ნასარიძე გიგა

 

სხვა პლანეტა

 

 

 

თავი პირველი

 

 

 ზარი დილით

 

 

 გაგიგონიათ ზარი დილით? არა, დილით რა თქმა უნდა გაგიგონიათ ზარ, და ალბათ სხვადასხვანაირი: ტელეფონის, კარის, ეკლესიის, ძროხის კისერზე დაკიდებული, ველოსიპედის, სკოლის და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, მაგრამ გაგიგონიათ ზარი დილით როცა წინა საღამოს ალკოჰოლის დიდი რაოდენობა მიიღეთ, ახლა კი ის კილომეტრობით სისხლძარღვები მოლაპარაკებულებივით შევიწროვებულან, თავიც გტკივათ, ცოტათი გულიც გერევათ და ამ ყველაფერთან ერთად გძინავთ კიდეც? ასეთ მდგომარეობაშიც გაგიგონიათ ჰო? ეჭვიც არ მეპარებოდა. მაშინ თქვენ უთუოდ იოლად მიხვდებით რა მდგომარეობაში აღმოჩნდა ამ ჩვენი ნაწერის მთავარი მოქმედი პირი, როცა მას ზარი შემოესმა, იმდენად გაბრუებულს წინა ღამის ალკოჰოლისაგან რომ ხეირიანად ვერც კი გაარკვია ტელეფონის ზარი იყო, კარის თუ ვთქვათ მაღვიძარასი (ეკლესიის, ძროხის კისერზე დაკიდებული და ველოსიპედის თავიდანვე გამორიცხა მისმა ალკოჰოლით დამლბალმა გონებამ, რადგან მეთერთმეტე სართულზე ცხოვრობდა უბანში სადაც ჯერ არ აეშენებინათ ეკლესია).

 

 – აუუ ნეტა ვინაა? – გაიფიქრა თვალგაუხელლად გიამ (დიახ სწორედ ასე სადად ერქვა ჩვენს მთავარ მოქმედ პირს) გაიფიქრა მაგრამ ადგომა არც კი დაუპირებია ისე განაგრძო პახმელიისაგან ტანჯვა.

 

თუმცა ზარი არ ცხრებოდა ისევ და ისევ ახსენებდა გიას რომ ამდენის დალევა არ შეიძლება თორემ მეორე დღეს შეიძლება სულ იოლად გაგისკდეს თავი.

 

 – ვინა ხარ? – ამოილუღლუღა ძლისვგასაგონად და რა საკვირველია პასუხიც არ მიუღია, თუ პასუხად ისევ იმ გაჯიუტებულ ზარს არ ჩავთვლით.

 

 გიამ თვალები გაახილა, მაღვიძარას გახედა. მაღვიძარა გადარჩა. თვალები გაახილა რათა მათი დახმარებით ჩუსტები მოეძებნა და რა ვერ იპოვა, ისე პირდაპირ, ფეხშიშველმა სცადა საწოლიდან კარამდე მისვლა, მაგრამ ვერ შეძლო, მეტიც, საწოლიდან ადგომაც ვერ შეძლო და ბალიშიდან თავის წამოწევაც კი ვერ შეძლო. აი ასე!

 

 ზარი კი რეკავდა და რეკავდა, არ დაგიდევდათ არც პახმელიას არც გასკდომამდე მისულ თავს და არც უჩუსტობას, საბოლოოდ კი, როგორც გაირკვა, ჯიუტ ზარს ზებუნებრივი ძალა ჰქონია, მას შეძლებია პახმელიით დავრდომილი ადამიანიც კი წამოაყენოს ფეხზე.

 

 და გიაც წამოდგა, კართან მივიდა და გააღო კიდეც ეს უკანასკნელი. გააღო თუ არა მაშინვე მიხვდა რომ, ტელეფონიც გამოირიცხა რადგან მის კართან ვიღაც თუ რაღაც არსება იდგა და კარიდან მარცხნივ განთავსებულ ღილაკს უცნაურ წანაზარდს, სავარაუდოდ თითს აჭერდა.

