ნასარიძე გიგა

 

იღბალი

 

 

– ვაახ ეს რა ჯანდაბაა ამის დედა რო მე ვატირე ამისი?! არა, შეიძლება რო კაცს არაფერში უმართლებდეს?! ყველაფერი გამიგია ბრაკი, მარა ბრაკი ჩაქუჩი კაცო?! – ბუზღუნებდა შუა ხნის, შემელოტებული კაცი, რომელსაც სახელად იურა ერქვა ხელში კი ახალთახალი, რომ იტყვიან ჯერ კიდევ “ტაოტიანი”, სანახევროდ წითლად შეღებილი ტარითა და ლაპლაპა ჩაქუჩი ეჭირა და უკვირდა უფრო კი ბრაზობდა რამ გადატეხაო.

 

იურამ პირიდან უფილტრო სიგარეტის ნახევარსანტიმეტრიანი ნამწვი გამოიღო, უბედური შემთხვევის შედეგად ოდნავ წაკვეთილი საჩვენებილი თითით არარსებული ფერფლი გადააფერფლა და ისევ უკან დაიბრუნა თან ბუზღუნი განაგრძო: – აღარ შემიძლია რა, დავიღალე რა! – და მერე უფრო ხმამაღლა დაამატა: – დასვენება მინდა.

 

 – სად გინდა დასვენება იურა ჯან? – საამქროს სიღმიდან შალაშინის შრაშუნით დაკავებული ახალგაზრდა გამოეხმაურა იურას თითქმის შინაგან დიალოგს.

 

 – სად მინდა რას ჰქვია? პროსტა დასვენება მინდა რა, კრაოტში.

 

 – ეე პროსტა დასვენება რა პონტია, თუ დასვენება გინდა სადმე კურორტზე უნდა დაისვენო, აი შენ მთა უფრო გევასება თუ ზღვა? – არ ცხრებოდა შალაშინიანი.

 

 – მთა, ზღვა ერთი ჩორტია რა.

 

 – ერთი ჩორტი როგორაა იურა ჯან?ზღვა ზღვაა ბევრი წყალი, მზე დისკოტეკა და რამე, მთა კიდევ მთა...

 

 – ბევრი ქვები და რამე არა? – მწარედაც კი არ გაღიმებია იურას ისე მიუბრუნდა შუაზე გადამტვრეული ჩაქუჩით აღშოფეთებას.

 

 – მე თუ მკითხავ ზღვა ჯობია, ცხელი პლიაჟი, სუფთა წყალი, მოხარშული სიმინდი, მაგრამ ზღვა და პლიაჟი ჩვენთან არ ვარგა. – გაყარა ბურბუშელა შალაშინმა – იურა როგორ ფიქრობ ანტალიაში მოხარშული სიმინდი იქნება პლიაჟზე? – შალაშინს თავი ანება ახალგაზრდამ.

 

 მაგრამ იურა აღარ უსმენდა, თავის ფიქრებში წასულიყო და იქ, ფიქრებში ცხელი პლაჟი, თბილი და მშვიდი ზღვა და რუსის გოგონებით სავსე გაგრა თუ ბიჭვინთა დახვედროდა.

 

 – ეეჰ ანტალიაში მინდა დასვენება. – ჩაილაპარაკა ბოლოს თან ისე რომ იფიქრა გავიფიქრეო და ჩაქუჩის ნამტვრევები საამქროს კუთხისკენ მოისროლა.

 

 – აჰა, იურა ჯან ეგრე არა ჯობია? ანტალიაში თუ გინდა დასვენება – შალაშინიანმა რატომღაც აქეთ-იქით მიმოიხედა და ჩურჩულით განაგრძო. – იცი რა უნდა ქნა?

 

 – რა უნდა ვქნა? – გაიოცა იურამ და თვითონაც მიმოიხედა.

 

 – რა და... – კიდევ უფრო დაუწია ხმას შალაშინიანმა. – უნდა მოიგო!

 

 – რა უნდა მოვიგო?! – უფრო მეტად გაოცდა იურა.

 

 – უნდა მოიგო, ლატარიაში.

 

 – აბა რეებს ლაპარაკობ? რა ლატარია? ვ ჟიზნი არაფერი მომიგია, ბედი არა მწყალობს ბედიი.

 

 – თან ყველა ხარჯს თავის თავზე იღებენ, შენ კაპიკი არ გეხარჯება, აზრზე ხარ?! – თითქოს არც გაუგონიაო იურას წუწუნი ისე დაამატა ახალგაზრდამ და განაგრძო ბურბუშელების ყრა.

