ნასარიძე გიგა

 

უხაროდა

 

 

იყო და არა იყო რა ანუ თან იყო და თანაც არაფერიც არ იყო ანუ რაც იყო იმავდროულად არც იყო ანუ… ნუ, მოკლედ როგორც იყო, ცხრა მთასა და ცხრა ზღვას იქით, ერთ არც თუ ისე პატარა სამეფოში ერთი გლეხი ცხოვრობდა.

 

გლეხს ღარიბი არანაირად არ ეთქმოდა, დუქანი ჰქონდა გახსნილი და საკმაო შემოსავალი შემოსდიოდა. პრინციპში, თუ დუქანი ქონდა გლეხიც აღარ ეთქმოდა, მაგრამ ახლა ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, თან ზღაპრების უმრავლესობა ხომ სწორედ გლეხებზე მოგვითხრობს, მოკლედ, ასე იყო თუ ისე... ალბათ უფრო ასე იყო, ამ გლეხს ერთი გასაჭირი ჰქონდა – შვილი არ უჩნდებოდა. რა არ სცადა საბრალო გლეხმა, ჯადოსანთანაც იყო, რომელმაც რაღაც ვაშლი მისცა ეს ცხრა ნაწილად გაყავიო და დღეში თითო ნაჭერი ჭამეო; ჯადოქართანაც მივიდა, რომელმაც უთხრა, ეგ ჯადოსნები მაგარი აფერისტები არიან, ვაშლი ცხრა ნაწილად კი არ უნდა გაგეყო, არამედ შავტარიანი დანით უნდა დაგეჭრაო. ესეც სცადა გლეხმა, მაგრამ ნანატრი შვილი არა და არ უჩნდებოდა.ბოლოს მეზობელმა ურჩია, ცოლი მოიყვანე და შვილიც გეყოლებაო. გლეხმა გაიფიქრა ამ ერთხელაც ვცდიო და მართლაც ცოლის მოყვანიდან ზუსტად ცხრა თვეში შვილი შეეძინა. სწორედ იმ დღეს, იმ საათს, იმ წუთს და იმ წამს გლეხის ცხენმა თეთრშუბლა კვიცი მოიგო და გლეხის ძაღლმა კუდისთეთრწვერიანი ლეკვი დააგდო.

 

გლეხის სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა. ექვსი დღე და ღამე უხაროდა, მეშვიდე დღეს დაიღალა და დაისვენა. დრო კი გადიოდა. გლეხის შვილი იზრდებოდა. სხვები თუ წლობით იზრდებოდნენ ეს დღეებით იზრდებოდა (თუ პირიქით იყო ამას ვერასოდეს ვერ ვიმახსოვრებდი ხოლმე), ისე რომ 16 წლისა უკვე 17-ისას ჰგავდა. უყურებდა გლეხი თავის შვილის ამ წარმატებას და უხაროდა, ამიტომ შვილს უხაროდა დაარქვა. უხაროდა ძალიან ღონიერი გამოვიდა, ბავშვობიდან ნიჩბოსნობაზე დადიოდა რაც, მოგეხსენებათ, კარგად ანვითარებს ბიცეფსებს, ტრიცეფსებს და ზურგის კუნთებს, ამიტომ თავის თანატოლებთან თამაშისას მათ შემთხვევით ხან ფეხს მოაძრობდა, ხან თავს.

 

საბრალო გლეხი და მისი ცოლი ვეღარ აუდიოდნენ უხაროდას მეგობრების მშობლების საყვედურებს.

 დრო კი გადიოდა. მალე უხაროდა იმ ასაკის გახდა, ზღაპრებში რომ ბედის საძიებლად წასვლა უნდებათ ხოლმე ყმაწვილებს. უხაროდამაც გადაწყვიტა წავალო, მივიდა მამასთან და უთხრა:

 – მამი უკვე დიდი ვარ, წავალ ბედის საძიებლადო.

 – წადი შვილო – უპასუხა მამამ, რომელიც სხვათა შორის სიკვდილის პირას იყო უკვე – ოღონდ ერთი თხოვნა შემისრულეო.

 – რა თხოვნაო ?– ჰკითხა უხაროდამ.

 – რა და შენ რომ დაიბადე სწორედ მაშინ ჩვენმა ფაშატმა რომ თეთრშუბლა კვიცი მოიგო და ჩვენმა ძაღლმა კუდისწვერთეთრა ლეკვი დააგდო ისინიც თან წაიყვანეო.

 – რას ამბობ მამა? – გაუკვირდა უხაროდას – ის თეთრშუბლა ცხენი უკვე კვდება და ხვალ ხორცკომბინატის ხალხს უნდა გავატანო, კუდისწვერ თეთრა ძაღლი კი შარშან მოკვდა და ხევში გადავაგდეთ თუ პირიქით ზუსტად არ მახსოვსო.

 – რაც გინდა ის ქენი მაშინო – უპასუხა მამამ, კედლისკენ გადაბრუნდა და მოკვდა.

 უხაროდამ აიღო მამისეული ჩანთა, ჩაალაგა შიგ ორი ხელი თეთრეული, ორი წყვილი წინდა, საგზალი რომელიც სამ ნაწილად იოლად გაიყოფოდა, მივიდა დედასთან, ძუძუზე კბილი მოუჭირა, ათქმევინა სად ქონდა მამას ფული დამალული და გაუდგა გზას.

