ნინოშვილი ეგნატე 

 

ქრისტინე

 

I

 

მაისი იყო, საქმის დღე. მზე საშუადღეოდან დაჰყურებდა დედამიწას. პატარა ბილიკის გადაღმა, ბუჩქნარში იჯდა ყმაწვილი კაცი, ასე ოცისა თუ ოცდაორი წლისა და მოუთმენლად იყურებოდა ერთ მხარეს. ხანდახან გაახსენდებოდა, მიიდებდა ცხვირზე ვარდის კონას, რომელიც ხელში ეჭირა და იყნოსავდა. კოხტა ტანისამოსი და ნაზი შეხედულება უმტკიცებდა, რომ ეს ყმაწვილი არ იყო მუშათაგანი. ბუჩქნარს, რომელშიაც იჯდა ყმაწვილი კაცი, ერთის მხრით ეკრა წიფლის ტყით დაჩრდილული სერი, მეორე მხარეს, შორეულ ფერდობზე, ყანებში მოჩანდენ მუშები, რომელთაც სიცხის გამო გაეხადათ ჩოხები და ისე მუშაობდენ მცხუნვარე მზის ქვეშ. ყანებს იქით ამართულიყო შაქრის თავივით მოყვანილი ქოჩორა გორაკი, საიდანაც დაინახავდით შავ ზღვას და, თუ კარგი დარი იდგა, ფოთის სიახლოვეს მიმავალ-მომავალ გემებსაც.

კარგა ხანს იყურებოდა ყმაწვილი კაცი იქითკენ, საიდანაც, ეტყობოდა, ვიღაცას ელოდებოდა, მაგრამ ჯერ არავინ ჩანდა. უკანასკნელ ყმაწვილ კაცს მოუთმენლობა მღელვარებად გადაექცა: ხან ადგებოდა და ისევ დაჯდებოდა, მერე ისევ ადგებოდა და ახლომახლო მიდი-მოდიოდა. ამასობაში, იმაზე ცოტა მოშორებით, დადუმებულ ბუჩქნარში სამჯერ თანდათან გაისმა ჩხირის გატეხის ხმა. ყმაწვილმა მოჰკრა ამ ხმას ყური, ელვასავით სწრაფად წამოვარდა ზეზე და ნელი სტვენით გაეხმაურა. არ გაუვლია მას უკან ერთს წამს, რომ მოისმა ფოთლების ნელი შრიალი და გამოჩნდა ყმაწვილი ქალი, რომელსაც ხელში ეჭირა ცარიელი კალათი. ქალს ტანს ეცვა იაფფასიანი ჩითის კაბა, ფეხს - წუღა, თავზედ ორშაურიანი სახოცი ეხურა. მაგრამ ამ უბრალო მორთულობაშიაც კი ისეთი ეშხიანი და სიცოცხლით სავსე ჩანდა, რომ თვალის მოშორება დაგენანებოდათ.

- რა ამბავია, ქრისტინე, ასე დაგვიანება! გული დამიდნა! - ტკბილად უსაყვედურა ყმაწვილმა კაცმა და აღტაცებულის თვალებით დაუწყო მზერა.

- ვაიმე, ჩემი სიკვტილი! რა მექნა! ბაბას ყანაში სადილი მივუტანე და ახლა იქიდან მოვალ. შენ არ იცი, იასონ, რა გასაჭირი საქმეა ჩემი აქანაი მოსლა. ხან იმას ვიგონებ ნენასთან, ხან ამას და ისე მოვიპარები. დღეს რომ ყანაში სადილის წაღება არ შემხთენოდა, ვინ იცის, იქნება ვერც ქე მოვსულიყავი, არ გამოვეშვი ნენას. სოფლის კაცის ოჯახში ათასი გუუთავებელი საქმეა! მერე კიდევ ნენას ეშინია ჩემი მარტო გაშობა. ამიზა გეხვეწები, თუ დამიგვიანდეს მოსვლა, ან, ვინ იცის, ზოგჯერ სულ ვერ მევიდე, სხვაფერ ნუ იფიქრებ, იასონ, - უპასუხა ქალმა და დაუწყო მზერა, თითქო უნდა გამოიცნოს, ხომ არ ვაწყენიე ამ სიტყვებითაო.

- არაფერია, შევრიგდებით, - ღიმილით უთხრა ყმაწვილმა კაცმა, მოჰხვია ხელი და მხურვალედ ჩაუკოცნა ტუჩები.

- წევდეთ წყლის პირზე, ჩვენი წიფლის ქვეშ, - უთხრა ყმაწვილმა, როცა კოცნით მოიჯერა გული.

- ვაიმე, დამაგვიანდება და ნენაი გამიწყრება! - დანანებით უპასუხა ქალმა.

- არ დაგაგვიანებ. პაწა ხანს ვიყოთ და მერე ქე წახვალ, - უპასუხა ვაჟმა, რომელიც ისეთის აღგზნებული თვალებით უყურებდა ქალს, თითქო უნდა თვალებით შეჭამოსო.

- კაი, წევდეთ, - დამორჩილდა ქალი.

ამას შემდეგ ქალი და ვაჟი, თითქო შველები არიანო, სწრაფად გაძვრენ ბუჩქებში და გასწიეს მაღალ, დიდ წიფლისკენ, რომელიც თითქო განზრახ გაშორებოდა თავის ტოლ-ამხანაგებს და დაბლა, ვაკეში, მედიდურად შტოებგადაშლილი იდგა. ამ წიფლის ქვეშ ადგილი ისე სწორი და სუფთა იყო, თითქოს განზრახ გაუკეთებია და დაუგვია ვისმესო. წიფლის ძირიდან ცოტა მოშორებით მიჩანჩქარებდა პატარა მდინარე, რომელსაც წვრილის შავი ქვით მოფენილი კალაპოტი და ზევიდან ხეების ჩრდილი საამურ ფერსა სდებდა. როცა ქრისტინე და იასონ მოვიდენ, წიფლის ძირში გასრიალა პატარა ჭრელი გველი, რომელსაც აქამომდე არხეინად ეძინა გრილოში.

- ვაიმე, რა უნდოდა ამ წყეულს აქანაი! - შეშინებით წამოიძახა ქრისტინემ და მიეკრა იასონს.

- ვინ იცის, იქნება ისიც საყვარელს უცთიდა, ვერ ჰხედავ, რავა ლამაზია? - გაეხუმრა იასონი, მერე წამოავლო ქვას ხელი და უნდოდა მოეკლა გველი, მაგრამ ქრისტინე ეცა ხელში.

- არ მოკლა, არ მოკლა!

- რატომ?

- ნენაიდან გამიგონია, ზოგი გველის მოკვლა არ ვარგაო. ეგება აგიც იმისთანა გველია, რომ მისი მოკვლა არ ვარგოდეს.

