ნინოშვილი ეგნატე

 

გოგია უიშვილი

 

 

 

– იი ეკუცია კიდევ ჩამოუყენებიათ სოფელში! დღეს ნაცვალმა ჩამოირბინა და გამოაცხადა: კომლმა თითო თუმანი უნდა შემოიტანოს ეკუციის ხარჯით. შეშა, თივა, სიმინდი კიდევ სხვააო! – გულგატეხილის კილოთი უთხრა მარინემ თავის ქმარს, გოგიას, როცა ეს უკანასკნელი სამუშაოდან საღამოს შინ დაბრუნდა.

– კიდევ ეკუცია! ხომ არ გადირიე, დედაკაცო. კიდევ ეკუცია რომ ჩამოგვიყენონ, ფუტი გაგვიცივდება! – სთქვა გოგიამ და სახეზე დაღრეჯილობა დაეტყო.

– მე რომ მიწყრები, ჩემი ბრალია თუ! უსაყვედურა მარინემ ქმარს.

ახლა ერთი შენც დაიჩემე! გიწყრები! მიხთი, ადამიანო, იმას გიჩივი, რომ ვეტყოდი იმ ოჯახდაქცეულს-ახლა ნადელის ფული, ახლა ხუცის ფული, ახლა ფოშტის ფული, ახლა გზის სამუშაო და რა ვიცი, ათასი ჯანაბა უნდა გადაიაროს ამ ჩვენ ზურგზე! ამასაც აღარ დაგვაჯერეს, თქვენში ავი კაცები ბუდობსო, ასწიეს შარშან და ეკუციით დაავსეს ჩვენი სოფელი. ახლა ეკუციაო! ბარემ ამოგვხადონ სული-თქვა, ვეტყოდი! – ამ სიტყვებით გოგია მიუჯდა ცეცხლიპირს მწარედ ჩაფიქრებული.

გოგია, გვარად უიშვილი, ორმოციოდე წლის გლეხი იყო. შავგვრემანი, მოხმელო, ულამაზო პირისახე მუდამ მოღუშული და ნაღვლიანი ჰქონდა; უსწორმასწორო გაბურძგნულ შავ წვერ-ულვაშში საკმაოდ გამორეოდა ჭაღარა; მსხვილი, გაუხსნელი წარბები მეტისმეტ სასტიკ შეხედულებას სდებდა მის სახეს. გოგიას მამამ, რომელსაც თავისი სიყმაწვილის და ვაჟკაცობის დღენი ბატონის სამსახურში ჩაელია, რადგანაც მის დროს ბატონყმობა იყო, სიკვდილის შემდეგ, თავის სამს ვაჟს (გოგიას და მის ძმებს) სამემკვიდროდ დუტოვა: ერთი პატარა ფიცრული ძველი სახლი, ერთი ნალია, ერთი ფაცხა და შვიდი დღიური საბეგრო, ანუ როგორც ეძახიან, სანადელო მიწა. აი ამ ყოფა-ქონების მესამედი ნაწილი შეხვდა გოგიას, როცა ძმებს გაეყო. მართალია, გაყოფის შემდეგ სახლი გოგიას შეანარჩუნეს ძმებმა, რადგანაც გოგია მათში წლოვანებით უფროსი იყო, მაგრამ სამაგიეროდ ნალია, ფაცხა და წვრილმანი, ავეჯ-სამკაული, რაც კი რამ ებადათ, გოგიას ძმებს დარჩათ თავიანთ წილ სახლის ფასში. რა თქმა უნდა, რომ ასეთი ღატაკი ოჯახის ფეხზე დაყენება ადვილი არ არის, მაგრამ გოგია და მარინე, როგორც ყმაწვილნი და ჯანიანი გლეხნი, დიდი იმედით და ხალისით შეუდგენ საქმეს. „რა ვუყოთ, ახლა ღარიბები ვართ მარა ხელს გავანძრევთ, გევირჯებით და ჩვენც ტკბილი ცხოვრება გვექნებაო”. თავდაპირველად დაბრკოლებაც ვერ აშინებადა ამ ყმაწვილ ცოლ-ქმარს. „რა ვუყოთ, დღეს არა, ხვალ მაინც კარგად წავა ჩვენი საქმეო, ” – ფიქრობდენ ისინი და გულმაგრად ებრძოდენ ყოველგვარ დაბრკოლებას. გოგიამ ფიცრებიც დათვალა, ოდა უნდა ავაშენოო, მაგრამ ხანი გადიოდა და “ტკბილი ცხოვრება” კი არსად იყო გოგიას ჯალაბისათვის. პირიქით, რაც დღე გადიოდა, მით უფრო და უფრო ძნელი ასატანი ხდებოდა მათთვის ცხოვრების ტვირთი: მიწა ცოტა ჰქონდათ, როგორც ვსთქვი, ისიც საბეგრო. გადასახადი დღითი დღე ემატებოდა; ამასთან, ხუთი წვრილშვილი მიეცათ და, სხვა რომ არა ვსთქვათ, ამ ხუთი ბავშვის რჩენაც არ იყო ღარიბი გლეხისათვის ადვილი საქმე. „იი დასაქცევი დღით და ღამით არ ვისვენებ, ჩემი ოფლი მიწას ერთვის და მაიანც რომ არ იქნა, რაც არ იავა, წინ არ წეიწია ჩემი ცხოვრებაო”, – დაიწყო გოგიამ საჩივარი თავის თავზე ბოლოს და ბოლოს, რა რომ მეტისმეტად გაუმძიმდა ცხოვრების ტვირთი. გავიდა კიდევ რამდენიმე ხანი, გოგიას აგერ წვერში ჭაღარა გამოერია და მისი წინანდელი საჩივარი ხვედრისადმი ეხლა თავმობეზრებულ ადამიანის საჩივრად შეიცვალა: „სიკვდილი ჯობია ჩემ სიცოცხლესო”, – ამოხდებოდა მას ხშირად გულიდან ოხვრასთან ერთად.