 

 ყველაფრის თეთრი ციებისათვის გადაბრალების ეტაპმა უცებ გაიარა, რადგან არსება მეტისმეტად რეალურად გამოიყურებოდა მიუხედავად მისი უცნაურობისა.*

 

 – ვინ გნებავთ? – შეეკითხა გია არსებას, თუმცა ეს უბრალო კითხვა როდი იყო, ამ ორი სიტყვის უკან იკითხებოდა, იკითხებოდა კი არა თუ კარგად დავაკვირდებოდით ისმოდა კიდეც: ვინ ხარ? რას გავხარ? აქ საიდან გაჩნდი? რას მიპირებ? საერთოდ რას მერჩით ადამიანებო? მერე რა რომ ცოტათი ლოთი ვარ? მერე რა რომ ცოლი გამექცა და მეგობრებიც აღარ შემრჩა? ამიტომ უნდა მოხვიდეთ და ... აი ასეთი ვიღაცეები და... ზარი უნდა რეკოთ?

 

 – გია მე ვარ, ვერ მიცანი? – გარეგნობაზე ერთი ორჯერ უფრო უცნაური ხმით წარმოსთქვა არსებამ.

 

 გია დაჟინებით მიაცქერდა არსებას იქ სადაც მისი თვალები ეგულებოდა და დაიწყო გახსენება.

 

 სტუდენტობისას ბევრ უცნაურ ტიპს იცნობდა, უცხოელებიც ყავდა ჯგუფელებად, გაიხსენა ყველა, პაკისტანელები... არა, ჯერ ერთი არ სვამდნენ, რამდენჯერ დაპატიჟა გიამ მაგრამ ყოველთვის უარს ეუბნებოდნენ, მეორეც შავები იყვნენ და არანაირად მწვანე ან ნაცრისფერი. მწვანე ...

 

მწვანე... ერთი იამაიკელი ჯგუფელიც ყავდა, მაგრამ არა ის მაღალი იყო. კიდე ვინ იყო? ის გოგო, რა ერქვა? ელენე. ამას კი გავდა მაგრამ... სამაგიეროდ მაგრად ზასაობდა. აბა ვინაა?

 

 – გუშინ. – გააწყვეტინა მოგონებები გიას არსებამ.

 

 – ბატონო? – ჩაეკითხა გია და პარალელურად წინა დღის გახსენება დაიწყო და კიდევ პარალელურად იმაზე ფიქრი თუ რა სასაცილოდ გამოიყურება ტრუსების ამარა სადარბაზოში მდგარი თვითონ და ეს არსება.

 

 – გუშინ რო დამპირდი დაგეხმარებიო – გაიღიმა არსებამ, ნუ ყოველ შემთხვევაში გიამ ის რაც არსებამ გააკეთა ღიმილად ჩათვალა.

 

 – გუშინ? – გია ფიქრსაც განაგრძობდა: რა ხდებოდა გუშინ, დავლიეთ ბიჭებთან ერთად, გოგოებიც იყვნენ, იმ ერთს არაუშავდა, მერე კიდე დავლიეთ მე და გიომ, მერე კიდე გიო აღარ სვამდა... მერე... მერე აღარ მახსოვს

 

 – შემოდი აბა. – გია შებრუნდა და სამზარეულოსკენ წავიდა. სამზარეულოში პომიდვრის მწნილი ეგულებოდა ზურგსუკან კი არსების ნაბიჯების ხმა ესმოდა.

 

 – გუშინ ქუჩაში შეგხვდი და შენ მითხარი კიო, ბაზარი არააო დაგეხმარები, პროსტა ახლა ვერაფერს ვერ ვაზროვნებ ხვალ მოდიო. – გაისმა ნაბიჯებთან ერთად.

 

 – ესე იგი ხვალო?

 

 – ხვალო.

 

 გიამ ქილიდან სამი თითით ამოიღო წითელი, დარბილებული პომიდორი, თავი უკან გადაწია, პომიდორი სულ ოდნავ ჩაკბიჩა წინა კბილებით და შიგთავსს ხარბად დაეწაფა. უცნაური არსება უყურებდა როგორ სწოვდა სისხლს საბრალო პომიდვრებს გია და ვინ იცის რას ფიქრობდა.

 

 – დამეხმარებით თუ არ დამეხმარებით? – რატომღაც თქვენობით საუბარზე გადავიდა არსება.

 

 – დაგეხმარები ძმაო, დაგეხმარები, გიამ თქვა დაგეხმარებიო, გიამ რაც თქვა ეტა ზაკონ! ოღონდ მითხარი ვინ ხარ, აქ საიდან მოხვდი და გუშინ ერთად რას ვაკეთებდით?

