ნასარიძე გიგა

 

გამოუვალი მდგომარეობა

 

 

ზამთრის რომელიღაც კურორტს კვლავ ათოვს. არასათხილამურო ამინდია ამიტომ პატარა სასტუმროს ფოიეც, ბარიცა და რესტორანიც მოდურ სვიტერებში გამოწყობილი დამსვენებლებით არის სავესე.

 

 სასტუმროს წინ მანქანა გაჩერდა. მანქანას საბარგულზე ორი წყვილი თხილამური აქვს დამგრებული, (მემგონი მშვენიერი დასაწყისია საკურორტო ნოველისათვის არა? დარწმუნებული ვარ ახალგაზრდა დიასახლისებს თავიდანვე მიიზიდავს, თუმცა სათაური არაკომერციულია, აბა რას გვეუბნება ⌠გამოუვალი მდგომარეობა, არც არაფერს, არადა რამდენი ვიფიქრე ამ ოხერზე)ხოლო დათოვლილ პარპრიზს ერთი, მაგრამ დიდი და მოუღალავი საწმენდი ასუფთავებს, თუმცა კი უჭირს საბრალოს, ვერ აუდის თოვლის შემოტევას – სანამ ის ერთ მოძრაობას გააკეთებს, ვეებერთელა ფიფქები კვლავ ასწრებენ მინის დაფარვას. (ოოო რაღაც მეტისმეტად სენტიმენტალური გახდა ჩემი ნაწერი, მარტო დიასახლისებისთვის ხომ არ ვწერ მართლა და მართლა, მეტი რიხი და ომახი! ). მანქანის ორივე კარი ერთდროულად და ხმაურით გაიღო, ერთი მხრიდან წითელ ქურთუკში გამოწყობილი მამაკაცი გადმოვიდა, მეორედან ყვითელ ქურთუკში გამოწყობილი ოღონდ ქალი.

 

 – შენ ხო დეგენერატი ხარ, წარმოუდგენელი იდიოტი, კრეტინი – გადმოსვლისას მთელ ხმაზე ყვიროდა წითელქურთუკიანი მამაკაცი.

 

 – ჩუმად სირცხვილია, ხალხი იყურება – წაისისინა ყვითელქურთუკიანმა ქალმა.

 

 – ახლაა ჰო სირცხვილი? ! უუხ შშ. . . – მთლად გინება ვეღარ გაბედა მამაკაცმა და ოდენ თვალების ბრიალით შემოიფარგლა.

 

 (აჰა ასე არ ჯობია, სიტუაცია დაიძაბა, რიხი და ომახი გაჩნდა, ინტრიგაც შეემატა ნაწერს).

 

 წყვილის ჩხუბმა ირგვლივ მყოფთა ყურადღერბაც მიიპყრო: სასტუმროს კართან ატუზული მოხუცი შვეიცარი უხერხულად შეიშმუშნა ხოლო იქვე მოსუნსულე უპატრონო ძაღლმა ცოტა ხნით თავი ანება საკვების ძებნას და წეევილს მიაშტერდა. (ნუ ჰო შვეიცარი კიდევ ჰო, მაგრამ რა უნდა ფეშენებელურ კურორტზე, პრესტიჟული სასტუმროს წინ უპატრონო ძაღლს? კარგი, იქნებ არც არავინ მიაქციოს ყურადღება. )

 

 მამაკაცმა უხერხულად მიმოიხედა, შემდეგ მანქანას უკნიდან მოუარა საბარგული გააღო და იქიდან ორი მძიმე ჩანთა გადმოიღო და სასტუმროს კარისკენ გაეშურა, გზად ცოლს ერთი ჩანთა დაუგდო, ისე რომ ზედაც არ შეუხედავს მისთვის და შვეიცარს გაუღიმა.

 

 შვეიცარმა ზრდილობიანად(არა, რა ზრდილობიანად, რა შუაშია ზრდილობა? ეს ხომ მისი მოვალეობაა? მერე რა, არ შეიძლება შენი მოვალეობა ზრდილობიანად შეასრულო? ნუ რაღაც პონტში შეიძლება, რატომაც არა? ! (მე მგონი უკვე თავი შეგაწყინეთ ამ ჩემი კომენტარებით, სულ ვეჩრები და ვეჩრები , წესიერად წაკითხვის საშუალებას არ გაძლევთ, მორჩა ვჩუმდები))გაუღო კარი და თავის დაკვრაც არ დავიწყებია. ქალმა მძიმე ჩანთას დახედა, კბილებში რაღაც , სავარაუდოდ, უშვერი გინება გამოსცრა, დასწვდა ჩანთის სახელურებს და მისი სიმძიმისაგან გვერდზე გადახრლი, ნელი ნაბიჯით გაეშურა სასტუმროს კარისკენ.

