ნინოშვილი ეგნატე 

 

სიმონა

 

 

 

I

 

სოფელ წაბლისერში გლეხის ძალაძის ოჯახი ერთ დროს ძლიერ ქებული და მძლავრი ოჯახი იყო. “გაბილა ძალაძეს ხმამაღლა ვერავინ ჩასძახებს ოჯახში, ბატონსაც კი ეშინია მისიო”, – ამბობდა ძალაძის მეზობლები იმ დროს, როცა ბატონყმობა ჯერ კიდევ შეურყეველი იყო ჩვენში. ბატონი ან მისი მოურავი როცა გაბრიელას სხვა შინაყმებივით დაჩაგვრას მოუნდომებდა, გაბრიელ თოფით უხვდებოდა წინ: “გიჯობს შენს ტყავში დიეტიო! გეყოფა იგიც, რომ შენ ბატონი ხარ და მე ყმაი, კვირეში ოთხ დღეს შენთვის ვმუშაობ და ორს ჩემთვის; თლათ შესაჭმელად ნუ მომინდომებ, თუ არა, ერთი თუ თავზე ხელი ევიღე, შავს დღეს დაგაყენებ, ოხრად მოგიქცევ იმ საწყალ ყაძახების ოფლით აგებულ სასახლესო”.

გაბრიელას ბატონი თავადი თხლეძირაძე მუდამ უჩიოდა ამ თავზედ ხელაღებულს შინაყმას. “აბა რა უნდა ვუყო ამ ბიჭს? ნებით გემოიანათ არ გემსახურება; ძალა ვიხმარო, კიდევ უარესია. კაცმა თუ თავზე ხელი ეიღო, იმაზე საშიში რაღაა ქვეყანაზე! გაბილას ხომ ბევრი აღარ უკლია თავზე ხელის აღებას. ყველა ყაძახი რომ გაბილაისნაირი ყოფილიყო, შენი მტერია, ბატონყმობა დიდი ხნიდან მოისპობოდა!” ასე ამბობდა ეშმაკი ბატონი, მაგრამ სადაც ძალა არ სჭრიდა, იქ თავის ხრიკიან ენას აჭრევიებდა: კვირაში ოთხ დღე მაინცდამაინც საბატონო ოჩეში ანუ ყანაში მუშაობდა გაბრიელი, ეს ვითომდა ბატონის ურგები შინაყმა.

მაგრამ გაბრიელის ერთადერთი შვილი, საყვარელა, არ ჰგავდა მამას: ვერ იყო გაბრიელასავით ამაყი და გულდაუდრეკელი. საყვარელას თავისი მორჩილობით და თავდაბლობით უნდოდა ამქვეყნად თავის გატანა. ცხვირი რომ გაეტეხათ მისთვის, ხელს არ შეუბრუნებდა. რაკი ასეთ დაბალ ღობედ მიიჩნიეს საყვარელა, ბატონიც და მეზობელიც, ყველა ჰქელავდა და თავში ურახუნებდა. საყვარელას მეუღლე ქეთევან, რომელიც გაბრიელამ ამ თავისი ნებით შერთო შვილს, ყოჩაღი და გაბედული დედაკაცი იყო, მაგრამ იმისთანა ღვთის მონა ქმრის ხელში რა სიყოჩაღე გამოადგებოდა? მეტადრე ბატონყმობის დროს, როცა მკლავის ღონესა და ძალმომრეობაზე იყო ყოველივე დამყარებული. ამიტომაც ქეთევანი მუდამ ჩიოდა: “ჩემი ქმრისთანა შვილის დარჩენას დაურჩენლობა ჯობია. ქვეყნის სათრევი და საცემარია. მერე, რა მამის შვილი! ცხონებულ ჩემ მამამთილს ვინ გაუბედავდა იმას, რასაც ახლა ჩვენს ოჯახს უბედავენ! სულ უწყრებოდა ცხონებული: შენ თუ ამაზე მეტად თვალი არ გაახილე, ცოცხლათ შეგჭამენო”. ქმარის ჯაბანს ხასიათს უნდა მიეწეროს ისიც, რომ ქეთევანზე ცუდი ხმები დადიოდა მეზობლებში: ქმარს არ სჯერდება, თვალი ვაჟკაცებისკენ უჭირავს, ამას და ამას ყვარობსო. ამ ხმებში ცოტაოდენი მართალიც ერია: ლამაზი, მოყვანილი და ჯანიანი ქეთევანი, ეჭვი არ არის, თავის შესაფერს მონახავდა და, თუ ფორმალურად ვერა, საიდუმლოდ მაინც გულს იმას შეუკავშირებდა.

ბატონყმობის დარღვევა მოახლოვებული იყო, რომ საყვარელამ ბატონს სასახლეში ბეგრის ღვინო წაუღო. გზაზე ცუდი ტაროსი შეხვდა, გაცივდა და ერთი კვირის ავადმყოფობის შემდეგ ჩააბარა თავის საცოდავი სიცოცხლე იმას, ვინც მიანიჭა. დარჩენ ობლად საყვარელას შვილები, ვაჟები: გიგოია – თუთხმეტი წლისა და სიმონა – სამი წლისა, ქალი მაგდანა – შვიდი წლისა. ორი ქალი კი სიცოცხლეში გამოაცალეს საყვარელას ხელიდან: ერთი ბატონმა მოსტაცა და გაუყიდა, – მეორე ყაჩაღებმა.

თუმცა საყვარელა უფოლადო, უფხო კაცი იყო, როგორც იტყვიან, მაგრამ მაინც ოჯახის თავი იყო, თავის შრომით, ავად თუ კარგად, ოჯახს არჩენდა. მისი სიკვდილის შემდეგ კი დიდი ჯაფა დააწვა ქეთევანსაც და გიგოიასაც, სიმონას კი ჯერ ჭამის გარდა არაფრის გაკეთება არ შეეძლო. მეტადრე პირველი ორი-სამი წლის განმავლობაში ძლიერ გაუჭირდა საქმე, რადგანაც ბატონყმობის გაუქმების შემდეგ გამოუცდელმა ქეთევანმა, რაც კი მიწა დარჩენოდა მათ მამა-პაპას, სულ თავის შვილების სახელზე “სანადელოდ” დააწერა: “რავა დავუკარქავ შვილებს მამა-პაპის დატიებულ მიწა-წყალსო”. ამ ბევრ სანადელო მიწებს მოჰყვა დიდი გადასახადი, რომელიც ქვრივ-ობოლს კი არა, მოწიფულს ვაჟკაცსაც გასტეხდა წელში. დიახ, პირველში ძლიერ გაუჭირა საქმე ამ გარემოებამ, მაგრამ გავიდა ხანი, აგერ გიგოია დავაჟკაცდა, ქეთევანიც გამოიცადა ქვრივობაში და ერთ ვაჟკაცს არც ის ჩამორჩებოდა საოჯახო საქმის გაკეთებაში. ბოლოს და ბოლოს ამ მოუსვენარი შრომით ისე კარგად წაიყვანა საქმე, რომ “ნადელის” მიწების შეყიდვასაც კი აპირებდენ ნაბატონარ თხლეძირაძისაგან. “ქალი კი არა, ვეშაპია! ჰხედავ, რავა წამოაყენა ფეხზე ოჯახი და გამოზარდა შვილები! ქვრივობა კიდეც მოუხთაო”, – ამბობდენ ქეთევანის შესახებ მისი მეზობლები.