– ნუ სცოდავ ღმერთს, ნუ! მკდარი არა, ცოცხალი ვართ აგერ, დღით და ღამით ვმუშაობთ და მაინც ვერ დაგვიპურებია ბაღნები! რა ვუყოთ, საცთელი ჩვენ არ დაგვიკლია და თუ ვერ ვიხეირეთ, ალბათ, ასთე ყოფილა ჩვენი ბედისწერა, მარტო ჩვენ ხომ არ ვართ ასე, ყაძახს ასში ერთს ვერ ნახავ, ჩვენზე უკეთესად იყოს. ქვეყანა იმ დალოცვილ ღმერთს ჩვენთვის არ დუულოცავს! – ეტყოდა მარინე თავის ქმარს, როცა თავის თავზე საჩივარს გაუგონებდა, მაგრამ თვითონ მარინეც კი ხშირად სწყევლიდა თავის ბედს და გაჩენას.

– ვითამ ძაან მანუგეშებ ამ სტყვებით! მეც ამას არ ვტირი, რომ ასე უსაბუთოთ არის ჩვენი ცხოვრება-მეთქი! – მიუგებდა თავის მეუღლეს გოგია უკმაყოფილოდ.

მართლა და რა ნუგეში შეიძლებოდა გოგიასთვის, როცა ის ცხადად ხედავდა თავის მდგომარეობას: მუდამ მოუსვენარი ხარივით შრომა, ოფლის ღვრა, ჭაპან-ღლეტა და მაინც ცოლ-შვილი შიშველ-ტიტველი, ხშირად მშიერიც; მიწა-მამული მის ბარაზე არსად მოიპოვება, ნაბატონარი საბეგრო მიწას გარდა: გადასახადი დღითი დღე მატულობს, უფროსი, მებატონე, მღვდელი, მამასახლისი, ასე გასანჯეთ, ნაცვალიც კი მას უწყრება და იჯაბნებს. სახსარი ცხოვრების გაუმჯობესებისა არსად სჩანს, ნუთუ არ დაღონდება და არ მოსძულდება თავი! მისი ფიცრები, რომლითაც ოდის აშენებას ფიქრობდა, კარგა ხანია მას შემდეგ, რომ გაყიდა სხვადასხვა გადასახადის დასაკმაყოფილებლად. გადასახადში წაართვეს მარინეს მზითვი: ნოხი, ფარდაგი, სპილენძის ქვაბი და ის ქისეიას კაბა, რომელიც გოგიამ ჯვარის დაწერის დროს უყიდა მარინეს. რიგიანი საჭმლის უქონლობა და უსაცმელობა ანუ, როგორც თითონ გოგია იძახდა, „გლახათ ყოფნა” ხშირად აჩენდა გოგიას ოჯახში ავადმყოფობას. მეტადრე ერთ ზაფხულში გოგიას ცოლ-შვილს გაუჩნდა სნება და ერთი ბავშვი მოუკლა; სხვები თუმცაღა გადარჩენ სიკვდილს, მაგრამ ერთი ბავშვი კი დამუნჯებულიყო ავადმყოფობისაგან და მას შემდეგ ისე მუნჯად დარჩა. აი ასეთმა უნუგეშო მდგომარეობამ შეაძულა გოგიას სიცოცხლე და ანატრებია სიკვდილი; ამიტომ უჩიოდა ის ცას და ქვეყანას. ხშირად ისეთ რამეებსაც ლაპარაკობდა, რომ მაყურებლები ამბობდენ – ადგილზე რომ მიაწიოს ამ სიტყვებმა, გოგიას უციმბიროდ არ დაარჩენენო. ერთხელ ეკლესიაზე რაღაც ლაპარაკი ჩამოვარდა, გოგია ჩაერია ლაპარაკში და ისეთი რამეები წამოროყა, რომ მღვდელი ოქმის შედგენას უპირებდა. თუ ხალხს არ ეთხოვა მღვდლისათვის – შეუნდეთ, ესეთი უსტავლელი, ბრიყვი კაცია, არ გაეგება რას ლაპარაკობსო, – მღვდელი სისრულეში მოიყვანდა კიდეც თავის განზრახვას. ასევე მოუვიდა გოგიას სოფლის სასამართლოში: წამოროშა ისეთი სიტყვები, რომ გოგიას სიმამრს კარგი ძღვენი დაეხარჯა მამასახლისთან – აპატიე ჩემს სიძეს, ნუ მოახსენებ მთავრობას მის ნათქვამსო.

– მერე კალანდამდი უნდა გადიხადო ერთი თუმანიო? – ჰკითხა გოგიამ თავის ცოლს კარგი ხნის ფიქრის შემდეგ.

– ამ სამ დღეში ვინც არ შემოიტანს, მოთხრიანო, უპასუხა ცოლმა.

– ღმერთი მის ოჯახს ააშენებს ისე! ზავოტი მაქ, თუ სავიშონო ასე ელანძე თუმანი! ნაკალანდევსაც კი მიირთუმენ, თუკი ვიშოვნიდე! თუმანი! ძაან ადვილი კი გონიან იი თუმანი! მთელი ზამთარი რომ ვიმუშაო, ერთ თუმანს ვერ ევიღებ. არ ეყვენ, შარშან რომ დაგვაძვრეს ტყავი! ფირალი გეიქცაო! რა ვქნა მე, რომ გეიქცა! არა, მე სადაური ფირალის გამაქცევარი ვარ! თუ გაქცევა შემეძლოს, ჩემ თავს გავაქცევდი და გადავრჩებოდი ამ წვალებას! მარა იმ მამასახლისის და მწერლის ბრალიცაა. აიო და ეკუციის ხარჯიაო, ათარეშებენ ქვეყანას და ნახევარს თავის ჯაბაში იტენენ თითონ იგინია ცუდები, რომ კაცი იყოს! მარა ჩვენ ჭკუაზე რომ აღარავინ ამგვარჩევია აღარც მწერალი და აღარც მამასახლისი! რა გონია, თითონ აქცევენ იი ფირალებს, მერე აიო და ფირალებიდან უნდა დაგიფაროთო, ტყავს ქე გვაძრობენ! იმდონობას ვერც ფირალი გვიზამდა და ვერც სხვაი! გადასახადი აღარ მეყოფოდა! წელში გავწყვედილვარ გადასახადით და ახლა აგიც მეიგონეს! ბარემ ამოგვხადონ სული და იგია! – ამბობდა გოგია ბრაზმორეული და ძალზე სწევდა თუთუნს მოკლე ღერიანი ჩიბუხით.

– რა ვიცი, ასე კი დაგვიმოწმა იმ ენა ჩასავარდნმა და! სთქვა მარინემ ნაღვლიანად.

