ნასარიძე გიგა 

 

იუმორისტის სიკვდილი

 

 

 ეპიგრაფი

 

though it’ll go without saying ten minutes or so into these proceedings, view askew would like to state that this film is – from start to finish – a work of comedic fantasy, not to be taken seriously. to insist that any of what follows is incendiary or inflammatory is to miss our intetion and pass undue judgment; and passing judgment is reservd for God and God alone ( this goes for you film critics too… just kidding.)

 

  so please – before you think about hurting someone over this trifle of a film, remember: even God has a sense of humor. just look at the platypus.

 

  thank you and enjoy the show.

 

 P. S.

 

We sincerely apologize to all platypus enthusiasts out there who ar offended by that thoughtless comment about the platypi.we at view askew respect the nobel platypus, and it is not our intention to slight these stupid creatures in any way.

 

thank you again and enjoy the show.

 

 

 მხ. ფილმი “დოგმა”

 

 

 მე გარდავიცვალე 55 წლის ასაკში, ყველასათვის მოულოდნელად, არადა წინა დღეს უამრავმა ხალხმა მნახა ვიცინოდი. ბოლოს მე და ჩემი მეგობრები კაფედან რომ გამოვედით კი ვთქვი რაღაცნაირად : – ეეჰ წავედი, წავედი ახლა მე, დავიღალე მეთქი, მაგრამ მაინც ვინ ელოდა? მეხივით დაატყდათ თავს ჩემი გარდაცვალების ცნობა როგორც ნათესავ ახლობლებს ასევე თაყვანისმცემლებსაც.

 

 ისე დამაინტრიგებლად დავიწყე ამბის თხრობა, უთუოდ დაგაინტერესებთ როგორ და რანაირად მოხდა ეს ყველაფერი, მეტად ბანალური ამბავი კია, მაგრამ მაინც მოგიყვებით, რა ვიცი ეგებ ვინმეს სანოველე სიუჟეტადაც კი გამოადგეს.

 

 დავიწყოთ სულ თავიდან, მე პროფესიით იუმორისტი მონოლოგისტი გახლდით, ხშირად მქონდა ხოლმე გამოსვლები პატარა კლუბებში და იშვიათად, ძალიან იშვიათადაც კი დიდ დარბაზში ხუთი ათასიანი აუდიტორიის წინაშე, ძალიან იშვიათადთქო რომ ვამბობ ერთს ვგულისხმობ, ის ერთიც ჩემი საიუბილეო საღამო გახლდათ სახელწოდებით 25 წელი სცენაზე. სინამდვილეში მხოლოდ ოცდაორი წელი გასულიყო მას შემდეგ რაც პირველად გამოვედი მაყურებლის, ამ უზარმაზარი, ასთვალა და ასხელა მონსტრის (ყოველ შემთხვევაში მაშინ ასე მეგონა)წინ და შალაშინის მონოლოგი წაიკითხე, მაგრამ ჩვენს საქმეში ხომ რიცხვები და ციფრები არ არის მთავარი, მთავარია ამ რიცხვებითა და ციფრებით დამშვენებულ ბანკნოტებში გამოხატული მაყურებლის სიყვარული. თან ისე მთავარია რომ უმთავრესიც კია, ამიტომ რა ხრიკს არ მივმართავთ ხოლმე ჩვენ იუმორისტები, მსახიობები, გინდაც მომღერლები და თუნდაც პოლიტიკოსები ამ სიყვარულის მოსაპოვებლად. გამართლებითაც სწორედ მას გაუმართლებს ხოლმე ვინც სხვებზე უფრო ოსტატურად შეარჩევს ხალხისთვის ფულის დასაცინცლ ხერხსა თუ ფანდს.

 

ჩემი წარმატების საიდუმლოც ეს გახლდათ.

