ნინოშვილი ეგნატე 

 

პარტახი                                                            

 

 

I

 

რაღაც გამოურკვეველი სევდა შემოგაწვებათ გულზე, როცა სოფელ ...ში ერთ ყრუ მიდამოს გაუვლით მახლობლად: ტყით დაჩრდილული ფერდოს ძირში, რომელსაც პატარა ჩქრიალა მდინარე ჩაუვლის ახლო, დგას ფიცრული სახლი, რომლის სახურავი თითქმის სულ ჩანგრეულა, უსახურაოდ დარჩენილი კედლები სტიქიონთ ძალით გაშავებულა, აქა-იქ ღოჯებში ცოტათი დამპალა კიდეც, ხავსი მოჰკიდებია, სუროთი მობარდულა. დანარჩენი შენობები ზოგი, ეტყობა, წაუღიათ და ზოგი კი, მაგალითად, ფაცხა, საძროხე და მისთანა წვრილმანები დამპალა და დალეწილა. ჭიშკრიდან და ეზოს ღობიდან მხოლოდ აქეთ-იქით გადაზნექილ – გადმოზნექილი ურთხლის ბოძები და სარები დარჩენილა. ეზო ტევრად გადაქცეულა, ბარდ-ეკალს მოუცავს, ნორჩი ხეხილები – ლეღვი, ატამი, ბია და სხვა – საქონელს დაუმტვრევია და გაუფუჭებია. სულ მთლად აქაურობა სამარისებურ მყუდროებას მოუცვამს. იმ სოფლის ხალხი, მეტადრე ქალები და ბავშვები, როცა გაივლიან ამ ყრუ მიდამოს სიახლოვეს, შეაფურთხებენ, თვალს მოარიდებენ და წმინდა გიორგი, შენ დამიცევიო, იტყვიან პირჯვრის წერით.

პირველად რომ ამ მიდამოს ნახავთ, ნაღვლიანი ფიქრი და კითხვები გებადება: ერთ დროს აქ ადამიანს უცხოვრია, უმოქმედია, ცდილა თავისი ცხოვრების გაუმჯობესებისთვის, უშენებია, უმამულებია აქაურობა. რა იქნა ეს ადამიანი? ნუთუ გაქრა, აღიგავა მისი არსებობა! ნუთუ ეგეთი უსაფუძვლო მოჩვენებაა ადამიანის ცხოვრება! ცხოვრების ერთ რომელიმე უკუღმა ნასროლ ტალღას გაუქრია ამ მიდამოში სიცოცხლის ლამპარი!

რამდენიმე წლის წინეთ, – მაშინ ეს მიდამო ყრუ და გავერანებული კი არ იყო, – ზემოაწერილი სახლის გვერდს მიუჯდა ცხრამეტი თუ ოცი წლის ქალი და რაღაც სასოწარკვეთილებით ხელაპყრობილმა წარმოსთქვა: „ღმერთო, იგი დღეი რეზა არ დააქციე, რაც დღეს მე ჯვარი დამწერესო”

– იმ დღეს ნუ სწყევლი-მეთქინ, გითხარი! თუ გინდა შენი თავი დასწყევლე, ჯვარისწერასთან რა ხელი გაქ! – უთხრა პირველს ხმელმა, ჯერ კიდევ ყმაწვილმა, საკმაოდ ლამაზმა ქალმა, რომელიც ამ ლაპარაკზე გამოვიდა სახლიდან და დაჯდა პირველი ქალის მახლობლად.

– ჩემს თავს ვსწყევლი, ჰო, ჩემს თავს! – უპასუხა გაჯავრებით პირველმა.

– რომ სწყევლი, მერე რა გჭირს შენ საწყევლელი? ახლა მოგინდა უპატრონოთ ბუნდრუკი შენს ბიძიშვილსავით? უკაცრავათ, შენ ახლა პატრონი გყავს, იმისთანაი პატრონი, რომ ქვესკნელში ჩახვიდე, იქინეიც მიგაგნებს და ამოგათრევს. იგი არ იფიქრო კიდევ, ზოგიერთები რომაა ლამბი, ჯერან იგი იყოს. ფეხის გადადგმა რომ იფიქრო, ბაწრით ჩამოგკიდებს და ჩამოგახრჩობს!

ღმერთო, სა წევიდე აწი! აღარ გეყვენ იგი, რაც გული მომიკალით და ახლა აქანაიც გამომდიე! დამეთხუეთ-მეთქინ, გიჩივი, დამეთხუეთ! – უპასუხა პირველმა.

– იძახე ახლა, სა წევიდე და სა წევიდე თქვა! ძალუანი თვალ-ყური კი გაქ იმ წასვლაზე, მარა იგი დღეი შენ არ მოგესრობა! – უპასუხა მეორემ.

– ვეღარ გაძეხით ჩემი წვალებით! აბა, ჰა, მოდით და ჭამეთ ჩემი ხორცი!

– ქალო, შენ ნამეტარი ეიგდე თავი! გამომდგახარ ქვეყნის შარაზე და ყვირი, ჭამეთ ჩემი ხორციო! რა კაცის მჭამელათ გვნახე ჩვენ! აღარც შიშო, აღარც მორიდებავ? კი მემართლება, რომ მიჩივა შვილი – შენ მიქენი ყოლიფერი სიავეო. – ამ სიტყვებით გამოვიდა მესამე ქალი და დაჯდა მოდავე ქალების სიახლოვეს.

ეს მესამე ქალი იქნებოდა ორმოცდაათი წლის. ეს იყო ხმელ – ხმელი, მომაღლო ტანის, სწორი, ჩამომჭკნარი პირისახის, რომელზე ახლაც ეტყობოდა, რომ ერთ დროს ლამაზი უნდა ყოფილიყო .

– ახლა აგიც გამოჰყვა! აბა, ჰა, შეეწიეთ ნადათ დედა-შვილმა ერთმანეთს და დამესიეთ მე! ფუი, თქვენ ქალობას! – უთხრა პირველმა ქალმა მოხუცებულს.

ამ სიტყვებმა ისე გააცეცხლა მოხუცი ქალი, რომ პირისახე დაემანჭა.

– რავა? მე ფუი! – მრისხანედ ჰკითხა იმან პირველ ქალს.

– ვის, ქალო, ფუი?.. ნენას?! აგიც აღარ დაგვაკელი? მარა კი ემართლები, რომ ჯერანს არაფრამდე შენი შერთვა არ უნდოდა და ნენამ ძალათაი შეართვია შენი თავი. ახლა მის მაგიორში თვალში აფრუტნი და ფუიო უძახი! – წაეკიდა ამ სიტყვებით პირველს მოხუცის მაგიერ მეორე ქალი.

– ღმერთმა გიქნა თქვენ იმისთანაი კაი, რავარიც მე მიქენით! – უთხრა პირველმა.

– რავა, ნენას კაი არ უქნია შენდა! შენ კი იშოვიდი ჯერანისთანა ქმარს? – გაკვირვებით ჰკითხა მეორემ.

