ნაჯდი ბიჟან

 

ჩემი ღილის თვალები

 

თარგმანი სპარსულიდან – ანი გლურჯიძე

 

 

 

 

 

დიდი თავი მაქვს და ბრტყელი სახე, ლოყები არც კი მეტყობა. თვალები ღილისა მაქვს. დგომა არ შემიძლია. ვინმე უნდა დამეხმაროს, რომ ავდგე. თუ არა, ფეხები მეკეცება და სახით ძირს ვეცემი. ჩემი თმები ხალიჩის ფოჩებს ჰგავს. ძალიან მიყვარს ფათის პირის სურნელი.

ამ თბილი სურნელის გამო იყო, რომ ვაცინებდი ხოლმე და სახით მის კისკისს ვეკვროდი. როცა ფათი მამასთან ერთად გარეთ გადიოდა, მე თაროზე ან ფანჯრის რაფაზე მტოვებდნენ. გავყურებდი ქუჩას, საიდანაც ადამიანებს შორის ჩაკარგულ ფათის ჩემი ცისფერი ხავერდის პერანგისათვის ხელი უნდა დაექნია და მაშინ ჩემი უმოძრაო ხელ–ფეხი სულ მავიწყდებოდა.

თითქოს ფანჯარა თოკით იყო ცაზე ჩამობმული და მე ქუჩის ერთი მხრიდან მეორე მხარეს, შენობებს შორის ვქანაობდი.

ერთ დღეს ამ ფანჯრიდან გადავვარდი. ჩემთან ერთად სარკე ჩამოვარდა. აგურებიც ჩამოცვივდა. ფათის დედაც, იმ ხმაურში, ჰაერი რომ დაფლითა, ჩემთან ერთად ძირს გადმოვარდა. ტროტუარზე უმოძრაოდ დავეცი. ფათის დედამ ჩემგან ოდნავ მოშორებით ფეხები ორჯერ შეატოკა და მერე ჩემსავით ღილის თვალებით შეაჩერდა ხალხს. მაგრამ მე მეჩეთის მინარეთს შევხედე, რომლის სილუეტი ცის გულს სწვდებოდა, თითქოს ლოცვად გართხმულიყო ღრუბლებზე.

ჩემს ირგვლივ ხალხი ირეოდა. სახლის კარებებიდან კვამლი გამოდიოდა. ტროტუარს დამწვარი შაქრის სუნი ასდიოდა. ფინიკის პალმა ცეცხლსა და კვამლში გახვეულიყო. ადამიანები, მკვდრები რომ მოეკიდებინათ და ლოცვის ბუტ–ბუტით გვერდს მივლიდნენ, უფრო დიდები ჩანდნენ, ვიდრე ისინი, ამ რამდენიმე წუთის წინ ფანჯრის ქვეშ რომ დადიოდნენ. მათ ფეხებს შორის ფათის პუტკუნა ფეხებს და ფეხსაცმელს ვეძებდი. მინარეთის შორენკეცი ისეთი ცისფერი იყო, დარწმუნებული ვიყავი, ფათი აგურებქვეშ არ მოჰყვებოდა. ნიკაპი ჯერ კიდევ სველი მქონდა მისი ცინგლით (როცა ყელზე მკოცნიდა, მისი ცინგლი ნიკაპზე მეგლისებოდა).

დაღამდა და ფათიზე ვერაფერი გავიგე,. შემდეგ დღეებშიც, როცა ხალხი ქალაქს ტოვებდა, არავის ჩაუვლია ჩემს გვერდით, მისი პირის სურნელი რომ შემოეფრქვია. როცა ქალაქი დაცარიელდა, თვალები არც დამიხუჭავს და არც გამიხელია, უბრალოდ ავტირდი. ფათის დედის საკერავი მანქანის ხმა მომენატრა. იმ დღეს, როცა ქვეყანას მოვევლინე, სამზარეულოდან მოშუშული ხახვის სუნი გამოდიოდა და ფარდა, რომელსაც ქარი არხევდა და ოთახში ფრიალებდა, თავისი არშიებიანი ბოლოებით მელამუნებოდა. მე არ ვიცოდი, რომ კბილები არ მაქვს, რომ მერე სახლის ღია კართან ვეგდები და საათობით, დღეობით, დამწვარი ფინიკის ტოტებს შევაცქერდები.

დროდადრო შაბათებიდან ერთ-ერთს ვხედავდი: ერთი ქუჩიდან მეორეზე გადადიოდა, იქვე ღამდებოდა და მერე იქიდანაც უჩინარდებოდა.

