ნინოშვილი ეგნატე 

ჩვენი ქვეყნის რაინდი

 

I

 

რკინიგზის სადგურზედ საღამოს ჟამს აუარებელი ხალხი უცდიდა მატარებელს. თუმცაღა მარტი ილეოდა, მაგრამ საღამოს მაინც კიდევ სიცივე მოატანა, რადგანაც ხანგრძლივი წვიმის შემდეგ მხოლოდ წინაღამით დამდგარიყო დარი. მატარებლის მომლოდინე ხალხმა იგრძნო სიცივე თუ არა, დაანება პლატფორმაზე სეირნობას თავი და სადგურის დარბაზში შევიდა. მცირეოდენი ხნის განმავლობაში ისე გაიჭედა ხალხით სადგურის დიდი დარბაზი, რომ ერთი კუთხიდან მეორემდე ძლივს მიატანდით. ქალების ჭვრეტას დაჩვეული ყმაწვილი კაცები კი არ ერიდებოდენ ამ დაბრკოლებას და დაყიალობდენ ყველა კუთხეში. მეტადრე ვიღაც ორი ზარხოში ყმაწვილი მოუსვენრად დაეხეტებოდა აქეთ-იქით და მოურიდებლად სჭვრეტდა მანდილოსნებს, რომლებიც კი თვალში მოეწონებოდათ. ერთი ამ ყმაწვილთაგანი შესანიშნავი რამ იყო თავისი ვაჟკაცური თვალტანადობით: მაღალი ტანი, სქელი, განიერი ბეჭები, მსხვილ-მსხვილი მკლავები, ცოტად ფერნაკლული, სავსე, ლამაზი პირისახე, მელანივით შავი, პატარა წვერი, სწორეთ გითხრათ, ძველებურ რაინდს წარმოადგენდა. ეს ყმაწვილი, რა თქმა უნდა, ქალებსაც არ დარჩათ შეუნიშნავი: ბევრგან იკითხეს ჩუმჩუმად, ვინ არისო. ერთს ლაზათიანის გულ-მკერდის ყმაწვილ ქალს თვალებზე წყალი მოსდენოდა ახოვანი ჭაბუკის ჭვრეტით. ერთმა კნეინამ ჰკითხა ნაცნობ მედუქნეს:

– ვინ არის ეს ყმაწვილი კაცი?

– ეს, კნეინა, ზემოური აზნაური გახლავთ, ტარიელ მკლავაძე.

ცოტა ქეიფის მოყვარე კაცია და ხშირად ჩამოდის აქ, სტანციაზე დროს გასატარებლად, – უპასუხა მედუქნემ.

– მადლობა ღმერთს, რომ ჩვენს მამულს კიდევ ებადებიან ამისთანა მოყვანილი ვაჟკაცები! – თქვა კნეინამ და გაატანა თვალი ყმაწვილ კაცს, რომელიც ამ დროს ვიღაც ქალს ჩასჩერებოდა თვალებში.

– ძლიერ დიდი ვაჟკაცი გახლავთ. ოღონდ ეს არის, როგორც მოგახსენეთ, ქეიფის მოყვარეა და, სოფლის ამბავი ხომ მოგეხსენებათ, სოფელს ეჯავრება.

– მერე რა ვუყოთ, რომ ქეიფის მოყვარეა? შნოც აქვს ქეიფის, ასეთი სრული ქმნილება! – კნეინამ დაუწყო მზერა ყმაწვილ კაცს, მაგრამ ისე გონივრულად, რომ ვერც კი შეამჩნევდით – უმზერსო.

ხალხს თანდათან ემატებოდა. ახალმოსულები კითხულობდენ: “პოეზდმა ხომ არ გაგვასწროო” და, როცა გაიგებდენ, ჯერ კიდევ ადრეა მატარებლის მოსვლამდეო, გულდამშვიდებული, ვინ ნაცნობს ნახავდა და დაუწყებდა ბაასს, ვინ ხალხს სჭვრეტდა და ვინ კიდევ სხვას რასმეს აყოლებდა გულს მატარებლის მოსვლამდე.

მოვიდა ორი ცხენოსანი, – ერთი ქალი და ერთი კაცი. ამათაც იკითხეს მატარებლის მოსვლა. შემდეგ გაისტუმრეს ცხენები შეიტანეს სადგურში თავიანთი მსუბუქი ჩემოდანი და პატარა აბგა, დადგეს კედელთან და მატარებლის მოლოდინში მიეყუდენ კედელს, რადგანაც თავისუფალი სკამი აღარ მოიპოვებოდა. კაცი, ასე ოცდახუთი თუ ოცდარვა წლის იქნებოდა. ხმელ-ხმელი, ჩია ტანის. ბეჭებში ცოტა მოხრილი, გამხდარი, ავადმყოფი პირისახისა, გახუნებული პალტოთი და შლიაპით, რა თქმა უნდა, ასეთ ადამიანს ამოდენა ხალხში, ნაცნობის გარდა, არავინ შენიშნავდა და არც არავინ იკითხავდა მის ვინაობას, რომ ამ კაცის თანამგზავრ ქალს არ მიეპყრო ყურადღება. ეს იყო თვრამეტი თუ ცხრამეტი წლის ყმაწვილი ქალი, ლამაზად მოყვანილი, საშუალოზე ცოტა მომაღლო ტანისა, ცოტათი ფერნაკლული, სწორი პირისახე, დიდრონი შავი თვალები, მსხვილად დაწნული, წელამდე, წაბლისფერი თმა ჰქონდა, რაღაც ისეთი, როგორც იტყვიან, სანდომით იყო შემკობილი, რომ თვალის მოშორება გაგიძნელდებოდათ. ძლიერ შვენოდა გაბედული მეტყველება და თავისუფალი მიხრა-მოხრა. ტანზე ღარიბულად ეცვა, – გახუნებული ტალმა და ჩალისფერი თივთიკის ყაბალახი შეადგენდა მის ტანსაცმელს.