 

 – გუშინ ხო მოგიყევით...

 

 – არ მახსოვს, აი ვააფშე არაფერი არ მახსოვს, თავიდან მომიყევი.

 

 --------------------------------------------------------------------------------------------

 

 * წესით სადღაც აქ უკვე უნდა დამეწყო ამ უცნაური არსების აღწერა მაგრამ თხრობა ისე მიდის რომ ვერაფრით ჩავტენე და აქ გთავაზობთ, მოკლედ უცნაური არსება ასე 150-160 სანტიმეტრის სიმაღლის მონაცრისფრო მომწვანო ცხოველი თუ ადამიანი გახლდათ, მის ადამიანობას ადასტურებდა ის რომ მას შეეძლო ზარის ღილაკზე ხელის დაჭერა, საკმაოდ უგემოვნოდ ეცვა და პირიდან მასაც გიასავით ალკოჰოლის სუნი ამოსდიოდა ხოლო მის ცხოველობას ის რომ საერთოდ არ გავდა ადამიანს, იყო აბსოლუტურად უთმო, ჰქონდა ძალიან დიდი ნუშისებრი თვალები, მთლიანად შავი და ორივე ზედა კიდურზე ექვს ექვსი წანაზარდი, სავარაუდოდ თითები. ქვედა კიდურებს 35 ზომის ჩინური კედები უფარავდა, რომლის თასმები შაბიამნისფერი წინდების ყელში ჩაეტანებინა. უფრო ზემოთ კი რუხი ჯინსის ე. წ. ბანანი შარვალი ეცვა ხოლო კიდევ უფრო ზევით კი ნაქსოვი პულოვერი წარწერით ბოი-ს.

 

 

– კარგი, ესე იგი, როგორც გუშინვე გითხარით მე სხვა პლანეტიდან ვარ...

 

 გიას პომიდვრის შიგნეულობა გადსცდა, ხველება აუტყდა, რაც პირში ჰქონდა ჩარჩენილი არსებას მიაფრქვია ფიზიონომიაში და თითქოს ესეც არ იკმარაო იმავე ფიზიონომიას გაოცებული თვალებიც მიაპყრო.

 

 – ცუდად ხომ არ ხართ?

 

 გიამ ხელით ანიშნა ერთი წუთი მაცალე აზრზე მოსვლაო, ბოლომდე ამოახველა რაც ჰქონდა ამოსახველებელი და შეცვლილი ხმით ჰკითხა არსებას.

 

 – შენ შიგ ხო არა გაქ?!

 

 საერთოდ რთულია უცნაური არსებების მიმიკით მათი განწყობის ამოკითხვა მაგრამ ამ შემთხვევაში არავის გაუჭირდებოდა მიხვედრა, რომ არსებას აშკარად ეწყინა გიას ეს მიამიტი და ცოტათი ბავშვური კითხვა.

 

 – რატომ მკადრებთ ასეთ რაღაცას?

 

 – გკადრებ კი არ დავაი დაახვიე ეხა აქედან!

 

 – რას ქვია დაახვიე? რანაირად მელაპარაკებით? მე ძალით არ შემოვჭრილვარ თქვენს სახლში, თქვენ თვითონ შემომიწვიეთ...

 

 – დაახვიე მეთქი ბიჭო, ბიჭო ხარ თუ რაცა ხარ!

 

 არსება გაჩერდა, უზარმაზარი თვალები უზარმაზარივე ცრემლებით აევსო, ამდენი ცრემლის დანახვაზე გიამ ისიც კი გაიფიქრა ეს თუ ატირდა ცრემლი მეზობელთან ჩავაო.

 

 – მაპატიეთ, მე მეგონა რო... – წინადადება არც დაუმთავრებია ისე შეტრიალდა არსება და რაღაცნაირი ნახტომისებური ნაბიჯით შემოსასვლელისკენ გაემართა, ნელა მიდიოდა ეტყობა იმედი ჰქონდა გიას შევეცოდები და დამიძახებს კარგი მოდი მოდიო, მაგრამ გია დუმდა, დუმდა საშინლად და, როგორც არსებას ეჩვენა, უსამართლოდ.

 

 – ლუდს მოგიტანთ, გნებავთ? – გენიალურმა აზრმა გაუელვა სავარაუდო ჰუმანოიდს.