 

 შალაშინის მონოლოგის ფიასკოს შემდეგ მივხვდი რომ ხალხს რაღაც სხვა ჭირდებოდა, არა უბრალოდ იუმორი, არამედ იუმორი რომელშიც ფულს სიცილ-სიცილით გადაიხდის თუნდაც ეს ფული სულ ტირილ-ტირილით ჰქონდეს ნაშოვნი, ცოტა მოგვიანებით კი მივხვდი კერძოდ რა. გადავავლე თვალი კარგად გაყიდვად პროდუქტებს, გავაკეთე შესაბამისი ანალიზი და მივედი დასკვნამდე – ყველაზე კარგად რელიგია იყიდება მეთქი და თუკი რელიგია იყიდება რა ჯანდაბა დაუდგება წინ რელიგიურ თემატიკაზე შეექმნილ ხუმრობებს მეთქი?! და მართალიც გამოვდექი, თუმცა მანამდე დიდ ბარიერის გადალახვა მომიწია, რამეთუ მორწმუნე ადამიანს ცოტა კი მიჭირდა რელიგიისა თუ რწმენის ასე მასხარად აგდება, მაგრამ აქაც მიშველა ჩემმა გამჭრიახობამ, დავიწყე ფიქრი: რა არის ღმერთი? იდეალური არსება, მსწრაფლ ვუპასუხე საკუთარ თავს, სწორია მოვუწონე საკუთარ თავსვე, მაშ თუ ღმერთი იდეალური არსებაა, მას ხომ იუმორის გრძნობაც იდეალური ექნება?მართალია დავეთანხმე კვლავ საკუთარ თავს და თუკი ეს მართალია მაშინ ღთმერთს არაფრით არ უნდა ეწყინოს მასზე ხუმრობა, მართალია შევძახეთ ორიევმ ერთად მემ და მემ და გადავკოცნეთ ერთანეთი.

 

 ასე დაიწყო ჩემი აღმასვლა, ვიღაცეები მლანძღავდნენ ვიღაცეები ჩემს ქვეყნიდან გაძევებას მოითხოვდნე, ვიღაცეები შეურაცხმყოფელ და მუქარით სავსე წარწერებს აკეთებდნენ ჩემი სახლის კედლებზე, მაგრამ ხალხი აღფრთოვანებული იყო, მითუმეტეს რომ ყოველ ინტერვიუში ხაზგასმით აღვნიშნავდი: მე მორწუმნე ვარ უბრალოდ ღმერთს როგორც იდეალურ არსებას, მგონია, რომ იდეალური იუმორის გრძნობა აქვს მეთქი. ყოველი ასეთი ინტერვიუს შემდეგ ზოგი წყნარდებოდა, ზოგიც ვერაფერს ხვდებოდა და ისე წყნარდებოდა, მაგრამ სულ მალე ახალი ძალები გამოჩნდებოდენ და ყველაფერი თავიდან იწყებოდა. ხალხი კი აღფრთოვანებული იყო.

 

 მემგონი თავი შეგაწყინეთ უმნიშვნელო წვრილმანებით ამიტომ ისევ ჩემს გარდაცვალებას დავუბრუნდები.

 

 კონცერტმა “25 წელი სცენაზე” წარმატებით ჩაიარა, არც ისე საშიში აღმოჩნდა ხუთიათას კაციანი პუბლიკა, იყო ოვაციები ყვავილები და ცოტა ცრემლებიც კი, მაგრამ სანამ ისევ წვრილმანებში გადავვარდებოდეთ დროზე შევჩერდეთ. დასრულდა კონცერტი კმაყოფილი და ემოციებით აღსავსე გავედი კულისებში, ყვავილები საგრიმიორო მაგიდაზე დავალაგე და საკუთარ თავს სარკეში თვალებში ჩავხედე, იმანაც თვალი ჩამიკრა თუ მე ჩავუკარი ახლა ზუსტად ვერ ვიხსენებ, ერთადერთი ის მახსოვს, რომ თვალის ჩაკვრის მომენტში ვიგრძენი ტკივილი გულთან, მზერა მიმოვავლე სარკეზე მიმაგრებულ ჩემი ახალგაზრდობის ფოტოსა და მაცხოვრის ხატს და სკამზე უსულოდ დავეცი.