– ახლა რა ვუყო, რომ დამიმოწმა! კალანდის გათენებას აღარ მაცლიან თუ! კალანდას გევითენებ და მერე... ვითომ მერე რაი, თუმანი ან მერე სა იშონება ჩემგან! – დაღონებით სთქვა ბოლოს გოგიამ და დადო გული იმაზე, რო „კალანდამდე სამი დღე რჩება, ამ სამ-ოთხ დღეში ვერ მოგვთხრიან და მერე სამე ვეცდები, გავახერხებ და გადავიხდიო”.

II

ახალი წლის წინა დღე იყო, თუმცაღა წინღამით თოვლი მოდიოდა, მაგრამ იმ დილას კი ცა მოიწმინდა. ღონემიხდილი ზამთრის მზე ზარმაცად ამოჩოჩდა მქისედ მოკრიალებულს ლურჯ ცაზე და თოვლით დაქუნთულ ხეებთ შუა ნელ-ნელა აძვრენდა თავის სხივებს. გოგია უიშვილი იჯდა თავის სახლში და, თითქო ყოველივე ჯავრი და ნაღველი დავიწყნიაო, მხიარული, წარბგახსნილი, ხან თავის ცოლს ებაასებოდა და ხან ბავშვებს ეალერსებოდა. გოგია კმაყოფილების მიზეზი, ალბათ, ის იყო, რომ საკალანდო პურღვინო და ნამზადისი უკვე მზად ჰქონდა. მარინე, რომელსაც ღვთის მოწყალებად მიაჩნდა თავის ქმრის პირისახეზედ დანახული ღიმილი და კმაყოფილება, ბედნიერად სთვლიდა ამ დილას თავის თავს, თითქო თხუთმეტ-თექვსმეტი წლის ქალიაო, ისე სიცილ-კისკისით აცხობდა საკალანდო ხაჭაპურებს. გოგიას ბავშვები, რა თქმა უნდა, მერცხალსავით ჭიკჭიკობდენ და ცელქობდენ. კალანდა თენდებოდა ხაჭაპურები ცხვებოდა, მსუქანი ღორი და ქათმები უნდა დაეკლათ, ამასთან თავიანთ მშობლებსაც მხიარულს ხედავდენ და ამაზე მეტი ბედნიერება იმათთვის რაღა იქნებოდა! მეტადრე ერთ საქმეში იყო პატარა ორწლინახევრის ქალი, თებრო: ხან დედასთან მივიდოდა და დაუწყებდა ყურებას და ტიკტიკს: “ნენა, დიდი პული კიდევ გააკეთებ! სულო, სულო!...” ხან მამას ეხვეოდა და ეუბნებოდა: “ბაბა, ხვალ კალანდაია, მე ალ დევიძინავ...” და სხვა. “ჰო, ბაბა, კალანდაა. წმინდა ბასილი მობრძანდება, პური, წიწიეი, ჩიჩილაკი, ყოლიფერი გვაქ, ღვთის მოცემული. მე დილას თოფს ვისვრიო”, – ეუბნებოდა ალერსით გოგია თავის პატარა ქალს. აი ასეთი საყოველთაო მხიარულება იყო ხსენებულ დილას გოგიას პატარა, მჭვარტლით გაშავებულს, ფიცრულა სახლში, იმ სახლში, რომლის ავეჯ-სამკაულს შეადგენდენ ქვემოთ ჩამოთვლილი ნივთები: ოღრო-ჩოღრო ფიცრის ტახტზე ეწყო ჭილობი, ძველი ჭუჭყიანი ლები, ასეთივე საბანი და ბალიში (მუთაქის მაგიერად კი ხის ძირკვი იდო); ქვედა კუთხეში ერთმანეთში არეულიყვენ ერთი დიდი და ერთი პატარა თუჯის ქვაბები, ქვის კეცი და ორი პირმოტეხილი დოქი; იქვე თაროზე ეწყო ათი-თუთხმეტიოდე ხის ჯამი, ხისვე ფილი და გობი; ზევით კუთხეში ერთ მხარეს ეგდო ცული და წალდი, მეორე მხარეს იდგა ერთი დიდი და ერთი პატარა გოდორი; საცეცხლურზე ეკიდა მჭვარტლისაგან გაშავებული ხის კავი. აი ამით თავდებოდა გოგია უიშვილის სახლის ავეჯეულობა. ამათ ახლა მომატებოდა ჩიჩალაკი, რომელიც სახლის ერთი საკმაოდ ბნელი კუთხიდან მოხუცის თეთრ წვერივით მოჩანდა. ჩიჩილაკთან ეკიდა თოფი, რომელიც გოგიამ თავის სიმამრისაგან ითხოვა, „კალანდას, დილით გავისროლიო”. რა რომ ლაპარაკით და ალერსით გული შეიჯერა, გოგიამ უთხრა თავის ცოლს:

– აბა, მარინე, ერთი შენ წყალი ამიდუღე და ბარემ მოვრჩეთ იმ ქათმების და ღორის დაკვლას.

– რა იქნა, კაცო, რა გაჩქარებს? ყოველთვის სულწასულობა რავა იქნება! მეიცაი, აგერ ხაჭაპურს ვაცხობ, აგი შეჭამე და მერეც მიესრობი საქმეს, – ტკბილად უპასუხა ქმარს მარინემ და შეაბრუნა ცეცხლის პირას აყუდებულ კეცზე მდებარე ხაჭაპური, როელიც აქა-იქ სიმხურვალისაგან გახეთქილიყო და შიგჩართული ყველის ერბო მადის აღმძრავად ცეცხლისაგან გაყირმიზებულიყო პურის კანზე.

გოგიამ დაუჯერა რჩევა თავის მეუღლეს. ხაჭაპურის გამოცხობამდე გადადო ქათმების და ღორის დაკვლა. ის ეხლა დროს გასატარებლად მოჰყვა ძარის და საღორის დათვალიერებას და როცა გაათავა, სიამოვნებით გაუზიარა თავისი კმაყოფილება მარინეს:

– ძაან კი გუუწითლებია და გადმოუუბრუნებია დუდი იმ ჯაჭვედა დედალს! იი ყვერულიც ძაან მსუქანი უნდა იყოს! საწყლები! სულ ორი საათის სიცოცხლე არ დარჩენიათ!.. ძაან ცოდვა კი უნდა იყოს, მარინე, ამდონ სულდგმულს რომ ხოცავს ადამიანი!

– ცოდვა? რა ვიცი, ღმერთს ასე გაუჩენია და ჩვენი რა ბრალია, – უპასუხა მარინემ.

– სხვაფერ რომ გეეჩინა იმ დალოცვილს, უკეთესი იქნებოდა. აბა, ერთი იფიქრე, უნდა წამოვაქციო იმსისხო ღორი და დავკლა! მერე არ იტყვი, რავა ემწარება საცოდავს სიკვდილი! ცა უწევს იმის ჭყვირილი! – ჩაფიქრებით სთქვა გოგიამ და მერე შესცვალა ლაპარაკის საგანი: – ძაან მარჯვეთ ვიყავით, მარინე, წრეულს! ასე ადვილად უწინ ვერ ვახერხებდით საკალანდო პურ-ღვინოს. აი, წმინდაო ბასილე, თუ გამიმართლო საეტლოის სიტყვა – ბოლო ჟამს კაი ცხოვრებაო, რომ მიწერს! აი, ღმერთო, თუ ამ კალანდიდან მოწყებული წაღმა შეატრიალო ჩემი იღბალი! – სთქვა გოგიამ და თვალები იმედიანად გაუბრწყინდა.

– დეილოცა მისი დიდება, რაც დროია, ჩვენისთანა საწყლისკენაც გადმეიხედავს და მოგვცემს ტკბილ ცხოვრებას, – იმედიანათვე უპასუხა ქმარს მარინემ.

– აგია, მარინე, რომ იტყვიან გლეხი კაცი სიხარულში მოკვდებაო. ერთი ფუთი ყირიმული პური ვიშონეთ საკალანდოთ და ქვეყანა ჩვენი გვგონია, – ნაღვლიანის სიცილით უთხრა გოგიამ თავის ცოლს და დაუწყო ყურება ხაჭაპურს, რომელიც ის იყო, გამოცხვა კიდეც და მარინეს უნდა გაენაწილებია ქმარ-შვილებისათვის, რომ ამ დროს გარეთ გოგიას ერთგულმა ძაღლმა წავიამ გააბა გაცხარებული ყეფა, რომელიც საჩქაროდ შესცვალა საზარელ კივილზე.