 ბევრი იარა თუ ცოტა იარა გზად ერთი მათხოვარი შემოხვდა.

 – გამარჯობა უხაროდა – მიესალმა მათხოვარი ვაჟს

 – ჩემი სახელი საიდან იცი? – გაუკვირდა მისალმების პასუხად უხაროდას.

 – ოოო, ეს ძალიან მარტივია – დაიწყო მათხოვარმა – შენ ფეხსაცმელზე მოყვითალო მტვერია, ესეთი მტვერი კი მხოლოდ სოფელ მუშამბეთიდან ზანდუკის მთისკენ მიმავალ გზაზე გვხვდება. მერე შევამჩნიე შენს მაჯაზე – ამ სიტყვებით მათხოვარმა უხაროდას მარჯვენა მაჯას ხელი სტაცა და სწრაფად ამოუტრიალა – სულ სხვანაირი ნარუჯი, ასეთ ნარუჯს მხოლოდ სოფელ მუშამბეთის მკვიდრთა თოხები ტოვებენ მზის გულზე თოხნისას.

ეს საკმარისი იყო რომ მიმხვდარიყავი, შენ მუშამბეთელი ხარ. მერე ჩემი ყურადღება შენი პერანგის ერთი შეხედვით უცნაურმა ნაქარგებმა მიიპყრო. მე ახალგაზრდობაში ვსწავლობდი ადგილობრივ ნაქარგებს და საკმაო წარმატებასაც მივაღწიე ამ დარგში, ამიტომ არ გამიჭირდა მათში საბანთუბნური ნაქარგები ამომეცნო, ამით ნათელი გახდა რომ მუშამბეთელ კაცს ცოლად საბანთუბნელი ქალი მოეყვანა, ასეთ ოჯახებში კი ბიჭებს მხოლოდ ორ სახელს არქმევდნენ ოდითგანვე: ლევანს და უხაროდას. რადგან ალბათობით უხაროდა უფრო უნდა გრქმეოდა, მეც ეს სახელი დაგიძახე და არც შევმცდარვარ.

 – ჰოო???!!!?!! – ძალიან გაუკვირდა უხაროდას.

 – ეს გავარკვიეთ – განაგრძო მათხოვარმა – ახლა დამეხმარე.

 უხაროდამ აბგიდან თავისი საგზლის მესამედი ამოიღო, მათხოვარს მისცა და გზა განაგრძო.

ბევრი გაიარა თუ ცოტა გაიარა წინ იგივე მათხოვარი შემოხვდა ოღონდ ულვაში მიეწებებინა და უხაროდას სახეს არიდებდა.

 – გამარჯობა უხაროდა – მიმართა მათხოვარმა არაბუნებრივად დაბოხებული ხმით.

 – საიდან იცი ჩემი სახელი??? – გაუკვირდა უხაროდას.

 – ოოო, ეს ძალიან მარტივია – დაიწყო მათხოვარმა და ზუსტად იგივე ელაპარაკა პირღია ვაჟს, ბოლოს კი თავისი სიტყვა – დამეხმარეო – ასე დაამთავრა.

 რაღას იზამდა უხაროდა, ამოიღო თავისი საგზალის მეორე მესამედი, მისცა მათხოვარს და გზა განაგრძო.

 ბევრი გაიარა თუ ცოტა გაიარა უხაროდამ, უხაროდასვე გზად “მესამე” მათხოვარი შემოხვდა. ამჯერად თავზე მელოტი პარიკი და თვალებში ლურჯი ლინზები ჰქონდა გაკეთებული.

 

 – გამარჯობა უხაროდა – მიესალმა მათხოვარი უხაროდას.

 

 – საიდან იცი ჩემ…ანდა არ გინდა, არ გინდა – დროზე შეიკავა თავი ვაჟმა. მერე თავისი საგზლის მესამე, ბოლო მესამედი მისცა და ის-ის იყო გზა უნდა განეგრძო რომ მათხოვარმა შეაჩერა:

 

 – მოიცა უხაროდა, ის სამივე მათხოვარი მე ვიყავი და რადგან შენ ასეთი სიკეთე მიყავი და მთელი შენი საგზალი მე მომეცი – აქ მათხოვარმა პაუზა გააკეთა – ამიტომ მეც მადლობას გადაგიხდი – ამის თქმა იყო და ჰოი საოცრებავ, მათხოვარმა მართლაც მადლობა გადაუხადა უხაროდას. რაღას იზამდა უხაროდა, გაუდგა ისევ გზას.

 ბევრი იარა თუ ცოტა იარა უხაროდა ერთ სოფელს მიადგა. ამასობაში ჩამოღამებულიყო კიდეც. უხაროდამ ღამის გასათევ ადგილს დაუწყო ძებნა.