 

 – კარგი რა, მიდი საქმეს მიხედე, მომინდომა აქ ანტალია მანტალია.

 

– ჩაიბუზღუნა იურამ და იმ კუთხეს გახედა საითაც წეღან გადამტვრეული ჩაქუჩი მოისროლა.

 

 ისე გამოდგა რომ იურას იმ დღეს, გატეხილი ჩაქუჩის წყალობით, საქმე აღარაფერი ჰქონდა და ადრიანად გაეშურა შინისაკენ. იმპროვიზებულ ხელსაბანთან ხელები ექსპრომტად გადაიბანა, კართან დაკიდებული თხელი, საზაფხულო ქურთუკი მოისხა და ლაქისა და ხის სუნით გაჟღენთილი საამქროდან ბიოსფეროში გამოაბიჯა.

 

 გამოსვლისთანავე ჯიბეში ხელით მოსინჯა სახლიდან გამოტანებული ლარიანი, წამის მეათედში გადათვალა: “მარშუტკა 50 და ხუთი ღერი პაპიროზი” და გაჩერებისკენ დაიძრა. სამარშრუტო ტაქსი თითქმის მომენტალურად გამოჩნდა და თან თითქმის ცარიელი იყო. იურა თვალის დახამხამებაში შესკუპდა მძღოლის გვერდით სკამზე და ანტალიაზე ფიქრი განაგრძო. მაგრამ მოგეხსენებათ, ეს სოფელი არავის დიდხანს არ ახარებს და არც ჩვენი იურა დაინდო, სწორედ მაშინ როცა მისი ოცნება ანტალიის პლაჟზე წამოწოლილი კოქტეილ მარგარიტას(ეს სახელი არც იურამ და არც მისმა ოცნებამ არ იცოდნენ მაგრამ ის რაც იურამ წარმოიდგინა სწორედ რომ მარგარიტა იყო) მიირთმევდა და ზღვიდან ამოსულ სველ ქალწულს ათვალიერებდა მუშტრის თვალით (უნდა აღინიშნოს რომ იურას ძალიან უყვარდა ფილმების ყურება) სამარშრუტო ტაქსი იურას ნაცნობმა გააჩერა.” აუ ეს ჩემს მერე ჩადის, მე კიდე ქაღალდის ლარიანი მაქ, არ გამოდის ვუთხრა 50 თეთრზე მეტი არ მაქ მეთქი, დავრჩი უპაპიროზოდ, თფუ შენი დედ კი ვატირე.”

 

 – ვახ რა კაცი! – შესძახა იურას ნაცნობმა.

 

 – ვაა! – იუარა შეეცადა ნაცნობის ნახვით გამოწვეული აღფრთოვანება გამოეხატა, თუმცა არცთუ შედეგიანად.

 – დღეს არ მუშაობ? – კარგ ხასიათზე იყო ნაცნობი, რაში ენაღვლებოდა იურას ხუთი ღერი სიგარეტი.

 

 – კი, პროსტა ადრე წამოვედი, ჩაქუჩი გამიტყდა და... – წაილუღლუღა იურამ.

 

 – შენ რავა არაფერში ბედი არა გაქ, ჩაქუჩი როგორ გაგიტყდა? – გადაიხარხარა ნაცნობმა და მძღოლს მიუბრუნდა – გამიჩერე ერთი აქ. შენი გადახდილია იურა, აბა ჰე.

 

 “ვა” გაიფიქრა იურამ და კვლავ ოცნებებსა და ფიქრებს მისცა თავი.

 

ისიც კი არ გაკვირვებია ან ამოსვლა რა იყო ან ჩსვლაო.

 

 ბანალურია მაგრამ დრო ფიქრში სწრაფად გარბის, იმდენად სწრაფადაც კი რომ იურამ კინაღამ თავისი გაჩერება გამოტოვა, ბარე ორასი მეტრით იყო საკუთარ ჩასახვევს გაშორებული მძღოლს რომ შეუძახა:

 

 – აქ გამიჩერე!

 

 – გადავალ და გაგიჩერებ. – კიდევ უფრო დააშორა სახლს მძღოლმა და იქვე მდგომ ჯიხურთან დაამუხრუჭა.

 

 – ჩემი გადახდილია. – თავისთვის ჩაილაპარაკა იურამ და ისე რომ მძღოლსთვის არც შეუხედავს, თითქოს უხერხულობას გრძნობს ფულს რომ არ უხდისო, სამარშრუტო ტაქსიდან ჩამოხტა.