ასე კარგად მიდიოდა საყვარელა ძალაძის ობლების საქმე, რომ ოხერი ფათერაკი არ გამოსტყვრომოდათ. ერთ დღეს, – სიმონა მაშინ შვიდი წლისა იყო, – გიგიამ ხარები შეაბა და ყანიდან ურმით სიმინდი უნდა მოეტანა. დეკემბერი იყო, მაგრამ კარგი დარი იდგა. რადგანაც ხარები კარგად გამოქნილი ჰყავდა, წინამძღოლად აღარავინ მიჰყავდა. “ფრთხილად, დედაშვილობას, ცუდი გზებია...” – დააბარა ქეთევანმა შვილს. “ახლა ერთი შენებურა, ჰო!.. ვითამდა პირველად მივდიოდე, იმ გზაზე არ დავბერდი!..” უპასუხა გიგოიამ დედას და გადაჰკრა ხარებს შოლტი. მსუქანი, ზორბა ხარები დაიძრენ და მსუბუქად გააქანეს ურმები. “ღმერთო, შენ მომიმართე ხელი!” – გადაიწერა პირჯვარი გიგოიამ და გაჰყვა ხარებს. “ღმერთო, შენ შეეწიე, შენ დეიფარე და მოუმართე მარჯვენი!” – ილოცებოდა ქეთევან დიდხანს. სიმონა, რადგანაც ძმამ აღარ წაიტანა, გახარებული გაიქცა თავის ტოლ ბიჭებთან სათამაშოდ.

შუადღე გადავიდა. ქეთევანი კარებს აღარ შორდებოდა: “რა ვქნა, რეზა შეიგვიანა, არ ვიცი! წავალ, შევეგებები, მარა, ღმერთო. შვიდობა მიეცი, გაწყრომა იცის: ვითამდა ბაღანაი ვიყო, ისე უკან დამდევ ამ მოწიფულ კაცსაო”, – ამბობდა შეშინებული ქეთევანი. “სიმონავ! სიმონავ!” – მოისმა ხმა. ქეთევანი ფერდაკარგული გავარდა კარში და “ვინ ბძანდებიო”, – გასძახა. “გიგოიას ურემი გადავარდნია, მოგვეხმარე! ჩქარა, ჩქარა!” მოესმა ქეთევანს პასუხად. “ვაიმე, შვილო!” ერთი შეჰკივლა ქეთევანმა და მოუსვენარი სირბილით გაიქცა გიგოიასაკენ ისე, რომ სახლის კარები არც კი დაუხურავს. როცა მიაღწია იმ ადგილს, სადაც ურემი გადაბრუნებულიყო, მწარე სანახავი წარმოუდგა ქეთევანს: იმ კლდის ძირში, რომლის თავზე გზა მიდიოდა, კისერმოგრეხილი, დამტვრეულ ურემზე, აქეთ-იქით გადახლანჯულ-გადმოხლანჯულნი ეგდენ ხარები, ერთი – ორივე რქით მიწაში დაფლული და მეორე – რქებდამტვრეული. ორივე ხარი მკვდარი იყო, მაგრამ ერთ ხარს, რომელსაც ენა გარეთ ჰქონდა გადმოგდებული, გეგონებოდა, სიცოცხლე შერჩენიაო, რადგანაც სიკვდილის დროს თვალები ღია დარჩენოდა. სიმინდი ჩაცვივულიყო პატარა მდინარეში და თითო ტაროობით მიჰქონდა მოჩანჩქარე წყალს. მეზობლებს, რომლებიც ამ დროს აქ შეხვედროდენ, გაეყვანათ გიგოია მდინარის პირზე, დაეწვინათ და სისხლი მოებანათ, მაგრამ რაღაი, რომ სიცოცხლე აღარ ეტყობოდა! ფერი წასვლოდა, ბაგე გასთეთრებოდა და ოდნავღა სუნთქავდა.

გიგოიას დაეტვირთა ურემი სიმინდით და წამოსულიყო შინისაკენ. კლდის პირას, გზაზე ურემს ქვეშიდან მოზღვავდებოდა, წასულიყო კლდის ძირს და ურემი, ხარები და გიგოიაც თან ჩაეტანა. თუმცა იმ დროს, როცა ორივე ხარი მომკვდარიყო, კლდიდან გადავარდნის გამო გიგოიას, ვინ იცის, რის მოწყალებით კიდევ შერჩენოდა სული, მაგრამ ისე იყო დათეთქვილი ტანში, რომ მუშა კაცად თავის დღეში ვეღარ გამოდგებოდა. ქეთევანმა რომ ამ მდგომარეობაში დაინახა თავისი შვილი, ისეთი საზარელის კივილით მივარდა და ჩაეჭდო გულში, რომ იქ მყოფი ხალხი შიშმა აიტანა, – თავს მოიკლავსო. გამწარებული დედა დიდხანს იკაწრავდა ლოყას, ძუძუს, მკერდს და გამწარებული იგლეჯდა თმას. გიგოია სულ სისხლს მოესვარა. ხალხი ეხვეოდა, მაგრამ ვერას გახდა. ბოლოს ქეთევანს გული წაუვიდა და ძლივს მოაბრუნეს წყლის პკურებით. გიგოია დიდხანს იწვა გაუნძრევლად, ბოლოს მოიბრუნა სული და ძლივს გასაგონად წამოიახა: “ნენავ, მომეხმარე!” “შვილო, გიგო, აგერ აგდია ძაღლის შესაჭმელი დედაშენი! გაახილე თვალი, კიდევ მითხარი რამე!”– ჩასძახოდა ქეთევანი. ხალხიც შემოეხვია და უძახოდა: “გიგო, გიგო! აბა გამეიხედე არ გეცოდება დედაშენი, თავს რომ იკლავსო”. მაგრამ გიგოიამ დახუჭა თვალები და კრინტსაც ვეღარ სძრავდა დაუწყეს კიდევ წყალის პკურება. რამდენისამე წამის შემდეგ, გიგოიამ კიდევ გამოახილა თვალები, “მომეხმარეთო” დაიძახა და გულიდან ამონახეთქი სისხლი წამოუვიდა პირიდან. ხალხმა საჩქაროდ გააკეთა ჯალამბერი, ზედ დადვეს გიგოია და მიიტანეს შინ.