იასონმა გაიცინა და გააგდო ქვა ხელიდან. ამასობაში გველი წავიდა და ქრისტინე და იასონ დასხდენ წიფლის ძირში, იასონმა მოხვია ქალს ხელი, ჩაიკრა გულში და დაუსრულებლად კოცნიდა. ქალიც თითქო თავდავიწყებას მიეცაო, მაგრამ, როცა იასონი მეტად გაიტაცა ეშხმა, ქრისტინე წამოხტა ზეზე და უთხრა:

 

- რას შობი, იასონ? ხომ გახსოვს ჩვენი პირობა, ჯვარის დაწერამდი და-ძმასავით უნდა ვიყოთო. შენ, აგი ერთი ხანია გატყობ, სხვანაირათ მექცევი... ხომ არ გინდა ჩემი ხელით მევიკლა შენს წინ თავი!

- რა არის, გეხუმრე, და თუ გწყენს ჩემი ხუმრობა, სულაც აღარ გაგეკარები აწი, - ნაძალადევის გულცივობით უპასუხა იასონმა და თვითონაც წამოდგა, თითქო წასვლას აპირებსო.

- იასონ!.. - უთხრა ქრისტინემ, რომელმაც თითქო ამ ერთი სიტყვით გამოხატა ყოველივე თავისი სათქმელიო.

იასონი კი ხმას არ იღებდა. ქრისტინეს მოადგა თვალებზე ცრემლი და ცოტაღა უკლდა ატირებას. კარგი სანახავი იყვენ ისინი ამ ყოფაში: ტევრი, მყუდრო მიდამო, თხუთმეტ-თექვსმეტის წლის საშუალოზე ცოტა მომაღლო, ნაკვთად მოყვანილი ტანის ქალი, სწორი, ცოტათი მოგრძო, ლამაზი, ქერა პირისახით, დიდრონი, ცისფერი თვალებით, მათ ზემოთ თეთრ შუბლზე მშვენივრად გადატკეცოდა ისრის მსგავსი, წაბლისფერი წარბები  ხშირი თმა წელზე ეყარა. ამ საღის ქმნილების გვერდით იდგა ვაჟკაცი, შავგვრემანი, ლამაზი პირისახით, რომელსაც უმშვენებდა ახალამოსული, მელანივით შავი წვერ-ულვაში. ყმაწვილ კაცს ჰშვენოდა მეტადრე მეტყველი, შავი თვალები. ამათთვის რომ ამ დროს შეგეხედათ, იტყოდით, ესენი ერთმანეთისთვის დაუბადნია განგებას და კიდეც შეხვედრიან ერთმანეთსაო.

- მშვიდობით! - უთხრა იასონმა ქალს და გაუწოდა ხელი.

- რას შობი, იასონ, მაგდებ? მიხვალ!.. კაი, წადი! თუ ნამუსი ამას გიჩივა, მომიძულე, წადი... წადი! - ქრისტინეს წასკდა ტირილი.

- რა ვქნა, ქრისტინე, ვხედავ, არ გიყვარვარ, ჩემი ხელის მოკარებაც კი გეზარება.

- არ მიყვარხარ, არ მიყვარხარ!.. ვინც არ მიყვარდა, იმას ჩემ პირს დუუდობდი საკოცნელათ!..

- რა ვქნა, ქირას თუ მთხოვ კოცნაში, მოგართმევ.

- აგია, იასონ! შენ უნდა მიჩიოდე ამას! ჩემი პირი საქირაო ყოფილა, მეტი არაფერი!.. ქირას მოგცემო!.. - ქრისტინე უმატებდა ტირილს.

- სუ, ქრისტინე, ვინმე გეიგონებს და მაშვინ რაღაი? - დაყვავებით უთხრა იასონმა და დაუპირა კოცნა, მაგრამ ქალმა არ მიიკარა.

- დამეთხოვე!.. ქირას მოგცემო!..

- გეხუმრე, ქრისტინე, არ გცხვენია! სუ, ჩემო სიცოცხლევ! - ამ სიტყვებით იასონმა გადაუწია თავი და აკოცა ლოყაზედ.

 

ქალი დანებდა, მაგრამ ტირილს კი ვერ იკავებდა.

- დავჯდეთ! - უთხრა იასონმა, მოჰკიდა ხელი და ორივე ხელახლა დასხდენ.

- რა გინდა, ქრისტინე? შენ ხომ ჩემი ხარ და ჩემი! ფიცი ხომ მოგეცი, რაღაის გეშინია, არ გცხვენია ამ უნდობლობისთვის! უნდობლობა უსიყვარულობამ იცის, თუ ვერ მენდობი, გეტყობა არც გყვარებივარ!

- რას ჩივი, იასონ?! თუ არ მიყვარდე და არ გენდობოდე, ამ ღურღუთ ტყეში მოწიფულ კაცთან რა მომიყვანდა? მიყვარხარ, ღმერთმა იცის, იასონ, ისე მიყვარხარ, რომ... მარა... - აქ ქრისტინემ სიტყვა აღარ დაასრულა.

- თუ გიყვარვარ და მენდობი, რაღას მტანჯავ! დავდნი კაცი! აგერ ერთი თვეა, მგონია, რაც ასე ვართ. რა ვქნა, მოწიფული კაცის სისხლი მიდუღს, ვეღარ მომითმენია. რა გინდა, მაინც ხომ ჩემი ხარ? იფიქრე, თუ ჩემი სიყვარული გაქ, ჩემს სიამოვნებასაც უნდა ცდილობდე. თუკი მაწვალებ, რაღა სიყვარული იქნება! გეფიცები, ქრისტინე, ჭლექი გამიჩთება.

- ღმერთო, რა ვქნა!.. ჯვარის დაწერას ხომ მოვესწრობით?

- მოვესწრობით და შორაც არ არის, მარა მაქამდე რა გვიშავს ვითამ? მე ხომ მაქამდეც შენი იასონი ვარ. მითხარი, ხომ შენი ვარ, შენი! შენც ხომ ჩემი ხარ? - აქ მოეხვია ქალს და დაუსრულებლად კოცნიდა.

- შენი ვარ, იასონ შენი... მარა...

იასონს “მარა” აღარ ეყურებოდა. ის დაეპყრო გრძნობას, გატაცებით კოცნიდა ქრისტინეს და იკრავდა გულში.

- ნუ, იასონ, ნუ-მეთქი... - დააპირა ქრისტინემ თავის შეკავება, მაგრამ თავის შეკავების მაგივრად მისი ლალისფერი ტუჩები მხურვალედ კოცნიდა იასონის ტუჩებს, თვალებს და შუბლს.

- შენ და შენი ღმერთი, იასონ, ჩემი სიცოცხლე შენ მოგანდევი და შენ იცი, თუ არ დამღუპავ! - უთხრა ქრისტინემ, როცა თავდავიწყებიდან გამოვიდენ.

- არ გცხვენია, ეჭვიანობ! - უსაყვედურა იასონმა.

უკანასკნელ კიდევ მხურვალედ გადაკოცნეს ერთმანეთი და შემდეგ მოჩვენებასავით გაქრენ, ერთი - ერთ მხარეს და მეორე - მეორეს.