 

 – რა ლუდს? – მაინც, ყოველი შემთხვევისთვის დაინტერესდა გია, თან რატომღაც, მწნილის უკვე ცარიელ ქილას ჩახედა.

 

 – რაიკენს. – გიასკენ შემობრუნდა არსება და მოლოდინში გაიტრუნა.

 

 – რას? ეგ რა არი? არ მინდა ეგა, რამე გასაგები მოიტანე ადამიანური, ჰაინეკენი ან ბექსი ან... – მეტის გახსენება ვეღარ მოასწრო, არსებამ გააწყვეტინა.

 

 – არა რაიკენი განსაკუთრებული ლუდია...

 

 – კაი ჰო კაი რაც გინდა ის მოიტანე, ოღონდ ინაპლანეტიანები და რაღაცეები აღარ მიხსენო. – ამჯერად გიამ გააწყვეტინა და თვალები დახუჭა.

 

 ლუდზე იმიტომ დათანხმდა რომ მწნილი გათავდა და მაცივარშიც არაფერი ეგულებოდა, ხოლო თვალები იმიტომ დახუჭა რომ დღის სინათლე აწუხებდა თან უნდოდა ეფიქრა, უნდოდა ეფიქრა რა უცნაური დილა გათენდაო, ეს ტიპი საიდან დამატყდა თავსო, იქნებ მართლა უცხოპლანეტელიაო, გუშინდელი რატომ არაფერი მახსოვსო, მაგრამ ვერ მოასწრო, ჯერ პირველი სიტყვა “რა” არ ჰქონდა გაფიქრებული რომ არსების ხმა ჩაესმა.

 

 – აი მოვიტანე.

 

 გიამ თვალი გაახილა, პირველი რაც დაინახა უცნაური ფორმის ბოთლი იყო, რომლის ეტიკეტზეც ვიღაც მძლავრი ქალი გამოესახათ, ქალს ხელში ორი კათხა ლუდი ეჭირა, უფრო სწორად კი კათხის ნამსხვრევები, ისეთი შთაბეჭდილება იქმნებოდა ამ მხიარულ ქალბატონს ორი კათხა აეღო ერთმანეთისთვის შემოეკრა და ამგვარად დაემსხვირია.

 

 – ესე მალე როგორ მოხვედი ე? – გაუკვირდა გიას, მაგრამ იქვე გადაწყვიტა ამან ისევ თავის უცხოპლანეტელობაზე არ დამიწყოს ლაპარაკიო და მეორე კითხვა დაებადა: – ეს არი ის შენი რაიკენი?

 

 არსებამ თავი დაუქნია და თითქმის იმავდროულად ბოთლის თავსახურის იატაკზე დაცემის ხმაც გაისმა.

 

 – ვა მართლა სერიოზული ლუდია, სადაურია ე? – იკითხა გიამ თან ლუდის ეტიკეტზე გამოსახულ ქალბატონს დაჰყურებდა, გეგონებოდა მისგან ითხოვს პასუხსო.

 

 – ამ ლუდს გრძელი ისტორია აქვს, მერე ოდესმე მოგიყვებით. – გაეპასუხა ეტიკეტის ქალის ნაცვლად არსება.

 

 ასეთი სიტუაციისათვის ჩვეულ, უხერხულ დუმილს დროდადრო არღვევდა ლუდის ყლუპების ხმა, მერე ერთხელ ძველისძველი მაცივრის სპეციფიკურმა ამოღმუვლებამაც დაარღვია და სულ ბოლოს გიას თითქმის ცარიელი კუჭის ბუყბუყმაც.

 

 – ეს და ვინჩია? – არსებამ სამზარეულოს კედელზე გაკრულ, რომელიღაც ჟურნალიდან ამოჭრილ რეპროდუქციაზე მიანიშნა.

 

 – ა, ეს? რავიცი, ჰო დავინჩია, კი. – უპასუხა გიამაც და თან ლუდიც მოსვა. მერე ცოტა ხანი სივრცეს გახედა და გაბედა – რა მოხდა გუშინ?

