ნინოშვილი ეგნატე 

 

მოსე მწერალი       

 

 

I

 

ვინ მოსთვლის, რამდენი ვაი-ვაგლახი და შავი დღე გამოიარა უნათლოშვილის ქვრივმა ბაბალემ, მინამ თავის ორს ვაჟს, სოფონას და ოქრუას, გამოზრდიდა. ჯერ კიდევ ოცდასამი წლის ჯანსაღი ქალი იყო ბაბალე, რომ დაქვრივდა; შეეძლო მეორეთაც გათხოვილიყო, ქვრივ-ობლობის ვარამს ასცდენოდა; ვინ იცის, იქნება მეორე ქმრის ხელში კეთილი ცხოვრებაც ჰქონოდა, მაგრამ ყოველივე ეს უარჰყო ბაბალემ. სიღატაკე, ყანაში მუშაობა, მოხელეებისაგან სახელმწიფო და სხვა გადასახადებისათვის ლანძღვა-გინების ატანა არჩია და თავის მცირეწლოვან ვაჟებს კი არ მოშორდა. სამაგეროდ დაუჯილდოვებელიც არ დარჩა ბაბალეს ღვაწლი: სოფონა და ოქრუა ისეთი დარდიმანდი ბიჭები გამოვიდენ, რომ იმ მუხუროში იშვიათად მოიპოვებოდა მათი ბადალი. უფროსმა, სოფონამ, ცოლი შეირთო და აგერ სამი შვილის პატრონი კაცი გახდა. ბაბალეს ისე უყვარდა შვილისშვილები, რომ თვალში ჩავარდნოდენ, ხელს არ მოისვამდა. შვილები და რძალი ბაბალეს აღარა რჯიდენ. ახლა ბაბალე მხოლოდ იმ საქმეს აკეთებდა, რომლის გაკეთებაც თვითონაც ეხალისებოდა და სიამოვნებას მოუპოვებდა. დანარჩენ დროს ბადიშების ალერსში ატარებდა. მართალია, იმ აუარებელი შრომა-ტანჯვისაგან, რომელიც მას გადახედოდა თავის ობლების გამოზრდაზე, ბაბალე ცოტათი მოტყდა, მოიხარა, მაგრამ, სულიერად კმაყოფილი, ის არც კი იმჩნევდა ფიზიკურად დასუსტებას, გული ისევ ყმაწვილი ქალივით მხნე და გაუტეხელი ჰქონდა.

– დეილოცა მისი დიდება! ღმერთმა არ დამიკარქა იმდენი ღვაწლი! დიდი ჭირი გადამხდა, ბევრი შავი დღეი გამევიარე, მარა სამაგიეროდ ბოლოს კი შევიქენი ბედნიერი. ჩემი შვილები მე კი არა, თავადის ქალს ეკადრება შვილებათ. გურიაში ყაძახის შვილი ჩემ შვილებს წინ ვერ დუუდგება! – ამბობდა სიხარულით ბაბალე.

მაგრამ აგერ გაჩნდა ოჯახების აწერა, გაისმა ხმა: სალდათობა იწყება ჩვენ ქვეყანაშიცაო, და შეშფოთდა ბაბალე.

– ნეტაი არ მომეწია ამ დღემდე! თლათ ჩვენი მუხურო რომ დატიონ, თვალს რომ შეავლებენ ჩემ შვილებს, აღარ შემარჩენენ! სხვაი რომ არა, მარტო თვალტანადობის გულიზა წეიყვანენ სალდათათ. ჩემდა საუბედუროთ გამოვიდენ ჩემი შვილები იმისთანაი კაი! – წუწუნებდა შიშისაგან თავზარდაცემული ბაბალე, – დავმალო, სად დავმალო?! მტერი ჩაასმენს, თვითან რომ ვერ შეიტყონ. უმტერო ვინ არის ქვეყანაზე! რა მიწაში ჩავიდე, რა ვქნა?! ორივეს თუ არა, ერთს მაინც წამართმევენ! რა უჭირდა იმ დალოცვილ ღმერთს, აქამდი არ მოვეტანე!

ასეთი ფიქრებით ატარებდა ბაბალე დღე და ღამეებს მას შემდეგ, რაც საოჯახო სიების შემდგენელმა, სხვათა შორის, დაიბარა ბაბალე და მისი შვილები სოფლის კანცელარიაზე და ჩასწერა ვეებერთელა რვეულში.

შემდეგ, როცა ყმაწვილკაცობა მიიწვიეს სამხედრო ბეგრისთვის, ბაბალეს ერთი ციებ-ცხელება აუტყდა: დღეს არა, ხვალ ჩემ შვილებსაც წაიყვანენო. ამიტომ ხან მამასახლისთან დარბოდა და ეხვეწებოდა, მიშველე რამეო, ხან მწერალთან, ხან მღვდელთან და ვინ მოსთვლის, ვისთან არა. ყველა აიმედებდა ბაბალეს:

– ნუ გეშინია, უფროს შვილს არ წაიყვანენ ერთი იმიტომ, რომ უფროსია, მეორე წლოვანებითაც წაყვანის ვადა გასული აქვს; უმცროსი კი ჯერ არ არის იმდონი წლისა, რომ წაიყვანონ; სინამ წლოვანი გახდება, ბარე ორი-სამი წელი გაივლის და მაშინ კიდევ ვინ იცის, შეხვდება თუ არა ბეგარა, რადგან ლატარიით არის შეხვედრა და არშეხვედრა.

ბაბალე კი მაინც ვერ ნუგეშობდა. დღით თვალი ეჭირა ჭიშკრისკენ: მოვლენ და წაიყვანებენ ჩემს სოფონას ან ოქრუასაო.

მაგრამ გათავდა ეს პირველი დაბარებაც სამხედრო ბეგრისთვის და ბაბალეს ვაჟები არავის მოუკითხავს. ახლა კი ბაბალემ თავისუფლად ამოისუნთქა და, ცოტა არ იყოს, ყვედრებაც დაუწყო თავის თავს:

– რა ვიფიქრე მე სულელმა! მე, ქვრივსა და ოხერს, შვილებს აბა ვინ წამართმევდა! რაც იმათ გაზდაზე შავი დღეები მინახავს, ქვეყანაზე სამართალი აღარ იქნებოდა, თუ იმათ წამართუმდენ!

– ახლა ბაბალე მხოლოდ სხვის უბედურებაზე წუწუნებდა:

– თურმე საცოდავებს მატლიანი შავი პურით და აყროლებული ნახარჩით არჩენენ! ზოგს პირიდან აღებინებს თურმე, ზოგს მუცელი ეშლება და ზოგს კიდევ რა ვიცი. აგი კიდევ რაა, ისე სცემენ თურმე, რავაც მეყანე ძროხას! საცოდავი გულქანაის ბიჭმა ვეღარ გუუძლო თურმე, და თქვენს მტერსა და ავს იმისთანაი, საცხა ლაზარეს სადგომიაო, იქინეი დალია სული თავისიანების უნახავათ! პეტრიეის ბიჭს ერთი ყური გუუფუჭდა ნაცემიო. ევანეს ბიჭი სამ თვეზე მეტს ვერ იცოცხლებს, ისე ახველებსო. ზოგს როზგიც დაჰკრეს თურმე. როზგი რომ კაცს დიეკრება, მისი სიცოცხლე რაღა სიცოცხლეა! დეილოცა იგი ღმერთი, რაც ღმერთმა ჩემი შვილები იპატივა! კი იცოდა დიდებულმა ჩემი საცოდავობის ანბავი. რაღაი, გადვირეოდი, იქინეი რომ შვილი მყავდეს!