– დიეთხუე ციცავ! თქვა და იგი იყო, მეტი რაღა გინდა! ბატონიშვილის ქალს ეკადრებოდა ჩემი ჯერან ქმრათ; გადევეკიდეთ, შევართვიეთ აი მაიმუნი ცოლათ და ახლა ხედავ, რას გვიჩივა! – ბრაზმორევით უთხრა მოხუცმა მეორე ქალს.

ამის შემდეგ ქალამა კიდევ კარგა სანს იდავეს, ბევრი მწარე და შხამიანი სიტყვა უთხრეს ერთმანეთს. ამასობაში მოსაღამოვდა და ქალებმა დავა შესწყვიტეს, რადგანაც მუშაკაცი მოვიდოდა ყანიდან და ვახშამი უნდა მოემზადებიათ. სამივე ქალს ისეთი გაფანტულობა და მოქანცულობა ეტყობოდათ საქმის კეთების დროს, რომ გეგონებოდათ, რაღაც დიდი ფიზიკური შრომა გადახდენიათ თავზე და იმას დაუღლიაო. ახლა ისინი ხანდახან წაჰკრავ-წამოჰკრავდენ ერთმანეთს ამ მწარე სიტყვებს და ან წყევა-ლანძღვას, მაგალითად, მოხუცმა ქალმა ფილი მოიტანა თაროდან, სანაყი ქვის მოტანა კი დაავიწყდა და, როცა ამ უკანასკნელის მოსატანად წამოდგა, დაიწყევლა:

„ღმერთო, დუუკარქე ტვინიც და გრძნობაც, ვინცხამ ასე მომაქცია დღესო”. „თუ მტყვანი ვიყო, აგისრულოს, თუ არა და შენ დაგემართოსო” – მოისმა ამის პასუხად. „გველი დაგეკიდა იმ ენაზე, თუ მისდღემში არ იწყევლებოდეო”, – მოისმა მესამე ხმა.

II

ჯერან ტევრიძე გლეხკაცის პირობაზე ძალიან სახელოვანი ყმაწვილი კაცი იყო თავის სოფელში. მაღალი ტანის, ბეჭებში კარგა მოყვანილი, ცოტა მოშავგვრემანო, ვაჟკაცური, ლამაზი პირისახის და, რაც შეეფერება უსწავლელ კაცს, კარგი სიტყვა-პასუხის პატრონი. ამასთან მუყაითი მუშა და მეოჯახე. იმ სოფელში ჯერანზე უკეთესი და შეძლებული გლეხი ორიც არ მოიპოვებოდა. ოროთახიანი, ყავრით დახურული ფიცრის სახლი, მეორე კიდევ ისლით დახურული პატარა ფიცრულა სახლი საჭმლის საკეთებლად, კაი ბეღელი, ფაცხა, ნალია, ოჯახისათვის საჭირო სხვადასხვა პატარა შენობები, ერთი უღელი ხარი, ორი მეწველი ძროხა, ღორები, – ესენი ყველა მოეპოვებოდა ჯერანს და ეს დიდ შეძლებად ითვლება გლეხკაცობაში. ამასთან ბატონისაგან დახსნილი თორმეტი ქცევა საკუთარი მიწა – საყანე და ვენახიანი, კარგა მოზრდილი ეზო, ნიგვზის ხეებით დაჩრდილული, ეზოზე მოდებული საჩეხი, რომელშიაც შეშა, წნელი, სარი და სხვა ამისთანაობა თავის დღეში არ გამოილეოდა. რა ბრძანებაა, გლეხობაში ჯერანისთანა შეძლებული ასზე ერთი ძლივს მოიპოება. მართალია, ჯერანს თავისი ოჯახის მოწყობა დიდ შრომად უჯდა, ბევრჯერ ღამე დღეზე მიუტანებია მუშაობაში, ბევრჯერ ისე გაჭირვებია ტვირთი, რომ თავისი გაჩენის დღე უწყევლია. როცა სახლის და ბეღლის ფიცრები გამოჰქონდა ტყიდან, მხრები და ზურგი საკურტნე ცხენის ზურგივით დაუშავდა, ტუჩები დაუსქდა და სისხლი მოსდიოდა ზედ მაგრამ ისიც კარგია, რომ მისი ამგვარი შრომა დაუჯილდოვებელი არ დარჩა. უმეტესი ნაწილი გლეხობისა ჯერანზე ნაკლებ შრომას არ ეწევა, მაგრამ მაინც არა აბადია რა. ახლა ჯერანს სხვადასხვა მოვალეობის გადახდაც აღარ უჭირდა სხვა გლეხებსავით, ხან სიმინდს ჰყიდდა, ხან ღომს და ამ საშუალებით ყოველთვის თავის დროზე აძლევდა „ფოსტის ფულს” და სხვა გადასახადებს. ამის შემდეგ გასაკვირველიც არ არის, რომ ჯერანს ბევრი იმ სოფლის გლეხკაცი ნატრობდა სიძედ, ბევრ ღარიბ აზნაურის ოჯახსაც ეჭირა თვალი ჯერანზე, – ვინიცობაა, ცოტა რამ მოგვცეს სასყიდლად და ჩვენი ქალი ითხოვოსო. მაგრამ ჯერან ძლიერ ფრთხილობდა და აზვიადებდა ცოლის შერთვას. „კი, პაწაი რომ დევიხარჯო, აზნაურის ქალს მომცემენ ცოლათ, მარა რაი! დაჯდება ამ ჩემ ნაკვტავ ოჯახში და იტყვის: ჩემმა ბედმა ყაძახის ხელში ჩამაგდო და ჩემ სიცოცხლეში მაინც ვჭამ მის ოჯახსო. გეიჩენს კურუებს და ვინცხას მომაკლიებს. არაა ჩემი საქმე!” – ფიქრობდა ჯერან. გლეხის ქალებში ატანდა თვალყურს, მაგრამ ჯერ ვერსად ენახა შესაფერი: ზოგის თვალადობა არ მოსწონდა; ზოგი ლამაზი იყო, მაგრამ მშობლები მეტისმეტად ღარიბი ჰყავდა და ამიტომ სწუნობდა; ზოგი ლამაზიც იყო, გლეხის პირობაზე შეძლებული ოჯახის ქალიც, მაგრამ „იმისთანაი ეშმაკური თვალები აქ, რომ წმინდათ ვერ შეინახავს თავსო” და ამიტომ არ ირთავდა. ამასთან ჯერანს ცოლის შერთვა ისე არ შეეძლო, თუ მისი დედა და დაი თანახმა არ იქნებოდენ. „იგი კაცათ არ მიხსენებია, ვინც დედის უნებურს იზამსო” – ამბობდა ჯერან, რომელიც მართლაცდა დიდი პატივით ეპყრობოდა დედას და დას. ამ უკანასკნელებს, რასაკვირველია, მზე ჯერანზე ამოდიოდათ. მართალია, ხანდახან უკმაყოფილებაც მოუვიდოდა ჯერანს ან დედასთან, ან დასთან, აწყენიებდენ ერთმანეთს, გაიბუტებოდენ, დამდურდებოდენ, მაგრამ კარგად რომ გაგესინჯათ მათი უკმაყოფილების საგანი, აი რა გამოდიოდა: რომელიმე ამათგანი რამე მიზეზისა გამო უსაყვედურებდა მეორეს – ჩემი სიყვარული და პატივცემა არ გაქვსო. ეს უკანასკნელი იწყენდა, იჭვი როგორ შემოიტანა ჩემზე: „იგი თვარ მიყვარს, აბა, ვიღა მეყვარება ქვეყანაზე სხვაიო”. ამ მიზეზისაგან გამოწვეული საყვედური ხანდახან გვარიან ქარბუქად გადაიქცეოდა, მაგრამ დიდხანს ვერ გაატანდა, ადრე ცხრებოდა და მთელი ოჯახი ისევ ერთსულად და ერთგულად ცხოვრობდა. ამ ერთ სულგულობას ხელს უწყობდა ოჯახის მცირერიცხვიანობა: დედა და და-ძმა, ამათზე მეტი არავინ იყო ჯერანის ოჯახში. ხვარამზე (ჯერანის დედის სახელია) დადიოდა მკითხავებთან და აკითხვინებდა – ჯერანს როგორი ბედი მოელის ცოლის შერთვაშიო. მკითხავები აიმედებდენ: „დიდი ბედნიერი შეიქნება ცოლის შერთვითო”. მაგრამ თუ ვინ უნდა აერჩია ხვარამზეს სარძლოდ, ამის შესახებ კი არას ეუბნებოდენ. ვაჟიშვილის დაქორწინებას გარდა, ხვარამზეს ქალიშვილის გათხოვებაზედაც უნდა ეზრუნა. ელისაბედ (ჯერანის და) წლოვანებით უფროსი იყო ძმაზე. მაგრამ, ხვარამზეს ფიქრით, ვაჟიშვილის შესახებ ზრუნვას დედისთვის ყოველთვის უპირველესი ადგილი უნდა სჭეროდა. ამ მოსაზრების წინააღმდეგ ელისაბედიც ვერას გაბედავდა, თუმცა მისი გათხოვება საკმაოდ დაგვიანდა.