მკლავაძემ და მისმა ამხანაგებმა, დაინახეს თუ არა ლამაზი ყმაწვილი ქალი, დაიწყეს მის ახლო სიარული და ისეთნაირად უჭვრეტდენ, თითქოს ეს ქალი კი არა, გასაყიდი საქონელია და ხელიდან არ უნდათ გაუშვანო. რადგანაც დარბაზში, ხალხის სიმრავლის გამო თბილოდა, ქალმა გაიხადა ტალმა და ახლა ჩითის კაბაში ნაკვთად მოყვანილი ტანი ლამაზად იხატებოდა. ტარიელმა ვეღარ მოაშორა თვალი ამ ქალის სავსე გულ-მკერდს. ქალი და მისი ამხანაგი კაცი რაღაც საუბარში იყვნენ და ამიტომ ვერ ამჩნევდენ ტარიელს და მისი ამხანაგის უსირცხვილო ჭვრეტას.

– ერთი ამის გულ-მკერდში ჩაკონება მთელ სოფლად ღირს! შენ რას იტყვი, ტარიელ? – ჰკითხა ამხანაგმა.

ტარიელს სახეზე მოუთმენლობა გამოეხატა.

– ერთი გავიცნოთ მაინც, ვინ არის, – უთხრა პასუხად ამხანაგს და ბოლოს ღიმილით დაატანა: – ეს ვინღა არის, რომ ახლავს, მცველი? უშოვნია რაღა კავალერი! მთელ ჯარს მოშლის სწორედ!

ტარიელის ამხანაგმა ჯერ ერთი რიგიანად გადიხარხარა და მერე თქვა:

– ნათესავი იქნება და ძალაუნებურად აედევნებოდა, – დავიცავ, არავინ გაუარშიყდესო.

– მერე ამის შეეშინდებათ და ვერავინ გაუბედავს გაარშიყებას? მოგიკვდეს ტარიელ, რომ ამისთანა კაცუნების მთელი რაზმი დამიხვდეს შეიარაღებული, მე გზა გავიმრუდო! პერანგისამარა რომ ვიყო და ეს ზარბაზნით დამხვდეს, ვერას დამაკლებს. ამისთანა კაცუნასთვის ხელს კი არ ვიხმარ, არა, ერთ წკიპურტს ვკრავ და გათავდა, მწერივით წაუვა სული. მე რომ ის ქალი ვიყო, თუნდა ძმა იყოს, თუნდა მამა, იმას ჩემ გვერდით არ გავატარებდი.

– არა, სასაცილო ის იქნება, თუ ნათესავიც არ არის და მხოლოდ იმიტომ დასდევს, იქნება შემიყვაროსო.

ამ ხუმრობაზე ტარიელს და მის ამხანაგს წასკდათ სიცილი.

– ვითომ და რა გგონია შენ? ამისთანა ჩანჩურ ივანიჩები ხშირად ჩადიან ასეთ სასაცილო საქმეს! – მიუგო ტარიელმა ამხანაგს, როცა სიცილს მორჩენ.

– ერთი იმ ტყეში მოგცა ეს ქალი. ერთხელ რომ შენ... ის არ იყო ამაზე ნაკლები.

– ის სულ ახალგაზრდა იყო, კინაღამ ჩამაკვდა ხელში. ეს კი სულ სხვაა, მოწიფული – ქალია. – უპასუხა მადიანად ტარიელმა.

– ძალიან გადაურჩი იმ საქმეს! არავის არ ეგონა, თუ ისე კარგად გათავდებოდა.

– რომ არ დამხმარებოდენ, ცუდად წავიდოდა, მაგრამ ახლა რა დროსია ამაზე ლაპარაკი! ის, რაც იყო, წავიდა, გათავდა. უნდა გითხრა, ძლიერ ამიღელვა სისხლი ამ ქალმა, ვიღაც არის! ერთი ეს მომცა ერთი ღამით და...

– ჰაი, შე ცოდვილო, შენ! რამდენ ამისთანებს გაუვლია შენ ხელში და მაინც არ გაძღა შენი გული! – ღიმილით უთხრა ტარიელს ამხანაგმა და სიყვარულობით წაჰკრა მუჯლუგუნი.

– რის ცოდვილო! საქონელისთვის თუკი საღ კუროს არჩევენ, ადამიანს უფრო არ უნდა ამორჩევა? იმისთანების გამრავლებას, – ტარიელმა გაიშვირა ხელი იმ კაცისაკენ, რომელიც ლამაზ ქალს ახლდა, – ის არა სჯობია, ჩემისთანები გამრავლდენ?

– მერე რა საღი შვილი დაგებადებათ, შენ და ის რომ ერთად... – უთხრა ამხანაგმა ტარიელს და აჩვენა ქალზე.