 

ძებნა იმით დასრულდა, რომ უხაროდამ იპოვა ღამის გასათევი ადგილი, ყოველ შემთხვევაში გარედან ის ქოხი, რომელიც უხაროდამ პირველად დაინახა და რომლის კარშიც ვიღაც დედაბერი ჩანდა, სწორედ ასეთ შთაბეჭდილებას ტოვებდა. უხაროდამაც არ დაახანა და გარედან დაიძახა:

 

 – დედი, დედაშვილობას, ღამე გამათევინეო.

 

 – შემოდი შვილო, სტუმარი ღვთისააო – უპასუხა დედაბერმა. უხაროდა სახლში შევიდა, აბგა კუთხეში მიაგდო და იქვე სკამზე ჩამოჯდა.

 

 – დედი, ეგებ მაჭამო რამე, მგელივითა მშია – სთხოვა უხაროდამ დედაბერს.

 

 – შენ რომ დედაშვილობა არ გეთქვა არც არაფერი მოხდებოდა, მაგრამ რომ მითხარი რაღაცნაირად მესიამოვნა. აგერ ტახტზე წამოწექი, მოისვენე მე კი მანამდე პურს გამოვაცხობო.

 

 მართლაც წამოწვა უხაროდა ტახტზე და დაღლილს ჩასთვლიმა კიდეც. წესიერად თვალის მოტყუებაც ვერ მოსწრო, დედაბერმა დაუძახა – მოდი შვილო, პური გამოცხვა, სანამ გაცივდება ჭამეო.

 

 უხაროდა მაგიდასთან მივიდა და ცხელ პურებს ხარბად დააცხრა.

 

 – დედი ბარემ მადლს მარილიც მოაყარე და ერთი ჭიქა წყალი მომიტანე.

 – ეეეჰ შვილო, – სევდიანად მიუგო დედაბერმა – სად გვაქ წყალი, რაც ჩვენს წყაროს ერთთავიანი დევი დაეპატრონა წყალი თვალით არ გვინახავს.

 

 – აბა პური როგორ გამოაცხვე? – გაოცდა უხაროდა.

 

 დედაბერმა ეეჰო თქვა, შემდეგ მაგიდაზე დაყრილ ფქვილის გორაკს გადაალაჯა, ზედ მოშარდა და ცომის ზელას შეუდგა.

 

უხაროდამ ამის დანახვაზე პირიდან ნახევრად დაღეჭილი პური გადმოაგდო და დედაბერს უთხრა:

 

 – ნუ გეშინია დედი, მე გავათავისუფლებ თქვენს წყაროს ერთთავიანი დევისგანო.

 თქმა და ქმნა ერთი იყო. უხაროდა წყაროსკენ მიმავალ გზას დაადგა. რატომღაც ნელა მიდიოდა. არა, ფეხს კი არ ითრევდა, უბრალოდ ახალ ნეხვში ჩაედგა შემთხვევით ფეხი და ახლა გზადაგზა იწმენდდა. ასე წმენდა წმენდით ბოლოს და ბოლოს წყაროსაც მიადგა.

 

 – ჰეი დევო, – შესძახა უხაროდამ.

 

 – ხხხმმმ – მოისმა გაურკვეველი ხმა გამოქვაბულიდან (გამოქვაბული იქავე წყაროსთან იყო, უბრალოდ თავიდანვე აღნიშვნა დამავიწყდა).

 

 – გამოდი უნდა შეგებრძოლო!!!

 

 ამის თქმა იყო და გამოქვაბულიდან დევი გამოვიდა. საშინელი შესახედავი იყო, ახლად გაღვიძებული დასიებული თვალებით და გაუპარსავი .უხაროდა მაშინვე ეძგერა დევს, მოიქნია და კოჭებამდე მიწაში ჩაარჭო. გაბრაზდა დევი, მოკიდა ხელი უხაროდას, მოიქნია და მიწაში სწორედ იქამდე ჩაარჭო სადაც ნორმალურ მამაკაცს ყვერები აქვს, მაგრამ ეს მაინც ზღაპარია, ბავშვები კითხულობენ, ამიტომ ვთქვათ წელამდე-თქო. მოკლედ, მოიქნია დევმა უხაროდა და წელამდე მიწაში ჩაარჭო, მერე ვეებერთელა პირი დააღო და ის-ის იყო უხაროდასთვის თავი უნდა მოეკვნიტა, რომ ამ დროს უხაროდას გამოეღვიძა – თურმე დედაბრის ტახტზე ჩასძინებოდა – შვებით ამოისუნთქა და დედაბრის ხმაც შემოესმა:

 

 – უხაროდა, მოდი შვილო, პური უკვე გამოცხვა. უხაროდა წამოდგა, მივიდა მაგიდასთან და ცხელი პურების ჭამას შეუდგა.

 

 – დედი, ბარემ მადლს მარილიც მოაყარე და ერთი ჭიქა წყალი მომიტანე.

 

– შესძახა დედაბერს უხაროდამ.

 

 – ეეეჰ შვილო, – სევდიანად მიუგო დედაბერმა – სად გვაქ წყალი, რაც ჩვენს წყაროს ერთთავიანი დევი დაეპატრონა წყალი თვალით არ გვინახავს.

 

 – ამის თქმა იყო და უხაროდას გული აერია, იქვე მაგიდის ქვეშ არწყია, მერე მივიდა დედაბერთან, ძუძუზე კბილი მოუჭირა, ათქმევინა სად ჰქონდა ფული დამალული და გაუდგა გზას.