II

გიგოიამ ქრისტეშობის დღესასწაულებამდე იცოცხლა. ქეთევანი ერთ წამს ვერ შორდებოდა ავადმყოფს შვილს, უჯდა სასთუალთან, თან უვლიდა და თან სტიროდა უპატრონობით ოჯახის საქმე, რა თქმა უნდა, უკუღმა მიდიოდა: ნალია, რომელიც შორეულ ყანაში იდგა და რომლიდგანაც გიგოიას სიმინდი შინ უნდა მოეტანა, ქურდმა გასტეხა და გასცალა სიმინდისაგან; კარგი მაკე ძროხა ღამით გარეთ დარჩა, რადგანაც მომნახველი არავინ იყო და მგელმა შეჭამა; ღორები თითო-ოროლობით სულ დაიკარგა – ზოგი მგელმა შეჭამა და ზოგიც – ქურდმა. ქათმები და სხვა შინაური ფრინველები, რომლებიც ქეთევანს დიდძალი ჰყავდა, ზოგი ძერას და ქორს მიჰქონდა და ზოგი ავადმყოფის სანახავად მოსულ სტუმრებს უნდებოდა სადილ-ვახშმად. “ვაი, ოჯახო, ვაი, ნაოფლარო! ჩემი თვალით სიკვდილის წინ არ დამენახა მაინც შენი დაღუპვა!” – წამოიძახებდა ხანდახან მწარედ გიგოია. ვინღა მოუვლიდა ოჯახს? ქეთევანი იყო და თვითონ გიგოიას ვერ შორდებოდა; მაგდანა, ქეთევანის ქალიშვილი, ამ დროს გათხოვილი იყო, და რადგანაც მის ქმარს ერთხელ ჩხუბი მოსვლოდა თავის ცოლისძმა გიგოიასთან, ამიტომ არა თუ მშობლების ოჯახის მისახედავად, მომაკვდავი ძმის სანახავადაც არ უშვებდა ქმარი; შვიდი წლის ბიჭს, სიმონას, აბა რა ოჯახის მოვლა შეეძლო!

შობის წინა დღე იყო. გიგოია უკანასკნელ დღეებში თანდათან დასუსტდა. მეტადრე ამ დღეს ძლიერ იცვალა პირი მისმა ავადმყოფობამ. შფოთავდა, რაღაც ერთგვარი მახვილი კვნესა ამოჰკიდა, თვალები ჩაუღრმავდა, ცხვირის ნესტოები გაუთხელდა; უკანასკნელად ნათესავების და მეზობლების ცნობაც დაკარგა. ქეთევან მწარედ იცემდა ხელებს გულში და იგლეჯდა ძუძუებს, მაგრამ ხმის ამოღებას კი არ ანებებდენ ავადმყოფის მნახავები: “ამაზე უარესიც გვინახავს მორჩენილი, არ დაუბედო ტირილიო”. შუაღამე მოახლოვებული იყო, რომ გიგოიამ, კვნესის მაგიერ, ხრიალი დაიწყო, ეხლა ყველა ხედავდა, რომ გიგოია რამდენისამე საათის განმავლობაში დალევდა სულს. ქეთევანმა მორთო ტირილი და იგლეჯავდა გულ-მკერდს. გამწარებული დედა მოაშორა ხალხმა მომაკვდავს; ქეთევან გაიყვანეს გარეთ და წამდაუწუმ იმას ჩასძახოდენ: “ქრისტიანო, ცოცხალი ადამიანის ტირილი გაგიგონია! მეიცადე ერთიცახე!” ბოლოს ხრიალიც მიუსუსტდა გიგოიას და ერთმა მნახველმა, რომელიც თავით უჯდა ავადმყოფს, დაიძახა: რაღაი შეიცადე, კაცი გაცივდაო”. ხალხი მისცვივდა, დაუწყვეს მიცვალებულს ჯვარისსახედ ხელები, გაუსწორეს ფეხები და მოჰყვენ მაღალი ხმით ტირილს. ქეთევან შემოვარდა სახლში, მივარდა გიგოიას, მერე ეცა კედელს და ისე მძლავრად აჯახებდა ზედ თავს, რომ თუ დროზე არ დაეჭირათ, თავს გაიჩეჩქვავდა.

ბოლოს ხალხი დაწყნარდა. ქეთევანს ძალა გამოელია, ხმა ჩაუწყდა, დაეცა მიწაზე და შესაზარი ხმით გმინავდა. გიგოიას გვამს ხალხმა აუნთო წმინდა თაფლის სანთელი, რომელმაც მოყვითალო, სუსტი სინათლე მოჰფინა სახლს და უცნაური საიდუმლო ფერი დასდო იქაურობას. ამ სუსტს სინათლეზე ისე მოჩანდა მკვდრის სახე, რომ გეგონებოდა, აი, ეს არის ეხლა გაინძრევა და დაიწყებს ლაპარაკსაო. როცა ხალხმა ყოველივე წესი აღასრულა, წავიდა თავიანთ სახლში. დღესასწაული თენდებოდა, რომელსაც სხვის გულისთვის არ ჩაიმწარებს სოფლელი. თუნდ ნახევარი დაიხოცოს, დანარჩენი მაინც ლხინით ეგებება დღესასწაულს. “რა ვქნა, ძმავ, დღეს იგი არ არის, ასე ჰქვია, ხვალ მე აღარ ვიქნებიო“. ქეთევანთან დარჩა მხოლოდ ერთი ქვრივი დედაბერი, რომელსაც ჩვეულებად ჰქონდა, მოკვდებოდა ვინმე თუ არა, დამარხვამდე აღარ გაეყრებოდა.

შობა-ახალწელ შუა დღეებში მოამზადეს გიგოიას სატირელი პურ-ღვინო, რომელიც, რასაკვირველია, საგრძნობელ ხარჯად დაუჯდა უიმისოდაც დაზარალებულს ოჯახს. გამართეს ტირილი, აასრულეს, რაც წესი იყო, და დამარხეს მიცვალებული. სიმონა ამ საქმეში იმოდენ მონაწილეობას იღებდა, რაოდენის მონაწილეობის მიღებაც შეუძლია მისის წლოვანების ბავშვს, ესე იგი ხან უაზროდ სტიროდა დედასთან ერთად, ხან ბეღელთან მიირბენდა, თავის ძმის სატირლად ნაყიდ პურს გამოართმევდა მეპურეს და მადიანად ილუკმებოდა.

