ნასარიძე გიგა

 

ნამდვილი ამბავი

 

 

ყოველთვის მაინტერესებდა, რატომ უჩნდება ხოლმე მავან მწერალს ნამდვილი ამბების მოთხრობად, ნოველად, რომანად, გნებავთ ლექსად დაწერის სურვილი.

 

 ინტერესი, როგორც ყოველთვის (ნუ ჰო, კაი, თითქმის ყოველთვის) ინტერესადვე დარჩა და მიუხედავად იმისა, რომ ამ კითხვაზე ვერანაირი მონდომებითა და მეცადინეობით ვერ მივიღე პასუხი, ერთ მშვენიერ დღეს მეც მომინდა ნამდვილი ამბის დაწერა მოთხრობად, ნოველად თუ რაც არის. მომინდა და შევუდექი კიდეც წერას, ეს ამბავი ცოტა ხნის წინ შემემთხვა და მიუხედავად იმისა, რომ თითქმის არაფრით გამორჩეული ისტორია არ არის, არც ფინალი აქვს მოულოდნელი, არც სიუჟეტი დამაინტრიგებელი და არც სათაური კომერციული, მაინც მოვინდომე მისი დაწერა, თუმცა ჩემს კითხვაზე ვერც მისი დსრულების შემდეგ მივიღე პასუხი.

 

 მოკლედ, ერთ დღეს ჩემმა სამსახურმა (ასე უწოდებენ ხოლმე ჰო, ადგილს სადაც მუშაობენ?) გადაწყვიტა სასიამოვნო სიურპრიზები გაეკეთებინა მისთვის (სამსახურისთვის) აბსოლუტურად უცნობი ხალხისთვის, ანუ დაერიგებინა სხვადასხვა, ძვირადღირებული საჩუქრები უბრალო ხალხისთვის და ამით მათი გულები მოეგო და ზემოთხსენებული სამსახურის პოპულარობაც გაეზარდა, გარკვეულწილად რაღა თქმა უნდა. საჩუქრების დარიგება ასევე რაღა თქმა უნდა თანამშრომლებს დაგვვალდა, ჩვენც არ დავიზარეთ, გავიაზრეთ რა, რომ საჩუქრების დამრიგებლის შტატი უბრალოდ არ გვქონდა დაწესებულებაში და ამ საპატიო მისიას იმ მიზეზით ვერ ავარიდებდით თავს, ვისაც ევალება იმან გააკეთოსო. მე, ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით თუ ბრმა ბედისწერის წყალობით, ერთ-ერთი მშვენიერი რეგიონი შემხვდა მოსანახულებლად და საჩუქრის გადასაცემად, მთიანი მხარე, წყნარი ხალხი, სავარაუდოდ კარგი დახვედრა თავის სუფრით, მშვენიერი წითელი ღვინითა და ამ წითელი ღვინისაგან გაუმჯობესებული სისხლის მიმოქცევით. ორგანიზატორმა საღამოს დამირეკა და შემითანხმდა: “ხვალ დილით ჭიშკართან დაგვხვდება ჩვენი მანქანა, ლურჯი მერსედესი, წაგიყვანს და საღამოს უკანვე ჩამოგიყვანსო” ეს ყველაფერი ისე ბუნიბრივად ჟრერდა დაეჭვებაზე გაფიქრებაც კი საშინელ მკრეხელობად მომეჩვენებოდა ასეთი აზრი რომც გამჩენოდა.

 

იმ ღამეს მშვიდად მეძინა. ყველაფერი მეორე დღეს დაიწყო, მოკლედ დილით ვიღვიძებ რვა საათღზე, რათა არ დავაღალატო ის პატიოსანი კაცი რომელიც იმ მშვენიერ ლურჯ მერსედესში მელოდება რათა ჩამადენინოს ის კეთილი საქმე რომლის გამოც სამუდამო სასუფეველი თუ არა ხელმძღვანელობის მადლობა მაინც მელოდება, ცხრას ჯერ ოცი წუთი აკლდა და მე უკვე ჭიშკართან ვიდექი.