მაშინ თვრამეტი წლის იყო ელისაბედ, რომ შეუყვარდა ერთი მეზობელი ყმაწვილი კაცი, რომელსაც ყანა ჰქონდა ჯერანის ზიარი. ეს იყო კარგი თვალტანადი მუშა ბიჭი, ოცი-ოცდაორი წლისა. ბევრი ღამე გაეტარებია ელისაბედს უძილოდ ამ ყმაწვილზე ფიქრით; დარწმუნებული იყო, რომ ეს ყმაწვილი კაციც თავის მხრივ არ იყო გულგრილად მასთან, – უყვარდა ელისაბედ. მაგრამ ეს სიყვარული ისე გამოუთქმელად ჩაკლა ელისაბედმა თავის გულში, რადგანაც ბოზობად ჩაუთვლიდენ დედა და ძმა, რომ გაემხილა – მიყვარს და იმაზე გამათხოვეთო; ან კიდევ ძმის დაქორწინებამდე როგორ უნდა გათხოვებულიყო!

თუმცაღა თავის გათხოვების საქმეში ელისაბედს არ ჰქონდა ხმა და უფლება, მაგრამ ძმის დაქორწინებაში დიდ მონაწილეობას იღებდა და პირდაპირ მოვალეობადაც თვლიდა თავის მხრივ ამ საქმეში მონაწილეობის მიღებას. მისი ფიქრით, სულ მთლადაც დედის და დის მოვალეობა იყო ჯერანისთვის საცოლო ქალის მონახვა. მამა რომ გვყავდეს ცოცხალი, მაშინ ჩვენ აღარ გვექნებოდა ხმაი. მარა მამა აღარ გვყავს. „ჩემი ძმის ჭირისუფალი ახლა მე და ნენაი ვართ; ახლა ჩვენ თავზეა იმისი ცოლის შერთვაო”, – ფიქრობდა ელისაბედ. როგორც დედამისი, ისე ელისაბედიც დადიოდა მკითხავებთან ჯერანის ბედის საკითხავად; ჰქონდა მოლაპარაკება შუამავლებთან; ზოგ შუამავალს დედის დაუკითხავადაც უარით ისტუმრებდა. ერთი-ორი შუამავალი კიდეც გამოლანძღა: „რავა გაბედე ჩემი ძმისთვის ასე გლახა ქალის თქმაიო”. რაც შეიძლება გლეხის ქალისაგან, ელისაბედ ამპარტავანი და მედიდური ქალი იყო. ამიტომაც არც ერთი არ მოსწონდა იმ ქალებში, რომლებსაც მისი ძმის საცოლოდ ასახელებდენ შუამავლები. მისი ფიქრით, ჯერანის ცოლი ძლიერ კარგი თვალტანადიც უნდა ყოფილიყო და კარგი ოჯახის შვილიც, ჭკუა-გონების და სიტყვა-პასუსის პატრონი, აბა, რასაკვირველია, რომ ხშირად მოსვლია ელისაბედს ძმასთან უკმაყოფილება, როცა ამ უკანასკნელს უხუმრია – ეს და ეს ქალი უნდა შევირთოო.

– არა, მითხარი რავა გეივლე გულში იმის შერთვა? – ეტყოდა საყვედურით ელისაბედ.

– რეიზა, ვითამ რა უჭირს, მე კი მომწონს და! – აჯავრებდა ჯერან.

– შენ მაინც მის მეტი ხათრი და მორიდება არ გაქ შენი დედის და დის!

– არა, რაცხა ისე დამიჯდა თვალში, უნდა შევირთო!

– ჯერ დედა და დაი დაგვკალი და მერე შეირთე! – ანჩხლდებოდა ელისაბედ.

– ახლა ასე რომ გაცეცხლდები, რა ბრიყვი მნახე მე, რომ შენ და ნენაის უნებურათ ცოლი შევირთო!

– მეც გამიკვირდა, მარა შენ ისე თქვი, რომ მართალი მეგონა, – იტყოდა ბოლოს დამშვიდებული ელისაბედ.