 

 იურას წინ აღმართული ჯიხური სავსე იყო ჟურნალ-გაზეთებითა და ლატარიის ათასგვარი ბილეთით. გაზეთები ვიღაც გაღიმებულ გოგო-ბიჭებს გვახარბებდნენ, ჭრელა-ჭრულა ბილეთები კი ნაირგვარ ნეტარებებს გვპირდებოდნენ: მობილური ტელეფონი გინდაო, ახალთახალი ავტომანქანა გინდაო და ვიდეომაგნიტოფონი თუ ჯინსის შარვლები; აქვე იყო ლატარიის ის ბილეთებიც, რომლებიც დიდძალი თანხის მოგებას გვთავაზობდა და შეიძლება სწორედ ამიტომ გამყიდველის მზრუნველ ხელს ისინი ჯიხურის ფანჯარაში ცოტა ზემოთ განელაგებინა ასე მყიდველის ცხვირის წვერის დონეზე და ბოლოს ყველაზე ზემოთ, ზუსტად იურას თვალების პირდაპირ ხარისხიანი ქაღალდის ნაჭერი გამოჯგიმულიყო, ლამაზი ფერებით მოხატული და თითქოს რაღაცნაირად სურნელოვანიც კი, ზედ კი ლამაზი ასოებით გამოეყვანათ, “მთავარი პრიზი ერთკაციანი საგზური ანტალიაში”, ცოტა ქვემოთ კი მთლად ისეთი ლამაზი ასოებით არა მაგრამ მაინც ეწერა, “ბილეთის ღირებულება 1 ლარი”.

 

 ერთხანს მონუსხულივით უყურებდა იურა ამ სილამაზეს, უჭირდა თვალი მოეწყვიტა ბილეთისთვის და სახლისკენ ერთი ნაბიჯიც კი გადაედგა, გაოფლილი ხელით ჯიბეში ლარიანი ჩაებღუჯა და გული გამალებით უცემდა.

 

ვინ იცის რამდენ ხანს იდგებოდა ასე უკან ჩავლილ თავხედ მძღოლიან მანქანას რომ გუბის წყალი არ შეესხა მისთვის, იურა ერთბაშად გამოფხიზლდა, მანქანის გამომშვებს, ქარხანასა და მძღოლს ერთნაირი გულმოდგინებით შეაგინა, დასველებული ტანსაცმელი ხელით ჩამოიფერთხა და კმაყოფილებით შენიშნა რომ ტანსაცმელს ბევრი არც არაფერი დაშავებოდა.

 

 იურა შინისაკენ გაემართა. ლიფტი მუშაობდა. მეტიც, ვიღაცას ხუთეთრიანი მონეტაც კი დარჩენოდა სადარბაზოს კიბეზე.

 

სახლში არავინ იყო სამაგიეროდ მაგიდაზე ჯერ კიდევ თბილი სადილი და იქვე, ქვაბის გვერდით მცირე ბარათი დახვდა. “არ დაგავიწყდეს გამოკვლევაზე წასვლა, კონსულტაცია უფასო ყოფილა. ნადია.” გამოეყვანა ცუდი მაგრამ მზრუნველი კალიგრაფიით იურას უფროს და გაუთხოვარ დას ფურცელზე. ბოლო ხანებია იურას გულის შუილი თუ გულის ფრიალი, მოკლედ გულის რაღაც აწუხებდა და თავისთვის ვერ მიეხედა, ნადიას კი სადღაც გაეგო, სადღაც აქვე ძალიოან მაგარი კლინიკა ყოფილა, ძმები მანუკიანცების კლინიკა, მანუკიანცებს ლოს ანჯელესში ესწავლატ საექიმო საქმე კლინიკა კი რატომღაც აქ გაეხსნათ, მერე ისიც გაუგია მოუღალავ ნადიას კონსულტაცია უფასოაო და ეს ბარათიც შეუდგენია. რაღას იზამდა იურა დის ნებას ვერ გადავიდოდა, უფროსი და იყო ბოლოსდაბოლოს ამიტომ ნაჩქარევად ისადილა ნელთბილი გუფთით და ისევ გავიდა სახლიდან.