ტარიელმა კმაყოფილებით გაიცინა და თქვა:

– ჯერ დედაზე ვიფიქროთ, მერე შვილებზე და შვილიშვილებზე, რომ ვერ გავიგეთ, ვინ არის ეს ქალი, საიდან მოდის, ან სად მიდის; მგონი, ისე გაგვიფრინდეს ხელიდან, რომ მისი ვინაობაც ვერ შევიტყოთ.

– მოდი, ერთი გავეცნობი, – უთხრა ტარიელს ამხანაგმა.

– აბა, ჰა, დათიკო, შენ ხომ ამისთანობა ძლიერ გეხერხება. – სიცილით უპასუხა ტარიელმა.

– ასეა, ერთისთვის ხერხი მიუცია ღმერთს, მეორესთვის – ღონიერი მკლავი. შენთვის – მკლავი, ჩემთვის – ხერხი.

– კარგი, ახლა ტრაბახობას თავი დაანებე. თუ შეგიძლია, წადი და გაეცანი. – კვლავ სიცილით უთხრა ტარიელმა.

– დიახაც გავიცნობ, შენ კი აქ მომიცადე, ეს შენი კამეჩისოდენა ბეჭები არ დაანახვო, თვარა იმ საწყალ კაცს, ქალს რომ ახლავს, შიშით სული წაუვა.

ამ სიტყვებით ამხანაგი მოშორდა ტარიელს, მივიდა ლამაზ ქალთან, მიესალმა და მოურიდებლად ჰკითხა:

– საიდან მობრძანდებით?

– სოფლიდან. – უპასუხა ქალმა.

– რომელი სოფლიდან? ვინ ბრძანდებით?

– რაში გესაჭიროება ამაების გაგება? თუ საქმე გაქვთ ჩვენთან, გვიბრძანეთ!

– არა, ისე.

– ისე? ისე საჭირო არ არის! – ცოტა არ იყოს, გესლიანად უპასუხა ქალმა.

– რატომ, ერთმანეთის გაცნობა რას დაგვიშავებს?

– თუ ამაზე მეტი საქმე არ გაქვთ, გთხოვთ, მიბრძანდეთ! უთხრა ქალმა, რომელსაც ისეთი მრისხანება გამოეხატა სახეზე ამ დროს, რომ მოსაუბრე ყმაწვილი კაცი იძულებული შეიქნა, მოშორებოდა.

– რა არის, დესპინე, რატომ მოეპყარი იმ კაცს ასე სასტიკად? ჩვენი გაცნობა უნდოდა, სხვა ხომ არა დაუშავებია რა? – ტკბილად შენიშნა ქალს მისმა თანამგზავრმა კაცმა.

იმისთვის, რომ ურიგო საქციელი შევამჩნიე. ვიფიქრე, თან მესაუბრება და თან თვალებით კიდევ თითქოს რაღაცას მანიშნებსო, – თქვა ქალმა.

– ყოველ შემთხვევაში ტკბილი სიტყვა-პასუხი სჯობია.

– იმასთან რომ ტკბილად დამეწყო საუბარი, მერე თავიდან ვეღარ მოვიშორებდით, დაჯდებოდა და დამიწყებდა მაიმუნობას. იმისთანა კაცის პირველიდანვე მოშორება სჯობია.

– ემაიმუნებია, მერე რა გენაღვლებოდა.

– მეჯავრება, როცა ადამიანი მაიმუნობს!

ამით გაათავეს ამათ ამ საგანზე ლაპარაკი...

– რა ქენი? ვერ იხერხა, მგონია, შენმა ხერხმა? – ჰკითხა ტარიელმა სიცილით ამხანაგს.

– მიუკარებელი ვინმე ყოფილა! ისე მოხარა წარბები, რომ ჩხუბს მიპირებს-მეთქი, ვიფიქრე, ორი სიტყვის თქმაც არ დამაცალა, ისე შემომიტია, მიბრძანდიო და მომიშორა, – უპასუხა გულნატკენად დათიკომ.

– მაშ ასე, აღარც ხერხო და აღარც ღონევ! ღმერთს არც ერთი მოუცია შენთვის და არც მეორე, – სიცილით შენიშნა ამხანაგს ტარიელმა და შემდეგ დაატანა:

– მაშ გაგვიფრინდა ხელიდან? ცოტა აკლია პოეზდიც ჩამოივლის და, მშვიდობით.

– შე დალოცვილო, ვინც კი მოგეწონება, ყველამ შენ ხელში გაიაროს, ის გინდა? აქ რკინიგზაა, მთელი მილეთის ხალხი მიდი – მოდის, იმათში რამდენი ლამაზი ქალი გამოერევა, ყველას შენ ვინ მოგცემს გასათელად! – შენიშნა ხუმრობის კილოთი ტარიელს დათიკომ.