 

 ოცმა წუთმა უცებ გაიარა, მერე ნახევარმა საათმაც, მერე კიდე ერთმა საათმა, ამასობაში მოვასწარი და კარგად შევისწავლე ფერთა ბუნება, აღმოჩნდა რომ ერთი ფერის ავტომანქანა, დიდხანს და გულმოდგინედ დაკვირვების შემდეგ, შეიძლება სულ სხვა ფერის გამოდგეს, ან ის რომ სინამდვილეში ჩვენ რასაც ერთ ფერს ვეძახით ყველა ადამიანისთვის ინდივიდუალური ფერი აღმოჩნდეს... მოკლედ თერთმეტ საათზე ნამდვილი ლურჯი ფერის მერსედესი მოვიდა და ჩემი ფილოსოფიური სეირნობა ფერთა სამყაროში, ვითარცა აკადემოსის ბაღში დაუნდობლად შეწყვიტა. სიხარულით აღსავსე მოვთავსდი წინა სავარძელში და ასეთივე გრძნობით აღსევსე მძღოლის დანახვის იმედით მარცხნივ გავიხედე თუმცა როგორც კარგობაზე პრეტენზიით ცუდ ფილმებშია ხოლმე, იმედი აქაც გამიცრუვდა, დავიძარით თუ არა მძღოლმა წუწუნი დაიწყო: “სულ განაგლდნენ რა, სამგზავრო ფულს კი აღარ გვაძლევენ ეს ჩემისები”, ეტიკეტით გათვალისწინებული რამდენიმე “უყურე შენ კაცოს” მერე დავიძინე. მეძინა ღრმად და ტკბილად რადგან ვგრძნობდი, რომ გამეღვიძა აუცილებლად მომიწევდა ჩემი მძღოლისა და დანარჩენი სამყაროს უთანასწორო ბრძოლის ისტორიების მოსმენა. მაგრამ ძილმა დიდხანს ვერ გასტანა, საოცარმა ინფორმაციამ ჯერ გამაღვიძა, შემდეგ გამომაფხიზლა და ბოლოს ცოტათი გამაოგნა კიდეც, ჩემი მძღოლი მატყობინებდა იმ რეგიონში აღარ მივდივართ, კარგი ხედები და წითელი ღვინო რომ გელოდა ახლა კონფლიქტურ ზონასთან საზღვრისპირა რეგიონში მივდივართო, კარგი მეთქი გავჩუმდი და ისევ დავიძინე.

 

 მოკლედ ასე წვრილად რომ არ მოგიყვეთ გზაში რაც მოხდა პირდაპირ დანიშნულების ადგილს მიგაყენებთ, უფრო სწორად ადგილს საიდანაც უკვე შეიძლება დანიშნულების ადგილის მიგნება. მოკლედ ვდგავართ ამ ჩვენი ლურჯი მერსედესით რეგიონის ერთ პატარა ქალაქში და ველოდებით სხვა ფერის მერსედესს, რომელმაც იმავე რეგიონის მეორე პატარა ქალაქში უნდა წამიყვანოს, იქიდან კი უკვე შეიძლება დანიშნულების სოფლის ძებნა.

 

(არა, არა, მომკალით და ვერაფრით ვხვდები რატომ წერენ ნამდვილ ამბებს მოთხრობა ნოველა ლექსებად), ერთსაათიანი ლოდინის შემდეგ როგორც იქნა მოვიდა ის მეორე, სხვა ფერის მერსედესი, გადატვირთეს ამ ჩვენი მერსედესიდან საჩუქრები იქით, მეც გადამიყვანეს და ჰერიი გავსწიეთ წინ დიადი მიზნებისაკენ, ამასობაში კი ეს ჩემი მანქანა რომელსაც უკან, სახლში უნდა წამოვეყვანე უკვალოდ გაქრა. თუმცა ამის დაჯერება იმდენად რთული აღმოჩნდა ჩემი გულუბრყვილი მესათვის , რომ ბოლომდე მჯეროდა, ალბათ ასეც უნდა ყოფილიყო და დღეს საღამოს სხვა მანქანით გამამგზავრებენ შინ მეთქი.

 

 დავიწყეთ სოფლის ძებნა.

 

 ყველა გამვლელს ვეკითხებოდით, ყველამ იცოდა, მაგრამ როგორც მივხვდი ცოდნა ერთობ სუბიექტური რამ არის. პირველი შემხვედრი ასე ათიოდე წლის ბავშვი იყო.

 

 – გამარჯობა, სად არის ესა და ეს სოფელი ხომ ვერ გვეტყვი?

