ნასარიძე გიგა

 

ჩვენი ცხოვრების ორი მხარე 

 

 

მახსოვს როცა პატარა ბიჭი ვიყავი, ხშირად ვათვალიერებდი ხოლმე ბაბუაჩემის მიერ ომში მოპოვებულ მედლებს, სწორედ ერთ-ერთი ასთი თვალიერებისას მივხვდი პირველად, რომ ამ ქვეყნად ყველაფერს ორი მხარე აქვს. მერე როცა წლები გავიდა დამავიწყდა ეს ყველაფერი და შეიძლება არც არასოდეს გამხსენებოდა ჩემს მეგობარს რომ ის ისტორია არ მოეთხრო, რომლის მოყოლასაც თქვენთვის ახლა ვაპირებ. თუმცა, სანამ თხრობას დავიწყებდე, უმჯობესია გამოგიტყდეთ, რომ ჩემთვის სინამდვილეში არავისაც არაფერი მოუყოლია და ეს ამბავი მთლიანად ჩემიმოგონილია ჩ-დან თ-მდე, მეტიც, ბაბუაჩემს არანაირი მედლები არ მოუპოვებია, ან საიდან მოიპოვებდა როცა კაცი ომშიც არ არის ნამყოფი. მაგრამ, ინტუიცია მკარნახობს, ამ ყოველივეს კითხვის მოყვარული კაცისათვის, მნიშვნელობა, გნებავთ, ღირებულება არ უნდა ჰქონდეს, ის კი არა და, აწი გაწიწმატებული უნდა მოითხოვდეს, ჰე, მიდი, დაიწყე მაგ შენი ნაქები ამბის თხრობა, ვნახოთ, რა შვილიცა ბრძანდებიო. ვემორჩილები რა ამ, თუნდაც, სავარაუდო*, მაგრამ მაინც თავხედურ, მოთხოვნას, ვიწყებ თხრობას.

 

 ერთ პატარა ქალაქში, უფრო ზუსტად კი მის სადგურში და თუ მთლად ზუსტებიც ვიქნებით, რკინიგზის სადგურში, მატარებელი ჩამოდგა. მქშინავი მანქანიდან სულ სამი მგზავრი ჩამოვიდა.

 

პირველად მატარებლის კიბეზე ერთი საკმაოდ ჩასუქებული, დაბალი, ენერგიით აღსავსე, დაჭმუჭნულ პიჯაკში და აბსოლუტურად განსხვავებული ფერიას და მატერიისაგან შეკერილ დაჭმუჭნულსავე შარვალში გამოწყობილი მამაკაცი გამოჩნდა.

 

 მამაკაცმა თვალი მიმოავლო პატარა ვაგზალს, რომელიც სხვებისგან ბევრით არაფრით გამოირჩეოდა, აქაც ამოყრილიყო დიდი ხნის წინ დაგებული ფერადი ფილები და აქაც ჩამდგარიყო წარმოქმნილ ორმოებში გაურკვეველი ფერისა და შემადგენლობის ბლანტი სითხე, სადგურის შენობის დანესტილი კედლის გაყოლებაზე კი საბჭოთა პერიოდის უტყუარი ნიშანი ოდნავ მარცხნივ გადახრილი, ვინ იცის რამდენჯერ (და ყოველ ჯერზე უფრო ცუდფრად) შეღებელი მერხები ჩამწკრივებულიყო.

 

 სანამ მსუქანი მამაკაცი ვაგზალს ათვალიერებდა და დილის ჰაერს ხარბად ყლაპავდა, მის უკან, ვაგონის კარში, ერთმანეთისათვის თითქმის იდეალურად შესაფერისი ქალ-ვაჟი გამოჩნდა და იქვე დადგა. ვაჟს ხელში დიდი ჩემოდანი ეჭირა, ქალს მომცრო ჩანთა, ორივეს ერთად კი სახის ისეთი გამომეტყველება ჰქონდა, აშკარად გამალებით ცდილობდენ რაღაც ძალიან მნიშვენელოვანის გახსენებას ვერ კი გაეხსენებინათ, თან დაჟინებით მისჩერებოდნენ მსუქანი მამაკაცის კეფას, თითქოს შველას ამ ყოვლად შეუფერებელი ადგილიდან ელიანო.

 

ახლა კი, მემგონი დადგა დრო უფრო ახლოს გავიცნოთ ჩვენი პერსონაჟები, დავიწყოთ ისე როგორც ეს დიდ ფილმებში ხდება ხოლმე "ეკორდინგ ეპიარენს": მსუქანი მამაკაცი გახლდათ ბატონი დორტმუნდი ზოიძე, განათლებით ბუჰხალტერი, პროფესიით თავისუფალი აუდიტორი, მოწოდებით პოეტი რომანტიკოსი, თუმცა ცხოვრებაში ერთი ლექსიც კი არ ჰქონდა დაწერილი, მეტიც, წაკითხვითაც ძალზედ ცოტა წაეკითხა ისიც დაწყებით კლასებში და ხეირიანად არც კი ახსოვდა. სამაგიეროდ ბატონ დორტმუნდის უამრავი აუდიტორული დასკვნა ჰქონდა შექმნილი და როგორც სეციალისტები ირწმუნებოდნენ თითოეული მათგანი ამ სფეროს შედევრი იყო, ასეთი გაქანების კაცისთვის წარმატების მიღწევა პროფესიულ ასპარეზზე არ უნდა ყოფილიყო

 

 ------------------------------------

 

 *სავარაუდო(ქართ.) ჰიპოთეტური.