 

 – გუშინ არაფერი ისეთი, სამი საათის განმავლობაში გელოდით თქვენი მეგობრის სახლთან ბოლოს როგორც იქნა გამოჩნდით, მე თქვენთან მოვედი, აგიხსენით საქმის ვითარება, თქვენ მითხარით მოდი დავლიოთო, დავლიეთ, მერე მითხარით კი, არაა პრობლემა დაგეხმარებიო ოღონდ ხვალ მოდიო და აი მოვედი. – სხაპასხუპით მიაყარა არსებამ და გაირინდა.

 

 – ერთი წუთი ტუალეტში გავალ.

 

 – კიბატონო, კიბატონო დაგელოდებით.

 

 ტუალეტში გია არაფერზე ფიქრობდა, ყოველ შემთხვევაში ცდილობდა რომ არ ეფიქრა. მაგრამ დამეთანხმეთ რთულია არ იფიქრო როცა სახლში უცნაური არსება გეწვია, რომელსაც გუშინ დახმარება აღუთქვი და რომელიც აცხადებს რომ უცხოპლანეტელია შენ კი ამ დროს მთელი ღამის შარდი გაქვს ჩამოსაცლელი, ამიტომ გია მაინც ფიქრობდა, ფიქრობდა მანამ სანამ სიამოვნებისაგან მილულული თვალები უდნავ არ გაახილა და არსების სახე არ დაინახა.

 

 – ააა – იყვირა გიამ – აქ რა გინდა, ფუ შენი დედა მოვტყ... ფუ რანაირად შემოხვედი?! კარი დამრჩა ღია ფუ ამის დედას შევეცი დავაი გააჯვი ეხა აქედან, პიდარასტი ხარ შე ახვარო???!!!

 

 – არა, მე უბრალოდ ვცდილობ დაგარწმუნოთ რომ მართლა სხვა პლანეტიდან ვარ – ძალიან მშვიდი ხმით მიუგო არსებამ.

 

 – სხვა პლანეტიდან კი არა შენ მოგიტყნავ... – გიამ ხელიც კი მოიქნია არსებისათვის დასარტყმელად, მაგრამ მისმა, სიმართლე ითქვას და, საკმაოდ უხერხულად მოქნეულმა მუშტმა, მხოლოდ ტუალეტის დამძიმებული ჰაერი გაჰკვეთა.

 

 – ხომ ხედავთ, მე არ ვარ ისეთი როგორიც თქვენ დედამიწელები? – განაგრძო ამჯერად სადღაც გიას ზურგსუკნიდან არსებამ. გია, რაც შეეძლო სწრაფად შემობრუნდა და გაშეშდა, არსება ჭერზე, ვერ ვიტყვი რომ ეკიდა, ან რამენაირად სხვაგვარად იყო მიმაგრებული, იდგა არსება ჭერზე იდგა თავი გიას თავისათვის გაესწორებინა და თავის უცხოპლანეტური თვალებით ცდილობდა დედამიწური კეთილგანწყობა გადმოეცა.

 

 გონს გია უკვე საკუთარ საძინებელში მოეგო, საწოლზე იწვა ხოლო უცხო პლანეტელი თავთან ედგა და რაღაც ძალიან მყრალს ტენიდა ცხვირში.

 

 – ნუ გეშინია ნუ გეშინია ეს აზრზე მოგიყვანს. – დაუყვავა არსებამ.

 

 – რა გინდა? რას მერჩი? რა დაგიშავე? – ამოილუღლუღა გიამ ბედს შერიგებული ტონითა და ძლივს გასაგონი ხმით.

 

 – თუ მომისმენ და შეეცდები არ გამაწყვეტინო ყველაფერს მოგიყვები, თავიდან ბოლომდე.

 

– არ ვიცი უცხოპლანეტელს ჰქონდა დამამშვიდებელი ტონი, არ ვიცი განცდილი შოკისაგან გიას წინააღმდეგობის თავი აღარ ჰქონდა, მოკლედ, ასე იყო თუ ისე გადაწყვიტა ხმა აღარ ამოეღო და ბოლომდე ესმინა.