– კაცო, ვინცხამ ძაღლი მოკლა! წამოიძახა გაკვირვებით მირინემ.

– გოგიავ, გოგია! – მოისმა ამ დროს გარედან.

– უი, ნაცვლის ხმაია! – სთქვა მარინემ და სახე გაუფითრდა.

– ახლა ნაცვალს რა ხელი აქ, კალანდა, ასე ითქმის, აგერ გათენებულია! – სთქვა მარინეზე არა ნაკლებ გაფითრებულმა გოგიამ და წელმოწყვეტილი მივიდა კარებზე, რომელსაც ამ დროს, ის იყო, მეორე მხრიდან მოადგენ ნაცვალი და ექვსი ყაზახ-რუსი, ჭიშკართან ეგდო დაჭრილი წავია, სასიკვდილოდ ხრიალებდა და ჭიმავდა ფეხებს.

– გოგიავ, ძაღლათ ჩამაგდე თუ რა არის აგი, თუმანი ჩამეიტანე კანცელარიაზე და შეშის საზიდავად ჩამოდი-მეთქი, გუშინღამ დაგიმოწმე შინ და ახლა მაინც მეორეჯელ მომათრიე აქანაი! – მე – მე ვარ, მარა ამ რუსებს რა პასუხს აძლევ? ერთი ძროხა არ გეყოფა დღეს სადილათ! – ჩქარი, შეწუხებული ხმით უთხრა ნაცვალმა.

– ივანე, რავა ჩივი, თუმანი ასე ადვილი საშონელია ჩემგან! სამ დღეს არა, სამ თვეს ვერ ვიშონი ერთ თუმანს... – გოგიას კიდევ რაღაც უნდა ეთქვა, მაგრამ ნაცვალმა გააწყვეტია.

– ვერ ვიშონიო, ამ რუსებთან არ გაგივა, ძალა აღმართს ხნავსო ხომ გაგიგონია? გაშონინებენ. ჯობს ულაპარაკოთ მოგვცე, ლაპარაკს ძაანს ხუობენ!

ჩემი ბაღნების დამკვლელი ვიყო, ივანე, თუ ერთი გროში გამაჩთეს! ქენი კაცობა, ამ კალანდის გასტუმრება მაცალე, მერე სადმე საქირაოს წავალ და გადვიხთი, – შეეხვეწა ნაცვალს გოგია.

– გეყურება, შენ ზღაპარს ჩივი მგონია! რომელი საქირაოზე წასვლაა! ქვეყანას თხრიან და ატირებენ და შენ რას ჩივი! ფული თვარ გაქ, სხვაი რამე მოგვეცი: ღორი, ქათმები და სხვა.

– სად მყავს, კაცო? იი ნაზარდაი ზამხულზე მგელმა შემიჭამა. ქათმები, ხომ იცი, რა ქათმის ჭირი იყო, დამეხოცა. მარინემ დიდი ცოდვილობით გაახერხა საკალანდო, იმას ხომ ვერ მოგცემ!

– ჰა, ჰა, ჰა, ჰა!.. გიჩივი, ქვეყანას თხრიან და ატირებენ-მეთქი და შენ კიდევ შენი კალანდა გახსოვს? მორჩი, მოგვეცი ჩქარა, თვარა შენს კალანდას ოხრად მოგიქცევენ!

გოგია გაშეშდა და სიტყვას ვეღარ იღებდა.

– რას შობი, გადარჩი! შენისთანაი კიდევ გვყავს სხვაიც, ნასადილევს იქინეი უნდა წავიდეთ, – განუმეორა ნაცვალმა.

– ივანე, ღმერთს შეხედე, ქრისტიან კაცი ვარ, გიჩივი არა მაქვს-მეთქი, – თითქმის ტირილით უპასუხა გოგიამ.