III

დარჩა ქეთევანი თავის შვიდის წლის სიმონათი. იძულებული შეიქნა ხელახლა ყანაში ემუშავა მოხუცებულობის დროს და ფუტი არ გაეცივებია ობლისთვის. ეს, რასაკვირველია, ადვილი არ არის, მაგრამ ქეთევანი მამაცად ებრძოდა გაჭირვებას; დილას, ჩიტის წამოფრენამდე, როგორც იტყვიან, ქეთევანი ამდგარი იყო, ცული ან თოხი ეჭირა ხელში და საქმეზე მიდიოდა; დაღამებამდე ვაჟკაცივით მუშაობდა ყანაში ან ტყეში. როცა დაბრუნდებოდა (ხანდახან ვახშმობისას ბრუნდებოდა), დაათვალიერებდა საქონელს და, თუ ძროხა ან ღორი აკლდა, გასწევდა საძებრად და სანამ არ მონახავდა, ღამე დაეხეტებოდა ტყეში. ვაი მისი ბრალი, ვინც რაიმე უსამართლობას მოუნდომებდა: ბევრჯერ მომხდარა, რომ ქეთევანს თოფისთვის წამოევლოს ხელი და ვაჟკაცი ეფრინოს. მართალია, ამნაირის ქცევისთვის ბევრი ლანძღვა-კიცხვა დაატყდა თავზე ქეთევანს თავის მეზობლებისაგან: “ქალი კი არა, ქაჯია, შენი ჭირიმე, ვაჟკაცებს აშინებსო” – ამბობდენ მეზობლები. ბოლოს კუდიანობაც დასწამა ცრუმორწმუნე ხალხმა ქეთევანს. მაგრამ მეზობლებს რაც უნდა ელაყბათ, ქეთევან თავის საქმეს აკეთებდა, ობლის კვერს აცხობდა, უსაფუძვლო ლანძღვა-კიცხვაზე და მოგონილ ხმებზე სამართლიანი წყევა-კრულვით აძლევდა ქეთევან პასუხს. თავის ქმარს კი ძვირად ახსენებდა და მამამთილის ხსენება კი ხშირად იცოდა: “ნეტა რა ეგონენ? გაბრიელის პატიებული უნჯი ოჯახი ასე ადვილად, გაცივდებაო! ვერ მივართვი! გეიზარდოს აგერ ჩემი სიმონ, მტერს დაუდგება თვალები! მას ენაცვალოს დედა, თლათ ბაბუამისია თვალტანათაც და საქციერითაც!”

გავიდა დრო, ქეთევან მოუსვენარი შრომით ცოტა წელში მოიხარა; თვალებიც წინანდებურად აღარ უჭრიდა, ერთ დროს ლამაზი პირისახე საკმაოდ მოემანჭა; ღამღამობით ხშირად ახველებდა, ხშირად ავადაც ხდებოდა. მართალია, მოხუცებას თავს არ უდებდა, ოჯახზე წინანდებურად ეჭირა თვალი, მაგრამ როცა ლაპარაკი მოიტანდა, მაშინ კი ამბობდა: დავბერდიო. ან თუ რომელიმე მეზობელი ეხუმრებოდა: “ქეთევან, გაგვიტყდი, ხომ კიდომ გყავს საყვარელიო”, ქეთევანი ხუმრობითვე, მაგრამ ნაღვლიანად უპასუხებდა: “რაღაი, ბიჭო, მოტყდა გული, დავბერდი, თვარა სიყვარულის ცალი სხვაი რაღაა ქვეყანაზეო”. დიახ, დაბერდა ქეთევან, მაგრამ წაქცეული ოჯახი კი ორჯელ წამოაყენა ფეხზე, ორჯელ გამოზარდა ობლები, ერთხელ უფროსი შვილი, გიგოია, რომელიც ფათერაკმა ისე უდროოდ გამოაცალა ხელიდან და ეხლა უმცროსი, სიმონა, რომელიც აგერ თვრამეტ-ცხრამეტი წლის კაცი გახდა და ობლობა თითქმის არ შეუტყვია, ფრჩხილი ერთხელაც არ დასწვია. ასრულდა დედის ნატვრა: სიმონა ეხლა მტერს მტრობას გაუწევდა და მოყვარეს მოყვრობას. აი ეს იყო ქეთევანისთვის ისეთი ჯილდო, რომელიც გადახდილ ტანჯვას და ჯაფას ავიწყებდა. ცისა და ქვეყნის ნეტარება თითქო ქეთევანის ხელთ იყოო, როცა თავის თვალ-ტანადს, მხარბეჭგანიერს, ვაჟკაცურ, ლამაზ პირისახეზე ულვაშ ახლადმოხვითქულს შვილს უყურებდა. “მოგემატოს დედის დღე, აწი რაღა მიჭირს, რაც დედას შენისთანა შვილი მყავს!”– ჩაილაპარაკებდა ქეთევანი თავისთვის, სიმონას რომ შეხედავდა. მხოლოდ ერთი რამღა აკლდა ახლა ქეთევანს: სიმონას დაცოლშვილება. ბევრი შუამავალი მოსდიოდა, კარგი “მზითვის და გვარის”ქალებს ურიგებდენ სიმონასთვის, მაგრამ სიმონა სულ უარზე იყო: “მაცა, ერთი ჯერ წელში გავიმართო, ქვეყანაზე თვალი გავახილო, ცოლ-შვილს მერეც მოვესწრებიო”. ამის შემდეგ დედაც ძალას ვერ ატანდა. “ოღონდ ცოცხალი მყავდეს და ვუმზირო, ბედნიერებად ისიც მეყოფაო”. ფიქრობდა ქეთევანი.

ის მეზობლები, რომლებიც უწინ ისე ჰკიცხავდენ ქეთევანს, ერთი იმათებური ანდაზისა არ იყოს, – “იქცეოდეს შეესიე, შენდებოდეს შეეწიეო”, – ეხლა ქებით იხსენიებდენ: დეილოცა შენი დედაკაცობა, რაც შენ ორჯერ წაქცეული ოჯახი ორჯერვე ფეხზე დააყენე და ალმასივით შვილი გამოზარდეო. ყველა მეზობელი სიხარულით ეხმარებოდა და იხმარიებდა სიმონას ყანაშიც და სხვა საქმეშიაც; სიხარულით პატიჟობდენ ქორწილში, ნათვლაში, გასაჭირში და დასალხინში. ან ვინ დაიწუნებდა მეზობლად მუშაობაში მარჯვეს, ლხინში კარგ მოსიმღერე და მოთამაშე სიმონას!