 

 

რთული, მაგრამ ვაი რომ ერთი უბედურება სჭირდა ამ ესოდენ კარგ პიროვნებასა და უბადლო პროფესიონალს ძალიან უყვარდა ლაპარაკი, უფრო სწორად, ბევრი ლაპარაკი უყვარდა და თუ ბოლომდე გულახდილები ვიქნებით, უზომოდ ბევრი ლაპარაკი უყვარდა.შეეძლო და ლაპარაკობდა ყოველთვის და ყველგან. ყველა საკითხსა თუ მოვლენაზე ერთნაირი წარმატებითა და სიყვარულით საუბრობდა, არ დაგიდევდათ თემას ამინდზე, სპელეოლოგიაზე, პილპილიანი არყის უებრობაზე, პოლიტიკაზე, ხვლიკების რეგენერაციის გასაოცარ უნარზე, შავი ზღვის ფლორისა და ფაუნის განსაკუთრებულ თვისებებზე, მარხვაზე, დიეტაზე, მეორენაირ დიეტაზე, დიეტის მავნებლობაზე, მეზობლების უსინდისობაზე, ფეხბურთზე, პოეზიაზე და ასე გასინჯეთ, იმაზეც კი, რომ ბევრი ლაპარაკი უყვარდა ერთნაიერი ენთუზიაზმითა და ხანგრძლივობით საუბრობდა. სწორედ საუბრის ეს დაუოკებელი სურვილი აღმოჩნდა მისი წარუმატებლობის ძირითადი მიზეზი, სწორედ ამის გამო მოუწია ექვსი სამსახურიდან წამოსვლა, შემოეცლა უამრავი მეგობარი, მეზობლებიც კი თვალს არიდებდნენ სადარბაზოში ან ქუჩაში შეხვედრისას.მაგრამ, ბატონი დორტმუნდი იხტობარს არ იტეხდა, მაინც ესაუბრებოდა ყველა შემხვედრს, მიედებოდა ყველა თემას.შემთხვევით შემხვედრის, გნებავთ მსხვერპლის(ხშირად, სრულიად უცნობი ადამიანის)შეწუხებულ სახეს ყურადღებასაც არ მიაქცევდა ისე გადავიდოდა საუბრისას მეტაფიზიკიდან კეჟერა ფხალის დამზადების საიდუმლოებებზე.მოკლედ, ბოლოს საქმე იქამდე მივიდა, რომ ქალაქის თითქმის ყველა მაცხოვრებელი შორიდანვე ცნობდა ამ უცნაურ მოლაყბეს და მის დანხვისას ან ქს მეორე მხარეს გადადიოდა, ან იქვე მაღაზიაში შევარდებოდა, ანდა სულაც მიწაზე დაეცემოდა და თავს მოიმძინარებდა.ალბათ უკვე იოლად მიხვდებით რაოდენ მოწყურებული გახლდათ ჩვენი დორტმუნდი გულითად საუბარს, არც იმის გამოცნობას უნდა ბევრი იწილო-ბიწილო თუ როგორ გაუხარდებოდა სხვა ქალაქში მიმავალ დორტმუნდის მატარებლის კუპეში შესვლისას იქ სრულიად უცნობი ორი ახაგაზრდის დანახვა.

 

 ამასობაში კი იმის დროც დამდგარა ჩვენი ამბის მეორე პერსონაჟი, ახლაგაზრდა წყვილი, გაგაცნოთ.დრო კი დადგა, მაგრამ ამ წყვილის შესახებ ჩემთვის ბევრი არც არაფერია ცნობილი, ერთი ის ვიცი რომ ახლადდაქორწინებულები არიან, მეორე ის რომ ახლა თაფლობის თვის გასატარებლად მიემგზავრებიან, შორეული ნათესავის მიერ დროებით დათმობილ სახლში და მესამე კიდევ ის რომ დგანან მატარებლის კარში დორტმუნდის ზურგს უკან და გამალებით ცდილობენ გაიხსენონ თუ რომელმა მათგანმა დაპატიჟა ეს მოლაყბე, ყბედი, ლაქლაქა, ქაქანა და კიდევ ათასი და ათთასი სინონიმი, კაცი იმ დღის საღამოს რვა საათზე სტუმრად.არ ვიცი დაბნეულობის მიზეზით იყო თუ სხვა რამ, მაგრამ ვერაფრით გაიხსენეს და ამიტომ მათი ბედნიერი ქორწინება ამჯერად გადაურჩა დანგრევას.