როცა შეხვდებოდა ბაბალე სოფლად მოსულ ჯარისკაცს, დიდის ყურადღებით ეკითხებოდა იქაურ ამბებს და შემდეგ იცემდა გულში ხელს “შვილებო, შვილებო, რა დღეში ყოფილხართ!.. რაფერ ვიყავი ასე ბედნიერი, რომ ჩემი შვილები გადარჩა იქინეი ყოფნას!.. მარა ღმერთი სამართლიანიაო, იტყვიან”. – იმეორებდა ბაბალე.

ასე გავიდა ბაბალესთვის პირველი და მეორე წელი. მაგრამ მესამე წელს, სწორედ იმ დროს, როცა ბაბალე სრულიად დარწმუნებული იყო, რომ მის შვილებს აღარ წაიყვანდენ, გაიგო ბაბალემ მამასახლისისაგან, რომ სამხედრო ბეგრისთვის მიწვეულ ყმაწვილ კაცების სიაში ბაბალეს ვაჟი ოქრუაც არის მოხსენებული. ბაბალეს ამის გაგონებაზე კინაღმ გული წაუვიდა. ერთხანს ელდანაცემმა ენის დაძვრაც ვერ მოახერხა, შემდეგ კი, როცა გონს მოვიდა, დაუწყო ხვეწნა მამასახლისს, მიშველე რამეო, მაგრამ მამასახლისმა მტკიცე უარი უთხრა: “ამ საქმეში ვერას გიშველიო”. ის ღამე ტირილით გაატარა ბაბალემ, დილაადრიან კი წამოდგა და გასწია მოსე მწერლისაკენ.

II

მოსე გულფუჭაძეს, ანუ, როგორც ეძახდენ, მოსე მწერალს, დიდი სწავლული კაცის სახელი ჰქონდა სოფელში. მოსე იყო სოფლის სკოლაში ნასწავლი, გლეხკაცის შვილი, მამამისს, როგორც ღარიბ გლეხს, არ შეეძლო მიეცა საშუალება თავის შვილისთვის, რომ მას სოფლის სკოლის შემდეგაც განეგრძო სწავლა. მაგრამ არც ის უნდოდა, რომ სკოლაში ნამყოფი შვილისთვის თოხი მიეცა ხელში. თავისი მხრით მოსეც ძალიან ცდილობდა გაენთავისუფლებია თავი თოხისაგან. მან გამოცდილებით კარგად იცოდა, თუ რა მძიმე და მომქანცველია ეს სამუშაო იარაღი. მოსეს მამას უნდოდა დუქანში მიებარებია შვილი, მაგრამ ამ დროს შემთხვევით მამასახლისისაგან შეიტყო, რომ ერთს პოლიციის ბოქაულს ოჯახში ხელზე მოსამსახურე ეჭირვებოდა. “დუქანი ჯერ ვერსად ამიჩენია იმისთანაი, – იფიქრა მამამ, – რომ შვილის მიბარება ღირდეს; მოდი, იმ პრისტავს მივაბარებ ჩემ შვილს; ჯამაგირი ჯამაგირათ ექნება, ამას გარდა, ერთი რამ საჭიროება რომ შემექნას, პრისტავი მწყალობელი მეყოლება, ამასთან კიდევ პრისტავის ოჯახში ჩემი შვილი ბევრ რამეს ისწავლისო”. მამამ მისცა ბოქაულს თავისი შვილი მოჯამაგირედ.

ბოქაულმა ნახა, რომ მოსეს რუსულ წერაში საკმაოდ კარგი ხელი ჰქონდა და ამიტომ ხშირად აძლევდა მას გადასაწერად შავად დაწერილ საქმის ქაღალდებს. ასე ამრიგად მოსე ბოქაულისთვის ხელზე მოსამსახურედაც გამოდგა და ქაღალდების გადამწერადაც რამდენიმე ხნის ვარჯიშობით მოსემ ისე გაიმართა რუსულ წერაში ხელი, რომ პატარა საქმეების მიწერ-მოწერაზე შავიც აღარ სჭირდებოდა, ისე სიტყვიერად ეტყოდა ბოქაული და მერე მოსე თითონ შეადგენდა. მართალია, მოსეს რუსული მართლწერა არ შეეძლო და რუსული ლაპარაკიც ძლიერ ცუდად იცოდა, მაგრამ სამაგიეროდ ქაღალდების ფორმები სულ გაზეპირებული ჰქონდა და ეს ძლიერ შველოდა წერის დროს. როცა მოსეს მამამ შეიტყო, ჩემმა შვილმა ქაღალდების შედგენა ისწავლაო, დაუწყო ბოქაულს ძღვენის ზიდვა და ხვეწნა: ჩვენი სოფლის კანცელარიაში დააყენე ჩემი შვილი მწერლათაო. ბოქაულმა, როცა კარგად გაიძღო მუცელი ძღვენით, მოსე სოფლის სამმართველოში გაამწესა მწერლად იმ პირობით კი, რომ ერთი მეოთხედი თავისი ჯამაგირისა ბოქაულისთვის ეძლია. თავდაპირველად მოსეს არა თუ რიდი და პატივისცემა ჰქონდა გლეხებისა, არამედ ეშინოდა კიდევაც მათი. როცა გლეხები შევიდოდენ სოფლის სამმართველოში, მოსე ფეხზე წამოუდგებოდა და მორიდებით ეკითხებოდა, რა გნებავთო. მაგრამ გავიდა ხანი, მოსე გამოიცადა, შეისწავლა თუ როგორ ეპყრობიან უფროსები გლეხებს და თითონაც გათამამდა. ბოლოს და ბოლოს იქამდე გათამამდა, რომ მოსეს ბუზებადაც აღარ მიაჩნდა გლეხები. ამასთან მოსე შეეჩვია ქრთამების აღებას და ყალბი ქაღალდების შედგენას. მამასახლისს და სოფლის მსაჯულებს, როგორც უნდოდა, ისე ატრიალებდა, რაც თითონ სურდა, იმას აკეთებიებდა. როცა თვალსაჩინოდ გამოაშკარავდა მოსეს სიყალბე და ცუდი საქციელი, გლეხებმა მოინდომეს მისი გაძევება. ჯერ თითონ განუცხადეს მოციქულის პირით: აღარ გვინდიხარ და მოგვშორდიო. მაგრამ, როგორც იტყვიან, მოსემ ბრე გადააყარა გლეხების მოციქულს თავზე: “ასე უთხარი, თქვენთვის არც მოსლა მიკითხავს და არც წასლას გკითხავთო”. გაჯავრებულმა გლეხებმა დაუწყეს მოსეს საჩივარი. მაგრამ აბა რას გახდებოდენ გლეხები თავიანთი საჩივრით, როცა იმათი საჩივრის სიმართლე თუ სიმრუდე იმ ბოქაულს ჰქონდა მინდობილი საძიებლად, რომელსაც მოსე თავის ჯამაგირიდან მეოთხედ ნაწილს აძლევდა. გლეხებისაგან არზის მისართმევად ამორჩეული პირები კინაღამ სატუსაღოში არ ჩასვა ბოქაულმა, ტუქსვა და ლანძღვა ხომ აუარებელი მიიღეს მისგან. მოსე, რა თქმა უნდა, ისევ მწერლად დარჩა სოფელში. გლეხებმა ერთი კიდევ სცადეს და გუბერნატორს მიართვეს მოსეზე საჩივარი, მაგრამ აქედამაც არაფერი გამოვიდა. გამარჯვებული მოსე მწერალი ახლა გადაემტერა იმ გლეხებს, რომლებიც საჩივრის მოთავენი იყვენ და, საცა კი იმათი საქმე ჩაუვარდებოდა ხელში, უკუღმა წაიყვანდა ხოლმე, რაც უნდა მართალი საქმე ყოფილიყო.