IV

ძალაძის მეზობლად ესახლა ერთი, მთელს სოფელში დიდად გავლენიანი და მდიდარი, მძლავრი კაცი, დავით დროიძე. დავით მაღალი, რიხიანი შეხედულების კაცი იყო, კარგი მოლაპარაკე, ენამეტყველი, თან ხუმარაც. წლოვანობით დავით ორმოცდაათის წლისაზე მეტის ხნისა იყო, მაგრამ სახესა და ჯანზე კი ორმოცი წლის კვალიც არ აჩნდა. შთამომავლობით დროიძე გლეხი იყო, ერთის აზნაურის “ნაკაცვარი”. ყმაწვილობისას დავით ვიღაც ნიგვზის ხეებით მოვაჭრე ბერძენთან იდგა, ჯერ მოჯამაგირედ და მერე “პრიკაშჩიკად”. შემდეგ, როცა ბერძენი თავის ქვეყანაში წავიდა, დავითმა თვითონ დაიწყო ნიგვზის ხის სყიდვა-გასყიდვა. ამბობდენ, ვითომც ბერძენმა ფული დაუტოვა დავითს, – ხეები იყიდე ჩემს მოსვლამდე და დამახვედრეო; რადგან ბერძენი თავის ქვეყანაში მოკვდა, ბერძნის ფულები დავითს შერჩა და იმით გამდიდრდაო. მართალი იყო ეს თუ არა, ამისი რა მოგახსენოთ. მართალია, ბერძენს დავითი სანდო კაცად მიაჩნდა და აძლევდა ფულს ხეების საყიდლად; ხშირად დავითს ათას მანეთობით ჰქონია ჯიბეში ბერძნის ფული და უყიდია ბერძნისთვის ხეები სხვადასხვა სოფელში. ამას გარდა, როცა ბერძენი თავის ქვეყანაში წავიდა, დავით ერთხანს კიდევ ბერძნის სახელით ყიდულობდა ხეებს. მხოლოდ რამდენისამე ხნის შემდეგ გაამხილა, რომ ბერძენი აღარ დაბრუნდება, ყოველივე ანგარიში გაასწორა და ისე წავიდა, ხეებს საკუთრად ჩემთვის ვყიდულობო. ამას შემდეგ, რასაკვირველია, ხალხს საბუთი ჰქონდა ეთქვა, – დავითს ბერძნის ფული შერჩაო. მაგრამ ისიც შესაძლებელია, რომ დავითს თავის ჯამაგირიდან შეენახოს ფული და იმითი დაეწყოს ხეების ვაჭრობა, რომელშიაც ძლიერ გამოცდილი იყო. ასე თუ ისე, დავითს თავისი საქმე კარგად მიჰყავდა. რამდენისამე ხნის შემდეგ, როცა ნიგვზის ხეები სოფლებში გაძვირდა, დავითმა დაანება თავი ხის ვაჭრობას და სიმინდის ვაჭრობას მიჰყო ხელი. ამ ვაჭრობამაც კარგა ბლომად შესძინა დავითს ფული. ამას დავითი თითონა აღვიარებდა ხანდახან: “ძაან სარგებელი ვნახე იმ სიმინდის ვაჭრობაშიო”. უკანასკნელ დავით მობრუნდა სოფელში, შეისყიდა თავისი მებატონისაგან “ნადელ”-ის მიწები, გაიკეთა კარგი ოდა და გაიჩინა ცოლ-შვილი. თუ რამ “საფოდრათო”საქმე გამოჩნდებოდა ახლომახლო და სარგებლიანობა ეტყობოდა საქმეს, დავით ხელიდან არ გაუშვებდა. თუ არა და, ცხოვრობდა თავისი ფულების პროცენტით – ფულებს მეზობლობაში ასესხებდა და დარწმუნებულიც იყო, რომ არ დაეკარგებოდა. ბოლოს, როცა დავითის უფროსი ვაჟი წამოიზარა, დავითმა გააკეთა თავის სოფელშივე დუქანი, დააწყო შიგ გასაყიდად ისეთი რამეები, რაც სოფლისთვის მიუცილებელ საჭიროებას შეადგენს, მაგალითად: ხმელი თევზი, მარილი, ნავთი, საპონი, სანთელი და სხვა ამგვარი და დააყენა დახლში თავისი უფროსი ვაჟი. დუქანს კარგი შემოსავალი ჰქონდა. ამასობაში გამოიზარდენ დავითის უმცროსი ვაჟებიც. ეხლა დროიძის ოჯახმა განზე გაშალა ფრთები: უფროსმა ვაჟმა დაანება სოფლის “დუქნუკას” თავი და ერთს მახლობელ ქალაქში ეხლა მანუფაქტურით ვაჭრობდა; იმისი ორი ძმა მამის ხელობას დაადგა – სიმნდს და ნიგვზის ხეებს ჰყიდულობდენ და ჰყიდდენ. ორი უმცროსი შვილი დავითმა სკოლაში გაზარდა; ერთი იმათგანი პოლიციაში იყო სეკრეტრად, მეორე, სულ ყველაზე უმცროსი, იუნკრის სკოლაში ჰყავდა და იმედი ჰქონდა, რომ მალე ოფიცრობას მიიღებდა. თვითონ დავით კი ოჯახში იყო, რომ იმ გადასახადებისგან გაენთავისუფლებინა თავი, რომელიც გლეხს აწევს კისერზე, დავითმა თავის დროზე დახარჯა ფული და სასულიერო წოდების კაცად ჩაეწერა, თუმცა კი არავის ახსოვს რომ დავითის მამა-პაპათაგან ვინმე სასულიერო წოდების ყოფილიყოს, გარდა დავითის პაპის ერთის ძმისა, რომელიც დიაკვნად ყოფილიყო ესეც რომ არ მოუხერხებია დავითს, ის სავაჭრო მოწმობანი, რომელთაც დავითის შვილები იღებდენ ყოველ წლივ, სრულიად გაანთავისუფლებდა დავითს გლეხკაცის მოვალეობისაგან. ამიტომაც წაბლისერში დავითის ოჯახს აზნაურის ოჯახს ეძახდენ, თუმცა ბევრს კარგად ახსოვდა, რომ რაღაც ოცისა თუ ოცდაათის წლის წინათ თვითონ დავით ერთი გუდამშიერის აზნაურის შინაყმა იყო. მიწა-ადგილებს დავით თანდათან იძენდა, ასე რომ ბოლო დროს კარგი მამულის პატრონი თავადისთვის შეეძლო ხელის გაწვდენა. მკითხველი ადვილად მიხვდება, რომ დავით დროიძე თავის სოფელში პატარა მეფე იყო. სიმონა და საზოგადოდ ძალაძის ოჯახი თაობიდანვე ათვალისწუნებული ჰყავდა დავითს. “რავარ კაცის ჩამომავლობაა რომ იმისაგან კაი რამე გამევიდეს; გაბილა ძალაძემ უდროოთ დააბერა თავისი ბატონიო”. – ამბობდა ძალაძიანებზე. “აი ბიჭი სათოკე იქნება, სულ ბაბუამისის მოყვანილობა და თვალები აქ!” – იტყოდა დავით, როცა ნახავდა პატარა სიმონას, რომელიც, თუმცა პატარაობიდანვე გაბედული ბავშვი იყო, მაგრამ დავითის რიხიან ხმას, დიდრონ წარბებს და მწყრომარე თვალებს ისე შეეშინებია, რომ პატარაობისას ძლიერ ერიდებოდა დავითის შეხვედრას. ბევრჯერ ყოფილა, რომ დედას სიმონა საქმეზე გაუგზავნია, სიმონას გზაზე დავით დაუნახავს და შინ დაბრუნებულა შეშინებული.

– უიმე, ბატონო, რანაირათ ეშინია იმ ჩემ ბიჭს შენი, – უთხრა ერთხელ ქეთევანმა დავითს.

– ყოველ ავსულს ეშინია სხვისი, – უპასუხა დავითმა ამაყად.