 

 ყველაფერი ისე მოხდა როგორც ყვითელ პრესაში მქონდა წაკითხული, ჩემს გვამს ზემოდან ვხედავდი, რაღაცნაირად უშნოდ ვეგდე, ხელები ქვემოთ ჩამოყრილი თავი მაგიდაზე, ფეხები ერთი მოკეცილი, ერთიც წინ გაშვერილი. მოკლედ საკუთარი საცოდაობით დავიწვი, არც არავინ შემოვიდა, იქნებ კაცს რამე დაემართა, ცუდად ჰო არ გახდა, რამე ჰო არ უჭირს, ის რაღაცნაირი ნათქვამი “წავედი ახლა მე, დავიღალე” ყველას მარტო პანაშვიდზე გაახსენდება, ეეეჰ მკვდარმა იკითხოს თორე… მაგრამ მოთქმის დრო სად იყო წინ გვირაბი მელოდა, გვირაბი საკმაოდ ფართო და გრძელი გამოდგა თუმც მიუხედავად სიდიდისა მის ბოლოში ნათლად მოჩანდა საკმაოდ სიმპათიური სინათლე. გვირაბი მალე დამთავრდა, ისე მალე რომ ყურებიც კი დამიგუბდა, და მე უზარმაზარ დარბაზში აღმოვჩნდი, აქ შეცდა ყვითელი პრესა, ასეთი რამ არც ერთ ჟურნალსა თუ გაზეთში არ ამომეკითხა. დარბაზი ნახევრად ჩაბნელებული იყო, ისე რომ გამიკვირდა კიდეც, აბა სისინათლე გვირაბის ბოლოს საიდან იყო თქო, დარბაზის იატაკი უზარმაზრი ფილებით გაეწყოთ, ერთი შეხედვით ვერც კი მიხვდებოდით რა მასალისგან იყო დამზადებული, მხოლოდ კარგა ხნის დაკვირვეის შემდეგ ამოიცნობდით ფოლადს ამ ფილებში, თანაც საუკეთესო ხარისხის ფოლადს, ისეთს რომ ჩემი ფეხსაცმლის ძირზე მიჭედებული თითოეული ლურსმანი წკარუნობდა მასთან შეხებისას (ჰმ საოცარია, არადა მე მეგონა რომ გარდაცვლილთა სულებს ფეხსაცმელი საერთოდ არ ეცვათ) დარბაზის ჭერი საერთოდ არ ჩანდა ისეთი მაღალჭერიანი გამოდგა, თავშიც კი გამიელვა, ამსიმაღლე ჭერს ნეტა როგორ წმენდენ მეთქი, კედლებიც მრუმე ფოლადით გაეწყოთ, ფანჯრები არსად ჩანდა, ამ ვეებერთელა ოთახს კი კანტი-კუნტი ჩირაღდნები ანათებდნენ მე ვიტყოდი ლამობდნენ განათებასამიტომ მაქსიმალური სიფრთხილით გავემართე წინ, წინ რა თქმა უნდა, პირობითად თორემ ამ ოთახს თუ დერეფანს არც თავი უჩანდა და არც ბოლო.

 

 ცოტა ხანში დარბაზის ბინდ-ბუნდს თვალი მივაჩვიე და ფოლადის ოთახის უკეთესად შეთვალიერების საშუალება მომეცა.