– ერიჰა, მოჰყევი შენებურად რახუნს! ვინ ამბობს ყველაო! მარა თუკი ძვირფასი ლალი იაფ ფასად იშოვება და მაინც კი ვერ ახერხებ ხელში ჩაგდებას, გული დაგწყდება, მიხვდი? ამისთანა ლამაზი ქალი მოდის სოფლიდან, მცველათ ახლავს ერთი კოღო რომელსაც, ერთი მძლავრათ ამოისუნთქო, ჰაერში გააფრენ; აი, ასეთ შემთხვევაში რომ ვერას გახთები, საწყენად დაგრჩება, თორემ იმ ქალს რომ ერთი დარდიმანდი, შეიარაღებული ყმაწვილი კაცი იახლოს, მაშინ გულიც ასე არ შემექნებოდა მაზე, – თქვა ტარიელმა და განაგრძო ამხანაგითურთ ლამაზი ქალის სიახლოვეს სეირნობა. ის ისე უმზერდა ამ ქალს, როგორც მგელი ბატკანს. ქალმა შეამჩნია ეს მუყაითი მზერა და მოარიდა პირი. ქალის თანამგზავრი კაცი კი ამ დროს ვიღაც ნაცნობს ელაპარაკებოდა და ამიტომ არც კი დაუნახავს მის წინ მოსეირნე ყმაწვილი კაცები, რომლებიც ისე ოხუნჯობდენ მასზე.

ამ დროს მივიდა ლამაზ ქალთან და მის თანამგზავრ კაცთან მათი ნაცნობი მედუქნე და მიესალმა. ამ მედუქნეს ტარიელი და დათიკოც კარგად იცნობდენ. როცა მედუქნე ნაცნობ მგზავრს მოშორდა, ტარიელმა წაატანა მას მკლავზე ხელი:

– ვინ არის ის ქალი, ახლა რომ ელაპარაკებოდი?

– უჩიტლის ცოლი გახლავთ, – უპასუხა მედუქნემ.

– ის კაცი ვიღაა, რომ ახლავს?

– ქმარია მისი, სოფლის უჩიტელი.

– ქმარი! ის მათხოვარი არის იმ ქალის ქმარი! რას ამბობ, რას? – გაკვირვებული ეკითხებოდა ტარიელ მედუქნეს.

– სწორეთ ის გახლავთ. – უპასუხა კიდევ მედუქნემ.

– ეს რა მესმის! ბრმა ხომ არ იყო ეს ოჯახდაქცეული, რომ იმას წაყვა ცოლად! კარგი, თითონ, ვთქვათ, მოტყუვდა, მარა ქალის ჭირისუფალი რაღამ დააბრმავა?!.

– ვინ იცის! იქნება სულაც მშობლების ბრალია, ძალად მიათხოვეს. ცოტა არის ჩვენში ასეთი შემთხვევა? – თქვა დათიკომ.

– მერე რა მოეწონათ მისი, რომ ძალად მიათხოვეს ამისთანა ქალი?

– ფული შეაცთენდა.

– ძალიან არ ეტყობა ფულიანობა! – გაიცინა და ისე თქვა ტარიელმა.

– ახლა არ ეტყობა, მაგრამ მაშინ, იქნება, კიდეც ჰქონდა და კიდეც ეტყობოდა. ვინ იცის, იქნება, სულაც იმიტომ გაღარიბდა, რომ, რაც კი ებადა, სულ ქალის მშობლებს მისცა ქრთამად, – უპასუხა ტარიელს ამხანაგმა.

– არა, მოგახსენებენ ქალი თავისი სურვილით წაჰყვა, რადგანაც უყვარდაო, – უთხრა მედუქნემ.

– აა, მივხვდი ახლა, როგორც იქნებოდა საქმე: ქალს ჯერ ვინმე შეაცთენდა, – ამისთანა ლამაზი ქალები წმინდად თავის დღეში ვერ შეინახავენ თავს, თითონ შემცთენელს აღარ შეურთავს, – ვინ იცის, ეგება ცოლიანი იყო, – ამიტომ გამოაშკარავებამდე, ესე იგი, სანამ უგვირგვინოდ შვილი დაებადებოდა, მოუსწრია და ამ საწყალი კაცისთვის ჩაუჩეჩებია თავი ხელში. რა ენაღვლება ქალს, სახელათ ამისი იქნება და სახრავათ სხვისი. – თქვა დათიკომ.

– შეიძლება, მარა ვინც დაახლოებით იცნობს, ისინი კი, როგორც მოგახსენეთ, ისე ამბობენ, სიყვარულით შეირთეს ერთმანეთიო. შვილიო, რომ ბრძანეთ, შვილი კი არ ჰყავს, ეს მე თითონ ვიცი – თქვა მედუქნემ.

– უეჭველია, რამე ეშმაკობა იქნება, თორემ ისე ეს ანგელოზი ამ მათხოვარს ცოლად არ წაყვებოდა. – თქვა ტარიელმა და შემდეგ მიუბრუნდა მედუქნეს:

– საიდან მოდიან?

მედუქნემ დაუსახელა სოფელი.

– სად მიდიან? – განაგრძო კითხვა ტარიელმა.

– მოგახსენებენ, უჩიტელს დედა ყავს თავის სოფელში და იმასთან დადის ყოველ დღესასწაულზეო. ახლა, რადგან აღდგომის დღესასწაულები იწყება, ეს არის, გამგზავრებულა თავის სოფლისკენ.

– შორებელია?

– შორებელი გახლავთ.

– ვინმე გლეხთაგანი უნდა იყოს, კეთილშობილობის არა სცხია რა.

– დიახ, მოგახსენებენ, გლეხკაცის შვილია, გვარათ მცირიშვილი.

– რათ გინდა, რომ შეუდექი კითხვას გამომძიებელივით? ახლავე ჩამოივლის პოეზდი და გათავდა, გაგექცევა ხელიდან. – სიცილით უთხრა ტარიელს ამხანაგმა.

