხა მამაკაცი იჯდა, ძალიან გულმოდგინედ აცლიდა სალათში ფრუცლებს ხამანწკების სალათს და ისე მიირთმევდა, სახელად კი მაიკროფტ მიულერი ერქვა, წარმოშობით ავსტრიელი გახლდათ და სასტიკად სწყინდა, როცა გერმანელად მიიჩნევდნენ ხოლმე.

 

ბატონი მიულერის გვერდით მის ჰადსონი იჯდა, ოცდათხუთმეტიოდე წლის მოხდენილი ქალბატონი, ლილიტისეული* წითური თმით, მწვანე თვალებითა და მაცდური გამოხედვით.

 

 ***

 

 ამ დროს მარშრუტკამ მკვეთრად დაამუხრუჭა და ჩემი წიგნის პატრონი წინა სავარძელს მიანარცხა, რამაც, რა თქმა უნდა, მის მიერ წიგნის დროებით დახურვა(მადლობა ღმერთს, ცერა თითის შიგ ჩატოვებით) და მწყრალი თვალებით მძღოლისთვის შეხედვა გამოიწვია. ვინ იცის, გულში ისიც კი გაიფიქრა – “ნელა, შეშა ხო არ მიგაქვსო”, მაგრამ უკანასკნელ მომენტში გაახსენდა, რომ ეს ფრაზა საკმაოდ მოძველებული იყო და გადაიფიქრა. სამაგიეროდ, მძღოლმა გამოიჩინა, შესაშური მძღოლურობა, უფრო სწორედ მარშრუტკის მძღოლურობა და მკვეთრი მუხრუჭის შემდეგ თითქმის ისევე მკვეთრად დაძრა მანქანა, ეტყობა, ვიღაც კოლეგისთვის უნდოდა გადაესწრო და მთელი სისწრაფით მიუყვებოდა მანქანებით გატენილ ქუჩებს. პატრულის მანქანასაც კი ისე სწრაფად ჩაუარა, შიგმსხდომმა პატრულმა მეტი რომ ვეღაფერი მოიფიქრა, ჯვარი გადაგვწერა და მანქანა გააჩერა. არავინ იცის, როდემდე გაგრძელდებოდა ჩვენი გიჟური რბოლა, მგზავრებს შორის უკმაყოფილებას რომ არ ემატა და ბუნტის საშიშროება არ გაჩენილიყო, ან, შეიძლება, გადაუსწრო კიდეც ამ ჩვენმა მძღოლმა იმ მეორეს... მოკლედ, ასე იყო თუ – ისე, მე კვლავ წიგნს დავუბრუნდი.

 

ნუ დავუბრუნდი ზედმეტად ხმამაღალი ნათქვამი გამომივიდა რადგან მე კი ვუყურებდი წიგნს მაგრამ მისი პატრონი არ ჩქარობდა კითხვის გაგრძელებას, ეტყობა უარყოფითი ემოციის ბოლომდე დაცხრომას ელოდა რათა სრულად დამტკბარიყო დეტექტიური ხელოვნების ამ შესანიშნავი ნიმუშით.

 

 მარშუტკაში კი კვლავ გაუსაძლისად ცხელოდა.

 

 წიგნის პატრონი ჯიუტად არ ხსნიდა წიგნს, მარშრუტკა მონოტონურად ჯაყჯაყებდა, გამახსენდა რომ წუხელ ძალიან გვიან დავიძინე, ვიღაცეები მარშუტკის ჯაყჯაყის რიტმში ბუტბუტებდნენ, მე უფრო მოხერხებულად დავჯექი, მარშუტკა ჯაყჯაყებს, ვიღაცეები ბუტბუტებენ, ჯაყჯაყებს, ბუტბუტებენ, ჯაყჯაყებს, ბუტბუტებენ, ჯაყ... უეცრად მარსრუტკაში ამანდა კლარა ამოვიდა, ცალ ხელში ჩიბუხი ეჭირა მეორეში საქსოვი ჩხირები და ძაფის გორგალი და ნახევრად მოქსოვილი წინდა. დანახვისთანავე გამიღიმა გვერდით მომიჯდა, ზურგით მუხის ხეს მიეყრდნო, ჩიბუხი და საქსოვი მოწყობილობა იქვე ბალახზე დაალაგა და ჯიბიდან სქელყდიანი წიგნი ამოიღო, წიგნის ყდაზე გარკვევიტ ეწერა “იდუმალი მკვლელობა” ხოლო წარწერის ზემოთ ასევე გარკვევით ოღონდ უფრო წვრილად მიეწერათ: ამანდა კლარა ბოილი. ამანდამ წიგნი გამომიწოდა და უფრო გამიმიღიმა, “ეს მე?” აღმომხდა მე. ამანდამ თავი დამიქნია და მაქსიმალურად გამიღიმა. “არა ვერ ავიღებ.” ვთქვი რატომღაც, ამანდამ კი კი ბატონოს ნიშნად თავი დამიქნია, ადგა და დარბაზის კარისკენ გაემართა, დავიწყე ყვირილი: არა ქალბატონო ამანდა თქვენ მე არასწორად გამიგეთ, მე უარი ზრდილობის გულისთვის გითხარით მეთქი. მაგრამ რად გინდა პირიდან ხმა არ ამომდიოდა ვერც ფეხზე ვდგებოდი და უბრალოდ უხმოდ ყვირილს განვაგრძობდი ქალბატონო ამანდა, ქალბატონო კლარა ქალბატონო ამანდააააა!..