III

ერთს შაბათ საღამოს ჯერანს ესტუმრა მამიდამისი ქალიჯან, რომელიც გათხოვილი იყო ერთ მახლობელ სოფელში. ქალიჯან საკმაოდ მოხუცებული, მაგრამ სამაგიეროდ რიხიანი და კარგი სიტყვა-პასუხის დედაკაცი იყო. მას დიდი სიყვარული წაჰყოლოდა იმ ოჯახის, სადაც დაიბადა და აღიზარდა. ხვარამზემაც კარგად იცოდა, რომ მისი მული კეთილის მდომი იყო მისი და მისი შვილების, ამიტომ დიდი სიხარულით ეგებებოდა მის სტუმრად მოსვლას. ჯერანს და ელისაბედსაც ძლიერ უყვარდათ მამიდა ქალიჯან. უცხო თავის დღეში ვერ იფიქრებდა ქალიჯანზე, რომ მას თავისი საკუთარი ოჯახი აქვს და ტევრიძის ოჯახში ის ოჯახის უფროსი ქალი არ არისო, როცა უყურებდა, რომ ქალიჯან თავისი ძმისწულის ოჯახში მისვლისთანავე მიალაგ-მოალაგებდა, რაც საჭირო იყო, თუ რამე არ მოეწონებოდა შენიშვნას აძლევდა ხვარამზეს და მის შვილებს: „აი კარქათ ვერ გიქნიანო”. თანაგრძნობით გაუმტყუნებდა და გაუწყრებოდა, თუ რამე ურიგობას ნახავდა. ამასთან პირდაპირი და გულგახსნილი ლაპარაკი უყვარდა, მიხვეულ მოხვეულობა ლაპარაკშიაც და საქმეშიაც ძლიერ ეჯავრებოდა.

– რა ქენი, ჩემო რძალო, ბიჭს ცოლი ვერ აფიქრებიე? – ჰკითხა ქალიჯანმა ხვარამზეს ცოტა ხნის შემდეგ.

– რა ვქნა, ჩემო მულო, რომ არ ვხედავ არსად, თვალში რომ დამიჯდეს, იმისთანა ქალს, – უპასუხა ხვარამზემ.

– ახლა ნამეტარს ნურც შენ მეინდომებ. კაი ქალიც იყოს, კაი ოჯახის შვილიც, კაი გვარისაც, ეგება ვერ ვიშოვეთ ასთე ყოლისფრამდე შემკული.

– აბა, ბაბიდავ, ნუღარ ვეძებთ, ავია თუ კაი, ასე ვინც შეგხვთეს ხელში, შევრთოთ? – საყვედურით უთხრა ქალიჯანს ელისაბედმა.

– ციცავ, შენ ნუ ხარ ნამეტანი გულდიდი! ავს და კას ნუ ეძებო, რავა იქნება! მარა ნამეტარს ნუ გავყობით-მეთქინ, ვჩივი, – გაუწყრა ქალიჯან თავისებურად თავის ძმისწულს და მერე მიუბრუნდა ისევ რძალს:

– მე ახლა იმიზა ვარ მოსული, სხვაი საქმე არ მქონებია, ზალიკა ნარიშვილს ყავს კაი ციცაი და, თუ თქვენც დაგიჯდეს, იგი შევრთოთ-მეთქინ.

ზალიკაი ნარიშვილი ერთ დროს თავის სოფელში განთქმული ვაჟკაცი იყო.

ბატონყმობის დროს ორჯერ აუჯანყა თავის ბატონს შინაყმები, გახდა მათ მეთაურად და აპირებდა ოსმალეთში გადასახლებას, თუ რომ ბატონს წერილობითი პირობით არ დაეთმო შინაყმებისათვის და არ მიეცა ისა საღავათი, რომელსაც ეს უკანასკნელები თხოულობდენ. ერთჯერ კიდევ – ესეც ბატონყმობის დროს იყო – ზალიკა რამდენიმე კაცით გზაზე თავს დაესხა ბატონის მოურავს და დაატოვებია თავისი ნათესავი ობოლი ბიჭი, რომელიც ბატონის მოურავს და მის კაცებს ოსმალეთში გასაყიდად მიჰყავდათ. მართალია, ის დრო წავიდა, როცა ასეთი უსამართლობისაგან ვაჟკაცობით შეიძლებოდა თავის დაფარვა, მაგრამ ვაჟკაცობის სახელი მაინც დარჩენოდა და ესეც დიდ ძეგლად მიაჩნდა ზალიკას. რაც შეეხება ყოფა-ცხოვრებას, ზალიკა ძლიერ ღარიბად ცხოვრობდა, რადგანაც თავისი ვაჟკაცობა ძალმომრეობასთან ბრძოლაში გაატარა. ამის გამო ცოლი გვიან შეირთო და მოხუცების დროს დიდი წვრილშვილი ჰყავდა სარჩენი.

– ზალიკას? – დაფიქრებით იკითხა ხვარამზემ და შემდეგ განაგრძო, – ზალიკაი, მართალია, კი, უწინ ქებული ბიჭი იყო, ბატონს ეშინოდა მისი, მარა ახლა ძალუვან ღარიბს ჩივიან, რა ვიცი. ქალი ხომ ძალიან კაია მაინც?

– ახლა მე მაჭანკალი არ ვარ, რომ მოვყვე ასეა და ასე-მეთქინ. ზალიკაი ღარიბია, აგი შენც ქე გაგიგონია. ესე ციცაი კაი ციცაია, კაი თვალტანადი, კაი მეოჯახე. მე უფრო კიდევ იმიზა ვიფიქრე აი საქმე, რომ ზალიკაის ოჯახი, თქვენი არ იყოს, მართალი და პირიანი ოჯახია. აწი თქვენც ნახეთ და თუ დაგიჯდეს იგია, ქე ათხოვიეთ ბიჭს; თუ არა და თქვენ იცით. ესე ჩემი ჭკუით, ამ ოჯახის შესაფერი კია.

– აბა, ბიჭს ნუ ვეტყვით ამეღამ, ხვალ მე წავალ, ვნახავ ქალს და თუ დამიჯდა, მაშინ კიდეც ვუთხრათ და საქმეც გავაკეთოთ, – უთხრა ხვარამზემ.

– ბიჭს რეიზა ნუ ვეტყვით? შენ ნახვას იგი არ ჯობს, იმან ნახოს და, თუ დუუჯდება ქალი, მერე საქმე დავიწყოთ, – უპასუხა ქალიჯანმა.

ხვარამზე ერთხანს არ გაუხდა ამ აზრის თანახმა. მაგრამ ბოლოს, როგორც იყო, მოეწყვენ რძალი და მული ერთმანეთში და გადაწყვიტეს, რომ ჯერანსაც გაანდონ ამთავითვე ეს ამბავი.

საღამოს ჯერანი მოვიდა ყანიდან შინ. ნავახშმევს ხვარამზემ გაუმხილა შვილს, თუ რისთვის იყო ქალიჯან მოსული. ჯერან კარგა ხანს იყო ამას შემდეგ ჩაფიქრებული და ბოლოს თქვა:

– ზალიკაის ქალს მე არ დავიწუნებ, თუ ქალი კი ვარგა.

– ქალი ნახე და, თუ დაგიჯდება, იგია, – უპასუხა ქალიჯანმა.

– არა, ნენამ ნახოს. შენ და ნენაი მე არ მიღალატებთ. თუ თქვენ ორს კი დაგიჯდებათ, მეც ვარს არ ვიტყვი, – თქვა გადაწყვეტილად ბოლოს ჯერანმა.