 

 ფოიე, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, სავე იყო დამსვენებლებით და, როგორც არ აღგვინიშნავს, მომსახუე პერსონალით.

 

წითელქურთუკიანმა მამაკაცმა თავისი ტვირთი სასტუმროს უნიფორმაში გამოწყობილ ბიჭს მიანდო და თავაზიან პორტიეს თავისი და ცოლის სახელი და გვარი დაუსახელა.

 

 – დაჯავშნული გვაქვს.

 

 – დიახ. . . – პორტიემ სასტუმროს ჟურნალი გადაშალა – ოთახი ნომერი 506, ლუქსი, ინებეთ თქვენი გასაღები.

 

 – შენა, ამხელა რიცხვებს ვერ ვიმახსოვრებ და ეგება სართული მითხრა. – თვალი ჩაუკრა პორტიეს წითელქურთუკიანმა.

 

 – ჰო აქ უჭირს ცოტა – საფეთქელზე მიიკაკუნა თითი წითელქურთუკიანის ყვითელქურთუკიანმა ცოლმა, რომელიც ის-ის იყო მიადგა პორტიეს მაგიდას.

 

 პორტიემ მთელი თავისი ნებისყოფა მოიკრიბა, რომ ისე არ გაეღიმა წითელქურთუკიანისთვის ეწყენინებინა, თუმცა ამაოდ დაშვრა, მისთვის ყურადღება არც არავის მიქცევია რადგან ეს უკანასკნელი ფოიეში რესტორნიდან გამოსულმა, მაღალმა, ნაქსოვ ჟაკეტში გამოწყობილმა და საკმაოდ სიმპათიურმა მამაკაცმა მიიპყრო, უფრო სწორად მისმა ყვირილმა.

 

 – ვახ, ვახ, ვახ! ეს ვინ ჩამოსულააა! – ხელები გაშალა ჟაკეტიანმა.

 

 წითელ-ყვითელ ქურთუკიანმა ოჯახმა ნაცნობი ხმის გაგონებაზე უკან მიიხედა და საპასუხო ყვირილიც აღმოხდა:

 

 – ვაა შენც აქა ხარ? !

 

 – აქა ვარ აბა სად ჯანდაბაში ვარ? ! – გადაიხარხარა ჟაკეტიანმა.

 

 – თქვენი მეუღლე სად ბრძანდება? – მოჩვენებითი უდარდელობითა და ასეთივე ღიმილით იკითხა წითელქურთუკიანმა.

 

 – აქ არის ეგეც, ბარში ზის და თვრება. – კიდევ ერთხელ გადაიხარხარა ჟაკეტიანმა.

 

 – ვახ, გვიტარებია აბა მაგარი დრო. – შესძახა წითელქურთუკიანმა , ცოლს გადახედა და თვალებით უთხრა: კაი ახლა გვეყოფა ჩხუბი და ბუტიაობა, ვერ ხედავ რა კარგად დაიწყო ჩვენი დასვანება, მეგობრებს შევხვდით და აღარ მოგვიწევს მხოლოდ ერთმანეთის ყურება და თავის მობეზრებაო. ცოლმაც თვალებითვე უპასუხა: ჰო, კაი ჯანდაბას, დავივიწყეთ ყველაფერი, შევარგოთ ერთმანეთს ეს დასვენება, მიუხედავად იმისა რომ ყველაფერში დამნაშავე შენ ხარო და გაუღიმა.

 

 ყველაფერი მართლაც კარგად აეწყო, პრინციპში სხვაგვარად წარმოუდგენელიც იყო, ორი, ჯერ კიდევ ახალგაზრდა, წყვილი საკმაო რაოდენობის თანხით, მშვენიერი ფანტაზიითა და გართობის სურვილით კურორტზე, უამრავი ბარებითა და რესტორნებით გადაპენტილ და გარე სამყაროს თითქმის მოწყვეტილ ადგილას მოხვდა და სხვას რას ელოდით? ალბათ არც არაფერს, მაგრამ მანამდე წითელ ყვითელი ცოლ-ქმარი ნომერში ავიდა, დაბინავდა და ბარში შეუერთდა მეგობარ წყვილს, როგორც კიდევ უფრო მანამდე შეჰპირდა მათ. (რაღაც ძაან აბდა-უბდა წინადადება გამოვიდა. . . კაი, კაი ჰო ვჩუმდები უბრალოდ გულმა არ მომითმინა).