 

 

 დაწვრილებით აღარ მოგიყვებით თუ რა უამბო უცხოპლანეტელმა გიას, გეტყვით მხოლოდ იმას რომ, ეს უცხო პლანეტელი, შორეული გალაქტიკიდან გახლდათ, რომლამდე ბარე ორასი თუ სამასი სინათლის წელიწადის მანძილია, და კიდევ იმას რომ ამ უცხოპლანეტელს რაღაც პრობლემები შეჰქმნოდა თავის პლანეტაზე და მისი გადარჩენა მხოლოდ გიას შეეძლო, პლანეტის გადარჩენაზე იყო საუბარი თუ უცხო პლანეტელის ეს ჯერ არ ირკვეოდა, სამაგიეროდ ირკვეოდა ის რომ ამ დახმარების საფასურად გიას კარგად დააჯილდოვებდნენ, დანარჩენი კი რა მოსაყოლია, მოგიყვებოდით, მაგრამ მერწმუნეთ მოსაწყენი იქნება.

 

 – რა კატასროფა? – დამეთანხმებით გიას პირველივე კითხვა ლოგიკურია, მეც ეგეთი კითხვა გამიჩნდებოდა და ალბათ თქვენც.

 

 – მაგას ადგილზე გაიგებ, თუ რა თქმა უნდა გადაწყვეტ რომ დამეხმარო.

 

 – და რატომ მაინცდამაინც მე? გმირი ვარ? მებრძოლი ვარ? ყოფილი პოლიციელი ვარ? მუშკეტერი ვარ? თუ ვინ ჯანდაბა ვარ?

 

 – შენი კანდიდატურა დიდი ხნის განსჯისა და გამოკვლევების შედეგად ამოვარჩიეთ სხვა მრავალი კანდიდატურიდან.

 

 – ვახ რატო ვითომ?

 

 – ნუუ იღბლიანი ხარ...

 

 – მე ვარ იღბლიანი? – გადაიხარხარა გიამ – მეე? ცხოვრებაში ლატარია არ მომიგია, ტოტალიზატორშიც არ მომიგია, არც ერთი კინო არ გამომიცვნია როგორ მთავრდება...

 

 – მაგაში არ გამოიხატება იღბლიანობა.

 

 – აბა რაში გამოიხატება? ცოლი გამექცა, საყვარელმა რომ გაიგო ცოლი გამექცა ისიც გამექცა, და საერთოდ რა იღბლიანობაზე მელაპარაკები ჩემს ცოლს და საყვარელს თვიურიც კი ერთი და იმავე დღეებში ქონდათ ხოლმე.

 

 – არა, არა შენ ვერ გამიგე, არსებობს გლობალური იღბლიანობა და არსებობს ასეთი, ლატარიის მოგებები და ასე შემდეგ, შენ გლობალურად იღბლიანი ხარ.

 

 – ტაკ, დავაი ეხა ამიხსენი უცხო პლანეტელო თუ ვინცა ხარ რას ნიშნავს ეს შენი გლობალური იღბლიანობა.

 

 – შენმა გლობალურმა იღბლიანობამ შეიძლება სამყარო გადაარჩინოს.

 

 – აჰა, და ამ პასუხით უნდა დავკმაყოფილდე ესე იგი?

 

 – უკაცრავად და ამ ეტაპზე მეტს ვერაფერს აგიხსნი, ახლა ჩაიცვი და წავედით.

 – რა ჩავიცვა? იდიოტიზმია ეს ყველაფერი სრული კრეტინიზმი!

 

 – მომისმინე, რას კარგავ?

 

 – ა?

 

 – აი ახლა რომ ადგე და წამომყვე რას კარგავ?

 

 – როგორ რას ვკარგავ? შენ თუ მართლა უცხოპლანეტელი ხარ ძმაო და იქ ვიღაც სხვა მონსტრებთან გინდა მაომო სიცოხლეს ვკარგავ, და თუ არ ხარ, ხაშს ვკარგავ.

 

 – ხაშს?

 

 – ჰო ხაში, ხაში წვნიანია ესეთი ძროხის ჩლიქებს ხარშავენ და... აუ რეებს ვლაპარაკობ გავრეკე ტო.

 

 გიამ ორივე ხელით დაიფარა სახე და გაჩუმდა. არავინ იცის მის გულში იმ წუთას რა ტრიალებდა, გულში იმიტომ რომ მიუხედავად ლუდისა გონება მაინც დაბინდული ჰქონდა და შიგ თუ რამე ტრიალებდა ეს გიასთვისაც უხილავი და ამოუცნობი იყო, გულში კი გულში დიდი აურზაური ატეხილყო ამ საოცარი დილის გამო, აქეთ სამყაროს გადარჩენის პერსპექტივა და უამრავი ფილმი ექაჩებოდა, იქით თვითგადარჩენის ინსტინქტი და ხაში. და აი აქ მოხდა ის რაც არასოდეს მომხდარა გიას ცხოვრებაში, მან, გიამ, გიამ რომელსაც ცხოვრებაში ერთი გადაწყვეტილებაც კი არ მიეღო დამოუკიდებლად, ერთი რადიკალური ნაბიჯიც კი არ გადაედგა, ერთხელაც კი არ გაერისკა, თუ არ ჩავთვლით გატენილი, შეყენებულჩახმახიანი ტოფიდან ღვინის დალევას, თქვა:

 

 – კი.