II

სოფელ ნიგვზიანში ბეჟან უქმაძე კარგი მამულის პატრონი და მდიდარი აზნაური იყო. რადგანაც ბეჟანს, იასონს გარდა, ვაჟიშვილი არ ჰყავდა, იასონი პატარაობიდანვე ფუფუნებას და ნებივრობას იყო მიჩვეული. რაც უნდა ახირებული რამ დაეჟინებია ბავშვს, დედ-მამაც და დებიც იმის ამსრულებელნი იყვენ. მოაღწია დრომ და ბეჟანმა თავისი ვაჟი ერთ მახლობელ ქალაქის სასწავლებელში მისცა. იასონ სწავლაში ძლიერ კარგ ნიჭს იჩენდა, მაგრამ, სამაგიეროდ, მშობლების სახლში ლაღად და ნებივრად აღზრდილს, არაფრად ეპიტნავებოდა სასწავლებლის გადაჭარბებული დისციპლინა. მასწავლებლები მუდამ უჩივოდენ იასონს უმორჩილობასა და სიცელქეს, მაგრამ ბეჟანის ხათრისათვის ვერ გამოეგდოთ სასწავლებლიდან. ამგვარად გადავიდა ის მესამე კლასში, აქ კი ერთმა მასწავლებელმა თავისი უსაზღვრო წყრომით და ტუქსვით იქამდე მიიყვანა იასონი, რომ მასწავლებელს სილა გააწნა. ამას შემდეგ, რა თქმა უნდა, იასონი დაითხოვეს სასწავლებლიდან. ბეჟანის ადგილას რომ ცოტაოდენად განათლებული კაცი ყოფილიყო, რასაკვირველია, ეცდებოდა და შვილს სადმე სხვა სასწავლებელში წაიყვანდა, მაგრამ გაუნათლებელ ბეჟანს საკმარისად მიაჩნდა, რომ მისმა იასონმა რუსული ლაპარაკი და წერა-კითხვა იცოდა. “ფილოსოფოსათ ხომ არ მინდა და სამსახურისთვის ესეც კი ეყოფაო”, - ამბობდა ბეჟანი. ნაცნობების შემწეობით ბეჟანმა იასონი მიაღებია მწერლად მაზრის სამმართველოში. მაგრამ დიდხანს არც იქ დაუყვია იასონს: ერთ დღეს დედის შეგინებისათვის იმან კარგა ლაზათიანად მიბეგვა კანცელარიის ერთი ტუზი და შემდეგ აიღო ანუ, უკეთ ვთქვათ, ააღებიეს სამსახურზე ხელი. მას შემდეგ იასონ აღარ მოშორებია მშობლების სახლს. ან რა გასაჭირი ადგა, რომ მაინცდამაინც სამსახურის გულისთვის თავი შეეტკივებია? სასმელი არ აკლდა და საჭმელი, საცმელი და სახურავი. მაგრამ ამ უზრუნველ ცხოვრებაშიც ერთი-ორის თვის შემდეგ მოწყენილობამ მოიცვა იასონის სული და გული. წამოდგებოდა დილას, ისაუზმებდა. შემდეგ - სადილი, ვახშამი და ძილი. მიდიოდა ამ ერთგვარობაში დღეები, კვირეები, თვეები. იასონი იმტვრევდა თითებს მოწყენილობისაგან, ამთქნარებდა, იზმორებოდა; მისი სიცოცხლით სავსე ბუნება თხოულობდა სხვაგვარ ცხოვრებას. მაგრამ რა უნდა ექნა? მუშაობა და მეტადრე მიწის მუშაობა დიდი სათაკილო საქმეა სოფლელ ხალხის თვალში. აბა ამ სათაკილო საქმეს ხომ არ მოჰკიდებდა ხელს მდიდარი აზნაურის ერთადერთი ვაჟი. ისეთ გარემოებასა და ხალხში თავის დღეში არ ყოფილა იასონ, რომ წიგნის კითხვის სურვილი შთაენერგა ვინმეს ამ ყმაწვილი კაცის გულში. წყალდებოდა არარაობაში იასონის ძალა, სული და გული. გულის გადასაყოლებელი და შესაქცევი რომ სხვა აღარა დარჩა რა, იასონმა დაიწყო მეზობლობაში სიარული. დღეს ერთისას აღამებდა, ხვალ მეორისას, ზეგ მესამისას; აზნაური იქნებოდა მისი მასპინძელი, მღვდელი თუ გლეხი, ეგ სულ ერთი იყო მისთვის, ყველას შეიფერებდა და დაიახლოვებდა. ამ ხეტიალში გაიცნო ქალებიც. ამას შემდეგ მის მოწყენილობასაც მოეღო ბოლო. დაიწყო მის ცხოვრებაში ახალი ხანა; ისე გაუტკბა სოფელში ცხოვრება, რომ, მგონია, თვით სამოთხეზედაც არ გასცვლიდა. ეხლა იშვიათი ღამე იქნებოდა, რომ იასონს შინ დაეძინა. ვინ იცის, სად დაეხეტებოდა და სად არა მთელი ღამის განმავლობაში! ბეჟანი და მისი მეუღლე შიშით აღარ იყვენ, მოგვიკლავს ვინმეო. მაგრამ იასონს არა თუ დედ-მამის დარიგება, მგონია, ჯაჭვი რომ მოგებათ, ისიც ვერ დაამაგრებდა ღამღამობით შინ.

სოფელ ნიგვზიანში ბევრ ტკბილ ცოლქმრობას გადაესხა მწარე ნაღველი იასონის წყალობით, ბევრი ოჯახის ტკბილი ცხოვრება შეირყა და გამწარდა, ბევრ გასათხოვარ ქალს მოეხადა ლეჩაქი. ნახავდა იასონი სადმე, მაგალითად, ან ეკლესიაზე, ან ღამის თევაში, ან სხვა რომელსამე შეკრებულებაში ლამაზ ქალს, გაუჩნდებოდა გულში ვარამი ავადმყოფობასავით ამ ქალის ხელში მოგდებისა და, სანამ თავის წადილს არ შეისრულებდა, ვერ მოისვენებდა. ამასთან უნდა მოგახსენოთ, რომ საძნელოც არ იყო იასონისთვის ამ შემთხვევაში თავის საწადელის შესრულება: იასონი იყო ლამაზი ყმაწვილი კაცი, კარგი მოლაპარაკე, ხუმარა; ისეთი სიმღერა და ჩანგურის დაკვრა იცოდა, რომ ტკბილი ჟრუანტელი დაუვლიდა ადამიანს მის გაგონებაზე; ამასთან მუდამ კოხტა, ჩაქურ ტანისამოსში გამოწყობილი (ევროპიული ტანსაცმელი დიდი ხანია უარეყო), მუდამ მოცლილი და თავისუფალი.