– გენაცვალოს ქეთევან, იმას რა ავსულობა შეუძლია, ჯერ ნაცარს არ მოშორებია! – მოკრძალებით შეუბრუნა სიტყვა ქეთევანმა.

– ჯერ ხო, არ შეუძლია, მარა გეიზდება და მაშინ შეიძლებს. გაბილაის შვილისშვილი არ არის! – უპასუხა დავითმა თავისებურის ხუმრობის კილოთი.

დავითის ადგილას რომ სხვა ვინმე ყოფილიყო, ამ სიტყვებისთვის ქეთევანი ერთს ვაივაგლახს დააწევდა, მაგრამ დავითს, პატივცემულ დავითს, ვერც ამ გაბედულმა ქეთევანმა გაუბედა აქ სიტყვის შებრუნება, რადგანაც იცოდა, რომ დავითი თუ მოინდომებდა, კოღოსავით გასრესდა ამ საცოდავ ქვრივ-ობოლს.

განსაკუთრებით მტრობა კი, უნდა ვთქვათ, არ ჰქონია ძალაძის ოჯახთან დავითს.

თავის მხრით, სანამ ცოცხალი იყო გიგოია და მერე ქეთევან, დიდის მორიდებით ეპყრობოდენ დავითს და მის ოჯახს. ასე გასინჯეთ, ერთხელ დავითის ერთმა შვილმა ორი ღორი ერთად მოუკლა ქეთევანს, მხოლოდ იმისთვის, რომ ეზოში შემოვიდაო. სხვა მეზობელს რომ ეს გაებედა ქეთევანისთვის, ქეთევან თოფით მიუხტებოდა ოჯახში, მაგრამ დავითთან პირიქით ბოდიშიც მოიხადა:

– რა ვქნა, ქვრივ-ოხერი ვარ, პირუტყვის მოვლა ვერ შევძელი და შეგაწუხეთო – ამ სიტყვებით გულმორბილებულმა დავითმა მოკლული ღორები დაუბრუნა ქეთევანს და თან ერთი საკაბე ჩითიც აჩუქა.

V

ერთს ზაფხულს, – მაშინ სიმონა თხუთმეტის წლისა იქნებოდა, – ერთს სიმონას მეზობელს ნალია გაუტეხეს და სიმინდი მოჰპარეს. ამ საქმის გამო ხალხი კანცელარიასთან შეიკრიბა და მოახდინეს რჩევა, თუ როგორ მიაგნონ ქურდს.

დავით, რადგანაც მამასახლისთან მუდამ ჰქონდა საქმე, კანცელარიაში ხშირად დადიოდა. იმ დღესაც, როცა ხალხს ქურდის მონახვაზე ჰქონდა რჩევა, იქ იყო როცა სოფლის ყრილობას დაესწრებოდა დავით, თითქო ესეც ხარჯისმხდელი გლეხიაო, ისეთს მონაწილეობას იღებდა რჩევაში. რა თქმა უნდა, ვის მხარესაც დავითი დაიჭერდა, საქმე იქით გადაიხრებოდა. იმ დღეს დავით ჯერ დინჯად. დარბაისლობით, ფეხის ფეხზე შემოდებით, გრძელ ღერიანის ყალიონით სწევდა თუთუნს და ისე უყურებდა ხალხის ჩოჩქოლს. მერე ისევ დინჯადვე დარეკა ჩიბუხი, წამოდგა სკამიდან, მიიწია ხალხისკენ და დაიწყო:

– რაღა ბევრი ლაპარაკი უნდა. ჩვენი სოფელი აქამდე წმინდა სოფელი იყო, სხვაი სოფლიდან თუ ვინმე შამოგვეპაროდა, თვარა შით ქურდი არ გვყოლია. ამ ბოლოს კი წახთა, ძაან იმატა წვრიმალმა ქურდობამ. გუშინღამ ბაღი გამიცალეს ყურძნიდან. ხილს აბა ვინ დაგიყენებს! მართალია, ჯერ დიდიზა ვერ შეუბედავს, ვინცხაა, მარა რომ გამეიცთება, იმასაც არ დააკლებს ხელს.

აქ დავითმა სიტყვა შესწყვიტა, ცოტა ჩაფიქრდა და შემდეგ ისევ განაგრძო:

– იქნება არაფერ შუაშია და ტყუილა წევიწყმიდო სული... ჩემი თვალით არაფერი მინახავს მის ხელში... კიდევ ვიტყვი, ობოლი კაცია და, თუ დანაშაული არ არის დიდ ცოდვას ვიდებ კისერზე მარა...

აქ კიდევ შეყოყმანდა და შემდეგ დაფიქრებით წარმოსთქვა:

– მარა, ჩემი ფიქრით, იი ობოლი ბიჭი, სიმონაი, უნდა შობოდეს ამ წვრიმალ ქურდობას. სხვაზე მე, ჩემი ჭკუით გუმანი ვერ მიმიტანია და აწი თქვენ იცით.

ხალხი გაჩერდა და ჯერ არას ამბობდა. შესაძლებელია, ამ შემთხვევაში მარტო სიტყვიერ შენიშვნად მიეღო ხალხს დავითის სიტყვა და სხვა შედეგი არა მოჰყოლოდა რა, მით უმეტეს, რომ დავით მანცადამაინც დაჟინებით არ ეუბნებოდა ხალხს ჩემი სიტყვით გაათავეთ საქმეო. არა, დავითმა თავისი აზრი თქვა და მერე ისევ ხალხს შეანება საქმის გათავება. აბა ამისთანა წვრიმალებზე დავით ხომ თავს არ გამოიდებდა! მაგრამ სიმონა, რომელიც ამ დროს იქ იყო და დავითის სიტყვები გარკვევით გაიგონა ჯერ თავზარდაცემულივით გაშეშდა, მაგრამ საჩქაროდ გამოერკვა, წამოდგა წინ და თვალებზე სიბრაზის ცრემლმოდენილმა უთხრა დავითს:

– დავით, რა დაგიშავე, რომ პაწაობიდან შემიძულე? ისე შენმა ცოლ-შვილმა ნახოს ხეირი, რავაც მე შენი ან ყურძენი, ან ხილი, ან იი დათიკაის სიმინდი მევიპარე! აა, შე წაწყმედილო ქვეყნის მყლაპაო, რას მერჩი რას?!

ხალხი მისცვივდა სიმონას და მიაფარა პირზე ხელი:

– ბიჭო, ხომ არ გადირიე, თავადიშვილი ვერ გაუბედავს ამას მაგისთანა სიტყვებს! შენი ტოლი ხომ არ გგონია! გაჩუმდი, გაჩუმდი!

მაგრამ სიმონა ისე იყო აღელვებული, რომ თავი აღარ ახსოვდა.

– შენ რომ ჭკუიანი იყო, გაჩვენებ სეირს, მარა სულელს რა უნდა გითხრა, დამშვიდებით უთხრა დავითმა, რომელსაც ცოტაოდნად კიდევ ებრალებოდა სიმონა: ობოლი კაციაო.