კარგა ხანს იყო მოსე ამ სოფელში მწერლად, შემდეგ კი თავისი სურვილით გადავიდა სხვა სოფლის სამმართველოში. აქაც აწეწ-დაწეწა საქმე, ააყაყანა გლეხები. აქაც გაჩნდა გლეხებსა და მის შორის საჩივარი, მაგრამ მოსე აქაც გამარჯვებული დარჩა. რამდენიმე ხნის შემდეგ მოსე აქედანაც გადავიდა მესამე სოფლის სამმართველოში, მესამედან – მეოთხეში და ასე ამრიგად რამდენიმე წლის განმავლობაში თითქმის მთელი მაზრის სოფლის სამმართველოებში დაჰყო. ამგვარ ღოღვას სოფლიდან სოფელში პრაქტიკული მნიშვნელობა აქვს სოფლის მწერლებისთვის: იმათ ეშინიათ. რომ მათგან თავმობეზრებულს გლეხებში ისეთები არ გამოჩნდენ, რომ იდუმალად ავნონ რამე, რაკი საჩივრით ვერაფერს გახდებიან. ამიტომაც სოფლის მწერლები დიდხანს არა რჩებიან ერთსა და იმავე სოფელში. ისინი ჯერ ერთმანეთში მორიგდებიან ადგილის გაცვლაზე და შემდეგ ბოქაულის ნებართვას იღებენ, კარგად იციან, რომ სოფლიდან სოფელში ვეღარავინ გაედევნება სამტროდ.

ბოლოს მოსე ისე გამოიქნა გაიძვერობაში, რომ ძლიერ გამჭრიახი თვალი უნდოდა, რომ ის სიყალბეში დაეჭირა, თუმცა კი დღე იშვიათად გავიდოდა, რომ რამე ყალბი ქაღალდი არ შეედგინა და ქრთამი არ აეღო. ასეთი სიყალბე-გაიძვერაობით მოსემ შეიძინა სოფლის კვალობაზე საკმაო სიმდიდრე, გამოჭიმა კოხტა სახლი, შეირთო აზნაურის ლამაზი ქალი და ცხოვრობდა თავისთვის ლაზათიანად. ამასთან მაზრის სამმართველოში მოსამსახურე ერთი გავლენიანი პირი მეტად პატივისმცემელი იყო მოსეს მეუღლისა, რომლის წყალობითაც მოსეს პირველი ადგილი ეჭირა სოფლის მწერლებში, სანდო და კეთილსაიმედო პირად იყო ცნობილი მაზრის სამმართველოში. ამას შემდეგ რაღა გასაკვირველია, რომ გლეხებს მოსე დიდი სწავლული კაცი ეგონათ და ამბობდენ იმაზე: “სტავლას, ძმავ, მოხმარა უნდა! რამდონია იგი რაცხა უნივერსია თუ სემილარია, იქიდან გამოსული, მარა ნახე, თუ ჩვენი მოსე მწერლის მეათედი საქმე შეეძლოს!”

აი ეს მოსე იყო, რომლისგანაც ბაბალე მოელოდა შველას.

III

ერთ მომაღლო ვაკე ადგილზე იდგა ორი შენობა, – ერთი პატარა, ძველი, ოროთახიანი და მეორე – საკმაოდ მოზრდილი, ხუთოთახიანი, თეთრად შეღებილის კედლებით და ლამაზი ფანჯრებით. პირველი იყო სოფლის სკოლა, მეორე – სოფლის სამმართველო. თუმცა მოსე მწერალს ცოლი მშობლებთან ჰყავდა და იქ საზოგადოების ცხენით დადიოდა, მაგრამ ორი ოთახი სოფლის სამმართველოში მაინც თავისთვის ეჭირა მარტო იმისთვის, რომ კვირაში ერთი ან ორი ღამე გაეთია იქ, როცა საწერი შეუგროვდებოდა და ან ვინმე უფროსს მოელოდა.

მზეს ჯერ კიდევ არ ამოეყო თავი, რომ ბაბალე მივიდა სამმართველოში და იკითხა:

– მწერალი. სად ბძანდება?

– მწერალი წუხელ შინ წაბძანდა და დღეს მოვა, – უპასუხა მოსამსახურე ბიჭმა, რომელსაც სტოროჟს ეძახდენ. – შე დალოცვილო, ამ ცის იალონზე რომ ჩამოგირბენია, მწერალი, თუ გინდა აქანაი ბძანებულიყო, ჯერ კი არა, სადილობამდე არ გაიღვიძებდა.

– გასაჭირი მადგია, შვილო, გასაჭირი! – უპასუხა ბაბალემ და დაჯდა მწერლის ოთახის წინ, რომლის ფანჯრებსაც იისფერი ფარდები ჰქონდა ჩამოფარებული.

ერთ-იორი საათის განმავლობაში სამმართველოს წინ თითო-ოროლობით შეიკრიბა ათიოდე გლეხი, რომელნიც ზოგი მამასახლისისაგან იყო დაბარებული და ზოგი კი თავისი საქმის გამო მოსულიყო მოსე მწერალთან.

– ეი, აქანაი არ იქნება ჯდომა, მწერალი გაჯავრდება! იმ კუთხეში დაჯედით! – უთხრა სტოროჟმა ბაბალესა და გლეხებს როცა დაინახა მწერლის ოთახის წინ დამსხდარნი.

– დიდება შენდა, ღმერთო! ტყავი გაგვაძვრეს ამ სახლის ფასში და ახლა კარებთან ჯდომის ნებაც არ გაქვანო, გვიჩივიან! – ჩაილაპარაკა ერთმა გლეხმა ბაბალე და გლეხები გადავიდენ სტოროჟისაგან ნაჩვენებ კუთხეში. მზე საშუდღეოზე ავიდა და მწერალი მაინც არა ჩანდა.

– ნამეტარი აგვიგდო ჩვენმა მწერალმა! დაგვიბარებს, დილას ჩამოდიო, შენ ხარ ჩემი ბატონი, ჩამოხვალ და იგი შინ წასულა! მოდგე და უნდა უყუნცულო საღამომდე! ერთი ვინმემ იკითხოს, რას გავს ჩვენი საქმე? – სთქვა ერთმა გლეხმა.