ბეჟან უქმაძის მეზობლად იდგა ერთი გლეხი, დათია ხელმოკლიძე. თუმცაღა მდიდარი, მამულის პატრონი აზნაური ბეჟან და ღატაკი გლეხი დათია ვერაფერი ტოლ-ფარდები იყვენ ერთმანეთისა, მაგრამ მეზობლობა კი მაინც ტკბილი ჰქონდათ ერთმანეთში, - დათია ყანაში ეხმარებოდა ბეჟანს, კვირა-უქმე დღეს, თუ ბეჟანს სტუმრები ჰყავდა, ხელს უწყობდა და ემსახურებოდა, ვენახსა და ხეხილის გაშენებაში ჰშველოდა და სხვა; სამაგიეროდ ბეჟან შეშას, წკნელს, საბალახოს, ხან საყანე მიწასაც აძლევდა დათიას.

დათიას უფროსი ქალიშვილი, ქრისტინე, ერთი იმ მშვენიერ ქმნილებათაგანი იყო, რომლის მსგავსი ერთ სოფელში ერთი გამოერევა, ან ორი. “დათიეის ქრისტინე ჩვენი სოფლის თვალია, თვალიო”, - ამბობდენ მეზობლები. რა თქმა უნდა, დათიას და მის მეუღლეს მარიკასაც თავი მოსწონდათ ქრისტინეთი.

- დედაკაცო, დეინახე, დღეს სულ ჩვენი ქრისტინესკენ ქონდენ თვალი და კითხულობდენ, ვინ არის იგი ლამაზი ქალიო? - სიხარულით ეუბნებოდა ეკლესიიდან ან სხვა შეკრებულებიდან დაბრუნებული დათია თავის მეუღლეს.

- შენ იმ დღეს უნდა გეყურებია, იმ დღეს! ქალი დევიბადე, ამას ქვიაო, ყველა ამას ჩიოდა, - ეუბნებოდა ქმარს პასუხად თავისი ქალიშვილის ქებით აღტაცებული მარიკაი.

სილამაზეს გარდა, ქრისტინე ისეთი ღვთისნიერი, ისეთი რბილი ხასიათისა და ტკბილი ენის პატრონი იყო, რომ მშობლებს, დებს, ძმებს, მთელ ოჯახს განსხვავებით უყვარდათ, ოჯახის სულად და გულად მიაჩნდათ.

იასონს კარგა ხანია უცემდა გული ამ ლამაზ მეზობლისათვის; უნდოდა, როგორც თვითონ ეძახოდა ამ საქმეს, “ერთი ხელში მოგდება”, მაგრამ ისიც გამოცდილებით იცოდა იასონმა, რომ სოფლელი გლეხის ქალი ზოგი სულ უწინააღმდეგოდ დანებდება კაცს, მაგრამ უმეტესობა კი არაფრის გულისთვის არ უღალატებს თავის უმანკოებას და ნამუსს. ქრისტინე ერთი ამ უკანასკნელთაგანი იყო, - დიდ განძად მიაჩნდა თავისი ნამუსი და ქალწულობა.

იასონმა დაიწყო დათიასას ხშირ-ხშირად სიარული. ხანდახან მთელს დღეს აღამებდა იქ. დათია და მისი მეუღლე ცუდს არ ხედავდენ ამ სტუმრობაში და ამიტომ სასიამოვნოდაც მიაჩნდათ, თუკი ისეთი ძვირფასი მეზობელი, როგორიც, მათი ფიქრით, იასონი იყო, მათ ოჯახში მისვლას იკადრებდა. ამასთან კიდევ იასონ მარიკაის “ძუძუნაჭამი” იყო. მართალია იასონს ეს “ძუძუნაჭამობა” არც კი ახსოვდა, თითო-ორ-ორჯერ ბევრ მეზობლის ქალს უჭმევია თავისი ძუძუ ამ პატივცემული აზნაურის შვილისთვის; დედაც ხუმრობით ხანდახან ჩამოუთვლიდა იასონს გლეხის დედაკაცების სახელს, - ესენი არიან შენი დედები, შენთვის ძუძუ უჭმევიათო. იასონსაც ბევრი უცინია ამ ხუმრობაზე: “უფ, უფ, რამდენი დედები მყოლიაო!” - მაგრამ ამით ამპარტავანი აზნაურიშვილი მართლა ნათესავად და თავისიანად ხომ არ ჩათვლიდა ვიღაცა გლეხის დედაკაცებს? ამგვარ ნათესაობას მხოლოდ გულუბრყვილო გლეხის დედაკაცის მარიკასათვის ჰქონდა მნიშვნელობა. “შენი საკადრისი არ არის, მარა დედაშვილობით გაგიბედავო” - ამ სიტყვებით ხშირად მიურთმევია მარიკას იასონისთვის კაი ყურძენი, მსხალი, ვაშლი, ხან ცხელ-ცხელი ხაჭაპურებიც. დიდხანს დადიოდა ამგვარად იასონი დათიასას. მაგრამ არ იქნა, ჯერ ვერას გახდა ქრისტინესთან. მორცხვი ქრისტინე უფრთხოდა იასონთან მარტო დარჩენას და ლაპარაკს. მართალია, მას შემდეგ, რაც იასონმა დათიასას სიარული დაიწყო, ქრისტინეს გულშიაც დაიბადა რაღაც ერთგვარი თბილი გრძნობა, გული სთხოვდა, სადმედან ჩუმად მაინც ემზირა იასონისთვის, მაგრამ ასეთი საიდუმლო საჭვრეტი თილისმა არსად იყო, ისე კი ცხადად ყმაწვილის კაცის ჭვრეტა და დაახლოვება, ქრისტინეს ჭკუით, არ იყო კაი საქმე და ამიტომაც თავს შორს იჭერდა ამგვარ საქმისაგან. მაგრამ რამდენადაც ქრისტინე შორს გაურბოდა, იასონს იმდენად უფრო და უფრო უძლიერდებოდა ნდომა ქრისტინეს “ხელში მოგდებისა”.

ერთ დღეს ქრისტინე მარტო დარჩა შინ, - სხვები საღაც წასულიყვენ. ყმაწვილი ქალი ნელ-ნელა კერავდა რაღაცას და თან ოცნებაში გართული დაბალის ხმით ღიღინებდა:

დედაც მიყვარს, მამაც მიყვარს,

ძმები ყველას მირჩევნია,

ერთი ვინმე სხვისი შვილი

თლათ ქვეყანას მირჩევნია.

- ვინა, ქრისტინე, ვინ არის იგი ბედნიერი? - სიცილით შეილაპარაკა კარებში ამ დროს იასონმა და შევიდა ქრისტინესთან.

ამ მოულოდნელი სტუმრობით ქალი დაიბნა, გაწითლებული წამოხტა ზეზე თავისი საკერავიანად, ერთი თითქო გაქცევაც დააპირა, მაგრამ მოაგონდა, რომ მის მეტი შინ არავინ იყო მასპინძელი და სტუმრის მარტო მიტოვება ურიგობა იქნებოდა. თავჩაღუნული, გაწითლებული გაჩერდა ფეხზე, მაგრამ სტუმრის მიპატიჟებას, ან ხმის გაცემას კი ვერ ბედავდა.