ტარიელმა შეხედა ქალს და გაიქნია თავი:

– ეს იმის ცოლი იყოს!

მედუქნე წავიდა თავისთვის. ტარიელმა და მისმა ამხანაგებმა კი განაგრძეს ქალის სიახლოვეს სეირნობა და ჭვრეტა. მეტადრე ტარიელ ისეთი თვალით უყურებდა ქალს, თითქო უნდა ეცეს და გაიტაცოსო.

მოაწია მატარებლის მოსვლის დრომაც. მგზავრებმა, ვისაც რამე კი გააჩნდა, ბარგი მოიმზადეს, რომ, როცა მატარებელი მოვიდოდა, დაუყოვნებლივ შესულიყვენ ვაგონში. იცოდენ, რომ ვინც ბოლოს შედის, ის ხშირად უსკამოდ რჩება.

ლამაზმა ქალმა და მისმა თანამგზავრმა კაცმაც შეხედეს სადგურის საათს და მოიმარჯვეს თავიანთი ნივთები, რომ მატარებლის მოსვლისთანავე დაუყოვნებლივ წამოევლოთ ხელი. რამდენიმე წამი კიდევ და მატარებელიც უნდა მოსდგომოდა სადგურს.

– რამდენ ხანს დაიგვიანებს? – ჰკითხეს მგზავრებმა.

– ვინ იცის, ერთი დღე მაინც მოუნდება გზის გაწმენდას. – უპასუხა უფროსმა.

ამ ამბავმა ამგზავრებულ ხალხზე ძლიერ უსიამოვნო შთაბეჭდილება მოახდინა. გაისმოდა აქა-იქ საყვედური:

– ამ დასაქცევზე სულ ზვავი და ჯანაბაა. რა ენაღვლებათ ინჟირლებს, ფულებს ჩაიჯიბავენ და მერე იმას კი არ კითხულობენ, გზაი როგორია!

ხალხი გაიფანტა: ზოგი დუქანში მიდიოდა ღამის გასათევად, ზოგი კიდევ ნაცნობს მიყვებოდა. ვინც ახლო სოფლიდან იყვენ, ისინი შინ დაბრუნდენ.

II

უადგილო არ იქნება, მკითხველო, უფრო დაახლოებით გაგაცნოთ ტარიელ მკლავაძე და მისი ცხოვრება.

– ბედნიერი ხარ, ბედნიერი! რა ანგელოზივით ვაჟი დაგებადა! – მიულოცა აზნაურ ერეკლე მკლავაძეს ბებიაქალმა სუსანამ, როცა ტარიელ დაიბადა. გახარებულმა მამამ უბრძანა ბიჭებს, – აბა თოფებიო; თვითონ კი გამოიტანა თავისი დიდი, მოვერცხლილი დამბაჩა და ისეთი შედლუხი გამართა, გეგონებოდათ, სოფელს მტერი დასხმია და ერთი გაცხარებული ბრძოლა აქვთო. შემდეგ, როცა თვითონ მამამ დახედა ახალდაბადებულ ვაჟს, სიხარულით წამოიძახა: „გენაცვალე, ღმერთო, ტარიელი დამბადებია! დაილოცოს ჩვენი გვარი! გამოსულა ჩვენ გვარში ლომკაცები და ეს არის, კიდევ გამოვიდა!“ ერეკლე არა სტყუოდა: მართლაც, აზნაური მკლავაძეების გვარში ხშირად გამოერეოდა არაჩვეულებრივი ხელღონიერი ჭაბუკები. ამბობენ, ძველ დროში დიდი სამსახური გაუწევია მამულისათვის მკლავაძეების ჭაბუკებს, მედგრად ებრძოდენ მამულზე მოსულ მტრებსაო. რა მოგახსენოთ, იქნება მართალიც იყოს, რომ მკლავაძეების წინაპრებს მტერთან ბრძოლაში დიდი ვაჟკაცობა გამოეჩინოთ, მაგრამ უფრო ნამდვილად კი ის ახსოვს ხალხს, რომ მკლავაძეების რაინდები სუსტებს და ხელქვეითებს ანადგურებდენ და აწიოკებდენ. უკანასკნელ, როცა საქართველოში სოფლების და ოჯახების ერთმანეთზე თავდასხმის და მიხტომ-მოხტომის ხანა შესწყდა და ეს ქვეყანა, ასე თუ ისე, ერთგვარ ცხოვრების კალაპოტში ჩადგა, მკლავაძეების ძალმომრეობასაც, რასაკვირველია, შეეკვეცა ფრთა. ახლა მკლავაძეთა რაინდებს ძლიერ შევიწროებული დაურჩათ სამოქმედო ასპარეზი, ზოგმა მათგანმა აიღო დროთა ალღო და სხვა, უფრო პრაქტიკულ საქმეზე გასცვალა რაინდობა, მაგალითად, ვაჭრობაზე, მამულის გაშენებაზე. ბევრს ქალაქებშიაც ნახავდით ლაქიებად ან “პოვრებად”. ერთი-ორი უმაღლეს სასწავლებელშიაც მოხვდა და შემდეგ ჩინოვნიკებად გამოვიდენ. მაგრამ მაინც კიდევ დარჩენ ისეთები, რომლების თვალში ძველებურ რაინდობას, ესე იგი ძალმომრეობას, ჯერ კიდევ შერჩენოდა გვირგვინი, რომლებისთვის ჯერ კიდევ იდეალი იყო ძველებური რაინდობა. ერთი ამ უკანასკნელთაგანი იყო ერეკლე მკლავაძეც. მართალია, თვითონ ერეკლე ვერ დაიკვეხდა მკლავღონიერობას. ის ამ მხრით საშუალო ზომაზე დაბლაც იდგა, მაგრამ მაინც კი აღტაცებაში მოდიოდა, როცა მისი გვარის რაინდი სხვა გვარის კაცს მიბეგვავდა. მართალია, ხანდახან თვითონ ერეკლესაც მოხვდებოდა ასეთი რაინდებისაგან: ხან საზიარო მამულისაგან იფრენდა ერეკლეს რომელიმე რაინდი გვარისკაცი, ხან სხვაგვარ შევიწროებას მიაყენებდა. ასეთი შემთხვევების დროს, სიბრაზით აღივსებოდა ერეკლეს გული, დანით დაეკლა რაინდი გვარისკაცი, გული არ მოუშლიდა. მაგრამ ეს იყო ერეკლეს მხრით დროებითი მტრობა პიროვნებისადმი. თვითონ ძალმომრეობას კი არ უჩიოდა, წინააღმდეგ, ერეკლე ნანობდა, – რატომ მე არა ვარ ხელღონიერი, რომ შიშის ზარი დავცე ყველასაო. ამას შემდეგ გასაკვირველიც არ არის, რომ ერეკლეს სიხარულს საზღვარი აღარ ჰქონდა, როცა ნახა ახალდაბადებული თავისი ვაჟი, რომელიც, ჩვილის პირობაზე, ზორბად იწვა აკვანში და როცა ტირილს დაიწყებდა, მძლავრ ხმაზე ეტყობოდა, დიდი ღონის პატრონი უნდა გამოვიდესო.