 

 – ესე იგი დღეს რვაზე! – მხიარულად შეძახა დორტმუნდიმ.

 

 წყვილმა არაფერი უპასუხა.დორტმუნდიმ გულღიად გაიღიმა, სწორედ ისე როგორც მსუქნ ადამიანებს სჩვევიათ ხოლმე და წყვილის სიჩუმეს გაეპასუხა: – არაფრით არ დამაგვიანდება მაგაზე არ იდარდოთ.

 

არც დააგვიანდებოდა რადგან დორტმუნდის რიგით მეორე, მაგრამ არანაკლებ მნიშვნელოვანი თვისება მისი გადამეტებული პასუხისმგებლობა გახლდათ, თუ დაგპირდებოდათ უსათუოდ შეგისრულებდათ თუნდა მის წინააღმდეგ მთელს სამყაროს შეეკრა პირი და ეთხოვა ამას და ამას ნუ გააკეთებ თუ ჩვენი ხათრი გაქო.

 

 მოაგვარა რა სტუმრობის დეტალები დორტმუნდიმ ვაგზლის გასასვლელისკენ გასწია, წყვილი კი კიდევ დიდხანს იდგა ცარიელ ბაქანზე და სავარაუდოდ კვლავ ოჯახის დანგრევაზე ფიქრობდა.

 

გაზაფხულის მშვენიერი დღე მალე გაილია, პროვინციულ ქალაქში, როგორც ყოველთვის, ცუდი არაფერი მომხდარა თუმცა არც კარგი მომხდარა რამე და ესეც როგორც ყოველთვის.დორტმუნდი ზოიძემ მოათავა თავისი საქმე, შექმნა კიდევ ერთი შედევრი, კუთვნილი ჰონორარიც აიღო, გაზიანი წყალიც დალია, ფენოვანი ხაჭაპურიც მიირთვა და საუკეთესო განწყობაზე მიადგა ახალშეუღლებულთა შორეული ნათესავის სახლს.სახლი ორსართულიანი კოხტა შენობა აღმოჩნდა, რომელიც საკმაოდ მოზრდილ და მოვლილ ეზოში ჩაედგათ, ეზოს გარს ორმეტრიანი, მსხვილი და გამძლე ფიცრებისგმჭიდროდ შეკრული მესერი ერტყა, რომელსაც უზარმაზარი ალაყაფი აგვირგვინებდა.დორტმუნდი ალაყაფს მიაწვა, კარი არ დანებდა.

 

 – ვა?! გაიფიქრა დორტმუნდიმ და კარს მეორედ შეუტია, კი, ნამდვილად დაკეტილი იყო.

 

 საქმე ის გახლავთ რომ ახალგაზრდა წყვილსაც მშვენივრად ემხიარულა იმ დღეს, დასაძინებლადაც ადრე დაწოლილიყო ჭიშკარიც საიმედოდ ჩაერაზა და ეზოში, შორეული ნათესავის, როტვეილერიც გაეშვათ, ორი წლის, ჯან-ღონით სავსე და სისხლს მოწყურებული უზარმაზარი ქოფაკი, ეტყობა ახალგაზრდებს სულ გადაავიწყდათ(ან დაივიწყეს) რომ ზუსტად რვა საათზე სტუმარი უნდა სწვეოდათ.

 

 დორტმუნდი ზოიძე ჩაფიქრებული იდგა ალაყაფთან, დროდადრო ხის კარს მიაწვებოდა ხოლმე, იქნებ ახლა მაინც გაიღოსო, მაგრამ კარი ისე ჯიუტობდა, თითქოს სულ არ ადარდებდა დორტმუნდის პასუხისმგებლობის მტანჯველი გრძნობა.უეცრად დორტმუნდის ფიქრები ძაღლის ყეფამ გააწყვეტინა, ოოო ამას კი არ ელოდა!მას ხომ ძაღლების პანიკური შიში ჰქონდა, ქუჩაში სულ პატარა ფინიაც რომ დაენახა იმ კვარტალს ორ ვერსზეც არ მიეკარებოდა, ახლა კი, თუ ყეფის სიძლიერით ვიმსჯელებთ უზარმაზარი ძაღლი ყავდა პრაქტიკულად ცხვირწინ და ამ შეუვალი მესერის გაახვის შემთხვევაში, მინიმუმ დაკბენით იმუქრებოდა..ამან კი დააფიქრა ჩვენი გმირი, მაგრამ წარმოიდგინა რა, როგორ მოუთმენლად ელიან ახალგაზრდები და რას იფიქრებენ მასზე არმისვლის შემთხვევაში, ყოველგვარი შიში უკან აგდო და ალაყაფს ჯერ არ ნახული შემართებით დაეჯაჯგურა, თუმცა კვლავაც უშედეგოდ, თუ შედეგად ძაღლის საკმაოდ შემაშფოთებელ ყეფას არ ჩავთვლით

 