– ჩვენი ბრალია, ძმავ, რეზა ვიყენებთ მწერლათ იმისთანა კაცებს? ჩვენ რომ გვაამოს, იმისთანაი დევიყენოთ და ქე იქნება! – სთქვა მეორემ.

– მერე, ვინ გვკითხავს ჩვენ ან დაყენებას და ან გადაყენებას? თითონ აყენებენ და შენ მეტი რა გზაი გაქ, უნდა მიიღო! – სთქვა მესამემ.

– უწინ ისე გამოგვიცხადეს მწერალიც და უჩიტელიც სოფლის საქმეაო, – სთქვა მოხუცმა გლეხმა.

– უწინ მართალია, ისე გამოგვიცხადეს სოფლის საქმეაო, მარა ახლა გამოგვიცხადეს – აღარ არის სოფლის საქმეო. ახლა რას იზამ? სამართალში ხომ ვერ გეიწოვ ამიზა? მათი ნება არ არის, უნდა ასე გამოგვიცხადებენ და უნდა ისე! – სთქვა იმ გლეხმა, რომელიც მოხუცზე წინად ლაპარაკობდა.

– ბიჭო, მამასახლისის ამორჩევა არ წაგვართვან და სხვას ნუ ჩივი! – სთქვა იმ გლეხმა, რომელმაც პირველად აღძრა ლაპარაკი.

– მართლა, ჩივიან, ამასაც არ გვაუფლებენო, გლეხის ყრილობას მეველის და იასაულის მეტი სხვა მოხელეების ამორჩევის ნება არ ექნებაო.

– შენი ჭკუით, ახლა ვითამდა კი გვაქ უფლება? მობძანდება პრისტავი და ვინც თითონ სურს, იმას გვაჩეჩებს მამასახლისად ხელში. თუ დევიჩემეთ და მაინცადამაინც ჩვენი სურვილით ამევირჩიეთ, მეორე დღესვე გამოაბუნძულებენ, არ ვარგა, არ შეუძლია მამასახლისობაო. ჩვენ კი გვგონია, ჩვენ ვაყენებთ მამასახლისს.

– აი რაც არის, არის, მარა წვიმა რომ აღარ მევიდა, აგი რაღაის ბრალია? ბეწვზეა, აგერ დამეხოცება ბაღნები უფქვილობით. ესე გახმა ჩემი წისქვილის ბორბალი, რომ ნაპერწკალი დიეცეს, დეიწობა. – გამოაკერა ლაპარაკში ერთმა გლეხმა.

– იმის ბრალია, რომ უქმეებს აღარ ვინახავთ, აღარ ვმარხულობთ, ღმერთს აღარ ვლოცულობთ და, რა ვიცი, გეირყვნა ქვეყანა! – თქვა მოხუცმა გლეხმა.

– უი, მოგცლია, ბიძავ, შენ! მუდამ რომ მუშაობ და მაშვინაც ვერ გაუძეხ ოჯახს და ათას გადასახადს, შენ კიდევ უქმეები გახსოვს? – უპასუხა ერთმა მოხუცს.

– იგია ხო, იმიზა არ გაქ ხეირი, უქმს რომ ტეხ! უქმი დღეს ნამუშიერს რა ხვავი და ბარაქა ექნება? – შენიშნა დაცინვის კილოთი მოხუცმა.

– მერე, შენ რომ არ ტეხ უქმეებს, ნეტაი შენ რაღა როშილდი ხარ ჩემზე! შარშან არ იყო, რომ ფოშტის ფულში შენი რძლის ნამგზვითი ზანდუკი წაგართვეს?! – უპასუხა მობაასემ.

ამ პასუხზე გლეხებმა დაიწყეს სიცილი. მოხუცი გლეხი, ცოტა არ იყოს, შეურაცხყოფილი დარჩა ამ პასუხით; გაწითლდა, ჩაღუნა თავი, მაგრამ კი არა სთქვა რა.

შემდეგ კიდევ ბევრი იბაასეს გლეხებმა სხვადასხვა საგანზე, ბაბალესაც ჰკითხეს: შენ რაღაზე ჩამოსულხარო და, როცა ბაბალემ თავისი გასაჭირი უამბო, უთხრეს: “ტყუილია, კენჭში თუ ამევიდა შენი შვილი, ვეღარაფერი ვეღარ დააბრუნებს”. მხოლოდ ერთმა-ორმა კი დააიმედა: “ჩვენმა მწერალმა თუ მეინდომა და ქაღალდი გაგიკეთა, უეჭველათ გასჭრის, იმის გაკეთებული ქაღალდი არ დაცთება”. ბოლოს ამ აზრს დანარჩენი გლეხებიც დაეთანხმენ. ამასობაში გამოჩნდა მამასახლისიც.

– ჩვენ მამასახლისს წითელი ჩოხა შეუკერავს. – თქვა ერთმა.

– რაც ეს ქთამებს იღებს, წითელსაც შეიკერავს და ყვითელსაც. – უთხრა მეორემ.

– სუ, კაცო, გეიგონებს! – უთხრა მესამემ.

– გეიგონებს თვარა, ხახვი არ დამაჭრას თავზე! ერთი ტყავი მაქ, იმასაც ქე მაძრობენ და სხვას რაღას მიზმენ? – ხუმრობის კილოთი და დაბალი ხმით თქვა ისევ მეორე გლეხმა.

– გასაკვირველია, ღმერთს გეფიცები! ხომ ჩვენისთანაი ყაძახია, ჩვენივე ამორჩეული. აბა რაღაიზა გვეშინია მისი? – თქვა პირველმა.

– მამასახლისი კანოლის ძალით არის და იმიზა გვეშინია. კანოლის ძალით რომ არ იყოს, რეზა შეგვეშინდებოდა, ჩვენისთანა ყაძახია. – უპასუხა მოხუცმა გლეხმა.

– ქთამებს რომ იღებს და ყალბ ქაღალდებზე ბეჭედს ასვამს, იგიც კანოლის ძალით არის? – ჰკითხა მოხუცს დაცინვის კილოთი იმ გლეხმა, რომელიც წეღან უქმეების გამო ებაასებოდა. ამ კითხვაზე გლეხებმა დაბალი ხმით გაიცინეს.

მამასახლისი ჩამოხტა ცხენიდან და, ცოტა არ იყოს, ბარბაცით წავიდა სამმართველოსკენ. გლეხები წამოუდგენ ფეხზე და მოკრძალებით სალამი მისცეს.

“მმ... ი-ცო-ხლეთ!” – უპასუხა ენის ჟლაჟნით მამასახლისმა გლეხებს, შევიდა ოთახში, გაიშოტა და ამოუშვა ხვრინვა.

– აგი ესე გახეთქილა დღეს საცხა, რომ ვინმე ალალმართალს კი გადუბიძგებდა წყალში. – თქვა ერთმა.

– კანოლის ძალით! – უპასუხა იმ გლეხმა, რომლის ხუმრობა ისე აცინებდა დანარჩენ გლეხებს.