 

 – რა?

 

 – კი! თანახმა ვარ, მოვდივარ.

 

 – მართლა?

 

 – კი მეთქი, მოვდივარ მაგის დედაც ვატირე, რა დამრჩენია ამ დამპალ პლანეტაზე? რა წამოვიღო?

 

 – არაფერი რა უნდა წამოიღო უბრალოდ წესიერად ჩაიცვი.

 

 – ვის ელაპარაკები წესიერად ჩაცმაზე? – გიამ ირონიული ღიმილით აათვალიერა უცხოპლანეტელის პირობაზეც კი უცნაურად ჩაცმული არსება და საწოლიდან წამოდგა, იქვე მიგდებულ ჯინსის შარვალს გადაწვდა, ზემოდან მოკლემკლავიანი პერანგი მოიცვა და სარკეში ჩაიხედა, სარკიდან დასიებული თვალებით უყურებდა საკუთარი ანარეკლი და წინა საღამოს ახსენებდა.

 

 – ბიჭო, ისე რა გქვია შენა?

 

 – ჩვენ სახელები არ გვაქვს.

 

 – მოიცა აბა ერთმანეთს როგორ ეძახით, ან როგორ არჩევთ, ან პასპორტში რა გიწერიათ?

 

 – სახელები არ გვჭირდება, ყველას ერთმანეთი სახეზე გვახსოვს.

 

 – ვაა და აბა მე რა დაგიძახო, დედაშენი რას გეძახოდა ამოდი სახლში დროზეო რო გეუბნებოდა, ან მასწავლებელი გაკვეთილი მოყევიო...

 

 – არა, ჩვენ ხომ სხვა ცივილიზაცია ვართ და...

 

 – ჰო კაი, კაი რამე სახელს მე მოგიგონებ, რა მაინტერესებდა, თქვენთან დასალევი იღება?

 

 მოკლედ, გიამ ვარსკვლავთ შორისი მოგზაურობისათვის დაიწყო მზადება, იცვამდა ხან ერთ ხან მეორე ფეხსაცმელს, დროდადრო უცხოპლანეტელ უსახელო არსებასაც დაეკითხებოდა ხოლმე რჩევას, ეს წამოვიღო თუ არაო ან დავუშვათ, ეს იქ თუ გამომადგებაო, მერე წვერიც გაიპარსა სირცხვილია შენთნ ოჯახში პირველად მოვდივარ და ასე წვერგაუპარსავი ხომ არ მოვალო, ბავშვები თუ გყავს შოკოლადი ან რამე წავუღოთო, ცოლი რა სუნამოს ხმარობსო, საკუთარ სახლში ცხოვრობ თუ ბინაშიო, ათეულობით ისეთი კითხვა დაუსვა რომ არსება სულ იმ თავის “ჩვენ ხომ სხვა ცივილიზაცია ვართს” პასუხობდა და ზრდილობიანად იღიმოდა. როგორც იქნა გია გაემზადა სამოგზაუროდ და ბოლო კითხვაც დაებადა.

 

 – თქვენს პლანეტას რა ქვია?

 

 – სხვა პლანეტა, ნუ ჩვენ ენაზე სხვანაირად ჟღერს მაგრამ თქვენებურად ასე ითარგმნება სხვა პლანეტა.

 

 – რა იდიოტური სახელია?

 

 – საქმე ის გახლავს, რომ ჩვენს სისტემაში სულ ორი პლანეტაა ჩვენ ადრე პირველზე ვცხოვრობდით, იმას ერქვა ჩვენი პლანეტა და მეორეს შესაბამისად სხვა პლანეტა, მერე ჩვენს პლანეტაზე ყველა რესურსი ამოვწურეთ და გადავსახლდით სხვა პლანეტაზე.