 

 მოდით ცოტა ხნით მივატოვოპთ ჩვენი და ერთმანეთის მეგობრები და სასტუმრო დავათვალიეროთ, არ გინდათ? კარგით. მაშინ ბუნება აღვწეროთ? არც ეს გნებავთ? ააა მოვიფიქრე ფილოსოფიური მსჯელობები წამოვიწყოთ ცხოვრების სიმუხთლეზე. ესეც მობეზრებული გაქვთ! მაშინ იქნებ უკიდერუსად გაჭირვებულ ზანგ ბავშვებზე ვისაუბროთ და აქაურ დამსვენებლებს შევადაროთ? ესეთი რაღაცეებიც ძალიან მოდაშია. ჰო, კაი უკვე ვხვდები რისი თქმაც გსურთ. კარგით დავუბრუნდეთ ისევ ჩვენს წყვილებს, მით უმეტეს რომ თქვენი ყურადღების გადატანა ცოტა ხნით მაინც მოვახერხ.

 

 დავუბრუნდით.

 

 ოთხივე კარგად შეზარხოშებულა, იცინიან, ხალისობენ, დროდადრო ადრე რომ წითელქურთუკიანი იყო ის კაცი დასერიოზულდება ხოლმე და თავის მეგობრის ცოლისკენ აპარებს თვალს, მეგობრის ცოლიც შეწყვეტს ხოლმე მხიარულ კისკისს და ვნებიან მზერას მიაგებებს კაცს.

 

 – მოკლედ, დგას ჯვრისწერაზე ეს პატარძალი – დაიწყო მორიგი ისტორიის დასასრული ჟაკეტიანმა.

 

- თავის მღვდელ საქმროსთან ერთად და თან გრძნობს როგორ უყვარდება ის მეორე მღვდელი, ვინც ჯვარს წერს, საქმე იმით დამთავრდა რომ ეს ქალი იმ მეორე მღვდელთან ერთად გაიქცა ეკლესიიდან, აზრზე ხართ?

 

 ყველამ გადაიხარხარა. მერე ცოტა ხნით პაუზა ჩამოვარდა, რომელიც რა საკვირველია ისევ ჟაკეტიანმა დაარღვია: – ჰა ავიღოთ თითო მარტინიც?

 

 – ავიღოთ ავიღოთ. – აიტაცა წითელქურთუკიანის ყვითელქურთუკიანმა ცოლმა.

 

 – მე აღარ მინდა – ხელი გაიქნია თავად წითელქურთუკიანმა. – რაღაც ძალიან დავიღალე წავალ წავუძინებ, აბა ხვალამდე. – თქვა და ადგა.

 

 – მე დამაგვიანდება ძვირფასო. – შესცინა ცოლმა წითელქურთუკიანს.

 

 ქმარმა პასუხად დაღლილად ჩაიქნია ხელი, ისე თითქოს რამის თქმას აპირებდაო, მაგრამ დაეზარაო. . . მოკლედ იდეალურად შეასრულა მგზავრობით გადაღლილი კაცის როლი და საკმაოდ არეული ნაბიჯებით წავიდა გასავლელისკენ.

 

 სუფრა განახლდა, ჟაკეტიანმა სამი მარტინი კიდევ მოატანინა.

 

სამთა მხიარულება ბარს გარეთაც ისმოდა, ფოიეში ერთ-ერთ სვეტთან ატუზულ წითელქურთუკიანყოფილსაც მშვენივრად ესმოდა და მის სახეზეც აღიბეჭდებოდა, თუმცა კი არაადექვატურად: სახეზე მოლოდინი აღებეჭდა. რას ელის ჩვენი გმირი? ჯერ უცნობია, მეტსაც გეტყვით, საიდუმლოებით არის მოცული, თუმცა ვეჭვობ გამჭრიახი მკითხველი იოლად მიხვდება, კაცი ქალს ელოდება, ქალი კი მეგობრის ცოლია და არა საკუთარი, რატომ აქვს იმედი რომ მეგობრის ცოლი მივა მასთან? რამდენიმე მიზეზია: პირველი, ქალს საპასუხო ვნებიანი გამოხედვები, მეორე, ადრინდელი ურტთიერთობები და მესამე და მთავარი, ასე ჭირდება სიუჟეტს.