 

 – აი იქით წახვალთ, მერე მარცხნივ და იქ მიგასწავლიან. – ზრდილობიანად მოგვიგო ბავშვმა (საერთოდ ამ რეგიონის ზრდილობიანობაზე და, მეტიც, ზრდილობიანად ყელის გამოჭრაზეც კი, ვიღაცას უკვე უწერია სადღაც)

 

 შეშფოთების პირველი ნიშნები სწორედ აქ და ამ დროს გამოჩნდა, შეშფოთების წყარო კი ჩვენი მძღოლი.

 

 – ე ბიჭო მაქეთ კონფლიქტის ზონაა, ასე თუ ვიარეთ მალე საზღვარსაც მივადგებით. – წარმოთქვა მან ნახევრად ხუმრობით და მეორე ნახევრად აღელვებაზე ცოტა მეტით. – მოდი აბა ერთი ამასაც ვკითხოთ. – დაამატა მერე უფრო მშვიდად და უცხოური ტექნიკით დატვირთული მანქანა მოხერხებულად მიაჩერა ორ ბავშვთან.

 

 – გამარჯობა, ესა და ეს სოფელი შორია აქედან?

 

 – კი, იქნება რვა კილომეტრში.

 

– გვიპასუხა ბავშვმა ისევე ზრდილობიანად.

 

 – რვა კილომეტრი?! – წარმოთქვა მძღოლმა სამი მეოთხედზე აღელვებაზე ცოტა მეტით და ცოტათი შეიძლება ხუმრობითაც. – რაღა დარჩა კონფლიქტის ზონამდე, რვა კილომეტრშია მეტში კი არა.

 

– დაამატა მერე და ნერვიულად გაიცინა.

 

 მანქანის შიგთავსის ტელევიზორებისაგან თავისუფალი სივრცე დაძაბულმა სიჩუმემ შეავსო, როგორც ყინულებით სავსე ჭიქას ავსებს ხოლმე კოკა-კოლა.

 

 – აი ამას ვკითხოთ – ჩვენმა მძღოლმა კიდევ შეამჩნია ათიოდე წლის ბავშვი.

 

 – გამარჯობა, ესა და ეს სოფელი შორია აქედან?

 

 – არა, აქვეა სამ კილომეტრში.

 

 უუუფ ამოვისუნთქეთ ჩვენ.

 

 – ა ბიჭო ჭკვიანი ბავშვი.

 

 – ჰო, ეტყობა სკოლაში კარგად სწავლობს.

 

 – ყოველ შემთხვევაში გეოგრაფიას და მათემატიკას მაინც.

 

 ცოტა გავიცინეთ, ცოტაც დავმშვიდდით, მაგრამ...

 

 – მოდი ამათაც ვკითხოთ მაინც, უფროსები არიან.

 

 – უკაცრავად, ესა და ეს სოფელი შორს არის აქედან?

 

 – აი, იქით წახვალთ, მერე აუხვევთ მარჯვნივ, მერე მარცხნივ და იქ მიგასწავლიან.

 

 – შორს არი?

 

 – კი, იქნება ერთი ხუთი ექვსი კილომეტრი.

 

 ისევ ჩაგვეღვარა კოკა-კოლასავით დაძაბული სიჩუმე, ყველა ჩვენ-ჩვენთვის ვფიქრობდით, ეს ის ადგილი არ არის ერთი ტონა თხილისთვის ხალხი ერთმანეთს რომ ხოცავს, ჩვენ კიდე ორი მერსედესით ვართ, ერთი აქედან ტელევიზორებით და სხვა ძვირფასი ნივთებით სავსე, ჩვენც ხომ ფული ვღირვართ, გაგიტაცებს ვიღაც ოხერი და მამაძაღლი და გამუშავებს მონად, ან ფულს მოთხოვს შენს ოჯახს.

 

 ასეთი ფიქრებით ადამიანი დიდხანს ვერ ძლებს. ვაჩერებდით ყველა ადამიანთან და ვეკითხებოდით ესა და ეს სოფელი საით არის და თუა შორიო, პასუხები არ იყო მაინცდამაინც დამაიმედებელი, რაც უფრო ვუახლოვდებოდით სოფელს მით უფრო მეტი ხალხი გვხვდებოდა, რომლებიც ჩვენს კითხვაზე სინანულით გადააქნევდნენ თავს და ვინ იცის გულში ფიქრობდნენ კიდეც: “ არადა ჯერ რა ახალგაზრდები არიანო”, ზოგმა ისიც გვითხრა იქ რა გინდათ შვილებო, ან ეგება დაღამებამდე წამოხვიდეთ, ან იქით წასული ბევრი გვინახავს დაბრუნებული არავინ, მაგრამ იმდენად ძლიერი იყო ჩვენი სურვილი დაგვერიგებინა საჩუქრები(ეს ახლა მოვიგონე, თორემ რა საჩუქრების დარიგების სურვილი რა სისულელეა) უკან, იქით სადაც თხილის გულისთვის არავინ არავის არ კლავს არდაგვიხევია და სულ წინ მივიწევდით.