- რა არის, ქრისტინე, ისე გეშინია ჩემი, ვითამ და კაცის მჭამელი ვიყო! არ ვიცი, რა მიწყენიებია შენთვის, რომ ხოხობსავით მემალვი? - უთხრა თავისებური მომსყიდველი ტკბილი კილოთი იასონმა.

- რა ვქნა, რას მიკვეთ? - მორცხვად ჩაილაპარაკა ქრისტინემ და კიდევ უფრო გაწითლდა.

- რას უნდა გიკვეთდე? შენს გამეტს, ყველას უხარია ჩემი აქანაი მოსვლა, შენ, გეტყობა, გწყენს. სულ მომდურავსავით ხარ ჩემთან! რა არის ჩვენც გავცეთ ერთმანეთს ხმაი; ვნახოთ, იქნება კაი მეგობრები შევიქნეთ ბოლოს.

- რა მეგობრები? - თითქო უცბად წამოსცდა, თორემ არ უნდოდა კითხვაო, ისე უხერხულად და თავაუღებლად ჰკითხა ქრისტინემ.

 

ქრისტინეს უხერხულმა კითხვამ კარგი შემთხვევა მისცა იასონს იმ საგანზე გადაეტანა ლაპარაკი, რომელიც დიდი ხანია სწყუროდა.

- რა მეგობრები? როგორც შეფერის ჩვენისთანა ახალგაზრდებს. წაღან ქე არ მღეროდი: ერთი ვინმე სხვისი შვილი თლად ქვეყანას მირჩევნიაო, ნეტა არ იქნება, გამაბედნიერო და მე ვიყო იგი სხვისი შვილი? თქვი, ქრისტინე, თქვი, გენაცვალე, მაგ ლამაზ პირში! - აღტაცებით დაატანა იასონმა, რომელიც ისე უმზერდა ამ დროს ქრისტინეს, რომ იფიქრებდით, ეს-ეს არის, თვალში უნდა ჩაიძვრინოსო.

ქრისტინე ისევ ისე თავჩაღუნული იდგა და ხმას არ იღებდა. მხოლოდ მისი მძლავრი სუნთქვა ამტკიცებდა, რომ გული ძლიერ უღელავდა.

- მითხარი-მეთქი, ქრისტინე, მითხარი!

- რა გითხრა? თუ იკადრებ, შენ ძამიეი ხარ ჩემი, ნენაის ძუძუნაჭამი, - მღელვარების ხმით უთხრა ქრისტინემ.

- ძამიეი, დაიეი რათ მინდა მე? სხვაი მითხარი რამე, იმ ლამაზ გულ-მკერდში გენაცვალოს იასონი! მითხარი, ვისთვის გინდა ამ სილამაზე პირი? მოკვტეს იასონი, შენი თავი თუ სხვა ვინმეს დაანებოს!.. ეზოში ყვავილი ქონდეს კაცს და სხვამ მოუწყვიტოს! აბა მე სისხლი არ მქონია? მითხარი, სხვისი ხარ თუ ჩემი? - უფრო და უფრო გატაცებით ეკითხებოდა იასონი.

- ჩემი შეცთენა, მე რომ, კაი, შევცთე, შენ არ უნდა იკადრო და სხვაი, მე რა ვიცი, რა მოხერხთება ჩვენში?.. - კიდევ რაღაც უნდა ეთქვა ქრისტინეს, მაგრამ ვეღარ მოახერხა.

- რა მოხერხთება?.. - იასონი ერთ წამს დაფიქრდა და შემდეგ თქვა: - რა მოხერხთება და ცოლქმრობა. ახლა? ახლა რას იტყვი?..

ცოლქმრობის გაგონებაზე ქრისტინე შეკრთა, თითქო გულში ნატკენი ადგილი ჰქონდა და იქ გაჰკრა რაღაცამაო, სახეზე ალმური აუვიდა, თვალები რაღაც იმედით გაუბრწყინდა და ერთი ისე ტკბილად შეხედა იასონს, თითქო, ეს-ეს არის, ენაუთქმელად ხელში ჩაუვარდებაო. მაგრამ საჩქაროდ შეეცვალა ეს იმედიანი სახის მეტყველება უიმედობით. წარბები მოხარა გაჯავრებით და თვალებში დაეტყო, რომ თავის დაცვის ძლიერი ინსტინქტი გაეღვიძა ყმაწვილ ქალს.

- ცრუობაა, ცრუობა! მატყუებ! არ ვიცი, გონია, რომ მატყუებ! - გაბედულად და მქისედ უთხრა მან იასონს.

- რა ცხარი ყოფილხარ! რომ დაგიფიცო, მაინც იფიქრებ, მატყუებსო? - სანდო, დამარწმუნებელის კილოთი ჰკითხა იასონმა.

 

- არა, ტყულა ნუ ფიცულობ, არ მინდა ფიცი, ვიცი არ მოხერხთება! რა საფიქრებელია! ვინ მე და ვინ შენ!

- მითხარი, აბა რეიზა არ მოხერხთება? რა არის მოუხერხებელი?

- რა არის? რა ვიცი, ათასი! შენ ამისთანაი კაი ხარ, აზნაურისშვილი, ნასტავლი, მე ერთი საცოდავი ყაძახის ქალი, ერთი ანბანიც არ ვიცი!.. არა, რა საფიქრებელია?.. მერე კიდევ ნენაის ძუძუნაჭამი! არა, არ იქნება-მეთქი.

ქრისტინე რომ ამ ლაპარაკში იყო, იასონმა ამოიღო უბიდან წითელ ხავერდში გამოკრული პატარა საჯიბე ხატი, რომელიც მამამ აჩუქა იასონს და რომელსაც იასონი მუდამ ატარებდა ვერცხლის ძეწკვით საათთან ერთად, მოხადა პირი, დაიწერა პირჯვარი და დაიწყო:

- ვფიცავ ამ ნაწილიან ღვთისმშობლის ხატს, რომ მე, შენს გარდა, სხვაი ქალი არ შევირთო. ამის მადლი გაუწყრეს შენ მოღალატეს! აჰა, გჯერა თუ არა?

ქრისტინე პირველად ისე გააკვირვა იასონის ამგვარმა საქციელმა, რომ იტყვის თქმაც ვერ მოახერხა იმ წამს. შემდეგ კი რაღაც გაკვირვებულ-აღტაცებული ხმით წამოიძახა:

- რა ქენი, იასონ, აგი? მე რა შენი შესაფერი ვარ, ღმერთო!

- ის მე ვიცი, რაც შესაფერი ხარ! - ამ სიტყვებით მივიდა ის ქრისტინესთან. ქალმაც უწინააღმდეგოდ გადაუწია თავი და ორთავეს ჩაუტკბო ტუჩები მხურვალე და ტკბილმა კოცნამ.