მეორე დღეს ქალიჯან და ხვარამზე წავიდენ ქალის სანახავად. ქალიჯანმა მოიხმო თავისი მეზობელი ზალიკაის ქალიშვილი ლიზა და აჩვენა ხვარამზეს. ლიზა იყო თვრამეტი თუ ცხრამეტი წლის ქალი, საკმაოდ კარგად მოყვანილი, სავსე ტანის შავგვრემანი, მაგრამ სწორი, სავსე და ეშხიანი პირისახის. რადგანაც ქალიჯანს არ გაუმხელია არც ლიზასთვის და არც მისი მშობლებისთვის, რომ ხვარამზე მის სანახავად იყო მოსული, ლიზაც მოურთველ-მოუკაზმავი, ისე სადათ ჩაცმული მოვიდა ქალიჯანისას.

– ქალიჯან, საქმეზე მოხმარება გინდოდა და იმიზა დამიძახე, მეგონა, – უთხრა ლიზამ ქალიჯანს.

ქალიჯანს ეზარებოდა ტყუილის თქმა, მაგრამ ახლა კი რაღა ექნა!

– ხო, საკერავი მაქ პაწაი და იმიზა დაგიძახე, – უპასუხა მან ლიზას.

ლიზამ აიყვანა, დაისვა მუხლზე ქალიჯანის ხატავერი კატა და დაუწყო თამაში. ხვარამზე კი ძალზე უჭვრეტდა, მაგრამ ლიზა არ ამჩნევდა ამას და ისევ ისე კატას ეთამაშებოდა.

– კატა არა, ახლა შენ ერთი კაი მოწიფული ბიჭი გინდა, იმას უფრო დუუწყებ თამაშობას, – გაეხუმრა ქალიჯან ლიზას.

– აბა! – თქვა ლიზამ და სახის წამოწითლებაზე ეტყობოდა შერცხვა კიდეც.

– აბა და მე ვიცი, გულს დაგწვავს! იი ძუძუები რომ გაქ დახვითქინებული, ერთი კაი ბიჭი რომ დაგაწვეს ზეთ. არ გამომიცთია მოწიფულობა თუ! სიზმარი მაწვალებდა, სანამდი არ გამათხოვეს, – კიდევ მარილიანად გაეხუმრა ქალიჯანი.

– რაა, ქალიჯან, რაფერი ხარ, ა! – თქვა მორცხვად ლიზამ, გააგდო კატა ხელიდან და ადგა შინ წასასვლელად.

– რა ქენი, მიხვალ? – ჰკითხა ქალიჯანმა.

– ახლა წავალ და მერე მუვალ. – ამ სიტყვებით ლიზა წავიდა შინ ისე, რომ აზრადაც არ მოსვლია, ხვარამზე რისთვის უმზერდა ისე მუყაითად.

– კაი ციცაი ყოფილა, – თქვა ხვარამზემ, რომელსაც ძლიერ მოეწონა ლიზა.

– ხომ დაგიჯდა? მერე რა გუნებისაა! – უთხრა ქალიჯანმა.

– აბა, ჩემო მულო, ახლა შენზეა საქმე, უთხარი დედ-მამას, – უთხრა ქალიჯანს ხვარამზემ. ამის შემდეგ რძალმა და მულმა მოილაპარაკეს, დააწყვეს გეგმები და ხვარამზემ სიხარულით გამოსწია შინისკენ. მას უხაროდა, რომ კარგი სარძლო ქალი გამონახა.

– აბა, ჰა, ნენავ, კაი ამბავი თუ მოგვიტანე? – ჰკითხა ქალიშვილმა ხვარამზეს, როცა ეს უკანასკნელი შინ მივიდა.

– ძალოვანი ქალი ყოფილა! – უპასუხა ხვარამზემ თავის ქალს.

– მეც კაი ამბავი დაგახვედრე! – მხიარულად დაიწყო ელისაბედმა. – ფეხათ მოგასწარი აგია, მემაჯესთან ვიყავი და იქიდან მეხუთოესთან გამევიარე. ორივე მარჩიელმა ერთხმად მითხრეს: ბედი კარზე მოგდგომიათ, ხელიდან არ გუუშვათო, მემაჯემ იგიც მითხრა – იმ ქალის ფეხზე თქვენი ოჯახი, წვიმაში რომ წყალი მატულობდეს, ისე იმატებსო.

– მაშინვე გულმა მითხრა, რავაც კი დეიწყო ქალიჯანმა, ჩემი ჯერანის ბედი სტორეთ აგი უნდა იყოს-მეთქინ. სხომის რამდონი უთქვამთ, მარა არც ერთზე გული არ შემქნია. ამაზე ახსენა თუ არა, მაშინვე გულმა მიგრძნო, ბედია, ბედიო, – თქვა ხვარამზემ.

– მეც, მეც, – თქვა ელისაბედმა.

– ორმა მარჩიელმა ხომ ასთე გითხრა. ერთი ხვალ მებანქოესთანაც წავალ, ვნახავ, რას მეტყვის.

– მერე მებანქოემ რომ გითხრას, არ არის მისი ბედიო?

– მითხრას, ორი ხომ – კაიაო, ჩივა. ორის უფრო დასაჯერებელი არაა?

– რა სათქმელია! მე იმაზე გამოგცადე, აბა, ნენაი, რას იტყვის-მეთქინ. წადი, არჩევიე მებანქოეს, თუ უთქვამს ამ ორსავით, იგია. თუ არა და ამით მიხთი, არ ყოფილა მისი რჩევა მისაღები. ფეხს აღარ დავაბიჯებ მერე მასთან.

– არც ეღირება მერე მისი რჩევა.

– ისევე შენიანის იმედი უნდა გქონდეს კაცს. იმდონი ქალი დაგვისახელეს და აბა იმისთანაი თუ უთქვამს ვინმეს, ქალიჯანმა რომ გამოგვირჩია! – თქვა ხვარამზემ კმაყოფილებით.

– რეიზა გიკვირს! ჯერან შენი შვილია, ჩემი ძმაი, მარა მისი ძმისწულია მაგიორში, – უპასუხა ქალიშვილმა.

საღამოს როცა დედამ უამბო ჯერანს, ძალუანი ციცაია და მარჩიელებსაც ესე უთქვავს, შენი ბედიაო, ჯერანმა გულდანდობილი კილოთი თქვა:

– რა ვიცი, ერთი დედა ხარ, მეორე დაი და მესამე მამიდაი, თქვენ თუ არ გენდობით, აბა ვიღას უნდა ვენდო?