 

 მოკლედ, ასე, ავად თუ კარგად, დაზაფრულები თუ გმირობის ფარული სურვილით აღვსილნი მივადექით დასასაჩუქრებელ ოჯახს თან მზეს ვაკვირდებოდით, ემანდ მოულოდნელად არ ჩავიდეს არ დაგვაღალატოსო, ოჯახს ისე გაუხარდა საჩუქრები არაფერი არ ვიცით გოჭი უნდა დაგიკლათო გვახარეს, გავთვალეთ რა რომ ყველაზე მშვიდი და სიკვდილთან შეგუებული გოჭის ჯერ დაჭერა, მერე დაკვლა, მერე შეწვა და მერე ჭამა გაცილებით მეტ დროს წაგვართმევდა ვიდრე ჩვენს მნათობს დასჭირდებოდა ჰორიზონტის დასავლეთ მხარეს მიეფარებოდა, თავაზიანად ვთქვით უარი ამ წინადადებაზე, თითო ჭიქით დავილოცეთ და ის იყო გზას უნდა გავდგომოდით, რომ ოჯახის უფროსმა, კიდევ ერთხელ გვითხრა არაფერი არ ვიცი მაშინ ის გოჭი ცოცხლად უნდა გაგატანოთო. არაყი უკვე დალეული აქვს გზაზე დაიძინებს და არ შეგაწუხებთო.

 

 წამოვედით, გოჭიც შევკუჭეთ დარჩენილ ტელევიზორებს შორის და მძროლებსაც მოვუწოდეთ რაც შეიძლება სწრაფად იარეთ თუ არ გინდათ სადმე კონფლიქტის მეორე მხარის მთიან ქალაში ხაროში ამოჰყოთ თავითქო, მძღოლებმაც დაგვიჯერეს მიაწვნენ გაზის სატერფულს და ჰეე... აქ კი გამახსენდა, რომ კი მივდივარ მაგრამ სად მივდივარ? ჩემი მანქანა უკვე კაი ხანია ქალაქშია, მისი მძღოლი გემრიელად ნავახშმია და ახლა ცოლთან ერთად უყურებს ტელევიზორს.

 

ავტეხე პანიკა, არიქა ხვალ დილით ათ საათზე სამსახურში უნდა ვიყო მეთქი, მამშვიდებენ ოღონდ აქედან გავასწროთ, სამშვიდობოს გავიდეთ და გაგამგზავრებთ არ არი პრობლემაო. არადა სამშვიდობო მინიმუმ 60-70 კილომეტრშია.

 

 მოკლედ, როგორც იქნა გავედით სამშვიდობოს, უკვე გვარიანად ჩამოღამებულიყო, აგერ დავდგეთო შემომთავაზეს ჩემმა დამიმედბლებმა, ყველა მარშრუტკა აქ გამოივლის და რომელიმეს გაგაყოლებთო თან პარალელურად ფარულად, არაცნობიერის დონეზე, მინერგავდნენ რომ გოჭი სწორედ მე უნდა წამეყვანა, მე შესაშური მომზადება გამოვიჩინე ასეთ საქმეებში და ვაჟკაცურად დავუდექი გოჭთან ერთად მგზავრობის თავს მოხვევის მცდელობას და გულცივად დავიწყე ჩემი მშობლიური ქალაქისკენ მიმავალი მარშუტკის ილოდინი. გაგიკვირდებათ და არც ერთმა მარშრუტკამ არ გამოიარა, არა, მარშრუტკის ტიპის მიკროავტობუსები დადიოდნენ როგორ არ დადიოდნენ მაგრამ ძირითადად მანდარინით სავსე, ძირითადად დასაჯდომის ადგილის გარეშე და ძირითადად არ გვიჩერებდნენ. საბოლოოდ მეც დავიჯერე, რომ იმ დღეს არანაირი მარშრუტკა არ გამოივლიდა და დავთანხმდი მატარებლით გამგზავრებაზე, თანაც წინა დღეებში ბევრი კარგი რამ მოვისმინე საქართველოს რკინიგზაზე და ვიფიქრე გავუძლებ ერთ ღამეს რაც არის არის მეთქი. ამიღეს ბილეთი, გამაცილეს, ჩამსვეს მეთერთმეტე ვაგონში და წავედი. გამცილებელს ვკითხე მეცამეტე ადგილი რომელ კუპეშია მეთქი მანაც ისე ზრდილობიანად მიმითითა კუპეზე, რომლის გვეერდითაც ჩამწკრივებულიყვნენ რიცხვები 13,14,15, და 16, რომ პირველი ხუთი წუთი იმ საშინელ სუნსაც არ მივაქციე ყურადღება რომელიც მატარებელში...