 

 ბევრი იარა თუ ცოტა იარა უხაროდა ერთ ქალაქს მიადგა. შევიდა თუ არა ქალაქში იქვე გარეუბანში მდგარ სახლს მიადგა.

 

 – მასპინძელო! – დაიძახა უხაროდამ, მიუხედავად იმისა, რომ ასეთი შეძახილები ქართულ ხალხურ ზღაპრებში ძალზედ იშვიათად გვხვდება ხოლმე. ალბათ ეს იყო მიზეზი იმისა, რომ სახლიდან არავინ გამოიხედა.

 

 – არის აქ ვინმე? – სხვა შეძახილი სცადა უხაროდამ. აქაც არავინ გამოეხმაურა. მოკლედ, ასე იდგებოდა უხაროდა და იყვირებდა ზღაპრის ბოლომდე ჩვენდა ბედად იქვე, სახლის წინ ქალი რომ არ მდგარიყო.

 

 – გამარჯობა ფრაუ, – სულ აიჭრა* უხაროდა, და საერთოდ, ის იმ დღეს საკუთარ თავს ვერ ცნობდა და რომ არა ის უცნობი ქალი შეიძლება სერიოზული ფსიქოლოგიური ტრავმაც მიეღო. მოკლედ, ასე იყო თუ ისე, ქალმა იქით მიმართა:

 

 – მოჯამაგირედ ხომ არ გინდა ჩვენთან დადგომა???

 

 – კი, კი – შვებით ამოისუნთქა უხაროდამ.

 

 – მოდი, მუშახელი გვჭირდება. რასაც ჩვენ შევჭამთ იმას გაჭმევთ შენც, დაძინებით კი აგერ, ქუჩაში დაიძინებ.

 

 ოჯახი, სადაც უხაროდა მოეწო მოჯამაგირედ საკმაოდ კეთილი აღმოჩნდა. უხაროდას ქუჩაში ეძინა და ჭამდა იმას, რაც ოჯახმა უკვე შეჭამა. ბედს არ უჩიოდა, რადგან საქმეც ბევრი არ ჰქონდა, უბრალოდ სახლი უნდა დაელაგებინა, ბაღი მოერწყა, მეზობლის ძაღლი გაესეირნებინა, დილით გაზეთები მოეტანა, შუადღეს ბაზარში წასულიყო, საღამოს ბაზარში წასულიყო რათა დავიწყებული პროდუქტები მოეტანა, მატყლი გაეპენტა, ნამცხვარი გამოეცხო, სახურავი შეეკეთებინა, მერე მანქანა გაერეცხა, მერე ოჯახის უფროსისთვის თავის დასაბანად წყალი დაესხა და ბოლოს ძილის წინ დიასახლისისთვის წიგნი წაეკითხა. ეგ იყო და ეგ. სამაგიეროდ დილის ოთხი საათიდან დილისვე შვიდ საათამდე ჩიტივით თავისუფალი იყო და შეეძლო რაც უნდოდა ის ეკეთებინა, ოღონდ კვირაობით და თუ ეს კვირა თვის 15 რიცხვს დაემთხვეოდა.

 

 ცხოვრობდა ასე უხაროდა და თან ღმერთს მადლობას სწირავდა, რომ ასეთ კარგ ოჯახში მოხვდა. იმედოვნებდა ერთ წელიწადში მანქანის ყიდვასაც შევძლებ და სახლში წავიყვანო, მაგრამ ხომ გაგიგიათ, კაცი ბჭობდა და ღმერთი იცინოდაო.

 

 ჰოდა უხაროდასაც გაეგონა ეს ფრთიანი ფრაზა და ეშინოდა, მეც ასე არ დამემართოსო. მართლაც, ძაღლი ახსენე და ჯოხი ხელში დაიკავეო ხომ გაგიგიათ, სწორედ ასე დაემართა უხაროდასაც და ის ზემოთ ხსენებული ფრთიანი ფრაზა – კაცი ბჭობდა და ღმერთი იცინოდაო – აუხდა.

 

 ერთხელ, როცა უხაროდა ბაზრიდან დატვირთული ბრუნდებოდა, შორს მტვრის კორიანტელი შენიშნა. მტვერი რაც უფრო ახლოვდებოდა, ირგვლივ მყოფ ხალხს უფრო და უფრო ეტყობოდა მზარდი აფორიაქება.

 

 – რა იყო, რა მოხდა ხალხო, ან ის რა მტვერია ან თქვენ რატომ შეშფოთდით ასე, ამიხსენით თორემ გავთავდი კაციო – ამის თქმაც ვერ მოასწრო უხაროდამ რომ მთელი ხალხი მუხლებზე დაემხო და თვალებით მიწას მიაშტერდა. მხოლოდ გაკვირვებული უხაროდა დარჩა ფეხზე. ამ დროს მტვრის მთამ სულ ახლოს მოაღწია მასთან და იქიდან ცხენოსნები გამოიკვეთნენ.