 

ამ დროს თვალი გავახილე, თავი უკან გადამავარდნოდა და პირი დამეღო, შესაბამისად გამშრობოდა კიდეც ეს უკანასკნელი, მაგრამ არც ამას და არც კისრის ტკივილს ყურადღება არ მივაქციე ისე დავაცხერი თვალებით “ჩემს” წიგნს. პირველი რაც შევნიშნე უკვე წაკითხული გვერდები საგრძნობლად გამრავლებულიყო, ნეტა რამე მნიშვნელოვანი ხომ არ გამოვტოვე, გამიელვა მაშინვე თავში და გადაშლილი გვერდს სწრაფად მიმოვავლე თვალი.

 

 ***

 

 ... ღმერთო ჩემო!!! ღმერთო ჩემო!!! ის მკვდარია...

 

 ...სახეზე ვარაფერს შეატყობდით, მისი მიმიკა არც კმაყოფილებას და არც უმკაყოფილობას გამოხატავდა...

 

 ...ვის რაში დასჭირდა ნეტა? – წაიჩურჩულა ნახევრად აღშფოთებულმა და ნახევრად შეშფოთებულმა...

 

 ...პოლიციას ვერ გამივიძახებთ დიდთოვლობის გამო ელსმენის ხაზები დაწყვეტილია...

 

 ...ბატონი მიულერის იმედად ვართ, გამიგონია ბევრი ჩახლართული საქმე გაუხსნიაო...

 

 ***

 

 მოკლედ გასაგებია ვიღაცა მოკლეს – მიულერი იძიებს. მაგრამ ვინ მოკლეს, რა ვითრებაში მოკლეს ამის შესახებ ჯერ არაფერი ვიცი... რო ვთხოვო ამ კაცს ეს წიგნი არ მათხოვებს ვითომ, რა უნდა ერთ საათში წავიკითხავ, არა არა არ მათხოვებს რაღაცნაირი კეფა აქვს, კარგი სხვა რა გზაა განვაგრძობ კითხვას ეგებ გზადაგზა გაირკვეს რამე.

 

 ***

 

 მთელს სახლში სამარისებური სიჩუმე იდგა, სტუმრებიცა და მასპინძელიც ცდილობდნენ ჩურჩულით ესაუბრათ და ფეხაკრეფით ევლოთ იმგვარი ზემოქმედება მოეხდინა ამ საშინელ ფაქტს მათს გუნება-განწყობილებაზე.

 

 – ესე იგი თქვენ ამტკიცებთ რომ პირველად ნახეთ ეს მამაკაცი თქვენს ცხოვრებაში? – მისტერ მიულერი უკვე საქმეს შედგომოდა და დაკითხვა ლაქიასგან დაეწყო. საბრალო რობერტი, სწორედ ასე ერქვა ლაქიას, ისე დაიბნა როცა მასთან მიულერი მივიდა, თვალი თვალში გაუყარა და უთხრა თქვენთან სერიოზული სასაუბრო მაქვსო, რომ პერანგის ზედა ღილიც კი შეიხსნა რაც მანამდე არასოდეს გაუკეთებია საღამოს თერთმეტ საათამდე.

 

 – არა რასა ბრძანებთ სერ, სახეზეც კი არ მეცნობოდა ცხონებული. – აკანკალებული ხმით პასუხობდა რობერტი.

 

 – და სერ სომერვილს რამდენად ახლოს იცნობდით? – თითქეს ისე, სხვათაშორის ჩაეკითხა მიულერი.