IV

შაბათი საღამო იყო. ზალიკა ნარიშვილისას დიდ ფაცაფუცში იყვენ. მეზობლები, მოკეთეები, ვინც კი გააჩნდა, სუყველა აქ იყვნენ და ტრიალებდენ სხვადასხვა საქმეზე: ვინ ახალდაკლულ თხას კაფსავდა და აწყობდა კარდალებში, სახარჩოეს ცალკე და მშრალ ხორცად მოსახარშავს ცალკე; ვინ ახალდაკლულ, მსუქან ღორს იღებდა ფელიკ-ფელიკად და ეუბნებოდა მეორეს: „აგი საჯიქიოა, აგი ზურგიელი, აგი მკერდი, აგი გვერდი, უნდა მეიხარჩოს, აჰა, კელევერი და ჭაჭა მწვადად უნდა შეიწვას”. ქალები ბურტყნიდენ დაკლულ ქათმებს, ოთხ ბატს და ორ მამალ ინდოურს. ორი ხანში შესული ქალი აცხობდა ხაჭაპურებს. რამდენიმე კოხტად გამოწყობილი ქალი და კაცი ისხდენ ზალიკაის დიდ სახლში, რომელიც დღეს სასტუმროდ იყო მოწყობილი. აი რაში გამოიხატებოდა ეს სასტუმროდ მოწყობა: აქეთ-იქით ძველ ტახტებზე ეგო ჭილობის მაგიერად მეზობლებიდან ნათხოვარი ორი ნოხი და ორი ფარდაგი; ზედა კუთხეში იდგა ერთი გრძელი, გაულაქავი მაგიდა, რომელსაც ახალნაყიდი იაფფასიანი მიტკალი ჰქონდა გადაფარებული. მაგიდაზე ეწყო: ზოგი შინაური და ზოგი მეზობლიდან ნათხოვარი სსვადასხგა სიმსხო-სიდიდის და სახის ბოთლები, ორი დიუჟინა ჩაის ჭიქა თავისი ფინჯნებით და ექვსიოდე საკმაოდ დაჟანგებული ფრაჟის და ცინკის კოვზი, ექვსიოდე ღვინის ჭიქა, ორი პატარა, იაფფასიანი ლამპა, ორი თითბერის შანდალი სტეარინის სანთლებით და ორი რიუმკა. ორი ბოთლი ხილის არყით იყო სავსე, დანარჩენი კი – ადგილობრივი წითელი და თეთრი ღვინით. რაც შეეხება სახლს, ეს იყო გრძელი, განიერი ფიცრული ძველი შენობა, ისლით დახურული, მიწის იატაკით და წინ მიშენებული დერეფნით. შუა ადგილას სახლში იდო დიდი ქვის კერა, რომლის ზევით სხვა დროს ეკიდა გამჭვარტლული ჯაჭვი, მაგრამ დღეს კი ჩამოეღოთ. საჭმელების სამზადად გაეკეთებიათ ერთი დიდი ქოხი, თუმცაღა კი სხვა დროს ზალიკაის მეუღლე თავისი ქმარ-შვილისთვის იმ სახლში აკეთებდა საჭმელს, რომელიც დღეს სასტუმროდ იყო მორთული. მოხუცი ზალიკაი მხიარული და მზრუნველი სახით გადადიოდა ერთი საქმიდან მეორეზე, უნდოდა ყველგან ხელი წაეყო და მიხმარებოდა, ყველას მადლობას ეუბნებოდა მარჯვედ გარჯისთვის. ზალიკას მეუღლე სუსანაი და რამდენიმე ქალი, სადაც ერია ჩვენი ნაცნობი ქალიჯანიც, უკან სახლზე მიღობილ ფაცხაში, „საფარეშოში” კაზმავდენ ლიზას ახალი ტანისამოსით.

ყველა ამ ფაცაფუცის და მზადების მიზეზი გახლდათ ისა, რომ იმ ღამეს უნდა მოსულიყო ზალიკაის ოჯახში სიძე ჯერან ტევრიძე, უნდა დაენიშნა საცოლოდ ზალიკაის უფროსი ქალი, ლიზა. ამისათვის მოეწვია მოხუც ზალიკას თავისი მოკეთეები და მეზობლები, ამისათვის ამზადებდა პურ-ღვინოს, რომელიც კაი მძიმე ფასად დაუჯდა ღარიბ გლეხს ზალიკას.

კარგა მოსაღამოვდა. ყოველივე სამზადისი მზად იყო. ახლა სტუმარს თუ მასპინძელს, ყველას თვალი ჭისკრისკენ ეჭირათ, მაგრამ სიძე ჯერ არსად ჩანდა. ამ გარემოებამ ყველა დააღონა. მართლა რაღა უნდა ექნათ, რომ სასიძო არ მოსულიყო! ხომ ტყუილად გაიარდა ამდენი მზადება და ხარჯი!

– ქალიჯან, რაფერ არის საქმე, თუ იცი, რეიზა დააგვიანდა ამ კაცს? ჩემმა მტერმა და მოყვარემ, ყველამ შეიტყო აგი ანბავი, ჩემი მეზობლები და მოკეთე, ყველაი ვაწვიე და ახლა რომ გამაბახოს, უთოფოთ ვერ გადამირჩება, – უთხრა ზალიკამ ქალიჯანს.

– ჯერანს შენც კარგათ იცნობ, რა პირის ბიჭია. რომ იტყვის, მერე სიტყვას აღარ გატეხს. მე და დედამისს, ორივეს სიტყვა მოგვცა. ახლა რავა გვიღალატებს – აიმედებდა ქალიჯან.

– აი საქმე რომ ახლა დეიფუშოს, ციცაი მომიკტება, გავბახდიო, – თქვა სუსანამ.

– ამ სიბერის დღეს არ ამაძაღლოს, თვარა... – ზალიკას კიდევ უნდა ეთქვა რაღაც, მაგრამ ამ დროს ვიღაცამ დაიძახა, მოვიდენო და ზალიკაიც გამოვარდა გარეთ. ეზოში ჩამოვიდენ ცხენებით დაწყობილ-დაკაზმულნი ჯერან და ექვსი მისი მხლებელი. ყველა სიხარულით მიეგება ახალმოსულებს. საჩქაროდ ჩამოართვეს ცხენები. სიძე და მისი მხლებელნი მიიწვიეს სახლში.

ჯერანმა გახედ-გამოხედა ზალიკაის მიდამოს, სადაც ძველ სახლს, ძველ ბეღელს, ძველ ნალიას და პატარა შენობებს, მაგალითად, საძროხეს და მისთანებს გარდა, არ მოიპოვებოდა არავითარი შენობა. „აგი ნამეტარი ფუხარაი ყოფილა. ასე თუ იყო, მგონებოდა, არ ჩამოვიდოდი აქანაი სამოყვროთო”, – გაურბინა ჯერანს ფიქრებში. როცა სიბნელემ მოატანა, აანთეს ლამპები. სტუმრები ჩამწკრივდნენ აქეთ-იქით ტახტებზე.