 – ჭიშკარს ვერაფერს მოვუხერხებ. – გადაწყვიტა დორტმუნდიმ და თვალი გალავანს გააყოლა, მჭიდროდ მიწყობილ ფიცრებს შორის ფრჩხილის გასაყოფ ადგილსაც კი ვერ იპოვიდა კაცი, მაგრამ, როგორც გაირკვა ეს მხოლოდ ერთი შეხედვით ჩანდა ასე, ხომ ცნობილია, რომ ყველას და ყველაფერს აქვს სუსტი წერტილები. დორტმუნდის დაკვირვებულ თვალს არ გამოპარვია, რომ ჭიშკრიდან მეთორმეტე ფიცარი სულ ოდნავ, სულ რამდენიმე მილიმეტრით გამოწეულიყო, ეს იყო ღობის სუსტი წერტილიც და დორტმუნდის შანსიც.აუდიტორმა ნიშნის მოგებით შეჰღიმა ალაყაფს და მედიდურიავდაჯერებული ნაბიჯით მეთორმეტე ფიცრისკენ გაემართა. დორტმუნდიმ მიწაზე დადო თავისი განუყრელი პორთფელი, ზედ ლამაზად დაკეცილი ლაბადა გადაკიდა და დაიწყო ჭიდილი კაცსა და, თუნდაც აწგარდაცვლილ, მაგრამ მაინც, ბუნებას შორის.

 

დორტმუნდი ათივე ფრჩხილით ჩააფრინდა გამოწეულ ფიცარს და მთელი ძალით დაქაჩა, ფიცარი არ დანებდა, კაცმა კბილებიც მიახმარა, ფიცარი კვლავ არ აპირებდა დანებებას, მაგრამ ადამიანი ხომ ყოველთვის იმარჯვებს ბუნებაზე, განა ამას არ გვასწავლიდნენ სკოლაში, განა ეს არ წერია ყოველ მეორე წიგნში, განა ამაზე არ რსაგებული საბჭოთა და ჰოლივუდის კინემატოგრაფის ნახევარზე მეტი და დორტმუნდიმაც გაიმარჯვა, ფიცარი გამოგლიჯა, ტრიუმფის ნიშნად ზეაღმართა და შორს მოისროლა.თუმცა ღობეში წარმოქმნილი “ტრიუმფალური თაღი” მეტად ვიწრო გამოდგა ამ ბუმბერაზული გამარჯვებისთვის, თავად განსაჯეთ ფიცრის სიგანე მაქსიმუმ ოცდაათი სანტიმეტრი, დორტმუნდის წელის გარშემოწერილობა მინიმუმ ერთი მეტრი და ოცდაათი სანტიმეტრი, შესუნთქულ მდგომარეობაში, თუმცა სიძნელეები ხომ იმისთვის არსებობენ რომ გადავლახოთ ისინი და ღობის იქითა მხარეს ჯერ აუდიტორის ელ გმოჩნდა შემდეგ მხარი და ბოლოს ღიპის უმნიშვნელო მაგრამ მაინც შთამბეჭდავი ნაწილი.

 

 თუ თქვენ ორი წლის როტვეილერი ხართ, აგერ უკვე რა ხანია არავისთვის ხუმრობითაც კი არ გიკბენიათ და სახლის დაცვის საშუალებაც არ მოგცემიათ ხეირიანად, იოლად მიხვდებით რა სიხარული დატრიალდა ახალშეუღლებული წყვილის შორეული ნათესავის ძაღლის ძაღლურ გულში ღობეში გაჭედილი უმწეო კაცის დანახვისას, მაშინავე მიიჭრა საკუთარი სამფლობელოს საზღვრის დარღვევის მცდელობის ადგილას, ორჯერ ჩაკბიჩა დორტმუნდის იდაყვი და ხუთჯერ ღიპის ნაწილი, მეტი ვერც ვერაფერი მოასწრო, დორტმუნდიმ ელვის უსწრაფესად გაყო ერთიც და მეორეც გარედ და ფრიც კი თავის ადგილას დაამაგრა.

 

 ეზოს აღების პირველი მცდელობა კრახით დასრულდა, თუმცა ყველა დიდ მხედართმთავარს უწვნევია მსგავსი მარცხი, რომელს?!დორტმუნდი თუნდაც ასს ჩამოგითვლიდათ, თანაც ვის გამოსვლია რამე პირველივე ცდიდან?არც არავის, განა სწორედ ამიტომ არ მოუგონია ღმერთსა თუ ეშმაკს მეორე, მესამე და გნებავთ მეასე ან თუნდაც მეათასე ცდები?დორტმუნდიც დიდი სიამოვნებით სარგებლობდა ხოლმე ამ გენიალური გამოგონებებით. და თუ სხვა დროს სარგებლობდა ახლა რაღა შეუშლიდა ხელს, მითუმეტეს რომ ის მშვენიერი წყვილი, რომლის დაღალატებაც არასგზით არ უნდოაგერ უკვე მთელი ოცი წუთია ელოდა.დორტმუნდი მესერს ჩაუყვა, ყოველ სანტიმეტრს გულდასმით აკვირდებოდა, ეგებ ხელჩასაჭიდი ვნახო რამე პირდაპირი ან თუნდაც გადატანითი მნიშვნელობითო. დიდხანს არც უძებნია, სულ რაღაც ორ ნაბიჯში ღობის ძირას ფხვიერი მიწა ეყარა, სათხრელად ამაზე უკეთესს ვერაფერს ინატრებდი ან სადღა იყო დრო ნატვრისა და ოცნებებისთვის, რა ხანია ცხრა საათი დაწყებულიყო.