 

 კლინიკას იოლად მიაგნო, ცხრასართულიანი ახალაშენებული კორპუსის პირველ და მეორე სართულებზეზე გაეხსნათ, რკინის კართან დაკიდებული თითბერის ლამაზი აბრა კი იუწყებოდა რომ: “გაბრიელ და მიქაელ მანუკიანცების კლინიკა მუშაობსა ყოველდღე 10-დან 20 საათამდე, კვირას კი 11-დან 18 საათამდე”. იურამ მორიდებულად დარეკა კლინიკის ზარი და ნაბიჯით უკან დაიხია. რაღაცამ დაიზმუილა და კარი თავისით გაიღო.

 

იურა ერთხანს გაუნძრევლად იდგა, ვინ იცის ფიქრობდა კარი თავისით არ გაიღებოდაო, ანდაც სულაც არ უნდა ენდო შენობებს სადაც კარი თავისით იღებაო, მაგრამ ბოლოს მაინც შებედა შენობაში, შებედა და შეაბიჯა.

 

 ასეთი თეთრი ფერი იურამ პირველად ნახა. ირგვლივ ყველაფერი ანათებდა, უფრო სწორად, თითქოს ანათებდა ისეთი თეთრი იყო. სკამები, კედლები, ნათურები, კარები და იატაკიც კი თეთრად შეეღებათ და მიხედავად გავრცელებული აზრისა, თეთრი ძალიან პრეტენზიული ფერიაო, ერთ შავ ან ოდნავ მაინც მუქ ლაქასაც ვერსად ნახავდით.

 

 – გამარჯობა ბატონო, თქვენი სახელი? – იურას ვიღაც მიუახლოვდა მომსახურე პერსონალიდან.

 

 “ეს ქალებიც შეღებეს თუ რა არი” გაიფიქრა იურამ. – იურა. – ამოილუღლუღა ხმამაღლა.

 

 – ბატონო იური, აქ დაბრძანდით და დაელოდეთ, ახლავე მოგაქცევენ ყურადღებას. – შეჰღიმა, მომსახურემ და თეთრ სკამზე მიანიშნა.

 

 იურა მაშინვე დაემორჩილა, მაგრამ ჯერ დამჯდარიც არ იყო რომ ახლა მეორე მხრიდან მიუახლოვდა ვიღაც გაღიმებული და თეთრი და ჰკითხა:

 – თქვენ გაბრიელთან ხართ თუ მიქაელთან?

 

 – კონსულტაციაზე ვარ გენაცვალე – ცოტა მოთამამდა იურა და ალბათ ამიტომაც გაიფიქრა “ რა ჩუმად დადიან ეს ჩემისები”

 

 – ესე იგი გაბრიელთან. – გაიღიმა მომსახურემ თეთრი კბილებით, თეთრი კალმით რაღაც ჩაწერა თეთრ ბლოკნოტში და სადღაც გაუჩინარდა.

 

 იურა ნელ-ნელა მოეშვა, მოდუნდა თვალებიც მიელულა და ჩასთვლიმა კიდეც.

 

არ იცის რამდენი ხანი ეძინა, სანამ მომსახურის ხმა გამოაღვიძებდა, “აქეთ მობრძანდითო” იურა ხმას დაემორჩილა და სულ მალე თავი გაბრიელ მანუკიანცის კაბინეტშიც ამოყო.

 

 რა მოხდა იმ კაბინეტში არავინ იცის, რადგან, როგორც ყველა წესიერ კლინიკაშია მიღებული ანონიმურობა და სხვა მსგავსი რამე-რუმეები აქაც გარანტირებულად დაცული იყო. ის კი ცნობილია რომ იურამ კლინიკა უზომოდ კმაყოფილმა დატოვა, თურმე “ეს რა კაი სპეციალისტი ყოფილაო” ერთავად ამას იმეორებდა თავისთვის გზადაგზა მანამ სანამ ისევ იმ ჯიხურს არ გადეყარა სადაც ლატარიის უამრავი ბილეთი გამოეფინათ და რომელთა შორისაც რაღაც შინაგანი ნათებით გამოირჩეოდა სწორედ ის ერთი, რომელიც სამოთხეში არა მაგრამ ანტალიაში დასვენებასა და განცხრომას პირდებოდა გადაღლილსა და ცოტათი ნატანჯ იურას. თუმცა იურასათვის ეს ორი რამ, სამოთხე და ანტალია, ძალიან ახლო იყო ერთმანეთთან და ძალიან შორს იყო მისგან.