სამხრობის დროს მოაწია მწერალმაც. გლეხები წამოცვივდნენ ფეხზე და მისცეს სალამი. მწერალმა მადლობის ნიშნად მოკეცილი მათრახი მიიდო ქუდის კოზიროკზე და შევიდა თავის ოთახში. ჯერ კარგა მოისვენა, შემდეგ მოდგა კარებზე და უთხრა გლეხებს:

– ვინც დღეისთვის იყავით დაბარებული, ეხლა წადით და ხვალ დილას მოდით.

– დევიღუპეთ, ბატონო! მუშა კაციზა აგი დღეები ძვირათ ღირს! თუ შეიძლება, გაგვათავისუფლეთ! – აყაყანდენ გლეხები.

– მერე თქვენ რომ სულელურათ აქ დაცვინდეთ, ჩემი ბრალია? ხომ დეინახეთ, დამაგვიანდა, რატომ არ წადით სახლში?

– რა ვიცი, თქვე დალოცვილო, ხან იმას გვიჩივი, რავა გაბედეთ წასლა, საღამომდი უნდა მოგეცადათო, ხან – რეზა არ წადითო, რა გევიგოთ ამისაგან? – უთხრა ერთმა გლეხმა.

– შენთან სალაყბო თავი არ მაქვს, მოსვენება მესაჭიროება; გეუბნებით, ხვალ დილას მოდით, თუ არა – წადით და თქვენებურად დამიწყეთ საჩივარი.

გლეხები წავიდენ. მხოლოდ სამიოდე გლეხი, რომლებსაც საკუთარი სათხოვარი ჰქონდათ მწერალთან, დარჩენ, რომ ცოტა ხნის შემდეგ, როცა მწერალი კაი გუნებაზე იქნებოდა, მოეხსენებიათ თავიანთი სათხოვარი.

– შენი მუხლების ჭირიმე, ნუ გამწყრები! დაეღრიჯა ბაბალე მწერალს.

– რა გინდა, რა საქმე გაქვს? თქვი, თორემ მოსვენება მესაჭიროება. – უთხრა რბილად მწერალმა.

– ჩემი ოქრუაი სალადათათ დაუწერიათ.

– მერე?

– გვიშველე რამე! ერთი, შენ ხელს რომ ეკადრებოდეს, იმისთანაი ქაღალდი გამიკეთე.

– ამ შემთხვევაში შველა არ შეიძლება: ხელმწიფის გადწყვეტილია, ვისაც შეხვდება, უნდა წავიდეს.

– წეიღე რაც გვაბადია და გვიშველე რამე!

მოსე დაფიქრდა ბაბალეს სიტყვებზე და შემდეგ უთხრა:

– არ შეიძლება, გეუბნები. შემოდი ოთახში და გეტყვი, თუ რისთვის არ შეიძლება. ბაბალე შეჰყვა მოსეს ოთახში. მოსემ დაუდგა სკამი, დაბრძანდითო, უთხრა და თვითონაც დაჯდა და განაგრძო ლაპარაკი:

– სალდათობის საქმე ყველა საქმეზე უმძიმესია. სხვაი საქმე რომ იყოს, ადვილათ გიშველიდით, ეგ კი, როგორც ვთქვი, მეტათ ძნელია. მაგრამ ვთქვათ, მოვახერხე და გიშველე, რას მოგვცემთ გასამჯელოს?

– გვიქენი მოწყალება, გვიშველე რამე და თლათ ჩვენი ოჯახი რომ წეიღო, გულს არ დაგვაკლტება. – უპასუხა ბაბალემ.

– არც ოჯახს წევიღებ და არც ოჯახის მეასედს; ისე, თუ მოგიხერხო და გავათავისუფლო ოქრუა, ხუთი თუმანი მომეცით.

– ხუთი თუმანი რამდენი მანათია?

– ხუთი თუმანი ორმოცდაათი მანათია. რა გეძვირა? არ გიღირს ოქრუა ხუთ თუმნად?

– ვაი, შენ ჩემო თავო! რა მიბძანეთ აგი, ოქრუაი არ მიღირს ორმოცდაათ მანათათ! იმაზე დავფიქრდი ბედშავი, გავახერხებთ თუ ვერა ამდონს-მეთქინ.

– რაი, ხუთ თუმანს ვერ გაახერხებენ შენი შვილები?! ხუთ თუმანს კი არა, ხუთი ათას მანეთსაც გაახერხებენ. მე კარგად ვიცნობ სოფონას და ოქრუას. მე ჯერ სიტყვას ვერ მოგცემ, შემიძლია გიშველოთ თუ არა. თუკი შველა შეიძლება, ხუთი თუმნის გადახდაც ნუ დაგეზარებათ, ოქრუა ხუთ თუმანზე მეტი ღირს.

– არა, შენი ჭირიმე, თლათ გავყიდი საცხოვრებელს და შვილს ვერ გევიმეტებ.

– მაშ ახლა წადი, მოელაპარაკე შვილებს, თუ ისინიც დაგეთანხმონ, ცხენი გამოგზავნეთ და ხვალ საღამოს ამოვალ თქვენსა.

ბაბალემ მოკრძალებით მადლი გადაუხადა მწერალს და დაბრუნდა შინისკენ ძლიერ დაიმედებული. მაგრამ ამ დიდ იმედთან ერთი გარემოება ძლიერ აღონებდა: სად უნდა ეშოვნათ ასე ხელად ხუთი თუმანი? მართალია, უნათლოშვილები არ იყვენ ღატაკები, არ აკლდათ მჭადი და ღომი, მისაჭამადი, გლეხის პირობაზე საცმელ სამოსელი, თავის დროზე იხდიდენ სახელმწიფო და საზოგადო გადასახადებს. ასეთ გლეხს მდიდარს ეძახიან და უნათლოშვილებიც მდიდრებად ირიცხებოდენ, მაგრამ ხუთი თუმნის გადახდა და ისიც ასე მოკლე დროს განმავლობაში, მეტად საძნელო იყო ამათთვის. აი ეს აღონებდა ბაბალეს. “სად უნდა გავახერხოთ ორმოცდათი მანათი? ” – ეკითხებოდა გზადაგზა თავის თავს.

IV

მეორე დღეს სოფონა დარბოდა მეზობლობაში. “ხარებს ვყიდით ურმიანათ, ვის გინდათ, იყიდეო”. ყველას უკვირდა: “რა გასაჭირი დასდგომიათ უნათლოშვილებს ისეთი, რომ ხარებს და ურემს ყიდიანო”. უნათლოშვილების ხარები და ურემი განთქმული იყო მთელ იმ მუხუროში. ბევრჯერ სოფონას ღა ოქრუას სიყვარულით მიუკრავთ გულზე თავიანთი შანგულაის და ბუღიას (ხარების სახელია) დუნჩი. ბაბალე, როცა მარილს აჭმევდა ხარებს, ეტყოდა: “თქვენი ჭირიმე, ჩვენო მარჩენალო!..”ახლა კი მეზობლები ხედავდნენ, რომ უნათლოშვილები იმეტებდენ ამ მარჩენალს და დაეძებდენ მუშტარს. მეზობლების კითხვაზე: “ასე უცფათ რა გასაჭირი დაგდგომიათ, ხარებს რომ ყიდითო”, სოფონა ეუბნებოდა პასუხად: “ერთი იმისთანა საქმე მაქ, თლათ ჩემი ოჯახი რომ მოუნდეს, დღეს ხუთი თუმანი უნდა ვიშონო”. ოქრუა კი არ იყო თანახმა ხარების გაყიდვაზე:

– ოჯახს ნუ ღუპავთ ჩემი გულიზა, ნუ გეშინიან, მე იგინს თავს არ მივსცემ გასაროზგავათ. ჩვენს ტყეში ათასი ფირალი დეიმალვის და მე რა ღმერთი გამიწყრება, ვერ დევიმალო! – ამბობდა ოქრუა.