 

 – აჰა, გასაგებია, აი ხო ხედავ რო ამიხსნი ყველაფერს ადვილად ვგებულობ. გავედით.

 

სინათლე ხომ არ რჩება სადმე ანთებული, არა გაზიც გამოვრთე წავედით.

 

 გიამ კარი გასაღებით დაკეტა და მეთერთმეტე სართულიდან კიბეს დაუყვა, უკან უცხოპლანეტელი მოყვებდა თავის ნახტომისებური ნაბიჯებით, ეტყობოდა კარგ ხასიათზე იყო, რაღაც ხმას გამოსცემდა, სავარაუდოდ უცხოპლანეტურად უსტვენდა უცხოპლანეტურსავე მელოდიას და ასე სტვენასტვენითა და ხტუნვახტუნვით ჩაათავა თერთმეტივე სართული

 

 – რითი მივდივართ? – ახლაღა, როცა ქუჩაში გამოვიდა, დაინტერესედა გია.

 

 – მფრინავი თეფშით.

 

– გაეპასუხა უცხოპლანეტელი და მცირე პაუზის მერე დაამატა. – თუმცა თეფშს რატომ ეძახით დღემდე ვერ ვხვდები.

 

 მართლაც ძნელად თუ მიამსგავსებდი თეფშს იმას იქვე მომცრო ტყეში ბუჩქებს შორის მარჯვედ მიმალულ, რასთანაც არსებამ მიიყვანა გია და საერთოდ არანაირ, გიასთვის ნაცნობ, ჭურჭელს არ გავდა, მეტიც არც ერთ, გიასთვის ნაცნობ, საგანსაც კი არ გავდა. მფრინავი თეფში ერთ მხარეს ამობურცულ და მეორე მხარეს გაბრტყელებულ ასიმეტრიულ სფეორსებურ ელიფსოიდს წარმოადგენდა, ზომით სადღაც ჰამერ ეიჩა სამსა და საშუალო ზომის ძროხას შორის იყო და გიას გაუკვირდა კიდეც ამაში როგორ უნდა მოვთავსდეთ ისე რო ამხელა მანძილი უმტკივნეულოდ გადავლახოთო, მაგრამ მთავარი გაოცება წინ ქონდა, ნივთს თუ მფრინავ თეფშს თუ ... მოკლედ აწი რაც გინდათ ის უწოდეთ აღწერილობა იცით, კარიც კი არ ქონდა არსად, მისი ზედაპირი აბსოლუტურად გლუვი ჩანდა, არსად ოდნავი მინიშნებაც კი არ იყო რაიმე სახის შესასვლელეზე.

 

 – მომისმინე...

 

ძმაო... შენ შეიძლება იოლად გადიხარ დაკეტილი ტუალეტის კარებში მაგრამ აქ, ჩვენთან დედამიწაზე ასეთი რაღაცეების კეთებას ვერიდებით და როგორ გინდა რო აი ამ რაკეტაში განმათავსო?

 

 არსებამ უსიტყვოდ მოკიდა გიას ხელს ხელი და ისე რომ ერთი წამითაც არ შეყოვნებულა ხომალდში შეაბიჯა და სტუმარიც უპრობლემოდ შეიყოლა თან.

 

 – სამყაროში რეალურად კარი არც არსებობს ჩემო გია.

 

 

 

თავი მეორე

 

 

 ზარი დილით მანამდე და კიდევ ერთი ზარი დილით

 

 ამ ამბებამდე ზუსტად ორი საათით ადრე გიას მეგობარ გიოსაც გაეღვიძა. ნუ “მეგობარი” ეს ცოტა ზედმეტი მოგვივიდა, მაგრამ გაღვიძებით მართლა გაეღვიძა. გაეღვიძა თავისით, ყოველგვარი ზარის თუ სხვა სახის ხმოვანი ან არახმოვანი გამღიაზიანებლის გარეშე. არა, თავი გიოსაც ტკიოდა, მაგრამ არც ისე ძალიან რომ გაეფიქრა აღარასოდეს დავლევო ან უმსუბუქესი გინება მაინც გაეგზავნა საკუთარი თავისთვის, ამდენი რატომ დალიეო. 

 

1 2 3 4 5 6 7
გვერდის მისამართი : ბიბლიოთეკა / პროზა / ნასარიძე გიგა / სხვა პლანეტა