არ გაუვლია ამის შემდეგ რამდენიმე წამს, რომ გაიღო ქვედა კარი, ჯერ შემოვიდა ქალიჯან, მერე საპატარძლო, ლიზა, მასთან ლიზას დედა, სუსანაი, და რამდენიმე ქალი, – ზოგი მოხუცი და ზოგი ყმაწვილი. ჯერან და მისი მხლებელნი წამოდგე ფეხზე. ქალიჯანმა მიიყვანა ამათთან ქალები სალამისათვის. ჯერანმა, სალამის დროს ხელს რომ ართმევდა ქალებს, შენიშნა, რომ ერთი თეთრტანისამოსიანი შავგვრემანი ქალი სხვებზე უფრო მორცხვობდა. ამ ქალის შავგვრემანი სახე და მორცხვობა არ ესიამოვნა ჯერანს და გაიფიქრა: „ხომ არ გუუწყრა ღმერთი, აგი ხომ არ არისო”. ჯერანი ვერ იცნობდა თავის საცოლოს. ის მხოლოდ დაჯერდა დედის სიტყვებს: „ძალუანი ქალი არისო”, და წამოიღო სანიშნოდ ქარვა და ბეჭედი. დედას გარდა, ჯერანის დამ ელისაბედმაც ნახა ლიზა და ისიც ეუბნებოდა ძმას, კაი ქალიაო. მართალია, ელისაბედს მაინცდა-მაინც არ მოსწონდა ლიზას თვალტანადობა, ის უკეთეს ქალს ეძებდა ძმისათვის, იმისთანას, რომ „სახტარზე მისი რძლისთანა ქალი მეორე არ გამოსულიყო”. მაგრამ მკითხავების სიტყვით, ლიზა იყო ჯერანის ბედზე დაბადებული. ასე გასინჯეთ, მესამე მკითხავმა, მებანქოემაც, პირველი ორი მკითხავის სიტყვებს მიემოწმა. მებანქოვე მკითხავმა ისიც დაუმატა: “იმ ქალის (ლიზას) მამას ფული ქონებია შენახული. ჯერ არ აჩენს, იგი ფულიც ჯერანის ლუკმააო”. ამის შემდეგ, აბა, როგორ არ ურჩევდა ცრუმორწმუნე ელისაბედ თავის ძმას, ლიზა შეირთეო. ჯერანის მხლებლებშიაც, გარდა ერთისა, ვერც ერთი ვერ იცნობდა ჯერანის საცოლოს.

როცა ქალები დასხდენ, ქალიჯან მიუბრუნდა თავის ძმისწულს და თავისებური სადა კილოთი ჰკითხა:

– იცი, ბიჭო, რომელია შენი?

– რა ვიცი მე რომელია! – უპასუხა ჯერანმა.

– ეე, თეთრი რომ აცვია, იგია, – აჩვენა ქალიჯანმა იმ ქალზე, რომლის შესახებაც იმ ორი-სამი წამის წინეთ ჯერან ფიქრობდა: „არ გაუწყრეს ღმერთი, იგი არ იყოსო”. ჯერანს სახეზე შავი ფერი გადაეკრა და წარბები მის უნებურად ჩამოეხარა ძირს. „ყველამ მე რეიზა მიღალატა, მამიდამ, დედამ, დამ, რას მემართლებოდენ?” – გაიფიქრა ჯერანმა, მაგრამ ენით თქმას კი ვერ ახერხებდა.

– რაა, ბიჭო, არ დაგიჯდა? – ჩურჩულით ჰკითხა ქალიჯანმა.

– რას მერჩოდი, მამიდავ, რომ ჩეიქციე ჩემი სისხლი? – ძლივს გასაგონად ჩაულაპარაკა ჯერანმა ქალიჯანს.

– რას ჩივი, ბიჭო, შენ კარქა არ შეგიხედავს, თვარა ძალიან ქალია! კაი რომ არ იყოს, მე კაი, თუ გინდა, მარა დედა და დაი რავა გიღალატებდა! ყველას მოსწონს შენს გამეტს, – ხმადაბლა უპასუხა ქალიჯანმა.

ამ ლაპარაკს ყური მოჰკრეს ჯერანის მხლებლებმაც, რომლებშიაც ზოგი ახლო ნათესავი იყო ჯერანისა, ზოგი მეგობარი და ზოგი კარგი მეზობელი და ფუჩუნით კითხულობდენ, რომელიაო. ქალიჯანმა ამათაც დაანახვა ლიზა და ახლა იმათაც დაუწყეს ლიზას ჭვრეტა. ჭვრეტის დროს ზოგი წარბებს ხრიდა, ზოგი ერთმანეთში რაღაცას ფუჩუნობდა. უნდა ვთქვათ, რომ თეთრ ტანსაცმელში ლიზა არ ჩანდა ლამაზ ქალად. ამასთან ლიზა ბუნებითაც მორცხვი იყო და როცა შეამჩნია, ძალზე მიჭვრეტენო, სულ მთლად მოიბუზა. იჯდა თავდაღუნული, წარბებდახრილი, სახემოღრუბლული და თავს ვერ იღებდა. ერთმა ახლო ნათესავმა გაიხმო ცალკე ჯერან და ჰკითხა:

– მოგწონს ქალი?

– ყველამ მიღალატა, ყველამ! – უპასუხა გულმოკლულად ჯერანმა.

– რა ვქნათ ახლა?

– რაღა უნდა ვქნა! სხაპში ვარ გაბმული და რაღა უნდა ვქნა! ცხენები რომ ხელში გვყავდეს, კიდევ რამეს ვიფიქრებდი, თუ გინდა მოვეკალი. ახლა რაღაო!

– სადაა, თუ იცი, ჩვენი ცხენები?

– რა ვიცი სადაა? რაღამც იგი ქონდენ გულში, ცხენებსაც ქე დამალავდენ. ახლა რა მიწაში ჩევიდე! დავტიო აქანაი შვიდი ცხენი და წევიდე? მერე მე რავა შემიძლია გადვუხადო პატრონებს, ჩემი ოჯახი არ უუთავდება! არა და რაი, მიღალატეს, გამაბეს სხაპში და იგია. რაღა ვქნა ახლა, თავი მევიკლა, თუ რაღა ვქნა?

– მეიცა, ბიჭებსაც ვკითხოთ.

ჯერანის ნათესავმა გამოიხმო გარეთ თავისი ამხანაგები, დასხდენ ერთი ხის ძირში და დაიწყეს თათბირი, მაგრამ ყველა მათგანი სხვადასხვა აზრისანი იყვენ იმის შესახებ, რაც ისე აღელვებდა ჯერანს. ზოგი ამბობდა: “მართალია, მზისუნახავი არაა, მარა არც თლათ დასაწუნარია, კაცის ოჯახში ჩამოვსულვართ, ახლა ასე წრიხი აღარ დეიკვრის; აგი რომ ვქნათ, უთოფოთ არ გაგვიშვებენო”. ზოგი იმ აზრისა იყო, რომ ჯერანის შესაფერი ქალი არ არის და მისი მხლებლებისათვის სირცხვილი იქნება, იმაზე რომ დაინიშნოსო. ზოგი არჩევდა, „ცხენები მოვითხოვოთ, თუ მოგვცეს, იგია, თუ არა, ჩვენ მაინც წევიდეთ და ცხენებს მერე საჩივრით ამოვიგებთო”. უკანასკნელ ყველა ამ დასკვნამდე მივიდა: „წასვლა რომ ვიფიქროთ, არც ერთს ცოცხალს არ გაგვიშვებენ ზალიკაი და მისი სახლიკაცებიო”. სცადეს, გაუგზავნეს ზალიკას მოციქული და შეუთვალეს: „სასიძოს ქალი არ მოსწონს და ნაძალადევათ შერთული მადლიანი საქმე არ იქნებაო”.