მაგრამ დედა და ძმა არ უჯერებდენ ოქრუას: “ცეხლიდან გაქცეული წყალში დაირჩობაო, რომ იტყვიან, სტორეთ ეს იქნება აგი საქმე: გაფირალდები და მგელსავით დაგიწყებენ დევნას. სოფელს სოფლათ შეაწუხებენ და შენ საცხა ცოფიანივით ჩაგკლავენ. კაია მერე აგი?” – ეუბნებოდა ძმას სოფონა. ბაბალე ხომ ყოველივეს გაიმეტებდა ოქრუას დახსნისათვის. იმან და მისმა უფროსმა შვილმა წინა ღამითვე გადასწყვიტეს ხარების გაყიდვა, რადგანაც უამისოდ არას გზით არ შეეძლოთ ხუთი თუმნის შოვნა, რომელიც მწერალისთვის უნდა მიეცათ ოქრუას განთავისუფლებისათვის.

მთელი დღის განმავლობაში ეძებდა სოფონა ხარების მუშტარს, “რომ იტყვიან, შეძლეული პური ძაღლმა არ ჭამაო, სტორედ ეგია, აქამდინ კარს არ მიცივებენ, შენი ხარები მომყიდეო ათი თუმანი რომ მეთქვა, დამითვლიდენ და ახლა კაცს აღარ უნდა, ხუთ თუმანსაც არ მაძლევენ!” – ამბობდა სოფონა სასოწარკვეთილებით, უნდოდათ და ბევრსაც ძლიერ ეხარბებოდა მეზობელ გლეხებში უნათლოშვილის ხარები, მაგრამ სად იყო ფული? როგორც უნათლოშვილის ზანდუკში არ იყო ჩაკეცილი თუმნები, ისე არც მისი მეზობელი გლეხების ზანდუკში. უკანასკნელ, ერთმა მედუქნემ, რომელიც სიმინდითაც ვაჭრობდა, მისცა სოფონას ხარებსა და ურემში ექვსი თუმანი, რადგანაც დარწმუნებული იყო, რომ სანამ საჭირო იქნებოდა, სიმინდს აზიდვიებდა ხარებს და შემდეგ ათ თუმნად გაჰყიდდა.

საღამოს სოფონამ ნაქირავები ცხენით მოიყვანა შინ მოსე მწერალი.

– იცით რა, მგონია, ამაოთ ჩაგვივლის თათბირი: ბევრი ვიფიქრე, მაგრამ არაფერი უხერხდება რა. – უთხრა უნათლოშვილებს მწერალმა, რომელმაც ჩვეულებრივად ფეხის თამაშით გაიარ-გამოიარა უნათლოშვილების პატარა, მაგრამ სუფთა და მწვანე ეზოში.

ბაბალეს და მის შვილებს ელდა ეცათ. ხარები და ურემი არაფრად გაყიდეს ამ საქმისთვის და ახლა კი ეუბნებიან, “აღარ შეიძლებაო!” მერე ვინ? ის, ვინც, თუ მოინდომა, ამათი ფიქრით, დაღმა მიმავალ მდინარეს აღმა დააწყებიებს დენას.

– შენს ხელს კაცის მკვლელიც კი დუუბრუნებია სიმბილიდან და მე რა უბედური შევიქენი იმისთანაი, რომ ჩემ საქმეს არაფერი უხერხთება! – უთხრა ბაბალემ მორიდებით მწერალს.

მოსეს, რა თქმა უნდა, მოუხერხებლად არ მიაჩნდა ეს საქმე. იმას იმ თავითვე დაწყობილი ჰქონდა პლანი ამ საქმის შესახებ, როცა ბაბალეს დაჰპირდა, ცხენი გამომიგზავნე და მოვალო. მაგრამ ეხლა იმიტომ თქვა, ამ საქმეს არა უხერხდება რაო, რომ შეეშინებია უნათლოშვილები და შემდეგ უცბათ გამოეცხადებია: ნუ გეშინიათ, შესაძლებელია თქვენი დახსნაო. ეს ხერხი იმიტომ იხმარა მოსემ, რომ სასოწარკვეთილებიდან უცბდ გამოყვანილი უნათლოშვილები ყოველს იმის პირობებზე დათანხმებულიყვენ. ამისთანებში გამოცდილი კაცი იყო მოსე.

– იცით, ერთი აზრი მომივიდა... არა, მგონია მოვახერხო... მოხერხდება კი, – თქვა მოსემ ვითომ და დიდი დაფიქრების შემდეგ. – გაფრინდით ეხლავ ორივენი და ერთმა ათანასე მღვდელი მომგვარეთ, მეორემ მამასახლისის თანაშემწე და კეთილსინდისიერი მოწამე. სინდისიერს მოწამეს და თანაშემწეს ჩემ მაგიერ ეტყვით, მწერალი გიბარებს-თქვა. ათანასე მღვდელს თქვენ შეეხვეწეთ საქმე გვაქვს და დაგვესწარი თქვა. არა, მოხერხდება... მოხერხდება! მოვახერხებ, როგორც იქნება!

– შენ თუ წყალობას გვიზამ, ჩვენი საქმე წაღმა წავა! შენი ხელით გაკეთებული საქმე სხომის როის დამცდარა, ახლა რომ დაცდეს? შენისთანაი სტავლული... – ერთხმად უთხრეს სიხარულით აღტაცებულმა ბაბალემ და სოფონამ.

– ღვდელი რაზე გვჭირია? – ჰკითხა ოქრუამ მწერალს.

– აი რისთვის გვინდა ღვდელი: უნდა გავაკეთოთ მოწმობა, ვითამც სოფონა გერია ბაბალესი და არა მისი ნაშობი, რომ ბაბალეს მარტო შენ ჰყავხარ, ერთადერთი შვილი და, შენ გარდა სხვა მარჩენალი არ მოეპოება ამ სიბერის დროს. ასეთ მოწმობას რომ წარადგენ, გაგათავისუფლებენ. – მიუგო მწერალმა.

– ვაიმე, რა ბძანეთ აი საშინელი!... უფროსი შვილი გერათ რავა დავიწერო!.. – თქვა შეშინებულმა ბაბალემ.

– მერე ეგ რომ ტყუილი იქნება? – უთხრა ოქრუამ მწერალს.

სოფონასაც უნდოდა ეთქვა რაღაცა, ის იყო დააღო პირი სალაპარაკოდ, მაგრამ მწერალმა დაასწრო ლაპარაკი და სოფონას სიტყვა ენაზე დარჩა.