ერთხელ, შებინდებისას, გადმობრუნებული საწოლის უკნიდან, შუა ქუჩაში რომ ეგდო, ძაღლი გამოვიდა და რამდენიმე ნაბიჯზე მომიახლოვდა, მარცხენა თათი მაღლა აეწია. ნატკენი ჰქონდა. ნაცრსფერი გავით ჩემს პირდაპირ კედელს მიეყრდნო. მერე მუცლით მიწაზე გაწვა და ჭრილობა გაილოკა, ჩაწირპლული ქუთუთოებიდან გამომხედა, დრუნჩი თათებში ჩარგო და დაბნელებამდე თვლემდა. როცა ჩამობნელდა, გავა ისევ კედელს მიაყრდნო. ნატკენი თათი ასწია და ნელა გამშორდა. ძალიან შემეშინდა. დილამდე ჩემს თავს ვესაუბრებოდი.

მომდევნო დღეებში ქუჩის სიცარიელე მოთმინებას მილევდა. ვიცოდი, რომ ხელები დამეხა, ჩემი ცისფერი პერანგი კი დღითიდღე ხუნდებოდა.

ერთ ღამეს დიდხანს იწვიმა და ჩემს ქვეშ მიწა აატალახა. წვიმის წვეთები სახეში ჩამდიოდა. წყალმა ჩემს ქვეშაც გაიკვალა გზა. თავი შიგნიდანაც დამისველდა. მზემ როცა გამოანათა, მაშინაც ძლივს გავშრი. ერთხელაც ძლიერი ქარი ამოვარდა და ჩემი ხელი ააფრიალა, ჩრდილის ერთი ნაფლეთი ამ ტროტუარიდან წაიღო და მეორე ტროტუარზე დააფინა. ნელ-ნელა ჩემს ირგვლივ ყველა საგანი გავიცანი. ასფალტი შორს მიიკლაკნებოდა და მოედანთან უხვევდა. კედელზე გაკრული პლაკატიდან ვაჟი თვალს არ მაშორებდა. იმდენ ხანს ვეგდე კეფით მიწაზე, რომ შემეძლო ხიდს ქვეშ მდინარის ხმა გამეგონა, რკინის ჭრიალის ხმაც პირველად წყლიდან გავიგონე. კარგა ხნის მერე დავინახე, რომ ქუჩის სიღრმიდან რკინის მოზრდილი ნაჭერი მოიწევდა.

სახეზე გრძელი მილივით ცხვირი ჰქონდა. მისი რკინის ფეხები მრგვალი იყო და მიწას ხაზავდა. სახესთან ჩამიარა. უკან რამდენიმე კაცი ფეხით მოჰყვებოდა, ქუდები სათლივით ხელში ეჭირათ. ერთმანეთს არ ესაუბრებოდნენ. მხოლოდ ერთი მათგანი, რკინაზე რომ იჯდა, უყვიროდა ყველას. ის ფათივით არ ლაპარაკობდა და არ იცოდა, რომ მე და ფინიკის გაშავებული პალმა მას ვუყურებდით. ქვეითებს ორნი მოჰყვებოდნენ საკაცით, რომელზედაც პირქვე ჩამხობილი კაცი იწვა. მეჩეთის ეზოში შევიდნენ. საკაცე აუზის გვერდით დადეს. თავი აუზში ჩაყვეს, გაგრილდნენ და დასველდნენ. იქვე გაწვნენ. მერე, ისე, რომ საკაცე აღარ წაუღიათ, წავიდნენ. კაცი კი, პირქვე რომ ჩამხობილიყო, ისევე დარჩა. ჩემი აზრით მიწაში იყურებოდა. ხანდახან ვფიქრობდი, რომ მას სამოსს ქვეშ ჩემსავით, გარდა ნაჭერ-ნაჭერი ქსოვილებისა, არც ძვლები, არც სხვა რაიმე უნდა ჰქონოდა. ერთ დღეს, როცა ადამიანები ამ ქალაქში კვლავ დაბრუნდებიან, მას აუზის გვერდიდან აუცილებლად ააყენებენ. ამას ვამბობ, რომ იცოდე, სად ვაგდივარ.

შენ გეუბნები, ფათი.

 

გვერდის მისამართი : ბიბლიოთეკა / პროზა / ნაჯდი ბიჟან / ჩემი ღილის თვალები