 

 მოლოდინი დიდხანს არ გაგრძელებულა, ჟაკეტიანის ცოლმა სუფრაზე ბოდიში მოიხადა, ახლავე დავბრუნდებიო და ბარის გასასვლელისკენ წავიდა.

 

 – ძვირფასო – მიაძახა ქმარმა – აგიღო კიდევ ერთი მარტინი?

 

 ქალმა თავის მოუბრუნებლად გაიქნია ხელი უარის ნიშნად და კარში გაუჩინარდა.

 

 წითელქურთუკიანყოფილმა რა დალანდა მეგობრის ცოლი მყისვე კიბისკენ დაიძრა და ერთი მარშის ავლის შემდეგ იქვე მოფარებულში დადგა, ქალმა ჯერ გეზი ტუალეტისკენ აიღო, შემდეგ ერთი მოხედა ბარის კარს და თავადაც კიბეზე აირბანა, (აქვე უნდა აღინიშნოს, რომ საკმაოდ არეული ნაბიჯით).

 

 სასწაული იყო მათი ცალკე შეხვედრა, ერთმანეთს ეძგერნენ ვითარცა მეხუთე სართულიდან გადმოგდებული ლითონის საგანი დედამიწას, დაუწყეს კოცნა, ლოშნა, პროშნა, დღლოშნა და კიდევ ათასი არსებული თუ გამოგონილი სიტყვა ზასაობის აღმნიშვნელი. კოცნიდნენ და ეხვეოდნენ ერთმანეთს თან კიბეზე ზემოთ მიიწევდნენ, ხან ფორთხვით, ხან სირბილით, ხან ოთხით და ხანაც ყოვლად წარმოუდგენელი ხერხით. ისე შეავრდნენ სასტუმროს ნომერში ერთმანეთის სიტყვაც არ უთქვამთ, რომელიღაცამ კარი გადარაზა, მეორემ გასაღები გამოაძრო და სადღაც მოისროლა ერთმა მეორე საწოლზე წამოაქცია, მეორემ პირველს ტანსაცმლის გახდა დაუწყო, თუმცა არც პირველს დაუკლია ხელი და ის-ის იყო უნდა შედგომოდნენ ერთიმეორის შეცნობას, როგორც ბიბლიის ავტორი იტყოდა რომ, ნომრის კართან გასაღების ჩხაკუნი გაისმა. წყვილი გაშრა, ერთბაშად გამოფხიზლდა.

 

 – ჩქარა კარადაში! – წაიჩურჩულა ქალმა და ღილების აკრეფას შეუდგა.

 

 – მე კი არა შენ, ეს ჩემი ნომერია! – გაეპასუხა კაცი, თან ცალ ფეხზე ხტუნავდა და მეორის შარვლის ტოტში გაყრას ლამობდა.

 

 – რა არი ბიჭო შენი ნომერი? დებილი ხარ? – აღშფოთდა ქალი.

 

 – დებილი შენ თვითონ ხარ, არ დამიწყო აქ სლიოხკიმ პარამ? ! *

 

 ------------------------------

 

 * იგულისხმება კინოფილმი ⌠”ბედის ირონია ანუ გაამოთ”] ფილმის სიუჟეტი მოგვითხრობს მთვრალი ადამიანის შეცდომაზე, რომელსაც სხვისი ბინა თავისი ჰგონია.

 

 

 მოულოდნელად გასაღების ჩხარუნი შეწყდა, წყვილმა წამის მეასედით შვებით ამოუისუნთქა, მაგრამ უმალვე განახლდა (ეტყობა იმ ვიღაცას თავიდან შეეშალა) და პანიკაში ჩავარდნილი წყვილი ერთდროულად შევარდა კარადაში.

 

 – რა ვქნათ? – შეშინებული ხმით იკითხა კაცმა.

 

 – არ ვიცი. . . ნამდვილად იცი რომ შენი ნომერია? – გაეპასუხა ქალი.

 

 – რავიცი, მემგონი ჩემია, ზუსტად ასეთია და. . . კარზე არ შეგიხედავს?

 

 – არა რა კარზე, მაგისთვის მეცალა? – ჩაიფხუკუნა ქალმა.

 

 – გასაღები ვინ ამოიღო?

 

 – არც ეგ მახსოვს.

 

 – ჩემოდნები სად წაიღეთ?

 

 – საწოლის ქვეშ დავდეთ.

 

 – ჩვენც. . .