როცა მონათლეს ერეკლეს ჩვილი ვაჟი, მღვდელმა ტიმოთე უწოდა სახელად, მაგრამ მშობლებმა საჩქაროდ გამოუცვალეს ეს სახელი: “ტიმოთე, ნეტა, რა ვაჟკაცის სახელია! ბერად ხომ არ ვზდით, რომ ტიმოთე დავარქვათ სახელადო” და ტიმოთეს მაგივრად თავიანთ ვაჟს ტარიელ უწოდეს.

ჯერ კიდევ ექვსი წლის ბავშვი იყო ტარიელ, რომ მშობლებმა ხანჯლის ტარება დააწყებინეს. სამაგალითოდ შვენოდა ჩერქეზული ტანისამოსით გამოწყობილ ტარიელს ეს იარაღი. ბავშვის პირობაზე ბეჭებგანიერი, მეტად საღი, თვალტანადი ტარიელ, ხანჯლით წელზე, იმ თავითვე ძველებურ რაინდს მოგაგონებდათ. ნათესავები და ნაცნობები იმ თავითვე დიდი პატივისცემით ეპყრობოდენ მას. თვალტანდობას გარდა, საყურადღებო იყო ტარიელის გულადობა: შუაღამისას რომ ყრუ ტყეში მარტოდმარტო დაეტოვებიათ, წარბს არ შეიდრეკდა შიშით. ერთხელ მეზობლის ძაღლები დაეხვიენ ტარიელს. ეს ძაღლები ბევრ ვაჟკაცსაც აშინებდენ. პატარა ტარიელი კი ისე დაერია ძაღლებს ჯოხით და მოიგერია, რომ მეზობელს დიდხანს ჰქონდა ეს ამბავი სალაპარაკოთ. ყველა ამაებთან ბავშვობისას კიდევ ერთი კარგი თვისება ჰქონდა ტარიელს: არ იყო ჭირვეული და ბოროტი. იშვიათად წაეჩხუბებოდა თავის ტოლ-ამხანაგებს, თუმცაღა კი გრძნობდა უპირატესობას მათზე თავისი ფიზიკური ღონით. თუ მაინცადამაინც გააჯავრებდა ვინმე, მაშინ კი დათვივით დატორავდა, თუნდა გამჯავრებელი ორი-სამი წლით უფროსი ყოფილიყო მასზე. “მართლა რომ ტარიელი ხარ, ტარიელი”, – ეტყოდენ მაშინ აღტაცებაში მოსული მისი მშობლები და ჩაკოცნიდენ ტარიელს. მართალია, ბევრ ღირსებასთან ერთი დიდი ნაკლოვანება გამოაჩნდა ტარიელს: სრულიად სუსტი იყო სწავლაში, ასე რომ მისი მშობლები იძულებული შეიქნენ გამოეყვანათ სკოლიდან, სადაც რამდენიმე წლის წინეთ დიდი იმედით მიაბარეს. იმდენ ხანს სკოლაში ყოფნით ქართული კითხვაც კი ვერ შეისწავლა ტარიელმა, მაგრამ ამის გამო სრულიადაც არ მოუკლიათ მისთვის პატივისცემა მშობლებს და ნათესავებს. “ჩემი ვაჟი, ტარიელ, ვაჟკაცი იქნება და ვაჟკაცისთვის სწავლა არაფერი დიდი ბედენააო!” – ამბობდა ერეკლე. ეს აზრი მეტადრე მას შემდეგ უფრო გაუმტკიცდათ ტარიელის მშობლებს, რაც ერთი პატივცემული ქართველი თავადის სასახლეში ტარიელის შესახებ გამოთქვეს შემდეგი აზრი: “ეს რაინდათ დაუბადია ბუნებას, ცოდვაც იქნება, რომ სწავლის გულისთვის ამან თავისი საღი აგებულობა დაასუსტოს, სწავლა საზოგადოთ ასუსტებს ადამიანის სხეულსო”.