– გაბახება ზდომებია ჩემი ოჯახის! ჩემმა მტერ-მოყვარემ ყველამ შეიტყო იგი ანბავი, თუ სადმე მოკეთე მყავდა, ყველაი ვიწვიე და ახლა ამას მიჩივა! ჩემი ოჯახის შერცხვენას ნუ მეინდომებს, თვარა დღეს მეც გავთავდები და იგიც გათავდება! თუ მოყვრათ მოსულა, ჩვენც მოყვრათ დახვდებით და თუ სამტროთ მოვიდა, ჩვენც ვიცით მტერის დახვედრა! – უპასუხა მოციქულს ზალიკამ.

მართალია, ზალიკაი არ იყო ისეთი პირი, რომელიც სარგებლობს შემთხვევით და, თუ შემთხვევამ საქმე მოუმარჯვა, სამართლიანობას აღარ დაგიდევს. არა, რაც გაეგებოდა, ზალიკაი სამართლიანობის მოყვარე კაცი იყო, რჯული და სინდისი დიდად სწამდა. მაგრამ ნათქვამია, ჩვეულება რჯულზე უმტკიცესიაო. მას თავის დღეში ასე ენახა და გაეგონა: მშობლები მონახავენ ვაჟიშვილისთვის საცოლოს და ქალიშვილისთვის – საქმროს და გააწყობენ საქმეს ისე, რომ ხშირად ჯვარისწერამდე ვერც კი გაიგებენ ამას საქმრო-საცოლო. მართალია, ხანდახან მოხდება კი, რომ საქმრო და საცოლო თვითონ აირჩევენ ერთმანეთს. მაგრამ ეს იშვიათი მოვლენაა და ხშირად ასეთი არჩევა, თუ საქმრო-საცოლოს მშობლებს არ მოეწონათ, ვერც კი მიაღწევს მიზანს. ზალიკაის ქალი ნახეს ჯერანის დედამ და დამ, საქმე გააწყვეს და ახლა ჯერანი უარს ამბობდა! ჯერანს რომ ლიზა დაწუნებით დაეტოვებია, ზალიკაის ოჯახი ხომ შერცხვენილი დარჩებოდა მისი მეზობლების თვალში! ამ შემთხვევაში სამართლიანად მიაჩნდა ზალიკას ძალის მოხმარება. მოციქულმა მიუტანა ზალიკაის სიტყვები ჯერანს. რაღა უნდა ექნათ! ცოცხალმკვდარი ჯერან თითქმის ხელით შეიტანს სახლში მისმა მხლებლებმა. გააწყვეს სუფრა. როცა თითო ჭიქა ღვინო დალიეს, ჯერანის ნათესავმა კაცმა გადასცა ქალიჯანს ჯერანის მაგიერ ქალის სანიშნოდ ქარვის კრიალოსანი და პატარა, ხუთმანეთიანი ოქროს ბეჭედი, ფირუზის თვლიანი. ქალიჯანმა კრიალოსანი კისერზე გადააცვა ლიზას და ბეჭედი თითზე წამოუგო. ლიზას ისე შერცხვა ამ დროს, რო ქვესკნელში ჩავარდნილიყო, გული არ უშლიდა. გაჩნდა ღვინის სმა, ზალიკაის სტუმრები თანდათან მხიარულებაში შედიოდენ, მხოლოდ ჯერან იყო მოწყენილი. რაც შეეხება ლიზას, თუმცაღა მისთვის არავის უთქვამს გიწუნებენო, მაგრამ მან ინსტინქტურად იგრძნო, საქმრო მწუნობსო და ცოცხლად მოჰკლა ამ იჭვმა. მართალია. თავისი მხრით ლიზასაც არ მოეწონა საქმრო, რაღაც უეშხო კაცად ეჩვენა, მაგრამ ამის თქმას როგორღა გაბედავდა ლიზა ან თავისიანთან და ან სხვასთან! თქმა კი არა და ისე იჯდა გაქვავებული, რომ ერთხელაც ზევით არ აუხედნია. ლიზას სიახლოვეს იჯდა ორი ყმაწვილი ქალი, – ერთი ქერა და მეორე რძედაღვინისფერი. ეს ქალები ისეთი ლამაზები იყვენ, რომ მგონია, მშვენიერი თამარ მეფე და ეგვიპტის დედოფალი კლეოპატრა ამათზე ლამაზი არ იქნებოდენ. ამ ქალების სილამაზემ მაინც სულ დაჩრდილა ლიზა. ჯერან ისეთი თვალით შეხედავდა ჯერ ამ ლამაზ ქალებს და მერე ლიზას. თითქო ერთ მხარეს სამოთხეა, მეორე მხარეს ჯოჯოხეთი და ჯერანს ეს უკანასკნელი რგებიაო.

შექეიფიანებულმა სტუმრებმა თითქმის ძალათ მიიყვანეს ჯერან და დასვეს ლიზას პირდაპირ სუფრაზე, მერე დაუჟინეს და სადღეგრძელო დაალევინეს ერთს მეორესი. მაგრამ ყოველივე ამას ისეთი ნაძალადეობა ეტყობოდა, თითქო ორი მომდურავი ადამიანი მოუყვანიათ ერთმანეთთან შესარიგებლად, მაგრამ არ რიგდებიანო. როცა ერთმანეთის სადღეგრძელოს სვამდენ, არც ჯერანს და არც ლიზას ხმა არ ამოუღიათ. ისე მხოლოდ ჯერანმა ნახევარი ჭიქა დალია და ლიზა კი პირით შეეხო ჭიქას, ღვინო არც კი ჩაუშვია პირში. მეორე დღეს, სხვა სტუმრებთან ერთად, ჯერანმა გადმოიარა ზალიკას სახლიდან და გაუდგა თავის შინისკენ. მოლაპარაკება სიძესა და სიმამრს შორის არავითარი არ ყოფილა იმის გარდა, რომ ზალიკამ უთხრა ჯერანს:

– ჩემო სიძევ, წაყვანის ვადა დამიდევი.

– ჯერ ვერ გეტყვი ნამდვილს. აგერ შინ მივალ, მევიფიქრებ და შეგატყობიებ, – უპასუხა ჯერანმა. 

 

1 2 3
გვერდის მისამართი : ბიბლიოთეკა / პროზა / ნინოშვილი ეგნატე / პარტახი