 

 იდგა იურა ჯიხურის წინ და ფიქრობდა, ფიქრობდა ყველაფერზე, განვლილ ცხოვრებაზე, ოჯახზე, რომელიც ვერ შექმნა; სიცოცხლეზე, როგორც ღმერთის საჩუქარზე; სილამაზეზე, როგორც ასეთზე და მისდა უნებურად მისი ფიქრები ნელ-ნელა იმ დღეს დაუბრუნდა რომელშიც ახლა არსებობდა. მერე ფიქრებმა ეს დღე და დანარჩენი ცხოვრება ერთმანეთს შეადარეს და საოცარ დასკვნამდე მივიდნენ, ისინი(ანუ იურას ეს დღე და მისივე დანარჩენი ცხოვრება) ერთმანეთისაგან საოცრად გასხვავდებოდნენ, მეტიც ერთმანეთის ანტიპოდები იყვნენ, თუ მთელი ცხოვრების განმავლობაში იურას არ უმართლებდა ამ დღეს გამართლებების ჯაჭვი გასდევდა თან, ნუთუ რაღაც უხილვმა ძალამ ერთიანად შეცვალა იურას სვე, ნუთუ ნავსი გატყდა, ნუთუ დღეიდან ახალი ცხოვრება იწყება, ნუთუ დღეს დაიბადა ახალი, იღბლიანი იურა?!

 

 – ერთი ლატარიის ბილეთი. – ეს იურა იყო, ჰო იურა უწვდიდა დაჭმუჭნულ და ორ ადგილას სკოჩით გადაწებებულ ლარიანს ჯიხურის გამყიდველსა და სწორედ ლატარიის იმ ბილეთს თხოვდა რომელიც იმავდროულად სამოთხეში შესასვლელი ბილეთიც შეიძლებოდა ყოფილიყო.

 

 – ინებეთ. – თავაზიანად გაუღიმა გამყიდველმა იურას და ლარიანთან ერთად და მთელი ათი ღერი სიგარეტის ყიდვის შანსიც გამოსტაცა ხელიდან.

 

 თითქმის ერთი საათი იდგა იურა ჯიხურთან, ვერ ბედავდა გადაეფხიკა დამცავი შრე და გაეგო, დაუშვეს იგი სამოთხეში თუ ისევ ცოდვილ დედამიწაზე უნდა ებორიალა ერთ ხანს. იმდღევანდელი დღე აიმედებდა კიო, ეს არის შენი ბედიო, დანარჩენი ცხოვრება კოვზს ნაცარში უგდებდა და ბალღამს ურევდა ტკბილ შარბათში, ეჰ იურაო, შენ ვინ მოგცა მაგის იღბალიო.

 

 მაგრამ შრე გადასაფხეკი იყო, ვინ იცის ამ უცნობი რუხი ნივთიერების ეს თხელი ფენა აშორებდა შორეულ ედემს ამიტომაც ადგა და გაბედა, ბილეთი ჯიხურის კედელს მიადო და ცერა თითის ოდნავ ჩაშავებული ფრჩხილი გაუსვ – გამოუსვა დამცავ შრეს.

 

 თავიდან ძლივს გასარჩევად, მერედამერე კი უფროდაუფრო მკაფიოდ გამოიკვეთა საოცარი წარწერა: “ერთკაციანი საგზური ანტალიაში”.

 

კიდევ ერთი საათი მოუწია იურას ჯიხურთან დგომა, ფეხები არ ემორჩილებოდნენ, ნაბიჯსაც ვერ დგამდა, გული კი ისე უცემდა როგორც ბაყაყი დახტის ხოლმე მოულოდნელად დაფარებულ ქუდქვეშ, უსისტემოდ და არითმულად.

 

 ასევე ბაყაყივით უსისტემოდ და არითმულად განვლო ორმა კვირამ. შემდეგ კი დადგა გამგზავრების დღე, გაიშალა გაცილების პატარა, ორკაციანი სუფრა, ნადიამ ცოტა ცრემლიც ღვარა, იურამ ამშვიდა დასასვენებლად მივდივარ შექალო ჯარში კი არაო და წავიდა. რამდენიმე საათში იურა სარფის მიდამოებში გამავალ სახელმწიფო საზღვარს მიადგა, წარმატებით გადაკვეთა და კიდევ რამდენიმე საათში...