თუმცაღა ყოველ ფეხის ნაბიჯზე ქება-დიდებას ასხამდენ ტარიელს, მაგრამ ბავშვობისას არავითარი ცუდი გავლენა არ ჰქონდა ტარიელის ხასიათზე ამ გარემოებას. მხოლოდ, როცა წამოიზარდა ტარიელ, მაშინ ყურადღება მიაქცია ამ ქება-დიდებას. “ალბათ, არის ჩემში მეტად ძვირფასი რამე, რომ ყველა მაქებს და პატივს მცემსო”. – იფიქრა მან და თანდათან გამედიდურდა, თანდათან დაეკარგა მის თვალში ფასი სხვების პირადობას, რომლებიც არ იყვენ ბუნებისაგან დაჯილდოებულნი მისთანა თვალტანადობით და მკლავღონიერობით, ერთი სიტყვით, იმ ღირსებით, რომლისათვისაც მას ყველა პატივს სცემდა და ქებას ასხამდა, ასე გასინჯეთ, ერთი პატივცემული პატრიოტიც კი, რომელსაც უმაღლეს სასწავლებელში ჰქონდა სწავლა დამთავრებული და ძლიერ ჭკუიან კაცად ითვლებოდა, როცა ნახავდა ტარიელს, ყოველთვის იტყოდა: “ჩვენს ქვეყანას, რომელსაც ასეთი შვილები ებადება, მრწამს, რომ დიდი სახელოვანი მომავალი ექნებაო”. ნაცნობი თავადების სასახლეებში ხომ რა, აღმერთებდენ ტარიელს. “უშენოდ შნო არა გვაქვს, უშენოდ ჩვენი ლხინი უფერულიაო”. – ეუბნებოდენ მას ნაცნობი თავადები და მეტადრე თავადის ქალები, თუმცაღა კი, ჩვენთვის რომ ვთქვათ, ტარიელ მაინცადამაინც ვერაფერი მომლხენი იყო. – არც სიმღერა იცოდა ხეირიანი და არც ცეკვა, მაგრამ სამაგიეროდ მისი თვალტანადობა ავსებდა ამ ნაკლს. ის რომ ყელს მოიღერებდა სიმღერაში და ბანის მთქმელებს ჩაერეოდა (სხვა მებანეებს თუ მიაყოლებდა თავის ბოხ ხმას, თორემ მარტოს არც ბანის თქმა შეეძლო, რადგანაც არ იცოდა, სად აემაღლებია ხმა და სად დაეშვა), იფიქრებდით, – სწორედ, მარტო ის ამბობს სიმღერასო. ახსოვდა ტარიელს, რომ ერთმა ლამაზმა კნეინამ უთხრა მათ შორის მომხდარ შემთხვევის გამო და, რადგან ტარიელმა რუსული არ იცოდა, კნეინამ მერე ქართულად გადმოუთარგმნა: “უმშვენიერესი ამ ქვეყნად უმამაცესს ეკუთვნისო”. ამგვარად ტარიელ ნელ-ნელა შეეჩვია იმ აზრს, რომ მას, როგორც საუკეთესო ქმნილებას, საუკეთესო ადამიანს, სრული უფლება აქვს დასტკბეს ამქვეყნად, იგემოს ეს ქვეყანა, თუნდა ამ დატკობას სხვების სიცოცხლე და ბედნიერებაც შეეწიროს მსხვერპლადო. ლტოლვილება დატკბობისა ტარიელისთვის გამოირკვა ორ საგანში: ქალებში და ღვინოში. ეს ორი საგანი შეიქნა ტარიელისთვის სიცოცხლის მიზნად. ჰქონდა ტარიელს მესამე ლტოლვილებაც. ეს მესამე ლტოლვილება იმაში მდგომარეობდა, რომ ეძებდა შემთხევას, გმირული რამ საქმე ჩაედინა. ის ეტრფიალებოდა რუსთაველის “ვეფხისტყაოსნის” იმ ადგილებს, სადაც მოთხრობილია: “ტარიელმა კაცს თავი მათრახით გადუფხრიწა, კაცი კაცსა შემოსტყორცნა”... “თავი სვეტსა შევუტაკე”... და სხვა ამგვარი. ამგვარი გმირული ამბების ტრფიალს ბავშვობიდანვე შეეჩვია ტარიელი, რადგანაც მშობლები მუდამ ამისთანა ამბებით უჭედავდენ ყურებს. ტარიელი ეძებდა შემთხვევას, რომ თვითონაც ჩაედინა “ვეფხისტყაოსანში” აწერილა რაინდისებური გმირობა. ერთხელ მოქეიფე ყმაწვილებში ტარიელიც ერია და ჩხუბი მოუვიდათ. ტარიელმა აიღო და ერთი მომცრო კაცი შემოსტყორცნა მოწინააღმდეგეს. მომცრო კაცს, მიწაზე დაცემის დროს, კისერი ეღრძო და ტარიელს საჩივარი დაუწყო. ამ საჩივარმა იქამდე მიაღწია, ნაცნობი დიდკაცობა რომ არ მიშველებოდა, ტარიელს კარგა დიდი ხნის ვადით სატუსაღოში ჩაამწყვდევდენ. მეორეხელ ერთმა ყმაწვილმა კაცმა ტარიელს გული მოაყვანია. ცხენზე მჯდარმა ტარიელმა თავისი მსხვილი მათრახი დაჰკრა ყმაწვილს და თავი მართლაც რომ გადაუფხრიწა. მაგრამ აქაც იგივე საჩივარი და ვაივაგლახი აუტყდა, როგორიც კაცის შემოტყორცნის გამო. მართალია, ეს საჩივრები ვერ აშინებდა ტარიელს, რადგანაც, ნაცნობი დიდკაცობის შემწეობით, ყოველთვის გამარჯვებული გამოდიოდა სამსჯავროდან, მაგრამ აჯავრებდა კი ძლიერ: – რაინდი კაცი და საჩივრები! რა მოწყობილია!