 

ვაჟმა მათში მეფის ამალის მხედრობა ამოიცნო. მხედრობას უკან ეტლი მოჰყვებოდა საიდანაც აუწერელი სილამაზის ბიჭი იმზირებოდა და სწორედ ახლა გააცნობიერა საბრალო უხაროდამ რატომ იზიდავდა ბავშვობაში გოგონებთან თამაში ხან სახლობანასი და ხანაც რეზინობანასი, რატომ ერჩივნა დედასთან დარჩენილიყო სახლში და არა მამას გაჰყოლოდა დუქანში, დაძინებითაც დედის გვერდით დაეძინა ერჩივნა ვიდრე მამის ხვრინვა ესმინა. დიახ, გააცნობიერა და მიხვდა, რომ მასში არაფერი ჰომოსექსუალური არ იყო, რადგან ის კალმით ნახატი ყმაწვილი სულაც არ მოეწონა – რომელიც სავარაუდოდ რამე პაჟის მსგავსი უნდა ყოფილიყო, – უფრო იმ გოგონამ მიიზიდა, რომელიც ეტლის სიღრმეში მიყუჟულიყო და ძაან ლამაზიაო ვერაფრით იტყოდით.

 

ჩაიარა მეფის ამალამ. ეტლმაც ჩაიხრიგინა და გზაზე დამხობილი ხალხი, მთვრის ფართო ზოლი და მონუსხული უხაროდა დატოვა. ცოტა ხანში ხალხი წამოიშალა და თავის გზას გაუდგა. მტვერიც დაჯდა.

 

მხოლოდ უხაროდა იდგა კიდევ კარგა ხანს და ფიქრობდა, ნეტა ჰომოსექსუალისტი მაინც ვყოფილიყავი, როგორ გამიადვილდებოდა ცხოვრებაო.

 

 ცოტა ხანში გონს მოსული უხაროდა უკვე სახლში იყო და ოჯახის უფროსს ეკითხებოდა იმ გოგოს ვინაობის შესახებ ცოტა ხნის წინ რომ დალანდა ეტლში. ოჯახის უფროსმაც დაუზარლად უამბო, რომ ის გოგო მეფის ქალიშვილია და რომ გარკვეული პირობების დაკმაყოფილების შემდეგ მეფე ამ ქალიშვილს ნებისმიერ მსურველს მიათხოვებს. ამის თქმა იყო და უხაროდამ ოჯახის უფროსსა და მის ცოლს ძუძუებზე კბილი მოუჭირა, ათქმევინა სად ქონდათ ფული დამალული და მეფის სასახლისკენ გაეშურა.

 

 ბევრი გაიარა თუ ცოტა გაიარა უხაროდას გზა აებნა (აი, წარმოიდგინეთ რა შტერი უნდა იყოს კაცი რომ ამ პატარა ქალაქში მეფის სასახლეს ვერ მიაგნოს, გაუყევი ზამთრის ბულვარს, აუხვიე ვარხვების მოედანზე, იქიდან მერე ყველა მიგასწავლის გრამატიკის პროსპექტს, გადაკვეთავ და იქვეა რა ეს ოხერი მეფის სასახლე დემის რუსოს ქუჩაზე, მაგრამ არა რა, ეს სულელი უხაროდა მაინცდამაინც ტყეში უნდა მოხვედრილიყო, თფუუუ), თან ამას ისიც დაემატა რომ ტყეში ჩამობნელდა. უხაროდას სხვა გზა აღარ ჰქონდა, ღამის გასათევ ადგილს დაუწყო ძებნა. ბევრი ეძება თუ ცოტა ეძება ვერაფერიც ვერ იპოვა.

 

რაღას იზამდა, გადაწყვიტა, ხეზე ავალ და ღამეს იქ გავათევ, თან ქამრით მივებმები, რომ არ ჩამოვვარდეო. საბრალოს დაავიწყდა, რომ ქამარი თავის დღეში არ ჰქონია და აკი მოადინა კიდეც ზღართანი მიწაზე. ერთი ეგ იყო რომ, სანამ ხიდან მიწისკენ მოფრინავდა შორს რაღაც სინათლე შენიშნა და კარგადაც დაიმახსოვრა რომელ მხარეს იყო, ამიტომ გონზე როგორც კი მოვიდა ზუსტად იმ მიმართულებით გაეშურა.

 

 ბევრი გაიარა თუ ცოტა გაიარა უხაროდა შუქის წყაროს მიადგა, რაც არც მეტი არც ნაკლები, ერთი პატარა ქოხის ნახევრად ჩამონგრეულ ჭერზე მიმაგრებული ნათურა აღმოჩნდა. ბევრი უარა უხაროდამ ქოხს, ხან აქედან შემოუარა ხან იქიდან, მაგრამ კარი ვერ უპოვა. რაღას იზამდა, ადგა და ფანჯრიდან გადაძვრა. ოთახის ინტერიერი “სკრომნად”* , მაგრამ უგემოვნოდ იყო მოწყობილი.