 

 აუდიტორი დორტმუნდი ზოიძე ფიზიკურ შრომას აბსოლუტურად შეუჩვეველი ხელებით შეუდგა თხრას, სულ მალე ხელებს მარცხენა ფეხიც მიაშველა, მერე მარჯვენაც და ცოტა ხანში უკვე ორივე ხელით ფეხით, მკერდით, ღიპით, საკმაოდ გადიდებული ღვიძლითა და პირითაც კი გამოჰქონდა გამოთხრილი მიწა და ზურგსუკან ყრიდა, მიწაყრილი და შესაბამისად ორმოც ნელ-ნელა იზრდებოდა და სულ ცოტა ხანში დორტმუნდის თავიც კი იოლად ეტეოდა ხვრელში, კიდევ ერთი პეშვი მიწა გამოტანილია და გამომთხრელის თავი ეზოს ბნელ კუთხეში აღმოჩნდა.დორტმუნდი სიბნელეში ვერრს ხედავდა სამაგიეროდ გრძნობდა, გრძნობდა რაღაც სველსა და ცივს საკუთარ ცხვირზე, შემდეგ ეს სველი და ცივი სადღაც ზემოთ დაიძრა და მისი ადგილი რაღაც მყრალმა, თეთრმა, ბასრმა და ბევრმა დაიკავა.დორტმუნდიმ აზრზე მოსვლაც ვერ მოასწრო ისე აღმოჩნდა მისი ცხვირის კარგა მოზრდილი ნაჭერი, ჯერ როტვეილერის პირში და შემდეგ მისივე თათებთან.ამ ჩვენმა აუდიტორმა ერთი იღრიალა და დანარჩენი ნაწილების დაკარგვის შიშით მსწრაფლ გარეთ გამოყო ძვირფასი თავი.

 

მეორე წუთას უკვე თავიდან ეძებდა ეზოში შეღწევის ახალ გზებს, შესაშური ოცნტრაციაა მე და ჩემმა ღმერთმა.

 

 განათლებით ბუჰხალტერი პროფესიით აუდიტორი და ა.შ. და ა.შ. დორტმუნდი ზოიძე ღობის ირგვლივ განაგრძობდა სიარულს, ხსნა თითქოს არსაით ჩანდა, მაგრამ ფარ-ხმლის დაყრა რა მისი საქმე იყო, თან ის ახალგაზრდა წყვილიც ელის, რომ არ მივიდეს რას იტყვიან, დორტმუნდი ზოიძე სიტყვის კაცი არ ყოფილა დაგვპირდა და არ მოვიდაო, ხომ შეელახება წლობით ნაგროვები რეპუტაცია, რეპუტაცია კი მოგეხსენებათ ძვირად ფასობს ჩვენს დროში.ამ ფიქრებში იყო გართული, რომ უეცრად იქვე მესერთან ამოზრდილი ჭადარი შენიშნა, იმაზე არც უფიქრია ჭადრის მოულოდი გამოჩენა ღმერთის საჩუქრად მიეღო თუ საკუთარი დაუკვივებლობისათვის მიეწერა, ისე მიეჭრა მცენარეს.რთულია მსუქანი კაცისთვის ხეზე ასვლა, მითუმეტეს თუ ამ ხეს მაგარი მერქანი და გლუვი კანი სამაგიეროდ ტოტები არ აქვს თითქმის საერთოდ, ანუ ერთადერთი აქვს და სასურველ ეზოს გადაჰყურებს.მაგრამ დორტმუნდი რისი დორტმუნდი იყო სიძნელეს დანებებოდა, დარჩენილი ძალები მოიკრიბა და ჭადარზე აფორთხებას შეუდგა.