ნაცვლის ამხანაგებმა ვეღარ მოითმინეს ეს გაგრძელებული საუბარი ნაცვლისა და გოგიას შორის და წყრომით შესძახეს:

– რა ბევრს ლაყბობთ! ნებით არ გვაძლევს, ძალით გავხიბაკავთ! ამ სიტყვებით ისინი გაექანენ სახლში შესასვლელად.

– მომხთომიხართ, ძაღლი მომიკალით და ახლა სახლი უნდა გამიგლიჯოთ! მე თქვენ გაჩვენებთ სეირს! – შეჰყვირა გოგიამ და ჰკრა გულზე ხელი ერთ ყაზახს, რომელიც ამ დროს სახლში უნდა შესულიყო.

ყაზახი წაბორძიკდა უკან და დაეცა. გოგიამ დააპირა, – მივირბენ, თოფს ავიღებ ხელში და იმით დავხთებიო, მაგრამ ამდენი აღარ აცალეს: თანისთან მოიღო მის თავზე ხმლის ყუამ ხათქახუთქი; ვაიო, შეჰყვირა საბრალომ და დაეცა მიწაზე. სისხლმა ამოხეთქა გატკლეცილ კანიდან და რამდენიმე წამის განმავლობაში გოგიას მელანივით შავი თმა წითელ ბურთს დაემსგავსა. მარინემ, რომელიც აქამომდე კარებს ეფარებოდა, დაინახა ყოველივე, რაც მოხდა, საშინელის წივილით, მომკლეს, მომეხმარეთო, გამოვარდა გარეთ, მივარდა ნაცვალს და უნდოდა ერთი ფრჩხილებით მაინც დაეკაწრა, მაგრამ საბრალო ქალი შეიპყრეს ყაზახებმა და მისცეს ხელში ერთ თავის ამხანაგს; ეს ამხანაგი არაყგადაკრული იყო; დაინახა თუ არა მარინეს ლამაზი სახე (მარინე ჯერ კიდევ მოუხუცებელი და საკმაოდ ლამაზი იყო), დაუწყო ძალად კოცნა. მარინე ჰკიოდა, წიოდა, ცას და ქვეყანას სთხოვდა შველას, მაგრამ მშველელი არავინ ჩანდა. გოგიას ბავშვები ზოგი იქვე ჰკიოდა და ჩხაოდა შიშისაგან გულგახეთქილი და ზოგი იმალებოდა. წივილ-კივილზე მოვიდა რამდენიმე მეზობელი, მაგრამ რა, ყველა თავის ტყავს უფრთხილდებოდა.

არ გასულა ამის შემდეგ ნახევარი საათი, რომ ბაწრით გაკოჭილი გოგია ნაცვალს და ყაზახებს ჩაეყენებიათ შუაში და მიჰყავდათ უფროსთან წასადგენათ. ამათ უკან მიჰყეებოდათ გოგიას საახალწლო ღორით და ქათმებით დატვირთული რამდენიმე გლეხი. ამ გლეხებს შორიახლო მისდევდა მტირალი მარინე.

მართალია, ნაცვალს არ უნდოდა გოგიას წაყვანა, რადგანაც გადასახადში ის იყო ღორი და ქათმები წაართვეს და ამასთან საკმაოდაც სცემეს ყაზახებმა გოგიას, მაგრამ ამ შემთხვევაში არ იქნა შეწყნარებული ნაცვლის აზრი მისი ამხანაგებისაგან.

– ეს ბრძანების წინააღმდეგია, ჩხუბიც დაგვიპირა! უეჭველად უნდა დაისაჯოსო. – სთქვეს ყაზახებმა და გაიგდეს გოგია წინ მათრახის ცემით. გოგიას ერთი მეზობელი მოხუცი კაცი შეეცადა, სთხოვა ნაცვალს და ყაზახებს გოგიას გათავისუფლება, მაგრამ, როცა ყაზახებმა მათრახი დაანახვეს, გაკმინდა ხმა.

