ნასარიძე გიგა

 

მარადონა

 

 

ნამდვილი ამბის მიხედვით

 

 ჩვეულებრივად მეძინა. ტელეფონის ზარმაც ჩვეულებრივად და სრულიად ბანალურად გამაღვიძა. ყურმილი ისე მოვძებნე, როგორც ფილმებში მქონდა ნანახი და ყურთან კინაღამ უკუღმაც კი მივიდე.

 

 – ალო.

 

– ამოვიგმინე რაც შეიძლებოდა საცოდავად.

 

 – ბიჭო, შენ ხო წერ კიდე? – ჩამყვირა ვიღაცამ ყურში.

 

 პასუხის გარეშე დავკიდე და თითქმის ეროტიკული სიზმრის გაგრძელების საყურებლად მოვემზადე. ტელეფონმა ისევ დარეკა.

 

 – რა გინდა? – ახლა უკვე გაბრაზებული ხმით ჩავძახე ყურმილს.

 

 – მაგარი სიუჟეტი გაგიჩითე, მაგარი ამბავია. – გახარებული ტელეფონი რაღაც სისულელეებს მელაპარაკებოდა

 

 – გმადლობ. – ვუთხარი ყურმილს და ისევ დავკიდე. თვალები დავხუჭე და მივხვდი რომ ვეღარ დავიძინიბდი, იმ ილით მაინც. – ეეჰ სიგარეტს მაინც ვეწეოდე. – გავიფიქრე და ყურმილის ასაღებად მოვემზადე.

 

დარეკა, ავიღე და უკვე ჩვეულებრივი ხმით დაველაპარაკე.

 

 – ჰო

 

 – რა გჭირს ე?

 

 – მეძინა.

 

 – აა.

 

 – ჰოდა რა გინდა?

 

 – რა მინდა და მაგარი სიუჟეტი გაგიჩითე, ხო წერ შენ კიდე?

 

 – ხო ვწერ როცა არ მეზარება.

 

 – ვა ესე იგი აღარ წერ?

 

 – რა გინდა მითხარი რა. – ხვეწნაზე გადავედი.

 

 – რა და მაგარი კაცი გავიცანი ძალიან მაგარი ისტორია მომიყვა, შეგახვედრებ და დაწერე მოთხრობად არ გინდა?

 

 – ხო იცი რო ეგეთ რაღაცეებს არ ვწერ ხოლმე?

 

 – არა ეს იმენნა მაგარია.

 

 კამათის თავი არ მქონდა და დავეთანხმე, შევთანხმდით დღეს ორ საათში სადმე დავსხდეთო, ლუდი დავლიოთო, ალბათ უფრო ლუდმა მომხიბლა.

 

 – გამარჯობა. – უცხო კაცი ზომიერად ასაკოვანი და ზრდილობიანი იყო, ზღვისპირა აქცენტი ქონდა და თვალებითა და წარბებით იღიმოდა.

 

 – აი ეს არი. – გამიღიმა ჩემმა გამღვიძებელმა.

 

 დავსხედით დავიწყეთ ლუდის სმა, ველოდი ის უცხო კაცი როდის მოშინაურდებდა და როდის მომიყვებოდა სიუჟეტს რომელზეც მოთხრობა უნდა შემექმნა და რომლის მოყოლის შემდეგ ბედნიერი და ლუდით ოდნავ შემთვრალი წავიდოდი სადაც მინდოდა. საუბარი ყველაფერს შეეხო, პოლიტიკას, მხატვრობას, უძლეველი არმადის მარცხს და იაპონურ ტექნოლოგიებს. სიუჟეტის ავტორი კი დუმდა, ძირითადად დუმდა.

 

 – კიდე თითო ლუდი და ანგარიშიც მოგვიტანე რა. – გავძახე მიმტან გოგონას(გოგონას სოციალური მდგომარეობით თორემ ისე ქალი იყო რა ხანია).

 

 – ეს მოხდა ადრე.

 

– მოულოდნელად დაიწყო ზღვისპირელმა მაშინ როცა უკვე იმედი გადამეწურა ოდესმე დაწყების. – მაშინ ზღვის პირას ვცხოვრობდით, პატარა ქალაქი იყო ჩვენი ქალაქი, ყველა ერთმანეთს ვიცნობდით, ერთმანეთს თუ არა იმათ მაინც ვინც იმ მეორეს იცნობდა, მოკლედ ეგრე იყო რა, სანამ ზაფხული მოვიდოდა მყუდრო და პატარა ქალაქი იყო ხოლმე.