- იცი, ქრისტინე, ხვალ ქედისყურაში რომ დიდი წიფელაა, ხომ იცი, დიდ შხუნას იქით, წყლის პირში, იქინეი მოდი.

- დედავ, დედავ, მეშინია! იქინეი საშინელი ყრუი ადგილია! - მართლა და რაღაც შიშის გამომხატველი ღიმილით თქვა ქრისტინემ.

- მაინც გეშინია? აბა ჩემი ფიცი აღარაფერი ყოფილა! - უსაყვედურა იასონმა.

- არა, არ მეშინია, მარა გაფიცებ იმ ღვთიშობლის ხატს, ჯვარის დაწერამდე და-ძმასავით უნდა ვიყოთ, გეყურება, იასონ, და-ძმასავით-მეთქი!

- რავაც კაი დაი და ძმაი, ოღონდ იმ ჟუჟუნა თვალებში გიყურო და სხვას მერეც მოვესწრობი, - უთხრა იასონმა და აკოცა თვალებში.

ის იყო, იმ დღიდან დაწყებული, ქრისტინე და იასონ დადიოდენ ერთმანეთთან პაემანზე დიდ წიფლის ძირში. მართალია, მათი პირობა ჯვარის დაწერამდე დაძმურად ყოფნის შესახებ საზღვარს გადასცილდა, მაგრამ რა უშავდა? იასონის ლაპარაკი ამტკიცებდა, რომ ჯვარისწერაც შორს აღარ იყო.

 

III

ერთი წელი გასულიყო მას შემდეგ, რაც იასონმა ქრიატინეს ფიცი მისცა, ცოლად შეგირთავო. ნაღვლიანი სახით იჯდა ქრისტინე კერასთან. ერთი ხელი თავზე ჰქონდა შემოდგმული და მეორეთი არწევდა აკვანს. სახეზე ძლიერ გამხდარიყო; თვალებში, რომლებიც თითქო უფრო დადიდრონებოდენ, რაღაც ნაღველი და უიმედობა ეხატებოდა. ჩვილი, თოვლივით თეთრი ბავშვი, რომელსაც პირშიშვლად ეძინა ღარიბ, ძველსაგებიან აკვანში, ხანდახან შეაცმაცუნებდა ტუჩებს, თითქო ძილშივე დედის ძუძუს სწოვსო. ნაღვლიან მდუმარებაში ქრისტინეს ნელ-ნელა გაევსო თვალები ცრემლით, და ბოლოს მსხვილ-მსხვილ ცვარებად გადმოუგორდა გამხდარ ლოყებზედ.

- ათასჯერ გაგაფრთხილე, დედაშვილობას, ყოლ წუთში ტირილს ნუ მაყურებიეფ! გვეყოფა შენს დედ-მამას, რაც გვჭირს, მაინც დაბნელებულია და კიდევ უფრო ბნელდება ჩემი საძაღლე გული, შენ რომ ასე მტირალს გხედავ! ტირი და ტირი! ნუ გეშინია, შენი ოჯახის მეტს, არაკაცს არ აწუხებს შენი ტირილი! - მწარე საყვედურით უთხრა დედამ ქრისტინეს.

დედის საყვედურმა, დამშვიდების მაგიერ, კიდევ უფრო მოუმატა ქრისტინეს ცრემლები, რომლებსაც ჯერ პირის მორიდებით ფარავდა, მაგრამ ბოლოს კი წასკდა ისეთი მძლავრი ტირილი, რომ გული ამოეგლიჯებაო, გეგონებოდა. ტიროდა გულზე სევდისმომდები, გაგრძელებულ მკვნესარე ხმით. ქრისტინეს ცრემლები ჩაეწვეთა მძინარე ბავშვს აკვანში, გამოაღვიძა და ეხლა იმისი ჩხავილი და ტირილიც უერთდებოდა ქრისტინეს ტირილს.

- მადლობა ღმერთს, რომ მამაშენი არ შეგხთა ამ ტირილზე! ათასჯერ კი გითხარ: მეყოფა, რაც მჭირს, ტირილი აღარ გამაგონოო! - უთხრა მარიკამ ქალიშვილს წყრომით.

- რა გინდებიან? აა, თუ გაკეთდებით, მომკალით! ვინ გიშლის, მომკალით! მე კიდეც მირჩევნია, თუ მომკლავთ! - ტირილით ამბობდა ქრისტინე.

- ღმერთო, რა დღეი მომასწარი აგი? - მწუხარებით წამოიძახა მარიკამ, ერთი მწარედ ჩაიკრა გულში ხელი, მერე გადაიარა ქრისტინესკენ, ამოიყვანა ბავშვი და დაუწყო ფერება. ბავშვი დაეთხოვა ტირილს, ცმუკავდა და უცაცუნებდა მარიკას პირზე თავის პაწია ხელებს. “ღმერთო, რა ანგელოზია!” - ჩუმად ჩაილაპარაკა მარიკამ, დაკოცნა ბავშვი და შემდეგ კიდევ ჩაილაპარაკა თავისთის: “ნეტაი, ერთი დღეი არ აცოცხლა მარიკაი და აგი კანოლიერი შვილი იყოს!”

 

ამასობაში ქრისტინემაც მოიჯერა გული ტირილით, მოიწმინდა ცრემლისაგან დაწითლებული თვალები, შემდეგ გამოართვა ბავშვი მარიკას და ჩაუდო ძუძუ პირში, ბავშვი რამდენისამე წამის განმავლობაში ხარბად ეწაფებოდა ძუძუს. მაგრამ ადრე მოიჯერა გული და მოჰყვა ქრისტინეს კალთაში ცელქობას. ქრისტინეს აღარ მოუთმინა გულმა, სიყვარულით სავსე თვალები დააშტერა ბავშვს და ჩუმად ჩაკოცნა.

ეს ჩვილი ბავშვი ქრისტინეს შვილი იყო. როგორც ამ მოთხრობის თავში მოვიხსენიე, ფიცის დადების შემდეგ ქრისტინე და იასონი ხშირად ნახულობდენ ერთმანეთს ერთხელ აჩენილი წიფლის ძირში და ხან სხვაგანაც. ქრისტინე სრულიად მიენდო იასონს, რომელიც აიმედებდა: აი დღეს, აი ხვალ დავიწერთ ჯვარსო. გადიოდა ამ ტკბილ იმედში დრო. უკანასკნელ ქრისტინეს დაეტყო ორსულობა. მართალია, ამას ჯერ, თვითონ ქრისტინეს და იასონს გარდა, ვერავინ ამჩნევდა, მაგრამ შემდეგ, თუ ჯვარის დაწერას დროიანად ვერ მოასწრებდენ, რა თქმა უნდა, ხალხი გაიგებდა ქრისტინეს ორსულობას. ამიტომაც იყო, რომ ქრისტინეს შიშის ჟრუანტელი უვლიდა ტანში და აჩქარებდა იასონს.