 – სერ სომერვილი ხშირად სტუმრობდა მისის ლარსონს, ძალიან კარგი ახალგაზრდა იყო, ჩვენებური კაცი უყვარდა, ყოველთვის ცდილობდა რაღაცით ხელი გაემართა.

 

– რობერტს ცრემლიც კი მოადგა თვალზე – ვერასოდეს ვერ ვიფიქრებდი რომ ასეთ რამეს ჩაიდენდა, ისეთი მორწმუნე იყო, ყოველ კვირას ეკლესიაში დადიოდა, ასე ამბობდა ჩემს საგვარეულო აკლდამაში უნდა დამსვენონ ასი წლის შემდეგო და ახლა რა გამოვიდა? თვითმკვლელს ვიღა დაასვენებს ეკლესიის ეზოში?

 

 ***

 

 ესე იგი რას მივხვდი ჩემი ჩახურებული ტვინით – ვიღაც უცნობი მოუკლავთ და სვარაუდოდ ეს სერ სომერვილს ჩაუდენია თან თავიც მოუკლავს, მაგრამ ყველაფერი ასე მარტივად ვერ იქნება, წინააღმდეგ შემთხვევაში მისტერ მიულერი თუ ჰერ მიულერი თუ როგორ ეძახიან ავსტრიელებს, გამოძიებას არ წამოიწყებდა. ნელ-ნელა ყველაფერი დალაგდა, ერთი ის ვერ გავიგე ვინ მოკლეს, ვიღაც უცნობიო როგორც მივხვდი, ვაა გავაგრძელე გავაგრძელე.

 

 ***

 

 – თქვენ მაგაზე არ იდარდოთ მისტერ რობერტ, მოუხერხებენ რამეს არ დატოვებენ დაუმარხავს. – თითქოს ქილიკითაც კი თქვა მისტერ მიულერმა.

 

 – ჰო, არ დარჩება, მაგრამ მას უნდოდა ეკლისიასთან.

 

 – ერთი ეს მიბრძანეთ რობერტ, სერ სომერვილს მწარე ენა ჰქონდა, თქვენ არ გამხდარხართ მისი მსხვერპლი?

 

 – მისი მსხვერპლი ყველა გამხდარა ჩემო ბატონო – რაღაცნაირად ნაღვლიანად ჩაიღიმა რობერტმა და მერე თითქოს რაღაც გაახსენდაო სხაპასხუპით დაამატა. – მაგრამ გულში წყენა არასოდეს ჩამიდევს ბატონო, არ ვარ ასეთი კაცი, ერთი წამით მეწყინება და უმალ გადამივლის.

 

 – გასაგებია, გასაგებია.

 

 – თქვენ ხომ არ ფიქრობთ რომ...

 

 – ჩვენ ყველაფერს ვფიქრობთ, ეს ჩვენი მოვალეობაა.

 

 – რასა ბრძანებთ ბატონო ჩემო, როგორ გავბედავდი? და თან ეს ხომ თვითმკვლელობა იყო, იმ მეორე გარდაცვლილს კი საერთოდ არ ვიცნობდი აკი მოგახსენეთ. – შეშინებული ჩურჩულებდა საბრალო ლაქია.

 

 – დამშვიდდით რობერტ, აღელვება არ არის საჭირო, კიდევ ერთ კითხვაზე გამეცით პასუხი, როდის ნახეთ უკანასკნელად სერ სომერვილი და მისტერ ჯინგლზი, ანუ მოკლული, რომელზედაც თქვენ აცხადებთ რომ მანამდე არასოდეს გინახავთ.

 

 – როდის ვნახე? როდის ვნახე და სერ სომერვილი გუშინ ვნახე საღამოს ცხრა საათისათვის საკუთარი ოთახის კართან იდგა და ისე აჩხაკუნებდა თითქოს საკეტი გაეჭედაო და კარს ვერ აღებსო, შევძახე კიდეც დახმარება ხომ

 

 არ გჭირდებათ სერ მეთქი, სერ სომერვილმა არაფერი მიპასუხა და...

 

 ***

 

 რა ჭირს ამ კაცს რატომ არ შლის შემდეგ გვერდზე? ე გადაშალე! დაეძინა?

 

 ოდნავ წინ გადავიხარე, არა თვალები აშკარად ღია აქვს, აბა რა ხდება? ასე ნელა არავინ არ კითხულობს! ათი წუთია უკვე ბოლო ფრაზას ვუტრიალებ ყოველი მხრიდან, “არაფერი მიპასუხა და”, “და მიპასუხა არაფერი”, “მი”, “პა” აუუ გადაშალე რა, აუ ფანჯარაში იყურება “სუ” ხა” აუუ ფიქრებშია წასული!