 

 ჩემმა მეგობარმა ამაყად გადმომხედა, ნახე რა მაგრად ყვებაო, ალბათ ამას გულისხმობდა.

 

 – მაშინ, თქვენ არ გემახსოვრებათ, და ისეთი დრო იყო, თუ გიჟი არ იყავი ყოველთვის შეგეძლო ბევრი ფული გეშოვნა, მეც ვშოულოიბდი ცოტა ცოტას, მოკლედ არ მიჭირდა მაშინ. ამ ჩვენს ქალაქში ჩემი სახლიდან ასე ორმოცდაათ მეტრში ცხოვრობდა ერთი ბიჭი, გრძელი შავი თმა ქონდა, მაშინ ეს იშვიათობა იყო და ფეხბურთს თამაშობდა კარგად, მეტი არაფერი, ამიტომ იყო ალბათ რომ წინა მსოფლიო ჩემპიონატის გავლენით ყველა მარადონას ეძახდა. ბიჭს სერიოზულად არავინ აღიქვამდა, ზოგი იმასაც ამბობდა გიჟიაო, მაშინ ყველა გიჟი იყო ვინც ქუჩაში მარტო დადიოდა და თავის თავს ელაპრაკებოდა. ცოტამ თუ იცოდ რომ მარადონას ცოლიც ყავდა, სახლიც ქონდა და მგონი სადღაც მუშაობდა კიდეც, თუმცა დამტებით შემოსავლზე უარს არასოდეს ამბობდა.

 

 ადგილობრივები ზღვაში ბანაობას მანამდე ვასწრებდით სანამ სხვები ჩამოვიოდნენ თორემ მერე იმხელა ზღვაში ხელის გასაქნევი ადგილი არ იყო ხოლმე, რომ არ დამხრჩვალიყავი. მე ადრიანი გაზაფხულიდან თითქმის ყოველ დილით გავდიოდი ზღვისპირას და ერთი-ორი საათი ცოფიანი დელფინივით დავცურავდი წინ და უკან.

 

 – დიეგო. – გავძახებდი ხოლმე მარადონას.

 

– წამო ზღვაზე მივდივარ.

 

 ისიც თავდახრილი და ოდნავი ძუნძულით, თითქოს სტადიონზე ბურთს მიათამაშებსო, უკან ამედევნებოდა თუ ეცალა და თუ არა პასუხსაც არ გამცემდა ისე შეყოფდა თავს თავისი პატარა სახლის პატარა ფანჯარაში და უნდა მიმხვდარიყავი რომ არ ეცალა.

 

 ზღვაზე მისულებს იქ რა თქმა უნდა არვინ გვხვდებოდა გარდა ერთი რი მოჩერჩეტო თოლიისა მაგრამ ჩემს ტანსაცმელს მაინც დავკეცავი ხოლმე და მარადონას ჩავაბარებდი: – აჰა, ვინმემ არ მოიპაროს.

 

 მარადონაც ერთგულად დარაჯობდა ტანსაცმელს და ჩემი ცურვის ბოლოს როცა ზღვიდან სველი და ცოტა შემცივნებული ამოვიდოდი გამომიწოდებდა ჯერ შარვალს, მერე მაისურს, ან პერანგს.

 

 – გაიხარე დიეგო. – ვეტყოდი მე, უკვე ჩაცმული შარვლის ჯიბიდან ასიანს ამოვიღებდი და ვჩუქნიდი. დიდი ფული იყო მაშინ ასიანი, ზოგს თვიური ხელფასის ქონდა მაგდენი და კმაყოფილივით იყო. ჩაიდებდა, ჯიბეში დიეგო ამ ფულს და მიდიოდა სახლში ლაპარაკლაპარაკით.

 

 მერე გავიდა რამდენიმე წელი, ცხოვრება შეიცვალა, ფულს ვეღარ ვშოულობდი, მოიმიწია სარჩოს საძიებლად სხვაგან წასვლა, მერე კიდე სხვაგან, მენატრებოდა ჩემი ქალაქი მაგრამ ვერ ჩავდიოდი, მახსენდებოდა ჩემი მეგობრები, ახლობელები, ნათესავები, ზღვა და სანაპირო, ხანდახან მარადონაც მახსენდებოდა, ნეტა რას შვება მეთქი გავიფიქრებდი და მერე ისევ მეგობრები, ახლობლები, ნათესავები.