 

 ძნელი გადმოსაცემია როგორ მიიწევდა ზემოთ დორტმუნდი: რა ხმებს გამოსცემდა, რითი ეჭიდებოდა სულ მცირე გამონაზარდსაც კი, რა და რა დაიკაწრა, გადაიტყავა და დაიჟეჟა, რა სიტყვებით აგინებდა ხეს, ძაღლს, ღობეს და საკუთარ ავადმყოფურ პასუხისმგებლობას;ერთს გეტყვით მხოლოდ, დორტმუნდიმ ხეზე ასვლას ორი საათი და თორმეტი წუთი მოანდომა. ბოლოს მიაღწია სასურველ ტოტს, თუმცა გზად ორი ფრჩხილი დაკარგა, მარჯვენა ყური ჩამოეხა და სიბრძნის კბილი ჩაუტყდა, მაგრამ მაინც ამაყი და ბედნიერი შემომჯდარიყო ტოტზე და მთავარსარდალივით გადაჰყურებეზოს, აბა ის წყეული როტვეილერი საით არისო. ერთსაათიანი დაზვერვითი სამოშაოების შემდეგ ძაღლი რომ ვერსად დალანდა დორტმუნდი ფრთხილად გაწვა ტოტზე და მისი წვერისკენ გაცოცება დაიწყო.რაღა თქმა უნდა ტოტმა მის სიმძიმეს ვერ გაუძლო, რაღა თქმა უნდა ჩატყდა და დორტმუნდიმაც რაღა თქმა უნდა ეზოში მოადინა ბრაგავანი.დარწმუნებული ჩემს ადგილას ყველა მეტნაკლებად ცნობილი მწერალი სწორედ ასე აღწერდა დორტმუნდის ტოტიდან ეზოში მოხვედრის ამბავს და მე რატომღა გამოვიჩინო ფუჭი და არავისთვის არაფრის მომტანი ორიგინალობა?

 

 ხმაურმა როტვეილერის ყურადღებაც მიიპყრო, მაშინვე შემთხვევის ადგილისკინ გაქანდა დაЕრას იფიქრებდა ჩვენი ყურშა, რომ ძაღლების ღმერთი ასსეტ საჩუქარს უმზადებდა:მიწაზე მსუქანი კაცი იწვა, ადგომას არც აპირებდა და რატომღაც მუხლზე ისვამდა ხელს.ძაღლს მაშინვე გაუელვა თავში:მსუქანია ესე იგი ნელა დარბის, წევს ესე იგი არ იცის რომ აქ ვარ და ვხედავ და მუხლზე ისვამს ხელს მუხლზე ისვამს ხელს, ეს არაფერი ისეთი.ფიქრობდა ძაღლი ამ ფიქრებს დათან მსხვერპლისკენ გარბოდა.მანძილი ძაღლის კბილებსა და საკბილოს შორის ელვის სისწრა მცირდება, რამდენი დარჩა, გაწი-გამოწი სამი ნახტომი, ერთი, ორი, სა...ჰოპ და ექვსი ნაკბენი ლავიწის ძვალზე და ორიც კოჭზე. დორტმუნდი გასაოცარი სისხარტით გადაევლო ორმეტრიან მესერს და ზღართანი ახლა უკვე გარეთ მოასდინა.

 

 ამის შემდეგ კიდევ ოცდაშვიდერ მიიტანა დორტმუნდიმ იერიში ღობეზე, ოცდაშვიჯერვე მედგრად დაუხვდა ძაღლი, ოცდაშვიჯერვე უკუაქცია მტერი და კუდით ქვაც ასროლინა. ველაზე დრამატული ოცდამეერთე შეტევა აღმოჩნდა, ამ გადახტომისას(ფიცრის, თუნუქის კასრისა და ლოდის დახმარებით)დორტმუნდის ორივე ხელი ნაღრძობი, ერთი ფეხი მოტეხილი, ექვსი ნეკნი ჩამტვრეული, მეორე ყურიც ახეული, ცალი თვალი ამოთხრილი და ახალთახალი პერანგი დახეული ჰქონდა, ძაღლს ამ საცოდაობის დანახვაზე თვალები ცრემლით აევსო და თავიც დანანებით გადააქნია, მაგრამ რას მდა პასუხისმგებლობის გრძნობა როტვეილერსაც ჰიპერტროფირებული ჰქონდა ხოლო საზღვრის დამრღვევის კბენა აუცილებელი გახლდათ, ამას იუწყებოდა ძაღლების დაუწერელი(ან ვინ ოხერი დაწერდა და თუ დაწერდა წამკითხავი ვინ იყო)კანონი, რაღას იზამდა ნელი ნასბიჯით მიუახლოვდა დორტმუნდის და აბსოლუტურად სიმბოლურად უკბინა ტერფზე.

 

ბოლო ექვსი მცდელობა დორტმუნდსიმ აფექტის მდგომარეობაში ჩაიდინა, გაფართოებული ტვალებითა და შეძახილით “აი მეც მოვედიი” გადევლებოდა ღობეს, მიუშვერდა ძაღლს სხეულის ჯერ კიდევ დაუკბენელ ნაწილებს და სიცილ-ხარხარით გადმოევლებოდა უკან, ასე გარძელდა ვიდრე ეოსმა არ შეახო თავისი ვადისფერი თითები...ნუ მოკლედ ვიდრე არ გათენდა.