 

 – რა ვქნათ? ! – ისევ შეშინებული ხმით იკითხა კაცმა

 

 – არ ვიცი. . . მოკლედ აქ უნდა ვიდგეთ, თუ შენი ცოლი შემოვიდა ესე იგი შენი ნომერია და მე დამერხა, თუ ჩემი ქმარი. . . – დაიწყო ქალმა.

 

 – ესე იგი შენი ნომერია და ორივეს დაგვერხა! – გააწყვეტინა კაცმა.

 ამ დროს კარიც გაიღო. წყვილი გაისუსა. ნაბიჯები ახლოვდებოდა და შესაბამისად კარადაშიც მღელვარება მატულობდა, ქალი კაცს ჩაფრენოდა, კაცი კი საკუთარი შარვლის ტოტს, თან გაფაციცებით ცდილობდნენ კარადის კარის ღრიჭოში დაენახათ ვინ შემოვიდა ოთახში. ან შემოსული დადიოდა ძალიან ნელა, ან კარადაში დამალულ ადამიანს ეჩვენება ხოლმე, რომ დრო ძალიან ნელა მიიწევს წინ. ასე იყო თუ ისე ალბათ მთელი უინტერესო ფილმი გავიდოდა სანამ კარის ღრიჭოში ვინმე გამოჩნდებოდა.

 

და ბოლოს აღსრულდა, წყვილმა ჯერ ჩრდილი დაინახა, შემდეგ ჟაკეტიანი მხარიდა სულ ბოლოს თავად ჟაკეტიანი კაცი, იგივე კარადაში გამომწყვდეული ქალის ქმარი.

 

 – აჰა, დაგენძრააა! – ნიშნის მოგებით წაიჩურჩულა ქალმა.

 

 – აუფ, რატომ მარტო მე? მე რომ გამოვეცხადები ამ შკაფიდან ეგ შენი ქმარი თავზე ხელს გადაგისვამს გგონია? ბავშვობიდან მაინც არ ვიცნობდე. – ჩურჩულითვე არ გაიტეხა იხტიბარი კაცმა.

 

 – ნუ გეშინია მოვიგონებ რა. . . – ქალს სიტყვა გაუწყდა, რადგან ამ დროს ჟაკეტიანმა, ვნებით სავეს თვალებით გაიხედა შესასვლელისკენ, საიდანაც წითელქურთუკიანის აწ უკვე კარადის ტყვის ცოლი გამოჩნდა. კარადის წყვილის პირველი რეაქცია მეტი რომ არ ვთქვათ უცნაური იყო:

 

 – ვისი ნომერია ეს დედაარღლიანი. – წაიჩურჩულა ორივემ სინქრონულად და უკვე მერე დაიწყეს:

 

 კაცმა: – ჰმ! მოვკლავ ამ შობელძაღლს!

 

 ქალმა: – მოიცა ჯერ მე მოვკლავ ამ არაკაცს ამას, მაგრამ აქეთ მომკლავს.

 

 კაცმა: – მოვკლავ ჰო, მაგრამ. . .

 

 აი ბატონებო და ქალბატონებო, ასეთ გამოუვალ მდგომარებაში აღმოვჩნდი ამ რამდენიმე ხნის წინ, მესმის რომ უსინდისობაა ჩემი მხრიდან ამ ადგილას რომ ვწყვეტ თხრობას და აღარც გაგრძელებას ვაპირებ, მაგრამ ვერაფრით მოვიფიქრე როგორ გამომეყვანა ამ გამოუვალი მდგომარეობიდან ეს ორი პატიოსანი(კაი ნუ გამომეკიდებით სიტყვებზე)ადამიანი, შემეძლო რა თქმა უნდა, უსასრულოდ გამეწელა თხრობა და ამბავიც იქ დასრულდებოდა სადაც თქვენ კითხვა მოგბეზრდებოდათ, ან სრულიად ტრივიალურად დამესრულებინა, ვთქვათ, გამოსულიყვნენ ისინი კარადიდან დაეხცათ თავიანთ ქმარ-ცოლი და მერე თავებიც მოეკლათ, მაგრამ ამ ყველაფერს ვარჩიე სულ შევწყვიტო ამბის თხრობა და ამ ბოლო აბზაცით მაინც გაგამხიარულოთ ცოტა, ამიტომ აქვე გტოვებთ, გაგრძელება იქნება თუ იდეები გაგრძელების შესახებ თქვენთვის მომინდვია, არივედერჩი.

 

(ჰმ! თავხედი! ).

 

 

გვერდის მისამართი : ბიბლიოთეკა / პროზა / ნასარიძე გიგა / გამოუვალი მდგომარეობა