- თუ გიყვარდე, იასონ, სანამ ქვეყნის ყბაასაღები გახთებოდეს ჩვენი საქმე, მოვასწროთ ჯვარის დაწერა. მართალია, შენ ჩივი - რის გეშინია, რაც უნდა იქნას, მაინც ჩემი ხარო. მეც ვიცი, შენი ვარ, მარა ქვეყნის ამბავი ხომ იცი, თუ ჯვარდუუწერელს შემიტყვეს ორსულობა, იმისთანაებს კი იტყვიან, რომ მე ვეღარ გუვუძლებ იმას. მერე შენთვისაც ხომ საწყენი იქნება, მე რომ ლანძღვას დამიწყებენ. სხვაი სხვაია, დედ-მამასაც ვერ დავჯერებ - იასონ შენ რავა წაგიყვანს ცოლათო, მეტყვიან და შავ დღეს დამაყენებენ. იასონ, რავაც ღმერთი კია მაღლა, ისე ვიცი, შენ არ მიღალატებ, მარა, ნუ გეწყინება ამის თქმაი, გული მაინც რაცხა შიშით მიკანკალებს, ამ ბოლოს სულ იმის ფიქრში ვარ, - იასონსაც ვუყვარვარ, არც მიღალატებს, მარა აი საქმე მაინც არ იქნება-მეთქი. ათასგვარი სიზმრები კი მესიზმრება ღამე: ხან ვითამ ჯვარდაწერილი ვართ, შენსას მაქ ბინა, მარა შენი დედ-მამა მიწყრებიან, საშინელი თვალით მიყურებენ და სახლიდან გაგდებას მიპირობენ. ხან ვითამ საყტარში ვართ, მარა ღვდელი ვარს ჩივა, ჯვარს არ დავწერო. ხან ვითამ ამ წიფლის ძირში გიცთი, გიყურებ, გული მიდნება, მარა შენ არ ჩანხარ. გუშღამ მესიზმრა: ვითამ ამ წიფლის ძირში გიცთი. ვაიმე, ქედიდან ჩამეირბინა უშველებელმა ცოფიანმა მგელმა, მომაშურა და, რომ უნდა დამგლიჯოს, ამასობაში მომისწარი შენ, ჰკარი მგელს თოფი და გააგორე. რა ვიცი, რა არ მესიზმება, ხან კაი და ხან ავი! მარა სიზმრებს ახლა თავი დავანებოთ. შენ ჩივი, თუ ამ კვირეს არა, მეორე კვირეს მაინც დევიწერ ჯვარსო?

- ასე მაქ გადაწყვეტილი, ვერც რამე დამიშლის, მგონია, - უპასუხა იასონმა.

- ჯვარის დაწერამდი ხომ კიდევ ვნახავთ ერთმანეთს?

- ჯვარის დაწერამდი?.. კი, რავა არა.

- სად? აქანაი, ხომე?

- აქანაი.

- როის მოვიდე?

- როის?. პარასკევს.

- ასე გვიან?

- კაი, თუ გინდა, სამშაფათს იყოს.

- მაშვინ ნამდვილს ანბავს მეიტან, - ამ კვირეს იქნება თუ იმ კვირეს?

- მევიტან, რა თქმა უნდა.

- ადრე მევიდე, ხომ. ნასადილევს?

- ისე, რავაც მოახერხო.

ამ ლაპარაკით და მხურვალე კოცნით დაშორდენ ერთმანეთს ქრისტინე და იასონ უკანასკნელ ნახვის დროს.

დანიშნულ დღეს ქრისტიზე მივიდა პაემანზე, მაგრამ იასონ ჯერ არ მოსულიყო. რომ მის მოსვლამდე გული გადაეყოლებია, ქრისტინე დაჯდა მდინარის პირას და დაუწყო ყურება წყალს, რომელიც საიდუმლო დუდუნით მითამაშობდა. წყლის დუდუნს ქრისტინემაც ააყოლა ხმა და ნაღვლიანად, ძლივს გასაგონი ხმით ღიღინებდა:

ვინ იფიქრებს ქვეყნის გადაბრუნებას?

ვინ შეუცვლის ჩემ საყვარელს ბუნებას?

დღე იყო ყუჩი, ღრუბლიანი. არემარეს გულის დამამძიმებელი, რაღაც მყუდრო მოწყენილი სახე ედო. დიდხანს უყურა ქრისტინემ, მაგრამ იასონი არ გამოჩნდა. ქრისტინე მოიცვა შიშმა და მღელვარებამ. “რა დაემართა ნეტაი, რეიზა დაიგვიანა?” - ათასჯერ იმეორებდა გულში. ცას უფრო და უფრო გადაეკრა ბნელი ფერი. უკანასკნელ გაისმა ჰაერში ქუხილი და დაპაღუპით წამოვიდა ზაფხულის სხვილი წვიმა. ქრისტინე ერთხანს შეეფარა წიფლის ძირს და იასონის მოსვლამდე არ აპირებდა შინ წასვლას, მაგრამ წვიმა თანდათან გაძლიერდა, ასე რომ ცოტა ხნის განმავლობაში ტალახის ფერად აქცია მდინარის ანკარა წყალი. თან ღამდებოდა, მეტი რა გზა იყო, ქრისტინე გაიქცა შინისკენ. მაგრამ გული კი საშინლად ჯავრიანი მიყვებოდა. როცა სახლს მიაწია, ერთიანად დასველებული იყო. დედ-მამამ დაუწყო წყრომა, სად იყავი ამ საშინელ დარში ამდონ ხანსო. მაგრამ ქრისტინემ მეზობლისას ყოფნა მოიგონა და საქმე მშვიდობიანად დაბოლოვდა.

იმ ღამეს ქრისტინეს ძილი არ მიჰკარებია. სულ იმაზე ფიქრობდა, რისთვის ვერ მევიდა იასონ პაემანზეო. “წვიმას რომ არ მოესწრო, უეჭველად მევიდოდა, იქნება კიდეც მივიდა, მე რომ წამოვედი, მერეო”, - თვითონვე აიმედებდა თავის თავს. მაგრამ შემდეგ მაინც კიდევ ამავე საგანს უბრუნდებოდა: “ნეტაი რა დაემართა, რეიზა ვერ მევიდაო”. მეორე დღეს განუწყვეტლად მოდიოდა წვიმა. ქრისტინეს თვალი ჭიშკრისაკენ ეჭირა, აი, გაიღება და შემოვა იასონიო. მაგრამ დაღამდა და იასონ არ მოდიოდა დათიასას. ახლა კი შიშმა სულ მთლად აიტანა ქრისტინე: “ან ავათ გახთა, ან ფარცაკი რა დამართიაო”, - გულის კანკალით ეუბნებოდა თავის თავს. გათენდა თუ არა, ქრისტინემ მოიგონა რაღაც მიზეზი, აიღო დედისაგან ნება და გასწია უქმაძისას. “იასონ ვინცხა თავადიშვილისას წევიდა სტუმრათ და ორ კვირას არ დაბრუნდება იქიდანო”, - უთხრა უქმაძის გოგომ ქრისტინეს. საბრალო ქალს თითქო გული მოსწყდა ამის გაგონებაზე. მკვდრის ფერი ედო, როცა შინ დაბრუნდა. “ვაიმე, შვილო, რა ფერი ჩაგდობია, ავათ ხარ?” - ჰკითხა შეშინებულმა დედამ. ხო, ავათ ვარ, - უპასუხა ქრისტინემ და ჩაწვა ლოგინში. მთელი ერთი კვირე ისე გაატარა ქრისტინემ, რომ საჭმელი ორჯერ არ უჭამია.