 

 დილით ქალზე ადრე ვაჟმა გაიღვიძა, სპორტული ფორმა მოირგი და ჩვეულებისამებრ სავარჯიშოდ მოემზადა(მომკალი და არ მესმის რა ევარჯიშებოდა თაფლობის თვის პირველ დილას, მაგრამ კარგი).გახურების მიზნით იქვე ეზოში გააკეთა რამდენიმე გაწელვითი ვარჯიში, შემდეგ პორტატული პლეერის საყურისები მოირგო ყურებზე, როტვეილერი ფარდულში ჩაკეტა და საგულდაგულოდ ჩარაზული ჭიშკარი გახსნა.ღმერტო რა საზარელი სურათი დახვდა ქუჩაში ვაჟს, დასისხლიანებული და ფორმადაკარგული დორტმუნდი ზოიძე ღობის ძირას ეგდო და ერთადერთი, არათითზე შერჩენილრჩხილით ცდილობდა მესერში ხვრელი გაეკეთებინა და რაღაცას ბუტბუტებდა.

 

 – თქვენ ბატონო? – ამის წალუღლუღებაღა მოახერხა ნანახით გაოგნებულმა ვაჟმა.

 

 დორტმუნდიმ თითი გააჩერა, თავი ნელა შეაბრუნა ვაჟისკენ და ერთადერთი სარი თვალი სისხლითა და ზიზღით აევსო.

 

 – აქ რას აკეთებთ? – ცოტა ხნით დაუბრუნდა სარი აზრი ვაჟს.

 

 – მოვედი, როგორც დაგპირდით. – უკბილო პირით წაისისინა დორტმუნდიმ.

 

 ვაჟმა ჭიშკარი ფართოდ გამოაღო.

 

 – მობრძანდით ბატონო – გავიდა ის ცოტა ხანი.

 

დორტმუნდიმ მწარეთ გაღიმება სცადა, თუმცა ღიმილი გულთბილი გამოუვიდა, შემდეგ ჩაილაპარაკა: – წადი შენი! – და სული განუტევა.

 

 ა ბატონო ასე დასრულდა ეს ისტორია, უფრე სწორედ მისი ერთი მხარე, ვეჭვობ მისი კითხვისას ცოტაოდენი მაინც უნდა გაღიმებოდათ მიუხედავად მთელი იმ სისასტიკისა რაც დორტმუნდი ზოიძეს გადახდა, ობიექტურად თუ ვიმსჯელებთ ამბავი მართლაც სასაცილო გამოდგა, კარგად იყო შერჩეული როგორც თხრობის სტილი ასევე პერსონაჟთა ხასიათების ძირითადი შტრიხები, რამაც სასურველ ეფექტს მიგვაღწევინა და რიგით მკითხველს ღიმი მოჰგვარა, თუმცა თქვენთვის უცნობია ამ ისტორიის მეორე მხარე, რომლის წაკითხვის შემდეგ მიზეზთა და მიზეზთა სხვათა და სვათამო ეგებ ნირი წაგიხდეთ და ხასიათიც გაგიფუჭდეთ, ვნახოთ, ვცადოთ.

 

 სულ სხვა, მაგრამ ასევე პატარა ქალაქში, ხუთსართულიან შენობაში პირველ სართულზე მდებარე, ბინაში დილის მზის სხივები შეიჭრა და ერთადერთი ოთახის დასავლეთ კედელი გაანათა.კედელზე აქა-იქ ძველმოდური შპალერის ნაკუწები შერჩენილა, ჭერს ნესტისმოყვითალო-მოყავისფრო ლაქები დასჩენია, იატკზე ამოყრილი პარკეტი ყრია, ხოლო აღმოსავლეთ კედელზე ცნობილი ფერწერული ტილოს “მეცხრე ტალღის” რომელიღაც ძველი ჟურნალიდან ამოჭრილი რეპროდუქცია მიუკრავთ.ავეჯი ბევრი არაფერი:ერთი საწოლი, ერთი ტახტი, რომელიც არ იშლება, ძველი კარადა, კიდევ ო ძველი მაგიდა და ორი მორყეული სკამი.

 

 საწოლზე ათიოდე წლის გოგონა წევს.არ სძინავს.ჭერზე დაკიდებულ ნათურას მისჩერებია დიდი და სევდიანი თვალებით.სამაგიეროდ სძინავს შუა ხნის ქალბატონს, რომელიც მაგიდასთან სკამზე ჩამომჯდარა და თავი დაღლილ ხელებზე ჩამოუდევს.ეს დორტმუნდი ზოიძის ოჯახია, გოგონა თერთმეტი წლისაა, ორი წლის წინ რაღაც დაავადება შეჰყრია საბრალოს, სათანადო ყურადღება ვეღარ მიაქციეს, სენი გაურთულდა და ლოგინად ჩააგდო პატარა, აგერ უკვე წელიწადნახევარია ვერც დადის ვერც ლაპარაკობს ხელსაც კი ვერ ამოძრავებს, მხოლოდ ცრემლი მოსდის როცა მამა ეფეა ხოლმე .რა არ სცადეს, რომელ ექიმთან არ ჰყავდათ, არც ერთმა მკურნალობამ არ გასჭრა.ნელ-ნელა გაყიდეს ყველაფერი, ჯერ ბინა და ამ ჯიხურში გადმობარგსდნენ, შემდეგ დორტმუნდის მამის დანატოვარი საკმაოდ ძვირფასი ნახატები, ავეჯი, მანქანა და ბოლოს საქმე იქამდე მივიდა სახლში ტელევიზორი და ასე თუ ისე ძვირფასი ჭურჭელიც აღარ დარჩა.ამას დორტმუნდის წარუმატებლობაც დაერთო, მორიგი სამსახურიდან დაითხოვეს, ბინაც გირაოში ჩადეს, რომ თავი რამით მაინც ერჩინათ.