 

ერთი ხის მაგიდა, რომელსაც ზედ ადგილ-ადგილ ამომწვარი მუშამბა ჰქონდა გადაფარებული, შუა ოთახში იდგა, მის ირგვლივ სამი სკამი შემოეწყოთ – ვიღაცის ახირებულ გემოვნებას გადაეწყვიტა, რომ სამივე სკამი აბსოლუტურად არ ყოფილიყო ერთმანეთის მსგავსი, ისინი ერთმანეთისგან არამარტო მასალით, რისგანაც იყვნენ დამზადებული, არამედ ფერითაც და, ასე განსაჯეთ, ზომითაც კი განსხვავდებოდა. ოთახის კუთხეში ძველისძველი კარადა დაყუდებულიყო, კაკლის ხისგან დამზადებული, მაგრამ ჟამთასვლისაგან სრულიად ჩაშავებული და ადგილ-ადგილ უწვრილესი ნასვრეტებით დაფარული, რაც, მოგეხსენებათ, ხის ჭიის უტყუარი ნიშანია და მაშასადამე ავეჯის დაღუპვისაც (ოოჰ, ღმერთო ჩემო, რამდენი სისულელის წერა გვიწევს ხოლმე ხანდახან), იქვე კარადის გვერდით ყოვლად შელანძღული დივანიც მიეგდოთ, რომლის დახეული ღრუბლიდან ზამბარები იცქირებოდნენ, რაღაცნაირად ეშმაკურად, თითქოს გიწვედნენ მოდი, დაჯექი და შარვალი გაიხიეო.

 

 დივნიდან უხაროდამ მზერა ისევ მაგიდაზე გადაიტანა, სადაც ვიღაცის მზრუნველ ხელს სამი თეფში ფაფა მოემზადებინა, ერთი დიდი თეფში ერთი პატარა და ერთიც უფრო პატარა. კარგა ხანს იდგა უხაროდა შუა ოთახში, შიოდა კიდეც, დაძინებაც უნდოდა, მაგრამ გული რაღაც ცუდს უგრძნობდა, თან ეს ყველაფერი საშინლად არამშობლიურად ეჩვენა, მტრულადაც კი. რაღას იზამდა, იძულებული შეიქმნა ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება მიეღო: უკან გადმოძვრა ფანჯრიდან და კვლავ გზა განაგრძო. უეცრად უხაროდა მიხვდა, რომ ტრიალ მინდორზე გასულიყო. გასაოცარი სილამაზის მინდორი თვალის გაწვდენაზე გადაჭიმულიყო. ულამაზესი ყვავილებით მორთული ველის შუაში ულამაზესივე ფურირემი იდგა.

 

რა ლამაზია – გაიფიქრა უხაროდას თავის ტვინის იმ უბანმა, რომელიც სილამაზის აღქმაზე აგებს პასუხს. გვარიანად მომშივნია – გაიფიქრა დანარჩენმა უხაროდამ, უმრავლესობამ, როგორც ყოველთვის, აქაც გაიმარჯვა, ამიტომ ამის გაფიქრება და მშვილდის მოჭიმვა ერთი იყო. გაიშხუილა ისარმა და იმ მშვენიერ ფურირემს ბარძაყში ჩაერჭო. ტკვილისაგან დამანჭული ირემი ადგილს მოსწყდა და ჩრდილო–აღმოსავლეთისკენ გაიქცა (სხვანაირად ვერ აგიხსნით, იმიტომ რომ ტრიალ მინდორში სხვა ორიენტირი არ არის). გამოედევნა უხაროდაც, თან ფიქრობდა, დაჭრილია და სწრაფად ვერ ირბენსო, მართალიც გამოდგა, ოღონდ ნაწილობრივ. ფურირემი დაჭრილი კი იყო, ოღონდ სწრაფად გარბოდა. მოკლედ, უხაროდა ფურირემს კი დაეწია, მაგრამ გვარიანად დაიღალა.

 

ისე ამასაც თუ დაწევა ჰქვია და... დაღლილი და სისხლისაგან თითქმის დაცლილი ირემი ბალახებში ეგდო და სულს ღაფავდა. გახარებულმა უხაროდამ ჯიბიდან დანა ამოიღო. ის იყო ამ მშვენიერი არსებისთვის ბარძაყი უნდა აეჭრა, რომ ირემმა ადამიანის ხმით უთხრა, რას აკეთებ, შე დეგენერატო, ხელი არ მახლოო. უხაროდა ამ შეძახილმა ერთი პირობა კი დააბნია, მაგრამ მალევე მოეგო გონს და გადაწყვიტა ყურადღება არ მიექცა მოლაპარაკე ირმისთვის ისე შეეჭამა მისი ბარძაყი. განაზრახვის სისრულეში მოყვანისათვის კი სულ უბრალო რამ იყო საჭირო, მარჯვედ დაესვა დანა ბარძაყზე და აეთალა ეს უკანასკნელი. მაგრამ ეს ირემი ნამეტანი ენაგატლეკილი აღმოჩნდა:

 

 – თავი არ გაიფუჭო ბიჭო, მე უპატრონო კი არ ვარ, ამოგადენენ ცხვირში ამ ჩემს ბარძაყს, გაიგე ბიჭო?!!თვალებში შემომხედე, არ გეცოდები მაინც მე ხომ ნუკრების დედა უნდა გავხდე.