– შენ რომ ბერძენს ფულები მოპარე და იმით გაკეთდი, ისე გგონია სხვაც! – მიაძახა გაცხარებულმა სიმონამ დავითს პირში.

აქ კი ვეღარ მოითმინა დავითმა. “მამასახლისო, მომაშორე აი ყაზილარი, თვარა!”

გულმოსულმა დაუყვირა მამასახლისს, რომელმაც იმ წამსვე უბრძანა სიმონას დაჭერა.

მისცვივდნენ სიმონას ყარაულები და ხევისთავი, თუმცა სიმონა ძალიან დატრიალდა და შემოფანტა ხალხი, მაგრამ ბოლოს მაინც დაიმორჩილეს და წაიყვანეს ნაობახში.

– თუ გამოვედი აქედან, გიჩვენებ შენს სეირს! – გამოსძახა სიმონამ დავითს.

– ოჯო, იი ქვრივი დედაბერი არ მეცოდებოდეს, მე შენ შეგაყოლებ ზევით, ციმბირისკენ. იგია შენი ადგილი! მარა, რომ მეცოდვება, ახლა რა უნდა გიყო! დაილაპარაკა დავითმა წარბების შეჭმუხვნით.

– ნუ იკადრებ, ბატონო, უჭკუოა და ჭყამპალებს, მეტი შენი წყენა რა უნდა შეეძლოს იმას! უთხრა ვიღაცამ მორიდებით დავითს.

– ჩემო ძმაო, ამისთანას უფრო შეუძლია წყენა და ვნება: მოგეპარება ერთ ღამეს, წაგიკიდებს ცეხლს და გამოგბუგავს შით; ჩაგიჯდება გზაში, გკრავს თოფს და გაგაგორებს! მერე მიდი და უყარე კაკალი! უპასუხა დავითმა თავისებურის მოსწრებულის სიტყვებით.

უკანასკნელ დავითმა იხმარა სულგრძელობა: საღამოს გამოაშვებინა ნაობახიდან სიმონა და სიმინდის მოპარვის საქმეც სამეზობლო სამართლით გაათავებია ხალხს, ესე იგი მეზობლობას უნდა დაეფიცა ხატზე, რომ სიმინდი არც თვითონ მოეპაროს და არც ქურდი იცოდეს. ვინც ფიცზე უარს იტყოდა, ქურდობაც იმას დაატყდებოდა.

როცა სიმონა ნაობახიდან გამოიყვანეს, შეხედა დავითს, დამაცაო, ჩაილაპარაკა და გულში ჩაიკრა ხელი.

– ვაჟო, აგი აღარ ხუმრობს, მგონია! – თქვა დავითმა.

– არაფერია, შენი ჭირიმე, გამოუცთელია, ხომ მოგეხსნება გამოუცდელი კაცის ამბავი, ხვალ კიდევ შენი მორჩილი მონა და მოსამსახურე იქნება, დაამშვიდა ხალხმა დავით.

მაგრამ ხალხის სიტყვა არ გამართლდა: იმ დღიდან დაწყებული, სიმონა დავითს აღარც სალამს აძლევდა და თან, სადაც შეხვდებოდა, ისეთი თვალით კი შეხედავდა, რომ დავითი იძულებული იყო, თვალი აერიდებია. მართალია, ქეთევან მუდამ ეჩიჩინებოდა შვილს: “შვილო, ნეფისტოლი კაცია, ჩვენისთანა მწერს, ნეკი რომ გაანძრიოს, იმით გასრესს; შეურიგდი, სალამი მიეცი, ბოდიში მოიხადეო“, მაგრამ სიმონა თავისას არ იშლიდა. ქეთევან კი თავისი მხრით ხშირად იხდიდა დავითის წინაშე ბოდიშს: “აპატივე, ბატონო, ბაღანაია, უჭკუოო”. “შენ მებრალები, თვარა იმას ჭკუას ასტავლიან, იმისთანა ადგილზე ჩავაჯენო”, – უპასუხებდა დავით მოკლედ.

VI

სიმინდის თესვის დრო იყო სიმონას ჩვეულებად ჰქონდა: დილას კარგა მზის ამოსვლამდე ეზოს მახლობელ ყანაში იმუშავებდა; შემდეგ ისადილებდა კვერითა და ყველით და წავიდოდა შორეულ ყანაში. ამ ჩვეულებას იმიტომ უფრო ადგა სიმონა, რომ თავისი მოხუცი დედა არ გაეტანჯა ყანაში სადილის ზიდვით. მართალია, ქეთევან არწმუებდა: “არ მიჭირს სადილის ზიდვა, კიდეც მიხარია შენთან ყანაში სიარულიო”, მაგრამ სიმონამ კარგად იცოდა, ამას დედა იმიტომ ეუბნებოდა, რომ ეშინოდა ჩემს სიმონას არ მოშივდეს ყანაშიო. დიაღ, იცოდა დედის გულშემატკივრობის ამბავი და ამიტომ თავისას არ იშლიდა, – შინა სჭამდა საჭმელს და ამით დედას ათავისუფლებდა ყანაში თრევისაგან. იმ დღესაც ცოტა ხანს შინ იმუშავა, სადილი ჭამა და მერე წავიდა ყანაში. სიმონას ხშირად სჭირდა: ერთი რამ უბრალო შემთხვევა მოაგონდებოდა, ერთი რამე ობლობის დროისა, ამ ერთს მოჰყვებოდა მეორე, მეორეს მესამე და ამრიგად გადაეშლებოდა მთელი ისტორია ობლობის დროინდელის გაჭირვებისა. როცა ამგვარ ფიქრებს და მოგონებაში იყო გართული, მაშინ გზაზე ნელ-ნელა მიდიოდა. იმ დღესაც რაღაცაზე მოაგონდა თავისი ძმის სიკვდილი, მერე ობლობა, დედამისის ტანჯვა-წვალება და ყანაში მუშაობა; ამას შემდეგ ის გარემოება, დავითმა რომ ნაობახში დაამწყვდევია. თუმცა ამ უკანასკნელი ამბის შემდეგ აგერ სამი წელი გასულიყო, მაგრამ სიმონას ისე ნათლად ახსოვდა ეს გარემოება, თითქო გუშინ მოხდაო. ამ მოგონების სურათებმა სიმონას ნაღვლით გაუვსო გული, ტანში დაამძიმა და ამიტომ ზლაზვნით და ტაატით მიდიოდა გზა-გზა. ამ სახით მიუახლოვდა იმ ბილიკს, რიმელიც ბუჩქებით და ტყით იყო გარშემოზღუდული და თან ისეთი მყუდრო, რომ სიმონა, აგერ კაი ხნის ბიჭი სანამ არ გახდა, იქ გავლისა ეშინოდა: დაღამებას არ აცლიდა, ისე მზიურას დაანებებდა ყანას თავს და მორბოდა შინისაკენ. ხშირად აქ სიმონას თვალწინ გაურბენია მგელს, ხან ტურას. ხსენებულ დღესაც, მიაწია თუ არა სიმონამ ბილიკს, მისმა ძაღლმა. თოლიამ. რაღაც სუნი იკრა, ყეფით გადავარდა ტყეში და კარგა ხანს დასდევდა რაღაცას თავგანწირულის ყეფით. თითქმის ნახევარი კიდეც გაიარა სიმონამ ამ მიყრუებულის ბილიკისა, რომ შემოესმა ყმაწვილის ქალის ხმა: “ღმერთო რა ვქნა, რა მეშველება აწიო!”.