გავიდა ამის შემდეგ ერთი თვე. ქრისტინეს თვალები გამოუღამდა, ილეოდა, იტანჯებოდა, ტიროდა ჩუმად, მაგრამ იასონ კი არსად სჩანდა. ის თითქო თავის მამის სახლშიაც აღარ მოდიოდა იმ ხანად. ერთი რომ თვალი ვეღარ შეავლო და სალაპარაკოდ ვეღარ ნახა ქრისტინემ იასონი, ერთ ნაცნობ ქალს გაენდო, დააწერია ბარათი (ქრისტინემ წერა-კითხვა არ იცოდა) და შეეხვეწა უქმაძის გოგოს: ჩუმათ მიეცი იასონსო. ეს დიდი გაბედულობა იყო ქრისტინეს მხრით: უქმაძის გოგოს შეეძლო გამოეაშკარავებია ეს ამბავი, მაგრამ რა ექნა, სხვა ღონე აღარ დარჩენოდა.

“იასონ! - სწერდა ქრისტინე - რა მიქენი? მიღალატე? მერე ჩემი ხომ არ გეშინია, რომ მემალვი? გეხვეწები, იასონ, ერთი მაჩვენე შენი თავი, ერთი გამაძღე შენი მზერით და მერე, თუნდა, მომკალი, აღარ ვინანებ. თუ არ გინდებვარ, მითხარი, რის გეშინია ვაჟკაცს! არა, მე, ბრიყვს, კიდევ არ მგონია, თუ შენ მომიძულებ. გეხვეწები, გეხვეწები, იასონ, ერთი კიდევ დამანახვე შენი თავი, რომ იცოდე, რაფერ მენატრება შენი ნახვა! შენი ქრისტინე”.

ვინ იცის, იმ დროს, როცა ფიცი მისცა, მართლა გადაწყვეტილი ჰქონდა თავის გულში იასონს ქრისტინეს შერთვა თუ არა. საუკუნეები გავიდა მას შემდეგ, რაც დიდმა შექსპირმა სთქვა: “როცა სისხლი ღელავს, ენა ფიცით არ იღლებაო”.

ამასთან ესეც უნდა ვთქვათ, რომ ამპარტავანი აზნაური ბეჟან უმალ სასიკვდილოდ გაიმეტებდა თავის იასონს, მინამ ღატაკი გლეხის ქალის შერთვის ნებას მისცემდა. ასე იყო თუ ისე, იასონისაგან ეს წერილი მოუვიდა ქრისტინეს: “რა ვქნა! შენ შერთვას მშობლები არ მანებებენ. ისე ტყულა ჩემი ნახვა რათ გინდა? ისევ ჯობია დამივიწყო”.

როცა ქრისტინემ ეს სიტყვები მოისმინა, არ ატირებულა, მხოლოდ ისე მწარედ წარმოსთქვა: “იმ ფიცის და იმდონი იმედიანი სიტყვის მერე ამის თქმაც შეიძლება? თურმე ყველაი ტყუილი ყოფილა ქვეყანაზედ!..”

ძნელი წარმოსადგენია, რა ვაი-ვაგლახი დატრიალდა დათიას ოჯახში, როცა ქრისტინეს ორსულობა გაიგეს. დათია თავის მოკვლას აპირებდა; მარიკა მთელი დღის განმავლობაში ტიროდა და იკაწრავდა ლოყებს. რომ მომკვდარიყო ქრისტინე, მგონია, მაშინაც არ გადაეხადათ იმდენი ტირილ-ჟივილი. ქრისტინეს პატარა დები და ძმებიც კი, რომლებსაც არც კი გაეგებოდათ კარგა, რა იყო ეს ორსულობა, ტირილით ისიებდენ თვალებს. თუმცა აქამდე მშობლებს სიტყვითაც კი იშვიათად უთქვამთ საყვედური თავისი საქებურ-საყვარელი ქალიშვილისთვის: რაც შეიძლება გლეხის ოჯახში, ფუფუნებით გაზრდილი ჰყავდათ, მაგრამ ეხლა, ეხლა კი გაცეცხლებულმა დათიამ სტაცა თმაში ხელი და, თითქო უნდა მოკლასო, ისე გამეტებით სცემა. მარიკაი ხელით არ ეხებოდა ქრისტინეს, მაგრამ ისე კი გამეტებით სწყევლიდა და ეხვეწებოდა ღმერთს: “მომიკალი ჩემი ქრისტინაი და შავი ჩამაცმევიე მასზეო”

იმ დღიდან დაწყებული, შეიცვალა ქრისტინეს მდგომარეობა მშობლების სახლში: დედა, მამა, დები, ძმები, დიდი და პატარა, ყველა მოვალედ სთვლიდა თავის თავს, რომ მუდამ ეტუქსათ ქრისტინე, როგორც არაწმინდა საქმის მოქმედი. გაქრა ქრისტინეს მხიარულება და სიცილ-კისკისი. ის ეხლა სტიროდა ჩუმად თუ ცხადად; თუ არა, შერცხვენილი, დაჩაგრული შავ ფიქრებს ეძლეოდა

დათიამ ერთხანს უგზავნა ბეჟან უქმაძეს და მის შვილს მოციქულები, მაგრამ ვერაფერი კმაყოფილება გამოიტანა აქედან. ბოლოს უჩივლა კიდეც, მაგრამ აქაც ვერას გახდა: ერთმა გაქნილმა ადვოკატმა, რომელიც უქმაძის ვექილად იყო ამ საქმის გარჩევის დროს, პირველი სიტყვის წარმოთქმითვე დაამტკიცა დათიას საჩივრის უსაფუძვლობა და დათია პირში ჩალაგამოვლებული გამოისტუმრა სასამართლოდან.

მოაწია დრომ და ქრისტინეს ეყოლა ვაჟიშვილი, რომელსაც ის ახლა თან სირცხვილით და თან დედობრივი სიყვარულით აღსავსე შეჰყურებდა და აწოვებდა ძუძუს. ბავშვი მეტად კარგი და საღი იყო. 

 

1 2 3
გვერდის მისამართი : ბიბლიოთეკა / პროზა / ნინოშვილი ეგნატე / ქრისტინე