 

შვლის ნუკრის ნაამბობი თუ არ გაქვს წაკითხული, ბემბი მაინც არ გაქვს ნანახი??? ვააა, ეს ვინ ყოფილა, დაგიჭერენ შე საცოდავო, წითელ წიგნში ვარ შეტანილი, შენ ის ძველი დრო ხომ არ გგონია არავის არაფერი რომ არ მოეკითხებოდა?! – არ აჩერებდა ენას ირემი – აუუ, მემგონი ცუდი რაღაც შემყვა ბალახის ჭამისას, ახლა მოწამლული ხორცი მექნება, ჰო ვიცი არა, ჰო კაი ჯანდაბას გეტყვი, გეტყვი არ ვარ ირემი, უბრალოდ გადაცმული ვირი ვარ, ვირის ხორცს ხომ არ შეჭამ – მაგრამ უხაროდა ყურადღებას არ აქცევდა ირმულ რიტორიკას და ცდილობდა ცალი ხელით მისი ფეხი გაეჩერებინა, მეორეთი კი ბარძაყი აეჭრა,მაგრამ არაფერი გამოსდიოდა. ირემი ფეხსა და ენას სინქრონულად ამოძრავებდა:

 

 – ბიჭო რად გინდა ჩემი გაძვალტყავებული ბარძაყი, იმისთან ტახს დაგაჯახებ ნერწყვები დაგახრჩობს მარტო...

 

იცი მე ვინ ვარ??? მამაჩემი ძალიან ახლოს იცნობდა მამაშენს... რაღაც გასუქებული მეჩვენები, დიეტაზე დაჯდომა არ გაწყენდა...მე ვარ ნადირობის ქალღმერთი უბრალოდ დროებით ფურირემად გადავიქეცი, შემიძლია იმენნა მაგარ ნაშად ვიქცე თუ მოვინდომე... აუუუ, ახლა გამახსენდა, სახლში მაქვს უუუმაგრესი ხაჭაპურები გავვარდები უცებ და მოვიტან.

 

 – რა თქვი? – უხაროდამ ირმის ფეხს თავი ანება.

 

 – ხაჭაპურები მაქვს უძლიერესი...აჭარულიც და იმერულიც, ცოტა აჩმაც უნდა იყოს დარჩენილი...

 

 – არა მანამდე რა თქვი?

 

 – მანამდე?...ააა მამაჩემი რომ მამაშენს იცნობდა? ჰოო, ერთად ყოფილან თურმე...

 

 – არა, ქალღმერთი ვარო...

 – ააა ჰოო, ნადირობის ქალღმერთი რო ვარ ეგ თავიდანვე არ მითქვამს? მოკლედ სინამდვილეში მაგარი ნაშა ვარ და თუ თავს დამანებებ ჩემს ნამდვილ სახეს დავიბრუნებ, მაგრად გაგისწორდება დედას ვფიცავარ.

 

 – მიდი აბა – კიდევ უფრო დაინტერესდა უხაროდა და თან ხელი გაუშვა ირმის ფეხს.

 

 – კი ბატონო, ახლავე – დაიძაბა ირემი – რაღაც არ გამომდის, ეტყობა საკითხზე კონცეტრაციას ვერ ვახერხებ, რაღაც მიშლის ხელს...ააა, აი დანა რო გიჭირავს ეტყობა ეგ მიფანტავს ყურადღებას, აბა ჩაიდე ჯიბეში ან საერთოდ გადააგდე.

 

 უხაროდამ დანა შორს მოისროლა. ირემი კვლავ დაიძაბა.

 

 – არა რაღაც მიშლის ხელს. ააა, მივხვდი, ღია ჭრილობა მაქვს და ეგ მიშლის ხელს, შეგიძლია შემიხვიო.

 

 უხაროდამ პერანგი შემოიხია და ირემს ფეხი გადაუხვია.

 

 ირემი კიდევ ერთხელ დაიძაბა, ამჯერად ისე რომ ჩლიქებიც კი გაუწითლდა, მაგრამ აშკარად მაინც უშლიდა რაღაც ხელს.

 

 – ვააა ვერ ვხვდები რა მჭირს, ხომ არ მშია? მიდი, აბა ერთი ორი იღლია ბალახი მომიტანე რა, ოღონდ სამყურა არ იყოს, მბერავს.

 

 უხაროდა ბალახის მოსაკრეფად გაიქცა (ჰო გეუბნებოდით შტერია-მეთქი ეს უხაროდა, ჯერ ერთი, თუ გშია დაკალი რა ეგ ირემი, რას უსმენ და მეორეც, მინდორში დგახარ, ბალახის მოსატანად სადღა გარბიხარ), ზუსტად 15 წუთში უკან დაბრუნდა, ორივე იღლია ლორთქო ბალახით ჰქონდა სავსე, თან გზადაგზა აქა-იქ შეყოლილ სამყურებს აცლიდა.

 

 – უუუფ აგაშენებს ღმერთი, ბარემ წყალიც მომირბენინე და ეგ არიი.

 

 უხაროდა მეორედ მოსწყდა ადგილს. სულ ცოტა ხანში უკან მობრუნდა ერთმანეთთან შეტყუპებული ხელები კი კამკამა წყლით ჰქონდა სავეს.