ძლიერ აწუხებდა ტარიელის თავგასულობა მის სამშობლო სოფელს, მეტადრე გლეხკაცობას. თითქო მისი ჰარამხანის კუთვნილება იყოსო, ისე უყურებდა ტარიელ გლეხკაცების ქალებს “რა არის, რა აჯავრებთ? – სიცილით ამბობდა ის იმ ქმრებზე, რომლებიც ტარიელისაგან შეურაცხყოფილად სთვლიდენ თავის თავს, – უკეთესიც არის მათთვის, ჩემი წყალობით კარგი შვილები გამოუვათო”. მეტადრე ცუდი ის იყო, რომ ტარიელმა ძალის ხმარება იცოდა იმ მანდილოსანზე, რომელიც ნებით არ დანებდებოდა. ერთხელ ერთი გლეხის ცოლი ძალად გაიტაცა გზიდან იმ დროს, როცა ამ უკანასკნელს ყანაში მყოფ ქმართან სადილი მიჰქონდა. მეორეჯერ ახლად ჯვარდაწერილ გლეხის ცოლს ძალით შეუმტვრია კარები იმ დროს, როცა იმ ქალის ქმარი სხვაგან იყო. ერთი მეზობელი გლეხკაცის ლამაზი ქალი მოიტაცა და მთელი ერთი კვირის განმავლობაში ჰყავდა სადღაც. მართალია, ამ უკანასკნელ მოქმედებას კინაღამ თავი არ გადაატანა ტარიელმა, არავის ეგონა, თუ ის ამ საქმეს კატორღაში გაუგზავნელად გადურჩებოდა, მაგრამ, როგორც იყო, დიდი ხარჯით და მეცადინეობით დაიხსნეს ამ საქმისაგან ტარიელის მამამ და ნაცნობ-ნათესავებმა, – ტარიელი გაამართლა ოლქის სამსჯავრომ. არ გასულა ამ საქმის გარჩევის შემდეგ ერთი თვე, რომ ტარიელი დაუხვდა გზაში ერთი გლეხის ცოლს და ძალად გააუპატიურა.

უნდა ვთქვა, რომ ბუნებითად ტარიელი არ იყო სისხლის მოყვარე კაცი, ძლიერ ეჯავრებოდა ადამიანის დაჭრა და ძლიერ იშვიათად ხმარობდა ადამიანზე იარაღს, მაგრამ, სამაგიეროდ, როცა ხელით მიბეგვავდა ვისმე, მაშინ კი რაღაც ერთგვარ კმაყოფილებას იგრძნობდა. ისე შეაჩვია ხელი სხვის მიბეგვას, რომ როცა დაუგვიანდებოდა, წყურვილად მოედებოდა გულზე, როგორც ლომი კლანჭებს, ისე ჭიმავდა თავის დიდრონ მკლავებს. დიახ, როგორც ვთქვით, ტარიელი არ იყო სისხლის მოყვარე კაცი, იარაღსაც იშვიათად ხმარობდა ადამიანზე, მაგრამ, სამაგიეროდ, მაინცდამაინც არც ის მიბეგვა იყო უვნებელი, რომელიც ტარიელს ისე უყვარდა; ასე რომ ტარიელისაგან მიბეგვილი ერთი გლეხი მესამე დღესვე გარდაიცვალა. მართალია, ეს შემთხვევა ტარიელის მშობლებმა შინაურულად ჩააფუჩეჩეს, ისე, როგორც აფუჩეჩებდენ ტარიელისაგან ჩადენილს სხვადასხვა დანაშაულს, მაგრამ ტარიელისაგან მოკლული გლეხკაცის ცოლ-შვილი კი უპატრონოდ დაცვივდა.

ერთხელ კი მოთმინებიდან გამოსულმა სოფლის გლეხკაცობამ შეუდგინა ტარიელს განაჩენი და წარადგინა, სადაც ჯერ იყო. ამ განაჩენით ვითომდა სოფლის გლეხობას სურდა ტარიელის თავიდან მოშორება. მაგრამ ეს განაჩენი გლეხებს უკანვე დაუბრუნეს შემდეგი წარწერით: “სოფლის ყრილობას, რომელიც შესდგება მხოლოდ გლეხკაცობისაგან, არა აქვს უფლება თავის განაჩენით აზნაური გადაასახლოს სოფლიდანო”. 

 

1 2 3 4
გვერდის მისამართი : ბიბლიოთეკა / პროზა / ნინოშვილი ეგნატე / ჩვენი ქვეყნის რაინდი