 

 ღმერთო ჩემო, სამოთხე სწორედ ასეთი უნდა იყოსო გაიფიქრებდა იურა ოდნავ უფრო სენტიმენტალური, ან რომანტიკული ან ღვთისმოსავი მაინც რომ ყოფილიყო, ზღვა – ლურჯი, პლაჟი – ოქროსფერი, გოგონები – ნახევრადშიშველი, თავბრუ ეხვეოდა ამ ხნის კაცს ამ ყველაფრისაგან და აღარ იცოდა რა ექნა როგორ მოქცეულიყო რომ ცუდად არ გამხდარიყო მერე გამოსავალიც გამოჩნდა: დილაობით ავტობუსში ჩაჯდებოდა ხოლმე და ღირშესანიშნაობების დასათვალიერებლად მიდიოდა, თანაც სრულიად მარტო ამ უცხო ქვეყანაში, ეს ამშვიდებდა სულ სხვაგან გადართავდა და შუადღისკენ ახალი ძალებით შერკინებოდა თავსდამტყდარ ბედნიერებას.

 

 იმ დილითაც ჩაჯდა ავტობუსში და ქალაქგარეთ გაემართა რაღაც ნანგრევები უნდ დაეთვალიერებინა. თითქოს ყველაფერი კარგად მიდიოდა, ავტობუსი სწორად შეერჩია, ნანგრევებამდე არც ისე შორს იყო, უფასო სადილს მოუსწრებდა და გვერდით ვიღაც, აშკარად სლავური წარნმოშობის და სასიამოვნო გარეგნობის ახალგაზრდა ქალი ეჯდა, საკურორტოდ ეცვა საბანაო კოსტუმზე ფერადად გამჭვირვალე მატერია მოეხვია და იურაში მამაკცს და შესაბამისად მხეცს აღვიძებდა. კი ნამდვილად ყველაფერი კარგად მიდიოდა.

 

 მაგრამ მერე ერთ-ერთ გაჩერებაზე ავტობუსში ახალგაზრდა ყმაწვილი ამოვიდა. ყმაწვილს ასეთი კუროირტისათვის მეტისმეტად თბილად ეცვა ზურგზე კი მომცრო და ჭუჭყიანი ზურგჩანთა მოეგდო.

 

როგორც კი ავტობუსი დაიძრა ახალგაზრდამ მგზავრებს დამცინავად გადახედა, რაღაც დაიღრიალა ალაჰის აგბარობის შესახებ იურასთვის გაუგებარ ენაზე, ქურთუკი გადაიღეღა, ყველას დაანახა რომ მთელს სხეულზე რაღაც უცნაური ნივთები გადაება ერთმანეთზე ფერადი მავთულებით და იქვე განთავსებულ ღილაკს თითი დააჭირა.

 

 ავტობუსში უცებ განათდა ყველაფერი და უცებვე ჩაქრა.

 

 * * *

 

 თვალცრემლიანი ნადია უკვე მერამდენედ უყურებდა საინფორმაციო გამოშვების მორიგ გამოშვებას, იქაც აგერ უკვე მერამდენედ აცხადებდნენ რომ თურქეთის საკურორტო ქალაქ ანტალიაში მოხდა ტერორისტული აქტი, ტერორისტმა კამიკაძემ სცადა თავი აეფეთქებინა ხალხით სავსე ავტობუსში, დაიღუპა მხოლოდ ერთი მგზავრი, იგი საქართველოს მოქალაქეა მისი ვინაობა დგინდება, ექიმებმა მოახერხეს ტერორისტის გადარჩენაც, მას რატომღაც მხოლოდ მცირე დაზიანებები ჰქონდა სხეულზე და ახლა მიმდინარეობს მისი დაკითხვა.

 

 * * *

 

 იურამ თვალი გაახილა, ირგვლივ ყველაფერი თეთრი იყო. “უფ, სიზმარი ყოფილა” გაიფიქრა თავისთვის და მიმოიხედა, თითქოს ისევ ის მანუკიანცების კლინიკა იყო, მაგრამ რაღაც შეცვლილიყო, ყველაფერი თითქოს უფრო თეთრი და უფრო მანათობელი ჩანდა

 

 – თქვენ მიქაელთან ხართ თუ გაბრიელთან? – მოულოდნელად ჩაესმა იურას, თავი ნელა შეაბრუნა, მის წინ მოსალოდნელზე უფრო თეთრებში ჩაცმული და კიდევ უფრო გაღიმებული არსება იდგა.

 

 “თუ არ ყოფილა?” გაიფიქრა იურამ, არსებამ კი პასუხის მოლოდინში ასევე თეთრი და მანათობელი ფრთები შეაფრთხილა და კიდევ ერთხელ გაუღიმა ანგელოზის ღიმილით.

 

 

გვერდის მისამართი : ბიბლიოთეკა / პროზა / ნასარიძე გიგა / იღბალი