 

 – მოიცა ცოტა ხანი, შევჭამ და მერე დამალევინე – ირემი ნება-ნება, ღერა-ღერა შეექცეოდა ბალახს. უხაროდა იდგა და მოთმინებით ელოდა როდის დაამთავრებდა, წყალს დალევდა და მაგარ ნაშა-ქალღმერთად გადაიქცეოდა. ერთმა საათმა უცებ გაიარა ფურირემისთვის და ძალიან ნელა უხაროდასთვის.

 

 – აბა – ყოველგვარი ემოციის გარეშე, მაგრამ მაინც, დაინტერედა უხაროდა.

 

 – რა აბა? ა, ჰო, ახლავე – კიდევ ერთხელ, ამჯერად ყველაზე მონდომებით დაიძაბა უმშვენიერესი ფურირემი ისე რომ უკანიდან ქარებიც კი გაუშვა, საკმაოდ ხმაურიანი და მყრალი, თუმცა რაღაცნაირად საყვარელიც.

 

 – უკაცრავად – სულ სხვა ადგილას, პირზე, აიფარა ჩლიქი დარცხვენილმა ფურირემმა და დაძაბვა განაგრძო.

 

 სულ მალე შედეგიც გამოჩნდა. ირემს ჯერ უკანა კიდეურები გადაექცა ადამიანის, კერძოდ კი ქალი ადამიანის საკმაოდ მოხდენილ ფეხებად, შემდეგ რომ მართლაც ქალღმერთის უკანალდ იქცა ირმის გაძვალტყავებული, ბანჯგვლიანი გავა, მერე ეს რაღაც სასწაული ძალა ნელ-ნელა ზემოთ აუყვა: კუდუსუნი, ზურგი, მუცელი და აი, მკერდიც გამოჩნდა, ორი ულამაზესი ძუძუ, ამის დანახვაზე უკვე ვეღარ მოითმინა უხაროდამ, ნაირმალ ქალღმერთს ერთ-ერთზე კბილი მოუჭირა, ათქმევინა სად ჰქონდა ფული დამალული და გზა განაგრძო.

 

 ბევრი გაიარა თუ ცოტა გაირა, შორს სწორედ იმ მეფის სწორედ ის სასახლე დალანდა. უხაროდას სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა. წარმოიდგინა როგორ მივიდოდა მეფის სასახლეში, როგორ სთხოვდა მისი ქალიშვილის ხელს, როგორ დასთანხმდებოდა მეფე, მერე როგორ გადაიხდიდა 500 კაციან ქორწილს მაინც, როგორ გაატარებდა პირველ ღამეს ... განსაკუთრებით აი ამ ადგილას შეყოვნდა უხაროდას ფიქრები, მეტიც, საკმაოზე დიდხანსაც შეყოვნდა და შეიძლება კიდევ უფრო დიდხანსაც, შეუფერებლად დიდხანს ან განუზომლად დიდხანს ან თუნდაც მეტისმეტად დიდხანს, რომ არა მდინარე რომელსაც სწორედ უხაროდას გზაზე გაეკვალა თავისი კალაპოტი ათასწლეულების წინ.

 

ვაჟს წარმოდგენაც კი არ ჰქონდა როგორ უნდა გადაელახა საკმაოდ სწრაფი, ღრმა და, რაც მთავარია, ცივი მდინარე. სიმართლე ითქვას, მდინარე არც ისე ღრმა და ჩქარი იყო, როგორც ამას მისი სიცივე მოგაჩვენებდათ. მოკლედ, მდინარე გადასალახი, მეფე სანახავი და მისი ქალიშვილი ცოლად მოსაყვანი იყო სასწრაფოდ, უხაროდამ კი ისიც არ იცოდა რომლით დაეწყო (უკვე ნერვებს მიშლის ეს ბიჭი, რას ქვია რით დაეწყო არ იცოდა, თუ მდინარე ვერ გადალახა აბა მეფეს როგორღა ნახავს და მით უმეტეს ქალიშვილის ხელს როგორ თხოვს?!!).

 

 * აიჭრა – აქ, აზრები აერია, დაიბნა, აბსურდის როშვა დაიწყო (ავტ.)

 

 * სკრომნად (ბარბ.) – ამ შემთხვევაში არ ნიშნავს “მორიდებულად” და ზუსტი შესატყვისი რომ მცოდნოდა იქვე დავწერდი.

 

 

ამ ფიქრებში იყო უხაროდა რომ უეცრად მდინარის მეორე ნაპირზე ვიღაც უცნაური, კაფანდარა კაცი შენიშნა, რომელსაც მხარზე გუდა მოეგდო და მდინარის პირას აქეთ-იქით დადიოდა.

 

 – ჰეი, რომელი ხარ მანდ? – დაინტერესდა უხაროდა.

 

 – შენ თვითონ ვინ ოხერი ხარ? – გამოეპასუხა გაღმიდან კაფანდარა კაცი.

 

 უხაროდა ძალიან გააოცა უცნობის ასეთმა თავხედობამ.

 

 – ძალიან გამაოცა შენმა ასეთმა თავხედობამ, უცნობო, – გასძახა უხაროდამ. 

 

1 2
გვერდის მისამართი : ბიბლიოთეკა / პროზა / ნასარიძე გიგა / უხაროდა