 

კედლებზე უამრავი პორტრეტი ეკიდა მარჯვნივ და მარცხნივაც, თუ პორტრეტზე გამოსახული ადამიანების გამომეტყველებით ვიმსჯელებდით ყოველი მათგანი მინიმუმ წმინდანი უნდა ყოფილიყო,გამხდრები, მიმქარალი არაფრის გამომხატველი თვალები და კეთილი ხელები. იატაკს აქა იქ ჟანგიც შეჰპარვოდა, მაგრამ სიმტკიცისა და მონოლითურობის დაკარგვამდე ჯერ შორს იყო. ასე თვალიერებ-თვალიერებაში იმ ადგილამდე მივედი საიდანაც უცნაური კონსრუქცია ჩანდა, კონსტრუქციად ერთი შეხედვით მოგეჩვენებოდათ თორემ ისე უზარმაზარი სავარძელი იყო, ხისგან ნაკეთები და ჯერ არ ნახული ჩუქურთმებით დამშვენებული, სავრძელში ვიღაც ჩამჯდარიყო და სთვლემდა.

 

 გულმა რეჩხი მიყო, ნუთუ ისაა?რა იდეალურად სძინავს, ხვრინვაც იდეალურია, ნამდვილად ისაა. სუნთქვა შემეკრა, თუმცა სადღა მქონდა სუნთქვა მე, გარდაცვლილს. წინ ნაბიჯს ვეღარ ვდგამდი, თავზარ დაცემული, პირგამეხებული, გახევებული და კიდევ რა ვიცი როგორი ვიდექი. უცებ სავარძელში მჯდომმა თვალები გაახილა და მე შემომხედა.

 

– აა მოხვედი?! – წარბი შეჰკრა მან.

 

 ოო რა იდეალურად ჰქონდა წარბი შეკრული, მსოფლიოს ყველა მსახიობის ნიჭიც კი ერთად შეერთებული ვერ შეძლებდა იგივე გაემეორებინა, რა დამაჯერებელი იყო მისი რისხვა, ღმერთო ჩემო სად არის ახლა სტანისლავსკი?

 

 – ჯოჯოხეთში! – წარბის გაუხსნელად უპასუხა მან ჩემს რიტორიკულ კითხვას კითხვას.

 

 – რატომ? – ამოვილუღლუღე მე, ისე თითქოს ძალიან მაინტერესებდა სტანისლავსკის ბედი. – რა დააშავა?

 

 – ძალიან ბევრი რამის არ სჯეროდა! მოდი ახლა შენზე ვისაუბროთ.

 

- ღმერთო ჩემო რა მკაცრი ხმა ჰქონდა. – რა ცხოვრებით ცხოვრობდი გარეთ?

 

 – გარეთ? – უმორიდებულესად ჩავეკითხე მე.

 

 – გარეთ, ქვემოთ რა მნიშვნელობა აქვს? სიტყვას ბანზე ნუ მიგდებ!!!

 

 – რავიცი... ნათესავებს ვეხმარებოდი... მეზობლებს გამარჯობას ვეუბნებოდი...

 

 – ეგ არ მაინტერესებს, სახარება არ გაქვს წაკითხული?

 

 – კი, კი როგორ არა...

 

 – არ გაქვს! ერთხელ ათი წლის ასაკში რომ წაგაკითხეს ძალით ისიც მარტო მარკოზის სახარება ეგ არ ითვლება. მოკლედ, ათი მცნებიდან სამს რო რეგულარულად არღვევდი ეგ არაფერი, მათხოვრებს რომ თვალს არიდებდი ვითომ ვერ შევამჩნიეო ეგეც მიპატიებია, ეკლესიაში რომ სულ ორჯერ იყავი აქედან ერთხელ ისეთი მთვრალი, რომ უბრალოდ არ იცოდი სად მიდიოდი ეგეც გავატარეთ.

 

 ცოტა გულს კი მომეშვა, მაგრამ წინათგრძნობა არ მაძლევდა ბოლომდე მოდუნების საშუალებას, ვგრძნობდი წუთი წუთზე მეხი უნდა დამცემოდა ჩემს არამატერიალურ თავზე და აჰა.