III

ერთ უღობო, ვაკე მიდამოში იდგა ყავრით დახურული დიდი ფიცრის სახლი. ეს იყო სოფელი ა-ის სასამართლო, ანუ, როგორც იქაურები ეძახდენ, კანცელარია. ახალი წლის გათენებას რამდენიმე დღე უკლდა, რომ ამ კანცელარიას ესტუმრენ მაზრის უფროსი, პოლიციის ბოქაულები და ყაზახ-რუსები. მიზეზი ამ დაუპატიჟებელი სტუმრების მობრძანებისა ის იყო, რომ ა-ის სოფლის საზოგადოებას მთავრობა აბრალებდა ფირალების დევნაში გულგრილობას. რამდენიმე საათის განმავლობაში მთელ სოფელს მოედო ამბავი, ეკუცია (ეგზეკუცია) კიდევ ჩამოგვიყენესო. ამ ამბავმა ა-ის მკვიდრთ შიშის ჟრუანტელად დაუარა ტანში; მათ გასულ წელში ენახათ გემო, თუ რა იყო ეს ეკუცია, გასულ წელში მოაოხრა ეკუციამ მათი სოფელი; მაშინდელი დაზიანებული, ჯერეც ვერ გამართულიყო ხალხი წელში და ახლა კიდევ იგივე მოელოდათ!

უფროსმა დაჰყო რუსები და ერთი ნაწილი დააყენა იმ იჯახებში, რომლებზედაც იჭვი ჰქონდა მიტანილი – ყაჩაღებს ინახავსო, და აგრეთვე იმ პირებისას, რომლებსაც რაიმე ნათესაობა გააჩნდათ ფირალებთან. თითონ უფროსი, ბოქაულები და დანარჩენი რუსები კი ჯერჯერობით სოფლის კანცელარიაში იყვენ ჩამომხტარნი, გარდა მაზრის უფროსისა, რომელიც თადარიგის მიცემის შემდეგ მაზრის ქალაქში უნდა წასულიყო: რამდენიმე დღის შემდეგ ესენიც სოფელში, აქა-იქ მოსახლე კაცებისას აპირებდენ ჩამოდგომას და იქ უნდა ეცხოვრათ, სანამ ფირალებს ხელში არ მოიგდებდენ. იმ დღიდან მოწყებული, რაც მაზრის უფროსი მობძანდა, კანცელარიაზე აუარებელი ხალხი ტრიალებდა ყოველ ცისმარა დღე: ზოგს უფროსის და მისი ამალის ხარჯი მოჰქონდა, ზოგს – შეშა, ზოგს ყაზახების ცხენებისათვის თივა და სიმინდი, ზოგს ეკუციის ხარჯის ფული მიეტანა და ეხვეწებოდა მწერალს და მამასახლისს – კვიტანცია მიბოძეთ, ხელახლა არ გადამხდესო. მაზრის უფროსი, რომელსაც ასე ხშირად მიჰყავდა სოფლებში ყაზახები ფირალების დასაჭერად, მაგრამ ფირალები მაინც ვერ დაეჭირა, მეტად ცუდ გუნებაზე ბრძანდებოდა. ის იბარებდა მამასახლისის და მწერლის მიერ დასახელებულ საეჭვო და შენიშნულ პირებს, ზოგს მათგანს სატუსაღოში გზავნიდა და ზოგზე კი მათრახით და წკეპლით ყრილობდა ჯავრს. ნამეტურ იმან გააცხარა უფროსი, რომ მისი იქ ყოფნის დროს ორი ბიჭი კიდევ გავარდა სოფელ ა-დან ფირალად. არა, აჯანყებას აპირებენ, სწორეთ აჯანყებას! ამათ ტყავი თუ არ დავაშპე, ისე არ იქნებაო, ამბობდა ბრაზმორეული უფროსი.

შუადღე იქნებოდა, რომ ნაცვალმა და ყაზახებმა მიაღწიეს ა-ის კანცელარიას და მიიყვანეს ბაწრით გოგია უიშვილი.

– მამასახლისო, მომთხარეს, დამაქციეს, გამლახეს! მიპატრონე, თუ სამართალი გაქ, მიპატრონე! თვარა შენი თვალის წინ დევიკლავ თავს! – დაიწყო გოგიამ ყვირილი კანცელარიაზე მისვლისთანავე.

ნაცვალი და ყაზახი პირიქით გოგიას აბრალებდენ დანაშაულს, – ბრძანების წინააღმდეგობას და ყაზახების ხელით შეურაცხყოფის მიყენებას. 

 

1 2
გვერდის მისამართი : ბიბლიოთეკა / პროზა / ნინოშვილი ეგნატე / გოგია უიშვილი