 

დრო როგორც ყოველთვის უცებ შემოელიათ, სესხის გასტუმრების ვადა ორი დღის წინ ამოწურულიყო, დორტმუნდი კი აზრზე არ იყო სად ეშოვა დარჩენილი ფული, (ცოტაოდენი მანმადე შეეგროვებინა) და აი გუშინ გამოჩნდა იმედი, საკმაოდ დიდი შეკვეთა მიიღო, საქმე ბევრი არაფერი გასამრჯელოს კი სოლიდურს ჰპირდებოდნენ, რა უნდოდა?ერთ დღეში მოათავებდა, მეორე დღეს დილისკენ უკვე სახლში იქნებოდა და ბანკის ხალხსაც მიუსწრებდა.

 

 – დორიკო აბა შენ იცი, არავის გამოელაპარაკო – სევდიანად გაუღიმა ცოლმა გასვლის წინ და ლაბადის საყელო გაუსწორა.

 

 – არა ძვირფასო, ყველაფერს ვაკონტროლებ. – გაუღიმა დორიკომ საპასუხოდ ცოლს და ნაზად აკოცა ზედა ტუჩზე.

 

 მერე იყო თეთრად გათენებული ღამე, დილისკენ შემოწოლილი თვლემით დამძიმებული ქუთუთოები და უსიზმრო, უშფოთველი ძილი... და საშინელი ხმა რომელმაც ჰიპნოსის უღრმეს სამფლობელოშიც კი შეაღწია და ქალი ერთბაშად გამოაღვიძა .

 

 ეს საშინელი ხმა ზარი გამოდგა.

 

 – დორიკო მოვიდა! – შეჰკივლა ქალმა და გახარებული გავარდა კარისკენ.

 

 – გამარჯობა ქალბატონო – თქვა უცნობი სამი კაციდან ერთ-ერთმა – ჩვენ სასამართლოს აღმასრულებლები ვართ, თქვენ დღესვე უნდა დაცალოთ ბინა.

 

 ქალი გაშრა, ხმის ამოღებაც ვერ შეძლო, ბოლოს უკანასკნელი ძალა მოიკრიბა და წაილუღლუღა – ჩემი ქმარი ჩამოვა წუთი წუთზე და ჩამოიტანს საჭირო თანხას.

 

 – სამწუხარო ინფორმაცია გვაქვს ქალბატონო – თქვა მეორემ სამთაგან – თქვენი ქმარი გარდაიცვალა, მის ჯიბეში მხოლოდ ბანკის თანამშრომლის სავიზიტო ბარათი აღმოაჩინეს და მათ შეატყობინეს ისინი კი ჩვენ დაგვიკავშირდნენ, ძალიან ვწუხვარ ქალბატონო.

 

 აი ესეც ამ ისტორიის მეორე მხარე, თურმე მართლები ყოფილან ჩემს მიერ გამოგონილი ბაბუაჩემის მედლები, ყველაფერს აქვს ორი მხარე თან უმრავლეს შემთხვევაში სრულიად საპირისპირო, მხიარულ ამბავს სევდიანი მეორე მხარე აქვს, საინტერესოს მოსაწყენი, კარგს უგემოვნო, ცოცხალსა და აფორიაქებულს უღიმღამო და იდილიური, მე შევეცადე ამ ჩემის ნაწერით სწორედ ეს მეჩვენებინა, მემგონი გამომივიდა კიდეც.

 

 ისე, ვისაც ნამეტანი ჩასწყდა გული ამ ამბის მეორე მხარის კითხვისას, ნუ იდარდებთ დორტმუნდი ზოიძის ოჯახი მთლიანად ჩემი მოგონილია. აბა ასეთ კაცს ცოლად ვინ გაყვებოდა? ან რა დაავადება ისეთი ბავშვს რომ მოულოდნელად შეეყრება და ასეთ რამეს დამართებს?

 

 მეორეს მხრივ დორტმუნდი ზოიძეც ხომ ჩემი მოგონილია? მოკლედ მე ვინ ოხერი ვარ გიკარნახოთ რაზე იდარდოთ და რაზე არა, თქვენ უკეთესად არ იცით?

 

გვერდის მისამართი : ბიბლიოთეკა / პროზა / ნასარიძე გიგა / ჩვენი ცხოვრების ორი მხარე