– თქვე დალოცვილო, თქვენ თუ იცოდით კანონები, მე რაღათ მომიყვანეთ? გააკეთეთ ისე, როგორც გნებავთ, და თუ მე მკითხავთ, კიდეც უნდა დამიჯეროთ. განა თქვენ უნდა მასწავლოთ კანონები, ან როგორ უნდა საქმეს გაკეთება? – გაჯავრებით სთქვა მოსემ და შემდეგ დაუმატა: – თუ საქმე კი გაგიკეთო ისე, რომ სალდათობა აქცთეს, ის არის, თუ არა, თქვენი ფული ხელში გაქვთ, მე გროშსაც არ წავიღებ ოქრუას გათავისუფლებამდე. ოღონ ეს არის – თქვენ არ დამიწყოთ აგი და იგიო, მე თქვენზე კარგად ვიცი კანონები.

როცა კანონების ცოდნაზე მიდგა საქმე, აბა რაღა ეთქმოდათ მოსესთან ბაბალეს და მის შვილებს. მართალია, ისინი გრძნობდენ, რომ აქ რაღაც დიდი ყალბი საქმე ხერხდებოდა, მაგრამ კანონების მცოდნე მოსე მწერალს აბა როგორ რამის თქმას გაუბედავდენ.

– ათანასე ღვდელი რომ არ დაგვიკრავს ბეჭედს გერობაზე? იგი იმისთანაი პირმართალი ღვდელია, რომ არაფრის გულიზა არ იზამს მაგისთანაობას. – თქვა სოფონამ.

– ათანასე მადლიანი კაცია, არ იტყვის უარს. ან რატომ უნდა თქვას? მას არაფერი დაუშავდება და თქვენთვის კი დიდი შემწეობა იქნება. ან მაინცადამაინც რა საჭიროა გაუმხილოთ ათანასეს, რომ სოფონა გერათ არის დაწერილიო. ათანასემ ხომ ხელნაწერის კითხვა არ იცის... ერთი სიტყვით, შენ ამაზე მეტს ნურას ეტყვი: საქმეზე მწერალი მოვიყვანეთ და დაგვესწარით-თქვა. ერთი აქ კი მოიყვანეთ და მერე მე ვიცი. სწორეთ ეგრე: მომგვარეთ ათანასე, სინდისიერი მოწამე და თანაშემწე მამასახლისისა. თუ გკითხონ, რაზე გესაჭიროებითო, თქვენ ასე უთხარით: მწერალი გვიკეთებს ქაღალდს და იმან გვითხრა, საჭირო არიან, სხვა არ ვიცი-თქვა, მერე ჩემი საქმეა.

– შენი ჭირიმე, ისეთი არ გააკეთო საქმე, რომ ჩემი გულიზა სხვაი ჩავარდეს ხლაფორთში. გნებავს გამიწყერით, ამას სიკვტილი მირჩევნია. – უთხრა ოქრუამ მწერალს.

ბაბალე და სოფონა კი სრულიად დაენდენ მწერალს და არც არას ამბობდენ.

– აბა მითხარი, ჩემი გაკეთებული საქმე როდის გამომდგარა ურიგო? – თავმომწონეთ მიუგო მწერალმა ოქრუას.

რა თქმა უნდა, მოსე მწერალი იმიტომ არ იმტვრევდა თავს, რომ ოქრუასათვის სალდათობა აეცდინა. მოსეს მხოლოდ ხუთი თუმნის ხელში მოგდება უნდოდა და სწორედ ეს იყო მიზეზი, რომ ცდილობდა როგორმე ეს საქმე მოხერხებულიყო. როცა უნათლოშვილები დაითანხმა, მოსემ დაწერა შავად ორი მოწმობა: ერთი იმაზედ, ვითამც სოფონა გერი ყოფილიყოს ბაბალესი და მეორე, ვითამც სოფონა ცალკე მოსახლედ მდგარიყოს, და მისცა სოფონას.

– აპა, მზათ არის, გადასწერე!

– ამას რას მიბრძანებ! შენ დაწერილს კიდევ გადაწერა უნდა? – ჰკითხა მწერალს გაკვირვებულმა სოფონამ.

– ჰო, გადაწერა უნდა, თუ არ უნდოდეს, არც გეტყოდი.

– მერე, ქართული ვარგა?

– შენ გადაწერე და სხვაი მე ვიცი. ჯვარს მაცვით, ერთი სიტყვით! კაცო, მე უფრო არ ვიცი, რაც უნდა და რაც ვარგა?! – თითქმის გაჯავრებით უთხრა მწერალმა.

სოფონას ხმა არ ამოუღია, ისე გადაწერა მოწმობები საკმაო სუფთად და ლამაზად და შემდეგ მღვდლის მოსაყვანად წავიდა. ოქრუა კიდევ კეთილსინდისიერის მოწამის და მამასახლისის თანაშემწის მოსაყვანად გაგზავნა მოსემ. ბაბალე და მისი რძალი ვახშმის მზადებას შეუდგენ და ცდილობდენ კარგი გახშამი გაეკეთებიათ, რომ სირცხვილეული არ დარჩენილიყვნენ ისეთ საპატიო სტუმართან, როგორიც მოსე მწერალი იყო მათთვის.

მოსე მწერალმა კი ჩაიწყო ჯიბეებში ხელები, დადიოდა უნათლოშვილების პატარა სახლის წინ და ფიქრობდა: კარგა მოვიდა ეგ საქმე: ორი კალმის მოსმით ხუთი თუმანი ჩავიდე ჯიბეში! ოქრუას როგორც კი გამოუცხადებენ თავისუფალი ხარო, მოსვლისთანავე უნდა დამითვალოს ხუთი თუმანი, როგორ მომიწონებს კატო (მოსეს მეუღლეს კატო ერქვა სახელად), როცა ვეტყვი ამ ამბავს! როცა ასე ბლომათ ფულებს მივუტან და ვეტყვი – ეს ჯამაგირის გარეშეა-მეთქი, ყელზე მომახტება და მეტყვის: “შენი მარჯვენის ჭირიმე, შენიო – და მერე – აბა ახლა ესა და ეს მიყიდეო”.