 

არ ვიცი რა ზმნა ვიხმარო, ალბათ იდო მოუხდება ყველაზე მეტად იმდენად ხელშესახები იყო იგი.

 

 შევედი მითითებულ კუპეში, მთელს კუპეში მარტო აღმოვჩნდი. დავიწყე მეცამეტე ადგილის ძებნა, პროცედურა დიდხანს არ გარძელებულა, მოგეხსენებათ ჩვეულებრივ კუპეში მხოლოდ ოთხი საწოლია ამიტომ სულ მალე მივაგენ ერთაერთ შემორჩენილ პატარა აბრას რაღაც რიცხვით ზედ, გამიხარდა აქ რაც ეწერება იმის მიხედვით გავარკვევ დანარჩენები რა ნომრებია მეთქი მე გულუბრყვილომ ვიფიქრე, მაგრამ მუხთალი წუთისოფელი, ოღონდ ადამიანი გაამწაროს და რიცხვებითაც მშვენივრად მანიპულირებს თურმე – პატარა აბრუკაზე ნათლად ეწერა 11. საერთოდ გამოცანები, რებუსები, შარადები და მსგავსი სულელური გამოგონებაბი მიყვარს, მაგრამ იმაზე თავის მტვრევა რანაირად აღმოჩნდა თერთმეტნომრიანი აბრუკა კუპეში რომელშიც იდეაშიც კი არ უნდა ყოფილიყო ეს ძალიან საინტერესო რიცხვი ნამდვილად არ მხიბლავდა, ამიტომ ავდექი და გამცილებელს დავუძახე. ჩემი დაძახება ისე იოლი შეიქმნა მის მოსვლასთან შედარებით რომ ცოტა სინდისმაც კი მიმქენჯნა – გამცილებელი, ნუუ მსუბუქად რომ ვთქვათ და თან უცენზურო სიტყვების გამოყენებასაც რომ თავი ავარიდოთ, მთვრალი გახლდათ, ამას იმდენი ალკოჰოლი მიეღო რომ მისი ორგანიზმიდან გამოთავისუფლებული სპირტის სუნი მატარებლის სურნელსაც კი ფარავდა, ჰაერი ჩემს ირგვლივ ისე გაჯერდა სპირტის მოლეკულებით რომ ცოტათი კარგ ხასიათზეც კი დავდექი და გამცილებელს ვკითხე მეცამეტე ნომრის ავან-ჩავანი, გამცილებელმაც არ დაიზარა თვბალი მიმოავლო კუპეს და თეთრეულს და ჩაის ჭიქებს მიჩვეული თითი თერთმეტნომრიანი აბრუკისკენ გაიშვირა.

 

 სასოწარკვეთამდე ცოტაღა მაკლდა, ვათვალიერებდი ცარიელ კუპეს და ვცდილობდი ნაცადი ხერხი, დაძინება გამომეყენებინა დამთრგუნველ გარემოსთან საბრძოლველად, ის იყო თვალი მოვხუჭე რომ კუპეში შუა ხნის ქალბატონი შემოვიდა.

 

შემოვიდა თუ არა კუთხეში მიჯდა ერთადერთი ჩანთა გულზე მიიხუტა და ფანჯარაში ყურება დაიწყო იმის მოლოდინში იქნებ კიდევ ვინმე შემოვიდეს კუპეშიო, პირველად ვიგრძენი თავი უცხო მამაკაცად!