 

 – მე უფრო ის მაინტერესებს რასაც 25 წლის განმავლობაში აკეთებდი სცენაზე. – ეტყობა სულებს უტყუარი ინტუიცია აქვთ.

 

 – ოცდაორის – წავიჩურჩულე მე ისე რომ თავადაც ვერ გავიგონე.

 

 – შენც ჰო იცი რომ რიცხვებს და ციფრებს არ აქვს მნიშვნელობა?! – მრისხანება მის ხმაში ყოველ ასოზე მატულობდა და თავზარს უფრო და უფრო მტკივნეულად მცემდა.

 

 – მოკლედ, ჩემამდე მოვიდა ხმები რომ შენ, შენს ეგრეთწოდებულ საღამოებზე, უღვთოდ ამასხარავებდი უფალსა შენსა, მართალია?

 

 რა მეპასუხა არ ვიცოდი, რამდენიმე ვარიანტმა ერთ წამში გამირბინა თავში, რა ვქნა? ვუთხრა აფექტის მდგომარეობაში ვიყავი? არ ივარგებს 22 წელი რა ჯანდაბის აფექტია? ვუთხრა ხმები მესმოდა და ისინი მაიძულებდნენ მეთქი? არა რა სისულელეა, თვითონ არ არის ის ხმებია თუ რაც არი?არ არის მართალი გატყუებენ მეთქი რომ ვუთხრა? ა მაგარია, ვინ დამიმიტკიცებს? ვიდეო მასალა არ არსებობს, ჩემს მეზობელს გამოვეცხადები და ვეტყვი ხელნაწერები გაანადგუროს.ვსო, არ არის მართალი მეთქი ვეუბნები.

 

 – მართალია.

 

– რაც შემეძლო ხმამაღლა წავიჩურჩულე.

 

 – ვერ გავიგე?!

 

 – მართალია. – უფრო ხმამაღლა ამოვთქვი მე.

 

 – იქნებ დამდო პატივი და მიზეზიც ამიხსნა?!

 

 – აფექტში ვიყავი, ხმები მესმოდა, ისინი მაიძულებდნენ, მე არაფერ შუაში ვარ. – სლუკუნ-სლუკუნით მივაყარე ვერსიები.

 

 – არ გვინდა ახლა აქ ტირილი და თავის შეცოდება, სიმართლე მითხარი!

 

 – მე მეგონა...

 

 – ხმამაღლა!!!

 

 – მე მეგონა რომ იდეალური იუმორის გრძნობა გქონდათ და არ გეწყინებოდათ... იდეალურ არსებას ხომ ყველაფერი იდეალური აქვს და ვიფიქრე იუმორის გრძნობაც... იდეალური გქონდათ, ასე არ არის?

 

 ის ჩემსკენ გადმოიწია, სახე ჩემს სახესთან მოიტანა და წაიჩურჩულა:

 

 – არა!!! – შემდეგ ისევ გასწორდა და ყოველგვარი ტონის გარეშე წარმოსთქვა – -ჯოჯოხეთში! – თან მემგონი დაამთქნარა კიდეც.

 

 – როგორ ჯოჯოხეთში? არა ძალიან გთხოვთ მაპატიეთ, მე დარწმუნებული ვიყავი რომ ცუდს არაფერს ჩავდიოდი, თქვენ ხომ იდეალური იუმორის გრძნობა გაქვთ – რაღაც უხილავი ძალა სადღაც მიმათრევდა.

 

 უეცრად ჩემს წინ ფოლადის კედელი გაიხსნა და თვალწინ შემზარავი სურათი წარმიდგა: რაღაც საზარელი არსებები, დაახლოებით ისეთები ადრე რომ პროპაგანდისტულ პლაკატებზე ლოთობის ურჩხულს გამოსახავდნენ, ცოდვილებს აწამებდნენ, ზოგს ტყავს აძრობდნენ და თავისსავე ტყავზე განცხადებებს აწერინებდნენ, ზოგს თვალებს თხრიდნენ და ამ თვალებით პინგ-პონგს ათამაშებდნენ, ზოგსაც ყურებზე ხახვს აჭრიდნენ და ფეხებს აჭამდნენ, მოკლედ იდგა ერთი გნიასი, წივილი-კივილი და ცოდვის ტრიალი.