V

მღვდელი ათანასე სამოცის თუ სამოცდახუთი წლის კაცი იყო. გარდა ხუცური კითხვისა, იმან არც წერა იცოდა, არც მხედრულის კითხვა. წირვა – ლოცვის წესრიგი გაზეპირებული ჰქონდა, მაგრამ აზრი კი ძლიერ ცოტა ესმოდა მისი, თუმცა აგერ ორმოც წელზე მეტი იყო, რაც თითქმის ყოველ დღე იმეორებდა. ის აკურთხეს იმ დროს, როცა მღვდლად კურთხევისთვის საკმარისი იყო ცოტათ თუ ბევრად ხუცურის კითხვა, რამდენიმე ლოცვის გაზეპირება და რამდენიმე მანეთი ჯიბეში “კურთხევის ხარჯათ”. პირველად ათანასე ერთ შტატსგარეშე ეკლესიაში დანიშნეს მღვდლად. შემდეგ კი ჩააბარეს ერთი მცირე მრევლიანი შტატის ეკლესია. ათანასე მეტად გულკეთილი და პატიოსანი კაცი იყო: ჯვარის დაწერისთვის, მკვდრის დამარხვისთვის, ნათვლისთვის და სხვა იმისთანებზე ის თავის დღეში არ იტყოდა: ამდენი და ამდენი მერგებაო; მისცემდენ რასმეს, მადლობელი იყო, არა და, ხმას არ ამოიღებდა. თუ მასპინძელი ღატაკი იყო, იქ სულაც არ აიღებდა ფულს, თუნდა კიდეც შეეძლიათ. ასეთი უანგარობისა და სხვა კიდევ ბევრი კარგი თვისების გამო მრევლმა ძლიერ შეიყვარა ათანასე. ისე მოხუცდა ათანასე, რომ ერთხელაც არ ჩამოვარდნილა უკმაყოფილება მასა და მრევლის შორის. ბოლოს სასულიერო მთავრობამ ათანასე მოხუცებულად იცნო, დაუჩემა: “თხოვნა შემოიტანე და გაგათავისუფლებთო”. ათანასეს ადგილზე ერთი სემინარიაში ნასწავლი დიაკვანი უნდა ეკურთხებიათ და უფრო ამიტომ უნდოდათ ათანასეს დათხოვნა. მაგრამ გაიგო თუ არა ათანასეს მრევლმა, ჩვენს ათანასეს სამსახურიდან ითხოვენო, დაუყოვნებლივ თხოვნა მიართვა, სადაც რიგი იყო: სანამ ათანასე ცოცხალია, ჩვენ სხვა მღვდელი არ გვინდა და არც მივიღებთო. მრევლის თხოვნა შეწყნარებულ იქნა და ათანასე ისევ დასტოვეს. მრევლს ძლიერ უხაროდა ეს გამარჯვება “რას ჩივი, ძმავ, – ამბობენ ათანასეს მრევლში, – ათანასე ღვდელი ესეა ჩვენთან, რავაც კაი მამა – შვილებთან. ღვდლის ფულს რომ გვახთიებენ, იგი რა მისი ბრალია, ხაზინამ უბძანა ესე. სხვაფერ ათანასეს მჭადის ყუა რომ წუუტეხოთ, დაგვჯერდება, არ გვექნება და დაგვიჯერებს. იგი სემელარისტია თუ ვინცხა, ხუცობა რომ უნდოდა, შემდგარა პოლსაპოშკებზე, ატლასის კაბა ჩოუცვამს, თავზე თუმნიანი ქუდი დოუხურავს და პარპაშობს არა, ძმავ, იგი ჩვენი საქმე არ არის იმას იმიზა უნდოდა ხუცობა, რომ ჩვენ ზურგზე ბატონსავით იცხოვროს, თვარა რა ეხუცება, ერთი მითხარი: კაცს ღმერთი არ სწამს და ხატი! არა, ძმავ, ჩვენი ათანასე ათასჯელ გვირჩევნია, ვინცხაა იმ თვალთმაქც სემელარისტს. ათანასეს ღმერთიც სწამს და რჯულიც და იმიზა ეკურთხა ხუცათ. იმ სემელარისტს იმიზა უნდა კურთხევა, რომ ფაშვი გეიფსოს“. მრევლს კარგად ესმოდა, რომ ათანასე თითქმის მათსავით უსწავლელი კაცი იყო. ზოგიერთი ხუმარა ყმაწვილები დასცინოდენ კიდეც ხანდახან ათანასეს. ბევრს ხუმრობდენ ყმაწვილები ათანასეზე, მაგრამ მაინც უყვარდა მრევლს და პატივს სცემდა. მრევლი კარგად ატყობდა, რომ ათანასე, რაც კი გაეგებოდა, სათნოების მსახური იყო და არა ჯამაგირისთვის მოსამსახურე მოხელე.

ეკლესიის მახლობლად, მომაღლო ადგილას, იდგა ათანასეს პატარა ფიცრული სახლი, რომელშიაც ცხოვრობდენ ისა და მისი მოხუცი მეუღლე. სანამ ათანასეს ქალიშვილებს ქმრები წაიყვანდენ (ვაჟი არ ჰყავდა ათანასეს), ეს პატარა სახლი სიცოცხლით სავსე იყო: ათანასეს ლამაზი, ცქრიალა ქალიშვილების ხელსაქმობა, სიცილ-კისკისი, ჩანგურის დაკვრა და გალობა აცოცხლებდა იმ მიდამოს. მაგრამ მას შემდეგ კი, რაც ათანასეს ქალები ქმრებმა წაიყვანეს, ათანასეს სახლი ნაღვლით მოცულ სენაკს მოგაგონებდათ. საქმიდღეობით ათანასე იქვე ახლომახლო ყანაში ან ბაღში მუშაობდა, უქმე დღეს კი წირვა-ლოცვას უნდებოდა. სიმდიდრე ათანასეს და მის მეუღლეს არა მოეპოვებოდათ რა; თუ რამ გააჩნდათ, ისიც თავის ქალებს მისცეს მზითვად.

სოფონა მივიდა, გაჩერდა ათანასეს სახლის კარებთან და დაიძახა: “ათანასე, ბძანდები შინ?”

– შემოდი, შვილო, სახლში. – გამოსძახა ათანასემ, რომელიც იმ დღეს ცოტა შეუძლოდ იყო და ლოგინში იწვა.

ათანასეს მეუღლემ გაუღო სტუმარს კარები და შეიწვია სახლში, რომელშიაც მკრთალად ანათებდა პატარა თუნუქის ლამპა.

– სოფონავ, შენ?! რამ მოგიყვანა, ბიჭო, ხომ არაფერი გიჭირს? – თავისებური თანაგრძნობით ჰკითხა ათანასემ.

– თქვენ მტერს გოუჭირდეს ესე! ოქრუას მართმევენ სალდათათ. – უთხრა სოფონამ.

– ვაი, საწყალო! შენ კიდევ რა გიჭირს ვაჟკაცი ხარ; საცოდავი ეხლა ბაბალეა. სალდათობა არა, ჩემი ქალიშვილები რომ ქმრებმა წეიყვანეს, თითოზე თითო წელიწადს ვტიროდი. – თქვა ათანასეს მეუღლემ.

– იქნება თხოვნა მიეწყობოდეს, ვინ იცის, იქნება მთავრობამ შეიწყნაროს ბაბალეს სისაწყლე, ვეცადოთ რამე, – თქვა ათანასემ.

– თავად იმიზა გიახელი, მამაო. მწერალი მევიყვანეთ და გვიჩივა, არძას გაგიკეთებ და აღარ წეიყვანებენო. მწერალმა შენც გთხოვა დასწრება. მარა ახლა თქვენ შეუძლოთ ბრძანებულხართ და რა მეშველება, აღარ ვიცი!..

– მთხოვა და წამოვალ. არც ისე ვარ, რომ შენსას ჩამოსვლა ვერ შევიძლო. პაწია სურდუ შემხვთა, მარა რა უჭირს! – ამ სიტყვებით ათანასემ ჩაიცვა ტანთ, დაიკავა ხელში თავისი ყავარჯენი, დააბარა თავის მეუღლეს, ადრე მოვალო და გაჰყვა სოფონას. 

 

1 2
გვერდის მისამართი : ბიბლიოთეკა / პროზა / ნინოშვილი ეგნატე / მოსე მწერალი