 

 ცოტა ხანში კუპეში კიდევ ორნი შემოვიდნენ, სავარაუდოდ ბებია და შვილიშვილი, ასე სამოცი სამოცდაათი წლის მოხუცი ქალბატონი თან ასაკზე ერთი ათი კილოთი მეტი წონით და გოგონა ალბათ თხუთმეტიოდე წლისა,გოგონა ერთი შეხედვით აბსოლუტურად ჩვეულებრივი გოგონა.

 

 შემოსვლისთანავე მოხუცმა ქალბატონმა ერთი ხუთი ისეთი ამბავი მომიყვა რაზეც მხოლოდ ზრდილობიანი თავის დაქნევით თუ უპასუხებდი და მაშინვე ზედა თაროზე აძრომა და დაძინება მოგინდებოდა, პრობლ;ემა ის იყო რომ ზედა თარო იმ ჩემი პიროვნებით შეშინებულ ქალბატონს ეკუთვნოდა მე კი ქვემოთ უნდა დავწოლილიყავი, ამითომ ათი პროცენტი ზრდილობის გამო და ოთხმოცდაათი პროცენტი იმის გამო რომ ეს მძიმეწონოსანი ბებია რაც შეიძლებოდა შორს დამეტოვებინა პირველ ქალბატონს შევთავაზე ადგილს გაგიცვლით თუ გნებავთ მეთქი და ხეირიანად პასუხიც არ გამიგია მარჯვედ, ნუ რაც შეიძლება მარჯვედ იმ ადამიანისთავის რომელსაც ფიზიკურად ცხოვრებაში არ უვარჯიშია, ავხტი ზედა თაროზე და თავი მოვიმძინარე. ვწევარ თავს ვიმძინარებ და ქვემოდან ბებია და შვილიშვილიშვილის ხმაღალი ჩურჩული მესმის, ეტყობა რაღაცაზე კამათობენ, გულმა ცუდი მიგრძნო! საერთოდ გულები ხშირად ცდებიან ხოლმე მაგრამ ამ შემთხვევაში ჩემი გული კარგი წინასწარმეტყველი გამოდგა.

 

 – ჰო კაი კაი – წყალგაუვალ არგუმენტებს დანებებული ადამიანის ხმით ამოიბუზღუნა ბებიამ და ზემოთ ამოცოცება დაიწყო. ბებიის აღმასვლის პროცესი და შესაბამისად ხვნეშა, ოხვრა და სხვა, განსხვავებულ სიტუაციაში საინტერესოდაც რომ მოგეჩვენებედოდათ ისეთი ხმები, სადღაც ნახევარ საათში დასრულდა, მოხუცი ქალბატონი ჩემს გვერდით ზედა თაროზე განთავსდა და დამიწყო ისტორიების მოყოლა, ისტორიებისა რომლებიც არავის არასოდეს არ აინტერესებდა მათ შორის მათაც ვისზეც იყო ეს ისტორიები, ვერც ვერავინ ვერასოდეს დაიმახსოვრებდა, მათ შორის ისინიც ვისაც გადახდა ეს ისტორიები და საერთოდ...

 

რატომ უჩნდებათ ნამდვილი ამბების მოთხრობად, ნოველად, რომანად, გნებავთ ლექსად დაწერის სურვილი? რა სულელური ჩვევაა? რა მოგცათ ახლა ამ ნაწერმა რაც ეს ესაა წაიკითხეთ, ან მე რისი თქმა შევძელი? არა, ისე კი საინტერესოა რომ ჩვენს დროში თურმე ჯერ კიდევ არსებობენ გოგონები რომლებიც ყველაფერს მისცემენ ოღონდ მამაკაცის გვერდით დაწოლილები არ აღმოჩდნენ თუნდაც მატარებელში თუნდაც სხვა, პარალელურ თაროზე და თუნდაც საყვარელი ბებიის ასე გაწამების ხარჯზე, მაგრამ... მაინც ვერა რა!