 

 ერთხელაც ისევ ჩემს ქალაქში მოვხვდი, მეგობარი მიდიოდა რაღაც საქმეზე და გზად გამიყოლა, იცოდა ჩემი ამბავი ქალაქი და ზღვა მენატრებოდა და ფული კი კიდე ერთი ათი წელი არ მექნებოდა იქ დასაბრუნებლად, თუნდაც დროებით. ჩავედი, ვერავინ ვნახე მეგობრებიდან სახლშიც აღარ მივედი – ჯერ კიდევ როდის გავყიდე, ისევ ზღვისკენ წავედი, ვიფიქრე ცოტას ვიცურავებ და მერე ვნხავ ნაცბნობ-მეგობრებს მეთქი; თან გაზაფხული იყო, აპრილი. პლაჟზე არავინ დამხვდა, ტანსაცმელი გავიხადე და შევცურე, ცოფიანი დელფინივით ვეღარ ვცურავდი უფრო ალბათ ბებერი მედუზასავით.

 

კარგა შორ მანძილზე რომ გავცურე და მივხვდი რომ კიდევ რამდენიმე მეტრი და უკან დასაბრუნებლად ძალა აღარ მეყოფა მეთქი შემოვბრუნდი, ნაპირს გამოვხედე, ნაპირზე ვიღაც კაცი იდგა ძალიან ნაცნობი და ახლობელი სილუეტი ქონდა... ჰეჰ მარადონა – გავიფიქრე როცა ნაპირს უფრო მივუახლობდი და სილუეტიც გამსხვილდა. რაღაცნაირად დათბა ზღვაში, გაღიმებული მოვცურავდი. კიდევ ურო ახლოს რომ მივედი ნაპირთან შევნიშნე მარადონას ჩემი შარვალი აეღო და ჯიბეში დაძვრებოდა, სხვისი შარვალი რომ ყოფილიყო გამეცინებოდა, თუნდაც მწარედ.

 

 – დიეგო! არ დევს არაფერი არა.

 

– ვყვიროდი მთელი ხმით ზღვის ხმის გადასაფრადვყვიროდი და ამ ყვირილში მივხვდი რომ მარადონას ნამვილი სახელი არასოდეს ვიცოდი, მაგრამ მაინც ვყვიროდი,ს მარადონა უფრო მეცოდებოდა ვიდრე სკუთარი თავი. მარადონას კიდე არ ესმოდა, თავის სქმით იყო გართული, მერე შარვალი დაკეცა და წავიდა.

 

 ზღვიდან გამოვედი, ფეხები კენჭებს გადაჩვეოდნენ და ძლივს დავდიოდი, მარადონას დაწევა არც მიფიქრია, მერე ვნხავ მეთქი. ჩავიცვი და ინსტიქტურად ხელი ჩავიყავი ჯიბეში.

 

ხელზე ქაღალდი მომხვდა, ამოვიღე, ხუთი ცალი ასიანი იყო, ოღონდ სხვანაირი, მწვანე.

 

 ვერავინ ვეღარ ვნახე, მეგობარმა ზედ სანაპიროზე მომაკითხა, სასწრაფოდ უკან ვბრუნდებიო. წლების მერე გავიგე მარადონა საზღვარგარეთ წავიდაო თუ მოკლესო, ნუ როგორც ხდება ხოლმე. ვის უნდა მოეკლა?

 

 ეს თქვა ზღვისპირელმა და ლუდის კათხა მიიყუდა, სანამ ის სვამდა ჩემმა მეგობარმა გადმომიჩურჩულა: – ჰა დაწერ?

 

 – რას დავწერ? ეგეთ სენიმენტალურ იდიოტობებს როდის იყო ვწერდი?

 

 – ეეე, არადა მაგარი ამბავია.

 

 – ხოდა თვითონ დაწეროს ვაა.

 

 ზღვისპირელმ,ა კათხა ჩაცალა, ადგა, დაგვემშვიდობა და წავიდა.

 

 – ეწყინა რამე?

 

 – მე რავიცი, დავლიოთ თითოც?

 

 – დავლიოთ ჰა.

 

 დავლიეთ. მეტი საინტერესო იმ დღეს არც არაფერი მომხდარა. ჰმ, მარადონა! კაი რა!.

 

 

 

გვერდის მისამართი : ბიბლიოთეკა / პროზა / ნასარიძე გიგა / მარადონა