 

 წინა სკამს ოდნავ შესამჩნევად მივარტყი მუხლი ეგებ გამოფხიზლდეს მეთქი, თითქოს არც არაფერი მომხდარაო ისე განაგრძო დაჭყეტილი ფანჯარაში ყურება, მისი უაზრო ფიქრები სადღაც, აბსოლუტურად უსარგებლო სივრცეში დაფრინავდა და არაფრით უნდოდა დაბრუნებოდა ჩემს ამანდას, ჩემს კლარას. გამოფხიზლდი!!!გადაშალე!!! მთელ ხმაზე ყვიროდა ჩემი ორგანიზმი, რა თქმა უნდა ხმის იოგების გამოკლებით, მაგრამ ამ საბრალო ადამიანებს სხვა ხომ არაფერი ესმით გარდა ხმის იოგების ვიბრაციის შედეგედა წარმოქმნილი ხმებისა, გადაშალე შე არარაობავ!!! ვინ ხარ რომ ამანდასთან არ მიშვებ?! ვინ მიგდიხარ შე საბრალო?! ვინ ჩაგიგდო ხელში ეს წმინდა წიგნი შე მწვალებელო!!! გადაშალე!!! გადაშალე მეთქი!!!

 

 კაცი ჯიუტად არ შლიდა, წიგნი კი საცოდავად მისვენებულიყო მის მუხლებზე, გადაშლილი და ასევე გაყინული,არცერთი გვერდი იქით არც ერთი გვერდი აქეთ, რაღა დამრჩენოდა ერთი ორმოცჯერ კიდე წავიკითხე “არაფერი მიპასუხა და” და მეც ფანჯარაში გავიხედე.

 

 მარშრუტკა ნელა, ტაატით მიუყვებოდა მანქანების მდინარეს, მდინარის ნაპირებზე კი ადამიანები დაბორიალობდნენ, როგორც მაშინ მეგონმა აბსოლუტურად უმიზნოდ და გაუაზრებლად, საით მიდიოდნენ რისკენ ილტვოდნენ როცა ამანდა კლარა ბოილის “იდუმალი მკვლელობა” აქ, ჩემს თვლიწინ იდო... ე ის კაცი მაიკროფტ მიულერს გავს, კი ნამდვილად ეგ არის, გვერდით კი პოლკოვნიკი უოტსონი მიყვება, აშკარად სამხედრო მიხვრა-მოხვრა აქვს. აბა დანარჩენებსაც თუ ვიპოვი, აი ის უკნიდან მის ჰადსონს გავს, ნუ წითელი თმა აქვს, აბა შემობრუნდი... ფუ ბებერი ყოფილა. აუ გადაშალე რა და უცებ გენიალურმა აზრმა გამიელვა თავში.

 

 – უკაცრავად რომელი საათია – მივმართე ჩემს წინ მჯდომ წიგნის პატრონს.

 

 პირველ ჯერზე ვერ გაიგონა, მაგრამ უკან არ დავიხიე და წინგნის პატრონს ახლა უკვე მხარზე შევეხე, კაცი შეცბა უკან გამომხედა ისეთი დაბნეული თვალებით ერთი პირობა ისიც კი ვიფიქრე წიგნი ხომ არ ვთხოვო მაინც ვერაფერს გაიგებს ისე მომცემს მეთქი, მაგრეამ უკანასკნელ წამს გამბედაობამ მიღალატა და ისევ, ჩემთვის აბსოლუტურად უსარგებლო ინფორმაცია მოვითხოვე

 – უკაცრავად, რომელი საათია?

 

 – ა, საათი, გაჩერებულია.

 

 – გმადლობთ.

 

 ჩემმა მეთოდმა გაამართლა, კაცმა თვალები მოისრისა და წიგნს დახედა. თავიდან ვერ მიხვდა ან კარგი, ვერ გაიხსენა სად შეწყვიტა კითხვა, ორივე გვერდს თვალი გადაავლო, სადღაც დიდხანს შეჩერდა სადღაც ცოტა ხანს და ბოლოსდაბოლოს აღმოაჩინა წყვეტა. 

 

1 2
გვერდის მისამართი : ბიბლიოთეკა / პროზა / ნასარიძე გიგა / ამანდა კლარა ბოილის იდუმალი მკვლელობა