 

– აი უყურეთ ქალბატონო, ტყვიამ ამ უბანში გაიარა, აი მარჯვენა მხრიდან შევიდა, დიაგონალზე გადაკვეთა თითქმის მთელი ტვინი და აი აქ, ცოტა ქვემოთ გამოვიდა. – სრულ სიბნელეში ვიღაცის მზრუნველი და ამავდრიულად საკმაოზე მეტად მამაკაცური ხმა მესმოდა და თან მიკვირდა რატომ ვერ ვამოძრავებდი ვერაფერს. – საბედნიეროდ აქ, ტვინის ამ ნაწილში საციცოხლისათვის საშიში უბანი არ გახლავთ, შესაბამისად სიცოცხლესაც არ ემუქრება საფრთხე, თუმცა ვვრაუდობთ რომ თქვენი მეუღლე კომაში იქნება კიდევ ერთხანს და შეიძლება მეხსიერებაც დაკარგოს, მაგრამ გარწმუნებთ ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ რომ... – განაგრძობდა ხმა და მის პარალელურად ქალის ტირილი, უფრო კი, სლუკუნიც ისმოდა.

 – რატომ, რატომ რისთვის?! – გადაიზარდა ამ აღშოფეთაბასა თუ იმედგაცრუებაში ქალის სლუკუნი და სწრაფი, ნერვიული ნაბიჯები და კარის ასევე ნერვიული გაღებისა და დაკეტვის ხმაც გავიგონე.

 

 დახურულ კარს მიღმა კი კვლავ ექიმმა სცადა საუბრის გაგრძელება: – რაც შეეხება ნამსახვრევებით დაზიანებულ სახის კანს მარჯვენა ლოყაზე, ჩვენი პლასტიკოსები...

 

 ნელ-ნელა ეს ხმაც მიჩუმდა და სრულმა სიჩუმემ იდეალურად შეავსო სრული წყვდიადი და რომ არა არეული ფიქრები ჩემს თავში და რაღაც რაზედაც ვიწექი და რაც არ მაძლევდა საშუალებას ვაკუუმში მელივლივა, სრული სიცარიელეც შეერწყმებოდა ამ ყველაფერს და არც კი ვიცი რა მოხდებოდა. თუმცა რა მოხდებოდა მაგას ვინ ჩიოდა, რა მოხდა ანდაც ახლა რა ხდებოდა იმასაც კი ვერ ვხვდებოდი, იმ ექიმის(უთუოდ ექიმი იყო ეგეთი მზრუნველი და ამავდროულად მამაკაცურები მხოლოდ ექიმები არიან ხოლმე) ნათქვამით თუ ვიმსჯელებდით ის ტვინში ტყვია გავლილი და კომაში მყოფი მე უნდა ვყოფილიყავი, ის მოსლუკუნე და სუსტნერვებიანი ქალბატონი კი ჩემი ცოლი, ეს რასაც მივხვდი თორემ ისე მართლა არფერი მახსოვდა, ან ამ კომაში როგორ მოვხვდი, ან ეს ქალი როდის მოვიყვანე ცოლად ანდაც პირველად რა ნიშანი მივიღე მატემატიკაში, ჩემი მეხსიერება თითქმის სრულიად სუფთა გახლდათ და ხალისით და სწრაფად ივსებოდა ახალი ინფორმაციით.

 

 ახალი ყველაფერი და, მით უმეტეს, ინფორმაცია კი კარგია, მაგრამ ადამიანს თურმე არ შეუძლია რამე აინტერესებდეს და ეს ინტერესი არ დაიკმაყოფილოს, თუ ვერ დაიკმაყოფილებს მასში ადამიანურობის რაღაც ნაწილი კვდება თურმე, ხოდა რომ არ მომვმკვდარიყავი ასე ნელ-ნელა რადაც არ უნდა დამჯდომოდა უნდა გამეხსენებინა რანაირად მოვხვდი აქ და ამ მგოიმარეობაში, საიდან გიარა ჩემს ტვინში ვიღაცის ტყიამ და საერთოდ რა ხდებოდა ჩემს თავს, ანუ რაღაც პატარა გამოძიებასავით ჩამეტარებინა თანაც ისე რომ ვერც ვერავის დავკითხავდი და ვერც დანაშაულის ადგილს დავათვალიერებდი, მხოლოდ მეხსიერებით უნდა აღმედგინა რა მოხდა და ვიღაცის შემთხვევითი ფრაზებით შემევსო აღდგენილი. შინაგანი გამოძიება უნდა ჩავატარო, ჰეჰ კარგი ფრაზაა “შინაგანი გამოძიება” სათაურადაც გამოდგება.

 

 

გვერდის მისამართი : ბიბლიოთეკა / პროზა / ნასარიძე გიგა / ნამდვილი ამბავი