რადგანაც ამ სიტყვებში ტირილის კილო ისმოდა და თან ნაცნობ ეჩვენა სიმონა მაშინვე გადახტა იქით, საიდგანაც ხმა შემოესმა. რა ცოტაოდენი მოშორდა გზის პირს, დაინახა თავის მეზობლის ქალი დარია, რომელსაც ერთი ხარი მიება ბუჩქზე და მეორე ხარს, რომელსაც ბაწარი წაეძრო რქიდან, დასდევდა დასაჭერად, მაგრამ დარიას მიახლოვებაზე ხარი დაიფრუტუნებდა, დაემუქრებოდა, ქალს რქებით და გაიქცეოდა.

– მაცა, დარიკო, მე დავიჭირავ! – მიაძახა სიმონამ შორიდან.

– მიშველე, შენი ჭირიმე, ჩემი ძამიეი! – შეეხვეწა ქალი.

სიმონასათვის თხოვნა აღარ იყო საჭირო: მალე მივიდა ხართან, “მოომ” უთხრა; ხარი წამსვე გაჩერდა და სიმონამ მოაბა რქებზე ბაწარი.

– შენს მარჯვენას ვენაცვალე! დილას აქეთ ამას დავსდევდი და არ იქნა, არ მიმიკარა. ნეტა მაინც ჩვენი იყოს? ნაქირავებია ჩემმა ძმამ იქირავა მიხმარებაზე. რავა დევიღუპებოდით, გაგვიცთებოდა, შენ რომ არ შემხთენოდი. რა ჭირისაგან დამიხსენი, ვენაცვალე იმ შენს მარჯვენას! – განიმეორა დარიამ! და ისეთის მადლობის თვალით შეხედა, რომ სიმონას თავის დღეში არ ენახა ასეთი ალერსიანი თვალები.

დარიას ძმის და სიმონას ყანები ახლო-ახლო იყო ერთმანეთთან. ამიტომ გზა კარგა მანძილზე ერთად ჰქონდათ გასავლელი სიმონას და დარიკოს. “ვო, რა მხსნელ ანგელოზსავით შემხთი შენ დღეს!”– უთხრა კიდევ დარიამ სიმონას გზაზე და კიდევ ალერსიანად მიაპყრო თავისი დიდრონი შავ-შავი თვალები.

ამ მეორედ შეხედვის დროს სიმონას ძარღვებში რაღაც ერთგვარმა სიტკბოებამ გაურბინა: დარიას თვალებისთანა მშვენიერი და ალერსიანი თვალები თავის დღეში არ შეხვედრია მის თვალებს. გზადაგზა, რამდენსაც მეტს უმზერდა დარიას, იმდენზე კიდევ მეტი უნდოდა ემზირა. როცა დარიას თვალებს შეხვდებოდა მისი თვალები, ტკბილი ჟრუანტელი დაურბენდა თვალებში.

დარია იყო თექვსმეტ-ჩვიდმეტი წლის ქალი. იმისი დიდრონი შავი თვალები, სწორი, ლამაზი, მოყვანილი, ცოტათი მოშავგვრემანო პირისახე, კარგი მოყვანილი, საშუალოზე ცოტა მაღალი ტანი, ხშირი, წელამდე შავი თმა მეტად მშვენიერ ქმნილებად ხდიდა ამ ქალს. დარია რომ თავადისა ან აზნაურის ქალი ყოფილიყო, მისი ქება შორს იქნებოდა გავარდნილი.

ტანზე დარიას ყოველთვის ღარიბად ეცვა; უმეტეს ნაწილად ძველი კაბა და ძველი “სახოცი”იყო მისი ტანის სამკაული. დარიას ერთადერთი ძმა პავლია ჯაბანი კაცი იყო და ამიტომ დარია, როგორც ვაჟკაცი, ისე ეხმარებოდა ძმას ნამუშევარში. როცა გადასახვევს გზას მიაწიეს, დარიამ კიდევ გადაუხადა მადლი სიმონას და წავიდა თავისთვის. სიმონა კი კარგა ხანს გაჩერებული იყო ერთს ადგილას და უმზერდა მიმავალს დარიას. “ამას გარდა, სხვაი ქალი მე ცოლად არ მინდა. დღეს იმ თვალზე შევხთით, რომ ჩვენ ერთმანეთის ვართო”– გადასწყვიტა სიმონამ თავის გულში და წავიდა ყანაში.

საღამოს სიმონა ადრე დაბრუნდა ყანიდან; უნდოდა დედისთვის ემხილა თავისი გადაწყვეტილება – დარია ცოლად უნდა შევირთოო. დედაც კაი გუნებაზე დახვდა, მაგრამ მაინც ვერ გაბედა იმის თქმა, რაც სათქმელი ჰქონდა. გული ისე უღელავდა, რომ ვახშამი სრულიად ვეღარ ჭამა.

– რა დაგემართა, შვილო, ავათ ხომ არ ხარ? ჰკითხა დედამ.

არა, ისე ტყულა, სხვანაირ ქეიფზე ვარ, – უპასუხა სიმონამ და ამასთან უნდოდა მოეყოლებია დარიას ამბავიც, მაგრამ არ იქნა, ვერ დასძრა ენა, თითქოს მთელი ქვეყნის მთა და ლოდი აწვა ზემოდან იმ სათქმელ სიტყვებს.

– დილას ადრე წამოდგა სიმონა, მაგრამ ყანაში წასვლას კი აგვიანებდა.

– შვილო, წუხელის აქეთ გეტყობა, რომ სხვანაირ გუნებაზე ხარ, რეზა არ მეტყვი, რა ამბავია? – უთხრა დედამ.

ამ სიტყვებმა გამოიყვანეს სიმონა გაჭირვებიდან; თავი იქით მიიბრუნა, რომ დედას არ შეეხედა თვალებში და ისე უთხრა:

– ნენა, თუ ჩემთვის ცოლს ფიქრობ მე, დარიკო რომაა, პავლეის დაი, იგი მინდა ცილათ სხვა ქალს მე არ შევირთავ...

ამის თქმაზე სირცხვილით გაწითლებული სიმონა, დედისთვის არც კი შეუხედავს, ისე ადგა და წავიდა ყანაში. 

 

1 2 3
გვერდის მისამართი : ბიბლიოთეკა / პროზა / ნინოშვილი ეგნატე / სიმონა