 

 ჩემს დანახვაზე უეცრად ყველა გაჩერდა და მოსალმების ნიშნად ხელი დამიქნია.

 

 – არა გეხვეწებით არ გინდათ – ავყვირდი მე, თან უკან ვიყურებოდი სიბნელეში ჩანთქმული სავარძლისკენ – გეხვეწებით, თქვენ ხომ იდეალური იუმორის გრძნობა გაქვთ.

 

 მაგრამ უხილვმა ძალამ მაინც მომისროლა ჯოჯოხეთისკენ, მე თვალები დავხუჭე და თან მთელი ხმით ყვირილს განვაგრძობდი.

 

 თან ვყვიროდა და თანაც ვფიქრობდი: რაღაც ძალიან გაიწელა ჩემი ფრენა, გასროლის ადგილიდან უახლოეს ეშმაკამდე მაქსიმუმ სამიოდ მეტრი თუ იქნებოდა მეკი აგერ მთელი ხუთი წუთია მივფრინავ, როგორ გინდა არ დაინტერესდე, თვალი რომ გავახილო? ფრთხილად გავახილე ცალი თვალი და... ღმერთო ჩემო რა დავინახე, ჩემი საგრიმიორო, ხალხით სავეს, მე იატაკზე ვწევარ და ვიღაც ბრგე მამაკაცი გულის არაპირდაპირ მასაჟს მიკეთებს. ცოტაც და სხეულს დავუბრუნდი, სხეულმა თვალი გაახილა და ჩემი ხმით წაიჩურჩულა: – ბეწვზე მოვასწარი თორემ ეს კაცი ხელოვნუ სუნთქვასაც ჩამიტარებდა.

 

 ყველამ გადაიხარხარა, ვიღაცამ ისიც წაიჩურჩულა ცრელმნარევი ღიმილით სულ ხუმრობს ეს კაციო.

 

 მერე საერთო ჟრიამულში, სკამზე გადამსვეს, ჰო კარგად ხარო მკითხეს, გადარჩენა მომილოცეს და ნელ-ნელა ოთახიც დატოვეს, იცოდნენ ჩემი ხასიათი, ხალხმრავლობას რომ ვერ ვიტან, თორემ მარტო ვინ მიმატოვებდა.

 

მზერა სარკეზე გადავიტანე შემდეგ სარკის მარჯვენა კუთხეში მიმაგრებულ ჩემს ახალაგაზრდობის პორტრეტს ავხედე და ბოლოს მარცხენა კუთხეში მიმაგრებულ მაცხოვრის ხატსაც შევავლე თვალი,მომეჩვენა რომ მაცხოვარი იღიმებოდა, შემდეგ ისიც მომეჩვენა რომ თვალი ჩამიკრა და მეორე თვალის წარბით ხატის ზედა კუთხეში განთავსებულ ნუსხა-ხუცურ წარწერაზე მიმანიშნა, წარწერას ავხედე

 

 – ჰა აბა როგორი იუმორის გრძნობა მაქვს?! – ამოვიკითხე ხმამაღლა.

 

 თავი გადავაქნიე და ჩემთვის ჩავილაპარაკე:

 

 – შენ გაიხარე, რაც მე ბავშვობაში ნუსხა-ხუცური ანბანის სწავლაზე ვიწვალე და მაინც ვერ ვისწავლე.

 

გვერდის მისამართი : ბიბლიოთეკა / პროზა / ნასარიძე გიგა / იუმორისტის სიკვდილი